თუ ქართველი ხალხი გადაწყვეტს და საქართველოში აღდგება სამეფო ხელისუფლება, საინტერესოა, რა სახელი შეიძლება ერქვას საქართველოს მომავალ მეფეს. საქართველოს ისტორიაში, მას შემდეგ რაც ბაგრატიონები ავიდნენ ტახტზე, მეფეთა ყველაზე გავრცელებული სახელი არის გიორგი. გიორგის სახელით XII მეფეა ცნობილი ტფილისის ტახტზე (კახეთი და იმერეთი არ ითვლება ამ შემთხვევაში). ზოგიერთი ქართლ-კახეთის უკანასკნელ მეფეს გიორგი XII-ს გიორგი მეცამეტედ მიიჩნევს (პლატონ იოსელიანი). თვითონ გიორგი მეთორმეტე საბუთებში თავის თავს გიორგი მეცამეტეს უწოდებდა. თუმცა,ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებულია, რომ ქართლ-კახეთის უკანასკნელ მეფეს ჰქვია გიორგი XII. თუ მომავალ მეფეს ერქმევა გიორგი, ის წესით უნდა იყოს გიორგი XIII, თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ პლატონ იოსელიანისა და სხვათა ნაშრომები და, ალბათ, თავად გიორგი XII-ს დამოკიდებულება და ამგვარ შემთხევაში მომავალ მეფეს კარგი იქნება ეწოდოს გიორგი XIV. საინტერესოა, რომ რიცხვი 14 განსაკუთრებულად არის დაკავშირებული მაცხოვართან, ძველი და ახალი აღთქმის განსაკუთრებულ მოვლენებთან და ბაგრატიონებთან სახარებისა და სუმბატ დავითის ძის „ცხოვრაბაჲ და უწყებაჲ ბაგრატიონთას“ მიხედვით (იხ. ჩემი წიგნი „კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის“, 2007 წ.). საეკლესიო განმარტებით გიორგი ბერძნული სახელია და ნიშნავს მიწის მოქმედს, მიწათმოქმედს. დავითის სახელით ტფილისის ტახტზე იჯდა XI მეფე. დავით გამგებელი (ქართლ-კახეთის), ძე გიორგი XII-ისა მეთორმეტე დავით XII-დ ითვლება, თუმცა ის არ ეკურთხა მეფედ. თუ დავითი ერქმევა საქართველოს მომავალ მეფეს, ის იქნება დავით XIII. დავითი ებრაული სახელია და ნიშნავს საყვარელს, სასურველს. ბაგრატის სახელით ტფილისის ტახტზე იჯდა VII მეფე. თუ საქართველოს მომავალ მეფეს ერქმევა ბაგრატი, ის იქნება ბაგრატ VIII. ეს სახელი და საერთოდ ბაგრატიონთა გვარი ახლოს დგას შინაარსით ბერძნულ სიტყვა პანტოკრატორთან. პანკრატი ნიშნავს ყოვლადძლიერს, ყოვლიშემძლეს. ეს ქრისტეს ეპითეტია და ბაგრატიონთა სახელწოდების წარმომავლობა მისგან შესაძლოა აღნიშნავდეს ბაგრატიონთა ნათესაობის თეორიას ყოვლაწმინდა ღვთისმშობლისა და მართალი იოსების ოჯახთან. სახელი ბაგრატის სხვა განმარტებებიც არსებობს ამ სახელს უკავშირებენ ძველ სპარსულს: ბაგადატა - რაც არნიშნავს - ღვთის ბოძებულის, ღვთის წყალობას (ამ საკითხზე სხვა დროს კიდევ ვისაუბრებთ) ვახტანგის სახელით ტფილისს ჰყავდა VI მეფე. თუ ვახტანგი ერქმევა საქართველოს მომავალ მეფეს, ის იქნება ვახტანგ VII. ვახტანგი ნაწარმოებია სპარსული სახელიდან _ ვარანგ ხოსრო თანგ. დიმიტრი (დემეტრე) საქართველოს II მეფეს ერქვა. თუ დიმიტრი იქნება მომავალი მეფის სახელი, ის იქნება დიმიტრი III. დიმიტრი ბერძნულად ნიშნავს დემეტრას (ღვთაების) კუთვნილს. კონსტანტინეს სახელით ტფილისის ტახტზე იჯდა II მეფე. თუ კონსტენტინე ერქმევა საქართველოს ახალ ხელმწიფეს, ის იქნება კონსტანტინე III. კონსტანტინე ნიშნავს მტკიცეს, ურყევს. თეიმურაზის სახელით ტფილისის ხელმწიფე იყო II. თეიმურაზი სპარსული სახელია და ნიშნავს - სხეულით ძლიერს. საქართველოს მომავალ მეფეს თუ ერქმევა თეიმურაზი, იგი იქნება თეიმურაზ III. ერეკლე (ირაკლი) ერქვა ორ მეფეს. თუ საქართველოს მომავალ მეფეს უწოდებენ ერეკლეს, ის იქნება ერეკლე III. ეს სახელი ნაწარმოებია ბერძნული ჰერკულესიდან. ლუარსაბი ორ მეფეს ერქვა. თუ საქართველოს მომავალ მეფეს ერქმევა ლუარსაბი, ის იქნება ლუარსაბ III. ლუარსაბი სპარსული სახელია და უნდა ნიშნავდეს „წითელ ცხენს“. სვიმონი ასევე II მეფეს. თუ მომავალ ხელმწიფეს უწოდებენ სვიმონს, ის იქნება სვიმონი III. სვიმონი ებრაულად ნიშნავს შემსმენელს, ყურადმღებელს (ღვთისგან). არჩილი საქართველოში II მეფეს ერქვა. მომავალ მეფე თუ ამ სახელით ავა ტახტზე, ის იქნაბა არჩილი III. არჩილი სპარსული სახელის და ნიშნავს მართალს. ალექსანდრე ერქვა ერთ მეფეს ტფილისის ტახტისა. ალექსანდრე ბერძნული სახელია და ნიშნავს მხნეს. როსტომი იყო ერთი მეფის ქართული სახელი. ქაიხოსრი ასევე ერთი მეფისა. იესეც ერთ მეფეს ერქვა ქართულად. თუ საქართველოს მომავალი მეფეს სოლომონი ერქმევა, მას ეწოდება სოლომონ I (და არა სოლომონ III), იმიტომ, რომ იმერეთის სამეფოს (ქუთაისის ტახტის) მეფეთა ნუმერაცია ტფილისის მეფეთა ნუმერაციას არ ეხება. ბაგრატიონებში და სხვა გვარის ქართველ ხელმწიფეთა შორის გავრცელებული იყო სხვა სახელებიც: ბაქარი, გვარამი, ადარნასე, გურგენი, აშოტი, სტეფანოზი, მირიანი, დაჩი (დარჩილ), მირდატი, ფარსმანი, ძამანარსე, ნერსე, ჯუანშერი, საურმაგი, რევი, ბაკური, არსოკი, ადერკი, არტაგი, ფარნაჯომი, ქართამი, ქსეფარნუგი, ასფარუგი, ვაჩე, წათე, სერგი, ლეონი, თეოდოსი, ბუზმარი, ადამი (ღადამი), ამაზასპი, ფარნავაზი, აზო, აიეტი. მაგალითად, მირიანი ერქვა სამ ხელმწიფეს. თუ მირიანი ერქმევა მომავალ მეფეს, ის იქნაბა მირიან IV. მირიანი სპარსული სახელია და ნიშნავს - მითრასი, მითრასას. სტეფანოზი ერქვა ოთხ ხელმწიფეს, ფარსმანი ექვსს, მირდატი ექვსს, საურმაგი ორს, რევი ორს, ფარსმანი ოთხს, გურგენი ორს, ადარნასე სამს და ა. შ. |