როგორც საქართველოსთვის ამ საბედისწერო გვარის მქონე კაცის შესახებ არის აღნიშნული „ვიკიპედიაში“, გოტლიბ კურტ ჰეინრიხ ტოტლებენი იყო საქსონელი ავანტიურისტი - იგივე რუსი გენერალი - XVIII საუკუნის დასასრულისა და — XIX საუკუნის დასაწყისის დასავლეთ ევროპის ლიტერატურულ ნაწარმოებთა გმირი. ნაწარმოებთა, რომლებიც უცილობლად შეიცავდნენ ავანტიურისტულ და პიკარესკულ რომანთა ელემენტებს. 1745 წელს პოლონეთის მეფისა და საქსონიის კურფიურსტ ფრიდრიხ ავგუსტ II-ის მიერ მას მიენიჭა გრაფის წოდება. პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ ტოტლებენი დაქორწინდა გრაფინია ელიზაბეტ კრისტიანა ფონ ზაიფერტიცზე - გრაფ ბრონიკოვსკის ქვრივზე, დრეზდენის სიახლოვეს დიდი მამულების მფლობელზე. სულ მალე ტოტლებენი დადანაშაულებულ იქნა კორუფციაში და გამოძიების დამთავრებამდე გაიქცა საქსონიიდან, რის შემდეგაც სამუდამოდ იქნა მსჯავრდებული ქვეყნიდან გაძევებით. ტოტლებენმა მოიკალათა ჰოლანდიაში, სადაც 1747 წელს მიიღი პოლკოვნიკის პატენტი. ნიდერლანდებში 1747 წელს შემოჭრილ ფრანგებთან ავსტრიული მემკვიდრეობისთვის ომის დროს (1740—1748) ტოტლებენის ფეხოსანი პოლკი ზურგში იყო და საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ ღებულობდა. ომის შემდეგ პოლკი გადავიდა გარნიზონურ სამსახურში და მალე დაიშალა. სამაგიეროდ ტოტლებენმა შეინარჩუნა პოლკოვნიკის პენსია. სამხედრო მოქმედებებში წარმატებების უქონლობას ტოტლებენი ინაზღაურებდა ამურულ ფრონტზე გამარჯვებებით, რითაც მთელ ევროპელ მკითხველს ართობდა ნახევარი საუკუნის შემდეგაც. მან აცდუნა და მოიტაცა მილიონიანი სიმდიდრის მქონებლის ერთადერთი მემკვიდრე - 15 წლის მარია პეტრონეკა გრატიენ ვიქტორი. გამოცხადდა ძებნა და ჰოლანდიიდან გაქცეულ ტოტლებენს მოუხდა სათავგადასავლო ჟანრის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით რაინის ერთი ნაპირიდან მეორეზე ოთხჯერ გადასვლა და გადმოსვლა, რათა მდევრისთვის კვალი აერია. 1751 წელს ტოტლებენმა მოითხოვა პრუსიაში ცხოვრების უფლება. მეორე ცოლის სიკვდილის შემდეგ დაქორწინდა მარია ვიქტორზე და გადასახლდა ბერლინში, სადაც მოპოვებული სიმდიდრითა და გრაფის ტიტულით პრუსიის სამეფო კარზე პატივით იქნა მიღებული. მაგრამ უეცრად ქმრის უზნეობით და მოღალატეობით დაღლილმა მარია ვიქტორმა 1755 წელს მოითხოვა განქორწინება, რომელიც სკანდალურ ვითარებაში ჩატარდა და თვით ფრიდრიხ II-ს მოუხდა ჩარევა მეუღლეტა შორის ურთიერთობის გარკვევაში. სასახლის კარის მიმართ (რომელმაც ქალის მხარე დაიკავა) აღმაშფოთებელი ბრალდებების წამოყენების შემდეგ ტოტლებენი დაითხოვეს ბერლინიდან. პრუსიიდან განდევნილი ტოტლებენი წარუმატებლად ცდილობდა შეექმნა ფეხოსანი პოლკი ავსტრიელებისათვის. შემდეგ ის დაბრუნდა ჰოლანდიაში, სადაც დაამყარა კონტაქტი რუსეთის წარმომადგენელთან და მიიღო წინადადება მოხალისეთა კორპუსი შეექმნა რუსეთისათვის. მან მიატოვა ჰოლანდიელთა სამსახური და გადავიდა სანკტ-პეტერბურგში, სადაც 1759 წელს გადაახტა ერთ სამხედრო საფეხურს და უეცრად მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. შვიდწლიან ომში ((1756—1763) ტოტლებენმა, რომელსაც მანამდე საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონდა, რუსეთში ასევე უეცრად მოიპოვა მამაცი და უნარიანი მეთაურის რეპუტაცია („მარჯვე საქსონელი რუსეთის სამსახურში“). ორჯერ დაიჭრა და დაჯილდოვდა წმიდა ანასა და ალექსანდრე ნეველის ორდენებით. 1760 წელს კაზაკების სამხედრო შენაერთის მეთაურობით ტოტლებენს დაევალა ექსპედიცია ბერლინში. ტოტლებენი თავისი კაზაკებით აღმოჩნდა პრუსიის დედაქალაქის კედლებში. კაპიტულაციაზე უარის შემდეგ ტოტლებენმა სცადა ქალაქის ბომბარდირება, მაგრამ წარუმატებლად. შემდეგ სცადა ქალაქის შტურმით აღება. მეშვიდე დღე ბერლინელებმა კაპიტულაციაზე განუცხადეს თანხმობა ტოტლებენს, როგორც ყოფილ ბერლინელს, ვისგანაც დანდობას ელოდნენ. მანაც მოაწერა თავისი სახელით ხელი და დაიკავა ქალაქი საკუთარი კორპუსით, რითაც დიდი რისხვა მოიწია თავზე ზემდგომ ჩინოსანთაგან, რომელთაც თავად სურდათ ბერლინის ამღებთა დაფნები. ბერლინის ექსპედიციისთვის ტოტლებენი წარდგენილი იყო და ელოდა გენერალ-პორუჩიკის წოდებას და ალექსანდრე ნეველის ორდენს, მაგრამ არცერთი არ მისცეს და მხოლოდ სიგელი აკმარეს შესრულებული მოვალეობისათვის. ამან არც აცია და არც აცხელა და ვარშავაში გამოაქვეყნა „რელაცია“ ბერლინის აღების შესახებ, სადაც საკუთარ დამსახურებებს აღნიშნავდა და აუგად იხსენიებდა იმათ, ვინც ნაკლები შრომა დახარჯა და ორდენები კი მიიღო. თუმცა მას ღვაწლმა მაინც ამაოდ არ ჩაუარა - დაინიშნა მთელი რუსეთის მსუბუქი ჯარების მეთაურად. ბერლინის ექსპედიციას უკავშირდება ლეგენდა, რომელსაც იხსენიებს პუშკინი „პუგაჩოვის აჯანყების ისტორიაში“ იმის თაობაზე, რომ ტოტლებენმა, რომელმაც შეამჩნია მსგავსება უბრალო კაზაკ პუგაჩოვსა და რუსეთის ტახტის მემკვიდრეს, მომავალ პეტრე III-ს შორის, თითქოსდა მიაწოდა მას თვითმარქვიობის იდეა. 1761 წლის თებერვალში ტოტლებენმა, რაკიღა ჰქონდა მთავარბანაკისაგან მოწინააღმდეგებთან მოლაპარაკების წარმოების უფლება, გააჩაღა მიმოწერა პრუსიელ პრინც ჰენრიხ პრუსიელთან და თვით ფრიდრიხ II-სთან. კურიერს უპოვეს ფრიდრიხისადმი დაშიფრული გადაცემა და 1761 წლის ივნისში ტოტლებენი დააპატიმრეს ღალატის ბრალდებით. ტოტლებენს არ უშველა იმის თქმამ, თოთქოსდა სურდა ფრიდრიხის ნდობის მოპოვება, პრუსიის მეფის ხაფანგში მომწყვდევა და შეპყრობა. 1763 წელს ტოტლებენი სამხედრო ტრიბუნალის მიერ იყო გასამართლებული და მიესაჯა სიკვდილით დასჯა. მაგრამ ტოტლებენი გამოიხსნა ეკატერინე II-მ. სასამართლოს მიერ ჩამორთმეული ყველა პატივი და მატერიალური ქონებაც აღუდგინა - ეკატერინეს დადგენილებით სეკვესტრისაგან გაანთავისუფლეს ტოტლებენის უძრავი ქონება და მისი ფულადი ანაბრები გდანსკსა და ჰამბურგში; ტოტლებენს გადაუხადეს სრული გენერლის ხელფასი თვით პატიმრობის ვადის ჩათვლით. ამის შემდეგ ტოტლებენი დროს ატარებს თავის მამულში, ხოლო რიგი სხვა მონაცემებით დაძრწის ევროპაში და თავს არიდებს და ემალება მევალეებს. და უცებ, არცთუ დიდი ხნის წინ სიკვდილმისჯილი ტოტლებენი ბრუნდება რუსეთში. ასეთი საოცარი მოვლენა - შერბილებული სასჯელი, მიტევება და წინანდელ წოდებაში აღდგენა და მერე სამხედრო ჩინის კიდევ უფრო მომატება თითქოს ამოუხსნელ გამოცანად რჩება, მაგრამ თანამედროვე მკვლევარების მოსაზრებით (ალექსანდრე გორბოვსკი, იულიან სემიონოვი) ტოტლებენის „ღალატი“ სინამდვილეში იყო უნებურად ფარდაახდილი სანკტ-პეტერბურგში ჩაფიქრებული საიდუმლო ოპერაცია. საჭირო გახდა დროებით მისი მოცილება, რათა სულ მალე ის კვლავ გამოსულიყო ავანსცენაზე, როდესაც იმპერიის მოთხოვნა იქნებოდა მასზე. შემთხვევითი არაა, რომ ტოტლებენის ღალატის გამომააშკარავებელმა პოდპოლკოვნიკმა თეოდორ აშმა თავისი დღეები დალია საპატიმროში - დააპატიმრეს 1777 წელს, 19 წელი იჯდა დინამიუნდეს ციხის საკანში და 1797 წელს უვადოდ მოათავსეს ეფთვიმე სუზდალელის მონასტერში, სადაც სულით ავადმყოფი სახელმწიფო დამნაშავენი ამტავრებდნენ თავიანთი სიცოცხლის დღეებს. და, როდესაც დგება მორიგი ეტაპი მისი განახლებული სამხედრო მოღვაწეობისა და 1769 წელს გენერალ-მაიორის წოდებაში მყოფ ტოტლებენს ვხედავთ თურქების წინააღმდეგ საბრძოლველად ჩამოსულს საქართველოში, ახლა უკვე სრულიად გასაგები ხდება, თუ როგორი მისიითა და რა დავალებით იქნებოდა ეს პოლიტიკური ჯაშუში მოვლინებული საქართველოში. ცნობილია, რომ ოსმალეთის იმპერიასთან ომში ეკატერინე ქმნიდა ნიადაგს დივერსიისათვის თურქეთის საზღვარზე და სწორედ ტოტლებენისთანა კაცი სჭირდებოდა მას თავისი სამხედრო შენაერთის მეთაურად. ტოტლებენი უნდა შეერთებოდა ერეკლე მეორის მოლაშქრეებს და ებრძოლათ თურქებისაგან ოკუპირებული მიწების გამოხსნისათვის მტკვრის სამხრეთით. ტოტლებენმა, რა თაქმა უნდა, „მოახერხა“ ქართველ მეფესა და გენერლებთან წაკიდება და მოითხოვა მეფისგან ყველა ქართველი ოფიცრის ჩამოცილება ჯარისაგან. 1770 წლის აპრილისათვის ტოტლებენმა ახალციხის მისადგომებთან საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი ერეკლესთან, მოხვია ყველა რუს ოფიცერს ხელი, წაიძღვანია თავისი არტილერია და ერეკლე გამძვინვარებულ თურქებს შეატოვა. დარწმუნებული ერეკლეს განადგურებაში, ტოტლებენი უკვე ჰკრებდა ერეკლეს მოწინააღმდეგე თავადებს თავისი მეთავეობის ქვეშ, რომ მოულოდნელად ერეკლემ გაიმარჯვა ასპინძასთან და იმჯერად დატოვა ეკატერინეს მოგზავნილი მსტოვარი პირში ჩალაგამოვლებული. აქეტ ხომ - ტოტლებენი გორში, ცხინვალში, დუშეთსა და ანანურში ძალით აფიცებდა მოსახლეობას რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე და ასპინძის შემდეგ ტოტლებენმა თავისი „მოღვაწეობა“ იმერეთში განაგრძო და იქაც სოლომონ პირველის საწინააღმდეგოდ და მასთან შეუთანხმებლად. მაგალითად: იგი დაუკავშირდა თურქთა მოკავშირესა და სოლომონის დაუძინებელ მტერს, დადიანს, ქუთაისის ციხიდან გააპარა თურქი მეციხოვნეები და ასე შემდეგ... საქართველო არ ყოფილა ტოტლებენის სამხედრო კარიერის დასასრული - კავკასიიდან გუდანაბადაყრილი ტოტლებენი მეთაურობდა კაზახებისა და ბაშკირების არარეგულარულ ჯარებს ლიტვაში; 1772 წელს გამწესებული იყო პოლონეთში, სადაც მონაწილეობდა ომში კონფედერატების წინააღმდეგ და აქვე გარდაიცვალა.მიუხედავად მისი ლუთერანული აღმსარებლობისა, დაიკრძალა იგი მართლმადიდებლური წესით. საგულისხმოა ტოტლებენის პიროვნების შესახებ ისტორიკოს ვაჟა კიკნაძის თვალსაზრისი, რომელიც აგრეთვე ეყრდნობა „ვიკიპედიის“ ჩვენს მიერ წარმოდგენილ მასალებს. აი, როფორ დასკვნებს გვთავაზობს იგი (tbiliselebi.ge): „დავუბრუნდეთ ტოტლებენისადმი ეკატერინე მეორის განსაკუთრებული ნდობის საკითხს. ჩვენი აზრით, სწორია ზევით დასახელებული რუსი ავტორების გაკვრით გამოთქმული მოსაზრება, რომ ფრიდრიხ მეორესთან მიმოწერის დროს, ტოტლებენი რუსეთის სამეფო კარის ზოგიერთი წარმომადგენლის ფარულ და უაღრესად საიდუმლო დავალებას ასრულებდა. როგორც ფაქტობრივი ვითარებიდან ჩანს, ამ საქმის გახმაურება რუსეთის სამეფო კარის ამ უცნობ ჯგუფს არაფრით არ აწყობდა. ამიტომ, ჩავარდნის შემთხვევაში, ყველაფერი პირადად ტოტლებენს უნდა აეღო თავზე. გოტლიბი მართლაც, ასეც მოიქცა. ამავე დროს, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მის მიმოწერაში ფრიდრიხ მეორესთან არაფერი აღმოჩნდა რეალურად ღირებული და პირველხარისხოვანი – ტოტლებენი ფრიდრიხს, თურმე, მოძველებულ და არასრულ იფორმაციას აწვდიდა. თუ გავაანალიზებთ ყოველივე ზემოთ ნათქვამს, ვფიქრობ, ერთი აზრის გამოტანა შეიძლება, კერძოდ: ამ საიდუმლო საქმეში, ჩანს, თავის დროზე ეკატერინეც მონაწილეობდა, რომელიც, მართალია, ჯერ კიდევ არ იყო იმპერატორი, მაგრამ რუსეთის სამეფო კარის ინტრიგებში კარგად იყო გარკვეული და ჩართული. შესაბამისად, რუსეთის იმპერიის მეთაურად გახდომის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც სოფია ფრედერიკამ დაახრჩობინა საკუთარი მეუღლე პეტრე მესამე, ახალი სახელით ტახტზე ასულმა ეკატერინე მეორემ დაუფასა გოტლიბ ტოტლებენს ძველი ღვაწლი. უფრო მეტიც: ეკატერინემ გადაწყვიტა, რომ ტოტლებენი სწორედ ის ფიგურა იყო, ვინც მეტად გამოადგებოდა საქართველოში კონფიდენციალური დავალებების შესრულებაში. ამიტომაც, ამაოა ისტორიკოსების მიერ ისეთი საარქივო დოკუმენტების ძებნა, სადაც ეკატერინესა და რუსეთის გეგმები საქართველოს მიმართ ღიად იქნებოდა გადმოცემულ-გაშიფრული. აშკარაა, რომ, ყველაფერი, რაც საქართველოსთვის ძირის გამოთხრასა და იქ რუსეთის დამკვიდრებას შეეხებოდა, ცბიერმა და ჭკვიანმა იმპერატრიცამ მხოლოდ ზეპირად და პირადად დაავალა ერთგულ ქვეშევრდომს, იმ პირობით, რომ, საქმის გართულების შემთხვევაში, მას, ისევე, როგორც ადრე, ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა აეღო. ამასთანავე, გულუბრყვილო ქართველების თვალში, გარკვეული ფუნქცია ტოტლებენის გერმანულ წარმოშობასაც უნდა ეთამაშა. ეს დავალება გოტლიბმა შესანიშნავად შეასრულა, თუმცა, ზოგ რამეში იმდენად გადაამლაშა, რომ ეკატერინემ საჭიროდ ცნო მისი უკან გაწვევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალმა გენერალმა, რუსმა სუხოტინმა, ფაქტობრივად, იგივე კურსი განაგრძო. ამგვარად, იმ პერიოდის რუსეთის მიზნებს საქართველოს მიმართ, საიდუმლო ინსტრუქციებზე მეტად სწორედ გოტლიბ კურტ ჰეინრიხ ტოტლებენის ქმედებები წარმოაჩენს“. |