1161 წლის ზაფხულში, ანისის აღების შემდეგ სამი დღე დაასვენა მორჭმულმა მეფე გიორგი მესამემ თავისი ჯარი. მადლობდნენ ღმერთს გახარებულნი, რადგან თითქმის მსხვერპლის გარეშე აიღეს სომეხთა ერთ-ერთი სამეფოს დედაქალაქი, „ბერძენთა მეფის საჯდომი სახლი“, ანისი, სადაც 1001 ეკლესია იდგაო, როგორც ამბობენ. მეფემ ანისი პირდაპირ შემოუერთა საქართველოს და მმართველად, „ამირად“ დანიშნა ივანე ორბელი, თავისი მანდატურთუხუცესი და ამირსასალარი, თანაშემწედ დაუნიშნა სარგის მხარგრძელი. ქალაქის მცველად 2 000 მეომარი დატოვეს. განსაკუთრებით გახარებული იყო მეფე გიორგი ანისის დასაბრუნებლად წამოსული ხლათის მბრძანებლის (შაჰ-არმენის), სომხეთის სხვა მაჰმადიანი მფლობელების, დიარბექირის, შამის (დამასკოს), არზრუმისა და სხვა, არაბთა და თურქთა ზოგიერთი მთავრის გაერთიანებული ლაშქრის დამარცხების გამო. ქართველებმა თითქმის დანაკარგის გარეშე სძლიეს გაცილებით მრავალრიცხოვან მტერს. ერთი სომეხი ისტორიკოსის ცნობით, ქართველებს დაუმარცხებით 80 000 მაჰმადიანი. 7 000 მეომარი მოუკლავთ და 2 000 ტყვედ აუყანიათ. ასევე 6 დიდი მთავარი და 150 ამირა ჩავარდნიათ ხელთ ჩვენს მეომრებს.. აღივსო საჭურჭლით ჯარი, დიდებულებიც და უბრალო ჯარისკაცებიც. მეფემ დიდძალი საჩუქრები გასცა. სომხურივე ცნობით, ანისის მოქალაქეებს, განურჩევლად ეროვნებისა, ქართველმა მეფემ საჩუქრად დაურიგა 40 000 დრაჰკანი (ოქროს ფული). ანისიდან ადრე ტყვედ წაყვანილი ქრისტიანები და მაჰმადიანებიც მტრების ტყვეობიდან გამოისყიდა და გაათავისუფლა. იმ დროს არა ერთი სომეხი იყო გადასული მაჰმადიანობაზე, განსაკუთრებით ზედაფენების წარმომადგენლები. გამოაგზავნა მაცნე პატრიარქისა და ფილოსოფოსთა გასახარებლად, მათი ლოცვა მუდამ თან ახლდა მეფეს. მივიდა თავისი მამიდის, თამარ დედოფალთა-დედოფლის წინაშე, რომელმაც სიხარულით იტირა. მერე თავის ულამაზეს ცოლს, დედოფალ ბურდუხანს ეახლა გამარჯვებული მეფეთა-მეფე. შემდეგ, ქართველთა მეფე 30 000 კაციანი ჯარით სომხეთის სხვა დედაქალაქის, დვინის გასათავისუფლებლად გაემართა. სასტიკად დაამარცხა იქაური მაჰმადიანების ჯარი, რომელთაც დაპყრობილი ჰქონდათ სომეხთა ეს ქვეყანა, გამოეკიდა დაქცეულ ჯარს, შეჰყვა ქალაქში, დაიკავა და შემოუერთა საქართველოს. დიდი სიხარულით შეხვდა სომხური მოსახლეობა ამ ამბავს. გახმაურდა ამბავი ხლათის, დიარბექირის, არზრუმისა და სხვა მაჰმადიანთა მფლობელების ლაშქრის დამარცხების შესახებ. ეს შეიტყვეს „ხორასნისა და ერაყის სულტანმა“ და ყოველთა მაჰმადიანთა სასულიერო ლიდერმა - ხალიფამ, სპარსეთის ათაბაგმა ელდიგუზმა, შეკრიბეს დიდი კოალიცია და გამოემართნენ საქართველოსკენ. გამარჯვებისთვის სპარსელ მაჰმადიანებს ჯადოქრობისთვისაც კი მიუმართავთ და გაუხსენებიათ მათი წინაპრების ღმერთი, ზოროასტრი, რომელიც იყო პირველი მეფე და ვარსკვლავმრიცხველი მათი. მისი ძვლების ძებნა დაუწყიათ, რადგან გადმოცემა არსებობდა - „ვიდრე გექნებათ ზოროასტის ძვლები, არ მოაკლდება მეფობა სპარსელებსო“. შეიკრიბნენ რანში, შემოვიდნენ ქვემო ქართლში, აიღეს გაგის ციხე და მოაოხრეს საქართველოს საზღვარი. ეს რომ გაიგო სახელგანთქმულმა მეფემ, უძლეველმა მხედარმა და უებრო მეომარმა გიორგიმ, მოუწოდა შვიდივე სამეფოს არმიას, იმერიდან და ამერიდან, გადმოიყვანა კავკასიის გადაღმიდან ოსები და სხვა მთიულები და დიდი ძალით გაემართა მაჰმადიანთა უთვალავი ჯარის წინააღმდეგ. როცა მაჰმადიანთა კოალიციის სარდლებმა იხილეს, ქართველებს არ შეშინდათ და მოგვადგნენო, თავად შეშინდნენ, ითათბირეს და თქვეს: „დღეს არავინ არის პირისპირ შემბმელი გიორგისთან და მის ლაშქართან. გავერიდოთ და მივეფაროთო.“ გაგის ტერიტორიაზე მყოფები დაიძრნენ, დაიხიეს უკან და მიერიდნენ ჩვენს ჯარს. მიატოვეს სანოვაგე, კარვები, საჭურველი და გაეცლას ცდლობდნენ. წამოეწივნენ ჩვენები და დაუწყეს ჩამოყრა ცხენებიდან მათ უკანა რიგელებს. ეს რომ გაიგო სვეგანდიდებულმა გიორგი მეფემ, გააფთრებული იწევდა შეტევაზე გადასვლას. მაგრამ, რამდენიმე დიდებულმა სადავე დაუჭირა მის ცხენს და არ გაუშვეს. განსაკუთრებით ვარდან კოლონკელიძემ, ჰერეთის ერისთავმა, რომელიც ყოფილა საკმაოდ ასაკიანი, ბრძოლათა შინა გამოცდილი და ძლიერი. მემატიანის აზრით, ეს ერთმანეთის შურმა და მტრობამ განოიწვიაო. არ მიუშვეს მეფე შეტევაზე და უთხრეს: „ვინაიდან გაქცეულია სულტანი თავის ჯარით, ნუღარ იკადრებ აღზევებულობას ღვთის მიმართ“. ეს იყო მიზეზი უმიზეზო, სიტყვა უსიტყვო, უქმი საქმეო - წერს „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ უცნობი ავტორი. ალბათ, დიდებულები მოერიდნენ ზედმეტი სისხლის ღვრას, გამარჯვებას ისედაც მიაღწიეს, მტერი უკან გაბრუნდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ეს შეცდომა იყო, რადგან ქართველთა მხრიდან არ მოჰყვა შესაბამისი ნაბიჯები. მეფე იყო ბრძენი და მოსმსმენი, დამორჩილდა დიდებულების რჩევას და აღარ გაეკიდა არაბ-თურქ-სპარსელებს. გაუშვა გიორგიმ ჯარი და არხენად შეუდგა ისევ შვებას, სიხარულსა და ნადირობას. როგორც ჩანს, დავთ აღმაშენებლის მიერ შექმნილი დაზვერვის სისტემა აღარ მუშაობდა კარგად და აღარც კონტდაზვერვის. სიფრთხილე მუდამ აკლდათ ქართველებს. სულტანი, ათაბაგი და მათი ჯარმა ამასობაში გელაქუნის ოლქის გადაიარეს, შემდეგ მოულოდნელად გადაუხვიეს, რეიდი განახორციელეს და სწრაფად მივიდნენ ქალაქ ანისთან. მოირთვეს სხვა მაჰმადიანი მფლობელებიც, ადრე დამარცხებულები. იმ დროს ანისს მართავდა დიდი და სახელგანთქმული მოლაშქრე თორელი. გაამზადა თორელმა საბრძოლო მანქანები. მეფე მცირერიცხოვანი ძალებით სანადიროდ და გასართობად იყო. ლორესა და დმანისს შორის იდგა. მასთან ვითომ მოსალაპარეკებლად იმყოფებოდა სულტნის ელჩი, რომელიც დაზვერვასაც ახორციელებდა. ელჩმა სწრაფად გააგზავნა ცნობა სულთანთან და ათაბაგთან და აცნობა: „ახლა გვაქვს შესაფერისი დრო, ახლა თუ არ მოხვალთ, სხვა დროს ვეღარ მოახერხებთ ვერაფერსო“. მიატოვეს ანისი მაჰმადიანებმა და სწრაფი მარშით დაიძრნენ მეფის სამყოფლოსკენ. და დილაადრიანად მძინარეებს თავს დაესხნენ მეფესა და მის მცირერიცხოვან მეომრებს. ძლივს მოასწრეს ქართველებმა ჩაცმა და აბჯრის ასხმა. ძალები ძალიან უთანასწორო იყო. სიტუაცია ძალიან წამგებიანი. ივანე ამირსპასალარმა და სხვა დიდებულებმა ძლივს აიძულეს დაუმარცხებელი გიორგი მეფე უკანდახევაზე. ეუბნებოდნენ: „არის დრო ომისა და არის დრო გაქცევისა. ყველა საქმეს თავისი დრო აქვს. ჩვენ გავიქცეთ ახლა, და შემდეგში კვლავ შევძლებთ ჩვეულებისამებრ გაარჯვებასო.“ ესე იძულებით მოჰყავდათ მეფე. არიერგარდის მეომრები კი შიგადაშიგ მოუბრუნდებოდნენ მტერს და ბრძოლას უმართავდნენ, რათა მეფე სამშვიდობოს გაეყვანათ. ისეთი სიმხნე და სიჩაუქე გამოიჩინეს ქართველებმა, რომ არც ერთი აზნაური, არც ვარგი, არც აზნაურის ყმა არ მომკვდარა, გარდა ერთი ჯვარისმტვირთველი ქანისძისა და ერთი უიღბლო აზნაურისა. სალაშქრო ჯვარიც მშვიდობით გამოარიდეს მტერს. მაჰმადიანთა კოალიციის მეთაურებმა თქვეს: „ვინაიდან უგრძნეულად დავეცით თავს და ხელთ ვერ ვიგდეთ, ახლა მისი დევნა არის დევნა აჩრდილისა და ქარისა. უკან გავბრუნდეთ ჩვენს ქვეყნებში, რაც მოგვცა ღმერთმა მისით მადლობელნი.“ ეს მოხდა 1162 წელს. ამის მერეც კარგა ხანს გაგრძელდა დაპირისპირება ქართველებსა და მაჰმადიანებს შორის ანისის გამო. შემოეხვეწა ელდიგუზ ათაბაგი და ჩადგა შუამავლად მეფესა და სულტანს შორის და ითხოვა ზავი. დედოფალი რუსუდანი, ჩვენი მეფის დაც, ხორასნის (ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთის ქვეყანა) ყოფილი სულტნის ქვრივი, შუამავლად ჩადგა თავის ძმასა და მაჰმადიან მფლობელებს შორის და დაიდო ზავი. ამ მარცხისა და მუდმივი საომარი მდგომარეობიდან გამოსვლის სურვილის გამო, დაახლოებთ 1165 წელს გიორგი მეფე იძულებული გახდა და ანისი კვლავ უბოძა ძველ მფლობელს, მაჰმადიან ქურთ შედადიანს (შადადიანს) და ითაყვანა ყმადნაფიცობის პირობით ანუ შედადიანი კვლავ ქართველთა მეფის ვასალი გახდა. გიორგი მეფემ ისევ გააგრძელა ნადირობა, ნადიმობა და განცხრომა. |