ჩვენს სათაყვანებელ მეფეს, დავით აღმაშენებელს ძალიან უყვარდა წიგნების კითხვა. კარგი ბიბლიოთეკაც ჰქონია. მისი ბიბლიოთეკა სასახლეში კი არ იყო გამოკეტილი, არამედ ბიბლიოთეკის ნაწილი მოძრავი გახლდათ. სადაც არ უნდა წასულიყო ხელმწიფე, რაიმე საქმეზე, ლაშქრობაში, სანადიროდ თუ სხვა, მეფის მსახურებს თან მიჰქონდათ, ჯორებზე და აქლემებზე აკიდებული, ჩვენი ხელმწიფის წიგნები. როგორც კი ცხენიდან ჩამოხდებოდა, უმალ მიუტანდნენ ხოლმე წიგნს, რომელსაც იმ დღეს კითხულობდა და სანამ ძალიან არ დაიღლებოდა, თავს არ ანებებდა კითხვას. სერობის შემდეგ ისევ წიგნებს მიუბრუნდებოდა (სერობა ვახშმობას ნიშნავს, ქართული სიტყვიდანაა ნაწარმოები, სერი - საღამო. ვახშამი თურქული სიტყვაა). ძილის ნაცვლად წიგნებს ჩაუჯდებოდა ხოლმე. როცა თვალები დაეღლებოდა, რომელიმე მსახური უკითხავდა ხმამაღლა და მეფე ისმენდა („რაჟამს თუალნი დაშვრიან, სასმენელნი ანაცვალნის“). უბრალოდ კი არ უსმენდა, არამედ გაამეორებინებდა ხოლმე საინტერესო ფრაზას, მსჯელობდა, ფიქრობდა, უფრო მეტად კი თვითონ განმარტავდა. ყველა მონადირე ნადირობისას მხოლოდ ნადირობაზე ფიქრობს, მხოლოდ ნადირის ძებნა უნდა და მისი დევნა, სხვა არაფერი არ ახსოვს, არც აინტერესებს, საერთოდ, ესაა ნადირობის აზარტი. ჩვენი ხელმწიფის, როგორც მკითხველის გულმოდგინება აზარტზე მაღლა იდგა, მიუხედავად იმისა, რომ ნადირობა უყვარდა. ნადირობის დროსაც წიგნები მიჰქონდა თან და კითხულობდა ცხენზე მჯდარი, და როგორც კი დრო დადგებოდა და ნადირი გამოჩნდებოდა, მარეკების მიერ გამოდევნილი, მსახურს გადასცემდა წიგნს და თვითონ კი დაედევნებოდა. დავით აღმაშენებლის მემატიანე, მისი თანამებრძოლი და თანამოაზრე, მისი ცხოვრების აღმწერი, რომლის ვინაობაც ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვიცით, წერს: „ნურავის ეგონება, რომ ნადირობიდან ხელცარიელი დაბრუნებულიყოს როდესმე, ან ტყუილად დადევნებოდა ნადირს. მისებრ გამარჯვებული მონადირეები მხოლოდ რამდენიმე თუ არსებობდა. არის გადმოცემები - ებრაელი მოსიმახოს მოისრობის შესახებ (რომელსაც მოიხსენიებს იოსებ ფლავიოსი), ალექსანდრეს სპათა მჯობად; და აქილევსის შესახებ, რომელსაც კენტავრმა ასწავლა მოისრობა, ელენთა შორის; ასევე ბარამ-ჯური (ბაჰრამ-გური, რომელმაც ნადირობისას ორ მძინარე კანჯარს ისარი სტყორცნა და ყურებით გადააბა ერთმანეთს), სპარსთა შორის; თუმცა, ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრებოდა, როგორც ჩვენ გვიხილავს ჩვენი თვალითო“. მეფე თავის ნანადირევს მერე ჰყიდდა და ფულს ღარიბებს უნაწილებდა საკუთარი ხელით. დავით აღმაშენებლის მემატიანე გვიამბობს, რომ ხელმწიფეს სამოციქულოს კი თხვა ჰყვარებია, სხვა წიგნების კითხვასთან ერთად. სამოციქულო არის ახალი აღთქმიდან გამოკრებილი საკითხავების წიგნი. წიგნში შედის 7 კათოლიკე ეპისტოლე. 14 ეპისტოლე წმინდა პავლე მოციქულისა. ეს წიგნი დაყოფილია თავებად და მუხლებად და საკითხავებად. წელიწადის ყოველი დღისათვის განკუთვნილია ცალკე საკითხავი. ასევე დღესასწაულებისათვის, კვირა დღეებისათვის და ა. შ. დავით აღმაშენებელი, როცა წიგნს დაასრულებდა, ნიშანს დაუსვამდა, თურმე, წიგნის ბოლოს. ახალი წიგნი, მეფისთვის გადაწერილი სამოციქულო (რომელიც თავის დროს ქართულ ენაზე თარგმნა გიორგი მთაწმინდელმა), ერთი წლის მერე ნახა დავით აღმაშენებლის ცხოვრების ავტორმა, აღმოჩნდა, რომ ერთი წლის განმავლობაში 24-ჯერ ჰქონია წაკითხული მეფეს. ალბათ, ასევე მრავალჯერ კითხულობდა საღვთისმეტყველო თუ სხვა წიგნებს ჩვენი დიდი ხელმწიფე. დავით მეფის წიგნის კითხვის სიყვარულთან დაკავშირებით საინტერესო ამბები ბევრი ყოფილა, თურმე. მემატიანე ერთ-ერთ ამბავს გვიამბობს: ჯერ კიდევ დაბრუნებული არ ჰქონდა დავით აღმაშნებელს ჩვენი დედაქალაქი, ტფილისი, ოთხას წელს არაბების ხელში ნამყოფი, და ჩვენს მთავარ ქალაქში ქრისტიანები ჯერ კიდევ იჩაგრებოდნენო. ხანდახან ტფილისში ქრისტიანებს სრულიად უმიზეზოდ ატყვევებდნენ და ხოცავდნენ, თურმე. ეს ძალიან აწუხებდა მეფე დავითსო. ე. ი. ეს ამბავი მოხდა 1121 წლამდე, დიდგორის ბრძოლამდე და ტფილისის დაბრუნებამდე კარგა ხნით ადრე. დავით აღმაშენებლის მეფობის დასაწყისში ჩვენი სახელმწიფო ძალიან სუსტი იყო. მეფემ დაიწყო არმიის ხელახლა შექმნა. გამუდმებით აღლუმებს ატარებდა და წვრთნიდა ჯარისკაცებს. პატარ-პატარა რაზმებით თავს ესხმოდა თავგასულ თურქ-სელჩუკებს, რომლებსაც უნდოდათ აღმოსავლეთ საქართველო თავისი საქონლის საძოვრად ექციათ და ანადგურებდა ნელ-ნელა მტერს, დანარჩენებს კი აშინებდა. ასე ვთქვათ, სპეც-ოპერაციებს ატარებდა. ხელმწიფე დავითი კარგი სტრატეგი იყო და კარგად გეგმავდა ამგვარ ოპერაციებს თუ ბრძოლებს. თვითონ მხოლოდ ბრძანების გაცემას კი არ ჯერდებოდა, ან შორიდან კი არ ხელმძღვანლობდა ოპერაციას თუ ბრძოლას, პირადად იღებდა მონაწილეობას. შეიძლება ითქვას, იყო მთავარსარდალიც და განსაკუთრებულად გაწვრთნილი, სპეც-დანიშნულების რაზმების მეთაურიც. ერთხელ დიდი ქარავანი შემოსულა ტფილისში, განძიდან. ქარავანს თან შემოჰყოლია ბევრი თურქი. ქარავნები, ხშირად, დაცვით დადიოდნენ. ქარავნებთან ერთად ვრცელდებოდა არა მხოლოდ სავაჭრო საქონელი, არამედ ფინანსურ-ეკონომიკური და რაც მთავარია, პოლიტიკური ინტერესებიც. ტფილისში ქარავანთან ერთად თურქთა შემოსვლა რომ შეიტყო დავით მეფემ, თხუ თმეტი რჩეული კაცი გააგზავნა, რათა ლოჭინიდან საბალახოდ გასული ნახირი მოეტაცებინათ, რომლებიც ტფილისელ მაჰმადიანებს (ან ქარავნის პატრონებს) ეკუთვნოდა და თუ თურქები გამოეკიდებოდნენ მდევრად, ამოწყვეტდა მათ ამგვარი ხერხით, გამოტყუებით. მეფე 300 მხედრით ავჭალის ღელესთან დაიმალა. არავის მიანდო ეს საქმე, თვითონ წავიდა ოპერაციის სახელმძღვანელოდ, უსაჭურვლოდ, მარტო ხმლის ამარა. როგორც ყოველთვის, თან წაიღო წიგნები ღვთისმეტყველების შესახებ. თავის მეომრებს უბრძანა, სანამ არ მოვალ თქვენთან, არ დაიძრათო. თვითონ მეფე თავის სამასკაციან რაზმს მოშორდა და ჩამოხდა ცხენიდან. დავითის სპეცდანიშნულების ნაწილმა შეასრულა ბრძანება და გამოიტაცა ნახირი. გამოეკიდა მათ ასი თურქი და წამოეწია. თურქებმა ცხენები დაუხოცეს ქართველ მეომრებს, დავითის ჯარისკაცები ქვეითად იბრძოდნენ. ცხენიდან ჩამოსული მეფე იჯდა და წიგნს კითხულობდა გულდასმით. ისე გაიტაცა კითხვამ, სრულიად დაავიწყდა რაც ხდებოდა, სანამ ყვირილის ხმა არ მოესმა. უმალ მიატოვა წიგნი, შეახტა ცხენს და გააჭენა იმ მხარეს, საიდანაც მოესმა ხმაური. დაინახა თავისი მსახურები, თხუთმეტი კაცი, გაცილებით მრავალრიცხოვანი თურქების წინააღმდეგ თავდადებით მებრძოლნი. არჩევანის წინაშე დადგა ჩვენი ხელმწიფე, თუ დანარჩენი მებრძოლების დასაძახებლად წავიდოდა, სანამ დაბრუნდებოდნენ, მის მსახურებს დახოცავდნენ თურქები, არადა მათთან შერკინებაც თავის საფრთხეში ჩაგდებას ნიშნავდა, ძალიან ბევრნი იყვნენ მტრები. მისი საფრთხეში ჩავარდნა კი ქვეყნისთვის საშიში იყო. სხვა გზა არ ჰქონდა ქართველთა მეფეს, ალბათ, ვაჟკაც მეფეს ვერც წარმოედგინა სხვა ვარიანტი - გაექანა თურქებისაკენ. თურქებზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა გაშმაგებული მეომრის, დავით მეფის დანახვამ - „მსწრაფლ შთაბრიალდა ვითარცა არწივი, და დააბნივნა ვითარცა კაკაბნი“. მეფემ რამდენიმე თურქი მოკლა. მეფის მსახურები ამხედრდნენ მოკლული თურქების ცხენებზე და მიეშველნენ მეფეს. კიდევ არა ერთი თურქი დახოცეს. დანარჩენებმა მოატრიალეს ცხენები, გაიქცნენ და ძლივს შეასწრეს ქალაქში. ასე გადაარჩინა დავით აღმაშენებელმა თავისი თხუთმეტი გამორჩეული მეომარი. გზაზე ეყარა თურქთა მძორები. დავით მეფის ხმალი ისე დაღვლარჭნილიყო, ბევრი ცემისგან მტრების ხმლებზე, რომ ვეღარ ჩაეტია ქარქაშში. „ფრიადისა ცემისაგან ხრმალმან-ცა დაღვლარჭნილმან უარყო ქარქაში თვისი“. მეფე და მის მიერ გადარჩენილი „ნახირის გამტაცებლები“ დაბრუნდნენ ამ ოპერაციისათვის წამოყვანილ სამას მხედართან, რომლებმაც, როცა გაიგეს რაც მოხდა, საყვედური უთხრეს მეფეს, რადგან საფრთხეში ჩაიგდო თავი. |