საქართველო კულტურის მხრივ ფრიად საინტერესოა: კავკასიონის ქედის ძირში, ასურეთ-პალესტინიდან მომდინარე აღმოსავლური ქრისტოლოგიის მისტიურ-ემოციონალური ნაკადი ბუნებრივად ეჯახებოდა დასავლეთიდან მომდინარე ბერძნულ-ბიზანტიური თეოლოგიის რაციონალურ-ფილოსოფიურ ნაკადს. ამ ორი სხვადასხვაგვარი სინთეზიდან იქმნებოდა ის თავისებური რელიგიურ-კულტურული ფაქტი, რომელსაც ქართული ქრისტიანობა ეწოდება და აღბეჭდილია ქართულ ორიგინალურ თუ ნათარგმნ საეკლესიო ლიტერატურულ ძეგლებში [1, 14]. ასე, მაგალითად, დავით აღმაშენებლის ბრძანებით, ექვთიმე და გიორგი ათონელებისეულ თარგმანთა შემდეგ არსენ ბერმა ანდრია კრეტელის "დიდი კანონი” მესამედ თარგმნა [2, 75]. ჩემი კვლევის საგანს დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანის” და ანდრია კრეტელის `დიდი კანონის” რამდენიმე ადგილის ინტერპრეტაცია წარმოადგენს.
დავითის `გალობანი სინანულისანი” მრავალმხრივ საინტერესო ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებია, რომელმაც მკვლევართა ყურადღება ადრიდანვე დაიმსახურა (გ. ხელიძე, ნ. ურბნელი, ა. ხახანაშვილი, კ. კეკელიძე, ივ. ჯავახიშვილი, თ. ჟორდანია, შ. ნუცუბიძე, ლ. გრიგოლაშვილი, რ. მეტრეველი...) [3, 4, 5, 1, 6, 7, 8, 2, 9]. აღნიშნული ძეგლის კვლევისას მხედველობაში იქნა მიღებული მისი სპეციფიკა: ნაწარმოები ქრისტიანული მწერლობის ისეთი ძეგლია, რომელიც ადამიანის სულის ღრმა განცდებს ასახავს. ზოგადად, ამ ჟანრის ავტორისათვის დამახასიათებელია სულის უმკაცრესი გაშიშვლება და თავის დამდაბლების მიზნით თავისი თავის უცოდვილესად წარმოდგენა. "დიდ კანონში” ჩვეულებრივი ღვთისმოსავი ადამიანის სულის ბიოგრაფიაა გადაშლილი, `გალობანი სინანულისანი” კი შეიცავს არა ჩვეულებრივი კაცის განცდას, არამედ მეფისას, რომელმაც დიდი სირთულეებისა და მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, სახელმწიფო რეფორმები ჩაატარა, გადაიხადა უმძიმესი ბრძოლები თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ და აღმშენებლობითი ღონისძიებები განახორციელა [10, 23]. ბუნებრივია იბადება კითხვა, რამდენად შეიძლებოდა მეფეს, მხედართმთავარს, რეფორმატორს, ქალაქებისა და ტაძრების აღმაშენებელს ისევე განეცადა პირველცოდვა, როგორც ამას ღრმა მისტიციზმში მყოფი განდეგილები, სასულიერო პირები და წმინდანები შეიგრძნობდნენ? წმიდა მამების თანახმად, წმინდანი სინათლისაკენ მავალი ადამიანია. რაც უფრო უახლოვდება ნათელს, მით უფრო ხედავს ცოდვებს [11,3]. ამდენად, საფიქრებელია, რომ ისინი მთელ ცხოვრებას სინანულში ატარებენ.
გასაზიარებელია თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ დავითის სინანულის დასაბამი არა ავტორის ბიოგრაფიული ცნობებია, არამედ ის უმთავრესი ქრისტიანული დოგმატი, რომლის თანახმად, ყოველი ადამიანი ცოდვილია, უცოდველი მხოლოდ ღმერთია. ქრისტიანული მწერლობის სხვა მისტიკურ თხზულებათა მსგავსად, "გალობანი სინანულისანი” დედააზრის გასაღები ზოგადსაკაცობრიო მოტივია [2, 53]. დავითიც, რომლის მრავალპლანიანი მოღვაწეობა საქართველოს ფარგლებს ცდებოდა, თავისი ნაყოფიერი შემოქმედებით, სინათლის გზაზე მავალი კიდევ უფრო მეტად შეიცნობდა ცოდვათა ზოგადსაკაცობრიო ხასიათის სიმძიმეს, რაც ფილოსოფიური ლირიკის ჟანრში სევდის მომგვრელი აღსარების სახით გადმოსცა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინტერესმოკლებული არ იქნება, თუ რამდენიმე ადგილს მოვიყვან, რომელიც ორივე საგალობელში თითქმის მსგავსი ემოციითაა განცდილი. ასე, მაგალითად, `გალობანში” დავითი ამბობს: "...მეცა სიტყუაო, აღმსარებელსა მომხედენ!” [12, 19]. "დიდი კანონის” მიხედვით, `მომხედენ მე, მოწყალითა თუალითა, ვითარცა სახიერმან და მიითუალე აღსარებაჲ ჩემი”[11, 10].
ანდრია კრეტელისა და დავით აღმაშენებლის საგალობელთა შეპირისპირებით იკვეთება ღვთისგან მეფობის პატივით აღზევებული ადამიანი, რომელიც ადამის მსგავსად, დიდებაში დარწმუნებული ცოდვის მონად იქცევა: "ბუნებითსა რაჲ თჳთმფლობელობასა თანა მეფობისაცა შარავანდნი მარწმუნენ, ხოლო მე ვნებათა ბილწთა მონად მივჰყიდე თავი, რამეთუ "რომლისაგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ” [12, 20]. ანდრია კრეტელის თანახმად, "მეფობისა პატივითა და გჳრგჳნითა და პორფირითა შემკული პოვნიერი და მართალი კაცი, სამწყსო მრავალი და განმდიდრებული სიმდიდრისა დიდებისა და მეფობისაგან, გლახაკ და უღონო იქმნა” [11, 90]. აქ ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ღმერთს დაშორებული ადამიანი ცოდვის პოტენციური მსხვერპლია. მსგავსი პასაჟი შეიძლება დავინახოთ ორივე საგალობელში, სადაც მაგალითად მოყვანილ ისრაელის მეფე სოლომონთან დაკავშირებით შემდეგს ვკითხულობთ: `სოლომონისაÁსა წურბლისა მსგავსად ვერ-მაძღარი სხუათა სოფლის კიდეთა ვეძიებ დაპყრობად და ღმრთისა საზღვართა ვაბრალობ”[12, 24] - `საკჳრველმან ბრძენმან სოლომონ, ვრცელმან ფრიად სიბრძნისა მადლითა, წინაშე ღმრთისა ოდესმე ქმნა ბოროტი და განსდგა”[11, 48]. "გალობანში”, ისევე როგორც `დიდ კანონში”, ცოდვის მძაფრი განცდის ამსახველი ადგილები მრავლადაა: "კაენის მკვლელებრი ცნობაჲ” - "მივემსგავსე კაენს, მკლველსა”; `ხუთ-ქალაქელთა შეგინებისა მწჳრე” - "ივლტოდე სოდომით და გომორით”; "მეგჳპტური გულმძიმობაჲ” - "არა მოაკუდინე შენ მეგჳპტელი გონება”; "ქანანელთა ჩვეულებანი” - "ქანანელთა ჯურღმულნი”; `სეითის ძეთა ლირწებაჲ” - `სეითს არა ემსგავსე”. საფიქრებელია, რომ დავითის მიერ ქვეყანაში ჩატარებული რეფორმები არა მარტო სიახლის დანერგვას ისახავდა მიზნად, არამედ, სავარაუდოდ, მსგავს დანაშაულობათა აღმოფხვრასაც, რომელიც მის დროს ფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული.
და ბოლოს, "გალობანის” და "დიდი კანონის” ურთიერთშედარებამ აჩვენა, რომ სევდასა და სინანულს რწმენითა და იმედით გასხივოსნებული ნათელი აგვირგვინებს, რომელიც ღვთისმშობლისადმია მიმართული: ჲამისთჳს იყო ქალწული და Ãორც-ქმნაჲ სიტყჳსაჲ, რაჲთა დედობრივითა ოხათა მიერ ცხოვნდენ ცოდვილნი” [12, 21] - "ღმერთი გჳშუა საშომან შენმან, სძალო, ხატითა კაცობრივთა, რომელსა ვითარცა მიზეზსა ყოველთასა ცხოვრებად ჩუენდა, ევედრე ღმრთისმშობელო” [11, 96]. ღვთისმშობლისადმი დავითის მიმართებას გელათში აგებული ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ადასტურებს.
ამრიგად, დავით აღმაშენებლის მიერ ანდრია კრეტელის "დიდი კანონის” მიბაძვით შექმნილი "გალობანი სინანულისანი” ქართული ლირიკის ერთ-ერთ შედევრს წარმოადგენს. მასში პიროვნების განცდა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობითაა წარმოჩენილი. ჩემი დაკვირვებით, შემთხვევითი არ უნდა იყოს ზემომოყვანილ ნაწარმოებებში ხაზგასმული `სინანულის” მაგალითების თანხვედრა, რაც სემანტიკური კოდის მატარებელია. ასეთ შემთხვევაში, ყურადღებას იქცევს ერთსა და იმავე დროს დავითის როგორც სახელმწიფო მოღვაწის და წუთისოფლის ამაოებისგან განდგომილი სასულიერო პირის განცდების სინთეზი, რაც ჩემი მოსაზრებით, მისი, როგორც ზეადამიანური სიმაღლის მაჩვენებელი უნდა იყოს.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა 1. კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი, 1938. 2. გრიგოლაშვილი ლ., დავით აღმაშენებლის `გალობანი სინანულისანის” კონცეფციისათვის, ქართული ლიტერატურის საკითხები, II, თბილისი, 1971. 3. საქართველოს სასულიერო მახარობელი, VIII, ტფილისი, 1865, რედ. გ. ხელიძე. 4. ურბნელი ნ., მეფე დავით აღმაშენებელი და მისი დრო, მოამბე, #1, 1894. 5. Хаханов А., Очерки по истории грузинской словесности, вып. 1, М. 1897 6. ჯავახიშვილი ივ. ქართველი ერის ისტორია, II, თბილისი, 1965. 7. ჟორდანია თ., ქრონიკები, II, ტფილისი, 1897. 8. ნუცუბიძე შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, II, თბილისი, 1958. 9. მეტრეველი რ., საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი (XII ს. პირველი მეოთხედი), ცისკარი, #6, 1970. 10. მეტრეველი რ., სხვაობა 600 წელი დავით აღმაშენებელი და პეტრე პირველი, თბილისი, 2008. 11. ანდრია კრეტელი, დიდი კანონი, თბილისი, 2005. 12. დავით აღამშენებელი, გალობანი სინანულისანი, თბილისი, 1989.
|