ქართული დიპლომატია იმპერიულ ხანაში (XII – XIII საუკუნეთა მიჯნა) ბ) ორსაუკუნოვანი პრობლემის - ,,ტაოს მემკვიდრეობის“ გადაჭრა. ბასიანის ომი ლოვარდ ტუხაშვილი ,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“ წიგნი I ბაგრატ III-დან გიორგი V ბრწყინვალემდე წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად. მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს. თამარისეული სათნოება, - ახლებური მართვის პოლიტიკური მექანიზმი - ძირითადად ჩამოყალიბდა 1185-1190 წლებში. იგი გაფორმდა რთული შიდა ,,ბუნტარიზმის“, თითქმის სამოქალაქო ომის პირობებში. ამ პერიოდში შფოთიანად დუღდა ქართველი საზოგადოების ყველა ფენა; თამარის ხელმეორედ კურთხევა, კათალიკოს მიქაელ მირიანისძის პრობლემა, ყუთლუ-არსლანის გამოსვლა, დარბაზის უფლებათა გაფართოება, თამარის პირველი მეუღლის იური გიორგი ანდრიას ძე რიურიკოვიჩის ,,საქმე“. ,,იმიერის“ აჯანყება ,,ამიერის“ წინააღმდეგ, ,,აფხაზთა სამეფოს“ პრივილეგიათა დამხობა და ,,ყოველი საქართველოს“ ცალკეულ პროვინციათა უფლებრივი ნიველირება, თამარის მეორე ქორწინება დავით-სოსლან ბაგრატიონზე... აი ძირითადი ნუსხა იმ საკითხებისა, რომელთა გადაწყვეტის ხარისხმა მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სახე და მმართველი წრეების პოზიცია. თამარისეული სათნოება, თუმცა მორალურ-ზნეობრივ საბურველში გახვეული, მაინც პოლიტიკური დოქტრინა იყო. იგი ემყარებოდა კომპრომისზე დამყარებულ სამოქალაქო თანხმობას. ამ გარემოებამ, მეფე-ქალის პირადულ თვისებებთან შერწყმით, შექმნა სოციალური და პოლიტიკური ჰარმონიის შთაბეჭდილება. 1190 წლიდან დაიწყო ჩვიდმეტწლიანი შეუჩერებელი საგარეო ომების ციკლი. ეს პროცესი ქართული ინიციატივით მიმდინარეობდა. ,,ქართლის ცხოვრება“ განსხვავებულად წარმოგვიდგენს მოვლენებს. აქ გატარებულია აზრი, თითქოს მეფე თამარი აწარმოებდა მხოლოდ თავდაცვით ომებს. ფაქტობრივი მდგომარეობა განსხვავებული იყო. ამ პერიოდში ქართული მხარის სწრაფვა საგარეო ომებისაკენ სრულიად კანონზომიერი მოვლენა გახდა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არასოდეს ქცეულა ომი ,,ეროვნულ ინდუსტრიად“, მაგრამ ხუთწლიანმა შიდა შფოთიანობამ უნებლიეთ მოითხოვა დამუხტული მილიტარული წრეების გარე დასაქმება. ომისკენ მიისწრაფოდნენ: მონასპა, როქის სპა, ლაშქარი, ჩრდილო კავკასიელი მთიელები (მათი დაკავება შეიძლებოდა მხოლოდ ომიანობით), ვაჭარ-ხელოსანთა გაერთიანებანი, ეკლესია. ბატონყმობის გამარჯვებამ გააქრო თავისუფალ მეთემეთა ფენა. პირველ ეტაპზე, სანამ დაყმევების პროცესი დამთავრდებოდა, გაჩნდა ,,ზედმეტი ადამიანის“ ფენომენი, მათ მხოლოდ ომი რჩებოდათ ერთადერთ ხელობად. კომერციაში ჩაუბმელი მსახურეული აზნაურობა ასევე ხალისით მისდევდა სამხედრო პროფესიას და... ქართველებმა იწყეს მეზობელი მხარეების ინტენსიური რბევა. ეს იყო პოლიტიკური შეცდომა, სწორედ ასე შეაფასა ეს აკად. ივ. ჯავახიშვილმა. ახალი პოლიტიკური სიტუაციის შესაბამისად ვითარდებოდა ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებებიც. თამარისეული სათნოების ხაზი საგარეო ურთიერთობებში ყველგან თანაბრად არ გატარებულა. ჯერ მოწესრიგდა ჩრდილოეთ კავკასიური პოლიტიკური ერთეულების სტატუსი. საქართველომ სახლები: ქაშაგთა, ოვსთა, ნახჩთა, ღუნძთა აქცია მოკავშირეებად და სამხრეთული პოლიტიკის თანამონაწილეებად. ეს იყო პრინციპი: ,,ზურგით მეგობარი კავკასიისაკენ. დარტყმებით სამხრეთზე, ჩრდილო კავკასიელებთან ერთად“. სამხრეთული პოლიტიკა სამ ქვემიმართულებას მოიცავდა: ა) გრძელდებოდა სომხეთის შემოერთების პროცესი, ხდებოდა არა სომხეთის დაპყრობა, არამედ სომხური მიწების გამოხსნა თურქთაგან მხარგრძელთა მეშვეობით. ამ გზაზე XIII საუკუნის დამდეგისათვის საქართველო შეეჯახა ხლათის სასულთნოს, ანუ შაჰ-არმენების სამფლობელოს, დაიწყო მხარგრძელთა გააფთრებული შეტევები ხლათზე. შაჰ-არმენების ქვეყანა ხელს უშლიდა საქართველოს კილიკიიის სომხეთისაკენ ვაჭრობაში, ქართულ წყაროებში თითქმის არაფერი შემოგვრჩა კილიკიის სომხეთთან ურთიერთობის შესახებ. გვაქვს ირიბი მონაცემები, რომ ,,ფრანკული“, ე.ი. დასავლური ორიენტაციის პარალელურად, კილიკიაში ღრმად შეინიშნებოდნენ პროქართული დაჯგუფებანი. კილიკია განიხილებოდა პალესტინაში ქართველთა განზრახული ლაშქრობის ერთ-ერთ მარშრუტად. მოგვიანებით, ერთიანი საქართველოს დაცემის შემდეგ, კილიკიაში არ ჩამქრალა ეს განწყობილება. ეს კარგად ჩანს ,,დიდი რესტავრაციის“ (გიორგი ბრწყინვალეს ეპოქა) და გაცილებით მოგვიანებით ერეკლე II-ის ხანაშიც. თამარის ეპოქაში გამძაფრდა სომხური ეკლესიის ბრძოლა ქალკედონიზმის ანუ ქართულ-ბერძნული აღმსარებლობის წინააღმდეგ. სომეხი კლერიკალები კავკასიიდან კილიკიაში გარბოდნენ. დაცარიელდა ეჩმიაძინი (ვაღარშაპატი), გაივსო ახტამარა და სისა. ეს მანიშნებელია სწორედ იმისა, რომ შეუჩერებელი გახდა ,,ქართველიზაცია“ და ,,ელინიზაცია“. სომეხი კლერიკალების გაავება გამოიწვია სომეხი არისტოკრატიის პროქართულმა ორიენტაციამ. 1205-1207 წლებისათვის კავკასიაში ქართულმა ქალკედონიზმმა წელში გატეხა გრიგორიანიზმი. მხარგრძელთა სომხეთი უკვე საქართველო იყო. ჯერი კილიკიაზე იდგა, მაგრამ კილიკიამდე ქართველებს უნდა გადაელახათ შაჰ-არმენთა სომხეთი, ე.ი. ხლათი. ეს კი აღიზიანებდა იკონიის უძლიერეს სახელმწიფოს. შეჯახება იკონიასთან გარდაუვალი ხდებოდა. ბ) მეორე ქვემიმართულება (სამხრეთ-აღმოსავლეთი) იყო შირვან-აზერბაიჯანი. ამ მხარეებში ერთმანეთს დაუპირისპირდა აღმოსავლეთ თურქთა უზარმაზარი გაერთიანება, რომელიც მოიცავდა ირან-ავღანეთს და ერაყს. ბაგრატიონთა სამეფო კარი არაჩვეულებრივად ფრთხილად ეკიდებოდა განჯის პრობლემას. განჯა იყო აღმოსავლეთის ისლამური ქვეყნების თავისებური გასაღები, ის ისლამის სიმბოლოც იყო (ნამდვილი განძი, სწორედ განძს ნიშნავს განჯა). თავისი სავაჭრო-ეკონომიკური და სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობით განჯა განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობდა. ქართული დიპლომატია ცდილობდა განჯა შეენარჩუნებინა, როგორც ერთგული ვასალი, მისი უშუალო შემოერთება ხელს არ აძლევდა; ჯერ ერთი, განჯა დაკარგავდა ისლამურ ქვეყნებთან სავაჭრო შუამავლის ფუნქციას და მეორეც, მისი ხელყოფა გამოიწვევდა ერთობლივ საპასუხო გამოლაშქრებას. საქართველო კმაყოფილდებოდა განჯის, როგორც ერთგული ვასალის სტატუსით. ეს ქალაქი დიდხანს რჩებოდა ქართველთა ეთნიკურ-კულტურული ექსპანსიის არეალს მიღმა. 1193 წ. ეს სტატუსი დაირღვა, განჯის გამო ატყდა დიდი პოლიტიკური კონფლიქტი, რომელიც დამთავრდა ცნობილი ომით, სადაც საქართველომ სასტიკად გაანადგურა აღმოსავლეთის თურქთა დიდი სულთნის აბუბაქარის არმია. შამქორის ომი კარგად არის შესწავლილი (ივ. ჯავახიშვილი, ნ. ბერძენიშვილი, შ. მესხია, რ. მეტრეველი, მ. ლორთქიფანიძე, ივ. შაიშმელაშვილი, ჯ. სტეფნაძე და ა.შ.), მასზე ვრცლად არ შევჩერდებით, მხოლოდ რამდენიმე შენიშვნით დავკმაყოფილდებით: 1). აბუბაქარის სამხედრო კამპანია დაჩქარებული იყო 1185-1190 წლებში საქართველოს შიდაარეულობით. საქართველოში შინააშლილობის ხმამ აგრესიულად განაწყო მაჰმადიანი მეზობლები, მაგრამ აღმოსავლეთის თურქთა საომარი განწყობილება შეამზადეს თვითონ ქართველებმა, ჯერ ერთი, შფოთიანობის მიუხედავად, მათ არ შეუწყვეტიათ ინტენსიური თარეში მაჰმადიან მეზობლებზე. მეორეც, დამშვიდებული ქართული სამეფო ეძებდა გარეექსპანსიის საბაბს. 2. შამქორის ომი დიპლომატიური თვალსაზრისით ბრწყინვალედ იყო შემზადებული: თანამონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასია და ყივჩაღეთი, დიდი მუშაობა იქნა ჩატარებული აღმოსავლეთის ქრისტიანებში, გათიშული აღმოჩნდა ისლამური ქვეყნები, შირვანი გამოვიდა საქართველოს აქტიურ მოკავშირედ, ქართველთა მოკავშირე იყო განჯის მოსახლეობის ნაწილიც, რომელიც სელჩუკიანთა სულტნის ჩამომავალს ამირ-მირმანს უჭერდა მხარს. ამირ-მირმანს გვერდში ედგა შირვან-შაჰი აღსართანიც. შამქორის ომის დროს საქართველო ფაქტობრივად გამოვიდა ,,დაჩაგრული“ მეზობელი ქვეყნის შემწედ, ამიტომაც ამ ბრძოლას სხვა მაჰმადიანი ქვეყნების, პირველ რიგში, ხლათის ან იკონიის რეაქცია არ მოჰყოლია. შამქორის ომის ბრწყინვალე მოგებით საქართველოს ბევრი არაფერი შეუძენია. მან აღადგინა ტახტზე ორი ერთგული ვასალი: შირვანში აღსართანი, განჯაში ამირ-მირმანი, მაგრამ აშკარად ჩანს, თბილისში ცოტა განსხვავებული თვალსაზრისი სუფევდა. ,,ქართლის ცხოვრების“ მემატიანე სასტიკად აკრიტიკებს ზაქარია და ივანე მხარგრძელებს. ,,აქა ვერ კეთილად განაგეს ზაქარია და ივანე, და ესოდენ იქმნა დაკლება ამას გამარჯვებისა შინა. იყო ვინმე კაცი სპარსი, შარვანშეთ სიძე, სახელი მირმირან, ესე შემოხვეწით იყო წინაშე თამარს“, ამან მირმირან გამოითხოვა განძა ცნობამდე თამარისა და შესანახავად“. რა ვერ განაგეს კარგად ზაქარია და ივანე მხარგრძელებმა? სხვა წყაროებში ასე არ არის! გაუგებარია ისიც, რატომ უნდა განეგოთ მათ დიდი პოლიტიკური საკითხები და თანაც 1193 წელს (,,ქართლის ცხოვრება“, ტ. II, გვ. 129). ამ დროს ძმები მხარგრძელების პოლიტიკური კარიერა ჯერ კიდევ არ იყო ესოდენ მაღალი. სამაგიეროდ აშკარაა სხვა რამ: სამხედრო კამპანიის დროს მთავარსარდლობას ჰქონდა განსაკუთრებული უფლებები, არა მარტოოდენ ბრძოლის მსვლელობისას, არამედ ომის შედეგების გადაწყვეტის დროსაც; და კიდევ ერთი; დავით-სოსლანს არ ჰქონდა უფლება შეეცვალა სარდლობის გადაწყვეტილება. მეფის ქმარი შამქორის ომში ცალკე კორპუსს მეთაურობდა, მას მეფესაც უწოდებდნენ, სწორედ ის დასვეს განჯაში აბუბაქარის ტახტზე ქართველებმა საზეიმო ნადიმის დროს. მაგრამ განჯა-შირვანის პრობლემა მაინც მხარგრძელებმა გადაწყვიტეს. რა შეცდომა დაუშვეს მხარგრძელებმა? მათ ამირ-მირმანს გადასცეს განძა, თანაც ისე, რომ გაცილებით მეტი უფლება დაუტოვეს, განჯიდან ქართული ციხიონი გამოიყვანეს. ამით ისარგებლა აბუბაქარმაც და სულ მალე ამირ-მირმანი მოაკვლევინა, ხოლო განჯაში თავისი ერთგული კაცი ჩააყენა. ქართველებმა განჯა ხელმეორედ დაიმორჩილეს, მაგრამ ეს ქალაქი მაინც დარჩა ანტიქართული ისლამური მოძრაობის ციტადელად. განსხვავებული ვითარება იყო შირვანის მიმართულებით. ქართველთა ეთნიკურმა საზღვარმა მიაღწია თანამედროვე ბაქოს ქედამდე. ქართულმა მოსახლეობამ მოიცვა მთელი ისტორიული მოვაკენი და შირვანის დიდი ნაწილი. საქართველოს ეთნიკური საზღვრიდან შესანიშნავად მოჩანდა კასპიის ზღვა. აქ წარმოიქმნა ორი მონაპირე ,,ქვეყანა“ - მხარე: დასავლეთი შირვანი ანუ ,,საპრიშიანო“ და ყაბალა. გ) გააფთრებულ ბრძოლებში მიმდინარეობდა ქართველთა წინსვლა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. აქაც გამოირჩევა ორი სვლა-გეზი: ყარსი და ზღვისპირეთი. ყარსი, ანუ უფრო სწორად, კარი, დასავლეთ თურქთა ყველაზე უკეთ გამაგრებული ციტადელი იყო. ამ ქალაქს ისეთსავე ყურადღებას აქცევდნენ მაჰმადიანები, როგორც განჯას აღმოსავლეთით. კარი იყო მცირე აზიის, ანუ ანატოლიის კარიბჭე. 23 წელი ებრძოდნენ კარის ასაღებად ქართველები. არცერთი ციხე-სიმაგრის ან მთელი პროვინციის აღება არ გაძნელებულა ასე. ამ მოვლენას თავის საფუძველი ჰქონდა (ქალაქის მთლიანი ადგილმდებარეობა, მოსახლეობის სამხედრო ორგანიზაცია, მაჰმადიანთა საერთო ყურადღება), კარს დამცველთა ულევი რეზერვები ჰყავდა. საჭირო შემთხვევაში დამცველთა რიგებში დგებოდნენ; არზრუმელები, ერზინკელები, ხლათელები, იკონიელები. მართალია, კარი გააფთრებით ებრძოდა საქართველოს, მაგრამ კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიასთან. არსებობდა სხვა სახის სირთულეც, ყველა მიმართულებით საქართველოს შეტევა იწყებოდა ადგილობრივი დიდებულების ძალებით. ,,ყოველი საქართველოს“ საერთო ლაშქარი ომში ერეოდა მხოლოდ აუცილებელ ეტაპზე. მაგ. შირვანში იჭრებოდნენ ჰერ-კახნი, სომხეთში - სომხითარნი და მესხნი, მოგვიანებით ბიზანტიას დაარტყეს ლიხსიქითელებმა. კარზე დარტყმებს ახორციელებდნენ ჯერ მესხნი, მერე კი საქმე ხელში აიღო უშუალოდ სამეფო კარმა, უმთავრესად საუფლისწულო დაქვემდებარების რაზმებით, რადგან მთელი სამეფო ლაშქარი დაკავებული იყო სხვა დავალებით. კარი იმთავითვე გამიზნული იყო საუფლისწულო მამულად, ამიტომაც მისი შემომტკიცება დაევალა მეფის ქმარს დავით-სოსლან ბაგრატიონს. ეს უკანასკნელი არ გამოირჩეოდა მოქნილი დიპლომატიით. როგორც ჩანს, იყო ჭეშმარიტი ,,სალდაფონი“. კარელები ყველაზე გვიან დანებდნენ ქართველებს. ისინი არ ენდობოდნენ დავით სოსლანს: ,,რამეთუ ეშინოდათ სიტყვათა მათთათვის გინებისათა, რომელთა ციხით გამო იტყოდნენ პირველ“... (,,ქართლის ცხოვრება“, გვ. 143). დავით სოსლანი უტევდა ზემოთა ლაშქრით (ჯავახეთის საუფლისწულო ჯარით). თამარი უცდიდა ჯავახეთში. მეფე-ქმარი ჩქარობდა. უტევდა და ფიცხობდა. აშკარად ჩანს, კარელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს დავით-სოსლანს და სამაგიეროს მიზღვის ეშინოდათ. ქალაქი დანებდა მხოლოდ მეფეთა-მეფე თამარს, მაგრამ ეს მოხდა საქართველო-იკონია-ბიზანტიის ურთიერთობის გარკვევის შედეგად, კერძოდ, ცნობილი ბასიანის ომის დამთავრებისთანავე. ბასიანის ომი საკმაოდ კარგადაა შესწავლილი ქართულ ისტორიოგრაფიაში (ივ. ჯავახიშვილი, ნ. ბერძენიშვილი, ს. კაკაბაძე, რ. მეტრეველი, მ. ლორთქიფანიძე, ბ. სილაგაძე, ი. ცინცაძე და ა.შ.). ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავისი ეპოქისათვის ეს მსოფლიო რანგის, გრანდიოზული ბატალიაც, ინსპირირებული იყო ქართული დიპლომატიის მიერ. შედარებით მოაწესრიგა რა პოლიტიკური ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანში, ანუ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, საქართველომ გადაწყვიტა ერთბაშად მოეგვარებინა რამდენიმე აუცილებელი პრობლემა სამხრეთ დასავლეთის მიმართულებით: აეღო კარი და ვანანდის ქვეყანა, დაეკავებინა არზრუმი და ერზინკი, შავიზღვისპირეთის პონტოს სანაპიროები, ე.ი. დაახლოებით ის არეალი, რომელიც თავის დროზე ბიზანტიისგან მიიღო დავით კურაპალატმა და რომელიც დაკარგეს ბაგრატ III-მ და გიორგი I-მა ,,ტაოს მემკვიდრეობისათვის“ ბრძოლების დროს. ეს იყო ირრედენტიზმის ხელმეორე აღორძინება. საქართველო გამოდიოდა ისტორიული ქართული, ქართველურ-ლაზური და სომხური მიწების ბაგრატიონთა სკიპტრის ქვეშ შემოკრების ლოზუნგით. მომენტი შერჩეული იყო ძალზე მარჯვედ; აღმოსავლეთის თურქთა სასულთნო ჯერ ქართველებმა გაანადგურეს, მოგვიანებით კი ხვარაზმელებმა (ამ ეტაპზე ხვარაზმელები ქართველთა მოკავშირეებად გამოდიოდნენ, ხორეზმში ახლად გაყაენებულ გასულტნებული მუჰამედი იპყრობდა ირანს, ამიტომაც სავარაუდოა ირანში გამაგრებული თურქ სელჩუკების მტრებს - ქართველებს მოკავშირეებად რაცხდა. ბიზანტია სულს ღაფავდა, ერთნაირად ეშინოდა იკონიის, ანუ რუმის სულთნისაც და საქართველოს მეფისაც. თვით იკონიაშიც ყველაფერი რიგზე ვერ იყო. შამქორის ომის მსგავსად საქართველო ბასიანის ომისთის შესანიშნავად მოემზადა. მას ჰყავდა მძლავრი მოკავშირეები დავით კურაპალატისეულ ქვეყნებში, ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ამ დროს თურქთაგან დაპყრობილ ტერიტორიებზე არსებობდა ქართული საეპისკოპოსო კათედრა, ქ. ვალაშკერტში. ქართველთა მხარეზე იყო ადგილობრივი ქართული, ბერძნული და სომხური მოსახლეობა. ამ მხარეებში ,,თურქიზაცია“ ჯერ დასრულებული არ იყო. ფაქტობრივად ბასიანის ომი იყო განმათავისუფლებელი მოძრაობის დამაგვირგვინებელი აკორდი. ქართველები რომ დიდხანს და გულმოდგინედ ემზადებოდნენ ომისთვის, ეს ჩანს თვით ომის მსვლელობიდანაც, როდესაც საქართველოში მოვიდა რუქნადინის ელჩი და შეურაცხმყოფელი ტონით სამეფო დარბაზობის დროს... რადგან აქ წარნოდგენილია ელჩების აუდიენციის მთელი პროცესი, შედარებით ვრცლად შევეხებით ამ საკითხს. აშკარად არ ჩანს, რომ ელჩების მიღება სამეფო კარზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო თუ არა საჯარო. უძველეს დროიდანვე ელჩობას აქვს, როგორც საჯარო, ასევე კონფიდენციალური ანუ საიდუმლო მხარეები. საჯაროდ ფორმდება ოფიციალური ნაწილი, კონფიდენციალურად ხდება რაიმე შეთანხმება. რუქნადინის ელჩობა ჩვეულებრივ რანგში არ უნდა განვიხილოთ, ის მოსალაპარაკებლად არ ჩამოსულა. მისი გამოგზავნის დროს რუქნადინი თავისი მრავალრიცხოვანი არმიით უკვე იდგა ბასიანში. მაშასადამე, ელჩმა ჩამოიტანა ულტიმატუმი. შეიძლება დაისვას ორი კითხვა, რატომ გამოაგზავნა რუქნადინმა ესოდენ შეურაცხმყოფელი წერილით და ზეპირი დავალებით უზრდელი დესპანი? რატომ მიიღო ასევე საჯაროდ სამეფო დარბაზობაზე მეფეთა-მეფე თამარმა რუქნადინის თავხედი მოციქული? შეიძლება დავუშვათ, რომ ქართველმა დიპლომატებმა გარკვეული ეშმაკობა იხმარეს, მათ დაარწმუნეს იკონიის სულთანი, რომ კატეგორიული ულტიმატუმი ფსიქოლოგიურ ზეგავლენას მოახდენდა, ალბათ რუქნადინი სხვა რამესაც ფიქრობდა, იგი აწარმოებდა ,,ჰაზავატს“ - საღვთო ომს. ასეთი ომისთვის კი დამახასიათებელია ისლამური ფანატიზმის აშლა გაბედული დემარშის გზით. იქნებ რუქნადინის ელჩი არც იყო დიპლომატი, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, არამედ ასასინთა თავშეწირული რაინდის მსგავსი ფანატიკოსი. ვფიქრობთ, რონ რუქნადინი ელოდებოდა საქართველოს ქვეშევრდომი მუსლიმანების მასობრივ აჯანყებასაც, ყოველ შემთხვევაში, როგორც მხედართმთავარმა, მან დაუშვა დიდი შეცდომა, თვითონვე გამორიცხა მოულოდნელი შემოტევის ფაქტორი, როდესაც კარგა ხნით შეჩერდა ბასიანში. წარდგა მოციქული სამეფო დარბაზში და სთქვა: ,,უკეთუ მეფემან თქვენმან დაუტეოს სჯული, იპყრნას სულტანმან ცოლად; და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტანისა“ (,,ქართლის ცხოვრება“, გვ. 94). ეს იყო გაუგონარი შეურაცხყოფა, დაირღვა მეფესთან უცხო ქვეყნის ელჩის წარდგომის საერთაშორისო ეტიკეტი. მაშინ დაირღვა ქართული ეტიკეტიც; წარდგა ახლა ზაქარია ამირსპასალარიც. ,,უხეთქნა ხელითა პირსა, და ვითარცა მკუდარი დაეცა“ (იქვე). ელჩის თავხედობამ გააქარწყლა სამხედრო მინისტრის საპასუხო რეაქციაც. მაინც წამოაყენეს ელჩი, განბანეს, შემოსეს, დაასაჩუქრეს და უკან გაუშვეს სულტანთან. უკან გაუშვეს და... გააყოლეს ქართული ლაშქარიც საომრად. ყველაფერი ეს კარგად დადგმულ სცენარსა ჰგავს ქართველთა მხრიდან. ქართველი მემატიანის აზრით, სრული სამხედრო მობილიზაცია რამდენიმე დღეში მოხდა, ელვისებურად მოფრინდნენ ქართველები, ,,ვითარცა გროი შევარდენთა“. რამდენადაც უნდა სანდო იყოს თამარის ორივე ისტორიკოსი, ყოვლად გამორიცხულია ერთ კვირაში მთელი არმიის თავმოყრა. სიგნალიზაციის მაშინდელი სისტემა (კოშკებზე ცეცხლი ალით და კვამლით მანიპულიცია, მალემსრბოლთა ცხენების გამოცვლა) საშუალებას იძლეოდა ამ დროში ინფორმაცია გავრცელებულიყო, მაგრამ მთელი არმიის მობილიზაციას და ბასიანში ჩასვლას ორი-სამი კვირა მაინც დასჭირდებოდა. აშკარად ჩანს საქართველოს სამეფო კარის მობილიზაცია და ჯარების დაძვრა ბასიანისაკენ უკვე წინასწარ ჰქონდა ჩატარებული. სათნოების დოქტრინის ავტორმა მეფე თამარმა ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყნის შიგნით და გარეთ მისი ომი სამართლიანობის საზღვრებიდან არ გამოსულიყო. მან საჯაროდ მიიღო დესპანი, საჯარო გახადა მისი თავხედობა, ამას მის ქვეშევრდომ მუსულმანთა შორის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, რათა თვითონ მუსულმანთა წინაშეც დაჩაგრულის პოზიციებიდან გამოდიოდა. თამარი იყო სახელმწიფოს სიმბოლო, მაშასადამე, მისი შეურაცხყოფა იყო სახელმწიფოს ყველა ქვეშევრდომის შეურაცხყოფა. თამარმა ხაზი გაუსვა სამართლიანობას კიდევ ერთხელ იმით, რომ არ დასაჯა მოციქული, რადგან იგი ამბობდა არა საკუთარ, არამედ თავისი სულტნის უზრდელურ სიტყვებს, ასევე საჯარო დემონსტრაციით თამარმა ჯარი გააცილა, ჯერ თბილისიდან, მერე კი საბოლოდ ვარძიიდან. გაცილებაც დემონსტრაციულად საზეიმო იყო. აღმართეს სამეფო ჯვარი (სული ჭეშმარიტი), მთავარი სახელმწიფო შტანდარტი. სამეფო ჯვარი თვით თამარმა დაიჭირა ხელით; მოდიოდა ლაშქარი, უჩოქებდა, მერე ჰკოცნიდა ჯვარს, თამარს უამბორებდა ხელზე, სდებდა ფიცს. სტოვებდა ანდერძს, ამით თამარი ხაზს უსვამდა, რომ ომობდა მთელი სახელმწიფო და არა ერთი გუნდი მოსახლეობისა. ბასიანის ომი ქართველებმა ბრწყინვალედ მოიგეს, რა იყო მისი შედეგები? იკონიამ ანუ რუმმა დასთმო: კარის ქვეყანა მთლიანად, არზრუმის ქვეყანა შინაგანი ავტონომიით, ერზინკის ქვეყანა შინაგანი ავტონომიით, ბიზანტიის ანატოლიურ პროვინციებში საქართველოს თავისუფალი მოქმედების უფლება. ამიერიდან ქართველი პილიგრიმები და ვაჭრები თავისუფლად გადიოდნენ პალესტინაში და კილაკოში იკონიის გზებითაც. ამასთანავე ხლათზე ქართველთა ლაშქრობების დროს იკონია იცავდა სრულ ნეიტრალიტეტს. კიდევ ერთი გვიანდელი ცნობით იკონიაში ქართულ ქრისტიანობას მიეცა აშკარა აღმსარებლობის უფლება. გ) ,,მეფენი ტრაპიზონელნი“. ტრაპიზონის იმპერიის დაარსება - ქართული დიპლომატიის ტრიუმფი. ქართული დიპლომატიის ჭეშმარიტი ზეიმი იყო ე.წ. ,,ტრაპიზონის საქმე“ (გამოთქმა ,,ტრაპიზონის საქმე“ ეკუთვნის პროფ. ზ. ავალიშვილს - იხ. ზ. ავალიშვილი. ,,ჯვაროსანთა დროიდან“ ნარკვ. N 3, გვ. 52-96). ამ დროს გამოჩნდა არა მარტო საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზანსწრაფული მიმართულება, არამედ მისი შესაბამისობა საერთაშორისო სიტუაციასთან. ჯერ კიდევ მეფე დავით აღმაშენებელმა დაადასტურა, რომ დიდი პოლიტიკა მაშინ აღწევდა წარმატებას, თუ იგი მიმდინარეობდა გლობალურ მოვლენებთან სინქრონში. 1095 წელს კლერმონში პაპმა ურბან VIII-მ გააკეთა პირველი მოწოდება ჯვაროსნული ომებისაკენ. მომდევნო 1096 წელს აღმოსავლეთისაკენ დაიძრა პირველი ჯვაროსნული ლაშქარი და... დავით IV-მაც შეუწყვიტა თურქ-სელჩუკთა სულთანს ხარაჯა. ეს ტენდენცია ქართულ დიპოლომატიას გაჰყვა ბოლომდე. სამწუხაროდ, ქართული წყარო ,,ტრაპიზონის საქმის“ შესახებ მთლად ზუსტი არ არის. უფრო სწორად, წყაროში დაცულია არა მოვლენის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შინაარსი, არამედ ზნეობრივ-მორალური შეფასება. თამარის ორივე მემატიანე იყო მეფე-ქალის ნამდვილი პანეგირისტი. ისინი მხარს უჭერდნენ თამარისეული სათნოების დოქტრინას. ამიტომაც ყველა ძალისმიერ ქმედებას თამარის ხელიდან, წარმოადგენდნენ ღვთაებრივი სამართლიანობის აუცილებლობით. 1203-1204 წლებში ქართველები შეიჭრნენ ბიზანტიაში და ჩამოაჭრეს მას შავიზღვისპირეთის პროვინციები. ქართველმა მემატიანეებმა დამალეს ქართველი მეფის ნამდვილი განზრახვა და საქმე ისე წარმოადგინეს, თითქოს ქართული ექსპედიცია შეპირობებული იყო ქართველი ბერების მძარცველის იმპერატორ ალექსი ანგარის (ხარბის) დასჯის მიზნით.. ,,მოიწონეს ოდესმე ჩუეულებისაებრ ქველის-მოქმედებათათვის, ამისთა მონაზონნი შავისა მთისა, ანტიოქიით და კვიპროსა ჭალაკით, აგრეთვე მთაწმიდით და მრავალთა ადგილთათ. შეიწყნარნა თამარ ჩვეულებისაებრ ვითარ ანგელოზი, და მრავალ დღე არა გაუშვნა, მერმა მისცნა ყოველთა დიადი, და აღავსნა ყოვლითა სახმარითა. უკანასკნელ მათგან უფრო შორიელთა მისცა დიდძალი ოქრო, თვით მათთვს და ყოველთა მონასტერთა განსაყოფელად. წარვიდეს მონაზონნი იგი და მიიწივნეს რა კონსტანტინეპოლედ, ესმა მეფესა ბერძენთასა ალექსის, ანგარსა, რომელმან ძმასა თავსსა ისაკს თუალნი დასწუნა და მეფობა წარუღო. ესე ყოველითურთ ბოროტი კაცი იყო, და შეუტყუებელი მეფობისა, გარნა უმეტეს ანგარებისათვის საძაგელ იყო ყოველთა მიერ, იხილა სიდიდე იგი ოქროსა, რომელი მიეცა თამარს და წარუღო მათ მონაზონთა. ცნა რა ესე თამარ მეფემან, ნაცვლად სხუა უფროსი წარგზავნა მათ წმინდათა მიმართ და ამით უმეტეს არცხვნა ეშმაკი. ხოლო განრისხნა მეფესა ზედა ბერძენთასა, წარგზავნნა მცირედნი ვინმე ლიხთიქითნი, და წარუღეს, ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი, სამისონი, სინოპი, კერასუნდი, კოტიორა, ამასტრია, ერაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონისა და პონტოსანი და მისცა ნათესავსა თავვსა ალექსის კომნიანოსსა, ანდრონიკეს შვილსა, რომელი იყო მაშინ თვით წინაშე თამარ მეფისა შემოხუეწილი. ხოლო ესმა ესე ფრანგთა, რამეთუ მოეღო ბერძენთა შეწევნა აღმოსავლეთით, გამოვიდეს ვენეტიკნი და წარუღეს სამეუფო ქალაქი, მეფობისა თანა და შეიხუეწა უბადრუკი იგი ალექსი ბორღალეთს, თვსისა სიძისა თანა, იხილა რა ბორღალელთა მეფემან, სიძემან მისმან, შეიყვანა ციხესა ერთსა, და დაუფინა წინაშე მისსა ოქრო დიადი, და რქუა ესრეთ: ,,აჰა ალექსი, გულის-სათქმელი იგი შენი; ოქრო ესე მიიღე, თვნიერ სხვსა რომლისამე საზრდელისა, და წყლისა წილ, რამეთუ ამისთავს წარწყოდე სახლი სამეუფო ქრისტიანეთა, და დახსენ თვითმპყრობელობა ბერძენთა“. და ესრეთ მოკუდა საწყალობელი იგი სიყმილითა, დაკლებული შეწევნისაგან ღმერთისა. ესრეთ საზარელ იყო თამარ მტერთა ზედა“ (,,ქართლის ცხოვრება“, ტ. II, გვ. 142). ტრაპიზონის საკეისროს დაარსება ისტორიოგრაფიულად საკმაოდ კარგად შესწავლილი საკითხია (დ. ბაქრაძე, თ. ჟორდანია, ივ. ჯავახიშვილი, ალ. ხახანაშვილი, ალ. გამყრელიძე, გ. ვეშაპელი, აგრეთვე კუნიკი, ფილმერაიერი და რასაკვირველია ზ. ავალიშვილი). ისტორიოგრაფიული სისრულის მიუხედავად, ზ. ავალიშვილმა მაინც დასვა შემდეგი კითხვები: ტრაპიზონზე შეტევის დროს ქართველებს ,,ჰქონდათ კი გარკვეული პოლიტიკური განზრახვა? ანუ მოქმედებდნენ სტიქიურად, შეუგნებლად? მათი ჩანაფიქრის მიზანი რისთვის უნდა ვეძიოთ? (ზ. ავალიშვილი. დასახ. ნაშრომი, გვ. 52). პროფ. ზ. ავალიშვილმა ევროპული ისტორიოგრაფიის ფონზე შეისწავლა საკითხი და მაინც მის გამოკვლევას ბოლომდე გასდევს ევროპოცენტრისტული სკეპტიციზმი. აშკარად ჩანს, ბოლომდე არ იყო დარწმუნებული ქართველთა პოლიტიკური ქმედების გეგმაზომიერ ხასიათში. ,,ტრაპიზონის საქმეში“ სრულიად ბუნებრივად დაისმის რამდენიმე ლოგიკური კითხვა: 1. რა მიზეზებმა განაპირობა ქართველთა ლაშქრობა ბიზანტიის წინააღმდეგ? 2. ...რა ძალებით განხორციელდა შეტევა? 3. ქართველთა შეტევა წინ უსწრებდა, თან ემთხვეოდა თუ მოსდევდა ჯვაროსანთა IV ლაშქრობას? 4. რა იყო სამხედრო ექსპედიციის საბოლოო მიზანი - ბიზანტიის აღდგენა თუ ახალი სახელმწიფოს დაარსება? ა. ხახანაშვილი ფიქრობდა, რომ შავიზღვისპირეთის ,,ბერძნული პროვინციების“ გამოცალკევებით მეფე თამარმა შური იძია იმპერატორ ალექსი III ანგარზე ქართველი ბერების გაძარცვის გამო. თ. ჟორდანიას მიხედვით ქართველებმა გამოიყენეს ვენეტიკნი (ვენეციელები) და გაანადგურეს მეტოქე ბიზანტია. ზემოთმოყვანილ ქართულ ქრონიკაში გატარებული აზრით ქართველებმა დაასწრეს ვენეციელებს და პირველებმა დაარტყეს ბიზანტიელებს, რასაც ზ. ავალიშვილი საეჭვოდ მიიჩნევდა. იგი მიუთითებდა ერთ უზუსტობაზე, რომელიც ჯერ კიდევ მარი ბროსემ შენიშნა. ალექსი ანგარი (ხარბი) კეისარი (ე.ი. იმპერატორი) იყო 1195-1203 წლებში, ე.ი. მის მიერ ქართველი ბერების ოქროს მითვისება უნდა მომხდარიყო 1204 წლამდე, რაც არ ემთხვევა ჯვაროსანთა IV ლაშქრობას. ჯვაროსანთა IV ლაშქრობის ქადაგება დაიწყო საფრანგეთში. პირველ მქადაგებლად მოგვევლინენ საერო პირები. მოგვიანებით რომის პაპის მოწოდებით ქადაგებაში ჩაება კათოლიკური ეკლესია. მერე ჩამოყალიბდა რაინდთა რაზმებიც. ჯვაროსან რაინდთა პირველი ელჩები საგანგებო თხოვნით ჩავიდნენ ვენეციაში. მათი სურვილი იყო ვენეციის სენატი დახმარებოდა ჯვაროსნებს ფლოტით გადასულიყვნენ პალესტინაში. 1202 წლის თებერვალში წმინდა მარკოზის ტაძარში მოეწყო დიდი კრება. აქ შეიკრიბა ვენეციის სენატი, უმაღლესი სამღვდელოება; ვენეცის არისტოკრატია, განსაკუთრებით გემთფლობელნი და ჯვაროსნები. საერო კრებაზე გადაწყდა, რომ გარკვეული პირობებით ვენეციის რესპუბლიკა ჯვაროსნებს გადაიყვანდა პალესტინაში. ამავე დროს რესპუბლიკა აძლევდა გარანტიას ჯვაროსნებს, რომ საჭირო დრომდე გამოკვებავდა მათ ჯარს და დაეხმარებოდა შეიარაღებაში. 1202 წლის ზაფხულიდან ჯვაროსანთა მრავალრიცხოვანმა ლაშქარმა თავმოყრა დაიწყო ვენეციაში. ვენეციის რესპუბლიკა რამდენიმე თვე ამარაგებდა ჯვაროსნებს სურსათ-სანოვაგით იმ ანგარიშით, რომ ჯვაროსნები ვალს გაისტუმრებდნენ ვენეციისათვის სამხედრო სამსახურის გაღებით. პალესტინაზე გალაშქრების იდეა ფორმალური საბაბი იყო. ვენეციაში ფიქრობდნენ ჯვაროსანთა ძალა გამოეყენებინათ ბალკანეთსა და ბიზანტიაში. სწორედ ამ პერიოდში ბიზატიაში მძაფრი პოლიტიკური კრიზისი იდგა, რაც გართულებული იყო ტახტის გარშემო ატეხილი ცხარე ბრძოლებით. 1202 წელს ევროპაში გამოჩნდა კონსტანტინეპოლიდან გამოძევებული ბიზანტიელი უფლისწული ალექსი ძე ისააკ კეისრისა. ეს ისააკი ალექსი III ანგარმა ტახტიდან ჩამოაგდო და დააბრმავა. ისააკმა დახმარების მიღება ჯერ ევროპის მონარქებთან სცადა, მერე რომში პაპს ჩააკითხა. იგი აღუთქვამდა კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელს, რომ ბერძნულ ეკლესიას უნიის საფუძველზე დაუმორჩილებდა. რომის პაპი ყოყმანობდა. იგი მხარს უჭერდა ბერძნული ეკლესიის დაქვემდებარებას და მეტოქე ბიზანტიის მისი გავლენის ქვეშ მოქცევას. მაგრამ თანაც შიშობდა, პალესტინაში მაჰმადიანებთან გააფთრებული ბრძოლების დროს, ქრისტიანთა ერთობა არ დარღვეულიყო. ალექსი ისააკის ძემ პრაქტიკული მხარდაჭერის გარანტია მიიღო ვენეციის სენატისაგან. ეს იყო ვენეციის რესპუბლიკის აღმავლობის პერიოდი. მაშინ ვენეციელებს მძლავრი სავაჭრო ფაქტორები ჰქონდათ ყირიმში, აღმ. შავიზღვისპირეთის აუზში, ეკავათ კვიპროსი, მნიშვნელოვანი ტერიტორიები ბალკანეთში. მომენტიც ხელსაყრელი იდგა. ბიზანტიის იმპერია დაძაბუნდა შინაბრძოლების გამო. ჯვაროსანთა მძლავრი არმია ვენეციაზე იყო დავალებული. ასეთ დროს, როგორც ჯვაროსნებისათვის, ასევე ვენეციისათვის ალექსი უფლისწული ნამდვილი აღმოჩენა იყო. ალექსი უფლისწულმა ვენეციელებს სთხოვა ტახტის დაბრუნებაში დახმარებოდნენ. სამაგიეროდ სამი მთავარი პირობა დადო: ჯვაროსანთა ვალის გადახდა, კეისრობის მიღების შემდეგ ჯარით დახმარება და ბერძნულ-რომაულ ეკლესიათა გაერთიანებისათვის ხელის შეწყობა (ზ. ავალიშვილი). ვენეციაში მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება, ჯვაროსანთა ლაშქარმა პალესტინაში წასვლის ნაცვლად ჯერ ბალკანეთში ქ. ცარა აიღო, 1203 წ. ივნისში კი კონსტანტინოპოლის მიდამოებში გამოჩნდა (ზ. ავალიშვილი). ჯვაროსანთა IV ლაშქრობის საბოლოო მიზნის - პალესტინის ნაცვლად ჯერ დალმაციის (ქ. ცარა), მოგვიანებით კი კონსტანტინოპოლის არჩევამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მაშინდელ მსოფლიოში. ვრცელდებოდა რამდენიმე ვერსია: ვენეციის საიდუმლო კავშირი ეგვიპტის სულთანთან, გერმანულ-ბერძნული ინტრიგა (ამ ვერსიის თანახმად, ფილიპე შვაბელი, გერმანიის იმპერატორი 1198-1208 წლებში უფლისწულ ალექსის ეხმარებოდა, რადგანაც ალექსი იყო მისი ცოლისძმა). გამოთქმულია მოსაზრებაც, რომ მარშრუტი შეიცვალა შემთხვევით (ამ ვერსიების შესახებ იხ. ზ. ავალიშვილი, გვ. 82, შენიშვნა 5). ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც მოხდა, გეგმაზომიერად იყო შემზადებული ვენეციის დიპლომატიის მიერ. ვენეციელებმა გაანადგურეს აღმოსავლეთში ძირითადი მეტოქე ბიზანტია, თუმცა საბოლოო შედეგად დასავლეთ ევროპაც დაზარალდა. დალმაციაში ქ. ცარა ჯვაროსნებმა აიღეს 1202 წლის ნოემბერში. აქვე გაატარეს ზამთარი, მერე ვენეციის ფლოტი გაჩერდა კუნძულ კორფუზე. მათ მეთაურობდნენ ვენეციელი ენრიკო დანდოლო და იტალიელი მთავარი ბონიფას-დე-მონფერატი. 1203 წლის მაისში ჯვაროსნები კორფუდან დაიძრნენ და 24 ივნისს მიადგნენ ქ. კონსტანტინოპოლს. 1203 წლის 1 აგვისტოს აია-სოფიას ტაძარში ჯვაროსნებმა ტახტზე აიყვანეს უფლისწული ალექსი, ალექსი IV-ის სახელწოდებით. მალე კონსტანტინოპოლი აჯანყებამ მოიცვა. აჯანყებულებმა მოკლეს ალექსი IV 1204 წლის 1 თებერვალს. ტახტზე ავიდა ალექსი V დუკა. ჯვაროსნებმა ახლა უკვე უშუალოდ ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს შეუტიეს. 1204 წლის 12 აპრილს მეორე იერიშით ჯვაროსნებმა დაიპყრეს ქ. კონსტანტინოპოლი. შეიქმნა ე.წ. ლათინთა იმპერია, რომელმაც იარსება 1261 წლამდე. მისი პირველი მეფე იყო ბოდუენ ფლანდრიელი. ბიზანტია-ჯვაროსანთა ანტაგონიზმში ჩარეული აღმოჩნდა საქართველოც. საინტერესოა, რომელი მოვლენა უსწრებს წინ. ლათინთა იმპერიის დაარსება თუ ქართველთა შეჭრა ბიზანტიაში? ზ. ავალიშვილი ვარაუდობდა, რომ ალექსი ანგარის მიერ ქართველი ბერების გაძარცვა უნდა მომხდარიყო გაცილებით ადრე, კერძოდ, 1202 წელს, ,,ლათინთა გამოსვლის შედეგი კი არ იყო ქართველთა მიერ ლაზიის დაჭერა, არამედ პირიქით, ლაზიის დაჭერა იყო შედეგი ლათინთა გამოსვლისა“ (ზ. ავალიშვილი). ეს დასკვნა სათანადო არგუმენტაციით შემაგრებული არ არის. საქმე ისაა, რომ წყაროებში არის აბსოლუტური დუმილი ქართველ-ჯვაროსანთა და საქართველო-ვენეციის ურთიერთშეთანხმების შესახებ. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დავჯერდეთ ლოგიკურ ჰიპოთეზას. შესაძლებელია, საქმე გვქონდეს ორგზის აქციასთან. ე.ი. ქართველებს ორჯერ უნდა ელაშქრათ ბიზანტიის შავიზღვისპირეთის პროვინციებში. პირველად თამარმა მართლა დასაჯა ალექსი III ანგარი ,,წარუღო მას ლაზია“, მეორეგზის კი ჯვაროსანთა დარტყმების პარალელურად სცადა დაეკავებინა მთელი მცირე აზია და შეექმნა ახალი ტიპის ბიზანტია, მცირე აზიური მასშტაბით. საქართველო თავიდანვე ღრმად აღმოჩნდა ჩარეული კონსტანტინოპოლში ატეხილ საიმპერატორო კარის ინტრიგებში. აქ ერთმანეთს დაუპირისპირდა რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება. კონსტანტინოპოლის არისტოკრატიის უდიდესი ნაწილი იყო დასავლურ ორიენტაციაზე. არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო დასავლური პარტიაც ერთგვაროვანი არ იყო. საქმე ისა, რომ მაშინ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პაპი ინოვენტი III და გერმანიის იმპერატორი ფილიპე შვაბელი. ორივე დიდ გავლენას ახდენდა ბიზანტიის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ალექსი III ანგარის მიერ ტახტიდან ჩამოგდებული ისააკი და მისი ძე ალექსი მოკავშირეს ეძებდნენ ყველგან. ამიტომაც ხან პაპს მიმართავდნენ, ხან ფილიპე შვაბელს. ასეთი ძიება ხელს უწყობდა დესტაბილიზაციას ბიზანტიაში. დასავლური პარტიის გარდა კონსტანტინოპოლში მოქმედებდა ქართული პარტიაც. ქართულ ორიენტაციაზე იდგნენ მცირე აზიის შავიზღვისპირეთის პროვინციიდან გამოსული არისტოკრატები. მათ შორის პირველობდნენ კომნენები (წარმოშობით ლაზები). კომნენებს მფარველობდა მეფე თამარი. ცნობილი ტრაპიზონელი ისტორიკოსის მიქაელ პანარეტის ქრონიკაში ნათქვამია: ,,კირ-ალექსი დიდმა კომნენმა, 22 წლისამ, კონსტანტინოპოლიდამ გამოსულმა, თავისი მამის მხრივ ძალუას თამარის მეცადინეობით და დახმარებით, ივერიითგან გამოლაშქრებულმან დაიჭირა ტრაპიზონი, თვესა აპრილსა 1204 წელს“, მიქაელ პანარეტის ქრონიკა საკმაოდ ფართოდ არის შესწავლილი. მთავარ პრობლემას წარმოადგენს საკითხი, ვინ იგულისხმებოდა ,,ძალუა თამარში“. არსებობს ორი ვარაუდი. პირველის მიხედვით, ,,ძალუა თამარი“ უნდა ყოფილიყო რომელიმე კოლხელი (ე.ი. დასავლეთ საქართველოდან გამოსული) მთავრის მეუღლე, რომელმაც თავისი მეუღლის სამფლობელოს ლაშქარი მიაშველა საკუთარ ნათესავებს. ეს ვარაუდი ლოგიკურად დასაშვებია, უკვე აღნიშნული გვქონდა, რომ ქართული სენიორული სახლები, ქართველი მეფის დასტურით ახორციელებდნენ დამოუკიდებელ საგარეო ექსპანსიას. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება მხარგრძელთა, გრიგოლისძეთა, ახალციხელთა, თორელთა, ორბელთა მაგალითები. დასავლეთ საქართველოდან ასეთი მაგალითები არ გვაქვს შემონახული. მაგრამ ცნობების უქონლობა არ გვაძლევს უფლებას უარვყოთ მოვლენაც. თანაც ,,ძალუა თამარი“ მოიხსენიება ტიტულის გარეშე. მაინც გვგონია, რომ სწორია მეორე ვარაუდი. ,,ძალუა თამარში“ იგულისხმება საქართველოს მეფეთა-მეფე თამარი. ისტორიულ წყაროთა სრული დუმილი გვაძლევს მესამე ვარაუდის დაშვების შესაძლებლობასაც. არც ის არის გამორიცხული, რომ შავიზღვისპირეთში შეჭრის პირველი ცდა განხორციელდა კომნენთან დაახლოებული რომელიღაც დასავლეთ-ქართველი მთავრის შეიარაღებული რაზმებით. მეორეჯერ კი საქმეში ჩაერია ,,ყოველი საქართველოს“ სამხედრო ძალა. ამჯერად ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს ტრაპიზონის საკეისროს (იმპერიის) დაარსების ისტორიას. ჩვენთვის მთავარია ქართული დიპლომატიის ბიზანტიური მიმართულების გამოვლენა. თამარისეული სათნოების დოქტრინის მიუხედავად, XIII ს-ის დასაწყისში ისევ აღორძინდა ირრედენტიზმი - გენეტიკურად მონათესავე ქართველური ტომების შემოკრება ერთიანი სკიპტრის ქვეშ. საერთოდ, ,,დიდი თურქობის“ შემდეგ ბიზანტია გახდა საქართველოს ბუნებითი მოკავშირე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის თავიდანვე დამყარდა თანასწორობაზე აგებული მეგობრული ურთიერთობა. ნელ-ნელა იკვეთებოდა ორი ქვეყნის ინტერესთა სრული დამთხვევა, რომლის ქვაკუთხედს წარმოადგენდა თურქ-სელჩუკთა აგრესიის მოგერიება. ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ ბიზანტიის იმპერიამ შედარებით გამოცოცხლება დაიწყო. კონსტანტინოპოლში გაიღვიძა იმპერიულმა ამბიციებმა. მაგრამ ეს უკვე ანაქრონიზმი იყო. კავკასიის და ბალკანეთის ქრისტიანული სახელმწიფოები ნელ-ნელა თვითონ გადადიოდნენ შეტევაზე. შავიზღვისპირეთის ელინიზაციის მიუხედავად, აშკარად გამოიკვეთებოდა ადგილობრივი მოსახლეობის თავისთავადობა. საქმე ისაა, რომ ამ ვრცელ მხარეში წმინდა ბერძნული მოსახლეობა მხოლოდ ზღვისპირა ქალაქებში ცხოვრობდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ელინური ეთნოსის არეალს მიღმა რჩებოდა. დემოგრაფიული სპექტრის მთავარ ფერს მაინც ქართულ-ლაზური (ჭანური) ხალხები ქმნიდნენ. ამ მხარეში ყოველთვის არსებობდა სეპარატიზმი ბიზანტიის მიმართ. ეს პროცესი შეინიშნება ანტიკური ეპოქიდან. გავიხსენოთ პონტოს, კაბადოკიის, პაფლაგონიის და ფრიგიის უძველესი ისტორია. XII ს-ში შავიზღვისპირეთში ორჯერ მოხდა ტრაპიზონის შემოგარენის მხარეების ბიზანტიისაგან გამოყოფის ცდა. ერთხელ ცალკე სახელმწიფოს იდეა წამოაყენა გრიგოლ ტარონიტმა და მეორეჯერ თეოდორ გაბრამ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მხარეები ბიზანტიასთან დაკავშირებულნი იყვნენ მხოლოდ სიმბოლურად. მძიმე პოლიტიკური სიტუაციის დროს ბიზანტია თვითონ თმობდა მას. გავიხსენოთ დავით კურაპალატის პერიოდი, მოგვიანებით კი გრიგოლ ბაკურიანის ძის საჩუქარი საქართველოსადმი. თუ კარგად დავაკვირდებით, დავით კურაპალატის სამფლობელოები (შემდეგში ,,ტაოს მემკვიდრეობას“) გრიგოლ ბაკურიანის ძის ,,ნაჩუქარი მიწები“, გრიგოლ ტარონიტის და თეოდორ გაბრას სამმართველოები მეტნაკლებად ერთმანეთს ემთხვევა, მთელი ეს ვრცელი ,,ქვეყანა“ თუ ,,ქვეყანათა კრებული“ წარმოადგენდა მთლიან კონგლომერატს, რომელთაც ერთიან სახეს აძლევდა მხოლოდ ბერძნული მართლმადიდებლობა და საერთოდ ბიზანტიური კულტურა. საქართველოს დაწინაურებამ ბიზანტიის იმპერიის დაცემის პარალელურად, პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება გამოიწვია ამ მხარეში. თანდათან იზრდებოდა ქართული სახელმწიფოს გავლენა. ყველაზე მთავარი ენერგეტიკული ძალა, რომელიც კრავდა ამ ქვეყნების ერთობას, იყო საერთო ენა. ადგილობრივი მოსახლეობა ლაპარაკობდა ქართულად, ლაზურ-ჭანურად, ნაწილობრივ ბერძნულად, სომხურად და უკვე თურქულადაც. შემკრების როლში გამოდიოდა ბერძნული ენა. ქრისტიანობაც ბერძნული ენის მეშვეობით ვრცელდებოდა. მე-9 - მე-12 საუკუნეებში ქართულმა ენამ თანდათან დაიწყო ბერძნულის გამოდევნა. ქართულმა ბერძნული ჯერ ბიჭვინთის სამწყსოდან გამოდევნა, მერე მთელი ეგრისიდან. ქართული ეკლესია ქართული ენის მეშვეობიღ ტაოს სამხრეთით სომხურს ებრძოდა დიდი წარმატებით, ამის მაგალითია ვალაშკერტის კათედრა. ზღვისპირა რაიონებში უტევდა ბერძნულს, უფრო მოკრძალებით, მაგრამ დაჟინებით. ეს პროცესი აისახა კიდევაც ამ მხარის საერთო დასახლებაში. ამ მიწებს ჯერ ,,ხალდია“ ერქვა, მოგვიანებით ,,ლაზია“ და ,,ივერიაც“. ბიზანტია აშკარად ხედავდა, რომ იგი აქტიურ წინააღმდეგობას საქართველოს ვეღარ გაუწევდა, ამიტომაც ცდილობდა ადგილობრივი არისტოკრატიის გადაბირებას. კონსტანტინოპოლში ქართველი, ლაზი და სომეხი არისტოკრატები წამყვან როლს ასრულებდნენ. ამიტომაც საქართველოს სამეფო კარიც დიდ სიფრთხილეს იჩენდა. ქალდიას, ანუ ლაზიას და მთელ შავიზღვისპირეთს დასაპყრობად უყურებდა იკონიის სულთანიც. XII ს-ის დასასრულისთვის საქართველომ თითქმის გადაჭრა ჩრდილო და აღმოსავლეთ სომხეთის პრობლემა. დღის წესრიგში დადგა ქალდიის შემოერთების საკითხი. მეფეთა-მეფე თამარმა ისარგებლა კონსტანტინოპოლში ატეხილი შფოთით და დაახლოებით 1202 წელს ქართული ლაშქრით დაიკავა შავიზღვისპირეთის მცირეაზიული ნაწილის აღმოსავლური პროვინციები, ანუ ქალდეა-ლაზია. ამ მიზნისათვის საბაბად გამოიყენა ალექსი III ანგარის მიერ ქართველი ბერების გაძარცვის შემთხვევაც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული ლაშქრის მიერ ხალხის დაკავება იყო რუქნადინის საქართველოზე გამოლაშქრების ძირითადი მიზეზიც. ეს რომ ასეა, ჩანს რუქნადინის მიერ მეფე თამარის მისამართით გამოგზავნილი მუქარის წერილიდანაც, სადაც უხეში ტონით გადმოცემულია საყვედური ქართველთა მიერ მუსლიმანთა წინააღმდეგ მახვილის აღების გამო. რა თქმა უნდა, ამ უხეშ საყვედურში შეიძლება იგულისხმებოდეს ქართველთა შეტევებიც კარზე, ხლათზე, ნახჭევანზე და ა.შ. მაგრამ ასეთი გრანდიოზული ლაშრობის შემზადება მაინც კონკრეტულ მიზანთან უნდა იყოს დაკავშირებული. ეს კონკრეტული მიზანი კი უნდა ყოფილიყო ქართველთა აქტიურობა სწორედ შავიზღვისპირეთში. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ ბასიანის ომში ბიზანტიელებს აუცილებლად ვიხილავდით ქართველთა მოკავშირეებად, რადგან ბიზანტიას მთავარი საფრთხე მაინც იკონიისგან ელოდა. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია მტკიცება იმისა, რომ ბასიანის ომი მოხდა არა უგვიანეს 1202 წლისა. არ არის გამორიცხული პირველი შეჭრა ტრაპიზონის მხარეში ფაქტობრივად იყო ბასიანის ომის გაგრძელება. წყაროები კი დუმან, მაგრამ ცხადია, ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ქართველთა ლაშქრის გარკვეულმა ნაწილმა გზა გააგრძელა სამხრეთისაკენ, აიღო და მეციხოვნე რაზმები ჩააყენა არზრუმში, ერზინკში და სხვაგან. საოკუპაციო რეჟიმის გარეშე ამ ორი ისლამური ოლქის ერთგულება საქართველოსადმი საეჭვო იქნებოდა. ბასიანის ომის შემდეგ იკონია მცირე ხნით, დაახლოებით 1208 წლამდე გაეცალა ასპარეზს. პირისპირ დარჩნენ საქართველო და კრიზისში მყოფი ბიზანტია. ამასობაში დაიწყო ჯვაროსანთა მე-4 ლაშქრობის მარშრუტის შეცვლა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს, ვენეციასა და ჯვაროსნებს შორის იყო წინასწარი შეთანხმება. ჯვაროსნებმა აიღეს კონსტანტინოპოლი და ქართველებმა დაიკავეს მთელი შავიზღვისპირეთი. ბიზანტიის იმპერიის ნანგრევებზე ლათინთა იმპერიის პარალელურად ჩამოყალიბდა ნიკეას საკეისრო, ე.ი. ბიზანტიის იმპერიის რაღაც ნაწილი აღსდგა ახალ სახელმწიფოდ. მას სათავეში ჩაუდგა თეოდორ ლასკარი, რომელმაც რეზიდენციად ქ. ნიკეა გამოაცხადა. საქართველოს სურვილი, უშუალოდ დამეზობლებოდა ლათინთა იმპერიას, მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა. პარალელურად წარმოიშვა ორი ქრისტიანული ნახევრადქართული სახელმწიფო. ორივე საქართველოს ბუნებითი მოკავშირე უნდა გამხდარიყო, მაგრამ ლათინთა იმპერიის ინტერესები მიმართული იყო მხოლოდ პალესტინისაკენ. საქართველოს კი სჭირდებოდა მოკავშირე იკონიის წინააღმდეგაც. საერთო აღმავლობის მიუხედავად, საქართველოს არ ჰყავდა საკმარისი ეთნიკური რეზერვები, რომ ერთდროულად ჩაეყლაპა სომხეთიც, შირვან-აზერბაიჯანიც, გაჭრილიყო კილიკიის სომხეთისაკენ და ბიზანტიის ადგილიც დაეკავებინა. ამიტომაც ქართულმა დიპლომატიამ რთული თამაში წამოიწყო. მან შეიმუშავა პროგრამა - ,,მინიმუმი“ და პროგრამა - ,,მაქსიმუმი“. პირველი ითვალისწინებდა მცირე აზიის ბერძნული საკეისროს ჩამოყალიბებას, რომელსაც ექნებოდა საქართველოს ,,მოკავშირე და მეგობარი ქვეყნის“ სტატუსი, მეორე კი მიზნად ისახავდა საქართველოს კონტროლს ეთნიკურად მონათესავე ხალხების განსახლების არეალზე. ამიტომაც საქართველომ ბიზანტიის მიმართულებით გაგზავნა საგანგებო სამხედრო კორპუსი (ლიხთ-იქითურნი) და ტრაპიზონში მეფეებად გამოაცხადა ძმები ალექსი და დავით კომნენები. ორივე მეფე ფაქტობრივად გაქართველებულები იყვნენ. ,,ტრაპიზონთა მეფეებს თეორიულად და ნაწილობრივ მაინც ბერძენთა კეისართა ადგილი უნდა დაეჭირათ. ეს იქნებოდა საბერძნეთი, ან უკეთ რომ ვთქვათ, ბერძნეთი, შემცირებული და საქართველოსთვის თითქმის შინაური, საკუთარი ბერძნეთი. ამავე დროს საქართველო მართლმადიდებელ ბერძენთა დამცველადაც გამოდიოდა ამ ლათინთა თავდასხმების დროს“ (ზ. ავალიშვილი. ,,ტრაპიზონის საქმე“, გვ. 71). სიტუაცია განვითარდა შემდეგნაირად, ალექსი და დავით კომნენებმა მიიღეს ტრაპიზონის კეისრის ტიტული. ერთდროულად ტიტულატურაში ჰქონდათ ,,ივერიის მეფის“ წოდებაც. ალექსი ითვლებოდა უფროს, ხოლო დავითი უმცროს მეფედ. ალექსი დარჩა ტრაპიზონში, ხოლო დავით კომნენმა სცადა ბოსფორის განთავისუფლება. აქ იგი შეეჯახა თეოდორე ლასკარს. დავით კომნენმა ადგილობრივი მოსახლეობისაგან შეკრებილი ლაშქრით და ქართველთა დახმარებით მრავალი ბრძოლა გადაიხადა, მაგრამ ვერ შეძლო მიზნის მიღწევა. ვერც ნიკეას კეისარი დაამარცხა და ვერც ბიზანტიის იმპერია აღადგინა. მან თავი ლათინთა კეისრის ვასალად გამოაცხადა. ზ. ავალიშვილი წერდა: ,,კომნენთა დიდმა ბერძნულმა პროგრამამ სულ მალე მცირე ტრაპიზონის გეგმას დაუთმო ადგილი“ (იქვე. გვ. 72). ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ არსებობდა კომნენთა დიდი ბერძნული პროგრამა. უფრო სავარაუდოა, ტრაპიზონის მცირე გეგმა თავიდანვე დამოუკიდებლად განიხილებოდა, დიდი ანდრონიკე კომნენის შვილიშვილებს, მანუელ კომნენის შვილებს ალექსის და დავითს თავიდანვე შემოსაზღვრული ჰქონდათ საკუთარი სამფლობელოები; დავითს: პონტოს ჰერაკლეა და პაფლაგონია, ალექსის: სინოპი და ტრაპიზონი. მცირე აზიაში თეოდორ ლასკარი და გაქართველებული ძმები ერთდროულად გამეფდნენ. დავით კომნენი მაშინვე შეეჯახა თეოდორ ლასკარს. რაც შეეხება ალექსის, იგი დაეუფლა იმ ტერიტორიებს, რომლებიც ყველაზე მეტად ატარებდა ქართულ-ქართველურ-ლაზურ შინაარსს. მოგვიანებით დავიწროვდა ალექსის სამფლობელოც. მან დაკარგა სინოპი, მაგრამ ორივე მეფის ,,ადგილი“ საქართველოს სამეფო კარზე თანაბარი იყო. უფრო გვიან დავითის სამფლობელოები გადავიდა ნაწილობრივ თეოდორ ლასკარის მემკვიდრეობის, ნაწილობრივ იკონიის ხელში, მაგრამ ტრადიცია ორი ტრაპიზონის შესახებ მაინც შემორჩა. ეს აისახა ,,სახელმწიფოს კარის გარიგებაშიც“. ბიზანტიური წყაროები გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობენ დავით კომნენის საქმიანობას, სამაგიეროდ, თითქმის დუმან ტრაპიზონის შესახებ (მაგ. ნიკიტა აკომინატი, ანუ ხონიატი). მართალია, ბერძენი ქრონიკოსები ხაზგასმით მიუთითებენ, რომ დავით კომნენი იბრძოდა ,,ივერთა რაზმით“, მაგრამ ყურადღება გამახვილებული აქვთ ბიზანტიის აღდგენის ცდებზე. სამაგიეროდ, მიჩქმალულია ალექსი კომნენის მოღვაწეობა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბერძენი ისტორიკოსები ალექსის მმართველობას ბერძნულ-ბიზანტიური პოლიტიკური ხედვის გარეშე სტოვებდნენ. მართლაც, მალე გამოირკვა, რომ ძმების პოლიტიკურ მიზნებში ურთიერთსაპირისპირო ორიენტაცია გამოიკვეთა; დავითი გახდა ლათინთა მოკავშირე, ალექსი - საქართველოს კრეატურა (ე.ი. ხელდასმული, ანუ ქვეშევრდომი), თუმცა, ვიმეორებთ, 14 ს-ის ქართული ტრადიცია ორივე მეფეს თანაბრად განიხილავს, როგორც ,,თავისიან მეფეებს“. პროფ. ზ. ავალიშვილმა ღრმად შეისწავლა რა ტრაპიზონის საქმის ისტორიოგრაფია, ახალი სამეფოს დაარსების რამდენიმე მიზეზი გამოყო: 1. ბიზანტიის პოლიტიკური კრიზისი, ჯვაროსანთა ინტერვენცია. 2. ტრაპიზონისა და ჭანეთის მხარის ძველი ავტონომია. 3. კომნენთა საგვარეულოს სამი თაობის ხანგრძილივად საქართველოში ცხოვრება (კომნენების ჩამომავალია ანდრონიკაშვილების საგვარეულო). 4. იკონიასთან ბრძოლისათვის ბიზანტიის აღდგენის ცდა. განსვენებული მეცნიერი მიუთითებდა, რომ დიდი ბიზანტიის აღდგენის მოტრფიალე დავითის პარალელურად ალექსი კომნენი გამოხატავდა უფრო შეზღუდულ ადგილობრივ ჭანურ-ქართულ-ბერძნულ ბუნებას. დავით კომნენი დაიღუპა 1214 წელს იკონიის სულთან აზედ-დინთან ბრძოლაში. მისი ტერიტორიები გაინაწილეს იკონიამ და ნიკეას საკეისრომ. ალექსის სამეფომ გასძლო 1461 წლამდე. დავით კომნენის მარცხი იყო ქართული დიპლომატიის კრახიც. საერთოდ, 1208 წლიდან იკონიის მიმართ საქართველო თავდაცვაზე გადავიდა. სამეფო კარმა ყურადღება მიაპყრო სხვა მიმართულებებს. ქართულმა წყაროებმა, შემოგვინახეს რა წარმატებანი, დაფარეს ფაქტობრივი მხარე. ჩვენის აზრით, ეს დაკავშირებულია თამარის სიკვდილის შემდეგ მეზობელი ისლამური ქვეყნების საერთო შემოტევასთან. საქართველოს მოუხდა ხელახლა შემოემტკიცებინა განჯა, ბაილაქანი, სურმარი, ნახჩევანი, მაგრამ ეს შემომტკიცება ძველ შინაარსს არ ატარებდა. ამ პერიოდში 1215 წლებში საქართველო განიცდიდა ღრმა საშინაო კრიზისს, რაც აისახა საგარეო პოლიტიკაში. შესუსტდა ყურადღება იკონია-ბიზანტიის მიმართაც. ამ გარემოებამ დაღი დაასვა ტრაპიზონის პოლიტიკურ ,,ივერიზაციას“. ის ვეღარ გაფართოვდა. სამაგიეროდ, განმტკიცდა სულიერი კავშირი საქართველოსთან. მე-13 - მე-15 ს-ში ტრაპიზონის საკეისრო განიხილებოდა თითქმის ქართულ ქვეყნად. დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ,,იბერია“ თბილისი 1994 |