მთელი მსოფლიო იცნობს გრეის კელის, როგორც ჰოლივუდის ლეგენდას - მეუღლესა და დედას, პრინცესას და ბოლოს და ბოლოს - მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალს. სულ მალე წარმოდგენილი იქნება ახალი ფილმი, სახელწოდებით ”გრეისი მონაკოდან”, ნიკოლ კიდმანის მონაწილეობით. მაგრამ ფილადელფიის მცხოვრებთათვის გრეისი რჩება უპირველესად მათ თანამემამულედ, რომელსაც არასოდეს დავიწყნია ის ადგილები, სადაც დაიბადა და გაიზარდა. შემთხვევითიც არ არის, რომ სწორედ ფილადელფია იქნა არჩეული კინოვარსკვლავისადმი მიძღვნილი გამოფენის მოსაწყობად. გრეის ახლო ნათესავი კრისტოფერ ლე ვაინი იგონებს: ”მას ყოველთვის ახსოვდა თავისი ფესვები და არასოდეს დაუკარგავს კავშირი საკუთარ ოჯახთან და ახლობლებთან, ვისთან ერთადაც გაიზარდა. მან თვით მონაკოშიც კი ჩაიტანა ფილადელფიაში პოპულარული პროდუქტები, მაგალითად, სიმინდის ფქვილი, რათა სასახლის შეფ-მზარეულს მისთვის ჩვეული კერძები მოემზადებინა. ექსპოზიცია, სადაც მოთხრობილი იქნება გრეის კელის ცხოვრების შესახებ, გაიხსნება შემოდგომაზე ქალაქ დოილსთაუნის მუზეუმში, რომელიც იმ თეატრის სიახლოვეს მდებარეობს, სადაც 1949 წელს მომავალ მონაკოს პრინცესას დებიუტი ჰქონდა მსახიობის ამპლუაში. დამთვალიერებლები ნახავენ კინოვარსკვლავის პირად ფოტოებს, პრესიდან ამობეჭდილ ცნობილ სურათებს, კადრებს ფილმებიდან, სამიჯნურო ბარათებს, რომელთაც სწერდნენ ერთმანეთს გ რეისი და მისი მეუღლე - თავადი რენიე III . აქვე გამოტანილი იქნება გრეისის კაბები და საკულტო ჩანთა ”Hermes”-იდან, რომელსაც ვარსკვლავის საპატივსაცემოდ ეწოდა ”Kelly”. თავადი ალბერ II, სპეციალურად გამოფენისათვის საპრეზენტაციოდ ჩაწერილ ინტერვიუში ამბობს თავის დედაზე: ”ის უთუოდ ტალანტური ქალი იყო, რომელიც მთელი მსოფლიოსათვის ”სტილის ნიმუშად” იქცა, მაგრამ ეს მხოლოდ მისი ცხოვრების გარეგანი მხარე იყო. მათ, ვისაც საშუალება ჰქონდა სცნობოდა დედაჩემი - ოჯახის წევრებს, ნათესავ-მეგობრებს - ახსოვთ ის, როგორც უაღრესად ხალასი, გულწრფელი, ძალიან მოსიყვარულე ადამიანი; ეს იყო ქალი, ვისთვისაც ოჯახი ყველაფერზე მაღლა იდგა. იმედი მაქვს, რომ ეს გამოფენა ადამიანებს გააცნობს ნამდვილ გრეის კელის. |