2006 წელს ჟურნალ ”ქვაკუთხედსა” და გაზეთ ”ასავალ-დასავალში” გამოქვეყნდა კომენტარები სანდრა რულოვსის წიგნ ”იდეალისტის ნაამბობთან” დაკავშირებით. ორივეგან დაიბეჭდა შენიშვნების კრიტიკული ნაწილი, ხოლო პირველი ლედის პოზიტიური განწყობა სამეფო იდეისადმი მაშინ არცერთ ამ მედია-საშუალებაში არ დაფიქსირებულა. არადა, თავის წიგნში ქალბატონი სანდრა საოცარი სიყვარულით ლაპარაკობს საკუთარი ქვეყნის სამეფო წყვილთან დაკავშირებით, რაც სრულიად ბუნებრივად გულისხმობს თვით იდეის მიმართ სიმპათიასაც. წიგნში საგანგებოდ არის აღნიშნული, რომ, სამშობლოში ყოფნის ვადის გახანგრძლივებას სანდრა რულოვსი სწორედ ამ წყვილის საქორწინო ზეიმს უკავშირებდა: ”ჰოლანდიაში 2002 წლის თებერვლამდე ვფიქრობდი დარჩენას, პრინც ვილემ-ალექსანდერისა და მაქსიმას საქორწინო ზეიმზე მინდოდა დასწრება” (გვ.205). ხოლო შემდეგ აღწერილია, რა ბედნიერი იყო, როცა ეს ნატვრა აუხდა: ”2002 წლის 2 თებერვალს მე, ედუარდი და დედაჩემი ნიდერლანდების პრინცის საქორწინო ზეიმზე დასასწრებად ამსტერდამში გავემგზავრეთ. ცხადია, სამეფო ქორწილი თავისთავად საინტერესო სანახაობაა, მით უმეტეს, ბავშვისთვის. პირადად ჩემთვის კი ეს ქორწინება ორმაგად საინტერესო იყო, რადგან შინაგან სიახლოვეს ვგრძნობდი პრინცესა მაქსიმასთან, ამ არგენტინელ გოგონასთან, რომელიც ჩემსავით უცხოელს გაჰყვა, ენა ისწავლა და ახალ სამშობლოში დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა. ჯვრისწერის ცერემონიალს ქუჩებში დადგმულ დიდ ეკრანებზე ვადევნებდით თვალს, შემდეგ სამეფო წყვილმა დედაქალაქის ქუჩებში ჩაიარა ოქროს ეტლით. ბედად, მაქსიმა ეტლში სწორედ იმ მხარეს იჯდა, საითაც ათასობით ადამიანს შორის ჩვენც ვიდექით ” (გვ. 211). როგორც ვხედავთ, საქართველოს პირველ ლედის აქვს არგენტინელ პრინცესასთან ბედის თანაზიარობის განცდა, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ მას ”ათასობით ადამიანს შორის” უხდებოდა დგომა მის დასანახად. ჩვენც ვცადოთ ქალბატონი სანდრას მდგომარეობის გაზიარება და ვინატროთ, რომ ოდესმე თბილისშიც ჩაევლოს ოქროს ეტლით 1300-წლოვანი დინასტიის მემკვიდრეს, რომელსაც გვერდს დაუმშვენებს გნებავთ არგენტინელი, გნებავთ ბრიტანელი, გნებავთ ჰოლანდიელი ნამდვილი პრინცესა! |