,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“ წიგნი I ბაგრატ III-დან გიორგი V ბრწყინვალემდე წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად. მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს. აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ კლასობრივი საზოგადოების ძირითადი პროდუქტი - სახელმწიფო, ექსპლოატატორი კლასების პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ყველა ინსტიტუტი მიმართულია ერთი მიზნისაკენ - უზრუნველყოს საზოგადოების გაბატონებული ნაწილის ბატონობა მწარმოებელი მასების ფართო ფენებზე, რაც სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქციაა. ეს თვალსაჩინოდ ვლინდება სოციალური თვალსაზრისით გარეგნულად ისეთ თითქოსდა ნეიტრალურ ქმედებაში (სოც. აზრით), როგორიცაა საგარეო პოლიტიკა. მაგრამ ეს უკანასკნელი, პირველ რიგში, გამომდინარეობს სახელმწიფოს II ფუნქციიდან, კოლექტიური თავდაცვის ფუნქციიდან, რომელიც ხშირად ზეკლასობრივ ხასიათს იძენს. ამის მიხედვით მიზანსწრაფული დიპლომატიური ქმედებაც პარალელურად ასრულებს სახალხო- საყოველთაო პროგრესულ როლსაც და ერთდროულად კლასობრივი ჩარჩოებით შეზღუდულ რეაქციასაც ავლენს. ჩვენს სინამდვილეში, X-XI საუკუნეებიდან, აშკარად გამოიკვეთა ორი დიპლომატიური მიმართულება: I - ბაგრატიონთა სახლის მიერ ფეოდალური საქართველოს გეგმაზომიერი ათვისება და II - გაერთიანებული - სახელმწიფოებრივი ორგანიზმის ჩამოყალიბება. სრულიად ბუნებრივია, ორივე პროცესს ახასიათებდა ეპოქის შესაფერისი ქმედებანი: სისასტიკე, დაუნდობლობა, დაჟინება და ა.შ. მკვეთრად იყო გამოხატული შუა საუკუნეების ფეოდალიზმის წამყვანი არგუმენტი - ძლიერის უფლება. ბაგრატიონთა სახლი, ისწრაფვოდა რა სწრაფად დაუფლებოდა საქართველოს (სომხეთთან ერთად), ობიექტურად ხელს უწყობდა პროგრესულ საქმეს, ქართული მიწების შემოკრებას ერთი სკიპტრის ქვეშ, ეროვნული სახელმწიფოებრიობის აშენებას. ამ რთულ, სისხლისმღვრელ ბრძოლაში (როგორც გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით) ქართული სახელმწიფოს პირველი მაშენებელნი არ ერიდებოდნენ არავითარ საშუალებას. აქაც ფართოდ დაინერგა საერთაშორისო ურთიერთობაში საკმაოდ კარგად ცნობილი ისეთი მეთოდები, როგორიც იყო მოსყიდვა, ღალატი, ,,შპიონაჟი“, ფიცის გატეხვა და ა.შ. სამფლობელოების გაფართოების ერთ-ერთი მიღებული გზა გახდა მიტაცების პოლიტიკა, რომლის მსახურად იქცა მოტყუების დიპლომატია. ამ ეპოქაში (ბაგრატიონთა სახლის განმტკიცების ხანა) ჯერ კიდევ არ იყო გამიჯნული მეფისა და სახელმწიფოს ინტერესები. ევროპაში მოარულ წესად დამკვიდრებულ ფორმულას: ,,Qui nescit, dissimulare, nescit regnare“ (,,მოტყუება მოტყუების სანაცვლოდ”) საკმაოდ ნოყიერი ნიადაგი აღმოაჩნდა. ამ ფორმულას შესანიშნავად მიესადაგა ადგილობრივი პრინციპი: ,,შენდებოდეს - შეეწიე, ინგრეოდეს - შეესიე“. რასაკვირველია, ზოგჯერ დიპლომატიურ ურთიერთობებში იჩენდა თავს კეთილსინდისიერებისკენ სწრაფვა (ევროპაში ასეთი სწრაფვა შეინიშნება რენესანსის ეპოქიდან - მე-15 საუკუნიდან). რაც უფრო უჭირდა ფეოდალურ საქართველოს, უფრო კეთილშობილური ხდებოდა მისი დიპლომატიური მანერები, რაც უფრო ძლიერდებოდა, უფრო ,,თავხედდებოდა“. მაგრამ მოქმედების გარეგნული ფორმა როდი სცვლიდა შინაარსს, ყველაზე ,,კეთილშობილური“ ფეოდალიზმის დროს დიპლომატიური ტაქტიკა ფაქტობრივ წარმოადგენდა ყველაზე დახვეწილ მანევრს, რომლის მიღმა იმალებოდა მოტყუების, გასაიდუმლოების მეთოდები. ფეოდალური ურთიერთობის დროს პიროვნული მოღვაწეობაც და რომელიმე ისტორიული მოვლენის შეფასების ხარისხიც გაიზომებოდა შედეგით (ეს მოვლენა უფრო გამძაფრდა კაპიტალიზმის I ეტაპზე). ყველაზე ,,სამართლიანი“ ის მეთოდი იყო, რომელიც აღწევდა წარმატებას, გამარჯვების შემთხვევაში არავითარი როლი არ ენიჭებოდა მისი მიღწევის საშუალებებს... ფორმულა ,,მიზანი ამართლებს საშუალებას“, არასწორად მიეწერებათ მაკიაველს და რიშელიეს. ეს იყო ცხოვრებით შემოწმებული და დადასტურებული საყოველთაო ,,ჭეშმარიტება“. ჩვენში ასეთი პრინციპის ერთგულნი იყვნენ ისეთი პროგრესისტი მეფეები, როგორებიც არიან ბაგრატ III და დავით აღმაშენებელი. ესაა ოღონდ, ამ უკანასკნელს დიდხანს სტანჯავდა მონანიების გრძნობა (,,გალობანი სინანულისანის“ გოდება ,,საწოლსა თვისსა მძლავრების“ გამო). ამ მონანიებაში მოჩანდა გაორება მეფე-პოლიტიკოსსა და მეფე-რაინდს შორის. ამ გაორებაში პოლიტიკოსმა სძლია რაინდს, რაც ვერ მოახერხეს მისმა რომანტიკულმა შთამომავლებმა (თამარში მეფეს აჯობა ,,დედობრივმა სათნო საწყისმა“ და ,,კეთილმა გენიამ“, ლაშა-გიორგიში მეფე დაჩრდილა ადამიანურმა მისწრაფებამ თავისუფლებასა და მშვენიერებისაკენ). ქართულ დიპლომატიაში შეინიშნება ისეთი იდეებიც (,,პოლიტიკაში ყოველთვის უნდა ილაპარაკო სიმართლე“, ,,არ უნდა მოიტყუო“ და ა.შ.). რომლებიც მოგვიანებით ფილოსოფიური ტრაქტატის სახით ჩამოაყალიბა უილიამ ტამპლიმ (1622-1700 წ.წ.), მაგრამ ასეთი კეთილშობილური იდეების გვერდით საქართველოში უკვე შესანიშნავად იცოდნენ, რომ ურთიერთობის ძირითადი პრინციპია შემდეგი: ,,ერთი სახელმწიფოს მოგება, ნიშნავს მეორე სახელმწიფოსათვის წაგებას“ (ამ პრინციპის შესახებ იხ. Маркс К. и Энгельс Ф. С. 2-ое изд. т. 17, стр. 278). იცოდნენ ისიც, რომ ეს პრინციპი იმთავითვე გამორიცხავდა კომპრომისს. შევეხოთ უფრო დაწვრილებით ქართული დიპლომატიის აქტიურ პრობლემებს და მათი განხორციელების მეთოდებს განვითარების სხვადასხვა ეტაპების მიხედვით. საქართველის I გამაერთიანებელი მეფის ბაგრატ III-ის მმართველობის დროიდან (X ს. ბოლო - XI საუკ. დასაწყისი), გამოიკვეთა ქართული დიპლომატიის ერთი ძირითადი პრობლემა - საქართველოს გაერთიანება. ამ დიდი პრობლემის გადაჭრის გზაზე ბაგრატ III დაუპირისპირდა სომეხ ბაგრატიონთა, კახეთის, თბილისის საამიროსა და ბიზანტიის ჰეგემონისტურ პრეტენზიებს. აქედან XI საუკუნის I მესამედში უმთავრეს საკითხად იქცა ,,ტაოს მემკვიდრეობის“ გადაჭრა. რატომ არ გააგრძელა გიორგი I-მა მამისეული პოლიტიკა, რატომ დათმო შედარებით უმტკივნეულოდ კახეთი, ქვემო ქართლი და წამოიწყო ბიზანტიასთან ხანგრძლივი ბრძოლები ,,დავით კურაპალატის სამფლობელოებისათვის“? .. იმიტომ, რომ ,,ზემო (შიდა ქართლი, ტაო-კლარჯეთი) და ქვემო ქვეყნების (,,აფხაზეთი“) გაერთიანების გარეშე შეუძლებელი იყო საქართველოს გაერთიანებაც. ტაო-კლარჯეთი, ქართული ფეოდალური კულტურის აკვანი, ,,ქართველობის“ უმთავრესი მკვებავი წყარო, აუცილებელი იყო ეროვნულ-სომხური და ეროვნულ-ბერძნული სახელმწიფოებრიობისადმი ეროვნულ-ქართული სახელმწიფოებრიობის დაპირისპირების დროს. ,,ტაოს მემკვიდრეობისათვის“ ბრძოლაში გამოიკვეთა ქართული დიპლომატიის პირველი ტაქტიკურ-პოლიტიკური ხერხები და მეთოდები; მოწინააღმდეგე ძალების გათიშვა, წონასწორობა მეზობლებთან, მოკავშირის ამორჩევის კრიტერიუმი. სწორედ ამ პერიოდში იქნა გადალახული ურთიერთობის ისეთი შეზღუდული კრიტერიუმები, როგორიცაა კონფესიონალურ-ტექნიკური მომენტები... (გიორგი I მართლმადიდებლურ ბიზანტიასთან ბრძოლაში ხშირად ,,ეძმობა“ მონოფიზიტურ და მაჰმადიანურ ერთეულებს. პოლიტიკური მომენტები უკვე ამაღლებულია რელიგიურ-კონფესიურ ინტერესებზე). გიორგი I-ის დროს დამუშავდა ე.წ. ძალის დემონსტრაციის მეთოდიც. ბასილ II ,,ბულგართმჟლეტის“ მორიგი შემოტევის დროს გიორგი I-მა გააგზავნა ბასიანს ზვიად სპასალარი, თვითონ უკუმიჰყვა უზარმაზარი ლაშქრით: ,,უკეთუ ინებოს ზავი ბასილი მეფემან, იქმნეს ესრეთ და უკეთუ ინებოს ომი, განვემზედინებ მისთვის ცა“... მოლაპარაკება ომისათვის მზადყოფნის აშკარა ჩვენებით, არის მოხერხებული დიპლომატიური სვლა. მე-10 - მე-11 საუკენეებში საქართველოში შემუშავდა ტოლერანტიზმის თავისებური ფორმა. ქართული რჯულშემწყნარებლობა ჯერ კიდევ ელის ისტორიკოსის ხელს, მისი არსი საკმაოდ გამორკვეული არაა. მკვლევართა ერთი ნაწილი (ივ. ჯავახიშვილი, ნ. ბერძენიშვილი, შ. მესხია, ნ. ლორთქიფანიძე, გ. მელიქიშვილი და ა.შ.). აღნიშნავენ მხოლოდ ასეთი რელიგიური პოლიტიკის არსებობის ფაქტს. არის მისი ახსნის ცდები ადგილობრივი სპეციფიკით (ივ. ჯავახიშვილი), სოციალ-ეკონომიკური სტრუქტურით (შ. მესხია), სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაქვემდებარებით (ბ. ლომინაძე). არც ტოლერანტიზმი, არც მისი გამოვლენის მიზეზები და მით უმეტეს, არც ამ ფაქტის უარყოფის მტკიცება (ჯ. სტეფნაძე) არაა დასრულებული. ჩვენ ეს მოვლენა ასე წარმოგვიდგება: ტოლერანტობა ტაქტიკური ნაბიჯია შიდა და საგარეო ფაქტორებით შემაგრებული. ზოგადი ტოლერანტიზმის პრინციპია: ,,კომპრომისი ძირითადად იუდაიზმთან და მაჰმადიანობასთან უმთავრესად ეკონომიკური და მორალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორებით შემაგრებული. პარალელურად საქართველოს აღებული ჰქონდა აქცენტი ქრისტიანიზმზე: ზოგადად ქრისტიანობა მაჰმადიანობასთან მიმართებაში, დიოფიზიტიზმი მონოფიზიტობასთან დაპირისპირებაში, ქართული დიოფიზიტიზმი ბერძნულ დიოფიზიტიზმთან ბრძოლაში. ასეთ ტაქტიკურ დიპლომატიას საბოლოო შედეგად უნდა მოჰყოლოდა პერსპექტივაში ,,გაქართველება“. ამ დიდ პროცესში ქართულ მართმადიდებლობას საბოლოო მომენტის (პროცესის) დასრულების ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული, ყურადღება გადატანილი იყო ,,კულტურაზე“, (ნ. ბერძენიშვილის თვალსაზრისი), კულტურულ ერთობას უნდა დაეძლია კონფესიონალური და ეთნიკურენობრივი ზღუდეები. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მთელი ფეოდალური იდეოლოგია, ასე აქტიურად რომ ქადაგებდა საერთო კავკასიურ ერთიანობას (ლეონტი მროველის კონცეფცია). მე-11 საუკუნის 70-იან წლებში დასრულდა ბიზანტია-საქართველოს ბრძოლა ,,დავით კურაპალატის მემკვიდრეობისათვის“. ამ საკითხს შევეხეთ ზევით და აქ აღარ გავიმეორებთ. აღვნიშნავთ მხოლოდ: ბიზანტიის დათმობა გრიგოლ ბაკურიანის ,,ძღვენი“ იყო, კონსტანტინეპოლ-ქუთაისის დიპლომატიური გარიგება, თურქთა მძლავრობის წინააღმდეგ მიმართული. ამ პერიოდში მოხდა საინტერესო მოვლენა. მთელი XI საუკუნე საქართველო ცდილობდა დაუფლებოდა თბილისის საამიროს, აღედგინა ბაგრატ III-ის ,,სამფლობელო“ (ლორტაშირი, ბარდავი - რანი, კახეთი, ჰერეთი). მიზანი სრულიად ნათელი იყო და მისი განხორციელების მეთოდებიც ჩამოკვეთილი (მოწინააღმდეგეთა ურთიერთდაპირისპირება, ამ დაპირისპირებიდან გამომდინარე წონასწორობა, მომენტის შერჩევა, დროებითი კომპრომისები და ა.შ.). თურქთა შემოსევებმა ყველა ეს პრობლემა ერთ ხაზში მოაქცია, - ყველაფერი გადაენასკვა ძირითად პრობლემას - თურქთა განდევნას. მანიზკერტის ბრძოლის შემდეგ ბიზანტია გავიდა ასპარეზიდან და საქართველოს იდეური მოკავშირე გახდა (სხვათა შორის, ამ იდეურ კავშირსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: ქართველ მეამბოხეთა სამჭედლო ბიზანტია, მე-11 საუკუნის 80-იანი წლებიდან არასასურველი ელემენტების ექსორიის ყველაზე საიმედო ადგილი გახდა!) ახალ სიტუაციას ქართული დიპლომატია მოუმზადებელი შეხვდა. დასაწყისში დაიბნა კიდეც (ბაგრატ IV, გიორგი II). მე-11 ს. 60-80-იანი წლების პასიური დიპლომატიის, იძულებითი თავდაცვის, მოგერიების, სტიქიური წინააღმდეგობის გაწევის და ა.შ.) პერიოდია. პარადოქსალურია, რომ ორი ერთმანეთის დაუძინებელი მტერი - ბიზანტია და სელჩუკები თანაბრად აოხრებდნენ საქართველოს. არ მოიძებნა ამ ორი ვეშაპის ურთდაპირისპირებაზე აგებული წონასწორობის მოდუსი. დადგა დრო, როდესაც საქართველოს აღარ შეეძლო ნეიტრალიტეტიც კი! (ე. ი. დიპლომატია უდრის ნოლს!). იწყება იძულებითი საგარეო პოლიტიკა (მოგერიებითი, სტიქიურად თავდაცვითი). პასიურობა განპირობებულია თურქ-სელჩუკთა შეტევების ინტენსიურობით, მათი ბრძოლის მომთაბარული წესით... ქართული დიპლომატია დაბნეულობიდან გამოიყვანა ბიზანტიამ, რომელმაც მიატოვა აღმოსავლეთი და ,,ვაკუუმის შევსება“ შესთავაზა საქართველოს. ახალ სიტუაციაში ამ უკანასკნელს უნდა ეკისრა კავკასიის ძალთა გაერთიანება მთელი კავკასიის მასშტაბით. მაგრამ ,,რამეთუ არა სადაო იყო ღონე ხსნისა და შეწევნისა, არცა დამხსნელი ამათ თურქთა, რომელი მოეცა პირი ქვეყნისა, რამეთუ ძალი ბერძენთაცა შემცირებული იყო, და რომელი ქვეყანანი მათ აღმოსავლეთის ჰქონდეს ზღვას გარეთ, ყოველი თურქთა დაეპყრა... (დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ,,ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისა“ გვ. 321). რა შეიძლებოდა ასეთ პირობებში აღმოჩენილიყო ყველაზე ეფექტური? საჭირო გახდა საპატიო კომპრომისი, დროებითი უკანდახევა. ანალოგიური სიტუაციებისათვის საქართველოში შემუშავებული იყო მეტად სარისკო, გაბედული ნაბიჯი - მეფის შეწირვა - ქართული დიპლომატიის ,,ვაბანკი“, შეძლებისდაგვარად: - ყველაფერი ან არაფერი. ამას ეწოდებოდა ,,თუისა სულისა და სისხლის დადება“. გიორგი II-მ თავისი მამის ბაგრატ IV-ის მაგალითს მიბაძა და ,,დასდვა სული თავისი და სისხლნი ქრისტიანეთა ხსნისათვის“ გვ. 321). რასაკვირველია, ,,მეფის შეწირვა“ არ ხდებოდა სამზადისის გარეშე. საქართველოს ისტორიაში ასეთი ,,თვითშეწირვის“ ხშირი მაგალითი გვაქვს (ბაგრატ IV ბიზანტიაში და ისპაჰანში, გიორგი II ისპაჰანში, დავით ულუ და დავით ნარინი ყარა-ყორუმში და ა.შ. დაახლოებით 12-13 შემთხვევაა). ასეთ ნაბიჯს ყოველთვის წინ უსწრებდა წინასწარი დაზვერვა, გათვლა, აღმოსავლურ ჩვეულებათა გათვალისწინება (მაგ. მონგოლთა გულუბრყვილობა და პირველყოფილი რაინდობა, ბერძენთა ვერცხლის მოყვარეობა და სხვ.). ცოტნე დადიანის გმირობა თავგანწირვაში არ მდგომარეობს, არამედ გმირულია მის მიერ მონგოლ ნოინთა ფსიქოლოგიის ანალიზიდან გამომდინარე წინასწარი გამოცნობა წარმატებული შედეგისა! ,,სულისა და სისხლის დამდებს“ თან მიჰქონდა შეთანხმების მისაღები პირობები. ასეთი გათვლა მხოლოდ სამ შემთხვევაში არ ამართლებდა: 1. პირადი ანტიპათია (იშვიათად!) 2. საერთაშორისო სიტუაცია. 3. ,,სულის დამდების“ რეალური ძალის უქონლობა საკუთარ ქვეყანაში. მაგრამ თუ წინასწარ არ იყო შემზადებული შეთანხმების ცოტად თუ ბევრად მისაღები პირობები, მაშინ ,,თვითშეწირვას“ ეკარგებოდა პოლიტიკური აზრი და მორალურ-ფსიქოლოგიურ სფეროში გადადიოდა. მეფის ,,თვით შეწირვის“ მეთოდი ქართული დიპლომატიის ერთ-ერთი გავრცელებული კოზირი იყო იძულებითი პასიურობისა და უმწეობის პირობებში (ამ მეთოდს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა მე-13 საუკუნიდან). დავით აღმაშენებლის ეპოქაში სახელმწიფოს წინაშე დადგა სამი გრანდიოზული ამოცანა: 1. გათავისუფლება. 2. გაერთიანება. 3. საერთო-კავკასიური პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა... ამ ამოცანათა გადაჭრა მოითხოვდა ინტენსიურ ბრძოლას საშინაო რეაქციასთან, თურქთა ურდოების განთესვას, თბილისის შემოერთებას, კახეთ-ჰერეთის სეპარატიზმის ლიკვიდაციას, ლორე-ტაშირის ქართულ სახელმწიფოებრივ ორგანიზმში დაბრუნებას, ანისის დაპყრობას, ამიერკავკასიაზე გამავალ სავაჭრო-მაგისტრალების დაკავებას, ჩრდ. კავკასიის ტრაქტებზე (დარიალი, დარუბანდი) კონტროლის დაწესებას, ჩრდ. კავკასიის მთიელთა მიმხრობას... დავით აღმაშენებელმა (და მისმა თანამდგომმა სასულიერო ფილოსოფიურმა ორდენმა გიორგი მონაზონის - მწიგნობართუხუცესის მეთაურობით) ძირითადად გადაჭრა უმწვავეს პრობლემათა ფართო კომპლექსი... დიდი წარმატების საფუძველი გახდა მაშინდელი საქართველოს მმართველი წრეების ორგანიზაციული უნარი, მეფის სამხედრო გენია, სწორი მიზანსწრაფვა და რაც ამჯერად საინტერესოა ჩვენთვის, მოქნილი დიპლომატია. ამ ეტაპზე საბოლოოდ ჩამოყალიბდა დიპლომატიური მიმართულების წინასწარი განსაზღვრის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი - საერთაშორისო სიტუაციის გათვალისწინება - აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარების დამთხვევა დიდ პოლიტიკურ აქტებთან მსოფლიო მასშტაბით. ეს მეთოდი ქართულ დიპლომატიაში დამკვიდრდა ,,აფხაზთა სამეფოს“ წარმოქმნის მომენტში, შემდეგში გვხვდებოდა არაინტენსიური სახით, დაიხვეწა და დასრულდა მე-11 - მე-12 საუკუნეთა მიჯნიდან და მთლიანად იქნა დავიწყებული რუსუდანის მეფობაში. ასეთი მეთოდის დანერგვა პრაქტიკულად დაკავშირებულია რიგ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან: 1) სახელმწიფოს მობილურობასთან სამხედრო თვალსაზრისით, (მხოლოდ ორგანიზებულ პოლიტიკურ ერთეულს შეუძლია სწრაფი და დროული რეაგირება ხელსაყრელ საერთაშორისო სიტუაციებზე). 2) დიდი საერთაშორისი აქტების სწორ შეფასებას, მისი პერსპექტივის განსაზღვრას, მოკავშირის სწორ შერჩევას (დავით კურაპალატის არასწორმა არჩევანმა შექმნა მისი ცნობილი ,,ანდერძი“, რასაც ბიზანტია-საქართველოს ხანგრძლივი ანტაგონიზმი მოჰყვა). 3. უმაღლეს დონეზე აყვანილ დაზვერვას. დავით აღმაშენებელმა შექმნა სახელმწიფო, რომელიც პასუხობდა ყველა ამ წინაპირობას. ჯვაროსანთა ლაშქრობების დაწყების, სელჩუკთა იმპერიის შედარებითი დაცემის, ბიზანტიის იმპერიის საერთო სისუსტის დროს, საქართველოს შეტევა უაღრესად გათვლილი, დროული და აქედან გამომდინარე პერსპექტიული იყო. მეფე დავითი შესანიშნავი დიპლომატი აღმოჩნდა. არასტაბილურ თურქებთან ინტენსიური ბრძოლების პირობებში იგი ეძებდა მოკავშირეს (დინასტიური ქორწინებით, ინტერესთა დამთხვევით), მიმართავდა მოწინააღმდეგეთა ურთიერთაპირისპირების ტაქტიკას, ძალის დემონსტრაციას, დემაგოგიამდე აყვანილ რჯულთშემწყნარებლობას (თბილისელი ,,სპარსნი“, მონოფიზიტი სომხები, წარმართი ყივჩაღები). ამ პერიოდში აშკარად გამოიკვეთა აქცენტი ჯვაროსნებზე, საერთო კავკასიურ ერთობაზე, სწორედ ამიტომ მიიღო მისმა მოღვაწეობამ საერთაშორისო რეზონანსი. დიდგორი - მაჰმადიანური აღმოსავლეთის რეაქციის გამოვლენაც იყო და ამ გამოვლენის კრახიც! დავითის დიპლომატია ომისათვის მზადების დიპლომატიას წარმოადგენდა. ამ პრაქტიკამ საქართველოში განავითარა მოვლენა, რამაც მოგვიანებით (გიორგი III-ის დროს) რიგი სიძნელეები შექმნა. ეს მოვლენა იყო - ხალხისა და რწმენის სახელით წარმოებული მუდმივი ომი. მუდმივი საომარი მოქმედება დავით აღმაშენებელსა და მის მემკვიდრეებს ეხმარებოდა ქართული ერთობის (ჯერ ,,წმინდა ქართული“, შემდეგ კი საერთო-კავკასიური მასშტაბით ,,ქართული“) შექმნაში. საერთოდ, ფეოდალიზმის ეპოქისათვის ომები აუცილებელი იყო... ბაგრატიონთა გვარი მუდმივმა ომებმა მოაქცია დიდი სახელმწიფოს სათავეში. ეს გვარი გახდა ერთიანობის შემოკრების მიმზიდველი ცენტრი... გამარჯვებულის დაფნის გვირგვინი ხშირად გარდაიქმნება ხოლმე სამეფო სკიპტრად. უკვე არსებულ სკიპტრის ოქროსაც საკმაოდ კარგად უხდება გამარჯვებული დაფნის გვირგვინი. დავით აღმაშენებლის სახელმწიფო ინტენსიურმა ომებმა გამოაწრთო, შეკრა ერთ მძლავრ მუშტად. მთელი ოლქების გასამხედროებამ თვით სახელმწიფოსაც სამხედრო შინაარსი მიანიჭა. მაგრამ საწარმოო პროცესად გადაქცეულმა ომებმა (,,ომებმა ომებისათვის“), რომლის მოთხოვნა მე-12 საუკუნის 60-იან წლებში შიდაპოლიტიკური ბრძოლების გამოვლენად იქცა, დააკნინა ქართული დიპლომატიის გავლენა სახელმწიფოში. რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ იმ თვალსაზრისზე, თითქოს დავით აღმაშენებლის შემდეგ დაკნინდა დიპლომატია. არა, პირიქით ვხედავთ როგორ ამაღლდა და დაიხვეწა საგარეო ურთიერთობის ფორმები (ელჩების გაგზავნა-მიღება, დარბაზობა, აღლუმი და ა.შ.). მაგრამ უდავოდ დაიკარგა ძირითადი - დიპლომატიური შემზადების გავლენა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ აქტებზე. მივიღეთ უცნაური პარადოქსი: საქართველოში მუდმივი ომები და დიპლომატია ერთმანეთს გაეთიშა. ახლა დიპლომატიას უმთავრესად საურთიერთობო მნიშნელობა აქვს, რომლის მიზანია მომხდარი აქტის საზეიმო გაფორმება. ომები იწყება მოულოდნელად (მონაპირეები, არდებილის სულტნის მიერ ანისის აოხრება, მონგოლთა ,,უეცარი“ შემოჭრა, ხვარაზმელთა იოლი გამარჯვება). წარმატებულ ომებსაც კი თითქოს მოულოდნელი შედეგი ახლავს. შედეგი ცალმხრივია - თავდაცვა გარანტირებული, მაგრამ პერსპექტივა იკარგება. ბრწყინვალედ მოგებული ბატალიები არ იძლევა გამარჯვების შესაფერ რეზულტატს. მაგ. შამქორის, ბასიანის, ირანის დალაშქვრას და ა.შ. არ მოჰყოლია ტერიტორიული გაფართოება ან პოლიტიკური განმტკიცება. გამონაკლისს წარმოადგენს ტრაპიზონის საკეისროს შექმნა, რომელმაც საკმაოდ დიდხანს უშიშარჰყო ოდესღაც ესოდენ მოუსვენარი სამხ. დასავლეთი საზღვრები. რა არის ასეთი პარადოქსის მიზეზი? XII-XIII საუკუნეებში ქართული სახელმწიფოს ძირითადი ამოცანებია: 1. ახალი მიწების ეთნოათვისება, ქართული ნატურალიზაცია, ე.ი. არაქართველი მოსახლეობის ქართველიზაცია მათი ქართული კულტურის არეალში შემოყვანის გზით. ეს ხანგრძლივი და გრძელი პროცესი ვერ დასრულდა (მიზეზები: ხდებოდა არა ეთნოექსპანსია, არამედ კულტურულ-ეკონომიკური ექსპანსია, რაც დიდ პერიოდს მოითხოვდა, ადგილობრივ მოსახლეობას მყარი საკუთარი ისტორიულ-კულტურული ტრადიციები ჰქონდა). მაშასადამე, საერთო-კავკასიური ერთობა ვითარდებოდა ნელი ტემპით. 2. დავით აღმაშენებლის სამხედრო სახელმწიფო სოციალური განვითარების ბუნებრივმა პროცესმა გარდაქმნა, მდაბიო-მოლაშქრეთა დიდი ნაწილი, დააყმევა და მშვიდობიან გლეხებად აქცია. ომის ახალ ეტაპზე (ჩვენი აზრით, გარდამავალ ეტაპზე) სამხედრო ორგანიზაცია და თავდაცვის საშუალებანი ხელს უშლიდა მეფის ხელისუფლების გაძლიერებას. გაერთიანების ადრეფეოდალური შინაარსის გამაერთიანებელმა ძალებმა თითქმის ამოწურეს საკუთარი შესაძლებლობანი. გაერთიანებას ახლა სხვაგვარი ძალები სჭირდებოდა, რომლებიც ჯერ სუსტი იყო, სამაგიეროდ განკერძოებისაკენ სწრაფვა მუდმივ-მოქმედ და სოციალ-ეკონომიკურად მყარ საფუძველს ემყარებოდა. აი, სწორედ ამ პერიოდში ცენტრმა დაჰკარგა პერიფერიებზე კონტროლის საშუალება. როგორც ჩანს, მეფე თამარი უკვე გრძნობდა საშიშროებას და ცდილობდა მშვიდობის დამყარებას. თამარის საგარეო პოოლიტიკა იყო მზადება მშვიდობისათვის. კლასიკური პერიოდის ,,ყოველ საქართველოს“ ,,კეთილი გენია“ ცდილობდა გეგმაზომიერი მიმართულება მიეცა საგარეო ურთიერთობისათვის, მაგრამ ,,ურჩ“ ქვეშევრდომთა აქტიური მოქმედება ფაქტობრივ გამოსული იყო ცენტრალური მმართველობის კონტროლიდან. ამაოდ ცდილობენ თამარის ისტორიკოსები სულ მცირე პოლიტიკური აქტიც კი მეფეთა-მეფის ხელიდან გამოსულ ინიციატივად ან ,,უზენაესი ნების“ გამოვლინებად დახატონ. ქართველი მონაპირეების ურთიერთობას მეზობლებთან, რომლებთანაც მმართველთა პირადი კონტაქტის გარდა, არაფერი აკავშირებდათ, იარაღის ძალით აგვარებდნენ ცენტრის გარეშე! ყოველივე ზემოაღნიშნული ჯერ კიდევ არ შეიძლება ჩაითვალოს დაცემის ნიშნად. საქმე ისაა, რომ ფეოდალური საზოგადოებისათვის აუცილებლად დამახასიათებელი დაშლის ხანა საქართველოში, მისი ძლიერების ზენიტს დაემთხვა. უმრავლესი ქვეყნებისათვის ეს უაღრესად მტკივნეული პროცესი, აქ შედარებით იოლად მიმდინარეობდა რამდენიმე სპეციფიკური მიზეზის გამო. განვითარების ბუნებრივი ხაზის ნორმალური განვითარების პირობებში სულ მოკლე ვადაში დასრულდებოდა საერთო-კავკასიური მასშტაბის ქართულ-ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. უკვე მოხაზული იყო საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებებიც: 1. მთელი სომხური ტერიტორიების შემოერთება (ხლათი, კილიკია), 2. ლაშქრობა პალესტინაში, 3. ლაშქრობა ბაღდადზე, 4. ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულების უშუალო შერწყმა. საქართველოს ერთიანობის აღდგენა-განმტკიცება ახალ ძალებზე დაყრდნობით უკვე ლაშა-გიორგის მეფობის II ეტაპზე დაიწყო. სამწუხაროდ, ამ პროცესს მოუსწრო ჯერ ხვარაზმელების, შემდეგ კი მონღოლთა გამანადგურებელმა შემოსევებმა. კავკასიის თავზე ჩამოწვა უძნელესი ,,დიდი ღამე”. ამიერიდან ქართული დიპლომატიის უმთავრეს ამოცანად გადაიქცა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის რეალური პერსპექტივების შემუშავება: 1. მოკავშირის ძიება. 2. ევროპისაკენ გაჭრის საკითხი. 3. ეროვნულ ძალთა დაცვის პრობლემა. 4. ირან-თურქეთის ურთიერთდაპირისპირებიდან გამომდინარე წონასწორობის შენარჩუნება და ა.შ. დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ,,იბერია“ თბილისი 1994 |