 |
გვიანი შუასაუკუნეების მთელ სიგრძეზე დაღესტნელი აბრაგების თარეში განსაზღვრავდა საქართველოს ძნელბედობას. ,,ლეკიანობამ“ მკვეთრად დაამუხრუჭა ქართველთა პოლიტიკური პროგრესი, ახალი სიტყვაც გაჩნდა ქართულ ენაში - ,,წალეკვა“. ,,წალეკვა“ მოდის ,,ლეკისგან“. ისევე როგორც ლეკები მოედებოდნენ ხოლმე ქვეყანას და იტაცებდნენ რაც ხელთ მოხვდებოდათ, ასევე დიდი ნიაღვარი ან ზვავი სპობდა ყველაფერს თავის გზაზე. ,,ლეკი“ ზოგადი სახელი გახდა. ,,ლეკი“ ეწოდებოდა ყველა დაღესტნელს (დიდოს, ნამდვილ ლეკს, ლაკს, ავარელს, კუმუხს და ა.შ.), ,,ლეკი“ ერქვა საერთოდ მოთარეშეს. ,,ლეკიანობა“ აღნიშნავდა დაღესტნელთა თავდასხმებსაც და, საერთოდ, ქურდობასაც. ლეკის სახელით ბავშვებსაც აშინებდნენ. ქიზიყში ეს ცნება უფრო დაცინვითი ფონით აღინიშნებოდა. ლეკით დაშინება აქ სასაცილოდ აღიქმებოდა, ეს შესანიშნავად დაინახეს უცხოელმა მოგზაურებმაც. 1770 წელს ქიზიყში იმოგზაურა რუსეთის აკადემიის წევრმა, გერმანელმა გიულდენშტედმა. მან აღნიშნა, რომ ქიზიყში არავითარი შიში არ იგრძნობოდა უახლოესი მეზობლების - დაღესტნელების მიმართ. უფრო ადრე იტალიელმა მისიონერმა მონსენიორ ლეონემ მიუთითა, რომ ქიზიყელები უფრო მეტს ართმევდნენ დაღესტნელებს, ვიდრე პირიქით. ეს განწყობილება შემორჩა უკანასკნელ ხანებამდე, თანდათან ცნება ,,ლეკი“ გახდა ნაბდის მთელავის ან ,,მკალავის“ აღმნიშვნელი. ქიზიყი სავსე იყო ასეთი მოხეტიალე ,,მკალავებით“, ისინი ქირაობდნენ სოფლებში ბინებს და ჰკალავდნენ სპილენძის ქვაბებს. სპილენძი და სპილენძის ჭურჭელი კეთილშობილ ლითონად ითვლებოდა. სპილენძი შეადგენდა ყველა პატარძლის მზითვის აუცილებელ ნაწილს. მკალავი ლეკები გამოირჩეოდნენ გულღია ხასიათით, მშვიდობიანი ბუნებით. ისინი თვეობით რჩებოდნენ ქართულ სოფლებში, შესანიშნავად ფლობდნენ ქართულ ენას, ადვილად შედიოდნენ კონტაქტში. მკალავები სახალხო დიპლომატიის ჭეშმარიტი დესპანები იყვნენ, მათი მეშვეობით იქმნებოდა ეკონომიკური და კულტურული, უღალატო ხიდი მთიან დაღესტანსა და კახეთს შორის. მკალავებთან განსაკუთრებით დაახლოებული იყვნენ ახალგაზრდები. ჯერ კიდევ 50-იან წლებამდე ჩვეულებრივი სურათი იყო ქართველი ბავშვებით გარსშემორტყმული ლეკი მკალავი. ამ მკალავებისაგან ვრცელდებოდა დაღესტნური ლეგენდები და ხალხური გადმოცემები, განსაკუთრებით პოპულარული იყო ლეგენდები შამილის შესახებ. ჩემს მეხსიერებას კარგად შემორჩა სახელგანთქმული მკალავის ,,ლეკი მუჰამედას“ ნაამბობი. ერთხელ სკოლის ეზოში მოსწავლეები გატაცებით ვყვებოდით ალ. ჭავჭავაძის ვაჟის დავით ჭავჭავაძის ტრაგედიის შესახებ. წინა დღეს სკოლამ გამსვლელი ლიტერატურული გაკვეთილი ჩაატარა სოფ. წინანდალში. ყველაზე მეტი შტაბეჭდილება მოახდინა 1854 წლის შამილის ლაშქრის მიერ წინანდლის აწიოკებამ. ბავშვები ხმამაღლა გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს ამ ამბების ირგვლივ. საუბრით გატ
 | | ალექსანდრე ბატონიშვილი | აცებულებმა ვერცკი შევნიშნეთ, როგორ შემოგვიერთდა მკალავი ლეკი მუჰამედა თავისი სპილენძის ქვაბებით გატენილი საცალო ტომრით - ეჰ ბავშვებო, - თქვა მუჰამედამ - ეგ ყველაფერი სხვანაირად იყო. შამილმა იმიტომ კი არ ააწიოკა დავით ჭავჭავაძის ოჯახი, რომ რუსი მეფისათვის ტყვეები თავისი ვაჟიშვილის ჯემალ-ედინის გამოხსნისათვის შეეთავაზებინა, არც იმისათვის, რომ ფული მიეღო, არამედ თავისი მამის ანდერძი შეასრულა. ყველანი გაოცებული მივაჩერდით ლეკ მუჰამედას: საოცარი კაცი იყო მკალავი - დიდრონი ცისფერი თვალები ჰქონდა, სუფთად გაპარსული სახე და თავი, გრძელი ულვაშები, ყოველთვის დიდი ბოხოხი ეხურა, მშვენივრად გამოყვანილი ტყავის ქურთუკი ეცვა. ეს ქურთუკი არაფრით ტოლს არ დაუდებდა შემდეგში ჩვენში მოდაში შემოსულ კანადურ ,,დუბლიონკებს“, ფართო ღიმილი ჰქონდა, კეთილი სახე. ჩამოჯდა ლეკი მუჰამედა და მოგვითხრო ზღაპრული ამბავი დიდი ,,მთის არწივის“ - შამილის შესახებ. აი, ეს ლეგენდაც:
,,შამილი დაღესტანში არ დაბადებულა, დღეს ამბობენ გიმრში დაიბადაო, ხუნძახის მიუვალ აულში, მაგრამ ეს გამოგონილია და სიმართლეს არ შეეფერება. შამილი დიდი ქართველი მეფის ერეკლე მეორის შვილიშვილია. მეფე ერეკლეს რაინდი ვაჟის ისკანდერის და ირანის შაჰის საყვარელი თავრიზელი ხანის ასულის ძე. ისკანდერი ჭეშმარიტი ქართველი იყო, ძალზე არ უყვარდა ურუსები. ეუბნებოდა მამას - დაგღუპავენ ურუსები, ჯერ შენ ჩაგყლაპავენ, მერე კი კავკასიასაც მიაყოლებენო. არ უჯერებდა მამა. ჯადოთი ჰყავდა შეკრული ურუსების მიერ მოსყიდულ ერთ თავადს გარსევან ჭავჭავაძეს, წინანდლის მეპატრონეს. თავადი გარსევანი ურუსების დედოფლის ეკატერინეს სანდო კაცი იყო, პირობა ჰქონდათ დადებული ეკატერინეს და გარსევანს საქართველოს დაპყრობისა. გარსევანს რუს დედოფალთან ქართველი რაინდები ჩაჰყავდა საავხორცოდ. ეკატერინე გარსევანს ოქროთი უტენიდა პირს. გარსევანი მეფე ერეკლეს ტყუილებით ავსებდა, ჰოდა დაღუპეს გათახსირებულმა რუსმა დედოფალმა და ქართველმა თავადმა საქართველო. ამხელდა ისკანდერი გარსევანს. გარსევანმა ისკანდერს მკვლელები მიუსია. დაიგირავა ისკანდერმა მცველები, თავის ქართველებს აღარ ენდობოდა. ხუთი ჯიგიტი დაღესტანში შეარჩია, აქედან ყველაზე მამაცი გიმრელი მურადი იყო. მერე კრწანისში დამარცხდა მოხუცი ერეკლე ურუსებისა და სომხების ღალატით. გადაიცვა უბრალოდ ისკანდერმა, გიმრელი მურადი იახლა და აღა-მაჰმად-ხანთან ჩავიდა. რას აწიოკებ საქართველოს, - უთხრა ისკანდერმა ირანის შაჰს, - გურჯისტანი სუსტდება, ურუსები კი ძლიერდებიან; - დაბერებულა მამაშენი, ისკანდერ, - უთხრა აღა-მაჰმად-ხანმა, - დაბერებულა და ჭკუა გამოსცლია, რას ენდობა მაგ ურუსებს, ეგენი ისევე დაეხმარებიან გურჯისტანს, როგორც შენი პაპის პაპას თეიმურაზ ხანს დაეხმარნენ. უწყალობა ისკანდერს აღა-მაჰმად-ხანმა გურჯისტანის მეფობა, ცოლად თავისი ნათესავი თავრიზის ხანის ასული
 | მისცა. აი, მასთან შეეძინა ისკანდერს შვილი, რომელსაც დიდი პაპის პაპის თეიმურაზის სახელი უწოდეს, მერე მოკლა ერთ-ერთმა ქართველმა აღა-მაჰმად-ხანი, აიშალა ირანი. ისკანდერი გურჯისტანში დაბრუნდა. თავისი ცოლი და შვილი თავრიზში დატოვა, მცველად გიმრელი მურადი მიუჩინა. მეფე ერეკლეც გარდაიცვალა. ახალმა მეფემ გიორგიმ ძლიერ შეიძულა ისკანდერი. მეფე გიორგისაც ისევ გარსევან თავადმა აუბა თვალები. ეკატერინეც მალე მოკვდა, მისი შვილიც, მეფე გიორგიც გარდაიცვალა, გარსევან თავადმა სურვილი შეისრულა და დაღუპა სამშობლო. ისკანდერმა მახვილი აიღო და ებრძოდა ურუსებს. მისი თხოვნით თავრიზიდან გიმრელმა მურადმა ისკანდერის ცოლ-შვილი დაღესტანში წაიყვანა. იქ სახელი შეიცვალეს მურადმაც, ისკანდერის ცოლმაც. პატარა თეიმურაზს შამილი უწოდეს და სწავლულ ხალხს ჩააბარეს გასაზრდელად. ცოტა ხნის მერე ურუსებთან დამარცხებული ისკანდერი დაღესტანში ჩავიდა, დიდხანს იცხოვრა თავის ცოლ-შვილში, მიხვდა მაჰმადის რჯულში რომაა ჭეშმარიტება და შამილს ,,ყურანის“ შესწავლა უბრძანა. წავიდა ისკანდერი კვლავ ირანში, დიდხანს ებრძოდა ურუსებს. ორი რამ დაუბარა ანდერძად შამილს ისკანდერმა: კავკასიიდან ურუსთა განდევნა და თავად გარსევანის ჯილაგის ამოწყვეტა. აი, რატომ დაარტყა შამილმა წინანდალს“. - დაასრულა მკალავმა ,,ლეკმა მუჰამედამ“ თხრობა.
ამ ლეგენდისათვის მაშინ განსაკუთრებული ყურადღება არავის მიუქცევია. საერთოდ, ოფიციალურად შამილის კულტი იდევნებოდა. თანდათანობით სახალხო მეხსიერებაშიც მივიწყების ბურუსში ჩაიძირა კავკასიის ,,მთის არწივი“. გაქრა მშვენიერი ფოლკლორული თეატრონიც: ე.წ. ცეკვა ,,შამილი“. მე მინახავს ეს ცეკვა, პირველად იგი ლეკმა მკალავებმა შემოიტანეს. საინტერესო ის არის, რომ მაშინ ქართულ ცეკვას რატომღაც ,,ლეკური“ ერქვა. ეს სახელწოდება პირველ რიგში თვით ლეკებს აოცებდათ, ჰოდა, ერთ-ერთ ქორწილში მკალავმა მუჰამედამ იცეკვა ნამდვილი ლეკური; თავზე დოლბანდი შემოიდო, ხელები გულზე დაიკრიფა და რაღაც უცნაური ბრუნვები დაიწყო. ლეკ მუჰამედას რამდენიმე ახალგაზრდა აჰყვა, ეს იყო ცეკვა ,,შამილი“. სწორედ ეს ცეკვა შეუსრულებია შამილს რუსებზე დიდი გამარჯვების აღსანიშნავად. მას სხვადასხვა ვარიაციებით დიდხანს ასრულებდნენ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაშიც, უფრო ხშირად, რატომღაც, ქიზიყში. ლეგენდა შამილის ქართული წარმოშობის შესახებ XIX საუკუნეში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა, როგორც ხალხში, ასევე ოფიციალურ წრეებშიც. როგორც ჩანს, ამას ხელს უწყობდა თვითონ შამილი, ეს კარგად ჩანს თუშური ზეპირსიტყვიერებიდანაც და ზოგიერთი ოფიციალური დოკუმენტიდანაც. თუშური გადმოცემების ერთი ნაწილი შეისწავლა პროფ. ვ. ელანიძემ. ,,ხალხური გადმოცემების, საარქივო საბუთებისა და ზოგიერთი ლიტერატურულ-ისტორიული ხასიათის ცნობის მიხედვით კარგად ჩანს, თუ როგორ ზრუნავდა შამილი, რომ ქართველი მთიელები თავის მხა
 | | შამილი და მისი ვაჟი | რეზე გადაეყვანა. ,,შამილს, რასაკვირველია, სურდა გამოეგლიჯა ეს მამაცი, გაუტეხარი და თავდადებული თავისი სამშობლოს ხალხი რუსების ხელიდან. ამისათვის შამილი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ განეხორციელებინა თავისი მიზანი. ჯერ ტკბილ სიტყვებითა და უხვი პირობებით მიმართა შამილმა და შემდეგ, როდესაც თუშებმა უარჰყვეს, ხმალი და ცეცხლი შეიტანა ამ მხარეში. როგორც იმ დროის მომსწრენი ამბობენ, შამილს თურმე ეთქვა, რომ ოღონდ თუშები შემიერთდნენ და სუყველას ნაიბობას მივცემო. დიდი პოლიტიკოსი იყო შამილი. ერთი თუში, გამოჩენილი თავის სიტყვით და გავლენიანი თუშებში, ტყვედ იქნა წაყვანილი ლეკებისაგან. ლეკებმა ეს თუში მიჰგვარეს შამილს. შამილმა თავისთან დაიჭირა თუში. ერთ დილას, სეირნობის დროს თურმე მოიხმო თუში და მიმართა შემდეგი სიტყვებით: ,,თუშებო, რა გინდათ ჩემგან, ან თქვენ და ან ქართველებს. რათ მეწინააღმდეგებით. მე ხომ თქვენი მტერი არა ვარ. ვებრძვი ჩვენს საერთო მტერს - რუსებს და თქვენ კი არ მასვენებთ. მე მსურს გავრეკო კავკასიიდან საზიზღარი გიაურები და აღვადგინო ჩემი მამა-პაპის სამეფო სახლი. არავისთვის არ მითქვამს და არც არავინ არ იცის მე ვინა ვარ და გარემოება მაიძულებს, რომ შენ გაგიმჟღავნო ჩემი ვინაობა. მე ვარ თქვენივე მეფე ერეკლეს შვილის ალექსანდრეს შვილი. ბატონიშვილი ალექსანდრე, როდესაც სპარსეთში იმყოფებოდა, სცხოვრობდა ერთ ხანის ასულთან, ხანის ასული ბატონიშვილისაგან ორსულად შეიქმნა. რომ მამის რისხვა აეცილებინა თავიდან, იგი ვიღაცას გამოჰყვა დაღესტანში და აქ მშობა მე - შამილი. დიაღ, მე მეფე ერეკლეს ჩამომავლობიდან ვარ და მსურს აღვადგინო სახელოვანი პაპის ტახტი და საქართველოს თავისუფლება“. როგორც ივ. ბუქურაული შენიშნავს: ,,ყველა შამილის მეცადინეობამ ამაოდ ჩაიარა. თუშებმა თავისი არ დაიშალეს და არ ზოგავდნენ არაფერს, რომ დაეცვათ რჯული და მიწა-წყალი“. (იხ. ივ. ბუქურაული, ტბათანიდან წოვათამდინ, ,,მოამბე“ N 8, ვ. ელანიძე, ,,თუშეთის ისტორიის საკითხები“, გვ. 262). ამ თუშურ გადმოცემას ამაგრებს მეორე გადმოცემაც: როდესაც შამილი დარწმუნდა, რომ მას რუსების ტყვეობა არ ასცდებოდა, უთხოვია რუსეთის მთავარსარდლობისათვის გუნიბში (ე.ი. მის რეზიდენციაში) შეეშვათ ქართული რაზმი, რათა მას ჩაბარებოდა. რუსებმა გუნიბში გაგზავნეს თუშთა მცირე რაზმი ვინმე იაკობ ლეკაიძის მეთაურობით. იაკობ ლეკაიძემ გუნიბიდან გამოიყვანა დატყვევებული შამილი. გენერალ ბარატინსკის ბრძანებით რუსული არმია დამარცხებულ შამილს შეხვდა ოვაციებით და სამხედრო ,,ტუშით“. შამილი ამ შეხვედრამ დააბნია, შეჩერდა და ისე უეცრად შეტორტმანდა, კინაღამ ფრიალო კლდიდან გადაიჩეხა, მას ხელი შეაშველა იაკობ ლეკაიძემ. როდესაც შამილი წარუდგა ბარატინსკის, ამ უკანასკნელს დაღესტან-ჩეჩნეთის იმამმა გიორგის ჯვარი სთხოვა, მისი თხოვნა დააკმაყოფილეს. შამილმა აიღო გიორგის ჯვარი და თვითონ ჩამოკიდა იაკობ ლეკაიძეს,
 | | ალექსანდრე ბატონიშვილი | ,,მე, როგორც მაჰმადიანს, პირველად ქრისტიანის ხელი იაკობ ლეკაიძისგან შემეხო და ეს ჩემს სახსოვრად გქონდესო“. (იხ. ვ. ელანიძე, გვ. 283). ქართველებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს შამილის მოძრაობის ჩახშობაში, ეს იყო რუსული დიპლომატიის ტრიუმფი: რუსებმა კავკასიელები დაიპყრეს სხვა კავკასიელების ხელით. სრულიად ბუნებრივად ისმება ორი კითხვა: 1. რატომ გაჩნდა ასეთი დაჟინებითი ვერსია შამილის ქართული წარმოშობის შესახებ; 2. რატომ მაინც და მაინც ასახელებენ შამილის მამად ალექსანდრე ერეკლეს ძე ბაგრატიონს? პირველ კითხვაზე პასუხის გაცემა შედარებით იოლია. საქართველო ითვლებოდა კავკასიური სახელმწიფოებრიობის სიმბოლოდ. კავკასიელები საქართველოს ,,კავკასიის მზეს“ უწოდებდნენ, ე.ი. აღიარებდნენ, რომ საქართველო იყო კავკასიური კულტურის და პოლიტიკური სიმწიფის ნამდვილი სუბსტანცია. ჩრდილოეთ კავკასიაში ყველაზე სრული სახელმწიფოებრიობა განვითარდა დაღესტანში. დაღესტანში გამოირჩეოდა ავარია. ავარიის მმართველ ხანების ზეწოდება იყო ,,ნუცალი“. ეს ტიტული რამდენიმენაირად აიხსნება. მათ შორის არსებობს მოსაზრება, რომ ,,ნუცალი“ არის დამახინჯებული ფორმა ქართული ,,ნაცვალისა“. ე.ი. ავარიაში ანუ ხუნძახში მჯდომი მმართველი ოდესღაც განიხილებოდა, როგორც ქართველი მეფის ,,ნაცვალი“. ამას ადასტურებს ავარიელი ხანების არჩევის ტრადიციული წესი. ავარიაში თავისებურ ,,კონსტიტუციურ“ ნორმად ითვლებოდა შემდეგი ტრადიცია: თუ ავარიის ხანების მმართველი დინასტია ამოწყდებოდა, ახალ ხანად ანუ ახალ ნუცალად უნდა ამოერჩიათ ერთ-ერთი ქართველი თავადი. როდესაც მიურიდებმა მთლიანად ამოწყვიტეს ავარიელი ხანების ოჯახი, შამილმა საერთოდ გააუქმა სახანო. საინტერესოა შამილის დაპირებაც, რომ თუ რომელიმე ქართველი მის მხარეზე გადავიდოდა, ულაპარაკოდ მიიღებდა ნაიბის (ე.ი. მმართველის) წოდებას. შუა საუკუნეების მთელ სიგრძეზე ჩრდილოეთ კავკასიის მმართველები ცდილობდნენ ბაგრატიონთა სახლთან მოეძებნათ რაიმე ნათესაური კავშირი. ასე იყო ოსეთში, ინგუშეთში, ჩეჩნეთში, ყაბარდოსა და დაღესტანში. დღესაც ძალზე ბევრი საგვარეულო თავს აცხადებს ქართული წარმოშობისად. ასეთი ,,ქართული“ სახლები ბევრია ბალყარეთსა და ყარაჩაიშიც. ძალზე დიდია ჩრდილოეთ კავკასიაში უკანასკნელი დიდი მეფის ერეკლე II-ის ავტორიტეტიც. ქართლ-კახეთის დაუძინებელი მტერი ნურსალ-ბეგი და მისი ვაჟი ომარ-ხანი ერეკლე II მამას უწოდებდნენ და თავს საქართველოს ქვეშევრომებად აცხადებდნენ. სხვათა შორის, აქ შეუსაბამობა სრულიადაც არ არის. საქმე ისაა, რომ საქართველოზე დაღესტნელთა მუდმივი თავდასხმები გამოწვეული იყო საქართველოს ეკონომიკური დასუსტებით, ე.ი. არა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისით, არამედ სწორედ ეკონომიკური კრიზისით. ძველად დაღესტნელები თავის ეკონომიკურ მოთხოვნილებებს საქართველოს მეშვეობით იკმაყოფილებდნენ. საქართველოში ისინი ჰყიდიდნე
 | ნ საკუთარ ნაწარმს: სპილენძისა და ვერცხლის ნაკეთობებს, უნაგირებს, ცხენის აღკაზმულობას, ნაბადს, შალს, ცივ იარაღს, მაგრამ ყველაზე მეტად ჰყიდიდნენ სამუშაო ძალას. დაღესტნელები მთელ საქართველოში მუშაობდნენ მჭედლებად, მკალავებად, უბრალო მუშებად. XVII ს-დან ეს აღარ ხერხდებოდა, მთის ჭარბი მოსახლეობაც თარეშზე გადავიდა. მაშასადამე, ეს თარეში არ იყო არც ეთნიკურ, არც რელიგიურ ნიადაგზე, ამიტომაც დაღესტანში XIX საუკუნეშიც კი არ შეინიშნება ანტიქართული განწყობილება, პირიქით, ქართველობა, ან ქართული წარმოშობა საამაყოდაც ითვლებოდა. უფრო რთულია პასუხი მე-2 კითხვაზე, რატომ ესოდენი სიჯიუტით ისტორიული გადმოცემანი ხაზს უსვამენ შამილის ჩამომავლობას სწორედ ალექსანდრე ბატონიშვილისაგან. ვფიქრობთ ამ მოვლენასაც აქვს რამდენიმე ობიექტური საფუძველი. 1) ალექსანდრე ერეკლეს ძე ბაგრატიონი და გიმრელი შამილი ძალზე ჰგავდნენ ერთმანეთს გარეგნობით - ორივე იყო მკვრივი აღნაგობის, ცისფერთვალება, შავგვრემან-მოწითალო, ორივე ატარებდა ხშირ წვერს, გამოირჩეოდნენ მტკიცე ხასიათით, სიმამაცით, სჩვეოდათ უეცარი აფეთქება და დიდი მიმტევებლობა, შემონახულ სურათებზე, რომლებიც შესრულებულია მაშინდელი მხატვრების მიერ, მსგავსება მართლაც უჩვეულოა. 2) არსებობს ზოგიერთი ბიოგრაფიული დეტალი, რომელიც გარკვეული ეჭვის საბაბს იძლევა. ალექსანდრე ბატონიშვილი დაიბადა 1770 წელს, იგი გაზარდეს კათოლიკე პატრებმა, თავიდან გატაცებული იყო ქართლ-კახეთის ევროპულად გარდაქმნით; ჯერ კიდევ ბავშვი დაუკავშირდა საქართველოში მოღვაწე გაგერმანელებულ უნგრელს იაკობ რეინეგს. ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა გერმანული მოდელის ქართული პოლკი, სადაც ახალგაზრდა ალექსანდრე ჩარიცხული იქნა ოფიცრად, ჭაბუკი დადიოდა ამ არარსებული პოლკის ფორმით. 17-18 წლის ალექსანდრე აქტიურად ჩაება პოლიტიკურ მოღვაწეობაში, სასტიკად დაუპირისპირდა რუსულ ორიენტაციას, ებრძოდა თავისი ძმის გიორგი XII-ის და მისი ერთგული მინისტრის გარსევან ჭავჭავაძის ხაზს. კრწანისის ომის შემდეგ ხელმძღვანელობდა თბილისის აღდგენას, მართლაც ფარულად ჩავიდა ირანში რამდენიმეგზის, ხოლო ერეკლე II-ის სიკვდილის შემდეგ მალე საერთოდ გაიქცა საქართველოდან. შამილის დაბადების შესახებ არსებობს რამდენიმე გამოთვლილი თარიღი, იგი დაიბადა 1797-98 წლებში, მაშასადამე თეორიულად ლეგენდაში მოყვანილი ფაქტი, რომ დაიბადა ირანში ალექსანდრე ბატონიშვილის ერთ-ერთი გაქცევის დროს, შესაძლებელია. ალექსანდრე ბატონიშვილი 1814-1818 წლებში მართლაც ცხოვრობდა დაღესტანში, ცდილობდა შეექმნა ჩრდილოეთ კავკასიელ მთიელთა კავშირი რუსეთის წინააღმდეგ. იგი არის კავკასიის ერთობის მომხრე, მან პირველმა იქადაგა ძლიერი ანტირუსული საერთო-კავკასიური კოალიციის იდეა. თავიდან დიდ წარმატებასაც მიაღწია. სამწუხაროდ, დაღესტანსა და ჩეჩნეთში საერთო კავკასიური ერთიანობის იდეამ სხვა მიმართულება მიიღო
 | | შამილი და მისი ვაჟი | , წარმოიშვა ისლამური ფუნდამენტალისტური მოძრაობა - მიურიდიზმი. ალექსანდრე ბატონიშვილი იძულებული გახდა 1818 წლიდან დაეტოვებინა დაღესტანი. მიურიდიზმმა სრულიად შეცვალა კავკასიელ მთიელთა ორიენტაცია, დაღესტანში და ჩეჩნეთში ჩამოყალიბდა თეოკრატიული წყობილება, განადგურდა ძველი არისტოკრატია, წაიშალა გარეგნულად ეროვნული და ეთნიკური საზღვრები, დაირღვა ადრინდელი სტრუქტურები, შეიცვალა ადათობრივი სამართალი, წარმოიქმნა შარიათული სამართალი, ე.ი. დაღესტანსა და ჩეჩნეთში ძველი წესების, ანუ ადათების ნაცვლად დამკვიდრდა მუსულმანური საღვთო წიგნის ,,ყურანის“ პრინციპები. ასეთ შემთხვევაში ალექსანდრე ბატონიშვილის პოლიტიკური პროგრამა აღარ გამოდგებოდა. ისლამურმა ფუნდამენტალიზმმა ერთბაშად ჩატეხა ხიდი ქართველობასა და ჩრდილო კავკასიელ მთიელთა შორის. დაღესტნის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდნენ ღაზი-მუჰამედი და ჰამზათ-ბეგი. აი, მათ წრეში აღიზარდა გიმრელი შამილი, იგი 1834 წელს გახდა დაღესტან-ჩეჩნეთის იმამი. ე.ი. სასულიერო, საერო და სამხედრო მეთაური. 1841 წელს შამილმა გაატარა რეფორმები, მან შეაერთა დაღესტანი და ჩეჩნეთი. დაყო იგი ცალკეულ მხარეებად, რომელთა სათავეში ჩააყენა ნაიბები. დაიწყო ,,ჰაზავათი“(ე.ი. საღვთო ომი), რომელიც გაგრძელდა 25 წელიწადი. შამილი თვითონ გახდა ამ ფუნდამენტალიზმის ტყვე. მართალია ამჟღავნებდა დიდ სიმპათიებს საქართველოს მიმართ, მაგრამ ყოველთვის დაფარულად. მას ეშინოდა, რომ ისლამისტები გადაუდგებოდნენ. შამილის ოცნება იყო კავკასიის გაერთიანება, რომლის დედაქალაქად თბილისი ჰქონდა განზრახული. თურქეთის სულთნისაგან მიიღო კიდევაც დაღესტან-ჩეჩნეთისა და საქართველოს უმაღლესი სარდლის, ანუ გენერალ-სიმუსის წოდება. მოგვიანებით კი საქართველოს და კავკასიის მეფის ტიტულიც. მაგრამ მისი სახელმწიფოს იდეოლოგიური საფუძველი გამორიცხავდა საქართველოს და დაღესტნის შეერთებას. შამილმა შექმნა რელიგიური, ისლამისტური სახელმწიფო - იმამატი. სახელმწიფო ენად არაბული გამოაცხადა, ამით მთლიანად გაემიჯნა ქრისტიანულ საქართველოს. ამ გარემოებას შესანიშნავად გრძნობდა შამილი, ამიტომაც თვითონვე დაჟინებით ავრცელებდა ვერსიას, თავისი მეფური ჩამომავლობის შესახებ, კონკრეტულად, თავს აცხადებდა ერეკლე II-ის ვაჟის ალექსანდრე ბატონიშვილის ვაჟიშვილად. ისტორიულ მეცნიერებას ყოველთვის არ შეუძლია გახსნას ყველა ლეგენდის ლაბირინთები. შამილი არის კავკასიის მუსულმანური შინაარსის ანტირუსული მოძრაობის ჭეშმარიტი ლიდერი. წარმოშობით ავარიელი, მთიელი გლეხის ვაჟი, ჩრდილოეთ კავკასიელი მთიელების გამათავასუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტი ბელადია. ალბათ თვითონაც არ უწყოდა ნამდვილი ჩამომავლობა. ლეგენდები მის შესახებ შესაძლოა ტაქტიკური ხერხია ან ლამაზი სურვილი. ისე კი ნამდვილი ანუ ერთადერთი ჭეშმარიტება ალბათ მხოლოდ მაღალმა ღმერთმა იცის. |