საქართველოს ისტორიულ წარსულში საპატიო ადგილი უჭირავს სამ გმირ ქალს: წმ. ნინოს, თამარ მეფეს და ქეთევან დედოფალს. თითოეულმა მათგანმა თავდადებული მოღვაწეობით უდიდესი ამაგი დასდო ქართველი ხალხის პოლიტიკურ-კულტურულ დაწინაურების საქმეს. ნინომ ქართველები მოაქცია ქრისტიანულ რწმენაზე და ამ გზით საქართველო დაუახლოვა იმდროინდელ დაწინაურებული ხალხის კულტურულ-იდეოლოგიურ სამყაროს. თამარმა საქართველოს მოუპოვა დიდი პოლიტიკური ძლიერება და გავლენა, ქეთევანმა გვიჩვენა ხალხისა და რწმენისათვის თავგანწირვის დიადი მაგალითი. ამის გამო ეს სამივე გმირი მანდილოსანი ისტორიაში ცნობილია ღირსეული სახელწოდებით: ნინო ქართველთა განმანათლებელი, დედა ქართლისა თამარ და ქეთევან წამებული. მათი ხსოვნა ქართველ ხალხში დაუვიწყარია და მათ სახელებს აკაკის ლექსით ასე მღერიან: „ენახათ: ქვეყნად ჩამოსულიყვნენ ნინო, ქეთევან, და თვით თამარი. თამარს თავს ედგა ძლევის გვირგვინი და ქეთევანსა _ წმინდა მოწმობის... ნინოს ხელთ ეპყრა ჯვარი ვაზისა _ ნიშანი დიდი ქრისტიანობის. ზეცად აეპყრათ სამთავეს თვალი, საქართველოსკენ აშვერდნენ ხელსა და შეერთებით, ხმა შეწყობილად ჰგალობდნენ ტკბილსა საგალობელსა.... (აკაკი წერეთელი _ „თორნიკე ერისთავი“) ჩვენი მონოგრაფიის საგანს ამ შემთხვევაში შეადგენს თამარის პოლიტიკური მოღვაწეობის დახასიათება. რასაკვირველია, მის გმირულ საქმიანობას ნიადაგი ჰქონდა შემზადებული და განმტკიცებული ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის მიერ, რომელმაც 1122 წელს გმირული ბრძოლების შემდეგ შესძლო თბილისის აღება, სელჯუკიანთა თურქების განდევნა საქართველოდან და სამეფო ტახტის ქუთაისიდან გადმოტანა თბილისში. დავითმა მოახერხა საქართველოს ფეოდალური ერთეულების გაერთიანება და ისინი აიძულა ეცნოთ მისი უპირატესობა. თბილისის შემოერთების შემდეგ ქართული ფეოდალური მონარქია საკმაოდ ძლიერდება, რასაც ხელს უწყობდა იმ დროს აღმოსავლეთში წარმოებული ჯვაროსანთა ომები და ამით გამოწვეული გართულებული საგარეო მდგომარეობა. ჯვაროსანთა ომებმა ყველა სამაჰმადიანო ქვეყნის მთავარი ყურადღება მიმართა პალესტინისაკენ, სადაც ისინი ხანგრძლივ და მედგარ ბრძოლებს აწარმოებდნენ აზიაში შემოჭრილ დასავლეთ ევროპის ჯვაროსნების წინააღმდეგ. საქართველოს მმართველებმა ისარგებლეს ამ გართულებული და ხელსაყრელი საგარეო მდგომარეობით და საქართველოს შინაგანი გაერთიანების შემდეგ გადავიდნენ მტრების წინააღმდეგ შეტევაზე. თამარის მამის გიორგი მესამის (1156-1184 წ.) სამხედრო მოქმედება მიმართული იყო სამხრეთისაკენ, სადაც თურქებს ეჭირათ სომხეთის ტერიტორია _ შაჰარმენიად წოდებული. ახლა გიორგიმ განიზრახა სომხეთის (შაჰარმენიის) მნიშვნელოვან ქალაქის ანისის განთავისუფლება თურქთა ბატონობისაგან. მით უმეტეს ანისს, დვინს და სომხეთის სხვა ქალაქებს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა თბილისთან და საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის მხარეებთან. ამის გამო თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ეკონომიკური ინტერესების დასაცავად პირველყოვლისა საჭირო იყო საქართველოს სამხრეთ საზღვრების გამაგრება, თბილისს-ანისს-დვინის სავაჭრო გზების თურქებისაგან განთავისუფლება და საქაღტველოს მეფის ძალა-უფლების განმტკიცება შაჰარმენიის ტერიტორიაზე. ამის განსახორციელებლად გიორგი მესამეს შესწევდა სამხედრო ნიჭი და გულადობა. იგი ღირსეული მემკვიდრე იყო დავით აღმაშნებლისა და მან შესძლო საქართველოს სამეფოს ტერიტორიალურ გაფართოებასთან პოლიტიკური ძლიერების მოპოვება. ქართველი მემატიანე მას ასე ახასიათებს: „ხოლო მეფე გიორგი, ვითარცა დაჯდა ტახტსა ზედა სახელმწიფოსა და დაიპყრნა ყოველნი სამეფონი მამა-პაპათა მისთანი. აღმოსავლეთით, გურგენის ზღვით, ვიდრე ზღვამდე სპერისა. რომელმან ენამან შესძლოს სიკეთისა და სიქველისა მისისა, ახოვნებისა და გულოვნებისა მისისა, სიუხვისა და სვიანობისა მისისა, სიბრძნისა და გონიერებისა გამოთქმად. რამეთუ იყო უმაღლესი ყოველთა მეფეთასა. მძლე და შემმუსვრელი ყოველთა მტერთა მისთა, მორჭმული და სვე. და თუ ვინმე იპოვოს ორგული და შემცოდე, ადრე მიმტევებელ ექმნის და შემნდობელ, ერთგულთათვის უხვი და მბოძებელი, სპარსეთის სულტანი, შორს მყოფნი და ახლოს მყოფნი მეძღვენედ და მოხარკედ მისდა იყუნეს და ყოველნი სანაპირონი უშიშრად ჰქონდეს“-ო. 1161 წელს გიორგიმ გაილაშქრა ანისში და სამი დღის მედგარი ბრძოლის შემდეგ ეს ქალაქი აიღო: „სამ დღე იყო ომთა სიმრავლე და ძგერა ჰუნეთა... და ხელთ იგდო ქალაქი“-ო, მოგვითხრობს ქართველი მემატიანე. მეფემ გადააყენა ანისის მფლობელი შადადიანი და ეს ქალაქი ჩააბარა ივანე ამირსპასალარს, ქალაქის დასაცავად კი დასტოვა 2000 მეომარი. ქალაქ ანისის დაპყრობამ და იქ ქართველების გაბატონებამ დიდი შიში გამოიწვია მაჰმადიან სამთავროებში და ახლა მათ სულტან შაჰარმენის მეთაურობით გადასწყვიტეს შეერთებული ძალით შებრძოლებოდნენ გიორგი მეფეს. მათ შეკრიბეს 40.000 კაცისაგან შემდგარი ჯარი და გარემოიცვეს ქალაქ ანისი. გიორგი მესამე იძულებული გახდა ხელმეორედ გაელაშქრა ანისზე, მან შეკრიბა ჯარი და ჩქარა მიადგა ანისის ზღუდეს, სადაც თავმოყრილი იყო მაჰმადიანთა დიდძალი ლაშქარი. ბრძოლის დაწყების წინ გიორგიმ თავის მხედრობას მიმართა ასეთი გამამხნევებელი სიტყვით: „კაცნო ძმანო, ერთსულნო და ერთსჯულნო, უფროს სახელოვან არს მხნეობრივი სიკვდილი, ვიდრეღა სენითა განდნობით განლეულობასა შინა; რამეთუ სახე და სახელი კეთილი საუკუნოდ გზად გვყვების. აწ, ფრთოვანნო ლომნო ჩემნო, აღვიხვნეთ ლახვარნი და ოროლნი. მოყმენო, იგიცა ვსჯობთ რომელმანცა უმოსწრაფეს უხეთქნეთ დროშის მქონესა და დაცემითა მისითა დავსცეთ ბანაკი უცხოთესლთა ამათ“-ო. ამ ბრძოლაში გიორგი მეფეს თან ახლდნენ გამოჩენილი ქართველი მეომრები, ამირახორი ლიპარიტ სუმბატის-ძე, ბექა სურამელი და ქირქიში აბულეთის-ძე, გაიმართა დიდი ბრძოლა, მეფის მაგალითით გამხნევებული ქართველი ლაშქარი გმირულად ეკვეთა მტერს და მაჰმადიანთა ეს მრავალრიცხოვანი ჯარი ჩქარა დამარცხდა და გაიქცა. ამ გამარჯვების შესახებ არაბი ისტორიკოსი იბნ-ალასირი მოგვითხრობს: „შაჰარმენი იბრაჰიმის-ძე, სუკმანის-ძე ხლათის მთავარი მოწვეულ იქმნა ქართველთა წინააღმდეგ საბრძოლველად; მან თავისი ლაშქარიც შეჰყარა და დიდძალი მოხალისეც შემოუერთდა. შაჰარმენი ქართველების წინააღმდეგ წავიდა. ისინი დაუხვდნენ მას და დაამარცხეს. მუსლიმანები უკუქცეულ იქმნენ, მომეტებული მათგანი დაიღუპა და ბევრიც დაატყვევეს (ქართველებმა). დამარცხებული შაჰარმენი უკან დაბრუნდა და მტერს გადურჩა მხოლოდ 400 მხედრითურთ“-ო. ძლევამოსილმა გიორგი მეფემ, სომეხთა ისტორიკოსის მათე ურჰაელის სიტყვით, ქალ. ანისის მცხოვრებთ ეროვნების განურჩევლად 40 000 დრაკანი (დრაკანი _ ოქროს ფული) მისცა თურმე და ანისიდან ტყვედ წაყვანილი ქრისტიანები ტყვეობისაგან გამოისყიდაო. 1162 წელს ანისიდან გიორგიმ ახლა გაილაშქრა დვინისაკენ, აიღო ეს ქალაქიც და იგი გაანთავისუფლა მაჰმადიანთა ბატონობისაგან. მათე ურჰაელის სიტყვით, „ამავ (1162-1163) წელს სახელოვანი ქალაქი დვინი აღებულ იქმნა ქართველთა მეფის გიორგის მიერ. იგი უცხო თესლთა უკუქცეულს ლაშქარს, რომელიც ქალაქიდან მის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოსული იყო, კვალდაკვალ მიჰყვა, ლტოლვილნი დახოცა, ხოლო გადარჩენილთ, რომელთაც პირი ქალაქისაკენ იბრუნეს, მისდია და ჯარითურთ ქალაქის კარითგან ძალით შიგ ქალაქში შეიჭრა. (ქართველებმა) ყველანი ამოხოცეს, დაატყვევეს და მათი მოსახლეობა აიკლეს და დიდის იავარითა და ნატყვენავით თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ-ო“. ამგვარად სომხეთის ეს ორი მნიშვნელოვანი ქალაქი მოექცა გიორგი მეფის პოლიტიკურ-ეკონომიურ გავლენაში, რაც მოსვენებას არ აძლევდა დამარცხებულ მაჰმადიანთა ამირებსა და მთავრებს. მაგრამ გიორგიმ შესძლო მონაპოვარის შენარჩუნება და ანის-დვინის მფლობელებმა აღიარეს მისი ყმად ნაფიცობა და ქვეშევრდომობა. ამის შემდეგ საქართველოში დამყარდა დროებითი მშვიდობიანობა, მაგრამ ლაშქრობები მაინც არ შეწყვეტილა, რადგანაც ლაშქრობა იმდროინდელ ფეოდალურ საქართველოში მიზნად ისახავდა ნადავლის მოპოვებას, რომელზედაც დამოკიდებული იყო სამეფოს ხაზინის შემოსავალი და მოლაშქრეთა შენახვის საქმე. ამ მიზნით მოლაშქრეებმა მეფეს მოახსენეს: „არა არს ღონე დარჩომისა ჩვენისა თვინიერ ლაშქრობისა და რბევისა“-ო. მეფე ამაზე დასთანხმდა და ნადავლის მოსაპოვებლად მოთარეშე ლაშქარი გაგზავნა ოლთისისა და კარის მოსარბევად. 1166 წელს ქართველთა მხედრობა შეესია რანს და მიაღწია განძამდის, საიდანაც დიდი ნადავლით დაბრუნდა. 1167 წელს ქართველებმა გაილაშქრეს დარუბანდისაკენ, აიღეს აქაური ციხე-ქალაქები და მოსახლეობა გაძარცვეს. ქართველების ძლევამოსილ ლაშქრობას რანში ადასტურებს იბნ-ალასირი, რომელსაც მოთხრობილი აქვს, რომ „1165-1166 წ. ქართველთა დიდი მხედრობა შეესია რანს და განძამდის მიაღწია, მრავალი მაჰმადიანი დახოცა და ტყვედ წაასხაო“. იმ დროს, როდესაც გიორგი მესამე გართული იყო მეზობელ ქვეყნების დალაშქვრით, მისსავე სამეფოში მას უმზადებდნენ დიდ განსაცდელს. გიორგის ჩქარა გამოუჩნდა ტახტის მეტოქე მისი ძმისწული დემნა, რომელიც სიძე იყო ამირსპასალარ ივანე ორბელისა. საქართველოში იმ დროს არსებული ტახტის მემკვიდრეობის წესით დავით მესამეს შემდეგ მეფედ უნდა ყოფილიყო მისი შვილი დემნა და არა გიორგი მესამე. მაგრამ ძმის სიკვდილის შემდეგ გიორგი მესამემ ისარგებლა დემნას მცირეწლოვანობით და თვითონ გამეფდა. ახლა კი გიორგის მოწინააღმდეგე დიდგვარიანთა ჯგუფმა ორბელთა გვარის მეთაურობით განიზრახა გადაეყენებინათ გიორგი მესამე და მეფედ დაესვათ დემნა. ამ ამბოხებას მეთაურობდა დემნას სიმამრი ამირსპასალარი ივანე ორბელი, მონაწილეობას იღებდნენ დიდგვარიანი ფეოდალ-ერისთავები: ივანე ვარდანის-ძე, ქართლის ერისთავი ლიპარიტ სუმბატის-ძე, მეჯინიბეთ-უხუცესი ქავთარ ივანეს-ძე, ანანია დვინელი და სხვა. განდგომილებს სურდათ შეეპყრათ გიორგი მეფე, მაგრამ, გიორგიმ ეს ამბავი დროზე შეიტყო და მან მაშინვე მოუწოდა თავის ერთგულ ყმას ყუბასარ ყივჩაღს, რომელიც ეახლა მეფეს 5000 რჩეული მხედრით და დაიწყო მეამბოხეთა წინააღმდეგ მოქმედება. მეამბოხეები ჩქარა დამარცხდნენ და შეიხიზნენ ლორის ციხეში, მეფის ჯარმა ამ ციხეს ალყა შემოარტყა და მეამბოხეები იძულებული შეიქმნენ მეფისათვის ეთხოვნათ პატიება და სიცოცხლის შენარჩუნება. გიორგი მესამე მეამბოხეებს სასტიკად გაუსწორდა: დემნას თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს, რომ ჩამომავლობა არ ჰყოლოდა. ივანე ამირსპასალარს თვალები დასთხარეს, ხოლო დანარჩენები და განსაკუთრებით ამბოხების მთა
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ვარი მონაწილენი ორბელთა გვარის მამაკაცი წევრნი სიკვდილთ იქმნა დასჯილი 1177 წელს. მაგრამ ორბელიანთა ნაწილმა მოახერხა სომხეთში გაქცევა და იქ თავის შეფარება. გიორგი მესამემ ისარგებლა დემნას განდგომით და ყველა ორგული მოხელეები გადააყენა თანამდებობიდან და მათ ნაცვლად დანიშნა თავისი ერთგული პირები. ამირსპასალარობა ებოძა ნაყივჩაყარსა და უგვარო, როგორც მაშინ ამბობდნენ, ყუბასარს, რომელმაც მეფე გადაარჩინა განსაცდელს. დემნას განდგომამ და მეამბოხეთა ბრძოლამ შეარყია გიორგი მესამეს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი გავლენა და ძლიერება. მეფე კარგად გრძნობდა, რომ მეამბოხეთა ასეთი სასტიკი გასწორება არ ჩაივლიდა უშედეგოდ და მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად მან სიცოცხლეშივე აიყვანა 1179 წელს სამეფო ტახტზე თავისი ასული თამარ (ვაჟი მას არ ჰყავდა). სამეფო ტახტზე ქალის ასვლა და მეფობა იმ დროს იშვიათი მოვლენა იყო, საქართველოში კი პირველ შემთხვევად უნდა ჩაითვალოს. ამას კარგად გრძნობდა თვით გიორგი მესამე და ამის გამო მან თამარ თავის სიცოცხლეშივე აიყვანა თანამოსაყდრედ, რათა მისი სიკვდილის შემდეგ თამარს ადვილად შეენარჩუნებინა სამეფო ტახტი. გიორგი შეეცადა, რომ დიდგვარიან ფეოდალ დიდებულები და სამეფოს მაღალი მოხელეები შერიგებოდნენ თამარის გამეფების ფაქტს და მისივე სიცოცხლეში ეღიარებინათ მათ თამარის ტახტის მემკვიდრეობის კანონიერება. მართალია, თამარს საქართველოს სამეფო ტახტის დაუფლებაში მეტოქე არ ჰყავდა, მაგრამ იმდროინდელ ფეოდალურ-რაინდულ საქართველოში მაინც ძნელი იყო ქალი მამაკაცის თანასწორ უფლების ღირსად ეცნოთ და ქალის მეფობა მიეღოთ. რასაკვირველია ყველა არ იქნებოდა თამარის გამეფების მომხრე, მაგრამ როგორც სჩანს მმართველი წრის უმრავლესობა გიორგი მესამეს შიშით თანაუგრძნობდა თამარის გამეფებას. თამარის თანამოსაყდრედ დასმის შედეგად გიორგი მესამე მხურვალე მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო საქმეებში. მან 1179 წელს მოიწვია საგანგებო საკანონმდებლო კრება, რომელსაც დავალებული ჰქონდა ამოეფხვრა იმ დროს საქართველოში გავრცელებული ქურდობა და ავაზაკობა. ამ საკანონმდებლო კრებამ ასეთი ბოროტმოქმედებისათვის დააწესა მკაცრი სასჯელი _ ჩამოხრჩობა, რომელიც საზოგადოების ყველა წოდებაზე ვრცელდებოდა. 1184 წელს გარდაიცვალა მეფე გიორგი მესამე და საქართველოს მეფედ დაჯდა თამარ (1184-1214 წ.). თამარის მეფედ კურთხევის ცერემონიალიც დიდის ამბით იყო მოწყობილი და მას, როგორც ჯარის უზენაეს მბრძანებელს და სარდალს დიდებულებმა ხმალი შემოარტყეს და ერმა და მხედრობამ იგი მეფედ არიარა. გამეფებისთანავე თამარმა მტკიცედ მოჰკიდა ხელი სახელმწიფოს მართვა-გამგეობის საქმეს. იგი, როგორც გიორგი მესამეს პოლიტიკაზე აღზრდილი, კარგად ერკვეოდა იმდროინდელ საგარეო და საშინაო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მტკიცე ნებისყოფასთან მას ახასიათებდა უფლების მოყვარეობა. თამარ მიზნად ისახავდა შეექმნა ძლიერი მონარქია და გაეგრძელებინა თავისი მამის დაპყრობითი პოლიტიკა. ამისათვის კი საჭირო იყო გავლენიან სოციალ-წოდებრივი ჯგუფების მომხრობა და გამოყენება, აგრეთვე შერჩევა ერთგული და თავდადებული მოხელეებისა, რომლებიც თავდადებული ბრძოლებით შესძლებდნენ მისი მონარქიული უფლებების გაძლიერება-განმტკიცებას. თამარმა სწორედ ამაში გამოიჩინა ნებისყოფის სიმტკიცე, დიდი პოლიტიკური ნიჭი და დიპლომატიური გამჭრიახობა. იმ დროს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი გავლენით სარგებლობდა სასულიერო წოდება და ეკლესია, სადაც ადგილი ჰქონდა შინაურ უთანხმოებას. თამარი შეეცადა საეკლესიო საქმეების მშვიდობიან მოგვარებას და იქ თავისი პოლიტიკური გავლენის განმტკიცების მიზნით პირველად გამოვიდა სასულიერო წოდების კრებაზე ასეთი სიტყვით: „ჰოი, მამანო, გამოიძიეთ ყოველი კეთილად, დაამტკიცეთ მართალი და განხადეთ ყოველი გვლარძნილი. იწყეთ პირველად ჩემზედა, რამეთუ შარავანდედი ესე მეფობისა არს და არა ღვთის ბრძოლობისა: ნუ თვალახვამთ მთავართა სიდიდისათვის, ნუცა გლახაკთა უდებყოფთ სიმცირისათვის თქვენ სიტყვით, ხოლო მე საქმით, თქვენ სწავლით, ხოლო მე განსწავლით. თქვენ წვრთით, ხოლო მე განაწვრთით. ზოგად-ხელმივცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებლად, რათა არა ზოგად ვიზღვივნეთ. თქვენ ვითარცა მღვდელნი, ხოლო მე ვითარცა მეფე, თქვენ ვითარცა მნენი, ხოლო მე ვითარცა ებგური“-ო. თავის ამ სიტყვაში თამარ გარკვევით მიუთითებდა სასულიერო წოდებას მეფის სუვერენულ უფლებებზე, რომ მის ხელშია აღმასრულებელი ძალა და იგი უნდა დაემორჩილოს და ემსახუროს მისს პოლიტიკურ ინტერესებს. სასულიერო წოდებასთან ერთად სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ძლიერი გავლენა ჰქონდა დიდგვარიანთა არისტოკრატიას, რომელიც უკმაყოფილო იყო თამარის მამის გიორგი მესამეს მიერ უგვარო პირების დაწინაურებით სამეფოს მაღალ თანამდებობაზე. დიდებულებმა ახლა ისარგებლეს თამარის გამეფებით და მოითხოვეს წინანდელ მეფეების მიერ შელახული მათი წოდებრივი უპირატესობის აღდგენა და თამარს წაუყენეს ასეთი მოთხოვნა, რომ მას სახელმწიფოს მაღალ თანამდებობიდან გადაეყენებინა ყველა უგვარო მოხელეები და მათ ადგილზე დაენიშნა დიდგვარიანები. გაფიცულებს განსაკუთრებით ნიშანში ჰყავდათ ამოღებული ამირსპასალარი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი და მოითხოვდნენ ორივე ვაზირის გადაყენებას სამსახურიდან. მემატიანის თქმით გაფიცულები მოითხოვდნენ: „აღარ ვეგებით, ძველთა ხელისუფალთა და განმგებელთა საქმისათა ფარმანსა ქვეშე მყოფნი, ვინათგან მათგან დაძვრცილნი და უპატიოდ დასულნი ვართ და გვარიანნი და თვით მსახურეულნი სახლნი უპატიოდ და უსახოდ განსულ ვართ, უგვაროთა და უხამთაგან“-ო. ამირსპასალარი ყუბასარი ჩამომავლობით იყო უგვარო ნაყივჩაყარი, რომელმაც თამარის მამას გიორგი მესამეს ერთგული სამსახური გაუწია დემნას განდგომის დროს. ამის გამო გიორგიმ მას უბოძა ისეთი დიდი თანამდებობა, როგორიც იყო ამირსპასალარობა, რომელიც ჩამოართვა დიდგვარიან ივანე ორბელს. აფრიდონიც უგვარო ჩამომავლობის მოხელედ ითვლებოდა და იგიც დემნას განდგომის შემდეგ გიორგიმ მსახურთ-უხუცესად დანიშნა. ორივეს ყუბასარსა და აფრიდონს ეჭირათ ვაზირთა შორის პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობა. მათი გადაყენებით გაფიცულები ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ პოლიტიკური უპირატესობა და ძალა-უფლება. შემდეგ კი მთლად გაენადგურებინათ მეფის ერთგული სამსახურით დაწინაურებული უგვარო მოხელეთა ეს ჯგუფი. ამგვარად თამარის გამეფებისთანავე თავი იჩინა წოდებრივმა განხეთქილებამ და გაფიცული დიდგვარიანები კატეგორიულად მოითხოვდნენ უგვარო ვაზირებისა და სხვა მაღალ ხელისუფალთა გადაყენებას და ამიერიდან მაღალ თანამდებობაზე მხოლოდ დიდგვარიანთა წოდებიდან დანიშვნას. დიდგვარიანთა გაფიცვა საშიშ ხასიათს იღებდა და ამის გამო თამარ იძულებული შეიქმნა მათი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. ყუბასარი, აფრიდონი და სხვა უგვარო მოხელეები თამარმა გადააყენა თანამდებობიდან. და ამით მან წოდებრივ უპირატესობას დაუქვემდებარა პირადი ღირსება და ხელი შეუწყო დიდგვარიანთა ჯგუფის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ გაძლიერებას. ეს გარემოება, რასაკვირველია საზიანო იყო საქართველოს სოციალური წარმატებისათვის და პოლიტიკურად წარმოადგენდა რეგრესულ მოვლენას. დავით აღმაშნებელი და გიორგი მესამე თავიანთ მეფური უფლებების განსამტკიცებლად ეყრდნობოდნენ ფეოდალების მოწინააღმდეგე ძალას, უგვარო, პირადი ღირსების მქონე ერთგულ მოხელეებს და ასეთი პოლიტიკის წყალობით მათ შესძლეს ფეოდალების დამორჩილება, მეფის ძალა-უფლების განმტკიცება და საქართველოს გაერთიანება. თამარმა კი ამ შემთხვევაში ეს პოლიტიკური გეზი შესცვალა და თავისი მონარქიული ძალა-უფლების განსამტკიცებლად მთლიანად დაეყრდნო დიდგვარიანთა წოდებას, რომელიც წარმოადგენდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას. ამის გამო გვარიანსა და უგვარო წოდებათა შორის პოლიტიკურ ბრძოლაში თამარ მიემხრო დიდგვაროვნებს და ამით მან გააძლიერა ფეოდალური არისტოკრატიის წოდებრივი ბატონობა უგვაროებზე, რომელთა რიგში შედიოდნენ დიდვაჭართა წარმომადგენლები, შეძლებული მოქალაქენი, ხელოსნები და სხვა. ამ უგვარო წოდების ძლიერება დამყარებული იყო სავაჭრო კაპიტალზე და იგი წარმოადგენდა მესამე წოდებას, რომელიც მიისწრაფოდა მაღალ ხელისუფლებისაკენ, პოლიტიკურ ძალა-უფლების მოსაპოვებლად, თამარის პოლიტიკამ ამ შემთხვევაში უგვარო წოდებას იმედები გაუცრუა, მას წაერთვა წინათ მოპოვებული მაღალ თანამდებობის მიღების უფლებაც და თამარმა ეს წოდება ისევ ფეოდალურ არისტოკრატიას დაუმორჩილა. ფეოდალური არისტოკრატიის გაძლიერებამ ახლა გამოიწვია ამ უგვარო მესამე წოდების პოლიტიკური მოძრაობა, რომელსაც მეთაურობდა მეჭურჭლეთ-უხუცესი ყუთლუ-არსლანი. მემატიანის ცნობით, ყუთლუ-არსლანი ჩამომავლობით ყოფილა უგვარო (არა აზნაური) და იგი მოხსენიებულია იმ წრის წევრად, რომელსაც „აღამაღლებდის სიმდიდრე“ ე.ი. იგი ეკუთვნოდა იმ წრეს, რომელსაც ჰქონდა სიმდიდრე და არა გვარიშვილობა. ამასთანავე ყუთლუ-არსლანს ეჭირა ვაზირის მაღალი ხელისუფლება, მის ხელში იყო სამეფო საჭურჭლე (ხაზინა), სამეფოს ფულადი მეურნეობის წარმოება, ვაჭრობა და სხვა. ამ მესამე წოდებამ ყუთლუ-არსლანის მეთაურობით განიზრახა თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მეფის ხელისუფლების შეზღუდვა და მოითხოვა: მეფის სასახლის გვერდით ისანში დაედგათ კარავი, სადაც დასხდებოდნენ დარბაზის წევრნი და ისინი საკანონმდებლო და სახელმწიფო საქმეებს გაარჩევდნენ. ამ სხდომაზე მეფეს დასწრება არ შეეძლო, მას მხოლოდ ამ დაწესებულების (კარავის) გადაწყვეტილებას აცნობებდნენ და იგი ვალდებული იყო ყველაფერი სისრულეში მოეყვანა: „მუნ შიგან თავისუფლებით მსხდომარენი, რათა მივცემდეთ და მივიღებდეთ, რომელთამე ვრისხევდეთ და რომელთამე ვწყალობდეთ, ამას ესრეთ ვკადრებდეთ და ვაცნობებდეთ თამარს მეფესა და დედოფალსა და სრულ იქმნებოდის განგებული ჩვენი“-ო, ამბობს მემატიანე. ყუთლუ-არსლანის მოთხოვნით მეფეს არ შეეძლო კარავის დადგენილების „განგებულის“ უარყოფა, არამედ სურდა თუ არ სურდა „ენებოს თუ არ ენებოს“ მაინც უნდა დაემტკიცებინა. ეს ნიშნავდა მეფის უფლების ძალზე შეზღუდვას და მეფეს რჩებოდა მხოლოდ აღმასრულებელი ძალა. ეს მოძრაობა უეჭველია დაკავშირებული იყო სავაჭრო კაპიტალის წარმოშობასა და ვაჭართა კლასის გაძლიერებასთან, მით უმეტეს, რომ ანალოგიურ მოვლენებს ადგილი ჰქონდა იმავე მე-12 საუკუნეში დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში, განსაკუთრებით ვენეცია, გენუა და იტალიის სხვა ქალაქებშიც. ამ ქალაქებში სავაჭრო კაპიტალის ზრდასთან ერთად გაძლიერდა ვაჭართა კლასი და იქ შეიქმნა დემოკრატიულ წყობილებაზე დაფუძნე
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ბული რესპუბლიკები და საქალაქო კომუნები. ყუთლუ-არსლანის და მისი ჯგუფის მოთხოვნა რასაკვირველია თამარისა და მისი მომხრე ფეოდალური არისტოკრატიისათვის მიუღებელი იყო, რადგანაც ეს ზღუდავდა მეფის ძლიერებას და პოლიტიკურ უფლებებს ანიჭებდა უგვარო წოდებას, რომელსაც ებრძოდა ფეოდალური არისტოკრატია. ამის გამო თამარმა გადსწყვიტა ამ დასის განადგურება და მისი მეთაურის ხელში ჩაგდება. თამარის ბრძანებით ყუთლუ-არსლანი ჩქარა შეიპყრეს, მაგრამ მეამბოხეთა ჯგუფი ძლიერი აღმოჩნდა და იგი განაგრძობდა ბრძოლას. მეამბოხეებმა ახლა განიზრახეს გაელაშქრათ მეფის სასახლეზე და მოითხოვდნენ ყუთლუ-არსლანის განთავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდნენ განეხორციელებინათ თავიანთი პოლიტიკური მიზნები იარაღის საშუალებით. ამ განსაცდელის დროს თამარმა მიმართა დიპლომატიურ ხერხს და მშვიდობიანი მოლაპარაკების მიზნით მეამბოხეებს მიუგზავნა ორი საპატიო მანდილოსანი: ხუაშაქი ცოქალი და კრავაი ჯაყელი. მოციქულებს დავალებული ჰქონდათ, რომ მეამბოხეები თამარს მინდობოდნენ ფიცით და მეფე პირობას სდებდა, რომ არავის არ დასჯიდა. ჩვენ არ ვიცით, თუ რა პირობებში მოხდა თამარსა და მეამბოხეთა შორის შეთანხმენბა, ამის შესახებ ქართველი მემატიანე სდუმს. საპატიო მანდილოსნებმა თამარის მინდობილობა შეასრულეს და განდგომილები შეარიგეს მეფესთან: „ხოლო იხილეს რა ესე განდგომილთა მათ, მაშინვე მოჰყვეს დიდებულნი ბრძანებასა პატრონისასა, მოვიდეს წინაშე თამარისა და დავრდომით თაყვანისცეს და აღიღეს ფიცი პატრონისაგან და მისცეს პირი ერთგულებისა და ნებისყოფისა მისისა“-ო. ამგვარად ყუთლუ-არსლანის დასის პოლიტიკური მოძრაობა დამარცხდა და ამის შემდეგ გამარჯვებული ფეოდალური არისტოკრატიის რჩევითა და დახმარებით თამარ მეფე შეუდგა ახალ სავაზიროს შექმნას, რომელშიაც არჩეულ იყვნენ მეფის პოლიტიკის მომხრე და თამარის ერთგული პირები: ჭყონდიდლად და მწიგნობართუხუცესად (პირველ ვაზირად) დაამტკიცეს ანტონი, ამირსპასალარად სარგის მხარგრძელი, მანდატურთ-უხუცესობა უბოძეს ჭიაბერს, მეჭურჭლეთ-უხუცესობა დიდსა და გვარიანსა კაცსა ვარდანისძეს, მსახურთ-უხუცესობა ვარდან დადიანს, ამირახორობა გამრეკელ-თორელსა და სხვა. ერთი სიტყვით თამარმა ფეოდალურ არისტოკრატიაზე დაყრდნობით და დიპლომატიური გზითა და ხერხებით შესძლო პოლიტიკური დასების დამორჩილება და მათი გამოყენება თავისი მონარქიული უფლებების განსამტკიცებლად. ამგვარად ის ჩქარა იქცა ნამდვილ თვითმპყრობელ მეფედ. ამას თამარის მემატიანეც აღნიშნავს: „აღავსნა (თამარმა) ეპისკოპოსნი და საყდარნი შესაწირავითა, თავისუფალ ყვნა ეკლესიანი ხარაჯისა და ბეგარისაგან, გააზნაურდეს ქვეყნის მოქმედნი და განდიდებულდეს აზნაურნი, და გახელმწიფდეს დიდებულნი მეფობასა შინა ამისსა. რომელმან სიმშვიდითა იპყრნა ზღვით პონტოსით ზღვამდე გურგანისა და სპერითგან დარუბანდამდის. და ყოველნი კავკასიისა იმერნი და ამერნი, ხაზარეთამდი და სკვითამდი... რამეთუ შორს იყო ყოვლისა მესისხლეობისა, თვალთა დაბნელებისა და ასოთა მიღებისა, არამედ აქუნდა ნება შიშისა და ზარისა დამდებელი, რომლითა უძრწოდა შიშნეულად ყოველი საბრძანებელი მისი. მშვიდი იყო და მყუდრო და მშვიდობისა მყოფელიო“-ო. მეფის ახალი სავაზირო ახლა შუდგა თამარის შეუღლების საკითხის განხილვას, რასაც მაშინ ეძლეოდა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა. ასეთ შემთხვევაში ეძებდნენ ძლიერ და გავლენიან სახელმწიფოს უფლისწულებს, რომ შეუღლების საშუალებით შეეკრათ ერთმანეთთან სამხედრო და პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირი. ამასთანავე რელიგიურ რწმენასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და ყოველთვის უპირატესობა ეძლეოდა ერთმორწმუნე სახელმწიფოს უფლისწულებს. საქართველოს სამეფო ტახტზე ზედსიძედ უნდა მოეწვიათ უცხო ტომის ისეთი პირი, რომელიც რწმენით ქრისტიანე უნდა ყოფილიყო ან მიეღო ქრისტიანობა. ამასთანავე იგი ფეოდალური არისტოკრატიისათვის წოდებრივად მისაღები და სამეფოს ინტერესების ერთგული დამცველი უნდა ყოფილიყო. ვაზირთა თათბირის დროს წამოდგა ქართლისა და თბილისის ამირა აბულასან და სთქვა: „მე ვიცი შვილი რუსთა ხელმწიფისა, ანდრია დიდისა მეფისა, რომელსა ჰმონებენ სამასნი მეფენი მის კერძოსანი და იგი მცირე დარჩომილი მამისაგან, და ბიძისაგან, სავალთად წოდებულისა, ექსორია-ქმნით დევნილი, გარდმოიხვეწა და არს იგი ყივჩაყთა მეფისა სვინჯს ქალაქსა შინა“-ო. აბულასანის წინადადება სავაზიროს მოეწონა და გადაწყვიტა თამარის მეუღლედ მოეწვიათ რუსეთის მთავრის ანდრია დიდის ბოგოლუბსკის (ღვთის მოყვარის) შვილი გიორგი, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა ყივჩაყებში ქალ. სუნჯში. გიორგი რუსი იყო ქრისტიანე და ამასთანავე ძლიერი მთავრის შვილი, რომლის ჩამოყვანა სავაზირომ დაავალა ვაჭარს ზანქან ზორობაბელს. თამარ ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, არ იზიარებდა სავაზიროს გადაწყვეტილებას. მას ჰქონდა თავისი პირადი სურვილი და შეხედულება, რომლის გამჟღავნებას მაშინ შეეძლო სავაზიროსთან გაემწვავებინა ურთიერთობა, მით უმეტეს სავაზირო საკითხს აძლევდა სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. მალე გიორგი რუსი ჩამოიყვანეს საქართველოში, მაგრამ თამარ ფრთხილობდა და დიდებულებს ეუბნებოდა: „კაცნო, ვითარ ღირს შეუტყობლად ესე ვითარისა საქმისა ქმნად: არა ვიცით კაცისა ამისთვის უცხოსა, არცა ქცევა, არცა საქმე, არცა ბუნებისა და ჩვეულებისა, არცა მხედრობისა და სიქველისა: მაცადეთ, ვიდრემდის განიცადოთ ყოველთა სიკეთე გინა სიდრკუე მისი“-ო. მაგრამ დიდებულები მოითხოვდნენ ქორწილის დაჩქარებას და მიზეზად ტახტის მემკვიდრის უყოლობას ახსენებდნენ. მეტი გზა აღარ იყო და თამარმაც დიდის ზეიმით იქორწინა. მაგრამ თამარს და გიორგის შორის ჩქარა დაიწყო განხეთქილება და შინაური ბრძოლა. თამარის კარის ისტორიკოსი ამაში ბრალსა სდებს გიორგი რუსს, რომელსაც იგი ახასიათებს უარყოფითად და ამბობს, რომ იგი იყო თამარისათვის შეუფერებელი მეუღლე, რომელსაც აკლდა პოლიტიკური ნიჭი, გამოცდილება და ტაქტიკა. ამასთანავე იგი ეწეოდა უდარდელ ცხოვრებას, დროს ატარებდა სმაში და ნადირობაშიო. ამის გამო თამარსა და მისი მომხრე დიდებულებს არ მოსწონდათ გიორგი რუსის ქცევა და გადაწყვიტეს მისი მოშორებაო. ამავე მოსაზრებას უკომენტაროდ იმეორებენ ქართველი ისტორიკოსებიც. სინამდვილეში კი ამ განხეთქილების მთავარი მიზეზი უნდა ყოფილიყო ბრძოლა ხელისუფლებისათვის. გიორგი რუსი საქართველოში ჩამოვიდა იმ განზრახვით, რომ გამხდარიყო სრულუფლებიანი მეფე და არა თამარის უბრალო მეუღლე. თამარ კი ამ დროს უკვე მეფედ იყო ნაკურთხი და მას არავითარი სურვილი არ ჰქონდა სამეფო ტახტი გიორგი რუსისათვის დაეთმო. ორი სრულუფლებიანი მეფე ერთ ტახტზე და ერთი და იგივე დროს შეუძლებელი იყო. ამის გამო თამარისა და მისი მომხრე დიდებულთა ჯგუფისათვის საჭირო იყო გიორგი რუსის თავიდან მოშორება. დაიწყო ბრძოლა. თამარის კარის ისტორიკოსიც რასაკვირველია იძულებული შეიქმნა კალამი მოემარჯვა და უარყოფითად დაეხასიათებინა გიორგი რუსის პიროვნება, რომ ამით იგი დაემცირებინა საზოგადოების თვალში. რომ სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილიყო, რასაკვირველია, გიორგი რუსის მომხრე არ იქნებოდნენ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დიდებულები, რომლებიც მხარს უჭერდნენ გიორგის გამეფებას. 1187 წელს გიორგი რუსი საქართველოდან განდევნეს კონსტანტინოპოლში. თამარმა ამით ისარგებლა, და სავაზიროს დაუკითხავად შეირთო მისთვის სასურველი პიროვნება ოსთა უფლიუსწული დავით სოსლანი, რომელიც არ აცხადებდა არავითარ პრეტენზიებს საქართველოს სამეფო ტახტზე. იგი იყო თამარის ერთგული მეუღლე და თავის ვაჟკაცობით და გულადობით იცავდა თამარის მონარქიულ უფლებებს. მემატიანე მას ასე ახასიათებს: „რამეთუ ოვსთა მეფისა შვილი იყო ყრმა იგი და გვარადაც ბაგრატოვანი. ფრიად მშვენიერი, ვითარცა შვენის მეფეთა შვილს. რამეთუ მოყმე იყო ნაკვთად კარგი, ბეჭ-ბრტყელი, პირად ტურფა და ტანად ზომიერი, ზრდილობით კეთილად ზრდილი და წვრთილი, მხნე და ძლიერი, რაინდობითა და შვილდოსნობითა უსწორო შემმართებელი, ტანითა ახოვანი და, ყოვლითურთ სრული სიკეთით“-ო. მათ იქორწინეს დიდუბეში: „მუნ-ქმნეს ქორწილი შესატყვის და შემსგავსებული ხელმწიფობისა და შარავანდედობისა მათისა... იყო ხმა მგოსანთა და მუშაითთა და სახიობათა მჭვრეტელნი იყო რაზმთა სიმრავლე“-ო. ამ დიდუბის ქორწილზე დღემდის შემონახულია ხალხური ლექსი: „საქართველოს დედოფალი, დედა ქართლისა თამარი, სიმშვენიერით მოსილი, ამომავალი მზის დარი, დავით სოსლანის მეუღლე, რომელს უმშვენა მან მხარი, _ დიდუბეში იქორწინა, სადაც რომ საყდარი არი, ნადიმობა გაუმართა, მოიწვია თვისი ჯარი: ასი სული ცხვარი დაკლა და ორასი ნიშა ხარი, ლურჯი სუფრა გაუშალა, იქნებოდა ასი მხარი, ქვრივ-ობლებსა უწყალობა ოქრო, ვერცხლი დიდი ძალი“. მაგრამ თამარის შეუღლებით დავით სოსლანთან არ იყო კმაყოფილი დიდებულთა ერთი ნაწილი, რომელსაც საიდუმლო კავშირი ჰქონდა გაძევებულ გიორგი რუსთან და მას ხელს უწყობდა დაკარგულ ტახტის უკანვე დაბრუნებაში. და როდესაც 1191 წელს გიორგი რუსი საქართველოს ტახტის დაბრუნების მიზნით კარნუ-ქალაქში (არზრუმში) ჩამოვიდა, მას მიემხრნენ თამარის პოლიტიკით უკმაყოფილო დიდგვარიანი ფეოდალები: გუზანი შავშეთისა და კლარჯეთის პატრონი, ბოცო სამცხის სპასალარი, ივანე ყვარყვარე ციხისჯვარელი, მსახურთ-უხუცესი ვარდან დადიანი, რომელსაც მიემხრნენ სვანეთი, აფხაზეთი, ეგრისი, გურია, რაჭა, არგვეთი და ლეჩხუმი: „აფიცნეს რუსისა გამეფებისა და მისისა მეფე ყოფისათვის დიდებულთა და ლაშქართა მის ქვეყანისათა“-ო, მოგვითხრობს მემატიანე. ამგვარად გიორგი რუსს მიმხრობია მთელი სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს დიდებულები, რომლებმაც შეფიცეს მას ერთგულება და აღუთქვეს დახმარებაც. რასაკვირველია, განდგომილთა და გიორგი რუსს შორის ამ შემთხვევში დადებულ იქნებოდა გარკვეული ხასიათის პოლიტიკურ-უფლებრივი შეთანხმება, მაგრამ ამის შესახებ თამარის კარის ისტორიკოსი სდუმს. ვარდან დადიანის მეთაურობით მეამბოხეებმა თავიანთი ლაშქარი დასძრეს სამცხისაკენ, სადაც მათ შეუერთდა ბოცო ჯაყელი და სამცხის სხვა დიდებულებიც. აქედან მეამბოხეები გადავიდნენ გეგუთში, სადაც გიორგი რუსი მეფედ აღიარეს: „გაუგზავნეს ლაშქარნი, გუზანს და მუნით წარმოვიდეს რუსი და მისი ლაშქარნი და შეყრილთა მიმართეს სამცხეს. მიეგება ბოცო და ვინცაღავინ მისნი იყუნეს მიმდგომნი: გარდავლეს მთა და მივიდეს გეგუთს და დასვეს ტახტსა ზედა სამეფოსა“-ო, ამბობს მემატიანე. როდესაც თამარს ეს ამბავი მოახსენეს, მან ამ შემთხვევაშიც გამოიჩინა
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | პოლიტიკური გამჭრიახობა და ნებისყოფის დიდი სიმტკიცე. მან ჯერ გამოარკვია საქმის ნამდვილი ვითარება, თუ რა მიზანს ისახავდა მეამბოხეთა ჯგუფი. როდესაც თამარ დარწმუნდა რომ მათი მოქმედება მიმართული იყო მისი მეფური უფლებების საზიანოდ, მაშინ მან მოუწოდა თავის ერთგულ ვაზირებს და ერისთავებს სასწრაფოდ ჯარი შეეკრიბათ: „შემოკრბეს სპანი და დიდებულნი ჰერეთით, კახეთით, ქართლით, სომხითით და სამცხით“-ო. ამგვარად თამარს მიემხრნენ და ერთგულება შეჰფიცეს ქართლ-კახეთისა და სამცხის დიდებულებმა, რომლებმაც მეფე დაამშვიდეს და „ჰკადრეს, ფიცით არა მათგან ნება-დართულობა საქმისა“-ო. თამარ ცდილობდა თავიდან აეცდინა შინაური ბრძოლა, მოძმეთა შორის სისხლის ღვრა და საქმის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით მან მიუგზავნა მეამბოხეებს მოციქულები. მაგრამ მათთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. მეამბოხეები ამით უფრო წათამამდნენ, თავიანთი ლაშქარი ორად გაყვეს და შეტევაზე გადმოვიდნენ: ერთმა ნაწილმა გადმოლახა ლიხის მთა, შემოიჭრა ქართლში, ნაჭარმაგევამდის და გორამდის ყველაფერი ააოხრა, მეორე ნახევარმა დადიანის მეთაურობით გადალახა სამცხე და გადასწვა ქალ. ოძრხე. აქ მეამბოხეებმა გამართეს ბჭობა, რომ შეემუშავებინათ ახალი საომარი გეგმა. თამარმა ეს ყველაფერი დროზე შეიტყო და გადასწყვიტა შებრძოლება მეამბოხეებთან: „უბრძანა ამირსპასალარსა გამრეკელსა და ოთხთა მხარგრძელთა და სხუათა თორელთა ზემოთა და ქუემოთა წასვლა და მოგებება წინა ქვეყანას ჯავახეთისასა“-ო. ამირსპასალარ გამრეკელის მეთაურობით თამარის ლაშქარი შეიჭრა ჯავახეთში, სადაც გამაგრებული იყვნენ მეამბოხეთა მთავარი ძალები და აქ თმოგვისა და ერუშეთის შუა შეიქმნა სასტიკი ბრძოლა. მეამბოხეები დამარცხდნენ, ბევრი მათგანი დაიხოცა, ნაწილი კი გაიქცა. მეამბოხეების მეორე ნაწილმა, რომელიც შუა-ქართლში იყო გამაგრებული, გაიგო თუარა ჯავახეთში დამარცხების ამბავი, მაშინვე იარაღი დაჰყარა და გაიქცა. ვინც გადარჩა მათ სთხოვეს თამარს პატიება და შერიგება. თამარმა გიორგი რუსის უვნებლად გაშვების პირობა მისცა: „მისცა დედოფალმან (თამარ) სიმტკიც პირველად რუსისა, უვნებლად გაშვებისათვის“-ო. ამის შემდეგ მეამბოხეები თამარს დანებდნენ და მასთან მივიდნენ ნაჭარმაგევს. თამარმა გიორგი რუსი ისევ კონსტანტინოპოლში გაგზავნა. რაც შეეხება მეამბოხე დიდებულებს, თამარს არც ისინი დაუსჯია, მხოლოდ ჩამოართვა მათ მაღალი თანამდებობანი, რომელიც ებოძა მეფის ერთგულსა და თავდადებულ პირებს. 1191 წელს გარდაიცვალა ამირსპასალარი გამრეკელი და თამარმა ეს თანამდებობა უბოძა თავის ერთგულ მხედართმთავარს ზაქარია სარგისის-ძე მხარგრძელს. გიორგი რუსისა და მისი მომხრე მეამბოხე დიდებულების დამარცხების შემდეგ თამარს არ მოელოდა შინაური საფრთხე. მით უმეტრეს სავაზირო მან გააძლიერა თავისი მომხრე და ერთგული მოხელეებით, ლაშქრის მეთაურად გაამწესა ისეთი გულადი და მხნე მეომარი, როგორიც იყო ზაქარია მხარგრძელი და რომ ახლა მოეპოვებინა პოლიტიკური ძლიერება და გავლენა საგარეო საქმეებშიაც, იგი შეუდგა ლაშქრობათა მოწყობის თადარიგს, რასაც ეძლეოდა უაღრესი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. ლაშქრობა ნადავლისა და ხარკის სახით იძლეოდა საკმაო დიდ შემოსავალს, ახლად დაპყრობილ ქვეყნების შემოერთებით აფართოებდა სახელმწიფოს ტერიტორიალურ საზღვრებს და აძლიერებდა მის პოლიტიკურ ეკონომიკურ ზეგავლენას მეზობელ ქვეყნებზე. თამარმა ყველაფერი ეს კარგადც იცოდა. როგორც დიდი სახელმწიფო მოღვაწე, იგი უშუალო მონაწილეობას იღებდა ლაშქრობის მოწყობის საქმეში. მართალია, მას, როგორც მანდილოსანს, არ შეეძლო ლაშქრისათვის გაეწია სარდლობა, მაგრამ თამარმა თავის გარშემო შემოიკრიბა ისეთი ერთგული და თავდადებული მხედართმთავრები, როგორიც იყვნენ: დავით სოსლანი, ზაქარია და ივანე გამრეკელი, სარგის, ზაქარია და ივანე მხარგრძელები. ეს გამოჩენილი და სახელგანთქმული სარდლები თამარის შთაგონებით და ხელმძღვანელობით მუდამ მზად იყვნენ ბრძოლისა და თავდადებისათვის. სწორედ ამაშია თამარის დიდი ღვაწლი სამშობლოს წინაშე, რომ მან შესძლო თავის გარშემო დაერაზმა ქვეყნისათვის თავდადებული მებრძოლები, რომლებმაც მას მოუპოვეს ძლიერება და დიდება. თამარის ამ ღვაწლს აღნიშნავს არჩილ მეფეც, როცა ამბობს: „როს თამარ დიდი ხელმწიფე სულ ხმელთა პირსა ნათობდა, იმხედრა უნეს მეფეთას, აღვირი იპყრა ძლიერად. დაიპყრა შვიდი სამეფო ლიხ ამარითურთ იმერად, თორმეტ წელიწადს სიბრძნითა სამეფოს გაარიგებდა: ურჩს შეიპყრობდა, ერთგულთა სვე-ბედით აამაღლებდა, სარდლებს უჩენდა ლაშქართა, ერთს ამირ-სპასალარებდა. მშვიდი მშვიდთ პატივს უპყრობდა, ამაყთა დაადაბლებდა“-ო. გასალაშქრებლად მიზანში ამოღებული იყო ის ქვეყნები, სადაც ჯვაროსანთა ომების გამო მაჰმადიანთა ძლიერება შერყეული იყო, ადვილად შეიძლებოდა გამარჯვების მოპოვება და ხელში დიდი ნადავლის ჩაგდება. ამ მიზნით ქართველებმა დავით სოსლანისა და ზაქარია მხარგრძელის მეთაურობით მოარბიეს: ბარდავი, კარნუ-ქალაქი (არზრუმი), გელაქუნი და სხვა, საიდანაც წამოიღეს მდიდარი ნადავლი. მემატიანის ცნობით, ქართველთა ლაშქარს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს კარნუქალაქელებმა, რომელთა შველოდნენ სურმანელნი, კარელი, ნასრადდინ სალდუხოს-ძე და სხვ. მოკავშირეებმა დიდძალი ქვეითი და ცხენოსანი ლაშქარი გამოიყვანეს და გაიმართა სასტიკი ბრძოლა: „ვითარცა გათენდა ჰკრეს ბუკთა და დაბდაბთა და... დამასკუნელნი სისხლთა მათთა დათხევისანი გამოვიდეს ბჭეთა ქალაქისათა, გააწყუეს რაზმი ქუეთისა და ცხენოსნისა, წამოდგეს ბანსა ზედა და შუკათა შინა ისრის მსროლელნი და ქვის მსროლელნი“-ო. ქართველი ლაშქარი დავით სოსლანის სარდლობით მამაცურად შეებრძოლა კარნუქალაქელთა მხედრობას: „და ვითარ იხილნა მეფემან დავით სპათა მათთა გამოსვლა, აღსდგეს უნეთა ზედა და აღიხუნეს ოროლნი (გრძელი შუბი) და პირველსავე ზედა მისვლასა დასტეხნეს სახედ მეხის-ტეხისა და აღიხუნეს კარნი ქალაქისანი... და წაიქცივნეს წინა... მაშინ შემოიქცა მეფე დავით და ლაშქარნი მისნი მოვიდეს მოხარულნი ქვეყანადვე თვისად ძლევა-მოსილნი, წინაშე თამარისა“-ო. საქართველოს სამხედრო ძლიერება იმდენად გაიზარდა, რომ მეზობელი ქვეყნები ახლა თამარს სთხოვდნენ დახმარებასა და მფარველობას. სხვათა შორის შირვანის შაჰმა (ხელმწიფემ) აღსართანმა და მისმა სიძემ ამირ-მირანმა თამარს სთხოვეს დახმარება წინააღმდეგ აბუბაქარ ათაბაგისა, რომელმაც მათ წაართვა სამფლობელო და გააქცია, ხოლო „თვით დარჩა გადიდებული და გალაღებული“-ო. შირვანის შაჰი (შირვანშა) უკვე დავით აღმაშენებლის დროიდან ითვლებოდა საქართველოს მეფის ყმად-ნაფიცად და იმყოფებოდა საქართველოს პოლიტიკურ მფარველობის ქვეშ, ამიტომ 1192 წელს აღსართანი და ამირ-მირანი საქართველოში მივიდნენ დახმარების მისაღებად. თამარმა ყმად-ნაფიცი სტუმრები დიდის ზეიმით მიიღო, რის შესახებ მემატიანე მოგვითხრობს: „შეიქმნა დარბაზობა და დასხდეს ტახტთა ზედა ოქროჭედილთა თვით თამარ და დავით, და ძე მათი გიორგი, პირველად რა გამოვიდეს თბილისით ქალაქით, მოეგებნეს წინა ოვსნი და ყივჩაყნი. შემდგომად ამისა ჰერნი და კახნი, და შემდგომად ქართუელნი და კვალად მესხნი, თორელნი, შავშ-კლარჯ-ტაოელითურთ, შემდგომად სომხითარნი, შემდგომად აფხაზნი და სუან-მეგრელ-გურულნი, თანა რაჭა-თაკვერ-მარგველითურთ და თვით კარვის კარსა ხელისუფალნი და შინაურნი: ხოლო ვინათგან შინაური და თვისი იყო შარვანშა, პირველად შემოვიდა იგი და თაყვანისცა. და შემდგომად მისსა მოვიდა ამირ-მირან, მოიკითხეს და დასვეს პატივითა. შემდგომად პურობისა დაიდვეს ნადიმი. იყო სიხარული და ხმა მგოსანთა და მოშაითთა“-ო. ეს ამბავი, რასაკვირველია, არ გამოპარვია ადარბადაგანის ათაბაგს აბუბაქარს, რომელმაც კარგად იცოდა ამირ-მირანის თამართან დარბაზობის საიდუმლოება და იგიც შეუდგა საომარ სამზადისს. მოკავშირედ მოიწვია მეზობელი ათაბაგები „ნახჭევანიდმან ყოვლისა სპარსეთის შეყრითა“-ო. მაშინ თამარმა მოიწვია საგანგებო საბჭო, რომელმან გადასწყვიტა ომი გამოეცხადებინა ათაბაგ აბუბაქარისათვის და თამარმაც ბრძანება გასცა ლაშქრის შეყრაზე. „ესმა ესე ყოველი თამარს და მოუწოდა ყოველთა ვაზირთა თვისთა და შეიქმნა გამორჩევა. უბრძანა ჭყონდიდელსა ანტონის, არა ავითა გულითა, არცა დედაკაცურითა სიტყვითა, არამედ ესრეთ უბრძანა: „ისწრაფეთ დაწერად და მამაცურითა სიტყვითა მიმოდასდევით ბრძანება, რათა მსწრაფლ შემოკრბეს მხედრობა“-ო. დანიშნულ დროისათვის დიდძალ ჯარს თავი მოუყარეს „დააწყვეს რაზმი წესისამებრ“ და ეს ჯარი ახლა ემზადებოდა შანქორისაკენ გასალაშქრებლად, სადაც უნდა მომხდარიყო ბრძოლა აბუბაქართან. საომრად გამზადებულ ქართველ ლაშქრის დასათვალიერებლად მოვიდა თამარ, რომელსაც თან ახლდა შირვანშა: „მოვიდა თამარ და იხილნა, მუნ იყო თვით შირვანშა და ამირ-მირან და ძმაცა ყივჩაყთა მეფისა დიდითა ლაშქრითა“-ო. თამარს მათთვის ასეთი სიტყვით მიუმართავს: „ძმანო ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი სიმრავლისათვის მათისა (ე.ი. აბუბაქარის ლაშქრისა) და სიმცირისათვის თქვენისა, რამეთუ ღმერთი ჩვენთანა არს“-ო. 1202 წელს შანქორში მოხდა დიდი ბრძოლა. ქართველი ლაშქარი შანქორს ორი მიმართულებით უტევდა და მიუხედავად მოწინააღმდეგის გააფთრებული კონტრიერიშებისა იგი ჩქარა მიადგა ქალაქის კარებს. აქ კი ქართველთა ლაშქარს მტრის დაძლევა გაუჭირდა და მათ ფიცხელ მიეშველნენ მხარგრძელნი: ზაქარია ამირსპასალარი და ივანე მსახურთ-უხუცესი. ისინი გმირულად ეკვეთნენ მტერს, თითქმის მოლაშქრეთა ნახევარიც დაჰკარგეს ბრძოლის ველზე, მაგრამ ათაბაგის ჯარი ვერ დასძლიეს. ამ განსაცდელის დროს გამოჩნდა დავით სოსლანი თავისი რაზმით და სამეფო დროშით, რომლის დანახვამ ქართველები გაამხნევა, მედგრად შეუტიეს მტერს და იგი შედრკა: „ვიდრე მეფისა მოსვლამდი გამაგრდა რაზმი ათაბაგისა და რაჟამს იხილეს მეფე, დაეცა რისხუა ღმრთისა“-ო, ამბობს მემატიანე. ამგვარად ქართველებმა გაიმარჯვეს და აბუბაქარის მრავალრიცხოვანი ჯარი იძულებული შეიქმნა ბრძოლის ველიდან გაქცეულიყო. გამარჯვებულ ქართველ ლაშქარს მრავალი ტყვე და ნადავლი ჩაუვარდა ხელში, სხვათა შორის ხალიფას დროშაც. შანქორელებმა დავით სოსლანს მიართვეს ქალაქ შანქორის კლიტე და ქალაქიც მას გადასცეს. მაგრამ დავითმა ეს ქალაქი გადასცა ამირ-მირანს და ახლა გაილაშქრა განძისაკენ, საიდანაც მას გამოეგებნენ დიდებულები და დიდ ვაჭარნი და განუცხადეს მორჩილება. განძიდან გამოგზავნეს მახარობლად მანდატურთ-უხუცესი ჭიაბერი, რომელმაც ტაბახმელაზე მდგომ თამარს მოახსენა აბუბაქარზე გამარჯვების ამბავი...ჩქარა გამოჩნდა დავით სოსლანი
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | და ძლევამოსილი ქართველი მხედრობა, რომელმაც მეფეს მიართვა მდიდარი ნადავლი: „პირველად ხალიფას დროშა, ტყვე ყოველი კაცი, სხვათა სიმდიდრეთა და საჭურჭლეთა, ოქროთა და ლართა, ვინცა უძლო აღრიცხვად“-ო. თამარმა გამარჯვებული მხედრობა ღირსეულად დააჯილდოვა, ყველაზე მნიშვნელოვანი ნადავლი ხალიფას დროშა კი გაგზავნა გელათში და იქ შესწირა ხახულის ღვთის-მშობელს, რომელსაც თამარ მუხლმოყრით ევედრებოდა აბუბაქარზე გამარჯვებას. ქართველების ჩარევამ შირვანის საქმეში და შანქორის გამარჯვებამ გულისწყრომა გამოიწვია მაჰმადიან ამირებსა და ათაბაგებს შორის და ახლა ისინიც მიემხრნენ აბუბაქარს, რათა ქართველები განედევნათ შანქორ-განძიდან. მოსალოდნელ საფრთხის თავიდან ასაცდენად საჭირო შეიქმნა აბუბაქარის წინააღმდეგ ხელმეორედ გალაშქრება, მით უმეტეს, რომ თამარ თავისი პოლიტიკური გავლენის გასამტკიცებლად აღმოსავლეთში განსაკუთრებულ მნიშვნელობას აძლევდა აბუბაქარისა და მისი მოკავშირეების დამარცხება-დამორჩილებას. ამის გამო მეორე გალაშქრებაში თვითონვე მიიღო მონაწილეობა. ქართველი ლაშქარიც ორად გაიყო: ერთი ნაწილი დავით სოსლანის მეთაურობით გაემართა განძისაკენ, მეორე კი თამარის ხელმძღვანელობით დვინისაკენ. 1204 წელს თამარმა დვინი აიღო. ამის შესახებ არაბი ისტორიკოსი იბნ-ალასირი მოგვითხრობს, რომ ქართველები 1203 წელს ქალაქ დვინს მიადგნენ და გარემოიცვეს ის. მცხოვრებლებმა აბუბაქარს დახმარება სთხოვეს თურმე, მაგრამ იმან მათ თხოვნას ყურადღება არ მიაქციაო. გარემოცვამ დიდხანს გასტანა, მოქალაქეებმა ვერ შესძლეს ქართველებისათვის გაეწიათ წინააღმდეგობა და ქალაქიც ქართველებმა აიღესო. დვინის აღების შემდეგ ძლევამოსილი თამარ საქართველოში დაბრუნდა. ჩქარა განძიდან დაბრუნდა გამარჯვებული დავით სოსლანიც და ამგვარად თამარმა შესძლო აბუბაქარის დამარცხება და სტრატეგიულ-პოლიტიკური მნიშვნელობის ქალაქების განძისა და დვინის შენარჩუნება. ასეთივე ძლიერი იყო თამარის პოლიტიკური გავლენა დასავლეთით მოსაზღვრე საბერძნეთის ქვეშევრდომ ქვეყნებზე, მით უმეტეს რომ ამ დროს კონსტანტინოპოლი დიდ განსაცდელში იყო ჩავარდნილი. მას ერთის მხრით, უტევდნენ ჯვაროსნები და გაძარცვით ემუქრებოდნენ, მეორე მხრით შიგ გაჩაღებული იყო დინასტიური ბრძოლები ტახტის მემკვიდრეებს შორის. ამ ბრძოლაში დამარცხებული ერთერთი მემკვიდრე ალექსი კომნენოსი, რომელიც თამარს ენათესავებოდა, საქართველოში გამოიქცა და სთხოვა თამარს დახმარება. თამარმა ამ გარემოებით ისარგებლა და 1204 წელს, როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და გაძარცვეს, მან ტრაპიზონის დასაპყრობად თავისი ლაშქარი გაგზავნა. ტრაპეზონი, როგორც ლაზების დედაქალქი, ძველ ლაზისტან-ჭანეთთან ერთად ერთ დროს შემოდიოდა საქართველოს საზღვრებში, მხოლოდ შემდეგ ბერძნებმა ეს ქართული პროვინცია დაიპყრეს და საქართველოს მოსწყვიტეს. თამარმა ახლა განიზრახა ამ პროვინციის დაბრუნება და ქართველმა ჯარმა დაიპყრო ტრაპეზონი და მისი მიდამო: „ხოლო განრისხნა მეფესა და ზედა ბერძენთასა და წარგზავნა მცირედი ვინმე ლიხთ-იქითნი და წარუღეს ლაზია, ტრაპეზონი, ლიმანი, სამისონი, სინოპი, კერასუნდი, კოტიორა, ამასტია, ერაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონიისა და პონტოსანი და მისცა ნათესავსა თვისსა ალექსსის კომნენოსსა ანდრონიკეს შვილსა, რომელი იყო მაშინ თვით წინაშე თამარისსა შემოხვეწილი“-ო, მოგვითხრობს ქართველი მემატიანე. თამარმა აქ შექმნა ცალკე ტრაპეზონის სამეფო, რომელიც იმყოფებოდა საქართველოს მეფის მფარველობაში. ამას ადასტურებს ბიზანტიელი მემატიანე მიხეილ ფანარეტიც, რომელიც ამბობს, რომ დიდმა კომნენოსმა ალექსიმ 1204 წელს თავის მამის ძალუის დახმარებით და ქართველ (იბერიის) ჯარით ტრაპეზონი დაიპყრაო. მაგრამ სამეფოს საზღვრების გაფართოებასთან საჭირო იყო დაპყრობილ ადგილების დაცვა და შენარჩუნება, განსაკუთრებით სამხრეთის მხარეში. საიდანაც საქართველოს უტევდნენ მაჰმადიანი სულთანები და ათაბაგები. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლეოდა ციხე-ქალაქის კარის (ყარსის) დაპყრობას და გამაგრებას. კარის სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებისათვის ნათელი იყო და ახლა თამარ შეუდგა ამ ქალაქის დაპყრობის სამზადისს, ამას ქართველი მემატიანეც აღნიშნავს: „იკითხა (თამარმა) საქმე კარისა. რამეთუ მრავლით ჟამითგან ჰბრძოდეს სარგის თმოგველი, შალვა თორელი და მესხნი, გარნა ვერა ღონე ქნეს აღებისა: მაშინ განიზრახა და წარავლინა დავით ზემოთ ლაშქრითა, წაიტანა ზაქარია და ივანე და უბრძანა რათა დადგნენ მუნ და ძლიერად ეომონ“-ო. თამარ ისეთ დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას აძლევდა კარის დაპყრობას, რომ თვითონ წავიდა ჯავახეთს და აქედან მეთვალყურეობას უწევდა ლაშქრობის მსვლელობას. 1206 წელს ქართველთა ლაშქარმა კარს ალყა შემოარტყა, თურქები დამარცხდნენ, კარი დასტოვეს და გაიქცნენ. ქართველებმა კარი აიღეს და თამარმა მის გამგებლად დანიშნა ივანე ახალციხელი, რომელსაც მეფისაგან ებოძა ამირთ-მირობა. იბნ-ალასირის მოთხრობით ქართველებს ქ. კარისათვის ალყა შემოურტყამთ და მისთვის ყველა გზები გადაუჭრიათ. მცხოვრებლები ძალზე შეწუხებულან. კარის ამირას დახმარება უთხოვია ხლათის მმართველისათვის, რომელსაც ეს ქალაქი ეკუთვნოდა, მაგრამ დახმარება ვერ აღმოუჩინაო. მაშინ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფმა კარის ამირამ ქართველებს სთხოვა ზავი და ციხე-ქალაქი ქართველებს გადასცაო. კარის აღება და იქ ქართველების გამაგრება საფრთხეს უმზადებდა თურქების პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბატონობას სამხრეთის საამიროებში. ამ სიმაგრის ხელში ჩაგდების შემდეგ მეზობელი ამირები იძულებული ხდებოდნენ ეცნოთ საქაღთველოს მეფის ქვეშევრდომობა და თამარისათვის უნდა ეძლიათ ყოველწლიური ხარკი. ამის გამო რუმის სულტანმა რუქნადინმა „მოუწოდა ყოვლისა სიმრავლისა სპისა მისსა და შეკრბა კაცი ოთხმეოცი ბევრი, რომელ არს ოთხასი ათასი“-ო. რუქნადინს ბევრი მოკავშირეები ჰყავდა და მისი ლაშქრის რიცხვი აღემატებოდა 40.000 ჯარისკაცს. საომრად გამზადებულმა რუქნადინმა თამარს მისწერა უკმეხი წერილი, რომელშიაც იგი ემუქრებოდა მეფეს საქართველოს აოხრებას, ქრისტიანობის მოსპობას საქართველოში და იქ მაჰმადიანობის გავრცელება-გაბატონებას: „მე რუქნადინ, სულტანი ყოვლისა ცასა-ქვეშისა, მოვლინებული დიდისა მოჰამედისაგან, მოგიმცნობ მეფესა ქართველთასა თამარს. ყოველი დიაცი რეგვენია: შენ გიბრძანებია ქართველთა აღებად ხრმლისა და დახოცვა მუსულმანთა, და კვალად ნათესავსა ზედა თავისუფალსა დადებად ხარკი ყმური. აწ მე წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი და აღვხოცო ყოველი მამაკაცი მაგა ქვეყნისა და ცოცხალ იგი ოდენ დარჩეს, რომელი წინა მომეგების, თაყუანისცეს ჩათრსა ჩემსა... ჯუარი წინაშე ჩემსა დალეწოს და მაჰმადი აღიაროს“-ო. ასეთი უკმეხი წერილით რუქნადინის ელჩი წარსდგა თამარის წინ, გადასცა ეს წერილი და დაუმატა: „უკეთუ მეფემან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმან ცოლად და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად (ხასად) სულტანისა“-ო. რუქნადინის წერილის შინაარსმა და ელჩის ბრიყვულმა სიტყვებმა მოთმინებიდან გამოიყვანა მეფესთან მდგომი ზაქარია ამირსპასალარი, რომელმაც მოციქულს ისე მაგრა გაარტყა პირისახეზე, რომ იგი მკვდარივით მიწაზე გაიშხლარტა: „უხეთქა ხელითა პირსა და ვითარცა მკვდარი დაეცა და იდვა“-ო. როცა მოციქული გონს მოვიდა და ზეზე წამოდგა ზაქარია ამირსპასალარმა განუცხადა მას, რომ შენ მოციქული არ იყო, სამართლიანი იქნებოდა შენთვის ჯერ ენა მომეჭრა და მერმე თავიო. თამარმა რუქნადინის ეს ბრიყვული წერილი სიდინჯით წაიკითხა და მოციქულს სიტყვიერად უპასუხა: „ჩვენ მზად ვართ წყობად და წინამოგეგებად“-ო. ე.ი. ომისათვისო. თანაც საპასუხო წერილი მისწერა რუქნადინს: „წავიკითხე განმარისხებელი წიგნი შენი, რუქნადინ, და ვსცან სიცრუენი შენნი. აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი დამხობად შენდა და ამპარტავანისა გულისა შენისა. ამისათვის წარმომავლინე მსახური ჩემი, რათა წიგნისა შენისა პასუხი ადრე მოგართვას, რამეთუ ჩემ მიერ წარმოვლენილთა სპათა ფეხნი ესე-რა კართა შენთან ზედა დგანან“-ო. თამარმა ფიცხელი განკარგულება გასცა ლაშქრის შეყრაზე. ჩქარა საქართველოს ყველა კუთხიდან დიდი ჯარი შეგროვდა ჯავახეთში, სადაც მივიდა თამარ, დადგა ვარძიაში და აქ საომრად მიმავალი ქართველი მხედრობა მან დაათვალიერა და მტერზე გამარჯვება შეავედრა ვარძიის ღვთისმშობელს. ლაშქრის წინამებრძოლად იყვნენ ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი და ორი ძმანი შალვა და ივანე ახალციხელნი, რომლებიც განთქმულნი იყვნენ თავიანთი მამაცობითა და გმირობით. 1206 წელს ეს ჯარი ვარძიიდან გაემართა ბასიანისაკენ, სადაც დაბანაკებული იყო რუქნადინის მრავალრიცხოვანი მხედრობა. თამარ მეფე ვარძიიდან წავიდა ოძრხეში და აქედან მეთვალყურეობდა და ხელმძღვანელობას უწევდა საომარ მოქმედებას. ქართველი ლაშქარი ბასიანს რომ მიუახლოვდა, წინ გაგზავნეს მზვერავები, რომლებმაც დავით სოსლანსა და ზაქარია მხარგრძელს აცნობეს თუ სად იყო დაბანაკებული მტრის ჯარი. ამასთანავე მოახსენეს, რომ მტრის საგუშაგოზე ყარაულები არ უყენიათ და სულტანის ჯარი უდარდელად ისვენებსო. თვით რუქნადინი ისე იყო თურმე გათამამებული, რომ „დარაჯნი არ უდგეს სულტანსა“-ო. ამ ცნობის მიღების შემდეგ ლაშქრის სარდლობამ გადასწყვიტა უცბად და მოულოდნელად თავდასხმა რუქნადინზე. ლაშქარიც ორად გაიყო: „ერთ-კერძო აფხაზნი და იმერელნი“ იყვნენ. „ერთ-კერძო ამერელნი (ქართლ-კახელები)“. მტრის ბანაკისაკენ პირველად დაიძრნენ წინამებრძოლად მყოფნი ამირსპასალარნი: ზაქარია მხარგრძელი, ახალციხელნი შალვა და ივანე თორელნი. ქართველების მოულოდნელმა თავდასხმამ შიშის ზარი დასცა რუქნადინის ლაშქარს, მტერი შეკრთა და დაიხია. მაგრამ იგი ჩქარა შეიარაღდა და სასტიკი ბრძოლა გაიმართა ადგილ ბოლოსტიკეში, სადაც ორივე მხრივ ბევრი მეომრები დაიხოცნენ. ქართველებს გაუჭირდათ მტრის დაძლევა და „კნინღა სივლტოლად მიიდრიკნეს“-ო, გადმოგვცემს მემატიანე. ქართველ მხედართ მთავრებს ცხენები მოუკლეს, მაგრამ ზაქარია ამირსპასალარი, შალვა და ივანე ახალციხელები დაქვეითებულები მაინც გმირულად იბრძოდნენ და რუქნადინის ლაშქარს მედგრად უტევდნენ. საქმე რომ გაჭირდა, მაშინ ქართველთა ცხენოსანთა ლაშქარი დავით სოსლანისა და ზაქარია ამირსპასალარის მეთაურობით ორ ნაწილად გაიყო და მტერს უფრო სუსტი მხრიდან შეუტიეს, მაშინ რუქნადინის ჯარი შედრკა და გაიქცა. ქართველებმა აქ ხელთიგდეს დიდძალი საჭურჭლე, საქონელი, კარავები და სხვა. თვით რუქნადინის დროშაც ქართველებს დარჩათ და იგი თამარს მიართვეს. თამარის რუქნადინზე ამ გამარჯვების შესახებ სპარსელი ისტორიკოსი ჰამდალლაჰ ყაზვინი მოგვითხრობს: „რუქნადინი გაემგზავრა აფხაზთა და საქართველოს
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | (გურჯისტან) წინააღმდეგ, მაგრამ, იგი ფრთხილად არ მოიქცა, დამარცხებულ იქმნა, რუმში დაბრუნდა და უნდოდა შური ეგო, მაგრამ არ დასცალდა და 1206 წელს, გარდაიცვალა“-ო. ამგვარად თამარმა მედგარი ბრძოლების შემდეგ შესძლო სტრატეგიულ-პოლიტიკური მნიშვნელობის მხარეების დაპყრობა, ციხე-ქალაქების ხელში ჩაგდება და რუქნადინის დამარცხებით კი მაჰმადიან სულტანების შემოტევების შეჩერება. 1207 წელს გარდაიცვალა გულადი და სახელოვანი მებრძოლი დავით სოსლანი, მაგრამ თამარ მეფე ზაქარია და ივანე მხარგრძელების დახმარებით ისევე განაგრძობდა თავის დაპყრობით პოლიტიკას. ზაქარია ამირსპასალარის რჩევითა და წინადადებით თამარმა განიზრახა გალაშქრება სპარსეთში, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში მოეპოვებინა პოლიტიკური ზეგავლენა და უპირატესობა. ამის შესახებ ქართველი მემატიანე ასე მოგვითხრობს: „მოვიდეს მხარგრძელნი ამირსპასალარი ზაქარია და მსახურთ-უხუცესი ივანე და ვარამ გაგელი მეფის წინაშე და მოახსენეს: შენ, ძლიერი სახელმწიფოს და ქველ მხედრების მბრძანებელი ხარ, მრავალნი ახოვანნი, მხნენი და რჩეულნი იპოვებიან სპათა შენთა, რამეთუ არა არს წინააღმდგომი მათი. აწ ბრძანოს მეფობამან თქუენმან რათა არა ცუდად დავიწყებასა მიეცეს სიმხნე სპათა შენთა, არამედ აღვამხედროთ ერაყს, რომ-გურსა ზედა რომელ არს ხორასანი და ცნან ყოველთა სპათა აღმოსავლეთით ძალი და სიმხნე ჩუენი: აწ უბრძანე სპათა საქართუელოსათა მზა იყვნენ ლაშქრობად ხვარასანს, დაღაცათუ არავინ ქართუელთაგანი მიწევნულ არს ხუარასანს, არამედ ბრძანე რათა ნიკოფსით დარუბანდამდე აღიჭურნეს და მზა იყუნეს“-ო. თამარმა ვაზირების ეს სამხედრო გეგმა განსახილველად გადასცა წარჩინებულთა საბჭოს, რომელმაც იგი მოიწონა და ამის შემდეგ შეუდგნენ ლაშქრობის მოწყობის თადარიგს: „სთნდა ყოველთა თქმული მათი და დაასკუნეს ლაშქრობა“-ო. სალაშქროდ მიმავალმა ჯარმა თავი მოიყარა თბილისში, სადაც მოხდა მისი დათვალიერება და შემოწმება. ეს ჯარი დაათვალიერა თვით თამარმა, რომელმაც მოიწონა მისი გაწვრთნილობა და შეიარაღება: „განიხილნა სპანი მისნი და იხილნა აბჯრითა კეთილითა და პატიოსნითა და მოუწონა აბჯარი და ცხენ-კეთილობა მათი“-ო, ამბობს მემატიანე. ამის შემდეგ თამარმა აიღო სამეფო დროშა: „მოიღო დროშა სვიანად ხმარებული გორგასლიანი და დავითიანი“, შეავედრა იგი ვარძიის ღვთისმშობელს, ომში მიმავალი მხედრობა დალოცა და უსურვა მტერზე გამარჯვება. ეს დროშა მან გადასცა ამირსპასალარ ზაქარია მხარგრძელს და ქართველი ლაშქარი გაემართა სპარსეთისაკენ. ქართველებმა ჯერ გაიარეს ნახჭევანზე, აქედან ჩავიდნენ თავრიზს და მედგარ ბრძოლის შემდეგ ეს ქალაქი აიღეს. მაშინ თავრიზელებმა ზავი სთხოვეს: „ყოველნი მკვიდრნი თავრიჟისანი, ხოჯანი და ყოველნი წარჩინებულნი და მიმდგომნი თავრიჟისანი... ხარკის მოცემითა და ძღვენისა, შევრდომისა და ზენარის თხოვნითა დაამშვიდეს ქართულნი თავადნი და სპანი“-ო, ამბობს მემატიანე. ქართველები ზავზე დათანხმდნენ და თავრიზელებმა აღუთქვეს მორჩილება და ძვირფასი ძღვნის მირთმევა. ამის შემდეგ თავრიზელებმა ქართველ მხედრობას მიართვეს მრავალი ოქრო-ვერცხლი, მარგალიტი, სურსათი და სხვა. ქართველებმა თავრიზში დასტოვეს ქალაქის თავიანთი მცველები და აქედან წასულები ახლა მიადგნენ მიანას, რომლის მელიქმა იცოდა ქართველთა ძლევამოსილება და გადასწყვიტა ზავი ეთხოვა. ამირ-სპასალარმა ეს წინადადება მიიღო და დაეზავა მიანელებს, რომლებმაც ფიცით აღუთქვეს მას მორჩილება და ხარკის მიცემა. მიანიდან ქართველი ლაშქარი მიადგა მცირე ქალაქს ზანგას (ზენჯანს), ამ ქალაქის მცხოვრებლებმა ქალაქის ციხე და ზღუდე გაამაგრეს და გადასწყვიტეს წინააღმდეგობის გაწევა. მაშინ ამირსპასალარის განკარგულებით ქართველებმა ზანგას ალყა შემოარტყეს. ქართველი ლაშქარი თემებად გაყვეს და თითოეულ თემს მიუჩინეს ციხე-გალავნის ერთი უბანი, რომელიც მას უნდა აეღო. დაიწყეს ციხის კედლის შეხვრეტა და პირველად მესხებმა მოახერხეს ციხეში შესვლა: „დაიწყეს თხრად ზღუდეთა უწინარეს მარჯუენესა მხარესა მესხთა შეხურიტეს ზღუდე“-ო. მესხებს მიეშველნენ დანარჩენი ქართველი თემები, გაიმართა სასტიკი ბრძოლა და ქართველებმა ეს ზანგაც აიღეს. შემდეგ ქართველი ლაშქარი მიადგა ყაზმინს, მოარბია იგი, წამოასხა ტყვე და საქონელი. ყაზმინიდან გალაშქრება მოაწყეს ხორასანზე და მიაღწიეს გურგანის ქალაქამდე და აქაც დიდძალი ტყვე და ნადავლი ჩაუგდიათ ხელში. აურაცხელ ალაფის დაგროვების გამო ლაშქარს წინსვლა გასძნელებია, რის შესახებ ქართველი მემატიანე მოგვითხრობს „ვერღა-რა ძალედვა წიაღსვლა ალაფისაგან: შემოიქცეს გამარჯვებულნი და შემოსილნი სიმდიდრითა ქართველნი. რამეთუ აქამდე არავის ქართველთა ნათესავნი მიწევნილ იყო ლაშქრად. არცა მეფე, არცა მთავარი, და ვერ-ვინ წინაღუდგა სპარსეთს შესვლასა მათსა, ვერცა ხვარასნის სულტანი, ვერცა ერაყისა და ვერა-რომელი თემი“-ო. ამის გამო გამარჯვებულმა ქართველებმა არჩიეს უკან დაბრუნება. და ძლევამოსილ მხედრობას თან მოჰქონდა აურაცხელი ნადავლი. თამარ მეფემ გამარჯვებული მხედრობა დიდის ზეიმით მიიღო ისანის სასახლეში: „მოვიდეს ტფილისს, წინაშე მეფისა. მხიარულ იქმნა მეფე... შევიდეს ისანთა და დაჯდა მეფე ტახტსა ზედა სამეუფოსა. შეუძღვა ამირსპასალარი და შევიდეს თავადნი და დასხდეს წესისამებრ და მოიღეს არმაღანი ურიცხვი და დადვეს წინაშე მეფისა; განკვირდა მეფე, რომელ არავის ქართველთაგანს ენახნეს ეზომნი სიმდიდრენი აურაცხელნი, თვალნი და მარგალიტნი“-ო. ამ ლაშქრობამ სახელი გაუთქვა ქართველებს სპარსეთში და ქართველებიც ამაყობდნენ თურმე ასეთ შორეულ და ძლევამოსილ ლაშქრობით: „ქართველებმა დალეწნეს სპარსეთისა ქალაქნი და ერანის ქუეყანა ესდენა სიშორესა შინა მივიდნენ, რომელ არცა თუ სახელი ქართველობისა ისმოდა“-ო, ამბობს მემატიანე. ამასვე იმეორებენ და ადასტურებენ სომეხთა ისტორიკოსები ვარდან და კირაკოზ და აგრეთვე არაბთა მემატიანე იბნ-ხალიკანი. ამ დიდ ლაშქრობით აღტაცებული, თამარის თანამედროვე პოეტი ჩახრუხაძე თამარისადმი შესხმაში ამბობს: „წაუღე რანი, წაუღ ერანი, ყელსა დასახენ ჩამომდებარე მიუშვენ ოდეს, მიუშვენოდეს ამბერდად რად ვთქვნე იგი მე ბარე!“ (ჩახრუხაძე _ „თამარიანი“). ასეთი აღტაცება ქართულ პოეზიაში არც შემდეგში შენელებულა და გრიგოლ ორბელიანი მას ასე უმღერს: „თამარის დროშა გაშალეს, შეკრბა დიდუბეს ლაშქარი: კახი ფარ-შუბით, თუში ხმლით, ფშავ-ხევსურს ჰშვენის აბჯარი; მკლავით ძლიერი ქართლელი, ვით ციხე ბურჯი მაგარი, ოსი ფეხ-მარდი, მთიული, ბრძოლაში შეუპოვარი. მესხი სწავლითა ქებული, გმირი იმერი ზრდილობით და მშვილდოსნობით აფხაზი, გურულ-სვან-მეგრი მკვირცხლობით!.. თამარი ლოცავს ჯვარითა, ჯარს ამხნევს გულის უხვობით... გალაშქრდნენ, მისწვდნენ კარნუსა, ერთის შეტევით მილეწეს, ლომებრ მისცვივდნენ სინოპსა, მის ციხე ზღვაში გარდაგდეს; განვლეს არეზი, თავრიზი ყაფლანქუ გადაიარეს და მტვერი აოხრებისა ღვთის რისხვად ყაზმინს თავს დასცეს!“ (გრ. ორბელიანი _ „სადღეგრძელო“). ერთი სიტყვით თამარ მეფემ მე-12 საუკუნეში მართლაც შესძლო შეექმნა საკმაოდ ძლიერი მხედრობა, რომლის შიშით არა ერთმა მაჰმადიანმა მთავარმა, ამირამ და სულტანმაც აღიარა საქართველოს ყმობა და იკისრა მისი მეხარკეობაც. საქართველოს მონარქიის უფლება ამ დროს უკვე მთელს კავკასიაზე ვრცელდებოდა და ყივჩაყთა, ოსთა, შირვანის, განძის და სხვათა მეფეები და მთავრები საქართველოს მფარველობაში იმყოფებოდნენ. საქართველოს პოლიტიკურ გავლენაში იყო მოქცეული ძველი სომხეთის ტერიტორიაზე არსებული საამიროები და ტრაპეზონის სამეფოც. თამარის ძლევა-მოსილმა ლაშქრობამ შესძლო აგრეთვე ჩრდილო-სპარსეთშიაც საკმაო დიდი სახელის მოხვეჭა. საქართველოს ეს პოლიტიკური ძლიერება ასახული იყო თვით თამარის წოდებულებაში და იგი თავის თავს ასე უწოდებდა: „სახელითა ღვთისათა მე თამარ ბაგრატუნიანმან ნებითა ღვთისათა აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთის თვითმპყრობელმან“-ო და სხვა. ამგვარად თამარის ბრძნული პოლიტიკის წყალობით საქართველოს ფეოდალური მონარქია ტერიტორიალურ გაფართოებასთან ერთად აწარმოებდა აქტიურ პოლიტიკას კავკასიაში, მცირეაზიაში და აღმოსავლეთის ქვეყნებში და იგი ამ მხრივ მნიშვნელოვან საერთაშორისო ხასიათის პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა. 1212 წელს გარდაიცვალა გულადი და თავდადებული მხედართმთავარი ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი, რომელმაც თავისი ხმლითა და ერთგული სამსახურით ხელი შეუწყო საქართველოს პოლიტიკურ გაძლიერებას. თამარმა ეს თანამდებობა უბოძა ზაქარიას ძმას ივანეს, რომელიც იყო თამარის ერთგული სარდალი და იგი არ ჩამოუვარდებოდა თავის ძმას ვაჟკაცობაში და სამხედრო საქმის ცოდნა-გამოცდილებაში. ივანეს თხოვნით, თამარმა მას უბოძა აგრეთვე საპატიო სახელწოდება ათაბაგობა, რაიც ნიშნავდა მეფის აღმზრდელსა და მრჩეველს. ივანე ათაბაგმაც თამარს ჩქარა დაუმტკიცა თავისი ერთგულება და თავდადება. და როდესაც 1212 წელს დაიწყო ფხოელებისა (ფშავ-ხევსურების) და დიდოელების (ლეკების) განდგომა, თამარმა ამ ამბოხების მოსპობა მიანდო ივანეს, რომელმაც ეს დავალება ბრწყინვალედ შეასრულა. მემატიანის სიტყვით: „მათ ჟამსა იწყეს კაცთა მთეულთა განდგომად, ფხოველთა და დიდოთა... ამათ იწყეს რბევად, ხოცად და ტყვეობად, ცხადად და ღამით. მაშინ მოუწოდა მეფემან თამარ ათაბაგს ივანეს, და ყოველთა მთეულთა. ხოლო ივანემ გონიერად ყო. აღვიდა მთასა ხადისასა და წარვლო წვერი მთისა და წარდგა მთასა ფხოელთა და დიდოთასა, რომელი ესე არავის ექმნა, არცა პირველ და არცა შემდგომად. ერთ-კერძო დაურჩა ძურძუკეთი და ერთ-კერძო დიდოეთი და ფხოველნი. ცნეს მოსვლა ათაბაგისა, მივიდეს ძღვნითა მეფენი ძურძუკთანი, მისცეს ლაშქარი და დაუდგეს გვერდსა, და იწყეს ზეიდამ ბრძოლა, ტყვეობა და კვლა, და რბევა, და დაწვა, და მოწყვიდნეს ურიცხვი კაცი დიდო და ფხოელნი. და დაყუნეს სამი თთუენი, ივნისი, ივლისი, და აგვისტო. მაშინ შეიწროებულთა ათაბაგისაგან მისცეს მძევლები და აღუთქვეს მსახურება და ხარაჯა და მისცეს პირი სიმტკიცისა. ქმნეს ზავნი და წარმოასხნა მძევლები, და ესრეთ გამარჯვებულნი მოვიდეს წინაშე მეფისა, და ჰრქვა ივანე ათაბაგმა მეფესა თამარს: ჰოი ძლიერო მეფეო, იქმნა ბრძანება შენი, და მოვაოხრენ ურჩი ბრძანებისა შენისანი, დიდოეთი და ფხოელნი“-ო. მემატიანის ამ საყურადღებო
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ცნობაში სამწუხაროდ არ არის ნათქვამი, თუ რა პოლიტიკურ-ეკონომიკური ხასიათის მიზეზებით იყო გამოწვეული ფხოელებისა და დიდოელების ეს ამბოხება. მხოლოდ ირკვევა, რომ ამბოხება ყოფილა ძლიერი და საშიში, რომ თამარი იძულებული გამხდარა მეამბოხეების წინააღმდეგ გაეგზავნა ძლიერი სარდალი ივანე ათაბაგი, რომელმაც გადალახა კავკასიონის ქედი, შეიჭრა მეამბოხეთა მხარეში და სამი თვის ბრძოლის შემდეგ ეს ამბოხებაც ჩააქრო. მაგრამ მეამბოხე ფხოელების დასამორჩილებლად არ კმაროდა მხოლოდ სამხედრო ძალაზე დაყრდნობა, მძევლებისა და ხარაჯის აღება, საჭირო იყო ამ მხარის იდეოლოლგიურ-სარწმუნოებრივი შემომტკიცება და თამარის პიროვნების ღვთაებრიობის რწმენის ხალხში ჩანერგვა, ამ მიზნით იქ აუგიათ თამარის სამლოცველო, რომელსაც ცრუმორწმუნე ფშაველი დღესაც თამარ-ლაშარობით ლოცულობს. ფშაველები თამარს აქიმ-დედოფლად იხსენიებენ და მას შესთხოვენ ყოველგვარ სენისაგან განკურნებას. თამარობას (ხატობას) მას ასე უმღერიან: ღვთისშვილთა ჰყავს წმინდაი თამარ დედოფალია, უფლისგან ჰქონდა ბრძანება, შეარტყა მამის ხმალია, მამის სანეფო აიღო, თითონ ბრძანდება ქალია: ხმელეთი თვისად მაიგდო, იმდენიცა აქვთ ძალია. შუა ზღვას ჩადგა სამანი, სამნივე რკინის კარია, სატახტოდ, საბრძანებლადა თითონ ხმელს გორზე ბრძანია, პირდაპირ უდგა გორზედა ლაღი ლაშარის ჯვარია თავზე ხურავის გვირგვინი, წელზე არტყია ხმალია, გვერდს უდგა ნიშლის ფერაი, ტრედივითა ჰქონ მხარია; ოქროს უნაგირ ზედ ადგა ოქროწყლის ლაგმის ტარია; დალოცვილ შემზადებულა, დაფანტულ მყვანან ყმანია, მიეშველება ერთგულთა, არ იყოს მისვლის ხანია. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ ივანე მხარგრძელი ფშავლებს დღემდის ახსოვთ და ლაშარობა-თამარობას ხევის ბერები დამწყალობნების დროს იხსენიებდნენ ივანე მხარგრძელსაც. თამარის ხატის საჯარეში სხვათაშორის დაცულია სავარძლისებური ფორმის მომრგვალებული ქვის საჯდომი, რომელსაც მხარგძელის საჯდომს უწოდებენ. გადმოცემით ივანე მხარგრძელი აქ ჯდებოდა თურმე და საჯარეში შეკრებილ ფხოველების ხევისბერების ბჭობა-თათბირს უსმენდაო. ამგვარად თამარმა შესძლო საგარეო და შინაური მშვიდობიანობის დამყარება და იგი მტკიცედ იცავდა თავის სახელმწიფოებრივ უფლებებს. თამარის ეს ძლიერება არ იყო დაფუძნებული ეკონომიკურ ბაზისზე, არამედ, უმთავრესად ემყარებოდა სამხედრო ძალას, რაც საზოგადოდ ახასიათებდა ფეოდალურ საზოგადოებას. ფეოდალიზმს ახასიათებდა კარ-ჩაკეტილი მეურნეობა, არ იყო განვითარებული ვაჭრობა და წარმოება, რომლის ზრდას ძირს უთხრიდა თვით ფეოდალური წყობილება. ამის გამო ქონების მოსახვეჭად და ძლიერების მოსაპოვებლად ერთად-ერთი საშუალება იყო იარაღი და პირადი ვაჟკაცობა. ვისაც ხმალი უჭრიდა, ფეოდალურ საზოგადოებაში იგი ბატონობდა და ამიტომ რაინდობას და მოლაშქრეობას მაშინ საპატიო ადგილი ეჭირა. თამარ მეფის დიდი ღვაწლი იმაშია, რომ მან ფეოდალურ არისტოკრატიისაგან შექმნა ისეთი ძლიერი სახელმწიფოებრივი აპარატი, რომელმაც ერთგული და თავდადებული სამსახურით მოუპოვა მას პოლიტიკური ძლიერება და გავლენა. ეს ფეოდალური არისტოკრატია მეფესთან იყო ბატონყმურ ურთიერთობაში, რომელიც გამოიხატებოდა შეწყალებულისადმი საჩუქრის გაცემაში, მიწა იქნებოდა იგი, თუ რაიმე თანამდებობა, მეფის ერთგული პირიც მუდამ გულუხვად იყო შეწყალებული. თამარის მამამ გიორგი მესამემ ერთგული სამსახურისათვის შეიწყალა ნაყივჩაყარი ყუბასარი და უბოძა მას ამირსპასალარობა. თამარმა შეიწყალა ივანე მხარგრძელი და მას უბოძა მსახურთ-უხუცესობა და სხვა. შეწყალებით მიღებული მამული თუ თანამდებობა თავდაპირველად საკუთრებად არ ითვლებოდა და პატრონს (მეფეს) შეეძლო, თუ შეწყალებული ნაკისრ სამსახურს წესიერად ვერ ასრულებდა, ის უკანვე წაეღო. თამარ მეფე ამას მტკიცედ იცავდა და როდესაც დიდებულთა ერთი ნაწილი მას განუდგა და მიემხრო მეამბოხე გიორგი რუსს, თამარმა წინად შეწყალებული ეს პირები გადააყენა და მათ თანამდებობაზე შეიწყალა ერთგული მოხელეები, როგორიც იყვნენ მანდატურთ-უხუცესი ჭიაბერი, სარგის თმოგველი, ივანე სარგისის-ძე მხარგრძელი და სხვა. მეფის მიერ შეწყალებულ ამ ერთგულ მოხელეებისაგან შესდგებოდა სახელმწიფოს უზენაესი ორგანო _ სამეფო დარბაზი (სათათბირო), რომელიც ირჩევდა ვაზირებს. დარბაზი და სავაზირო ემორჩილებოდა თამარ მეფეს. მეფის სავაზირო წარმოადგენდა უმაღლეს სახელმწიფო აპარატს, რომლის სათავეში იდგა ერთი პირველი ვაზირთაგანი მწიგნობართ-უხუცესი. ამ თანამდებობაზე ირჩევდნენ მაღალ სამღვდელოების წარმომადგენელს, რომელიც განაგებდა ჭყონდიდის საეპისკოპოსო კათედრას. მას უწოდებდნენ ჭყონდიდელს და ვაზირთა შორის უპირველესს. ჭყონდიდელი იყო მეფის მრჩეველი, მართლმსაჯული, უღონოთა და ქვრივთა ხელის მპყრობელი, ე.ი. მზრუნველი. მეფის შემდეგ მწიგნობართ-უხუცესი იყო ქვეყნის უზენაესი მზრუნველი და პოლიტიკის მიმართულების მიმცემი. მას უწოდებდნენ მეფის „მამა“-ს და მეფეც სახელმწიფო საქმეების შესახებ პირველად მასთან თათბირობდა. ვაზირთა შორის მეორე ადგილი ეჭირა ამირსპასალარს, რომელსაც ევალებოდა ლაშქრის სარდლობა და წინამძღოლობა. როდესაც მეფე სალაშქროდ ვერ მიდიოდა, სარდლობა ამირსპასალარს უნდა გაეწია. შემდეგ იყვნენ ვაზირები: მანდატურთ-უხუცესი, რომელსაც ებარა ფოსტისა და მიმოსვლის საქმეები, მეჭურჭლეთ-უხუცესი განაგებდა სახელმწიფოს საჭურჭლეს (ხაზინას). ვაზირებს გარდა თამარს ჰყავდა საქვეყნოდ გამრიგე მოხელეები, რომლებსაც ებარათ ამა თუ იმ კუთხის მართვა-გამგეობა. ასეთი იყვნენ ერისთავები, რომლებსაც ევალებოდათ ხარაჯის აკრეფა, ლაშქრის გამოყვანა და მეფის ერთგული სამსახური. ვაზირობას დიდი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ეძლეოდა და მას თამარ მეფე განსაკუთრებულ შემთხვევებში იწვევდა, ვაზირობაში მონაწილეობას იღებდნენ ყველა ვაზირები და ერისთავები. სავაზიროში უმთავრესად წყდებოდა ლაშქრობისა და ზავის საკითხები. თამარის მეფობის დროს საქართველო ეკონომიურადაც დაწინაურდა, რამაც ხელი შეუწყო ქალაქების აღმოცენებას, განსაკუთრებით იმ საბატონოებში, რომლებიც სავაჭრო გზებზე მდებარეობდნენ. მათ შორის ცნობილია: მხცეთა, თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ურბნისი, დმანისი, ჟინვანი და სხვა. ამ ქალაქთა შორის პირველი იყო თბილისი, როგორც საქართველოს სატახტო ქალაქი, სამხედრო და სავაჭრო ცენტრი. იმდროინდელი თბილისი ფეოდალური ქალაქის ტიპს წარმოადგენდა. მას გარშემო შემოვლებული ჰქონდა ორი ზღუდე და შიგ იყო მაგარი ციხე. ქალაქს მტკვარი ორ ნაწილად ჰყოფდა. ქალაქს ჰქონდა სამი შესასვლელი კარი, რომელიც კლიტით იკეტებოდა. ქალაქში იყო მეფის სასახლე, სახელმწიფო დაწესებულებები, მრავალი სავაჭროები, „ქულბაქები“ და აგრეთვე მგზავრებისა და ვაჭრებისათვის სასტუმრო „ფუნდრუკი“. ქალაქს განაგებდა ამირა, რომელსაც მეფე ნიშნავდა. თამარის დროს თბილისის ამირა იყო აბულასანი. ქალაქის ამირას გარდა თბილისში არსებობდა აგრეთვე საბჭოს მაგვარი დაწესებულება, რომლის წევრებს ქალაქის ბერებს უწოდებდნენ. მათ, როგორც ქალაქის წარმომადგენლებს ევალებოდათ ქალაქზე ზრუნვა და მისი უფლებების დაცვა. მოქალაქეთა მსაჯულად ან „ბჭედ“ მეფის მიერ ინიშნებოდა ერთ-ერთი დიდვაჭართაგანი. თამარის მეფობაში დიდვაჭართა წარმომადგენელნი სახელმწიფოს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაშიაც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. ამ წრიდან ირჩევდნენ ქალაქის ბჭეებს და დესპანებს, რომლებმნაც იცოდნენ გზების მიმართულებანი, ჰქონდათ გადასაზიდი საშუალებანი და ფულადი საღსარიც. ვაჭრობასთან ერთად დიდ ვაჭრებს ეხერხებოდათ დიპლომატობაც. საქართველოს მე-12 საუკუნეში გაცხოველებული ვაჭრობა ჰქონდა არაბებთან, სპარსეთთან და საბერძნეთთან, აღმოსავლეთით ჩვენში შემოჰქონდათ ძვირფასი ქსოვილები: ლარი, ოქროქსოვილი, სურნელება, ნელსაცხებელი, ტკბილეული, ძვირფასი თვალ-მარგალიტი, ბროლი და სხვა. საბერძნეთ-ბიზანტიიდან შემოდიოდა: ხატები, სურათები, ჭურჭელი, ეტრატზე ნაწერი წიგნები, საწერი იარაღები და სხვა. თამარის დროს მატყლი შემოჰქონდათ ისეთ შორეულ ქვეყნიდან, როგორც იყო ალექსანდრია. ამ საგარეო ვაჭრობასთან გაცხოველდა შინაური აღებ-მიცემობა, იმართებოდა დიდი ბაზრობა, სადაც იყიდებოდა ადგილობრივი ნაწარმი: პირუტყვი, ჭირნახული, ჭურჭელი და სხვა. ეს გარემოება ხელს უწყობდა სავაჭრო კაპიტალის წარმოშობა-გაძლიერებას. ბაზარზე ტრიალებდა ქართული ფული. თამარის დროს იჭრებოდა სპილენძის ფული, რომელზედაც ერთ მხარეზე ამოჭრილია „თამარ“, მეორეზე არაბულად აწერია: „დედოფალი დედოფალთა, დიდება სოფლისა და სარწმუნოებისა თამარ ასული გიორგისა შედეგი მესიისა“. თამარ მეფე გარკვეულ პოლიტიკური მოსაზრებით ვერცხლის ფულს არ სჭრიდა. ჯვაროსანთა ომების გამო მეზობელ მაჰმადიან სახელმწიფოებში არ იჭრებოდა ვერცხლის ფული იმის შიშით, რომ ფულის სახით ვერცხლის მარაგი არ გაეტანათ უცხო სახელმწიფოებში. საქართველოშიაც ამ მოსაზრებით არ სჭრიდნენ ვერცხლის ფულს, თუმცა ვერცხლისა და ძვირფასი ლითონის მარაგი დიდი იყო, რასაც მოწმობენ თამარისდროინდელი ვერცხლის ხატების, საეკლესიო ჭურჭლისა და ძვირფასი სამკაულების სიმრავლე. მე-12 საუკუნეში ხელოსნობა ჩვენში საკმაოდ იყო დაწინაურებული, რასაც მოწმობენ იმდროინდელი შესანიშნავი ძეგლები: სამთავისისა და ნიკორწმინდის ტაძარი, ბეთანიის მონასტრები, განსაკუთრებით ვარძია, რომლის აშენება დაიწყო გიორგი მესამემ და დაამთავრა თამარმა. ვარძია იშვიათი ძეგლია, იგი გამოჭრილია კლდეში და შეიცავს სამასამდე ოთახს. ოქრომჭედლები აკეთებდნენ ძვირფას ხატებს, ჯვრებს, სამკაულებს და სხვა. მაშინ ცხოვრობდნენ სახელგანთქმული ოქრომჭედლები ბექა და ბეშქენ ოპიზარნი. თამარის მეფობისას სამეფოს შემოსავალი შესდგებოდა: სახელმწიფო გადასახადებისაგან, სამხედრო ალაფისაგან და დაპყრობილ ქვეყნების ხარაჯისაგან. თამარის დროს მრავალი დაპყრობილ ქვეყნებიდან ყოველწლიურად შემოდიოდა საკმაო დიდი რაოდენობის ხარაჯა. სამხედრო ალაფიც დიდ შემოსავალს იძლეოდა. მართალია, ალაფის რაოდენობა ლაშქრობაზე იყო დამოკიდებული და აგრეთვე დარბეულ ქვეყნების სიმდიდრეზე, მაგრამ ამ გზითაც ჩვენში შემოდიოდა მრავალი ძვირფასი განძი, საქონელი და ტყვე. ალაფიდან ერთი მეხუთედი „ფანჯიაქი“ ეძლეოდა მეფეს, დანარჩენი კი უნაწილდებოდა მოლაშქრეებს. ყველაზე დიდი თანხა იხარჯებოდა ლაშქრის შენახვაზე და სამხედრო საქმეზე, რადგანაც ამაზე იყო დამყარებული ფეოდალური მონარქიის ძლიერება. ამასთანავერ ლაშქრობა იძლეოდა მდიდარ ნადავლს, რომლიდანაც მეფე თავის „საპატრონო“ წილსაც იღებდა, დანარჩენი კი მ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ოლაშქრეეებს უნაწილდებოდათ. ამის გამო ლაშქრობის საქმით დაინტერესებულნი იყვნენ თვით მოლაშქრენი, რომლებიც მუდამ მზად იყვნენ შორეულ ქვეყნების დასარბევად. მაგრამ საქართველოს ფეოდალური მონარქიის მთლიანობისა და მისი ძლიერების განმტკიცება შესაძლებელი იყო არა ამ ლაშქრობით და დარბევით მოპოვებულ ნადავლით, არამედ ფულადი მეურნეობის განვითარებით, რაიც ეკონომიურად და სოციალ-პოლიტიკურად აერთიანებს სახელმწიფოს ყველა ნაწილებს. სავაჭრო კაპიტალის განვითარების ეს პროცესი მე-12 საუკუნეში უკვე სწრაფად ვითარდებოდა ფეოდალური ევროპის სახელმწიფოებში, სადაც ფულადი მეურნეობისა და ვაჭრობა-წარმოების განვითარებვასთან საზოგადოებრივი ცხოვრება კაპიტალისტურ ფორმაციაზე გადადიოდა. საქართველოში სავაჭრო კაპიტალს არ ჰქონდა განვითარების ხელშემწყობი პირობები, იგი მოექცა ფეოდალიზმის ნატურალური მეურნეობის ჩიხში და მიიღო ჩარჩული სახე. ქართულმა ფეოდალურმა მონარქიამ თავისი პოლიტიკური ძლიერების ხანაში შესძლო შეექმნა საკმაოდ მაღალი კულტურა. ჯერ კიდევ თამარის დრომდის დაწინაურდა მწერლობის სხვადასხვა დარგი, განსაკუთრებით ფილოსოფიური აზროვნება, რომლის საუკეთესო წარმომადგენელნი იყვნენ: იოანე პეტრიწონელი, ეფრემ მცირე, არსენი იყალთოელი და იოანე ტარიჭის-ძე. იოანე პეტრიწონელი იყო გამოჩენილი ნეოპლატონიკოსი და ნეოპლატონურ ფილოსოფიურ აზროვნებაში მხურვალე მონაწილეობას იღებდა. თამარის კარზე კი დაწინაურდა საერო მწერლობაც, განსაკუთრებით რაინდული პოეზია, რომელიც აღმოცენდა ქალის რომანტიკულ ტრფიალზე და ამ რაინდულ რომანტიკით გატაცებული იყო იმდროინდელი ფეოდალური საზოგადოება. რაინდული მიჯნურობა და რომანტიკა ახასიათებდა ქართულ ფეოდალურ არისტოკრატიასაც. მით უმეტეს, რომ ქართველები კარგად იცნობდნენ იმდროინდელ არაბ-სპარსულ საგმირო და სააშიკო მწერლობის ნიმუშებს, როგორიც იყო შაჰნამე, ვისრამიანი, ქილილა და დამანა, ლეილ-მაჯნუნიანი და სხვა. ამ თხზულებათა გაცნობამ ხელი შეუწყო ჩვენში საერო მწერლობის აღორძინებას და ჩვენამდის მოაღწია იმდროინდელი ქართული პოეზიის ნიმუშებმა შავთელის „აბდულმესიამ“ და ჩახრუხაძის ხოტბებმა. მაგრამ თამარის ეპოქის ქართულ პოეზიის მშვენებას შეადგენს რუსთველის გენიალური ქმნილება „ვეფხისტყაოსანი“. ამ თხზულებაში ქართულმა რაინდულმა მიჯნურობამ და რომანტიკამ ჰპოვა თავისი სრული მხატვრული განსახიერება, რომელშიაც იდეალიზირებულია: რაინდობა, კარგი ყმობა, ჭაბუკობა, ტრფობა და ძმად ნაფიცობა. აკად. ნიკო მარის სიტყვით შოთა რუსთაველი მქადაგებელია რაინდული სიყვარულის, რომელიც განყენებულია, მაღალი და უანგარო. რუსთაველის რაინდული მიჯნურობა, მისივე აზრით, პლატონური სიყვარულია, რომელიც მან გენიალური სიბრძნით და მხატვრულ ფორმით ასახა თავის „ვეფხის ტყაოსანში“-ო. ქალის კულტის თაყვანისცემა, რაინდული მიჯნურობა და პლატონური სიყვარული ახასიათებდა იმდროინდელ დასავლეთ ევროპის ფეოდალიზმს. მაგრამ ასე ღრმად და გენიალურად ეს რაინდული რომანტიკა რუსთველივით არავის მოუცია. მხოლოდ რუსთველმა შესძლო პოეზიის მაღალ ფორმებში გაეშალა ამ რაინდული მიჯნურობის მთელი რომანტიკა. ამას ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ ფეოდალურ საქართველოს სამეფო ტახტზე ქალი იჯდა და ისიც ისეთი დიდი და გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე, როგორიც იყო თამარ მეფე, რომელიც ამ რაინდული პოეზიის ხოტბის საგანი შეიქმნა. მართალია ქალის გამეფებით არ იყო კმაყოფილი საქართველოს ფეოდალური არისტოკრატიის ნაწილი, რომელიც არ ცნობდა ქალის მემკვიდრეობასა და მის თანასწორუფლებიანობას სამეფო ტახტის დაუფლებაში. ამის გამო საჭირო იყო მომხდარი ფაქტის ე.ი. თამარის გამეფების უფლებრივი და მორალური გამართლება. ეს საკითხი თამარის კარის პოეტებსა და ისტორიკოსთა შორის ყველაზე გენიალურად გადაჭრა რუსთაველმა, რომელმაც სთქვა: „თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღვთისა დანაბადია: ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია“. პოლიტიკურ ცხოვრებაში თამარს ახასიათბდა ლმობიერება და სათნოება. განდგომილებსა და მეამბოხეებს იგი სიკვდილით არ სჯიდა. ასეთ შემთხვევაში იგი მიმართავდა უფრო მსუბუქ სასჯელს. უწევდა მფარველობას დავრდომილებს და ქვრივ-ობლებს: „რამეთუ ჟამთა მისთა არა იყო მიმძლავრებული და მძლავრებული, არცა მიტაცებული, არცა მეკობრე და მპარავი. იტყოდა ვითარმედ „მე ვარ მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა“-ო, ამბობს მემატიანე. საყურადღებოა, რომ თამარ მოწყალებას გასცემდა თავისი პირადი შრომით მონაგები ფულით და არა სამეფოს ხაზინიდან: „ხელთ საქმარი მისი განყიდის და ეგოდენი ფასი გლახაკთა მისცის და არა სამეფო შემოსავალთაგან“-ო. როგორც თამარის თანამედროვე ისტორიკოსები და მემატიანეები აღნიშნავენ, თამარ მეფე არაჩვეულებრივი სილამაზითაც ყოფილა დაჯილდოვებული. ამას ერთგვარი მნიშვნელობა ეძლეოდა იმდროინდელ საქართველოში, რაც საბაბს აძლევდა ქაღთველ მემატიანეს ეთქვა: „ერაყს მყოფნი მეჩანგენი თამარის შესხმათა მუსიკობდიან, ფრანგი და ბერძენნი, ზღვასა შინა მენავენი, ნიავ-კეთილობითა შინა თამარის ქებათა იტყოდიან, ესრეთ ყოველი სოფელი სავსე იყო მის მიერითა ქებითა, და ყოველი ენა ადიდებდა, რომელსაცა ოდენ სახელი მისი ისმოდა“-ო. ასევე ახასიათებს თამარს მგოსანი იოანე შავთელიც: „შემოკრბით, ბრძენნო, ათინელთ ძენო, თამარს ვაქებდეთ მეფედ ცხებულსა, კრიტს, ალაბს, მაღრიბს, ეგვიპტეს, მაშრიყს, ჩინეთ-ჩინეთსა თარშის ქებულსა! ძე ადამისი, მსგავსად ამისი ვისცა ეხილვონ, მამცნონ, სად არი? ღმერთმან სამოთხით მოგვცა სამოთხით ეთერ ბრწყინვალე მზეებრ სადარი. აღმოსავლეთით და დასავლეთით სამხრით ჩრდილომდის ჰპოონ, სადარი ზესკნელს ქვესკნელით და გარესკნელით უკანასკნელით უფსკრულ სადარი?“ თამარის ამ ფიზიკურსა და სულიერ შვენებას დიდი რუსთაველი ასეთ ხოტბას ასხამს: „თამარს ვაქებდეთ მეფესა, სისხლითა ცრემლ დათხეული... მიბრძანეს მათდა საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა, ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა, ბროლ ბადახშისა თლილისა მით მიჯრით მიწყობილისა“-ო. თამარს კარის მეხოტბე ჩახრუხაძე მას ასე უმღერის: „თამარ წყნარი, შესაწყნარი, ხმა-ნარნარი, პირ-მცინარი, მზე მცინარი საჩინარი, წყალი მქნარი მომდინარი. მისთვის ქნარი, რა არს ქნარი, არსით მთქნარი უჩინარი, ვარდ-შაბნარი შამბ-მაღნარი, ღაწვ-მწყაზარი შუქ-მფინარი“. უეჭველია ამ დიდი პოეტების ხოტბებმა ხელი შეუწყვეს თამარის პოპულარიზაციას ხალხში, რომელიც საუკუნეების მანძილზე ტკბებოდა რუსთველისა და ჩახრუხაძის ქმნილებებით. თამარის ღვაწლის სიდიადეს კარგად გრძნობდნენ მეფის თანამედროვენი. მისი პიროვნება სიცოცხლეშივე შეიმოსა უკვდავების შარავანდედით, და თამარს უწოდებდნენ „ღვთის სწორად მეფედ-მეფედ“. 1214 წელს გარდაიცვალა თამარ მეფე. მემატიანის ცნობით სიკვდილის წინ თამარ დასასვენებლად მდგარა ნაჭარმაგევის სასახლეში და იქ განაგებდა სახელმწიფო საქმეებსო. აქ იგი უკურნებელი სენით (ქალური ავადმყოფობით) დაავადებულა. მძიმე ავადმყოფი ნაჭარმაგევიდან გადმოუყვანიათ თბილისში, სადაც მას თავი უფრო ცუდად უგრძვნია. მაშინ თამარ გადაუყვანიათ თბილ ჰავიან აგარის ციხეში. სიკვდილის წინ თამარმა მოიწვია დიდებულები და მათ მიმართა ასეთი სიტყვით: „ძმანი ჩემნო და შვილნო, თქვენ ყოველნი თვით მოწმე ხართ, რამეთუ თავისა ჩემისა თან მაქუნდა სიყვარული თქვენი და სარგებელსა და სათნოსა თქვენსა არა დავაკლე, ვიდრემდის განგებითა ღვთისათა ვიყავ თქვენთა ზედა მეფედ. აწ მეცა წარვალ მამათთა ჩემთა თანა... გევედრებით ყოველთა, რათა მარადის კეთილსა შინა იყუნეთ მახსენებელ ჩემდა“-ო. მემატიანის სიტყვით, შემდეგ თამარმა ყველა დალოცა, ღმერთს შეავედრა თავისი სამეფო: „შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას რომელი შენ მიერ მერწმუნა, და ერსა ამას პატიოსანითა სისხლითა შენითა მოსყიდულსა“-ო. მეფის ნეშტი თბილისადნ გადაასვენეს ჯერ მცხეთაში, შემდეგ გელათში, სადაც დამარხეს საგვარეულო სასაფლაოზე: „მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს, და მერმე უკანასკნელ თვით მუნვე გელათს დაამკვიდრეს თვისსა შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა დამკვიდრებულთა პაპათა და მამათა მისთა, სახელოვანთა, დიდთა მეფეთა თანა“-ო. ამაზე შავთელი ასე ჰგოდებდა: „ვნატრი ელადსა, თვით მას გელათსა, სად რომ დაჰკრძალვენ წმინდათ სხეულსა“. მაგრამ თამარის საფლავი დღეს გელათში არა სჩანს და ამან შექმნა ხალხში თამარის საფლავის შესახებ მრავალი თქმულებები და ლეგენდები. მესხები ამბობენ თამარ მარხია ვარძიაშიო, რაჭველები ამტკიცებენ, რომ თამარის კუბო გადამალულია რაჭის ერთ-ერთ მიუდგომელ კლდე-ქვაბულშიო. ქართველ მაჰმადიანების გადმოცემით თამარ ასაფლავია მურღულშიო და სხვა. მემატიანის ცნობით, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, თამარი დასაფლავებულია გელათში, მაგრამ შემდეგში მტრების შიშით ამ საფლავის ნიშნის ქვა გადამალული უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ მტერი შურისგების მიზნით შეურაცხყოფას აყენებდა მეფეთა საფლავებს. ამის შესახებ არსებობს ხალხური ლექსი, რომელშიაც სულთანი ემუქრება საქართველოს მეფეს საფლავის წაბილწვით: „ოდეს მოკვდება მეფეო, ქართველთა წინამძღვარია, მაშინ წავალო: სულთანმა ვაოხრო ქართველთ მზღვარია! სადაც დამარხვენ მეფესა, უქმნა მის საფლავს ძვრანია, ცოცხალს ვერ ვუყავ რაც მწადდა, მკვდარსა ვყოფ შენასვარია“-ო. მით უმეტეს ძლევამოსილ თამარს, რომელმაც მრავალი მაჰმადიანი სულთანი დაამარცხა და უკუაქცია, ბევრი მტრები ჰყავდა და მათგან შურისგების შიშით ხალხურ თქმულებით თამარს ასეთი ანდერძი დაუტოვებია: „ანდერძი ნახეს მეფისა თამარის დატოვებული: ჰქმენითო სამი კუბონი თვალ-ოქროთ გამშვენებული, ერთი დამარხეთ მცხეთასა, ერთი ვარძიას დებული, მე დამმარხეთო გელათში, არ მყონ თათართა ვნებული“-ო. თამარის ეს ანდერძი მტკიცედ შემოინახა მადლიერმა ქარღთველმა ხალხმა, რომელიც საუკუნეთა მანძილზე ხელში ხმალით იცავდა თამარის დიად ხსოვნას, მართალია, თამარის საფლავი უჩინარია, მაგრამ მან ჰპოვა თავისი საყუდებელი ხალხის გულში, სადაც იგი ხალხური შემოქმედების უშრეტ წყაროდ გადაიქცა.
|