|
ამ უფულობისას უსარგებლო არ იქნება თვალი გადავავლოთ საქართველოს სამეფო ფულის საქმეს. უწინარეს დრო-ჟამს ფული არ არსებობდა რეწვა, აღებ-მიცემა წარმოებდა ფარდვით ანუ გაცვლა-გამოცვლით. თვით ვაჭრობასაც ჩვენში ფარდვა ერქვა, ხოლო ვაჭარს მოფარდული (მათე. იოანე. ეზეკ.). თვით ფარდი ნიშნავს ტოლს, ფარდვა ტოლობას, იგივეობას ღირსებით. ფარდვით ხელის მონაცვლა შეიძლებოდა მაშინ, როდესაც ცხოვრება იყო სადა, მარტივი… შემდეგ ცხოვრება გართულდა. მოთხოვნილებამ იმატა და საჭირო შეიქმნა სააღებმიცემო ნიშნები ფული. ყველაზე ძვირფასი საფასე იყო ოქრო, შემდეგ ვერცხლი, სპილენძი, ბრინჯაო და სხვ. ფულად გამოჭრილი ყველგან ერთნაირად ფასობდა, ოღონდ უყურებდნენ რა ხარისხისა იყო და ისე ითვლიდნენ. საყურადღებოა, რომ ამ ლითონების შემუშავება თავდაპირველად მოეწყო ჩვენს სამშობლოში კოლხიდაში. კოლხიდაში მოიჭრა პირველი ქართული ფული არისტარქესაგან 65 წლის ახლო ხანს ქრისტეს წინად. ამავე დროს საქართველოში ტრიალებდა ალექსანდრე მაკედონელის ფული, ეგრედ წოდებული ,,თეთრი დრახმა”. ეს იგივ დრახმაა და მას ,,ქართლის ცხოვრებაში” ვხვდებით 103 წელს ქრისტეს შემდეგ. ამ ფულის ერთ პირზე იჭედებოდა თვით მეფის ხატიც ანუ გამოსახულება. ,,ქალაქსა ჩვენსა დრახმა არტაშას მეფისა ხატითა დავსცეთო, ეუბნება ქართველი მეფე სომეხთა მეფეს. იგივე გვხვდება შემდეგაც. მაგ. ვახტანგ გორგასალის ცხოვრებაში:”ფერხთა ქვეშ მისთა დაჰყრიდეს დრახმასა და დრაჰკანსა” (ქ.ცხ.). არსებობს ვერცხლის ფული, ჭედილი 386 წელს, ზედ წარწერით გნ ვგს, რომელსაც კითხულობენ ვახტანგად, გორგასლანად. მისი მსგავსია ფულები სტეფანოზისა და და ჯუანშერისა. ცნობილია კიდევ ფულები:დავით კურაპალატისა, ბაგრატ III-ის გამოსახულებით, ფული გიორგი I-ისა, გიორგი II-ისა, დავით აღმაშენებელისა, დიმიტრი I-სა, გიორგი III-ისა, თამარ მეფისა, გიორგი ლაშასი, რუსუდანისა, დავით V-ისა, თეიმურაზისა, ერეკლესი, გიორგი XII-ისა. არაბი მწერალი ყაზვინი (მე-13 ს.), აღწერა რა თავის გეოგრაფიაში ტფილისი, ამბობს, რომ ამ ქალაქში მოიპოვებაო ოქროს ფული პერპერა; ეს კარგი ფულიაო, წონით მისხალი, ოქრო უმაღლესი ხარისხისა, იჭედებაო აფხაზთა (ქართველთა) მეფეების მიერო. ამ პერპერას იხსენიებს შოთაც:”პერპერასა დაფანტულსა ზედან სცვევთდნენ ვითა ხიდსა”. ათონის ლავრის აღაპებში იგი ჩნდება თითქმის მე-11 საუკუნითგანვე და ეწოდება პერპერა, პერპეტა, პერპერატი, პერპერი, პელპელი. თამარ მეფემ ათონის მონასტერს გაუგზავნა რვა პერპერა. რა ღირდა პერპერა, ძნელია გადაჭრით თქმა, მაგრამ ვიცით, რომ მეცამეტე საუკუნეში, ყაზვინის ცნობით პერპერა იწონიდა მისხალს, უნდა დავასკვნათ, რომ პერპერა ღირებულებით ყოფილა დინარის სწორი, ვინაიდან ამავე საუკუნეში დინარიც წონით მისხალი იყო. ივ.ჯავახიშვილის ცნობით, 1457 წელს კონსტანტინეპოლში პერპერა ღირდა 6 სუ და 4 დრამა. ჩუბინაშვილით პერპერა სპარსულია, სხვების მტკიცებით ბერძნული ვიპერპვარიონ. მგონია, რომ იგი უნდა იყოს წმინდა ქართული პოპენი, ეინად მისგანაც სჭრიდნენ ფულს. ლანგლუას შერიფ-ედ-დინის ისტორიიდან ამოუღია შემდეგი ფრიად საყურადღებო ცნობა:საქართველოს მეფე გიორგის, გული რომ მოეგო ტამერლანისთვის (ლანგთემურისთვის) და მონღოლები გაესხა ტფილისიდან, ათასი ოქროს ფული გაუგზავნაო ამ მპყრობელს მისი სახელის ზედაღნიშვნით. ამ ძღვენმა მოამშვიდაო ლანგთემური ისე, რომ დასტოვა ტფილისი, მტკვარზე გადავიდა და წავიდაო ბელაქნისკენ. დანამდვილებით არ ჩანს, ამ ფულს თვით გიორგი მეფე სჭრიდა, თუ ის 10000 ოქროს ფული ლანგთემურის მიერ იყო ჭედილი და მისთვის მიძღვნილი გიორგი მეფის საუნჯიდან. სჭრიდნენ ფულს ქართულ-არაბული წარწერით საქართველოს მტარვლები:მანგუ-ყაენი (1243 წ.), აბაგა-ყაენი (1280), არგუნი (1291), ასან-მაჰმადი (1295, 1303), ოლთან სულთანი (1314), აბუსეიდი (1317, 1335), სადი-ბეგი (1338), აგრეთვე სპარსეთის ზოგი ყაენი, რომელთაგან ჩვენში გავრცელდა შაური, უზალთუნი, აბაზი და კვლავ ხონთქრები:აჰმადი (1703), მაჰმუდი (1735). ისტორიკოსი პაპუნა ორბელიანი წერს:”გამოუგზავნა შაჰ-სულთანმა იბრეჰიმს ზარაფხანა (ზარაფი) ქალაქში (ტფილისს ერეკლე II-სათვის). და დაჰკრეს სიქა (შტემპელი, ბეჭედი). ბრძანებისამებრ მისისა მოსჭრეს სამ-აბაზიანი (ე.ი. მარჩილი) და შაური, ფლელი 30 საურისა” (ქ.ცხ.). მისივე ცნობით 1751 წელს ცხვარს ჰყიდდნენ ორ შაურად, ძროხას 5 აბაზად, ტყვეს ორ მილანთულად (2 მან.). 1801 წლიდან ქართულ ფულს ტფილისში სჭრიდნენ რუსები. იპოვება ამ დროს ვერცხლის აბაზიანი, ორაბაზიანი და სხ. ჭედი მოსპეს 1832 წელს. ვახტანგი თავის სამართლის წიგნის მე-15 და მე-16 მუხლებში იხსენიებს ფულებს:შაური, უზალთუნი, აბაზი, ასლანი, ფლური, გიორგაული, კირმანეული, დანგი, ყირათი… ოქროს ფულს საზოგადოდ ერქვა ფლერი, ვერცხლისას თეთრი, ფერის გამო. 1498 წელს ათონის ლავრას ყვარყვარე ათაბაგის სულის მოსახსენებლად მისმა ჭირისუფლებმა გაუგზავნეს 25000, ზოგი ფლურად, ზოგი თეთრად (ათონის კრებული, 267). ამავე მეფის ,,დასტურლამაში” მოხსენებულია ბისტი ფული, სიკილა, მარჩილი, თუმანი, ასლანუ (ასლანი), აბასი (აბაზი), მილანთუნი და სხვ. სიკილა არისო 14 შაური. საფიქრებელია, რომ თვით ჩვენი ფული, ფოლი, იყოს მცირე ცვლილება ბიზანტიური ფოლლისა, ხოლო ჩვენებური ბერძნულის იმ ფოლერალესი, რომელსაც რომში ერქვა ,,ტერენციანი”. აიეტის დროიდანვე ჩვენი ქვეყანა განთქმული იყო ყოველგვარ საფასით. ეგრედ წოდებულ ,,ოქროვან-საწმისის” ლეგენდა მარტო ოცნება არ ყოფილა. ლითონიანი ადგილები აღუნიშნავს ვახუშტის. წაღვერი, რკონი, ანდარაზენი, ახტალა, სვანეთი, საინგილო, კლარჯეთი და სხვა მდიდარია ამ მხრივ. საჭიროა მხოლოდ მცოდნე კაცებმა იმოქმედონ. მიწის გული ამოთხარონ. დამალული სიმდიდრე გამოამზეონ, თავისუფალ სამშობლოს დროებით მოაშველონ ძვირფასი ლითონი. მაგრამ მარტო მადნების ძებნა არ კმარა, საჭიროა ახლავე ყველა მეკომურმა გამოვიღოთ თითო-ოროლა გირვანქა საფასე და გადავცეთ საფინანსო სამინისტროს, რომ დაუყოვნებლით შეუდგეს ფულის ჭრას, ჭედას. თუ მოვინდომებთ, სულ ცოტა 100000-იოდე გირვანქის რაოდენობა შესდგება და ამით დიდძალი ფული მოიჭრება. როგორც ულაშქროდ ვერ მომაგრდება სახელმწიფოს თავისუფლება, ისე და უფრო მეტად უფულოდა. მაშ ნუ დავიშურებთ ჩვენს წვლილს საკუთარ თავისუფალ საკურთხევლისთვის. ფულის ჭედის დროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ აბაზი მოასწავებს მტარვალის შაჰ-აბაზის სახელს. შაური აგრეთვე შაჰაურს ყაენურს. უნდა ვიზრუნოთ, ერთხელ და სამუდამოდ მოვსპოთ უწინდელ მონობის მომაგონებელი საზიზღარი სახელები აბაზი, შაური, და ჩვენს საფასეს დავარქვათ ეროვნული სახელი. გაზ. ,,სახალხო საქმე” 1918, 5 ივნისი გაზ. ,,ბანკი” 1993, N 30, 21 აგვ. გვ. 10. |