ძალიან უდროოდ რომ არ გარდაცვლილიყო ლაშა-გიორგი, შესაძლოა საქართველოს ბედი სხვაგვარად განვითარებულიყო, ის კარგი მეომარი იყო და სწრაფად ახერხებდა ჯარის ორგანიზებას... 1223 წელს, ლაშა-გიორგის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს მეფეთა მეფის ტახტი, ლაშას ანდერძისამებრ, მისმა დამ, რუსუდანმა დაიკავა. რუსუდანს, ანდერძის თანახმად, სამეფოდ უნდა აღეზარდა ლაშას ძე დავითი და როცა იგი სრულწლოვანებას მიაღწევდა, ტახტი მისთვის უნდა დაეთმო. ლაშას დავითი ველისციხელი ქალისგან ჰყავდა, რომელიც ქმარს წაართვა და ცოლად უნდოდა მოეყვანა, მაგრამ ეკლესიამ არ მისცა ამისი ნება. გიორგი-ლაშას ველისციხელი ქალი წაჰგვარეს და ქმარს დაუბრუნეს. ჩვილი დავითი უდედოდ იზრდებოდა მამიდის - რუსუდანის მეთვალყურეობით. რუსუდან მეფეს ქალ-ვაჟი შეეძინა. მისი ასული თამარი 1237 წელს პოლიტიკური მოსაზრებით მიათხოვეს რუმის (იკონიის) სულთან ყიას ედ-დინ ქეი ხოსროვ II-ს. ძის - დავითის გაჩენამ გადააწყვეტინა რუსუდანს, დავით ლაშას ძე თავიდან მოეშორებინა, ტახტი არ დაეთმო და გვირგვინი საკუთარი ძისთვის გადაეცა. როგორც გვიამბობს ჟამთააღმწერელი, მონღოლთადროინდელი მატიანეს უცნობი ავტორი, ამ მიზნით რუსუდანმა ძმისწული დავითი იკონიაში გააგზავნა და წერილი მისწერა სიძეს, სულთან ყიას ედ დინს. წერილში დავითის მოკვლას სთხოვდა სიძეს. სულთანს და მის მეუღლეს თამარს, რომელსაც გურჯი ხათუნს უწოდებდნენ, შეეცოდათ დავითი და არ მოკლეს. გურჯ-ხათუნს, თამარს დიდი პატივით ექცეოდნენ სასულთნოში. თამარს თან ახლდა ქრისტიანებისგან შემდგარი ამალა, ღიად ჰქონდა გამოფენილი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები და ქართული წესისამებრ ცხოვრობდა და ლოცულობდა. რუსუდანმა ქუთათისში აფხაზეთის კათალიკოსს თანამეფედ აკურთხებინა თავისი ძე, დავითი. ამ დროს იგი მხოლოდ დასავლეთ საქართველოს - აფხაზეთს აკონტროლებდა. მან ვერ გაუწია წინააღმდეგობა ვერც ჯალალედინს და ვერც მონღოლებს. რუსუდანის ძის თანამეფედ გამოცხადებას ვერ დაესწრნენ და (ალბათ არც დაუდასტურებიათ) მცხეთელი კათალიკოს-პატრიარქი და სრულიად საქართველოს დიდებულები. რუსუდანს ადარდებდა თავისი ძის არალეგიტიმურობა, ლაშას ანდერძის მნიშვნელობა, დიდებულების აზრი და ამიტომ არ მოიშალა ბოროტი საქმის კეთება, კვლავ არაერთხელ მისწერა სიძეს და ქალიშვილს დავით ლაშას ძის მოკვლის თხოვნა. ყიასდინი და თამარი მისი უგულო ზრახვის აღსრულებას არ აპირებდნენ. ტახტის შენარჩუნების მიზნით, რუსუდანი იძულებული იყო მონღოლების ბატონობა ეღიარებინა. ის აღმოსავლეთ საქართველოში, ტფილისში გადმოვიდა მონღოლთა ნოინებთან. სამაგიეროდ მონღოლებს მი სი შვილი მეფედ უნდა დაემტკიდებინათ. მონღოლმა ნოინებმა დავით რუსუდანის ძე ჩინგიზ ყაენის შვილიშვილთან, ბათო ყაენთან წარგზავნეს, რომელიც ფლობდა ოსეთს (ჩრდილო კავკასიის ველები), ყივჩაღეთს, ხაზარეთს და რუსეთს. ბათო ყაენმა მონღოლეთის უმთავრესთან და ჩინგიზის მთავარ მემკვიდრესთან, მანგუ ყაენთან გააგზავნა ყარაყორუმში. რუსუდანი კვლავ ცდილობდა ძმისწულის მოშორებას. მონღოლთა დროინდელი უცნობი ქართველი ჟამთააღმწერელი აღშფოთებას ვერ ფარავს, მიუხედავად იმისა, რომ მეფის კრიტიკა ეძნელება: „ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტის მეტყველება არს და არა თვალაბმა ვისთვისმე“. ამიტომ მემატიანე ასე აფასებს რუსუდან მეფის საქციელს: „ჰოი გონება, მხეცთა უმძვინვარესი, ვაი მკვლელობა, ოდესმე სმენილთა და გარდასრულთა მკვლელობათა უბოროტესი, რომელი აღასრულა შვილსა და ძმასა ზედა დამავიწყებელმან დედობრივთა და ძმაებრივთა ლმობათამან“. რა გააკეთა ასეთი რუსუდანმა?.. მემატიანეს თქმით, მან მისწერა სიძეს: - „ჩემი ძმისწულის მოკვდინება ჩემს ასულს იმიტომ არ სურს, რომ მისი საყვარელიაო“. თუ ეს მართალია?!... ასეთი საქციელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს (დავიტოვოთ იმედის პატარა ნაპერწკალი, რომ ეს ამბავი მართალი არ არის და ფაქტები არასწორად მიაწოდეს მემატიანეს)... გააფთრებული სულთანი ყიასდინი წერილის წაკითხვისთანავე შეიჭრა მეუღლის, თამარ ხათუნის სამყოფელში, დაულეწა ხატები, სასტიკად სცემა, მოუკლა ქართველი მსახურები და მრავალი ტანჯვის შემდეგ ისლამი მიაღებინა. დავითი შეიპყრეს და მრავალჯერ აწამეს. იგი თავს იმართლებდა. მისი თქმით, საქართველოს დამღუპველმა მამიდამ იმთავითვე გააძევა იგი სამშობლოდან, რათა პასუხი არ ეგო არაფერზე და მას და მის ძეს ტახტი შეენარჩუნებინათ. სულთანი ოდნავ მოლბა, არ მოაკვლევინა დავითი. თუმცა მისი ზღვაში ჩაგდება ბრძანა. მეზღვაურებმა შუა ზღვაში შეაცურეს დავითი დასახრჩობად. დავითმა სთხოვა მენავეებს, უკანასკნელი ლოცვის უფლება მიეცათ. ამოიღო უბიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი და შესთხოვა: „ყოვლადწმიდა დედაო, შენ ხარ ნუგეშისმცემელი სიობლისა ჩემისა და უსამართლო სიკვდილისა. აღარ მეღირსება სამარე და მიწა, შემჭამენ თევზები. მოწყალედ გევედრები, მიხსენი მე ცოდვილი ცოდვათაგან ჩემთა და ჯოჯოხეთისგან“. მენავეებს შეებრალათ დავითი, ხატი არ წაართვეს, ერთი ფიცარი მისცეს და ისე გადააგდეს წყალში. ყრმა ბაგრატიონი ღვთისმშობელმა შეიწყალა, იგი ფიცარს ჩაეჭიდა და არ ჩაიძირა. რამდენიმე დღის შემდეგ ნაპირთან მიახლოებული გონწასული ლაშას ძე ერთმა ვაჭარმა დაინახა და გადაარჩინა. ვაჭარი შვილივით თავს დაჰფოფინებდა მეფის ძეს. ექვსი თვის შემდეგ ეს ამ ბავი გაცხადდა და ყიასდინის ყურამდე მიაღწია. სულთანმა შეაპყრობინა დავითი, ვაჭარი და მეზღვაურები. მეზღვაურები მხოლოდ ვაჭრის ნათქვამმა გადაარჩინა, რომ დავითი ნაპირთან იპოვა. ყიასდინის ბრძანებით, დავითი ახლა ღრმა ჯურღმულში ჩააგდეს. მემატიანეს თქმით, ამ ჯურღმულში შხამიანი გველები ბუდობდნენ. ჟამთააღმწერლის გადმოცემით, გველებს შეუყვარდათ ლაშას ძე, ზოგი ყელზე ეხვეოდა, ზოგი ფეხებზე, ზოგი უბეში უძვრებოდა, სხვები გვერდით უწვებოდნენ ალერსით. ერთხელ დავითი ძილში გადაბრუნდა, მხარით დააწვა ერთ გველს და ატკინა. გველმა სიმწრით უკბინა დავითს. ამის მნახველმა სხვა გველებმა დაკბინეს და მოკლეს ის გველი, შემდეგ ენით აულოკეს წყლული ყრმა ბაგრატიონს და განკურნეს... უფლისწულს ისევ თან ჰქონდა ღვთისმშობლის ხატი. როგორც ისტორიკოსი წერს: იგი „დაცულ იქმნა, ვითარცა დანიელ პირისაგან ლომისა“. დავითს მამისგან მიჩენილი ჰყავდა მსახური, სახელად სოსანა. სოსანამ ამოთხარა ჯურღმულის თავი და იქიდან აწვდიდა წყალსა და პურს უფლისწულს. ხუთი წელი დაჰყო ლაშას ძემ ხაროში გველებთან. ეს ზღაპრული სიუჟეტია, მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ ტახტის მემკვიდრე ტყვედ იყო სულტანთან და მაინც ცოცხალი გადარჩა... 1245 წელს რუსუდან მეფე გარდაიცვალა. უკანასკნელი წლები მან მწუხარებასა და გლოვაში გაატარა. არაფერი იცოდა თავისი ძის, დავითის შესახებ, რომელიც დიდი ხნით დაიტოვეს ურდოში. საქართველო უმეფოდ დარჩა. ქართველებს აწუხებდა მონღოლთა ბატონობა, საჭირო იყო მეფე, წინამძღოლი. ამ დროს გაიგეს, რომ ლაშა-გიორგის ძე დავითი შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო. ეს ამბავი, ალბათ, სოსანამ შემოუთვალა დიდებულებს. ასე იყო თუ ისე, მათ მონღოლებს იკონიის სულთნისგან მისი გამოხსნა მოსთხოვეს, რომლებმაც ამ დროისათვის უკვე დაამარცხეს ყიასდინი. გურაგ მოციქული - ელჩი, ვარამ გაგელი და სარგის თმოგველი რუმში გაემართნენ. სულთანს არ სჯეროდა ლაშას ძე თუ ცოცხალი იქნებოდა. სოსანამ აუწყა მათ უფლისწულის ამბავი. ვარამ გაგელი და სარგის თმოგველი გულამოსკვნით ატირდნენ, როცა იხილეს სიკვდილის პირას მყოფი, გაყინული, გაყვითლებული, ფრჩხილებგრძელი, უგრძელესი თმითა და წვერით მოსილი საქართველოს ტახტის მემკვიდრე. მთელი საქართველო სიხარულით მიეგება ლაშას ძეს. მეფედ დასამტკიცებლად მონღოლთა ნოინებმა ოქროს ურდოში, ბათო ყაენთან გაგზავნეს იგი. ბათომ ისიც ყარაყორუმს მიავლინა. ლაშას ძეს ურდოში რუსუდანის ძე დახვდა. ქართველ დიდებულთა შორის კამათი გაიმართა, ვის უფრო ეკუთვნოდა ტახტი. მონღოლთა ყაენმა ორივე დავითი დაამტკიცა საქართველოს მეფედ. ლაშას ძეს უწოდეს ულუ - უფროსი, რუსუდანის ძეს ნარინი - უმცროსი. |