|
თერმოპილეს ბრძოლა და მეფე ლეონიდასი
 | ლეონიდასის ქანდაკება თერმოპილესთან | ძვ. წ. 480 წელს სპარსელები დარიოსის მემკვიდრის ქსერქსე I-ის მეთაურობით კვლავ საბერძნეთისკენ დაიძრენ. სპარსელთა წინააღმდეგ რამდენიმე ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო შეკავშირდა. ბერძნებმა გადაწყვიტეს გამაგრებულიყვნენ თერმოპილეს გასასვლელში. მთის ამ ვიწრო კარში შესაძლებელი იყო მცირე ძალებით ძლიერი მტრის შეჩერება. ბერძენთა რაზმს ხელმძღვანელობდა სპარტელთა მეფე ლეონიდასი. ლეონიდასი და მისი მეომრები სპარსელთა შემოტევებს რამდენიმე დღე იგერიებდნენ. მტერმა უკან გაბრუნებაც კი გადაწყვიტა, მაგრამ მოღალატემ ქსერქსეს მთის ვიწრო ბილიკი აჩვენა. სპარსელებმა ბერძნებს ამ ბილიკით ზურგიდან მოუარეს. ლეონიდასმა 300 სპარტელი დაიტოვა, ხოლო მოკავშირეებს სახლში დაბრუნება უბრძანა. 300 სპარტელი სისიხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდა. მათ შეაფერხეს მოწინააღმდეგის წინსვლა და თავის მეთაურთან ერთად გმირულად დაღუპნენ. თერმოპილესთან ბრძოლის შემდეგ ქსერქსეს ჯარმა ათენი აიღო. ჰეროდოტეს ცნობით, ლეონიდასის დედა, მისი მამის — ანაქსანდრიდას II ძმიშვილი იყო, მათ შვილი არ უჩნდებოდათ, ამიტომ ეფორები (სახელმწიფო მოხელეები, სპარტაში) ცდილობდნენ მეფე დაერწმუნებინათ, რომ გაყროდა ცოლს, თუმცაღა ეს ვერ მოახერხეს, რადგანაც მეფე უარზე იყო. ეფორებმა მხოლოდ იმაზე დაითანხმეს მეფე, რომ შეერთო მეორე ცოლიც, მაგრამ არც პირველს გაყროდა. მისი მეორე ცოლია სპარტელი პოლიტიკოსის ჩილიონ ბრძენის ასული. მათ მალევე გაუჩნდათ ვაჟი — კლეომენეზი. მეფეს პირველი ცოლისგან სამი ვაჟი ეყოლა. პირველი, ერთ წელიწადში გაჩნდა და მისი სახელია — დორეუსი, ხოლო შემდეგ გაჩნდნენ ტყუპები — კლეომბროტუსი და ლეონიდასი. ვინაიდან ლეონიდასი არ იყო ტახტის მემკვიდრე ისიც ისევე აღიზარდა, როგორც ყველა ჩვეულებრივი სპარტელი. იგი ერთ-ერთი იშვიათ მეფეთაგანია, რომლებსაც მოუწიათ ასეთი მკაცრი სასწავლო რეჟიმის გადატანა. ანაქსანდრიდასი გარდაიცვალა ძვ.წ. 520 წელს, ხოლო მეფე გახდა მისი უფროსი ვაჟი კლეომენეზი. დორეუსი იმდენად ამაყი აღმოჩნდა, რომ არ სურდა სპარტაში დარჩენა და თავის ნახევარ-ძმის მორჩილება და ამიტომ მან მოითხოვა ჯარის მიცემა, რათა დაეარსებინა კოლონია ჩრდილოეთ აფრიკაში. მან ეს მოახერხა კიდეც, რაც ნამდვილად არ შედიოდა კართაგენის ინტერესებში, ამიტომ მათ 3 წელიწადში განდევნეს დორეუსი ჩრდილოეთ აფრიკიდან. მან ამის შემდეგ კოლონიის დაარსება სიცილიაშიც სცადა, რაც ვერ მოახერხა და სწორედ ამ მცდელობას შეეწირა იგი. ლეონიდასისისა და კლეომენეზის ურთიერთობის შესახებ არაფერია ცნობილი, მაგრამ ლეონიდასმა ცოლად შეირთო მის ასული — გორგო ძვ.წ. 490 წლამდე, მანამდე, სანამ მეფე გახდებოდა. დორეუსის სიკვდილის შემდეგ ტახტის მემკვიდრე ლეონიდასი გახდა და ამავე დროს იგი სრულუფლებიანი მოქალაქეც იყო. სპარსეთის იმპერიამ სპარტის დაპყრობა განიზრახა და ძვ.წ. 492/491 წლებში მათ მორჩილება მოსთხოვეს, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს სპარტელებისგან. ამ დროს მეფე — კლეომენეზი უკვე გაქცეული იყო სპარტიდან. ჰეროდოტეს ცნობით იგი ჭკუიდან შეიშალა და ამიტომ გააძევეს სამშობლოდან. უმეფოდ დარჩენილი სპარტა კი დახმარებას ითხოვდა სპარსეთის უზარმაზარი იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში. პლუტარქე ლეონიდასისი შესახებ წერს: „ერთხელ მას უთხრეს: შენ რომ მეფე არ იყო არაფრით ხარ ჩვენზე უკეთესი, ხოლო ლეონიდასმა უპასუხა: კი, მაგრამ მე რომ თქვენზე უკეთესი არ ვიყო, მეფე არ ვიქნებოდი.“ ძვ.წ. 481 წელს შეიკრიბა საერთო ბერძნული კონგრესი. მას უნდა ემსჯელა აქემენიანთა წინააღმდეგ კოალიციის შექმნის თაობაზე კონგრესის დადგენილებით ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების ყველა წევრს ევალებოდა სამშობლოს დაცვა, ხოლო ის ქალაქი, რომელიც სპარსელებს მიემხრობოდა სასტიკად უნდა დაესაჯათ. გაერთიანებული ჯარის წინამძღოლად კი აირჩიეს ლეონიდასი. მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ სპარტელებიც სხვა ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებთან ერთად იბრძოლებდნენ სპარსელთა წინააღმდეგ, სპარტელები რჩევის საკითხად წავიდნენ პითიასთან, დელფოს ორაკულში. პითიამ სპარტელებს ნაწინასწარმეტყველება ლექსად მოახსენა: "სპარტას მაცხოვრებლებო,თქვენ დიად ქალაქს სპარსელი მამაკაცები გაანადგურებენ,თუ ასე არ მოხდა, ლაკედემონს ჰერაკლეს შთამომავალი მეფის დატირება მაინც მოუწევს.ლომისა და ხარის ძალა ვერ დაიცავს მას ამისგან, ეს თვით ზევსის წინასწარმეტყველებაა." პითიას წინასწარმეტყველებას თან ერთვოდა ისიც, რომ ამ დროს ტარდებოდა ოლიმპიური თამაშები, ხოლო სპარტელ დიდებულთა აზრით ამ დროს ომი ღმერთებს განარისხებდა, ამიტომ მათ მხოლოდ 300 ჯარისკაცი გამოყვეს სპრსელებთან საბრძოლველად, რომელთაც მეფე — ლეონიდასი სარდლობდა, ისევე, როგორც ბერძენთა გაერთიანებულ ლაშქარს. ლეონიდასს შესთავაზეს მეომართა რაოდენობა 1000-მდე გაეზარდა, რაზეც ლეონიდასმა უპასუხა: 1000 გამარჯვებას არ ეყოფა, დასახოცად კი 300 საკმარისია. ამგვარად ძვ. წ. 480 წლის აგვისტოში ლეონიდასი 300 სპარტელთან ერთად წავიდა სიკვდილთან შესაგებებლად. მას თერმოპილესთან ბერძენთა დანარჩენი ჯარიც შეუერთდა. საბოლოოდ ბერძენთა ჯარმა 14 000-ს მიაღწია, როდესაც ქსერქსეს ჯარის რაოდენობა მათ ჯარს ბევრად ჭარბობდა. ჰეროდოტეს ინფორმაციით სპარსელთა მხედრობა 2 მილონამდე ჯარისკაცს ითვლიდა, თუმცაღა თანამედროვე მეცნიერებს ეს ინფორმაცია არაზუსტად მიაჩნიათ და თვლიან, რომ სპარსელთა არმიის რიცხობრიობა 50 000-დან 200 000-მდე მერყეობდა]. ქსერქსე I შეტევაზე გადასვლას არ ჩქარობდა, პირიქით მან ოთხი დღე დაიცადა იმ იმედით, რომ ბერძნები დანებდებოდნენ. მეხუთე დღეს კი სპარსელები შეტევაზე გადავიდნენ. ბერძნები ორი დღის მანძილზე იგერიებდნენ სპარსთა ფრონტალურ იერიშებს. ჰეროდოტეს ცნობით ბერძნებმა 20 000 სპარსელი დახოცეს, თვითონ კი 2 500 მებრძოლი დაკარგეს. თვით სპარსელთა რჩეული ჯარისკაცები — უკვდავებიც კი უკუიქცნენ ბერძნებთან ბრძოლისას, ხოლო ამავე ბრძოლაში დაიღუპა ქსერქსეს ორი ძმა (აბროკომეზი და ჰიპერანთესი). სპარსთა მეფემ დააწესა ჯილდო მისთვის ვინც მის ჯარს მტრის ზურგში მოაქცევდა. მას მალევე გამოეხმაურა ეფიალტი და მტრის ზუგში მისასვლელი გზა უჩვენა. ეს რომ ლეონიდასმა გაიგო ბერძენთა ბერძნული შენაერთები ბრძოლის ველიდან გაუშვა და ბრძოლის ველზე 300 სპარტელთან, 900 ჰილოტთნ და 700 ფიაველთან ერთად დარჩა. ზოგიერთი წაროს თნახმად ლეონიდასმა ფიაველები ძალდატანებით დატოვა ბრძოლის ველზე, რომ სპარსელებს არ შეერთებოდნენ. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, რომელიც ჰეროდოტეს ეკუთვნის ლეონიდასმა სპარტაში მაცნე გაგზავნა თავიანთი ამბის შესატყობინებლად. სპარსელებმა ალყა შემოარტყეს სპარტელებს და ლეონიდასს დანებება შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს, ამიტომ ბრძოლის ველზე ყველა სპარტელი დახოცეს ლეონიდასის ჩათვლით. ბრძოლის შემდეგ სპარტელებმა დაიბრუნეს ლეონიდასის სხეული. ჰეროდოტეს ცნობით; ქსერქსემ ლეონიდასის სხეული მოაძებნინა და მისი თავი სარზე წამოაცვა. |
|