ვაქვეყნებთ ნაწილებს დიმიტრი შველიძის წიგნიდან "პოლიტიკური შეუღლებანი ძველ საქართველოში". დღეს გთავაზობთ 1 თავს "ცოტა რამ ევროპის ისტორიიდან" პოლიტიკური შეუღლებანი ძველ საქართველოში ცოტა რამ ევროპის ისტორიიდან ძველი საუკუნეების განმავლობაში საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს პოლიტიკური შეუღლებები წარმოადგენდა. ამ აქტით სიმბოლურად გამოიხატებოდა და მტკიცდებოდა სახელმწიფოთა შორის დამყარებული შეთანხმებები, დაზავებანი, სამოკავშირეო ხელშეკრულებები, ერთი ქვეყნის გავლენის გავრცელება სხვა ქვეყნებზე, სამეფო თუ სხვა სახის ხელისუფლების დაუფლება და ა.შ. არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა დინასტიურ დამოყვრებებს ცალკეული სახელმწიფოების საშინაო-პოლიტიკურ ცხოვრებაში. არაერთი მაგალითის მოხმობა შეიძლება, როცა პოლიტიკური შეუღლებანი გადამწყვეტ როლს თამაშობდნენ ისტორიის რთულ და მწვავე მოვლენებში. რამდენინე ეპიზოდი ევროპული შუა საუკუნეებიდან. XI-XV საუკუნეებში ფრანგმა მეფეებმა თანდათანობით დაუმორჩილეს თავის ხელისუფლებას, საფრანგეთის ტერიტორიაზე გაბნეული დამოუკიდებელი საჰერცოგოები და საგრაფოები. სხვა სამხედრო თუ პოლიტიკურ ღონისძიებებთან ერთად, ქვეყნის გაერთიანებისათვის, ისინი წარმატებით იყენებდნენ პოლიტიკური შეუღლებების ძველნაცად საშუალებასაც. XV ს-ის ბოლოს საფრანგეთის სამეფოს გარეთ რჩებოდა ბრეტონის მსხვილი საგრაფო, რომლის მემკვიდრეობითი პატრონი გახლდათ ჰერცოგინია ანნა ბრეტონელი. 1491 წელს მეფე კარლ VIII ცოლად შეირთო ანნა და მისი სამემკვიდრო - ბრეტონის საგრაფო სამეფოს ფარგლებში აღმოჩნდა. მაგრამ ბრეტონის საბოლოო შემოერთებისათვის საჭირო შეიქმნა ფრანგ მეფეთა და ჰერცოგთა სახლს შორის დინასტიური დამოყვრებების სერია: 1499 წელს კარლ VIII-ის სიკვდილის შემდეგ, საგრაფოს შენარჩუნების მიზნით, ანნა ლუდოვიკო XII შეირთო. ანნას სიკვდილის შემდგომ მისი დომენი საფრანგეთის დედოფლისა და ჰერცოგინიას ქალიშვილის კლოტილდას ხელში გადავიდა. ახლა ისევ და ისევ საჰერცოგოს შენარჩუნებისათვის, კლოტილდა ახალმა მეფემ ფრანცისკ I შეირთო ცოლად. ფრანცისკმა მიაღწია იმას, რომ ბრეტონის საჰერცოგო კლოტილდამ ტახტის მემკვიდრეს და საფრანგეთის მომავალ მეფეს ჰენრიხ II უანდერძა. 1532 წელს ჰენრიხ II ბრეტონის ჰერცოგადაც აღიარეს. მხოლოდ ამის შემდეგ აღმოჩნდა ბრეტონი საბოლოოდ საფრანგეთის სამეფოს შემადგენლობაში. XVI ს-ში შოტლანდიისათვის გააფთრებით იბრძოდნენ ინგლისი, საფრანგეთი და ესპანეთი. 1502 წელს ინგლისის მეფემ ჰენრიხ VII ტიუდორმა თავისი ასული მარგარიტა მიათხოვა შოტლანდიის მეფეს იაკობ IV. დინასტიური კავშირი შემდგომშიც უნდა გაგრძელებულიყო, რათა ინგლისს შოტლანდიაში გავლენა შეენარჩუნებინა. მაგრამ ინგლისს ტახტის მემკვიდრისა და მომავალი მეფის ედუარდ VI-ის ქორწინება შოტლანდიელ მარია სტიუარტთან აღარ შედგა, შოტლანდიელები ორ პარტიად გაიყვნენ: ერთნი ინგლისს, მეორენი კი - საფრანგეთის ჰეგემონობას უჭერდნენ მხარს. 1542 წელს შოტლანდიის მეფე იაკობ V გარდაიცვალა. მისი გვირგვინი უნდა გადასულიყო მცირეწლოვანი ასულის მარია სტიუარტის ხელში, რომელიც იმავდროულად ჰენრიხ VII ტიუდორის შვილიშვილიც იყო. მარია საფრანგეთში გაამგზავრეს და კათოლიკურ წესზე აღზარდეს, ხოლო შოტლანდიის ტერიტორიაზე ფრანგული ჯარები შევიდნენ. შოტლანდიაში ფრანგთა დამკვიდრება განამტკიცა მარია სტიუარტის გათხოვებამ ფრანცისკ I-ზე, საფრანგეთის მეფეზე. ხშირ შემთხვევაში, როცა მახვილი აღარ სჭრიდა, დინასტიური დამოყვრება, შედარებით ძლიერ ხელისუფალთა თუ სახელმწიფოთა სხვა ქვეყნებში გავლენის გავრცელების ერთადერთ საშუალებად იქცეოდა ხოლმე. ზოგიერთმა ისტორიულმა პირმა დინასტიური შეუღლებების სარფიანი კომბინაციებით დაიმკვიდრა პოლიტიკური მოღვაწის იმიჯი. ხელსაყრელ დინასტიურ ქორწინებათა ლამის გენიალური მაჭანკალი-ორგანიზატორი იყო რომის გერმანული საღვთო იმპერიის იმპერატორი მაქსიმილიან I ჰაბსბურგი. თავად მან ცოლად შეირთო, ჰერცოგ კარლ მამაცის ქალიშვილი მარია და ცოლთან ერთად ერგო მისი სამემკვიდრეო - ბურგუნდიის საგრაფო და ნიდერლანდები. უფრო სარფიანი იყო მაქსიმილიანისა და მარიას შვილის ფილიპის ქორწინება ესპანეთის მეფის ხუან არაგონელისა და კასტილიელის ასულთან. ამას კი მოჰყვა იმპერატორის სახლეულის მესამე თაობის წარმომადგენელთა სარფიანი დანათესავებანი: მაქსიმილიანის შვილიშვილმა ფერდინანდმა შეირთო ავსტრიის მეფის ვლადისლავ II-ის ასული ანნა, ხოლო მაქსიმილიანის მეორე შვილიშვილი მარია ცოლად გაჰყვა ანნას ძმას - ლუდოვიკს. ორივე ოჯახური წყვილი ერთმანეთის მემკვიდრეები იყვნენ: სამემკვიდრო მიწები კი, ერთ შემთხვევაში იყო ავსტრიის მიწები, მეორე შემთხვევაში - ჩეხეთისა და უნგრეთის სამეფოები. თავისი სახლეულის ყველა თაობაში - ხელსაყრელი დინასტიური ქორწინება - ასეთი იყო იპმერატორ მაქსიმილიანის პრინციპი და ამ პრინციპის წარმატებული განხორციელებით ეშმაკმა ჰაბსბურგმა თავისი პრეტენზიები განაცხადა ესპანეთის, ავსტრიის, ჩეხეთისა და უნგრეთის სამეფო ტახტებსა და ვრცელ სახელმწიფოებ ზე. იგივე დინასტიური დანათესავების ამ შემთხვევაში, არახელსაყრელი კომბინაცია, დიდ დაბრკოლებად აღმიმართა საფრანგეთის გაერთიანებისა და კაპეტინგი მეფეების გაძლიერების გზაზე. 1154 წელს ანჟუს გრაფი ჰენრიხი ინგლისის მეფე გახდა და სათავე დაუდო პლანტაგენეტების დინასტიას. ცოტა უფრო ადრე, 1152 წელს მან ცოლად შეირთო ჰერცოგინია ალენორა აქვიტანიელი. აქვიტანია მის გამგებლობაში აღმოჩნდა. ახლა როცა იგი ინგლისის მეფე გახდა მის ხელში და ე.ი. საფრანგეთის მეფეების ხელისუფლების გარეშე, აღმოჩნდა ანჟუს საგრაფოც, აქვიტანიაც, და ადრე ინგლისის მეფის ხელისუფლების არეალში მყოფი ნორმანდიისა და მენის საგრაფოებიც. ფრანგ მეფეთა წინაშე ქვეყნის გაერთიანებისათვის ბრძოლაში გადაულახავი ბარიერი გადაიშალა. ორი ქვეყნის გამწვავებულ ურთიერთობაში დინასტიური დამოყვრების მომენტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. ესპანეთის ძლევამოსილი მეფე კარლოს V, რომელიც ოცნებობდა შეექმნა მსოფლიო კათოლიკური იმპერია, შეეცადა ჩანაფიქრისათვის ინგლისთან კავშირით და მისი თავის გავლენაში მოქცევით შეესხა ხორცი. კარლოსმა თავის ვაჟიშვილს და მემკვიდრეს, ესპანეთის მომავალ მეფეს ფილიპე II-ს ცოლად შერთო ინგლისის დედოფალი მარია ტიუდორი. 1558 წელს მარია გარდაიცვალა, ხოლო ახალი დინასტიური დამოყვრების წინადადება, რომელიც ფილიპემ შესთავაზა ინგლისის დედოფალს ელისაბედს, უარყოფილი იქნა. ინგლისი ესპანეთის სახით მთავარ მოწინააღმდეგეს სჭვრეტდა და ახალი ქორწინების ჩაშლა, ესპანელ მეფეთა დიდი ჩანაფიქრის ჩაფუშვას ნიშნავდა, აქაც პოლიტიკური დამოყვრება საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარი რგოლი აღმოჩნდა. XV ს-ის დასასრულისათვის გაერთიანებული საფრანგეთის საზღვრებს მიღმა კვლავ რჩებოდა ბურგუნდიის, პიკარდიის და ნივერნეს პროვინციები, რომლებსაც ფლობდა უძლიერესი ფეოდალი კარლ ბურგუნდიელი. კარლ ბურგუნდიელი ჩვენს ლიპარიტ ბაღვაშს მიაგავდა, მასთან ბრძოლებში ლუდოვიკო XI ვერაფერს მიაღწია, გარდა წარუმატებლობებისა. ბოლოს მეფეს ფეოდალის სიკვდილმა უშველა. 1477 წელს კარლ მამაცი შვეიცარიელებთან და ლოტარინგიელებთან ბრძოლაში დაიღუპა. ზემოთაღნიშნული პროვინციების ტერიტორიის დიდი ნაწილი ლუდოვიკომ სამეფოს შეუერთა. მაგრამ ბურგუნდიის საგრაფო და ნიდერლანდი, მემკვიდრეობით ეკუთვნოდა კარლ მამაცის ქალიშვილს მარიას. მალე მარია, როგორც აღვნიშნეთ, ცოლად გაჰყვა გერმანიის იმპერატორის ვაჟს მაქსიმილიანს, ხოლო მის მემკვიდრეობაში მყოფი აღნიშნული ტერიტორიები იქცა საფრანგეთსა და ჰაბსბურგთა იმპერიებს შორის ატეხილი ომების მთავარ მიზეზად. ოთხი დიდი ომის მანძილზე, გარდა საფრანგეთისა და ჰაბსბურგთა იმპერიისა, მასში ჩაბმულნი აღმოჩნდნენ ინგლისი, ვენეცია, შვეიცარია, რომის პაპი და სხვ. ეს იყო ომები მარიას სამფლობელოს - ,,ბურგუნდიის მემკვიდრეობისათვის’’, რომელმაც ლამის მთელი კონტინენტი მოიცვა. და ა.შ. მაგალითების მოხმობა უამრავი შეიძლება, როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს ისტორიიდან, მაგრამ უმჯობესია, ჩვენი ქვეყნის წარსულს გადავხედოთ. პოლიტიკურ შეუღლებებს საქართველოში ისეთივე უძველესი ძირები აქვს, როგორც სახელმწიფოებრიობას. პირველი დინასტიური დამოყვრებების მაგალითები მითიურ ხანაში იკარგება და საყოველთაოდაა ცნობილი. კოლხეთის მრისხანე მბრძანებლის აიეტის მეორე ასული ქალკიოპე, რომელიც ორქომენის მეფის ათამანტისა და ღრუბელთა ქალღმერთის ნეფელეს ვაჟს ფრიქსეს მიათხოვეს, ალბათ ბერძენთა სამყაროში პირველი ქართველი რძალი იყო. აიეტის პირველი ქალიშვილი მედეა ხომ იოლკოსის სამეფო ტახტის მემკვიდრეს იაზონს გაჰყვა ცოლად. თავად კოლხეთის მეფე ბერძნებს მაინც და მაინც არ სწყალობდა. მან ჯერ ღმერთების სამყოფელი - კორინთო უარჰყო საცხოვრებლად და კოლხეთში დასახლდა, ხოლო შემდეგ, კოლხი ფერია ასტეროდეა შეირთო ცოლად და მისგან მამაცი აფსირტე ეყოლა. ამ მითიურ ეპიზოდებში კარგად ცნაურდება ძველი საქართველოს სიახლოვე ევროპული ცივილიზაციის აკვანთან - ბერძნულ-ელინურ სამყაროსთან. მითიური ეპოსიდან მთელი თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, საქართველოს არაერთ ახლო თუ შორეულ ქვეყნებთან ჰქონდა ურთიერთობა. ეს ურთიერთობანი მრავალფეროვანი ხასიათისა იყო: კეთილმეზობლური, მეგობრული, სამხედრო-სამოკავშირეო, მტრული, სიუზერენული თუ ვასალური და სხვ. ერთ-ერთი სიმბოლური აქტი, რომლითაც გამოიხატებოდა და მტკიცდებოდა ამა თუ იმ სახის დამოკიდებულება საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა ან ქართულ სამეფო-სამთავროთა შორისაც, პოლიტიკური ხასიათის შეუღლებანი იყო. პოლიტიკური დამოყვრებანი თავისი ხასიათით, ფორმით, მოტივებით, განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ისინი საქართველო-უცხოეთის სამეფო და წარჩინებულ საგვარეულოთა დანათესავების დონეზე ხდებოდა, ხოლო შეუღლებათა ხასიათში კი თვალსაჩინოდ აირეკლებოდა ქვეყნის სიძლიერე, სისუსტე, ერთიანობა თუ დაქსაქსულობა, საერთაშორისო პრესტიჟი თუ სხა მაჩვენებელი. ჩვენ შევეცადეთ, საქართველოს ისტორიული წარსულის ფონზე, მოგვეხდინა პოლიტიკურ შეუღლებათა თავისებური კლასიფიკაცია, მათი დაჯგუფება გარკვეული მაჩვენებლების მიხედვით. |