მრავალი გამარჯვება მოიპოვა თამარ მეფის ხელმძღვანელობით ქართულმა სახელმწიფომ. ნებიერად ცხოვრობდა ქართველთა სამეფო. მოსდიოდა ხარაჯა და ურიცხვი ძღვენი.
დიდი სამეფოს საკმაოდ დიდი შემოსავლიდან, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მეათედი, „ნაათალი“, ქვრივ–ობლებისა და გლახაკებისთვის იყო განკუთვნილი. დანარჩენი სახელმწიფო საჭიროებას, მმართველი სტრუქტურების მუშაობას, სასამართლოს, არმიის შენახვას, საპოლიციო სისტემის (მანდატურთა) მოქმედებას, დაზვერვას, გზებისა და არხების გაყვანას, ხიდების მშენებლობას, ერთგულ მოქალაქეთა დაჯილდოებას, ეკლესია–მონასტერთა აღმშენებლობა–მოწყობას, საქართველოში და უცხოეთში არსებული კულტურის კერების განვითარებას და სხვა აუცილებელ საქმიანობას ხმარდებოდა.
ასეთ ვითარებაში მეფე თამარს ეახლნენ მხარგრძელები – ამირსპასალარი ზაქარია, მსახურთუხუცესი ივანე, ვარამ გაგელი და მოახსენეს:
„ძლიერო ხელმწიფეო, შარავანდედთა შორის უმეტესად აღმობრწყინებულო, იხილე და განიცადე სამეფო თქუენი და სცან სიმხნე და სიძლიერე შენი ჯარისა, რამდენად ახოვანნი, მხნენი და რჩეულნი არიან შენი მეომრები. ვერავინ დაუდგება მათ წინ.
აწ ბრძანოს მეფობამან თქუენმან, რათა დავიწყებას არ მიეცეს შენი არმიის საგმირო საქმეები. ავმხედრდეთ სპარსეთის, ხორასნის, რომ–გურის (ავღანეთის) დასალაშქრავად, და გაიგონ მთელი აღმოსავლეთის ჯარებმა ძალა და სიმხნე ჩვენი.
უბრძანე საქართველოს არმიას მოემზადოს ხორასანზე სალაშქროდ. ქართველთაგან ჯერ არავის ულაშქრია ხორასანში.
ბრძანე მეფეო, რათა ნიკოფსით დარუბანდამდე შეიარაღდნენ და მზად იყვნენ!“
თამარ მეფემ მოუწოდა იმიერ და ამიერ საქართველოს წარჩინებულებს და აცნობა მხარგრძელების წინადადება. დარბაზმა მოიწონა გეგმა, დაასკვნეს ლაშქრობა და დაიწყეს არმიის მომზადება.
შემოდგომის დასაწყისში შეიკრიბა ლაშქარი ტფილისში. მეფე თამარმა აღლუმზე დაათვალიერა თავისი მეომრები. მოეწონა ცხენკეთილობა და შეიარაღება ჯარისკაცებისა, მათი სიმხნე, არმიის მრავალრიცხოვნობა და სპარსთა მიმართ საბრძოლო განწყობილება.
გამოაბრძანეს დროშა სვიანად ხმარებული, გორგასლიანი და დავითიანი და მეფეთ–მეფემ გადასცა ის ზაქარია ამირსპასალარს. შეავედრა დედოფალმა ვარძიის ღვთიმშობელს თავის ჯარისკაცები.
გაემართა ქართული არმია ხორასნის დაშალაშქრად, რომელიც მოიცავდა სპარსეთის, თურქმენეთისა და ავღანეთის ტერიტორიების ნაწილს.
გაიარეს ნახჭევანი, გავიდნენ ჯუღას, მდინარე არაქსი გადავლეს და მიადგნენ ქალაქ მარანდს. ეს ქალაქი ურმიის ტბასთანაა ახლო, ახლა ირანის შემადგენლობაშია. ქალაქი მარანდა მთებშია გაშენებული. იმ დროს ადარბადაგანის გასულთნებული ათაბაგების გამგებლობის ქვეშ იყო. ახლა ამ ტერიტორიას ირანის აზერბაიჯანი ეწოდება. ადრე ადარბადაგანი ერქვა. იქვე ახლოსაა ქალაქი თავრიზი.
მარანდელებმა რა შეიტყვეს უძლეველი ქართული არმია გვიახლოვდებაო, მიატოვეს ქალაქი და მთებში გაიხიზნენ.
ქართველები მოელოდნენ, რომ ადარბადაგანის ჯარი მარანდის მთაზე დახვდებოდა მათ. ამიტომ ხუთასი რჩეული მეომარი გამოარჩიეს, მეთაურად თაყაიადინ თმოგველი მიუჩინეს და მარანდის მთისკენ გააგზავნეს, რათა დაეზვერათ იქაურობა. მთავარი ძალაც უკან მიჰყვებოდა. მეწინავეებს ზაქარია ამირსპასალარისგან ბრძანება ჰქონდათ, ბრძოლა არ წამოეწყოთ, სანამ ძირითადი ძალები არ წამოეწეოდნენ. თუ მტრის დიდ ლაშქარს დაინახავდნენ, უნდა ეცნობებინათ ამირსპასალარისთვის და მის ბრძანებას დალოდებოდნენ.
ხუთასი ქართველი მეომარი ავიდა მთაზე. თამარის ჯარისკაცები დაინახეს ქალაქ მარანდის გარშემო მთებსა და კლდეებს შეხიზნულმა მარანდელებმა და რადგან ქართველთ ა რიცხვი მცირე იყო, გული მოეცათ და უცებ შეტევაზე გადავიდნენ. ქართველებს სხვა გზა არ ჰქონდათ, სანამ ამირსპასალარის ბრძანება მოვიდოდა, თავი უნდა დაეცვათ. ამიტომ მედგრად დახვდნენ მტერს.
ცოტა ხანში ბრძოლის ველზე მრავალი მარანდელი იწვა. დამარცხებული მარანდელები უკან გაიქცნენ, ისევ მთებისაკენ. ქართველები აღარ დაელოდნენ ამირსპასალარის ბრძანებას და გაედევნენ.
როცა ძირითადი ჯარი მივიდა ბრძოლის ველზე, იხილეს ხუთასი ქართული შუბით განგმირული ხუთასი მარანდელი მეომარი და მათი ცხენები, ხოლო ბრძოლის ველზე არცერთი ქართველი მეომრის ცხედარი არ იყო.
შეწუხდა ზაქარია ამირსპასალარი, რადგან არ იცოდა რა დაემართა მის მეომრებს. ცოტა ხანში დაინახეს მტრის დევნისგან მობრუნებული ქართველები. გამხიარულდნენ თამარის მეომრები. არც ერთი ქართველი არ მომკვდარიყო იმ შეტაკებაში.
თაყაიადინს მაინც საყვედური გამოუცხადა ზაქარია მხარგრძელმა, რადგან არ აცნობა მას და ისე გაედევნა მტერს.
მარანდის მერე ქართველები გაემართნენ ქალაქ თავრიზისაკენ. გადაიარეს დევსოფნად წოდებული მთა. ამ დროს თავრიზი სელჩუკთა გასულტნებული ათაბეგების სამფლობელოს დედაქალაქი იყო.
თავრიზის მოსახლეობა ძალიან დაფრთხა, ამიტომ თავრიზელმა დიდებულებმა, ხოჯებმა და წარჩინებულებმა გადაწყვიტეს ქართველებისთვის ხარკის მიცემით, ძღვენით და ქვეშევრდომობის აღიარებით გამოეთხოვათ მშვიდობა. მათი ელჩი შეეგება ქართულ ჯარს, ითხოვა მშვიდობა და ქალაქის აოხრებისგან დანდობა. სამაგიეროდ თავრიზელების მოციქული აღუთქვამდა ქართველებს ძღვენს: ოქროსა და ვერცხლს, უამრავ პატიოსან თვალს და მარგალიტს...
ზაქარია და ივანე მხარგრძელებს გაუკვიდათ ასე უომრად დანებება მათი, თუმცა სიამოვნებით მიითვალეს ხარკი, აღუთქვეს მშვიდობა. სამაგიეროდ, თავრიზელმა მთავრებმა, ყადებმა, ხოჯებმა, დერვიშებმა და წარჩინებულებმა ერთგულების ფიცი დადეს ქართველთა წინაშე.
უამრავი ოქრო, ვერცხლი, ლარი, ცხენები, ჯორები, აქლემები, თვალ–მარგალიტი, სამოსელი და ჯარისთვის საკვები მიართვეს თავრიზელებმა ქართული არმიის მეთაურებს. ჯარისკაცები და დიდებულები ნადავლით აღივსნენ.
დატოვეს მხარგრძელებმა თავრიზში ხუთასკაციანი გარნიზონი და გაუდგნენ გზას. მიადგნენ ქალაქ მიანას. მიანას მელიქს (მელიქი მართველს, მეფეს ნიშნავს) უკვე შეეტყო თავრიზელთა მიერ ხარკის საფასურად მიღებული მშვიდობა შესახებ. თვითონაც იგივე ითხოვა და უამრავი ხარკის მიცემა აღუთქვა ქართველებს.
ზაქარია მხარგრძელმა თანხმობა განუცხადა, მიითვალა ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ქვები. შემდეგ სარდალმა მიანაშიც ციხიონი ჩააყენა და გზა განაგრძო.
მიადგნენ შედარებით პატარა ქალაქ ზანგანს, რომელიც დიდი ალიზის (გამოუწვავი აგურის) ზღუდით იყო გამაგრებული. ეს ზენჯანის პროვინციის ცენტრია და კასპიის ზღვის სამხრეთით მდებარეობს, 125 კილომეტრში. ამ ქალაქის მკვიდრებმა გადაწყვიტეს გაემაგრებინათ ქალაქი და არ დანებებოდნენ ქართველთა ჯარს. ქართველებმა ალყა შემოარტყეს ქალაქს და შეუტიეს.
სარდლობამ ბრძანება გასცა და დაიწყეს ზღუდის ნგრევა, სხვადასხვა კუთხის შვილებმა სხვადასხვა მხარეს. ჩვენს არმიას შეიარაღებაში ჰქონდა კედლების სანგრევი დანადგარები, ლოდსატყორცნები და სხვა. პირველად მესხებმა შეხვრიტეს ზღუდე, შეიჭრნენ ქალაქში და დაერივნენ იქაურ მეომრებს. მათ სხვებიც მიჰყვნენ და აიღეს ქალაქი. აღივსნენ მესხნი და სხვა ქართველნი ნაალაფარით.
ქართულმა არმიამ რამდენიმე დღე დაისვენა. შემდეგ ხორასნისკენ გაუდგნენ გზას. ასე ქალაქ–ქალაქის აღებით მიიწევდნენ წინ.
უფრო აღმოსავლეთით, ყაზვინთან და აჰვრთან ახლოს ბრძოლაც გაიმართა, მაგრამ ვერ დაუდგნენ ქართველებს სპარსები. თამარის მეომრებმა აიღეს კიდევ სხვა ქალაქები, მათ შორის ყაზვინი (დღევანდელ ირანში ყაზვინის პროვინციის ცენტრი) და აჰვრი. აქაც დიდი ალაფი ჩაუვარდათ ხელში ჩვენს წინაპრებს. დაპყრობილ ქალაქებში მოსახლეობას არ ხოცავდნენ. ტყვედ მოჰყავდათ მხოლოდ კაცები და ახალგაზრდა ვაჟები.
ასე მიიწევდა ქართული არმია წინ. ხორასანი ირანის უძველესი პროვინციაა. ოდესღაც ხორასნის ფარგლებში შედიოდა დიდი ტერიტორიები, მათ შორის, ირანის გარდა, ავღანეთის, თურქმენეთის ტერიტორიების ნაწილი და სხვა.
ხორასანი ვერ წინააღუდგა ქართულ არმიას. აიღეს არა ერთი ქალაქი, მათ შორის ქალაქი გურგანი (გორგანი, დღევანდელი ირანის გულისტანის პროვინციის ცენტრი), რომელიც კასპიის ზღვის აღმოსავლეთითაა და დაიმორჩილეს გარშემო ტერიტორიები.
შემდგომ კი ვეღარ შეძლეს წინსვლა, რადგან უამრავი ალაფი ჰქონდათ და შეუძლებელი იყო ასე დატვირთული, ამდენი ცხენის, ჯორისა და ვირის თან წაყვანა და ბრძოლები. ზამთარიც ახლოვდებოდა.
თამარის გმირებმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს.
ასე უზომოდ დატვირთული ჯარი უკანა გზაზე მოადგა ქალაქ მიანას და მოიკითხა სარდალმა თავისი ხუთასკაციანი გარნიზონი. მიანას მელიქმა, რომელიც ძღვენით წინ შეეგება ქართული ჯარის სარდლობას, უპასუხა: – „თავრიზში გაემგზავრნენ იქაურ გარნიზონთანო“.
ძალიან გაუკვირდათ ქართველებს ბრძანების გარეშე პოსტის მიტოვება ციხიონისგან... ამ დროს კი გამოჩნდა ერთი ჯარისკაცი, მიანაში დატოვებული გარნიზონის ხუთასი მეომრიდან, რომელმაც აუწყა ქართულ სარდლობას საშინელი სიმართლე.
როცა ქართული არმია შუა ხორასანში მყოფებოდა, ვიღაცას მიანას მელიქისათვის მიუტანია ამბავი, თითქოს ქართველებს გზა შეუკრა დიდმა სულტანმა და გილანელთან დახმარებით მთელი ჯარი გაანადგურაო, ისე, რომ ერთი კაციც არ დარჩა, რათა საქართველოში ამბავი მიიტანოსო.
მიანას სულტანს და მის დიდებულებს ძალიან გახარებიათ. უსარგებლიათ და მოულოდნელად, ვერაგულად თავს დასხმიან ქართულ გარნიზონს და დაუტყვევებიათ. მერე კი ყველა დაუხოცავთ, მათ შორის ბევრი წამებით.
ერთი მეომარი საქმეზე ყოფილა გასული და შემთხვევით გადარჩენილა და დამალულა. გადარჩენილმა უამბო ზაქარია ამირსპასალარს თუ როგორ აწამებდნენ ქართველებს მიანელები, როგორ ხოცავდნენ, როგორ კიდებდნენ ძელზე, როგორ გახადეს ცოცხლად ტყავი ზოგიერთ დატყვევებულ ქართველს.
იდგნენ გაცეცხლებული ქართველი სარდლების წინაშე მიანას მელიქი და მისი წარჩინებულები და წყევლიდნენ ცრუ მაცნეს და თავის დაბადებას...
ზაქარია მხარგრძელის ბრძანებით შეიპყრეს მიანას მელიქი, მისი ცოლ–შვილი, ახლობლები, ქალაქის თავკაცები და დახოცეს. ზოგს გააძვრეს ტყავები და მინარეთის საყივარზე ჩამოკიდეს, ქალაქი გაძარცვეს, დაარბიეს და დაწვეს. უამრავი ტყვე წამოასხეს.
ქართველნი გამარჯვებულნი, ალაფით დატვირთულნი, მაგრამ გულნატკენნი ბრუნდებოდნენ უკან, რადგან მათი 500 თანამებრძოლი ასე ვერაგულად მოკლეს მიანელებმა.
ქართულ–კავკასიური იმპერიის დედაქალაქი ტფილისი დიდი ზეიმით შეეგება თავის საამაყო არმიას. იყო ბუკის ხმა და დუმბულთა ცემა. არასდროს ასე შორს, ასე წარმატებით არ ულაშქრიათ მანამდე ქართველებს...
მეფეთ–მეფე თამარი კმაყოფილი იყო და ბედნიერი თავისი ჯარისკაცების გმირობით. გამარჯვებული სარდლები ისნის სასახლეში ეწვივნენ მეფეს და მიართვეს დიდი ძღვენი. არც ერთ ქართველს მანამდე ასეთი მდიდრული ალაფი არ ეხილა.
მეფის ბრძანებით ნადავლიდან დიდი ნაწილი კვლავ გაუყვეს არმიას, ასევე ქვრივ–ობლებსა და გლახაკებს.
და მადლობდა წმინდა თამარი უფალს ასეთი გამარჯვებისათვის. |