ანრი IV
, ბურბონთა დინასტიის დამაარსებელი - ფრანგების
ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მეფეა. საკუთარი
მეტსახელი - „Le
Bon Roi Henri“ („კეთილი მეფე ანრი“) მან საკუთარ ხალხზე გაუნელებელი ზრუნვით დაიმსახურა. მას მიეწერება ცნობილი
ფრაზა: „მე ძალიან მინდა მივაღწიო იმას, რომ ყოველ ფრანგ გლეხს შეეძლოს ყოველდღე ქათმიანი
წვნიანის ჭამა“. რამდენად იყო ეს მიზანი მიღწეული, ძნელი სათქმელია, მაგრამ ყველა ისტორიკოსი
ერთხმად აღნიშნავს, რომ მისი მმართველობის დროს მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა საფრანგეთის
ეკონომიკა და საგარეო ვაჭრობა და არც ის არის გამორიცხული, რომ ქათმებიც ყველასათვის
საკმარისი ყოფილიყო.
ანრი IV თავისი დროისათვის უჩვეულო რჯულშემწყნარებლობითაც
გამოირჩეოდა. 1598 წელს ხელმოწერილი ნანტის ედიქტი ფრანგ პროტესტანტ-ჰუგენოტებს რწმენის
თავისუფლებას ანიჭებდა, რამაც ბოლო მოუღო რელიგიურ ომებს საფრანგეთში. ასეთი რამ
იმ დროის წმიდა რომის იმპერიის გერმანულ ნაწილშიც კი არ მომხდარა, რომელიც იმხანად თავს იწონებდა მრავალკონფესიურობით.
მეფე ანრი ყურადღებას ნაკლებად აქცევდა კონფესიურ სახესხვაობებს
და თავად ექვსჯერ შეიცვალა აღმსარებლობა პოლიტიკური მოტივებით. მეფე ანრისათვის პირველ
ადგილზე იდგა მისი სამწყსოს მატერიალური კეთილდღეობა. შეიძლება ასეთი რელიგიური ტოლერანტობა
გახდა მიზეზი, რომ მისი სიცოცხლე 57 წლის ასაკში შეწყდა იმ ადამიანთა ხელით, ვინც მის
პოლიტიკას თ ვლიდა კათოლიკური რწმენის ღალატად.
1610 წლის 14 მაისს მკვლელი - კათოლიკე ფანატიკოსი ფრანსუა რავალიაკი აედევნა
მის ეტლს ლუვრიდან და იმ მომენტში, როდესაც
მეფის თაყვანისმცემელ პარიზელთა ბრბომ უნებურად მეფის ეტლი მეფისავე ესკორტისაგან განაცალკევა, შეახტა ეტლის საფეხურს და ხანჯლის ორჯერ დარტყმით
განგმირა მეფე.
რავალიაკი 27 მაისს ჩამოახრჩვეს.
მაგრამ მეფე ანრის
ავბედობა ამით არ დასრულებულა - 1793 წელს, ფრანგული რევოლუციის დროს ბარბაროსთა ბრბო
შეიჭრა სამეფო სამლოცველოში და გააპარტახა იგი. მეფის გვამის ნაწილები ერთ ორმოში გადაყარეს,
ხოლო განსაკუთრებული ბედი ერგო თავის ქალას - ის ხელიდან ხელში გადადიოდა. მრავალი ათეული წლების განმავლობაში
ყიდდნენ მას, ყიდულობდნენ აუქციონებზე და ინახავდნენ კერძო კოლექციებში, ამავე დროს,
მუდამ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა მისი მეფისადმი
კუთვნილება, ვიდრე ამ ორიოდ წლის წინ არ მოხვდა პათოლოგანატომ ფილიპ შარლიეს ხელში,
რომელმაც დაადგინა, რომ თავის ქალა ნამდვილად მეფე ანრის ეკუთვნოდა. რადგან ქალა კარგად
იყო შენახული და რბილი ქსოვილები და შინაგანი ორგანოები თავის ადგილზე იხილვებოდა,
იდენტიფიცირებისთვის სასამართლო ექსპერტებს დაეხმარნენ ისტორიკოსები და ანთროპოლოგები,
რომლებმაც ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ მეფეს მარჯვენა ნესტოსთან ჰქონდა სოკოს
ფორმის მუქი ხალი და მარჯვენა ყურის ბიბილოზე - ნახვრეტი, რაც მეტყველებდა იმაზე, რო მ ამ ყურის მფლობელი დიდხანს ატარებდა საყურეს. ეს
კი მეფის პორტრეტებითაც ცხადად დასტურდებოდა.
|