სამწუხაროდ, რუკა სახელწოდებით "დიდი საქართველო" არასოდეს გამოცემულა. ძირითადად გამოიცემოდა რუკები სახელწოდებით "ოდესღაც დიდი იყო საქართველო". სინამდვილეში ისინი 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუკები იყო. გამოცემულა ასევე სხვა რუკებიც, მაგრამ მასზე მოცემული არ იყო ქართული ისტორიოგრაფიისა და იდეოლოგიის უახლესი მიღწევები, ანუ იყო დიდი შეცდომები. შეცდომებიანი რუკებით ვაბნევთ შვილებს, საქართველოს ვუკარგავთ ლაზეთის ისტორიას და სხვა. სახელმძღვანელოებში დავითის, თამარის დროინდელი რუკები, ასევე სხვა ეპოქებისა, შედგენილია ძირითადად შეცდომებით. წინამდებარე რუკაზე დიდი ხანი ვმუშაობდი, შევეცადე გამოგვესწორებინა კომუნისტების დროს სხვადასხვა მიზეზებით დაშვებული შეცდომები და გვეჩვენებინა ქართველთა ეთნიკური განსახლების ტერიტორია იმ დროისათვის. ერთ-ერთ საფუძვლად გამოყენებულია პავლე ინგოროყვას შრომებიც, ასევე, „ქართლის ცხოვრება“ და სხვა წყაროები, სამეცნიერო ლიტერატურა და საკუთარი კვლევა. თითქმის, მთელი ჩრდილოეთ კავკასია XII საუკუნიდან მოყოლებული კარგა ხნის მანძილზე (უფრო ადრეულ პერიოდებშიც) საქართველოს ვასალი იყო, თუმცა ეს თანამეგობრობის სახეს უფრო ატარებდა - “წამებს ამას ყოველი მახლობელი სამეფო გარეშემო ქართლისა, თუ რაოდენნი დაგლახაკებულნი მეფენი განამდიდრნა, რაოდენთა მომძლავრებულთა უკუნ სცა სამეფო თვისი, რაოდენნი განდევნილნი სამეფოდვე თვისად კვალად აგნა და რაოდენნი სიკვდილად დასჯილნი განათავისუფლნა. და ამისა მოწამე არს სახლი შარვანშეთი და დარუბანდელთა, ღუნძთა, ოვსთა, ქაშაგთა, კარნუქალაქელთა და ტრაპიზონელთა, რომელნი თავისუფლებითსა ცხოვრებასა ამის (თამარის, საქართველოს) მიერ იყვნენ და მტერთაგან უზრუნველყობასა”. ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნები და არზრუმის (კარნუ-ქალაქის) სასულთნო საქართველოს სახელმწიფოს თანამეგობრობაში შემოდიოდა. ეს იყო ერთიანი კულტურული, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური რეგიონი. შირვანის, დღევანდელი აზერბაიჯანის ჩრდილოეთის, ერთი ნაწილი, კაბალა, სადაც ქრისტიანი მოსახლეობა იყო, საქართველოს შემადგენლობაში შემოვიდა. კაბალა ხაკისფრადაა გამოხატული რუკაზე. მეორე ნაწილი, შარვანის საშაჰო გახდა საქართველოს ავტონომიური სახელმწიფო (დავით აღმაშენებელმა კი არ დაჩაგრა შარვანშაჰი, პირიქით თავისი ასული მიათხოვა). აგრეთვე, ცნობილია ფაქტი, რომ თამარმა დასაჯა შარვანის დასარბევად შესეული უცხოელი დამპყობლები. საქართველოს თანამეგობრობაში შემომავალი ქვეყნები ცისფერი ფერითაა აღნიშნული რუკაზე. სომხებმა თხოვნით მიმართეს დავით აღმაშენებელს საქართველოსთვის შეეერთებინა ანისის სომხური (არმენული) მხარე, რათა გადაერჩინათ თავისი ეროვნება და სარწმუნოება. წმიდა მეფემ შეასრულა სომეხთა თხოვნა. მისი მემკვიდრეების დროს საქართველოს შემოუერთდა სხვა სომხური მხარეებიც. სომხები ქართულ ჯარში იბრძოდნენ. მათ მიწაზე სრული ეროვნული და რელიგიური თავისუფლება ჰქონდათ. საქართვლოს სახელმწიფოში შემომავალი ჩრდილო სომხეთი ყავისფრადაა გამოხატული. მეორე ნაწილი სომხეთისა, თურქი შაჰ-არმენების სასულთნო (ხლათის სასულთნო), რომელსაც რეგიონში გაბატონება უნდოდა, საქართველომ დალაშქრა, დაამარცხა, მოლაპარაკებით. აიძულა არმენთა მაჰმადიანი მმართველები ამ სახელმწიფოში სომეხთა და ებრაელთა რელიგიური თავისუფლება არ შეეზღუდათ. ასევე, შაჰ-არმენთა სახელმწიფოს არ შეეძლო საქართველოს რომელიმე მოკავშირის წინააღმდეგ გალაშქრება. ამავე პირობებში იყო ეზინკის სასულთნო და ნახჭევნის საამირო. ადარბადაგანის სასულთნოები საქართველომ დალაშქტა, ერთჯერადად დახარკა და დააშინა, რათა არ დაეჩაგრათ ქრისტიანები და საქართველოს თანამეგობრობის რეგიონს ვერ შეხებოდნენ. ასეთი მცდელობები კი ჰქონდათ. რამდენიმე ხნით ადრე არდაველის სულთანი აღდგომის დღესასწაულზე უჩუმრად, მიპარვით თავს დაესხა სომხურ ქალაქ ანისს და თორმეტი ათასი ადამიანი ტაძრებში დახოცა. საქართველოს სახელმწიფომ შური იძია და არდაველის სულთანი და მისი თორმეტი ათასი თანამოაზრე მოკლა. საქართველოს მიერ დალაშქრული ქვეყნები, სადაც აიკრძ ალა რელიგიური და ეთნიკური ჩაგვრა, ვარდისფრადაა გამოხატული. გარდა ამისა, რომ საქართველოს არმიამ ირანში, ხორასანში გალაშქრებით გაწმინდა გზები, მათ შორის, აბრეშუმის გზა ავაზაკებისა და მოშურნეებისაგან და აღადგინა იგი. ამ ლაშქრობის მიზანი, ლოვარდ ტუხაშვილის აზრით, ასევე, უნდა ყოფილიყო ებრაული და სომხური დიასპორების მხარდაჭერა, გათავისუფლება. მაშინდელ საერთაშორისო სატრანზიტო ვაჭრობაში ებრაელები წამყვან როლს ასრულებდნენ. საქართველო სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ ქრისტიანულ, ებრაულ და სომხურ თემებსა თუ დიასპორებს მფარველობას უწევდა. ქართველებს დაგეგმილი ჰქონდათ, როგორც ჩანს, კილიკიაში გადასახლებული სომხების მიერ დაარსებული სამთავროს თანამეგობრობაში შემოყვანა. რაღაც ნაწილი თავისი სუვერენიტეტისა მეზობლებს გადაცემული ჰქონდათ საქართველოსათვის, თუმცა ამის სანაცვლოდ საქართველო მათ უცხოთა ექსპანსიისაგან იცავდა. დიდი საქართველო იყო მეზობელთა შორის პოლიტიკური წონასწორობისა და მშვიდობიანობის გარანტი. არც თავად ესხმოდა თავს ტყუილუბრალოდ მეზობლებს. ქართველი მეფისათვის “თვისი მამული ძველი კმა იყო, რათა არა უსამართლოდ ჰგონონ და მომხვეჭელად”. საქართველოს მეფე “ბჭედ იჯდა შორის თავისა თვისისა და მეზობელთა მეფეთა, არა მიშვებად ბრძოლისა, არცა გარდაგდებად უღელსა მძლავრობისასა ურთიერთს”. რუკაზე ტრაპიზონის იმპერიას ვუწოდე ლაზეთის იმპერია. ვინაიდან ეს ტერიტორია ისტორიულად ქართული (ხალიბურ-ჭანურ-ლაზური) იყო მუდამ. ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას. ტრაპიზონის საკეისროში აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად ქართველი, ლაზი, ჭანი ცხოვრობდა. ეს სახელმწიფო საქართველოს ავტონომიურ ნაწილად დააარსა თამარ დედოფალმა. მანამდე ლაზეთში თავისი გავლენა გაავრცელა დავით აღმაშენებელმა. მიუხედავად დიდი საქართველოს დამარცხებისა ტრაპიზონის იმპერიის დაცემამდე ლაზეთში პრო-ქართული პოლიტიკა ხანდახან წამყვანი იყო. თამარმა გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი: 1) ყველაზე დიდი წოდების მონარქი - იმპერატორი (კეისარი) გახდა საქართველოს მეფეთა-მეფის ქვეშევრდომი, ანუ საქართველოს მეფეთ-მეფე გახდა იმპერატორის სუზერენი, ბატონი (კომნენოსები ატარებდნენ ტიტულს - რომაელთა ავტოკრატორი); 2) ტრაპიზონის იმპერია იქცა საქართველოს ავტონომიურ სახელმწიფოდ; 3) ტრაპიზონის იმპერატორს ჰქონდა უზარმაზარი შემოსავალი საზღვაო ვაჭრობისაგან, რაც ქართულ ეკონომიკაზეც საუკეთესოდ მოქმედებდა. მანამდე და მერეც ქალდიის ვერცხლის საბადოები ტფილისის უშუალო მფლობელობაში იყო. თამარმა ტრაპიზონის იმპერიის დაარსებით, ერთგვარად, შექმნა თანამედროვე ტერმინი რომ ვიხმაროთ, თავისუფალი ეკონომიკური ზონა; 4) ქართულმა სახელმწიფომ გამოცდილი მოვაჭრეები, სახელგანთქმული მეზღვაურები და მეომრები, 1204 წელს გაუქმებული ბიზანტიის ბერძენი არისტოკრატები პროქართულ პოლიტიკაში ჩააბა; 5) ტრაპიზონის პირველი იმპერატორი იყო ქართულად აღზრდილი (ქართული კულტურა მნიშვნელოვანი იყო მომდევნო იმპერატორების აღზრდისას. ამასთან ტრაპიზონში ადგილობრივი ლაზურ-ქართული დასის გავლენაც იყო); 6) ლაზები დედასამშობლოს დაუახლოვდნენ. ლაზეთი იყოფოდა სამ ნაწილად: აღმოსავლეთ, შუა და დასავლეთ ნაწილებად. შუა ნაწილი არის ქალდეა, ხალდ-ხალიბების სახელიდან მომდინარე, რომლებიც იყვნენ რკინის გამომგონებლები. შუა ლაზეთს რუკაზე ჰქვია ქალდეა. ქალდეა არის უძველესი ცივილიზაციის გამომხატველი სახელწოდება. ამ სახელით აღინიშნება პირველი ცივილიზაცია მსოფლიოში, რომელიც ჩვენი მონათესავე უნდა ყოფილიყო. რუკაზე ყვითელი ფერითაა გამოსახული იმდროინდელი ეთნიკური განსახლება ქართველებისა. არც ერთ აქამდე გამოცემულ რუკაზე არ არის გამოსახული ქართველთა იმდროინდელი ეთნიკური განსახლების არეალი. ზოგ კუთხეში, მაგ. ბასიანში, ყარსში და სხვაგან, მოსახლეობა უკვე შერეული იყო, ქურთების, თურქებისა და სომხების ჩამოსახლების გამო, მაგრამ ქართული სახელმწიფო იერთებდა და იცავდა ქართულ ტერიტორიებს და სხვა ეროვნების მოქალაქეებსაც პატივს სცემდა. http://georoyal.ge/?MTID=1001&GID=5 |