21 აპრილს თბილისში გაიმართა სამეფო უდიდებულესობის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მონარქის, დედოფალ ელისაბედ II-ის დაბადების 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო
საზეიმო საღამო მოაწყო ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, პედაგოგმა, მონარქისტმა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა პიროვნებამ, ბრიტანეთის სამეფო ოჯახისა და სამეფოს ისტორიის სპეციალისტმა, საქართველოს სამეფო კლუბის დამსახურებულმა წევრმა გია ჭანტურიამ.
გალერეაში გამოფენილი იყო დედოფლისა და სამეფო ოჯახის წევრთა სურათები, დროშები, ჭურჭელი უინძორთა სახლის წევრების გამოსახულებით, წიგნები და სხვა ესპონატები გია ჭანტურიას კოლექციიდან.
საზეიმო შეხვედრას დაესწრნენ საზოგადოების წარმომადგენლები, ხელოვანები, დედოფლის თაყვანისმცემლები, ბრიტანეთის საელჩოს ტანამშრომლები, სამეფო კლუბის წევრები, ცნობილი ადამიანები, მათ შორის მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ბატონიშვილი იოანე ბაგრატიონი და სხვები.
ბატონმა გია ჭანტურიამ საზოგადოებას გააცნი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მისალოცი წერილი დედოფალ ელისაბედ მეორისადმი.
შეხვედრაზე აღინიშნა დედოფალ ელისაბედ მეორის დიდი დამსახურების შესახებ ბრიტანეთისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე.
სამეფო კლუბის სპიკერის გია მამალაძის თხოვნით, ბატონიშვილმა იოანემ სამეფო კლუბის დამსახურებული წევრის სერთიფიკატი გადასცა ბატონ გია ჭანტურიას, რომლის დამსახურებაც უდიდესია ბრიტანეთისა და საქართველოს ხალხების დაახლოების საქმეში.
აქვე გთავაზობთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიმართვას დედოფალ ელისაბედ მეორისადმი:
მის უდიდებულესობას, ელისაბედ II-ს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს
თქვენო უდიდებულესობავ, მიიღეთ ჩვენი გულითადი მილოცვა და საუკეთესო სურვილები დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. ჩვენზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა თქვენთან შეხვედრამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ შედგა ბუკინგემის სასახლეში.
ჭეშმარიტად, თქვენ ბრძანდებით გამორჩეული მონარქი, – გაერთიანებული სამეფოს სამოცდასამწლოვანი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი და მსოფლიო ისტორიის განსაკუთრებული პიროვნება.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენი ქვეყნის ბედნიერებით. ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახი და თქვენი მსახურება მრავალსა წელსა მრავალჟამიერ.
ღრმა პატივისცემით, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა.
|