მხატვრის წითელ ყალამს უცდია ზედმიწევნითი სიზუსტით გადმოეტანა მშვენიერი ნატურა: მაღალი, ლამაზი ყელი, ნატიფი სახის ნაკვთები, სევდაშეპარული, ფართო და ჭკვიანი თვალები, ოდნავ დახრილიც, თითქოს ამძიმებს თავზე დადგმული ისლამური სადედოფლო ჯიღა. ,,გალეული მთვარე, ორნამენტული ყვავილების განმეორება ატლასის კაბასა და გვირგვინის ნაკელა ბაბთებში მაღალი რანგის ნაღვლიანი გამომეტყველების ქალს წარმოგვიდგენს’’. იტალიელი მისიონერის დონ ქრისტეფორე დე კასტელის ალბომიდან გამომზირალი მჭმუნვარე ქართველი მანდილოსანი მარიამ დადიანია - სამეგრელოს მთავრის, ლევან II დადიანის და, ჯერ გურიის, ხოლო შემდეგ ქართლის ორგზის დედოფალი. უაღრესად ტრაგიკული ბედი ჰქონდა ოდიშის ულამაზეს ასულს. იგი ქვეყანას მოევლინა ურთულეს პერიოდში, როდესაც წიგნიერებით სახელგანთქმულ კოლხეთს შინა ფეოდალური ანარქიითა და ბარბაროსული შემოსევებით შეპირობებული წყვდიადი იდგა და ძნელად დასაძლევი სულიერი სიღარიბის ბურუსში ჩაძირულიყო. მხოლოდ დროდადრო გაიელვებდა ხოლმე მეტეორივით ნათელი გონება. უმამაცეს ქართულ მახვილს სწორი მისამართიც არ ჰქონდა ყოველთვის. მაინც ჩვენს ისტორიოგრაფიას დღემდე ვერ ამოუხსნია ამ დროის დასავლურ-ქართული სასწაული... უკიდურესობამდე მისული სულიერი დეგრადაცია არ შეხებია მშვენიერ სქესს. XVI-XVIII საუკუნეების მთელ სიგრძეზე გვანცვიფრებს აფხაზი, მეგრელი, გურული, სვანი და იმერელი ქალიშვილების ნატიფი დახვეწილობა, საოცარი პატრიოტიზმი და მაღალი განსწავლულობა, რაც კონტრასტს ჰქმნის ,,რჯულმიდრეკილ’’, უკუმდგარ, მეკობრულ და თავნება, უმეცარ მამაკაცურ ,,რაინდობასთან’’... მანუჩარ დადიანისა და მესხეთის ათაბაგთა ნაშიერის - ნათელა ჯაყელის უმრწმესი ასული იყო მარიამი... სულ ბავშვი მიათხოვეს გურიის ახალგაზრდა უფლსწულს სიმონ გურიელს 1622 წელს. ქორწინება თავსმოხვეული იყო. ვინ ეკითხებოდა მაშინ ქალს თავის ბედს? ყველაფერს განსაზღვრავდა კონიუნქტურა, ვაი, რომ დეგრადირებული საზოგადოების კონიუნქტურა. ეს დრო არისტოკრატიული ოჯახების სიმდგრადით როდი გამოირჩეოდა. მერყევი იყო პოლიტიკური სიტუაცია, მერყევი იყო კონიუნქტურით შეპირობებული ოჯახებიც. აღრევითი ქორწინებანი გახშირებულ განქორწინებათა პარალელურად საყოფაცხოვრებო მოვლენა გახდა. ქართველი ქალისათვის პირველი ქმარი ხომ პირველ სიყვარულს უდრიდა მუდამ... პირსისხლიანი იყო ახალგაზრდა სიმონ გურიელი, კაცი, რომელმაც საკუთარი მამა მძინარე დაკლა. საოცარია, მაინც ნაზად უყვარდა მარიამს მეუღლე, - და ეს სიყვარული ბოლომდე გაჰყვა. როდესაც აღსრულდა დიდი ნიზამი განჯელის სიბრძნე ,,მამის მკვლელი მეფობას ვერ იქმს, თუნდაც რომ ქნას, ექვს თვეზე მეტს ვერ გაძლებსო’’ და სიმონ გურიელი ტახტიდან გადააგდეს, მარიამს არ განელებია ის თბილი გრძნობა, ამ სვეუბედურმა კაცმა რომ აღძრა მასში, ოთხი ათეული წელი სწერდა თანაგრძნობისა თუ გამხნევების წერილებს იერუსალიმში დაყუდებულ უსინათლო ქმარყოფილს. გრიგალივით შეიჭრა ლევან II გურიაში, სასტიკად დასაჯა სიძე, წაართვა ხელისუფლება, თვალისჩინი, მეუღლე პატარა ვაჟითურთ... ზნეობრივ-მორალური ასპექტი როდის აღელვებდა ოდიშის არანაკლებ სისხლიან მთავარს (ეს მან წარგვარა ღვიძლ ბიძას ცოლი, საკუთარს კი - აფხაზთა მთავრის შერვაშიძის ქართულად საკმაოდ კარგად აღზრდილ ასულს მოაჭრა ცხვირი და სახის ნაკვთები). დასავლეთ საქართველოს იმპერატორობაზე მეოცნებე დადიანმა სავარაუდო მოწინააღმდეგეთა კოალიცია შემუსრა... ჭკვიანი დიპლომატი იყო ლევანი (დიპლომატია თავისი სახელოვანი პაპისაგან, კახეთის მეფე ალექსანდრე II-სგან ჰქონდა შეთვისებული). მან მზეთუნახავი და ირანთან კავშირისათვის გამოიყენა. მარიამი ,,გურჯისტანის ვალს’’ - ქართლის მეფეს როსტომს (სვიმონ მეფის უკანონო ვაჟს, ხოსრო-მირზას) შესთავაზა თანამეცხედრედ. ეს ქორწინება ორივე მხრისათვის სასარგებლო აღმოჩნდა. ოდიში ფორმალურად შედიოდა ,,ირანის საფარველში’’, რაც ამტკიცებდა მის ანტითურქულ კოალიციას, ასუსტებდა იმერეთის სამეფოს, აიოლებდა კავშირს ევროპასთან პოლონეთის მეშვეობით (ევროპელი მონარქები ოდიშის გზით ფიქრობდნენ სეფიანთა ირანის გამოყენებას თურქეთის წინააღმდეგ). განზრახული იყო ე.წ. ,,აბრეშუმის გზის’’ გადანაცვლებაც ირან-საქართველო-უკრაინა-პოლონეთის მარშრუტით. მატერიალური სიკეთეც ბევრი ნახა სამეგრელოს ანგარებიანმა მთავარმა, საკუთარ დაში მეტად მნიშვნელობანი თანხა მიიღო (თუმცა არც ოდიშართ შეურცხვენიათ თავი - მარიამ დადიანის ,,მზითვის წიგნი’’ მდიდრულია და უხვი). ქორწილიც საკმაოდ სისხლიანი გამოდგა. გვირგვინოსანი მოყვრები მრავალრიცხოვანი მხედრობით შეხვდნენ ერთმანეთს კაკას ხიდზე, რასაც იმერეთის აოხრება და გიორგი VIII-ის დატყვევება მოჰყვა. 1634 წელი იდგა... 70-ს უახლოვდებოდა მეფე როსტომი, როდესაც მის ჰარემში პირველ ცოლად ქრისტიანი ქალი შევიდა... და, რაც მთავარია, შევიდა ქრისტიანად საქართველოს დედოფლის რანგით. აქედან იწყება მარიამ დადიანის მოღვაწეობა, - უნიკალური და განუმეორებელი მოვლენა გვიან შუასაუკუნეებში. ეს ტრაგიკული ბედის მქონე პირმშვენიერი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თითქოს წილად ხვდა ,,გასაყიდი საქონლის’’ ფუნქცია, უმდიდრესი სულიერი სილამაზის, მოუღალავი ენერგიის, დიდი ნებისყოფისა და მახვილგონიერი მმართველობის უნარის მქონე ძლიერი პიროვნება აღმოჩნდა. იგი მე-17 საუკუნის 30-იანი - 60-იანი წლების ეროვნული კულტურის დაცვისა და ქართველობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის ორგანიზატორი გახდა... ეროვნული მოღვაწის შეფასება ყოველთვის ეფუძნება პოლიტიკური ალტერნატივის პერიოდში საყრდენი წერტილის ზუსტ მიგნებას. შუშანიკის თვითგვემა, აბოსა და ქეთევანის მოწამეობრივი სიკვდილი, კრავაი ჯაყელისა და ხუაშაქ ცოქალის დიპლომატია, მაია წყნეთელის ,,პარტიზანობა’’ ქართველობისათვის ბრძოლის ზუსტად მიგნებული ფორმებია. ,,ჟამი არს ომისა, ჟამი არს სივლტოლისა’’ - საკმაოდ ხაზგასმითაა აღნიშნული ძველ მატიანეებში. მარიამ დედოფალი თბილისში ჩამოვიდა იმ ურთულეს ეპოქაში, როდესაც იდგა ,,ჟამი სივლტოლისა’’... იგი ეროვნულ გმირად იქცა ტიტანური მოთმინებისა და კომპრომისის მეთოდის მეშვეობით. ...მე-17 საუკუნის 6 მესამედში, ქართველობის ,,ყოფნა-არყოფნის’’ კონკრეტულ მომენტში, დღის წესრიგში იდგა მხოლოდ ერთადერთი გზა - შეურიგებელი ბრძოლა. გმირულმა ბატალიებმა გადაარჩინა საქართველო, მაგრამ უკიდურესად მოღალა ერის ენერგია, დააძაბუნა იგი ფიზიკურად - რადიკალურ კონფრონტაციას შეეწირა ქართლ-კახეთის მოსახლეობის ორი მესამედი. თეიმურაზ I-ისა და გიორგი სააკაძის ეპოპეამ უდავოდ გადაწყვიტა უპირველესი ამოცანა - ირანმა დროებით მაინც ხელი აიღო ,,გურჯისტანის’’ დეეთნიზაციის გეგმებზე... შაჰ-აბას I-ის მემკვიდრეები გარკვეულ დათმობაზე წავიდნენ... საჭირო იყო დროებითი უკანდახევა. უნდა გამოძებნილიყო ფორმა, რათა მეორეხარისხოვანის დათმობის ფასად გადარჩენილიყო ძირითადი. ასეთ პირობებში იწყება კომპრომისული თანამშრომლობა, რომელიც მთლიანად ჩამოყალიბდა როსტომ მეფის მმართველობაში. ირან-საქართველოს ურთიერთობის როსტომისეულ სტატუსს ზოგჯერ უწოდებენ ირან-საქართველოს ,,პოლიტიკურ კოოპერაციას’’. ამ ,,კოოპერაციის’’ იურიდიული არსი ასეთნაირად წარმოიდგინება: ქართლის სამეფო ინარჩუნებდა სრულ შინაგან ავტონომიას, ენას, კულტურას, სარწმუნოებას, სოციალურ-ეკონომიკურ ინსტიტუტებს, მიწისმფლობელობის წესს და ა.შ. მაგრამ მმართველი დინასტია უნდა ყოფილიყო მაჰმადიანური. ბაგრატიონთა სახლის იმ წარმომადგენელს, რომელიც დაიკავებდა სამეფო ტახტს, ყოველი მიზეზის გარეშე უნდა მიეღო ისლამი, ,,გურჯისტანის ვალის’’ ტიტულით, თბილისსა და სამხრეთის ციხე-ქალაქებში (გაგი-ლორე) დგებოდა ირანული გარნიზონები; ქვემო ქართლის სანახები იძლეოდა მუდმივ საცხოვრებლად მაჰმადიანურ თურქმანულ ელებს; ირანელი მოხელეები კონტროლს უწევდნენ სახელმწიფო ხაზინას, შეიარაღებულ ძალებს, გადასახადებს. ...ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობა უნდა დაემტკიცებინა ისპაჰანს; არისტოკრატიული სახლების შეუვალობაც განისაზღვრებოდა შაჰის კარის რეგლამენტით. ირანი არ მოითხოვდა მოსახლეობის ისლამიზაციას, მაგრამ სპარსული ენის მცოდნეთათვის, თუ ქრისტიანობასაც მიატოვებდნენ, დაშვებული იყო უმაღლესი პრეროგატივები. ,,ირანოფილურ’’ თავადებს უხვად ურიგებდნენ სოფლებს ირანში, დიდ ,,სახელოვნებს’’, ფულად სუფსიდებს. უფრო მეტიც... ,,გურჯისტანის ვალს’’ (ე.ი. ქართლის მაჰმადიან მეფეს), იურიდიული უფლება ჰქონდა, დაეკავებინა თვით შაჰის ტახტიც კი! ერთი სიტყვით, ირანი ცდილობდა კონფესიონალურ-მორალური მეთოდებით გაერყვნა ქართული ეთნოსი. არ შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ,,კოოპერაცია’’ უმტკივნეულოდ მკვიდრდებოდა. ,,ირანოფილური’’ კომპრომისული ტენდენციების პარალელურად მიმდინარეობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რადიკალურ-პატრიოტული ნაკადი. ,,ყოფნა-არყოფნის’’ ალტერნატივის მთელმა პრაქტიკამ ცხადჰყო, რომ ორივე მიმართულება ერთმანეთს ავსებდა. ეს შესანიშნავად გაიგო მეფე როსტომმა. იგი მიხვდა, რომ რაც უფრო ძლიერდებოდა ეროვნული მოძრაობა საქართველოში, ისპაჰანში უფრო ემატებოდა პოლიტიკური წონა კომპრომისული ნაკადის ლიდერს - როსტომს! ამიტომაც გარეგნულად ღრმად მორწმუნე ,,ვალი’’, ესოდენ ხაზგასმით რომ ეფარებოდა შაჰის ,,მაღალ ავტორიტეტს’’, როგორც ,,უქვეშევრდომილესი ყმა’’, ფაქტობრივად ხელს უწყობდა პატრიოტებს. სწორედ როსტომის ,,წაყრუებით’’ უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ თბილისში, არაერთგზის ცდის მიუხედავად, ციხის კედლებს გარეთ ვერ აშენდა მეჩეთი და მედრესე, ვერ დამკვიდრდა სპარსული ენა სახელმწიფოებრივ უწყებებში (შემოღებულ იქნა ორენოვანი დოკუმენტაცია, მაგრამ მან ქართული ვერ გამოდევნა). როსტომის მიერ იყო ინსპირირებული ანტიირანული და ანტიმაჰმადიანური გამოსვლები ქართლში; 1648 წელს კი მისი მითითებით არ დაატყვევეს თეიმურაზ I - სეფიანთა ირანის დაუძინებელი მტერი. მაგრამ როსტომ მეფე იურიდიულად შაჰის მოხელე იყო და ოფიციალურად ატარებდა ირანულ პოლიტიკას. მას არ შეეძლო ხელი შეეშალა ქართული არისტოკრატიის რენეგატული ნაწილისთვის. რეაქციონერ კარიერისტთა ცალკეული ჯგუფები იოლად ახერხებდნენ უშუალოდ ისპაჰანის ყურადღების მიპყრობას. ქართლში ფეხი მოიკიდა ისლამურმა ცხოვრების წესმა (მრავალცოლიანობამ, აღმოსავლურმა მუსიკამ, მეჯლისმა, ტანსაცმელმა და ა.შ.). აშკარა გახდა, აუცილებელი იყო თვით ოფიციალური კონიუნქტურის პირობებში შემუშავებულიყო ქართველობისათვის ბრძოლის ნებადართული, მყარი და ეფექტური მეთოდი, რომელიც მკვეთრად დაუპირისპირდებოდა კულტურულ დენაციონალიზაციას. ასეთმა აუცილებლობამ წარმოშვა ახალი მიმართულება - ,,ყოფნა-არყოფნის’’ ალტერნატივის გადაჭრის ახალი მეთოდი, რომელიც ეროვნული ,,მე’’-ს, ე.ი. ,,ყოფნის’’ დაცვას მოახერხებდა ისე, რომ არ გამოეწვია ხელმდებელი ქვეყნის მძაფრი რეაქცია, რაც შესაძლოა ,,არყოფნის’’ მიზეზად ქცეულიყო. ამ მიმართულების ჭეშმარიტი ლიდერი გახდა მარიამ დადიანი. ,,გურჯისტანის’’ დედოფალმა, რომლის თავსაბურავს ისლამური ნამგალა მთვარის ,,ჯიღა’’ ამძიმებდა, განჭვრიტა, რომ მთავარი ამოცანა ეროვნული კულტურის აღორძინებაა. ხანგრძლივმა საომარმა ბატალიებმა დიდი ზიანი მიაყენა მაშინდელი იდეოლოგიის საფუძველს - ქრისტიანულ ეკლესიას, საერო სწავლა-განათლების კერებს. მარიამ დედოფალმა თავისი კეთილშობილური საქმიანობა დაიწყო იმით, რომ აღადგინა ეკლესიის მატერიალური ბაზა. მეფის ნებართვით თანდათანობით თითქმის მთელ საეკლესიო მამულებს მიენიჭა საგადასახადო შეუვალობა. ამ ღონისძიებამ ხელი შეუწყო გაქცეული მოსახლეობის მასობრივ დაბრუნებასაც. მარიამ დადიანმა მეურნეობის გაძღოლის დიდი ნიჭი გამოამჟღავნა: მის უშუალო გამგებლობაში მყოფი ე.წ. ,,სადედოფლო მიწები’’ რენტაბელური გახადა. აქედან მიღებული შემოსავლით შეკეთდა სვეტიცხოველი, სიონი, ჯვარი, ურნბისი, წილკანი, მეტეხი, გარეჯი, იტრია, წმინდა ნინო, ალავერდი, სამთავრო, მარტყოფი და ა.შ. აღადგინეს საერო ნაგებობებიც: ხიდები, ციხე-ქალაქები, არხები, აგრეთვე სავაჭრო-სამრეწველო ობიექტები: სახელოსნოები, სამღებროები, სასტუმროები, დუქნები და ა.შ. მარიამ დედოფალი ყურადღებას აქცევდა ეკლესია-მონასტრების მოხატვას (ამ მიზნით მან გამოიყენა რუსი მხატვრების ყოფნა საქართველოში), საეკლესიო ინვენტარით აღჭურვას და, რაც მთავარია, ღვთისმსახურებისათვის საჭირო კადრების შერჩევას - ყველა ეკლესია-მონასტერი უნდა გამხდარიყო ეროვნული აღზრდისა და განათლების ცენტრი. მარიამ დადიანი მფარველობდა ქსენონებს (საავადმყოფო-თავშესაფრებს), საერო სასწავლებლებს; ცდილობდა მოეზიდა კათოლიკე ბერები. კერძოდ, მისი დახმარებით კათოლიკე პატრებმა ააგეს სამლოცველოები თბილისსა და გორში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველი დედოფლის მზრუნველი დამოკიდებულება მეცნიერებისა და ხელოვნებისადმი... მისი ბრძანებით იქნა რედაქციულად გადამუშავებული და გადაწერილი ,,ქართლის ცხოვრების’’ რამდენიმე ნუსხა, ,,ვეფხისტყაოსანი’’ და სხვა თხზულებანი. სპეციალურად ჩამოყალიბებული კალიგრაფიული სკოლები ამრავლებდნენ ბიბლიას, ,,წმინდანთა ცხოვრებებს’’ და ა.შ. ერთი სიტყვით, მე-17 საუკუნის 30-60-იან წლებში არ დარჩენილა ქართული საერო და სასულიერო ცხოვრების არცერთი მხარე, რომელსაც არ შეხებოდეს მეცენატი დედოფლის მზრუნველი ხელი. იგი დიდად უწყობდა ხელს პალესტინის ქართულ მონასტრებსაც. მარიამ დადიანის მოღვაწეობის მნიშვნელობა მხოლოდ პრაქტიკული შედეგებით როდის განისაზღვრება. ეს თავისთავად! ყველაზე ძირითადი სხვაა - ამ დიდებულმა ქართველმა ქალმა, ,,მეორე თამარად’’ მონათლულმა პიროვნებამ, დაასაბუთა, რომ ყველაზე ურთულესი კონიუნქტურის პირობებშიც კი შესაძლებელია ეროვნული კულტურის აღორძინებისათვის ბრძოლა! მარიამ დადიანი პოლიტიკურ ცხოვრებაშიც აქტიურად ერეოდა. მან გამოამჟღავნა მოხერხებული დიპლომატის ნიჭი, რთულ ინტრიგებში გარკვევის უნარი. სწორედ ამიტომ აღიარეს იგი რადიკალურ-პატრიოტულმა წრეებმაც და ,,ირანოფილურმა’’არისტოკრატიამაც. ირანის შაჰის კარზე სამართლიანად სთვლიდნენ, რომ ოდიშის მთავრის ასულის გავლენა ანელებდა ანტიირანულ რადიკალიზმს, ლოიალურად განაწყობდა ქრისტიანულ მოსახლეობას... დიდმა პატივმა, საერო-ქართულ საქმეში ჩაძირვამ ვერ შეანელა დედოფლის პირადი ცხოვრების ტრაგიზმი... მოუკვდა ერთადერთი შვილი ოტია, იგივე უჩა, მეტად უღიმღამოდ დასრულდა მისი ძმის - ლევან II დადიანის მთავრობაც ოდიშში. საეჭვო ვითარებაში დაიღუპა მემკვიდრე - შვილობილი ლუარსაბიც... 1658 წელს გარდაიცვალა თითქმის ასი წლის როსტომი... ადრევე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ქართლის ტახტზე უნდა ასულიყო ბაგრატიონთა ,,მუხრანული’’ შტოს წარმომადგენელი ვახტანგ V, მრავალშვილიანი ოჯახის მამა. ისპაჰანში ჩასული ვახტანგ V დადგენილი წესის მიხედვით გაამაჰმადიანეს, შაჰ-ნავაზ-ხანი უწოდეს და მეფედ დაამტკიცეს. შაჰ-ნავაზს აუცილებელ პირობად დაუდეს მარიამ დადიანის შერთვა... ირანი ამ აქტით ხაზს უსვამდა ქართველი მეფეების მაჰმადიანობას. სასოწარკვეთილმა მარიამმა მალემსრბოლის ხელით შაჰს თავისი ჭაღარა თმა გაუგზავნა ხანდაზმულობის საილუსტრაციოდ, მაგრამ ამაოდ! მარიამ დადიანი ,,შვილობილის’’ - ვახტანგ V-ის ,,კანონიერი’’ მეუღლე გახდა... ასეთი იყო ისპაჰანის უზენაესი ნება! სამწუხაროდ, ვახტანგ V ზღუდავდა დედოფლის საქმიანობას. იგი საკმაოდ ჭირვეული ქმარი აღმოჩნდა. როგორც აღვნიშნავდით, მარიამს არასოდეს არ შეუწყვეტია მიწერ-მოწერა თავის პირველ მეუღლესთან, უსინათლო სიმონ გურიელთან, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობდა იერუსალიმში. 60-იან წლებში სიბერეშეპარული სიმონი საქართველოში დაბრუნდა. მარიამმა მოიწვია სურამში და მრავალტანჯული მოხუცის გვერდით რამდენიმე დღეც დაჰყო. განრისხებულმა ვახტანგ V-მ მკაცრად მოსთხოვა პასუხი ,,თავნება მეუღლეს’’. მარიამ დადიანმა ამაყი ირონიით უპასუხა გაცოფებულ ქმარს: ,,მეფეო, თქვენ დიდი პატივი დასდეთ ამ საპყარ უსინათლო მოხუცს უადგილო ეჭვიანობით’’... მეფეს შერცხვა და მდუმარედ გაშორდა. ამბობენ, ვახტანგ V-ს არ მოსწონდა, რომ დედოფალი მთელ თავის ქონებას საქველმოქმედო საქმეს ახმარდა. კონფლიქტის მთავარი წყარო კი ნამდვილად სხვა იყო. ვახტანგ V საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა, მაგრამ ამ სწორი სტრატეგიული პოლიტიკის განხორციელების გზაზე მან რამდენიმე ტაქტიკური ხასიათის შეცდომა დაუშვა. ერთ-ერთი ასეთი შეცდომა იყო პოპულარული დედოფლის მთლიანი ჩამოშორება პოლიტიკური ასპარეზიდან... სხვათა შორის, სწორედ ტაქტიკურმა შეცდომებმა გამოიწვიეს შემდეგში ნიჭიერი და ენერგიული ვახტანგ V-ის ნაადრევი დაღუპვა. ერთი სიკეთე მაინც დარჩა სახელოვან მარიამ დადიანს სიბერეში... სიცოცხლის ბოლოს მას აღარ აწუხებდა ნამგალა მთვარის გამოსახულებიანი ჯიღას სიმძიმე. ვალმოხდილი თავისუფალი ქართველი ქალი 1683 წელს გარდაიცვალა. |