| მიხეილ VII დუკა და მარიამ დედოფალი. ხახულის ხატი |
(დიმიტრი შველიძის წიგნიდან ,,პოლიტიკური შეუღლებანი ძველ საქართველოში’’) ხშირად უცხო სახელმწიფოს კარზე გათხოვილი ქართველი ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ამ ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასეთთა რიცხვს მიეკუთვნებოდა ცნობილი მარიამ, იგივე მართა დედოფალი. 1065 წელს ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე X დუკამ (1059-1067), თავისი ვაჟიშვილის, ტახტის მემკვიდრის მიხეილისათვის, საქართველოს მეფეს ბაგრატ IV-ეს ცოლად სთხოვა მეფის ასული მარიამი. 1071 წელს მიხეილი ტახტზე ავიდა, ხოლო მისი მეუღლე ქართველთა მეფის ასული მარიამი - ბიზანტიის იმპერიის დედოფალი გახდა. მარიამი განთქმული იყო თავისი არაჩვეულებრივი სილამაზით. მისი მშვენიერებით მოჯადოებული თანამედროვენი სიტყვებს არ იშურებდნენ აღტაცების გამოსახატავად. ცნობილი ბიზანტიელი ისტორიკოსი ქალი, იმპერატორ ალექსი პირველის ასული - ანა კომნენი, თავის ,,ალექსიადაში’’ წერდა: ,,მარიამი იყო მაღალი და ტანადი, როგორც კვიპაროსი, თეთრი, როგორც თოვლი, პირსახე ჰქონდა არც თუ ძალიან მრგვალი, მაგრამ გაზაფხულის ვარდივით გაფურჩქვნილი ალისფრად. ახლა თვალების ბრწყინვალებას აღარ იკითხავთ? ვინ შეძლებს იმის აღწერას? წამწამები გრძელი და განსაცვიფრებელი, თვალები ცისფერი. მხატვრის ხელი ხშირად გადმოგვცემს ხოლმე ყვავილების ნაირფერობას, რომლებითაც გვასაჩუქრებს წლის სხვადასხვა დრო; მაგრამ დედოფლის სილამაზე და მისი მომაჯადოებელი მიმზიდველობა, მისი ზნის სანდომიანობა - ყველაფერი ეს აღემატება ფერწერას და ხელოვნებას. არც აპელესს, არც ფიდიასს, არც რომელიმე სხვა მოქანდაკეს არ დაუტოვებია ამის მსგავსი რამ ქანდაკება, ამბობენ გორგონას თავი ქვებად აქცევდა ხოლმე იმ კაცებს, ვინც მას შეჰხედავდა; ხოლო ვინც შემთხვევით დაინახავდა დედოფალს, ის რომ სეირნობდა, ან უცაბედად შეხვდებოდა სადმე, საზღვარი არ ჰქონდა მის განცვიფრებას, ის გაქვავებული რჩებოდა იმავე მდგომარეობაში, რომელშიც შეხვდა მას, თითქოს წართმეოდა სულიც და გონებაც. ასეთი თანაზომიერება ასოთა და ნაკვთთა, ასეთი შეხამება მთელისა ნაწილებთან და ნაწილებისა მთელთან, მართლაც რომ არასოდეს არავის არ უნახავს ადამიანის სხეულში’’ (1). 1078 წელს ანატოლიის აჯანყებულმა სტრატეგმა ნიკიფორე ბოტანიატმა ტახტიდან ჩამოაგდო 27 წლის იმპერატორი მიხეილი. მარიამის სილამაზით მოხიბლული ახალი იმპერატორი არ მოერიდა იმას, რომ მისი მეორე ცოლი ევდოკია და მარიამის მეუღლე მიხეილი ცოცხლები იყვნენ, არც იმას, რომ ნეოკესარიის საეკლესიო კრება სასტიკად კრძალავდა მესამე ქორწინებას და მარიამი ცოლად შეირთო. ეს უკანასკნელი მეორედ მოევლინა დედოფლად ბიზანტიის იმპერიას. მარიამის მიზანი იყო თავისი ვაჟიშვილი კონსტანტინე გაემეფებინა. ამ მოსაზრებით შეუუღლდა სწორედ იგი ნიკიფორე ბოტანიატს, რომელმაც პირობა მისცა მარიამს, რომ თავის მემკვიდრედ გამოაცხადებდა კონსტანტინეს. მაგრამ ახალმა იმპერატორმა სიტყვა გატეხა, რაც მას ტახტის დაკარგვად დაუჯდა. მარიამი აქტიურად გამოვიდა იმპერატორის საწინააღმდეგო შეთქმულების მხარეზე, რომელსაც სათავეში ედგა ალექსი კომნენი. შეთქმულთა მეთაური კარგად აფასებდა მარიამის წონას სასახლეში, ამიტომ ანა კომნენის სიტყვებით, შეთქმულებმა ,,საჭიროდ დაინახეს თავის მხარეზე გადაებირებინათ სასახლის ქალები, რათა მათი შემწეობით დედოფლის ყურადღება მოეპოვებინათ’’. შეთანხმების თანახმად, ახალ იმპერატორს, ალექსის, მარიამის ვაჟიშვილი კონსტანტინე ტახტის მემკვიდრედ უნდა გამოეცხადებინა. უკანასკნელს კეისრის მსგავსადვე, გვირგვინი და წითელი წუღები უნდა ეტარებინა. კონსტანტინემ დანიშნა და ცოლად უნდა შეერთო ალექსი კომნენის ასული - ანა, რომელიც მარიამის ზედამხედველობით იზრდებოდა. მარიამ დედოფლის უფლებები შეუვალი რჩებოდა. მარიამის გამოსვლამ შეთქმულთა მხარეზე გადამწყვეტი როლი ითამაშა. 1081 წლის 1 აპრილს ნიკიფორე ბოტანიატი ბერად აღკვეცეს. იმპერიის ტახტზე ალექსი I კომნენოსი (1081-1118) ავიდა. მიუხედავად ამისა, მარიამის ვაჟს კონსტანტინეს გაკეისრება არ ეწერა. ბოლოს და ბოლოს ორი კეისრის ცოლყოფილი მარიამი იმედგაცრუებული დაბრუნდა საქართველოში, სადაც ამ დროს უკვე მისი ძმისშვილი დავით აღმაშენებელი მეფობდა. XIII ს-ის დამდეგს როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხლათის სულთანს მელიქ ალ-აუჰად ალ ნაჯმ ად-დინს (1200-1210) მიათხოვეს ცნობილი ქართველი მხედართმთავრის ივანე მხარგრძელის ასული თამთა. შემდგომში თამთა მეორედ გათხოვდა და ახალი სულთნის მელიქ აშრაფის მეუღლე გახდა. სომეხი მემატიანე კირაკოს განძაკეცი წერს: ,,ამ არსების (ე.ი. თამთა დედოფლის) გამოჩენა დიდი ბედნიერება იყო, რადგან ამის შემდეგ სულთნები ადამიანურად ექცეოდნენ მათ სამფლობელოებში მცხოვრებ ქრისტიანებს... შეუმსუბუქეს გადასახადები... აკრძალეს ქრისტიანთა ძარცვა და შეურაცხყოფა. ამგვარი დამოკიდებულება საგანგებოდ იგრძნობოდა ქართველების მიმართ, რომელნიც განსაკუთრებით პატივში იმყოფებოდნენ, განთავისუფლებულნი იყვნენ ყოველგვარი გადასახადებისაგან მათს ქალაქებში და იერუსალიმშიც კი. ხსენებული დედოფლის წყალობით ჩამოვარდა მშვიდობა და მეგობრობა სულთნებსა და საქართველოს შორის’’ (2). ზოგიერთი ცნობის თანახმად, თამთა, ხლათის აღების შემდეგ, შეურთავს ხორეზმის მრისხანე სულთანს ჯალალ-ად-დინს. 1236 წელს რუსუდანის მეფის ასული - თამარი-გურჯი ხათუნი, მიათხოვეს რომის სულთან ყიას ედ-დინ ქეი ხუსრევ II (1236-1246), ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ იგი შეირთო სულთნის ვეზირმა მუინ ედ-დინ სულეიმან ფერვანამ. სასულთნოში თამარის გავლენა უზომო იყო. 1236 წელს სულთანმა თამარის სახე ამოატვიფრინა ფულზე, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო ცნობილ აღმოსავლურ ემბლემას - ლომი და მზე, - და რომელიც ჯერ სელჩუკიანურ სამყაროში გავრცელდა, შემდეგ კი სპარსეთში. გურჯი ხათუნს დიდი მეგობრობა აკავშირებდა აღმოსავლეთის უდიდეს პოეტთან ჯალალ ად-დინ რუმთან. ცხადია, როგორც თვით ტერმინიდანაც ჩანს, პოლიტიკური შეუღლების უპირველესი მიზანდასახულობა პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ინტერესების გამოხატვა იყო. მასში ნაკლებ როლს თამაშობდა, ან სულაც არ თამაშობდა ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთსიყვარული. უკანასკნელი, სახელმწიფოებრივ მომენტს უქვემდებარდებოდა ან ეწირებოდა. ქვეყნის თვითმპყრობელი, იქნებოდა ეს რომელიმე ქართლისა თუ კახეთის მეფე თუ ,,ნიკოფსიით დარუბანდამდე’’ განფენილი საქართველოს მონარქი, უფლებამოსილი არ იყო, თავისი პირადი ოჯახური ცხოვრება, საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით მოეწყო. თვით მეფე ,,აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა და სომეხთა, შირვანშა და შაჰანშა, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთის თვითმპყრობელი’’ თამარი, წინააღმდეგი იყო თავის პირველ ქმართან გიორგი რუსთან შეუღლებისა. ,,ყოვლად უწადინებელმან ქორწინებისამან იაჯა ხსნას ქმროსნობისაგან, ხოლო არა მშუებელმან დედოფალმან და სპათა აიძულეს ქმნად’’. უფრო ადრე ,,პატრიარქმან, დიდებულმან, ვაზირთა და სპათა მოახსენეს თამარს, და მათგან ნებადაურთავი განამზადეს ქორწილი’’ (3). საქართველოს ისტორიამ რამდენიმე საყოველთაოდ ცნობილი რომანტიკული სიყვარულის შემთხვევაც იცის, როცა მძაფრად შეეჯახა ერთმანეთს, ერთის მხრივ პიროვნული, მეორე მხრივ კი - სახელმწიფოებრივი ინტერესები. პირველად ეს იყო XIII ს-ის დამლევს, როცა გიორგი IV ლაშამ სცადა სრულიად უგვარო წარმოშობის ქალი მოეყვანა ცოლად და საქართველოს დედოფლად. ჟამთააღმწერლის სიტყვებით: ,,მისრულმან კახეთს სოფელსა ერთსა, ველისციხესა, იხილა ქალი ფრიად ქმნულ-კეთილი და მყის აღტაცებულ იქმნა გულისთქმათა მიერ... მსწრაფლ თვისად მიიყვანა და შეიყუარა ფრიად’’ (4). უფრო გვიან, XVII ს-ის დასაწყისში ლუარსაბ II ქართლის მეფეს გიორგი სააკაძის და ,,მოეწონა მეტად დიდად და ეტრფიალა’’. ფეოდალური არისტოკრატია ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეურიგდა ,,უგვაროთა’’ გადედოფლების მცდელობას და ენერგიულად წინ აღუდგა მეფეთა სურვილს: გიორგი ლაშას ცოლად არ მოაყვანინეს ველისციხელი ქალი, ხოლო ლუარსაბი კი იძულებული გახადეს გაჰყროდა სააკაძის დას. მემკვიდრეობითი წესის დარღვევას და მეფეთა ქორწინების დროს პოლიტიკური მომენტის უგულებელყოფას, სახელმწიფოს ცხოვრებისათვის ხშირად რყევები მოჰქონდა შედეგად. ცნობილია თუ რა შედეგი მოჰყვა კარგი მეომრისა, მაგრამ უნებისყოფო მეფის ლაშა-გიორგის ქარაფშუტულ საქციელს. მის მიერ უგვარო ქალის ცოლად მოყვანამ განაპირობა ორმეფობა საქართველოში. სამეფო კარზე ვერ გადაწყვიტეს დილემა: რომელი უფრო კანონიერი მემკვიდრე იყო ტახტისა: დავით ლაშას ძე - უკანონო ქორწინების ნაყოფი თუ დავით რუსუდანის ძე - მეფე-ქალის შვილი. ერთი პარტია სასახლის კარზე უკანონო ლაშას ძის წინააღმდეგი იყო, მეორე პარტიის თვალსაზრისს სარგის თმოგველი გამოთქვამდა: ,,არა ჯერ არს, რათამცა ნაშობმან დედაკაცისამან დაიპყრას მეფობა და არა ძემან თვითმპყრობელისა მეფისა მამაკაცისამან’’. მას მიუგებდნენ, რომ ,,დაღათუ ნარინ დავით დედაკაცისა ნაშობი იყო, არამედ მეფევე იყო გვირგვინოსანი რუსუდან, ძმისა მისისაგან გიორგისაგან დატევებული, და მეფისავე ძე არს ნარინ დავით’’ (5). ორივე მხარეს გააჩნდა არგუმენტები. უბედურების სათავე კი ლაშას საქციელში იდო, რამეთუ მან შეუღლების დროს სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ინტერესი უარყო და ადამიანურ გულისთქმას აჰყვა, რაც შესანიშნავად შენიშნა მისმა თანამედროვე მემატიანემ. პოლიტიკურ შეუღლებებს წერტილი მაშინ დაესვა საქართველოში, როცა დამოუკიდებელი სახემწიფოებრიობა მოიშალა. დინასტიურ შეუღლებებს შემდგომ ეპოქაშიც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ქართული სამეფო საგვარეულოს შთამომავალთა დანათესავებას, თუნდაც სხვა ქვეყნების წარჩინებულ საგვარეულოებთან - პოლიტიკური საფუძველი აღარ ჰქონდა. XIX ს-ის პირველ მესამედში ირანის შაჰის კარი ჯერ კიდევ იმედოვნებდა საქართველოში დაბრუნებას და თავისი დაუოკებელი კანდიდატის - ალექსანდრე ბატონიშვილის გამეფებას. ირანელები იმაზეც კი ზრუნავდნენ, რომ ალექსანდრე ერეკლეს ძეს ცოლი შეერთო და ტახტის მემკვიდრე გაეჩინა. გენერალი ერმოლოვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სწერდა: ,,აბას მირზა ცდილობს ბატონიშვილს ჯვარი დასწეროს, რათა მას გაუჩნდეს მემკვიდრე მამრობითი სქესისა და ამ მიზნით სპარსეთის მიერ გაგზავნილია შუაკაცები თურქეთში მცხოვრებ აისორთა მღვდელმთავართან, რათა მან ბატონიშვილს თავისი ძმისწული მიათხოვოს’’. ეს ცდა ჩაიშალა. შემდეგ შუამავლები აბას მირზამ ეჩმიაძინს მიავლინა... მაგრამ ეს უკვე აღარაა ჩვენთვის საინტერესო. ბაგრატიონებს საქართველოს სამეფო ტახტზე ასვლა აღარ ეწერათ. მოკლედ შევაჯამოთ ზემოთქმული. ძველი საქართელოს ისტორიაში შეიძლება გამოიყოს პოლიტიკურ შეუღლებათა სამი ძირითადი სახე: პირველი იყო - თანასწორუფლებიანი, რომელიც ორი მეტნაკლებად თანაბარი პოლიტიკური სიძლიერის მქონე ქვეყანას შორის ურთიერთობას ასახავდა. მეორე იყო ვასალური ტიპის პოლიტიკური შეუღლება და გამოხატავდა საქართველოზე გაბატონებისა და გავლენის მაძიებელი აგრესორისა და ფაქტიურ თუ ფორმალურ მორჩილებაში მყოფი საქართველოს ურთიერთობას. ვასალური ტიპის დამოყვრება შეიძლებოდა ყოფილიყო: - ვასალურ-მბრძანებლობითი და ვასალურ-ნებაყოფლობითი ხასიათისა. და ბოლოს მესამე - სიუზერენული შეუღლებანი, რომელიც გამოხატავდა ძლიერი საქართველოსა და მასზე დამოკიდებული ქვეყნის, ან კიდევ, მეფისა და მისი უშუალო ყმა-ქვეშევრდომის ურთიერთობას. პირველ შემთხვევაში დამოყვრება - სიუზერენულ-ვასალურ, ხოლო მეორე შემთხვევაში კი - ბატონყმურ ხასიათს ატარებდა. დაახლოებით ამგვარი სახით გამოიყურება ძველ საქართველოში პოლიტიკურ შეუღლებათა კლასიფიკაციის მცდელობის ჩვენს მიერ წარმოდგენილი სურათი. ქვემოთ მოგვყავს ორი ცხრილი: პირველია - საქართველოს მეფეთა და დედოფალთა სია. მასში შეტანილია: იბერიის, აფხაზთა, ტაო-კლარჯეთის სამთავროს, გაერთიანებული საქართველოს, ქართლის, კახეთის, იმერეთის მეფეთა და დედოფლების სახელები. სიაში არ შეგვიტანია იმ მეფეთა სახელები, რომელთა მეუღლეების ვინაობაც ჩვენთვის უცნობია. დედოფალთა სახელები სხვადასხვა წყაროებში და ლიტერატურაშია გაფანტული. ჩვენ ვცადეთ მათი გაფანტულ-მიმალული სახელები შეგვეკრიბა და პირველად გამოგვექვეყნებინა ერთად, ცხრილის სახით. იგივე ითქმის მეორე ცხრილზეც. მასში შეკრებილია საქართველოს სამეფო სახლის წარმომადგენელთა დინასტიური შეუღლებანი, სხვა ქვეყნების სამეფო საგვარეულოების წარმომადგენლებთან. საქართველოს მეფე-დედოფალნი იბერიის (ქართლის) სამეფო ფარნავაზ I (ძვ.წ.აღ. IV ს. დამლევი - III ს. დასაწყ.) - ასული ,,დურძუკელთა, ნათესავი კავკასისი’’; საურმაგი (ძვ.წ.აღ. III ს.) - ,,სპარსი, ასული ბარდაველის ერისთავისა’’; მირიან I (ძვ.წ.აღ. II ს. დასაწყ.) - მეფე საურმაგის ასული; არშაკ I (ძვ.წ.აღ. II ს. მეორე ნახ.) - მირიან პირველის ასული; ბარტომი - სომეხ მეფეთა დინასტიის არშაკუნიანების ასული; მირიან II - მეფე ბარტომის ცოლყოფილი, არშაკუნიანების ასული; ფარსმან I (I ს. 30-60-იანი წწ.) - დედოფალი პამასასპუხი; ფარსმან II ქველი (II ს. 30-50-იანი წწ.) - ღადანა, სომეხთა მეფის ასული; რევ I მართალი (III ს. შუა წლები) - სეფელია, ბერძენი დიდმოხელის ,,ლოგოთეტის’’ ასული; მირიან III (IV ს. I ნახ.) - აბეშურა, მეფე ასფაგურის ასული; ნანა, ბერძენი დიდმოხელის ასული, მეორე ცოლი; ვარაზ-ბაქარი (368-383) - ,,და შეირთნა ორნი ცოლი: ერთი - ასული თრდატისი, რევის ძისა, მირიანის ძისწულისა და ერთი ძისწული ფეროზისა, მირიანის ასულისწულისა’’. ბაკურ II (IV ს. II ნახ.) - დედოფალი დუხტია; არჩილი - (V ს. 20-30 წწ.) - მარიამ, ბერძენი ასული, ,,ნათესავი ივბიმიანოს მეფისა’’. მირდატი (V ს. 30-იანი წწ.) - საგდუხტი, რანის ერისთავის ბარზაბოდის ასული; ვახტანგ გორგასალი (438-491) - ბალენდუხტი, ირანის შაჰის ასული; ელენე, ბიზანტიის იმპერატორის ლეონის (457-474) ასული, მეორე ცოლი; ქართული ადრეფეოდალირი სახელმწიფოები (ქართლის საერისმთავრო, ტაო-კლარჯეთის საკურაპალატო, ეგრის-აფხაზეთის სამეფო, კახეთის სამეფო) ჯუანშერ არჩილის ძე, ქართლის ერისმთავარი - ლატავრი, ადარნასე ბაგრატიონის ასული. გურგენ ქართველთა მეფეთ-მეფე (994-1008) გურანდუხტი, აფხაზთა მეფის გიორგი II-ის (922-957) ასული. ლეონ I აფხაზთა ერისთავი (VIII ს. 20-40-იანი წწ.) - გურანდუხტი, ქართლის ერისმთავრის არჩილის ძმისწული. თეოდოსი II აფხაზთა მეფე (798-825) - ტაო-კლარჯეტის მთავრის აშოტ I დიდის ასული. ადარნასე I აფხაზთა მეფე (887 წ-მდე) - ტაო-კლარჯეთის მთავრის ბაგრატ I-ის ძმის გუარამ მამფალის ასული. ბაგრატ I აფხაზთა მეფე (881-893) - ადარნასე აფხაზთა მეფის ქვრივი გუარამ მამფალის ასული. კონსტანტინე III აფხაზთა მეფე (893-922) - ადარნასე II ქართველთა მეფის ასული, პირველი ცოლი; ანისის სომეხთა მეფის სუმბატ ტიეზერაკალის ასული, მეორე ცოლი. ბაგრატ II აფხაზთა მეფე (X ს. I მესამედი) - კლარჯი ბაგრატიონის, გურგენ ერისთავთ-ერისთავის ასული. დავით I კახთა მეფე (976-1010) - ლეონ II აფხაზთა მეფის ასული. ერთიანი საქართველოს სამეფო გიორგი I (1014-1027) - მარიამი, ვასპურაკანის სომეხთა მეფის - იოანე-სენაქერიმის ასული, პირველი მეუღლე; ალდე, ოვსთა მეფის ასული, მეორე მეუღლე. ბაგრატ IV (1027-1072) - ელენე, ბიზანტიის იმპერატორის რომან არგვიროსის ძმის ვასილის ასული, პირველი მეუღლე; ბორენა, ოვსთა მეფის დორღოლელის დაი, მეორე მეუღლე. დავით IV აღმაშენებელი (1089-1125) - სომეხთა ასული, პირველი ცოლი; გურანდუხტი, ყივჩაღთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული, მეორე ცოლი. გიორგი III (1156-1184) - ბურდუხანი, ოვსთა მეფის ხუდანის ასული. თამარი (1184-1213) - იური, (გიორგი რუსი), ვლადიმირ-სუზდალის მთავრის ანდრია ბოგოლიუბსკის ვაჟი; დავით სოსლანი, ოვსთა სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელი, მეორე მეუღლე. გიორგი IV ლაშა (1213-1222) - უკანონო ცოლად ჰყავდა ,,უგვარო’’ ველისციხელი ქალი. რუსუდანი (1222-1245) - რუმის სულთნის თოღრულ შაჰის, ქართული წყაროებით ,,არზრუმის სულტნის ტოღრილის ძე’’ - მოღის ედ-დინი. დავით VII ულუ (1247-1270) - ჯიგდა-ხათუნი, პირველი ცოლი; ამის შემდეგ ჰყავდა მეფეს ვითარცა ,,საყუარელი’’ ალთუნ, ,,ნათესავით ოსი’’ მეუღლედ; გვანცა, რაჭის ერისთავის ასული, ავაგ ათაბაგის ქვრივი, მეორე მეუღლე და დედოფალი; ესუქნი, მონღოლთა დიდი ნოინების ჭორომაღოსა და სირმას დაი, მესამე მეუღლე. დავით VI ნარინი (1245-1293) - თამარი, დიდებულ ,,ამენელის ძეთა ასული’’, პირველი მეუღლე; მეორე მეუღლე - ბიზანტიის იმპერატორის მიხეილ VIII პალეოლოგოსის ასული. დემეტრე II თავდადებული (1270-1289) - თეოდორა, ტრაპიზონის იმპერატორის მანუელ პირველის ასული, პირველი მეუღლე; სორღალ, მონღოლთა ასული, მეორე მეუღლე; ნათელა, სამცხის ათაბაგის ბექა ჯაყელის ასული, მესამე მეუღლე. ვახტანგ II (1289-1293) - ოლჯათ, ილხანთა ირანის ყაენის არღუნის დაი. დავით VIII (1293-1311) - ოლჯათ, ვახტანგ მეორის ქვრივი, ილხანთა ირანის ყაენის არღუნის დაი, პირველი მეუღლე; ქართლის ერისთავის ჰამადა სურამელის ასული, მეორე მეუღლე. ვახტანგ III (1302-1308) - შაბურის ძის ასული. ბაგრატ V დიდი (1360-1393) - ანა, ტრაპიზონის კეისრის ასული. გიორგი VII (1393-1407) - ნათია, ქუცნა ამირეჯიბის ასული. ალექსანდრე I დიდი (1412-1442) - დულანდუხტი, პირველი მეუღლე; თამარი, მეორე მეუღლე. ვახტანგ IV (1442-1446) - სითიხათუნი, თაყა ფანასკერტელის დაი. გიორგი VIII (1446-1466, კახეთში 1466-1476) - თამარი, პირველი ცოლი; ნესტან-დარეჯანი, იმერეთის მეფის ბაგრატ მეორის ასული. იმერეთის სამეფო ბაგრატ II (1466-1478) - ელენე. ალექსანდრე II (1484-1510) - თამარი. ბაგრატ III (1510-1565) - ელენე. გიორგი II (1565-1585) - რუსუდანი, ჩერქეზთა ბატონის ასული. ლევანი (1585-1590) - მარეხი, სამეგრელოს მთავრის ლევან დადიანის ასული. როსტომი (1590-1604) - მამია დადიანის ასული. ალექსანდრე III (1639-1660) - მამია გურიელის ასული, პირველი ცოლი; დარეჯანი, კახთა მეფის თეიმურაზ პირველის ასული, ზურაბ არაგვის ერისთავის ქვრივი, მეორე ცოლი. ალექსანდრე IV (1683-1695) - თამარი, გიორგი აბაშიძის ასული. გიორგი IV (1696-1697) - თამარი, გიორგი აბაშიძის ასული, ალექსანდრე IV-ის ცოლყოფილი. სიმონი (1698-1701) - ანუკა, გიორგი აბაშიძის ასული, პირველი ცოლი; გურიელის დაი, მეორე ცოლი. გიორგი V (1703-1711, 1716-1720) - როდამი, ქართლის მეფის გიორგი XI-ის ასული, პირველი ცოლი; მამია გურიელის ქვრივი, რაჭის ერისთავის დაი, მეორე ცოლი; თამარი, გიორგი გურიელის ასული, ლიპარტელიანის ცოლყოფილი, მესამე ცოლი. სოლომონ I (1752-1784) - თინათი, აფხაზთა მთავრის ასული; მარიამი, სამეგრელოს მთავრის ოტია დადიანის ასული, მეორე ცოლი; გულქანი, წულუკიძის ასული, ,,ნაცოლარი მიქელაძის აზნაურის ქაჯაიასი, მესამე ცოლი. დავით II (1784-1789) - სამეგრელოს მთავრის კაცია დადიანის ასული. სოლომონ II (1789-1810) - სამეგრელოს მთავრის კაცია II დადიანის ასული. კახეთის სამეფო გიორგი II, ავგიორგი (1511-1513) - ელენე. ლევანი (1520-1574) - თინათინი, გურიის მთავრის ასული, პირველი მეუღლე; ყარამუსალის შამხალის ასული, მეორე მეუღლე. ალექსანდრე II (1574-1605) - თინათინი, ,,ასული ამილახორისა’’. დავით I (1601-1602) - ქეთევანი, აშოთან მუხრანბატონის ასული. კონსტანტინე, აჰმად ყული-ხანი (1605) - ფერიდან ბეგუმი, შახმადის ასული, ირანის სპასალარის დაი. თეიმურაზ I (1606-1616, 1634-1648, ქართლ-კახეთისა 1625-1632) - ანა, მამია გურიელის ასული, პირველი ცოლი; ხორეშანი, ქართლის მეფის ლუარსაბ მეორის დაი, მეორე ცოლი. არჩილ II (1664-1675) - კახთა მეფის თეიმურაზ პირველის შვილიშვილი, ქეთევანი. დავით II, იმამყული-ხანი (1703-1722) - ანა. ქართლის სამეფო დავით X (1505-1525) - ნესტან-დარეჯანი, დავით ბარათაშვილის ასული. ლუარსაბ I (1527-1556) - თამარი, იმერთა მეფის ბაგრატ III-ის ასული. სიმონ I დიდი (1556-1600) - ნესტან-დარეჯანი, ლევან კახთა მეფის ასული. ლუარსაბ II (1606-1615) - მარიამი, ლიპარტიანის ასული, პირველი ცოლი. გიორგი სააკაძის დაი, უკანონო ცოლი. ბაგრატ VII, ბაგრატ ხანი (1616-1619) - ალექსანდრე მეორე კახთა მეფის ასული. სიმონ II, სიმონ-ხანი (1619-1631) - ირანის შაჰის აბას I-ის სიძის, ისა-ხან ყორჩიბაშის ასული, აბასის შვილიშვილი. როსტომი, ხოსრო-მირზა (1632-1658) - მარიამი, სამეგრელოს მთავრის ლევან დადიანის დაი, სვიმონ გურიელის ცოლყოფილი, პირველი ცოლი; ქეთევანი, გორჯასპი აბაშიშვილის ასული, მეორე ცოლი. ვახტანგ V, შაჰ-ნავაზი (1658-1675) - როდამი, ყაფლან ბარათაშვილი-ორბელიანის ასული, პირველი ცოლი; მარიამი, სამეგრელოს მთავრის ლევან დადიანის დაი, სვიმონ გურიელისა და როსტომ მეფის ცოლყოფილი, მეორე ცოლი. ერეკლე I, ნაზარალი-ხანი (1688-1703) - ანა. ვახტანგ VI (გამგებელი 1703-1714, 1716-1724) - რუსუდანი, ყაბარდოელი ქალი. იესე (1714-1716) - ელენე, ერეკლე პირველის ასული, პირველი ცოლი; მარიამი, ყაფლანიშვილის ქალი. ბაქარი (1717-1719) - ხანუმი, არაგვის ერისთავის ასული. თემურაზ II (1744-1762) - თამარი, ვახტანგ მეექვსის ასული; ანახანუმი, მეორე ცოლი. ქართლ-კახეთის სამეფო ერეკლე II (1762-1798) - ანახანუმი, აბაშიძის ასული, პირველი მეუღლე; ქეთევანი, მეორე მეუღლე; დარეჯანი, სამეგრელოს მთავრის კაციას ბიძაშვილის, გიორგი დადიანის ასული, მესამე მეუღლე. გიორგი XII (1798-1800) - ქეთევანი, ქიზიყის მოურავის პაპუნა ანდრონიკაშვილის ასული, პირველი მეუღლე; მარიამი, თავად გიორგი ციციშვილის ასული. საქართველოს სამეფო სახლის წარმომადგენელთა შეუღლებანი უცხო ქვეყნების სამეფო დინასტიებთან და ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის მომხდარი პოლიტიკური შეუღლებანი იბერიის (ქართლის) სამეფო ფარნავაზ I-ის დაი - ოვსთა მეფის მეუღლე. ფარნავაზ I-ის მეორე დაი - ეგრისის ერისთავი ქუჯი. საურმაგ მეფის ასული - ეგრისის ერისთავის ქუჯის ძე. ამაზასპ II-ის დაი - სომეხთა მეფის მეუღლე. მირიან III-ის ძე რევი - სალომე, სომეხთა პირველი ქრისტიანი მეფის თრდატ III-ის (298-330) ასული. მირიან III-ის ასული - ,,ნათესავი მეფეთა სახელით ფეროზ’’, სპარსული დინასტიის წარმომადგენელი. ვახტანგ გორგასალის დაი ხუარანძე - ბაკურ, სომხეთის პიტიახში. ვახტანგ გორგასალის ასული მირანდუხტი - ირანის შაჰის მეუღლე. არჩილის, ქართლის ერისმთავრის შვიდიდან ერთ-ერთი ძმისშვილი გურანდუხტი - აფხაზთა მთავარი ლეონი. ჯუანშერ, ქართლის ერისმთავრის დაი, შუშანი - არ ინდომა ხაზართა ხაკანის ცოლობა და თავი მოიწამლა 764 წელს. ტაო-კლარჯეთის სამთავრო (ქართველთა სამეფო) აშოტ I დიდის ასული - თეოდოსი II, აფხაზთა მეფე. ბაგრატ I კურაპალატის ძმა გუარამ მამფალი - სუმბატ I დიდის, სომეხთა მეფის დაი. ბაგრატ I კურაპალატის ძმის, გუარამ მამფალის ასული - აფხაზთა მეფის ადრანასე I-ის, ხოლო შემდგომში მომდევნო მეფის ბაგრატ I-ის ცოლი. ადარნასე II, ,,ქართველთა’’ პირველი მეფის ასული - აბასი, ვანანდის სომხური სამთავროს ხელისუფალი. ადარნასე II ქართველთა მეფის მეორე ასული - კონსტანტინე III, აფხაზთა მეფე. ეგრის-აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) სამეფო ლეონ აფხაზთა ერისთავის ძმა - ხაზართა ხაკანის ასული. გიორგი II-ის ასული და თეოდოსი III მწუხარეს დაი გურანდუხტი - გურგენ ქართველთა მეფეთ-მეფე. ლეონ III-ის ასული - კახეთის მეფე დავითი. კახეთის საქორეპისკოპოსო და სამეფო კვირიკე III დიდის დაი ზორაკრცელი - დავით უმიწაწყლო (966-989), ტაშირ-ძორაკერტის სომეხთა მეფე. კვირიკე III-ის მეორე დაი - აშოტ მარილელი, კახელი აზნაური, მარელისის ციხის პატრონი. ერთიანი საქართველოს სამეფო გიორგი I-ის ასული გურანდუხტი - გაგიკ ბაგრატუნი (1029-1065), ვანანდის (ყარსის) სომეხთა მეფე. გიორგი I-ის მეორე ასული კატაი - სუმბატი, ტაშირ-ძორაკერტის სომეხთა მეფის კვირიკე II-ის ძმა და თანამმართველი. ბაგრატ IV-ის ასული მარიამი - მიხეილ VII დუკა, ბიზანტიის იმპერატორი, პირველი ქმარი; ნიკიფორე III ბოტანიატი, ბიზანტიის მომდევნო იმპერატორი, მეორე ქმარი. ბაგრატ IV-ის დისწული მარიამი, ვანანდის სომეხთა სამეფოს დედოფლის გურანდუხტის ასული - ალფ-არსლანი, თურქ-სელჩუკთა სულთანი, პირველი ქმარი; ნიზამ ალ-მულკი, თურქ-სელჩუკების სულთნის ალფ-არსლანისა და მალიქ-შაჰის სახელგანთქმული დიდვაზირი, მეორე ქმარი. დავით აღმაშენებლის ასული თამარი - მანუჩარ II, შირვანის შაჰი. დავით აღმაშენებლის მეორე ასული კატაი - მანუელ I (1143-1180), ბიზანტიის იმპერატორი. დემეტრე I-ის ასული - იზიასლავ მსტისლავის ძე, კიევის მთავარი. დემეტრე I-ის მეორე ასული რუსუდანი - მასუდი (1147-1152), ერაყის სელჩუკთა სულთანი. დემეტრე I-ის მესამე ასული - ამირ აბუ-მუზაფარი, დარუბანდის მელიქი. გიორგი III-ის ასული რუსუდანი - მუტაფრადინი, არზრუმის სულთნის ნასირ ად-დინის ძე. რუსუდან მეფის ასული თამარი (გურჯი ხათუნი) - ყიას ად-დინ ქეი ხუსრევ II (1236-1246), რუმის (იკონიის) სულთანი, პირველი ქმარი; მუინ ად-დინ სულეიმან ფერვანა, რუმის სულთნის ხუსრევ II-ის ვაზირი, მეორე ქმარი. ივანე მხარგრძელის ასული თამთა - მელიქ ალ-აუჰადი (1200-1210), ხლათის სულთანი, პირველი მეუღლე; ხლათის შემდგომი სულთანი მელიქ აშრაფი, მეორე მეუღლე; ჯალალ ად-დინი, ხორეზმის შაჰი (1220-1231) მესამე მეუღლე. დავით ულუს გერი, გვანცა დედოფლისა და ავაგ ათაბაგის ასული ხვაშაქი - ილხანთა ყაენის აბაღას დიდვაზირი ხოჯა შამსედინ ჯუვეინი. დემეტრე თავდადებულის დაი თამარი - ილხანთა ყაენის არღუნის (1284-1291) შვილი. ბაგრატ V დიდის ასული გულქან ხათუნი - კირ-მანუელი, ტრაპიზონის კეისრის იოანე-ალექსი II-ის ძე. გიორგი VIII-ის ასული ნათელა - დანიშნული იყო ბიზანტიის უკანასკნელ იმპერატორზე კონსტანტინე XI-ზე (1448-1453). მისი სიკვდილისა და ჩაშლილი ქორწინების შემდეგ, მისთხოვდა ვინმე ვამიყ შაბურიძის შვილს. იმერეთის სამეფო ბაგრატ III-ის ძე ვახტანგი - ხვარამზე, ლევან კახთა მეფის ასული. გიორგი II-ის დაი მუსალია - გიორგი გურიელი. ალექსანდრე V-ის ასული - მამია გურიელი. ალექსანდრე V-ის მეორე ასული - დავით აბაშიძე. ალექსანდრე V-ის დაი - მაჰმად ბეგი ახალციხის ფაშის სარდალი. სოლომონ I-ის ასული - ელიზბარი, ქსნის ერისთავის შვილი. დავით II-ის ასული - სიმონ აბაშიძე. კახეთის სამეფო ალექსანდრე II-ის ასული ნესტან-დარეჯანი - მანუჩარ დადიანი, სამეგრელოს მთავარი. თეიმურაზ I-ის დაი ელენე - აბას I, ირანის შაჰი. ქართლის სამეფო სვიმონ I დიდის ასული ელენე - მანუჩარ II ჯაყელი, სამცხის ათაბაგი. ლუარსაბ II-ის დაი თინათინი (ზოგი ცნობით - ლელა) - აბას I, ირანის შაჰი; ფეიქარ-ხანი, კახეთის მაჰმადიანი მმართველი, მეორე ქმარი. ვახტანგ V შაჰნავაზის დაი - გიორგი, არაგვის ერისთავი. ვახტანგ V შაჰნავაზის ასული ანუკა - აბას II, ირანის შაჰი. ვახტანგ V-ის მეორე ასული თამარი - ზურაბი, ზაალ არაგვის ერისთავის ძე. ერეკლე I ნაზარალი-ხანის ასული ქეთევანი - ქიზიყის მოურავის აბელ ანდრონიკაშვილის ძე. საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეთა დინასტიური შეუღლებანი ირაკლი ბაგრატიონი - მარია ანტუანეტ პასკუინი, იტალიელი გრაფინია, პირველი მეუღლე; მარია მერსედესი, ესპანელი ინფანტა, პრინც ფერდინანდ ბავარიელის უფროსი ქალიშვილი, მეორე მეუღლე. გიორგი ირაკლის ძე ბაგრატიონი - მარია დე ლას მერსედეს დე ზორნოზა ი პონსე და ლეონი, ესპანელი ქალი, პირველი მეუღლე; ნურია ლოპესი, მეორე მეუღლე. დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა 1. გეორგიკა ტ. VI გვ. 112 2. ციტირებულია ეპისკოპოს კირიონის ნაშრომიდან, ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში, ტფილისი, 1910 გვ. 71 (რუსულ ენაზე). 3. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 37 4. იქვე, გვ. 156. 5. იქვე, გვ. 224. |