XIX
საუკუნის ევროპას მხოლოდ ნაპოლეონის სახელი ეკერა პირზე. მას ზოგი შიშით, ზოგი
სიძულვილით, ზოგიც მოწიწებით წარმოთქვამდა. ფაქტი კი ფაქტად
რჩება, ეს ის კაცია, ვინც ხმაურიანი გამარჯვებებით თავი ისახელა და ისტორიაში შევიდა,
როგორც უდიდესი მხედართმთავარი.
ნაპოლეონი დასახული მიზნისაკენ თავდაჯერებულად
მიისწრაფოდა და დარწმუნებული იყო, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდა. ასეთი იყო სიყვარულშიც
და არასდროს არც ერთ ქალს მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ერთადერთი ქალი, ვინც
გაბედა იმპერატორისთვის უარი ეთქვა, მარია ვალევსკაია იყო.
პოლონეთში ნაპოლეონს მოწიწებით შეხვდნენ,
რადგან მასში მხსნელს ხედავდნენ, რომელსაც შეეძლო, პოლონეთის უძველესი სამეფოსთვის
დამოუკიდებლობა დაებრუნებინა. იქ ნაპოლეონის პატივსაცემად გამართულ მეჯლისზე მის მიმართ
აღფრთოვანება გამოხატეს ულამაზესმა ქალბატონებმა. უმშვენიერესი სქესის უბადლო დამფასებელი
მხედართმთავარი თავდაჯერებული ღიმილით ისმენდა ქათინაურებს და პოლონეთის არისტოკრატიაში
თავის ახალ მსხვერპლს ეძებდა. უეცრად, დარბაზის სიღრმეში მან შენიშნა ქერათმიანი, მომხიბვლელი
უცნობი ქალი და იკითხა, – ვინ არის? – მარია ვალევსკაია, მოხუცი გრაფის ახალგაზრდა
მეუღლე ვალევიცედან, – მიუგეს.
მარია გაღარიბებული არისტოკრატის ოჯახში დაიბადა
და 16 წლის იყო, როდესაც 68 წლის გრაფმა ვალევსკიმ ითხოვა... მეჯლისზე იგი მეუღლესთან
ერთად გამოცხადდა და ერთ-ერთ სვეტთან გაჩერდა. პოლონელი არისტოკრატიის ყურადღება ნაპოლეონისკენ
იყო მიმართული. მხედართმთავარი კი მარიას თვალს ვერ აშორებდა.
მეორე დილით მარიამ ვარდების მდიდრული თაიგული
და პატარა ბარათი მიიღო: ,,მე მხოლოდ თქვენ გხედავდით... აღფრთოვანებული ვარ და მხოლოდ
თქვენ მინდიხართ. მიპასუხეთ დაუყოვნებლივ და ნაპოლეონის ვნება დააოკეთ!'' თუმცა, იმპერატორის
კურიერი გრაფი ვალევსკის სასახლიდან ხელცარიელი დაბრუნდა. ნაპოლეონმა ისევ კალამი აიღო
და მეორე ბარათი მისწერა. მაგრამ, ამაოდ. მარია გულგრილი აღმოჩნდა უდიდესი დამპყრობლის
მიმართ, რომელიც ემუდარებოდა, ,,მისი საცოდავი გული მცირეოდენი სიხარულით და ბედნიერებით
დაემშვიდებინა''. იმპერატორმა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო ვალევსკაიას წინააღმდეგობა გაეტეხა,
როდესაც მას სიყვარულზე მეტს დაჰპირდა – მან მიანიშნა, რომ კეთილგანწყობის სანაცვლოდ
პოლონეთს დამოუკიდებლობას მისცემდა.
,,სასოწარკვეთილი ვარ... მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ
შეავსოთ ის სიცარიელე, რაც ჩვენს შორისაა. ოოო, მოდი, მოდი! თქვენ მიიღებთ ყველაფერს,
რასაც ისურვებთ. თქვენი სამშობლო ყველაზე ძვირფასი იქნება ჩემთვის მას შემდეგ, რაც
ჩემს საცოდავ გულს დაიპყრობთ. ნ.''
ხერხმა გაჭრა. თუმცა, ვალევსკაიამ მსხვერპლი
სიყვარულის გამო კი არა, პოლონეთისთვის გაიღო. ამისკენ მას პოლონელმა დიდგვაროვნებმა
უბიძგეს, რომლებიც ქვეყნის გადარჩენის შანსს მხოლოდ ამ კავშირში ხედავდნენ.
მარიამ ნაპოლეონს პასუხი მისწერა და აღელვებულმა
იმპერატორმაც მას დაუყოვნებლივ გაუგზავნა ეტლი. მისი მომლოდინე მხედართმთავარი ადგილს
ვერ პოულობდა, კაბინეტში ბოლთას სცემდა მანამ, სანამ სასახლესთან მდიდრული ეკიპაჟი
არ გაჩერდა. მის წინაშე შეშინებული და ნამტირალევი ვალევსკაია იდგა. თუმცა, იმპერატორს
მისი მორჩილება და თავშეკავებულობა ნაზ გრძნობებს უღვიძებდა. იგი საუბრობდა სიყვარულზე,
ეფიცებოდა, მაგრამ პირველმა პაემანმა შედეგი ვერ გამოიღო. განთიადზე ნაპოლეონმა მარიამი
გაუშვა და ალერსიანად გამოემშვიდობა. თუმცა, სულ მალე ის მხედართმთავრის საძინებელში
აღმოჩნდა. მაშინ ვალევსკაიას ვერ წარმოედგინა, რომ ბონაპარტესთან მოვალეობის მოხდის
მიზნით მისული, წლების მანძილზე მისი ერთგული საყვარელი იქნებოდა. პაემნიდან პაემნამდე
იგი სულ უფრო და უფრო იხიბლებოდა იმპერატორით და გრძნობდა, რომ თავს კარგავდა. მალე
პოლიტიკურმა მოტივებმა მეორე პლანზე გადაინაცვლა.
მარიას თავდავიწყებით უყვარდა ნაპოლეონი და
არასდროს ითხოვდა მისგან სამაგიეროს – არც ფულს, არც ტიტულსა და არც სასახლეებს. იმპერატორიც
ტკბებოდა ქალის უბრალოებით და სისადავით. ყველაფერი კი იქამდე მივიდა, რომ ნაპოლეონი
მასზე დაქორწინებას სერიოზულად ფიქრობდა. თუმცა, აქ ისევ მერკანტილურმა მოსაზრებებმა
შეუშალა ხელი.
ცნობილია, რომ მემკვიდრეზე მეოცნებე ნაპოლეონი
ჟოზეფინას გასცილდა და ავსტრიის მეფის ასულზე იქორწინა, იმ იმედით, რომ ის ვაჟს აჩუქებდა.
იმპერატორის ღალატმა მარია ვალევსკაია დაამწუხრა და მეუღლის მამულში დაბრუნდა.
ბედის ირონიაა, მაგრამ 1810 წელს მარია ვალევსკაიას
ნაპოლეონისგან ვაჟი, ალექსანდრე შეეძინა... ისინი ბედისწერამ კიდევ ორჯერ შეახვედრა.
პირველად, როდესაც მარია შვილთან ერთად იმპერატორმა პარიზში მიიწვია და ბოლოს,
1814 წელს, როდესაც ნაპოლეონი კუნძულ ელბაზე გადაასახლეს. მაშინ გრაფინია იქ ალექსანდრესთან
ერთად მალულად ცდილობდა ბონაპარტეს ნახვას.
ამას მოჰვა ვატერლოოს
მარცხი და ნაპოლეონის გაძევება წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც 6 წლის შემდეგ იმპერატორი
გარდაიცვალა. თუმცა, მარია ვალევსკაიას ეს ამბავი არ გაუგია, რადგან საყვარელზე ადრე
გარდაიცვალა... ოდესღაც, განშორების ჟამს მარიამ ნაპოლეონს ბეჭედი აჩუქა წარწერით:
,,თუკი აღარ გეყვარები, გახსოვდეს, რომ მე შენ ძველებურად მიყვარხარ''. იმპერატორი
სიცოცხლის ბოლო წუთამდე ინახავდა ამ ფასდაუდებელ საჩუქარს, რომელიც იმ დროს აგონებდა,
როცა ძალიან ბედნიერი იყო... |