|
ლოვარდ ტუხაშვილი - საქართველოს სამეფო კარის ორი მთავარი შეცდომა ლაშა-გიორგისა და რუსუდანის მმართველობაში (,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“) ლოვარდ ტუხაშვილი
,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“წიგნი Iბაგრატ III-დან გიორგი V ბრწყინვალემდე წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად. მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.
საქართველოს სამეფო კარის ორი მთავარი შეცდომა ლაშა-გიორგისა და რუსუდანის მმართველობაში
ლაშა-გიორგის პოლიტიური პორტრეტი პირველად მოგვცა მე-14 საუუნის უცნობმა გენიოსმა ისტორიკოსმა ჟამთააღმწერელმა. დღეს ისტორიოგრაფიაში გავრცელებულ შეხედულებას კი სათავე დაუდო აკად. ივ. ჯავახიშვილმა. ამ ტრაგიკული ბედის ჭაბუკ მეფეს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. ჟამთააღმწერელმა მას უზნეობაში დასდო ბრალი. უზნეობა კი, ისტორიკოსის აზრით, პოლიტიკური კრახის საფუძვლად იქცა. იმდენად შორს წავიდა ჟამთააღმწერელის მორალური სენტენციები, რომ მონგოლთა წარმატებანიც მათი ზნეობრივი სიმაღლით ახსნა. ჯავახიშვილმა ლაშა-გიორგის არ მოუწონა მეფე-რაინდის უპირატესობის აღიარება მეფე-ხელმძღვანელის მოვალეობასთან შედარებით. საბედნიეროდ, ლაშა-გიორგის რეაბილიტაციაც ბევრმა სცადა. ჯერ ივანე ბაგრატიონმა მოუხსნა ბევრი ბრალდება, მოგვიანებით ქართულ ისტორიოგრაფიაში შემუშავდა ასეთი თვალსაზრისი: ვითომდა მეფის დემოკრატიული ბუნება შეეჯახა არისტოკრატიულ პარტიკულარიზმს, რაც მეფეს არ აპატია ასევე არისტოკრატიულმა ისტორიოგრაფიამ.
ლაშა-გიორგის ეპოქის საქართველო სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ დუღილს განიცდიდა. ეს იყო თვისებრივი დუღილის ხანა. ქვეყანა დიდი ნახტომისათვის ემზადებოდა. სოციალურად ხდებოდა ბატონ-ყმობის გამარჯვება და წინა - ბურჟუაზიული საზოგადოების ჩამოყალიბება. ეკონომიკურად ,,ყოველი საქართველოს“ ეროვნული ბაზარი (ფეოდალური შინაარსის მქონე, რა თქმა უნდა) გარდაიქმნებოდა საერთო იმპერიული მასშტაბის ბაზრად. იცვლებოდა ცნებების ,,ქვეშევრდომი“, ,,მოქალაქე“, ,,ქართველი“, ,,ნათესავით ქართველი“ და ა.შ. შინაარსი. ქართული ეკლესია იგებდა ომს გრიგორიანობასთან, ახერხებდა ბერძნული ენის განდევნას. ერთი სიტყვით, მიმდინარეობდა დიდი პროცესი, რომლის დასრულებასაც სჭირდებოდა გარკვეული დრო. ლაშა-გიორგის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ ვერ შეიმუშავა (ან ვერ მოასწრო შეემუშავებინა) ახალი ეპოქის შესაბამისი პოლიტიკური დოქტრინა. დავით აღაშენებლიდან მოყოლებული გიორგი III-ის ჩათვლით საქართველოში დომინირებდა ეროვნული პოლიტიკური უნისონის კონცეფცია. მეფე თამარმა მოგვცა წონასწორობის პოლიტიკა. ლაშას დროს, მართალია, მცირე დრო იყო გასული, მაგრამ იმდენად ბევრი რამ მოხდა მსოფლიოშიც და კავკასიაშიც, რომ თამარისეული სათნოება აღარ გამოდგებოდა. ჩვენ არა გვაქვს არავითარი მონაცემები ლაშა-გიორგის პოლიტიკური შეხედულების შესახებ, თუმცა ძალზე კარგად ვიცით მისი თავისუფალი აზროვნება, რომელიც პიროვნულად (ვითარცა კაცი) აღტაცებას იწვევს. მაგრამ, თუ დავაკვირდებით 1210-1221 წლების პოლიტიკურ ცხოვრებას, დავრწმუნდებით, რომ ჭაბუკმა მეფემ დასძლია შინაგანი წინააღმდეგობა და თითქმის თავისი გაიტანა. ჯერ ერთი, უმაღლესი არისტოკრატია და კათალიკოსი დათანხმდა ოფიციალურად შეერთო ,,დედაკაცი სიძვისაი“, მეორეც, დაახლოებით 1214-1214 წლებიდან, აღარ იგრძნობა მსხვილი მოხელეების ზეგავლენა მეფეზე (არის ცნობა, რომ ივანე ათაბაგიც ბერად აღიკვეცა). მონღოლთა პირველი დარტყმის დროს ლაშა-გიორგი სულაც არ გამოიყურება დაბნეულად. მან მონღოლთა წინააღმდეგ საგამის ველზე 90-ათასი კაცი გამოიყვანა. ეს მეტყველებს საქართველოს სამხედრო სისტემის სრულ წესრიგზე. მართალია, ქართველები დამარცხდნენ, მაგრამ ეს უფრო მონღოლთა სიძლიერის მაჩენებელია, ვიდრე ქართველთა სისუსტისა. ლაშა-გიორგიმ, დამარცხების მიუხედავად, სწრაფად მოახდინა ლაშქრის რეორგანიზაცია და გარკვეული საპასუხო დარტყმაც მიაყენა ძლევამოსილ მონღოლებს. საგარეო პოლიტიკაშიც 20-იან წლებში ლაშა-გიორგი საკმაოდ მტკიცე კურსის გამტარებელი ჩანს. მან აქცენტი აიღო კავკასიის პოლიტიკური ერთეულების შემომტკიცებაზე. სწორედ ამას უნდა ნიშნავდეს მისი გადაწყვეტლება, რუსუდანი გაეთხოვებინა არა იკონიაში, არამედ შარვანში. ეს მოასწავებდა თამარისეული ჯვაროსნული პოლიტიკის შეცვლას. მეფე ემზადებოდა პალესტინაში შესაჭრელად. ვფიქრობთ, სწორედ ის 90-ათასი კაცი, რომელიც მან მონღოლებს დაუპირისპირა, იყო ქართული ჯვაროსნული არმია. რუსუდანის გამეფების შემდეგ საქართველოს სამეფო კარმა დაუშვა მეორე დიდი შეცდომა. გააგრძელა რა ჯვაროსნული ლაშქრობის სამზადისი, საქართველომ თავისი სამხედრო ენერგია მიუშვა უშუალოდ მაჰმადიანი მეზობლების წინააღმდეგ. ქართველებმა დაივიწყეს, რომ მაჰმადიანობა ადგილობრივი მოვლენა იყო. ამან გამოიწვია, როგორც მეზობელი ქვეყნების, ასევე საკუთარი მუსულმანი ქვეშევრდომების მძაფრი უკმაყოფილება. ჯალალ ედ დინის სრულიად მოულოდნელი გამარჯვება საქართველოზე იყო ქართული დიპლომატიის მარცხი, რომელმაც გამოიწვია ანტიქართული ისლამური აფეთქება მთელი კავკასიის და მახლობელი აღმოსავლეთის მასშტაბით. ,,ისლამური აფეთქებაც“ დაიძლეოდა, რომ არ განხორციელებულიყო მონღოლთა დამპყრობლური შემოსევების ფონზე. ორი უარყოფითი პროცესის ურთიერთდამთხვევამ დასცა ქართველთა პოლიტიკური თავისუფლება და ასწლოვანი კეთილდღეობა.
დამოუკიდებელი უნივერსიტეტი,,იბერია“თბილისი 1994
|
|