“მილიონი დოლარი ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის სანაცვლოდ - ინდური მხარე გამოსასყიდს ითხოვს” – 28 დეკემბერს ასეთი სათაურით აქვეყნებს საინფორმაციო ცნობას საიტი ” ambebi.ge” ”ინტერპრესნიუსზე” დაყრდნობით. შემდეგ წერილში ნათქვამია; ”როგორც ავჭალის, წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა გიორგი რაზმაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინდოეთის ქალაქ გოაში მდებარე დაგრასას მონასტერში არქეოლოგიური კვლევების შედეგად აღმოჩენილი წმინდა დედოფალ ქეთევანის მარჯვენა ხელის ნაწილის გადმოსაცემად, გამოსასყიდის სახით, ერთ მილიონ დოლარს ითხოვენ. დეკანოზი ხელისუფლებას, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის ინდოეთიდან საქართველოში დასაბრუნებლად, აქტიურად ჩართვისა და დახმარებისკენ მოუწოდებს. დეკანოზი ინდოეთში ამ საკითხზე რამდენჯერმე იმყოფებოდა და, როგორც აცხადებს, ინდურმა მხარემ გამოსასყიდის მოთხოვნის შესახებ ბოლო შეხვედრის დროს აცნობა. ამ საკითხში ჩართული არიან საქართველოს საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროები; ასევე, საქართველოს საპატრიარქო, განსაკუთრებით ამბა-ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი. მამა გიორგის განმარტებით, კვლევებით დადასტურებულია, რომ წმინდა ნაწილი ნამდვილად ქეთევან დედოფლისაა და ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, რამდენად მზადაა სიწმინდის დასაბრუნებლად. დეკანოზის თქმით, ახლახანს ამერიკის არქეოლოგიურმა კვლევითმა ცენტრმა ინტერნეტით გამოქვეყნა, რომ გოაში აღმოჩენილი ქალის მარჯვენა ხელის ნაწილი ქეთევან დედოფალს ეკუთვნის, რომლის დაბრუნებას საქართველო 400 წელი ელოდებოდა. პრესკონფერენციაზე მამა გიორგიმ ასევე აღნიშნა, რომ კათოლიკური ორდენის წარმომადგენლების, ავგუსტინელთა მონასტერში 2006 წელს არქეოლოგიური კვლევების შედეგად აღმოჩენილ წმინდა ნაწილს დნმ-ის ანალიზი სამჯერ ჩაუტარდა, მათ შორის ორჯერ - ევროპის ქვეყნებში. სამივე კვლევამ დაადასტურა, რომ იგი წმინდა დედოფალ ქეთევანს ეკუთვნის. მონასტერში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების დროს ქალის მარჯვენა მკლავის გარდა ძვლების სხვა ნაწილები არ აღმოჩენილა. დეკანოზის განცხადებით, წმინდა დედოფლის წმინდა ნაწილები დღეისთვის მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული. კერძოდ, დედოფლის ქვედა ყბის ძვალი რომში პეტრე მოციქულის საფლავშია ჩაბრძანებული, ასევე არსებობს ლისაბონში; რუსეთში, ზაგორსკის მონასტერში. მისივე თქმით, დედოფლის წმინდა ნაწილების უმეტესი ნაწილი კათოლიკე ბერებმა თეიმურაზ მეფეს გადასცეს, რათა მათ აქ პატივისცემა დაემსახურებინათ; კახეთსა და გორში კათოლიკური მისიები გაეხსნათ. მამა გიორგის განმარტებით, ისტორიულ ფაქტს წარმოადგენს ისიც, რომ, როდესაც თეიმურაზ მეფე შემოსევის დროს სამეფო კართან ერთად გაიხიზნა, დედოფლის წმინდა ნაწილები ცხენზე იყო აკიდებული. არაგვზე გადასვლის დროს მდინარემ იგი ცხენთან ერთად წაიღო”. საიტზე წერილს თან ახლავს მცირე ისტორიული ცნობაც: ”წმინდა დედოფალი ქეთევანი აშოთან მუხრან ბატონის ასული იყო. შაჰ-აბასის ბრძანებით წმინდა დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს. თავზე გახურებული რვალის ქვაბი დაამხეს, მარწუხებით მკერდი დააგლიჯეს, მკერდიდან ზურგში გავარვარებული შამფურები გაუყარეს, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს. წმინდანის სხეული ჯალათებმა ნადირთა სათრევად დატოვეს. მის წმინდა ნეშტს კი სამი ნათლის სვეტი დაადგა. წამების მხილველმა კათოლიკური ორდენის წარმომადგენლებმა, ავგუსტინელებმა, წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და ინდოეთში, ქალაქ გუაში არსებულ დაგრასას მონასტერში გადაასვენეს”. ჩვენი საიტი უერთდება წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, მამა გიორგის მოწოდებას და, რადგან სამშობლოს სასიკეთო საქმეში არა გვაქვს არც სახელისუფლებო ორგანოების და არც ოლიგარქების იმედი, მივმართავთ სასულიერო წოდებას თხოვნით - გამოაცხადოს რომელიმე დიდ ეკლესიაში, ვთქვათ, სიონის საკათედრო ტაძარში, შეწირულობის ყუთის არსებობა, სადაც ჩვენი ქვეყნის ყველა მცხოვრებს შეეძლება თავისი წილის გაღება და თითომ თითო დოლარი რომ დადოს, 1 მილიონი ადამიანი შობამდე შევკრებთ მოთხოვნილ თანხას!
|