პრინცი უილიამი გახდა „ბი-ბი-სის“ დოკუმენტური სერიალის - „Helicopter Rescue“ („ვერტმფრენის სამაშველო სამსახური“) ერთ-ერთი გმირი. როგორც ცნობილია, ელისაბედ მეორის შვილიშვილი გადის სამსახურს სამხედრო საჰაერო ძალთა სამეფო ბაზაზე უელსში და მონაწილეობს ადამიანთა გადარჩენის სამუშაოებში. ვალიელ მაშველებს ეხება სწორედ ახალი რეალითი-შოუ. პირველ ეპიზოდში, რომლის პრემიერაც შედგება 8 აპრილს, უილიამი და მისი ეკიპაჟი მიეშურებიან ბიჭუნას გადასარჩენად, რომელიც ხიდიდან ჩავარდა ძველ კარიერში. ამას გარდა, პრინცი მოუყვება მაყურებელს, როგორ აღიქვამს იგი თავის სამუშაოს. უილიამის სიტყვით, ის არის კაპიტანი და ეს ნიშნავს, რომ სრულად უნდა გაიაზროს მთელი სამაშველო ოპერაცია, წინდაწინ განსაზღვროს ყველა შესაძლო პრობლემა და გადაწყვიტოს ისინი ჯერ კიდევ მიწაზე ყოფნისას. „არ არსებობს უკეთესი გრძნობა, ვიდრე ის გრძნობაა, როდესაც იქმ სიკეთეს და ვინმეს სიცოცხლეს გადაარჩენ“, - ამბობს უილიამი და დასძენს, რომ მას არ უნახავს უფრო მშვენიერი რამ, ვიდრე ეს არის შვილების სახე, როდესაც მათ დედას ან მამას გამოსტაცებ სიკვდილის კლანჭებს. კემბრიჯის ჰერცოგის პრეს-მდივანი, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ პრინცი უილიამი პროექტის მხოლოდ ერთ-ერთი მონაწილეა და მისი წვლილი სერიალში იმდენივეა, რამდენიც სხვა პილოტებისა - ის გუნდის წევრია და მთელი გუნდი არის დოკუმენტური ფილმის გმირი. |