კემბრიჯის ჰერცოგ უილიამსა და მის მეუღლე ქეთრინს სურთ თავისი მომავალი შვილი ახლებურად აღზარდონ. ამიერიდან, XXI საუკუნეში, სამეფო კარზე ბავშვის აღზრდა მთლიანად ძიძების ხელში აღარ იქნება - მას უპატრონებენ თვით მშობლები და ბებია-ბაბუები. უილიამს და ქეითს გადაწყვეტილი აქვთ ნაკლები დრო დაუთმონ ცერემონიალურ მოვალეობებს და უფრო მეტი დრო დაუთმონ ბავშვს. რადგან ამ წყვილს დიდი პოპულარობა აქვს დამსახურებული ბრიტანულ საზოგადოებაში, იმაზე, თუ როგორ აღზრდიან ისინი პატარას, დიდად არის დამოკიდებული რიგითი ბრიტანელების მიმართება შვილების აღზრდის პრობლემებთან და თვით სამეფო დინასტიასთან. ჯერ კიდევ იანვარში უილიამმა და ქეითმა გამოაქვეყნეს განცხადება,სადაც ისინი ეძებდნენ ფართო პროფილის შინამოსამსახურეს და არა ძიძას. პრესამ ეს ახსნა იმდაგვარად, რომ მშობლებს თავად სურთ ბავშვის აღზრდით იყვნენ დაკავებულნი. ხსენებული თანამდებობა მაისში დაიკავა დედოფლის მოახლემ - ანტონელა ფრესოლონმა და მისი საქმიანობა მოიცავს სულ სხვადასხვა ვალდებულებებს - რეცხვიდან მოკიდებული ძაღლის სასეირნოდ გაყვანამდე. პრინცი ჩარლზისა და თვით პრინც უილიამის პატარაობისას ეს ვალდებულებები ნაწილდებოდა ბევრ მოახლეს შორის. ხოლო უაღრესად მნიშვნელოვანი „ბავშვთა ოთახის უმაღლესი მცველის“ თანამდებობის გადაქცევა ბანალურ ნახევარ განაკვეთზე მუშაობად ამტკიცებს, თუ როგორ ეპყრობიან ცხოვრებასა და ტრადიციებს ჰერცოგი და ჰერცოგინია, როგორც XXI საუკუნის ადამიანები. სამეფო კარზე მომუშავე ძიძების მანდატი და ვალდებულებები, რა თქმა უნდა, იცვლებოდა ადრეც, გასულ საუკუნეებში, თანაც მნიშვნელოვნად. ჩარლზ I-მა შეცვალა თავისი უფროსი ვაჟის გუვერნანტი ქალი - გრაფინია როქსბურგი, რადგან იგი იყო კათოლიკე და მომავალი მეფის ასეთი ძიძით უკმაყოფილონი იყვნენ პროტესტანტები. ვიქტორიას დროს სამეფო ოჯახის შვილების აღზრდა მთლიანად მინდობილი ჰქონდათ ძიძებსა და გუვერნანტ ქალებს, რომლებიც მხოლოდ ამ საქმით უნდა ყოფილიყვნენ დაკავებულნი. მას შემდეგ, რაც უელსის პრინცი და პრინცესა 1992 წელს გასცილდნენ ერთმანეთს, ჩარლზმა შვილებისთვის დაიქირავა „უჩვეულო“ ძიძა - ტიგი ლეგე-ბურკი. იმის ნაცვლად, რომ ის ქცეულიყო „ბავშვთა ოთახის უმაღლეს მცველად“, ახალგაზრდა ლეგე-ბურკი ბიჭებისთვის იყო უფრო როგორც უფროსი და ან მეგობარი. ძიძისა და მოახლის ერთ ადამიანში შეთავსება, რაც უილიამმა და ქეითმა მოიფიქრეს, აგრძელებს სამეფო ოჯახის ბავშვთა ოთახის რეფორმებს. ვარაოდობენ, რომ მომავალი მემკვიდრის ბებია-ბაბუებიც არანაკლებ იქნებიან დაკავებულნი ბავშვით, ვიდრე დედა და მამა. განსხვავებით ზედმეტად ცერემონიალური და ნაკლებად ემოციური დედოფლისა და პრინც ფილიპისაგან, ჩარლზი და დაიანა იხუტებდნენ და ეფერებოდნენ თავიანთ შვილებს საჯაროდ, ბავშვობიდანვე დაჰყავდათ ისინი საზღვარგარეთულ ვოიაჟებში. დაიაინა უკმაყოფილო იყო იმით, რომ უილიამის პირველი ძიძა, ბარბარა ბარნსი ცდილობდა მთლიანად შეეცვალა ბავშვისთვის დედა, ასე იქცეოდნენ ძველ დროში ძიძები. ქეითი მშობიარობის შემდეგ გარკვეულ დროს გაატარებს მშობლებთან - მაიკლ და კეროლ მიდლტონებთან. პრინცი ჩარლზი იყო სამეფო ოჯახის პირველი წევრი, დედოფალ ვიქტორიას მეუღლის - პრინც ალბერტის შემდეგ, ვინც ესწრებოდა საკუთარი ბავშვის დაბადებას. ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ უილიამიც გაიმეორებს ამ საქციელს. XVIII და XIX საუკუნეებში ცხარე კამათი იმართებოდა იმ საკითხის ირგვლივ, შეეფერება თუ არა დედოფალს ძუძუს წოვება. თავის დროზე, როდესაც ვიქტორიამ გაიგო, რომ მისი ქალიშვილები ძუძუს აწოვებენ ბავშვებს, დედოფალმა მათ „საპატივცემულოდ“ სამეფო ფერმაში ძროხას ერთ-ერთი მათგანის სახელი - „პრინცესა ელისი“ უწოდა. მაგრამ დრო იცვალა და პრინცესა დაიანას თავისი ვაჟების ძუძუთი კვების გადაწყვეტილებას ხალხი აღფრთოვანებით შეხვდა. ზუსტად ასევე მიიღებენ ბრიტანელები ქეითის გადაწყვეტილებასაც. |