ვინ იყო ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორი კონსტანტინე პალეოლოგი, რომლის კორონაციის დღეც შედგა 6 იანვარს? იგი გახლდათ მანუელ II-სა და სერბეთის მთავარ კონსტანტინე დრაგაშის ქალიშვილის, ელენეს ვაჟი. შესაძლოა, კონსტანტინე არ ბრწყინავდა განათლებით, მაგრამ ყმაწვილობიდან დიდი სახელი დაიგდო თავისი სიმამაცით. იმპერატორად მისი ხელდასხმისას, 1449 წლის 6 იანვარს, ტრადიციის საწინააღმდეგოდ მისი კურთხევა არ მომხდარა პატრიარქის მიერ. მთელი შემდგომი წლების მანძილზე ის ქალაქს ამზადებდა თურქების თავდასხმისაგან დაცვისათვის და ეძებდა დახმარებას დასავლეთში. ამ დროისათვის მას უკვე ჰქონდა გადადგმული უნიატური ნაბიჯი - 1452 წლის 12 დეკემბერს კონსტანტინოპოლში საზეიმოდ იყო დადგენილი კავშირი (”უნია”) მართლმადიდებლურსა და კათოლიკურ ეკლესიებს შორის. ამ კავშირისაგან გამომდინარე და კიდევ სხვა (ქვეყნის სახაზინო ფონდის დაცარიელების, ინტელიგენტების გათვითოკაცების, ოლიგარქების წუწურაქობის და გარედან ურჯულოთა მტრული ძალების შემოტევების) მიზეზებით ბიზანტიის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო! საგულისხმოა, რომ მართლმადიდებლებში დღემდე ფეხმოკიდებულია შეხედულება - ბიზანტია დაეცა კონსტანტინეს მიერ დასავლეთთან დამყარებული უნიის გამო! 1453 წელს მეჰმედთან ბრძოლაში კონსტანტინე აღმოჩნდა მარტო - დასავლეთიდან დაპირებული დახმარება არ მოვიდა. მეორე მხრივ, მისმა დათმობებმა დასავლეთის ეკლესიის მიმართ გამოიწვია მღელვარება მასებში და პირველმა მინისტრმა და ადმირალმა მეგადუკა ლუკა ნოტაროსმა თქვა, რომ მზად არის ”ჩალმის მბრძანებლობას დაემორჩილოს, ვიდრე ტიარისას”. მართლაც, როდესაც პაპის დახმარებამ დაიგვიანა და ”ჩალმამ” დაიპყრო კონსტანტინოპოლი, მას საკუთარ თავზე მოუხდა გამოცდა, რას ნიშნავდა ”თურქული ჩალმის ხელმწიფება” - სულთანმა მეჰმედ II-მ დაიპყრო ქალაქი და საყოველთაო ძარცვა-გლეჯისა და ხოცვა-ჟლეტის ვითარებაში ქალაქის თავად სწორედ ლუკას დაყენება გადაწყვიტა და, რაკი გაეგო, რომ მას14 წლის უმშვენიერესი გარეგნობის ვაჟი ჰყავდა, თავისი ჰარემისთვის მოსთხოვა, რომელიც მხოლოდ ვაჟებისგან შედგებოდა. როდესაც გულშეძრულმა ნოტარამ უარი განუცხადა, სულთანმა თავები დააყრევინა მამასაც და შვილსაც! მანამდე კი იყო ის, რომ გაქცეულ თანამოქალაქეებთაგან ბრძოლის ველზე ხმლითა და ფარით მარტოდ დარჩენილმა კონსტანტინემ შესძახა: ”არავინ არის აქ ქრისტიანი, რომ თავი წამაცალოს?” მაგრამ პასუხის გამცემიც არავინ ჩანდა. გარს მტრის რაზმელები შემოეჯარნენ და მცირე ხელჩართული ბროლის შემდეგ ერთ-ერთმა თურქმა ზურგში ჩასცა სასიკვდილოდ ლახვარი. ნიშანდობლივია, რომ კონსტანტინოპოლის უკანასკნელი ალყის დროს ბიზანტიელმა ოლიგარქებმა არათუ არ გაიღეს ერთი კაპიკიც კი ქალაქის დასაცავად, არამედ ის მწირი სახსრებიც კი დაიტაცეს, რაც ხაზინაში იყო დარჩენილი.
კონსტანტი ნოპოლის დაპყრობის შემდეგ, ახალგაზრდა სულთანი მეჰმედი, რომელიც სულ 21 წლისა იყო, გაოგნებული დარჩა იმ ფაქტით, რომ უსახსროდ მყოფი ქალაქის ჭეშმარიტი დამცველების გვერდით აღმოაჩინა ზოგიერთი ქალაქელის უსაზომო სიმდიდრეები - დაუძახა ამ მდიდარ ქალაქელებს და ჰკითხა, თუ რატომ არ გაიღეს მათ თავიანთი განძი, როდესაც მტერი დაეცა თავს მათ ქალაქს. ოლიგარქებმა პირმოთნედ უპასუხეს: ”ჩვენ ამ სახსრებს ვინახავდით შენი უდიდებულესობისათვის!” ამ სიტყვების პასუხად მეჰმედმა მათ თავები დააყრევინა და ტანი ძაღლებს გადაუგდო. რაც შეეხება იმ ოლიგარქებს, რომლებიც დასავლეთში გაიქცნენ კაპიტალის იქ გადამალვის იმედით, სახსრები მათ დასავლელმა კათოლიკეებმა დააყრევინეს და გაამათხოვრეს. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინოპოლის უკანასკნელი ალყის დროს, გამოჩენილმა უნგრელმა მეცნიერმა ურბანმა ურჩია იმპერატორს დიდი ზარბაზნების დამზადება, რომელთაც შეეძლოთ თურქული ჯარის განადგურება. მაგრამ ხაზინა ცარიელი იყო, ხოლო კონსტანტინოპოლელმა ოლიგარქებმა ფული დაინანეს. ურბანმაც, რადგან რჩევა არ დაუფასეს, თავისი სამსახური სულთან მეჰმედს შესთავაზა. სულთანმა თავისი შანსი არ გაუშვა ხელიდან. მან დააფინანსა უნგრელის პროექტი და ბალისტიკის ბიზანტიური სკოლის საუკეთესო შეგირდის, ურბანის ზარბაზნებმა ბოლო მოუღეს ბიზანტიის იმპერიას!
|