| ლერი სიხარულიძე და გურან (უგო) გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი სამეფო კლუბის შეხვედრაზე | წინამდებარე პროექტი ერთ-ერთია სხვა მონარქისტულ პროექტებს შორის, რომლებსაც მომავალში წარმოვუდგენთ ქართველ მკითხველს. ამ პროექტით იმიტომ ვიწყებთ, რათა პატივი მივაგოთ აწ გარდაცვლილი ჩვენი უფროსი თანამოაზრისა და ერთგული მონარქისტის, ცნობილი კინორეჟისორის - ლერი სიხარულიძის ხსოვნას. წინამდებარე პროექტი მისი შემოშავებულია. ის გამოქვეყნდა 1994 წელს გაზეთში „ნათლისვეტი“ (18 მირკანი (მარტი), # 3 (68). წინამდებარე პროექტის ბევრ დებულებას ჩვენ არ ვიზიარებთ, ვფიქრობთ, ისინი მოძველებულია, შეესაბამება ფეოდალური ხანის და არა XXI საუკუნის რეალობას, და ვთვლით რომ ბევრი საკითხი სხვაგვარად უნდა გადაწყდეს, როგორც მოითხოვს თანამედროვეობა, მაგრამ პათოსი და იდეოლოგია, რომელსაც ატარებდა ლერი სიხარულიძე დასაფასებელია. გავიხსენოთ, რომ პროექტი გამოქვეყნდა შევარდნაძის მართველობის დროს, 1994 წელს, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა გახლავთ მონარქისტული მოძრაობის ისტორიისათვის. მკითხველი დარწმუნდება, რომ მონარქისტული განწყობა კარგა ხანია გააჩნია ქართული საზოგადოების ერთ, მნიშვნელოვან ნაწილს. ლერი სიხარულიძე დაიბადა 1934 წლის 22 სექტემბერს თბილისში. 1959 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტის გეოლოგიის განყოფილება. 1967 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინოინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1968 წლიდან მუშაობდა სატელევიზიო სტუდიაში ფილმების რეჟისორად. 1976-1978 წლებში იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მულტიპლიკაციური ფილმების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი. 1980 წელს მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. იყო არა ერთი ფესტივალის ლაურიატი. ლერი სიხარულიძე გახლდათ სცენარის ავტორი და რეჟისორი ფილემებისა: „საჯვარეობა“ (1994, დოკუმენტური), „ლახტის გაკვეთილები“ (1986, დოკუმენტური), „ინდი-მინდი (სიმღერა შვილიშვილებისათვის) (1977, სატელევიზიო მხატვრული ფილმი), „უსასრულობა“ (1971, მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი), „მზის საათი“ (მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი)... როგორც ვთქვით, ჩვენს მკითხველს შემდეგში წარმოვუდგენთ სხვათა მიერ შამუშავებულ პროექტებსაც საქართველოს მომავალი სამეფოსათვის. აქვე გვინდა მივმართოთ ჩვენი საიტის მკითხველებს - მოხარული ვიქნებით თუ მსგავსს პროექტებს წარმოგვიდგენთ. ერთად ვიმსჯელოთ ჩვენს მომავალზე... რედაქცია
საქართველოს აღდგენილი სახელმწიფოს საკონსტიტუციო პროექტის მონარქისტული ნაწილი (პროექტი) პრეამბულა 1.საქართველოს აღდგენილი სახელმწიფო წარმოადგენს ეთნიკურად და ენობრივად ქართულ ეროვნულ პოლიტიკურ ერთეულს და ქართველი ერი წარმოადგენს ერთადერთ, ეთნიკურად „სისხლისმიერ“ მემკვიდრეს იმ ქართველურ ტომთა და მათ განშტოებათა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების და სახელმწიფოებისა, რომელნიც არაქართული და ქართული წერილობითი წყაროებითა და არქეოლოგიურად მოპოვებული მატერიალური კულტურის ნიშნებისდა-მიხედვით 3300 წელზედ მეტია იყვნენ და არიან ეთნიკურად ერთადერთი და ერთპიროვნული გამგებლები მცირე აზიისა და ამიერკავკასიის ამ რეგიონებში ამ ხნის მანძილზე დაფიქსირებული ქართული პოლიტიკური ერთეულებისა და მათ მიერ შექმნილი ცივილიზაციისა. 2.საქართველოს აღდგენილი ეროვნული სახელმწიფო არის ერთპიროვნული და ერთადერთი პოლიტიკური მემკვიდრე იმ მონარქიული სახელმწიფოების უწყვეტი პოლიტიკური ტრადიციებისა, რომელთა არსებობაც ამ ტერიტორიაზე 3300 წლის მანძილზე ერთიანი ქართული-ეროვნული სახელმწიფოებისა თუ ცალკეულ, მაგრამ ეთნიკურად, ენობრივად და ერთიანი ეროვნული ცნობიერებით მხოლოდ ქართული პოლიტიკური ერთეულების სახით ურყევადაა _ დაფიქსირებული და დადასტურებული ქართული და არაქართული წერილობითი წყაროებით, ფოლკლორით და მატერიალური კულტურის ძეგლებით და არც ერთი სხვა ეროვნულ-პოლიტიკური, არაქართული წარმონაქმნი და ცივილიზაცია ამ ტერიტორიაზე არსად არ დასტურდება, გარდა იმ დროებითი, წარმავალი პოლიტიკური ანომალიებისა, რომელთა წარმოქმნის წინაპირობა იყო გარე პოლიტიკურ ძალთა უხეში ჩარევა ან პირდაპირი სამხედრო-პოლიტიკური დროებითი ექსპანსია, რა დროებითობაც არსად და არასდროს არ გამხდარა მსოფლიოს პოლიტიკური და სამართლებრივი ტრადიციების წამმართავი და მაარგუმენტირებელი კონცეფცია! 3.მონარქიული ტრადიციების გრანდიოზული ძალისხმევით არაერთხელ შეიკრა და გამთლიანდა 400 წლის მანძილზე _ პროტოქართული ბირთვიდან წარმოქმნილი ეთნიკურ-პოლიტიკური ქართული განშტოებიანი ერთიან, მონოლითურ ცნობიერებად _ ქართველი და საქართველო! შესაბამისად და შებრუნებით ქართველ ერს თავისი ნებით არასოდეს არ დაუდასტურებია თავისი ეროვნულ-პოლიტიკურ შემეცნებასა და ინტერესებზე გარე ძალების ინტერესთა სამართლებრივი უზენაესობა. 4.საქართველოს დღევანდელი აღდგენილი სახელმწიფო არის ერთადერთი პოლიტიკური მემკვიდრე მე-20 საუკუნის დემოკრატიულ იდეებზე დაფუძნებული ქართული სახელმწიფოებრივი სისტემისა, რომელიც საქართველოს აღდგენილი სუვერენული დემოკრატიული რესპუბლიკის სახით ლეგიტიმურად შეიქმნა და შეიკრა რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად და იარსება 1918-1921 წლებში და რომლის ეროვნული-სახელმწიფოებრივი ცნობიერება მთლიანად ეყრდნობოდა ქართული პოლიტიკური და კულტურული სუვერენიტეტისა და თვითმყოფადობის ტრადიციებს. 5.საქართველოს აღდგენილი სახელმწიფო არის ერთადერთი და ერთპიროვნული მემკვიდრე და გამგებელი იმ პოლიტიკური და კულტურული კავშირებისა და ურთიერთობების ტრადიციებისა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ტრადიციებსა და მრწამსზე დაყრდნობით ათეული საუკუნეების განმავლობაში გაიბა კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და ხალხებთან, ტრადიციებისა, რომელთა წყარო იყო არამარტო სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტები და აგრესიები (რაც დროებითი და წარმავალია), არამედ ისეთი ღრმა და მუდმივმოქმედი ძალა, როგორიცაა სამეურნეო ინტერესებისა და კულტურული ურთიერთობისა და ურთიერთშეღწევადობის ტრადიციები. 6.საქართველოს აღდგენილი სახელმწიფო არის ერთერთი და, თავის მხრივ ერთპიროვნული მემკვიდრე და პასუხისმგებელი ერთმორწმუნე რუსულ ცარისტულ იმპერიასა და რუსულ საბჭოთა სოც. რესპუბლიკების კავშირთან სამსაუკუნოვანი პოლიტიკური, სამეურნეო და კულტურული ურთიერთობის ტრადიციებისა, რომელთა ჩამოყალებებაც შედეგი იყო რუსული სახელმწიფოს შემადგენლობაში ორ გუბერნიად გახლეჩილი ჯერ პოლიტიკურად უუფლებო (1802-1917) და შემდგომ (1921-1991 წლებში) პოლიტიკურად, მეურნეობრივად და კულტურულად მთლიანად დაქვემდებარებული მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსით არსებობა და რა მჭიდრო, მაგრამ ამჯერად პარიტეტული ურთიერთობის სამომავლო ფორმის მეორე მემკვიდრე და პასუხისმგებელი, თავის მხრივ, არის რუსეთის რესპუბლიკაც. 7.გარე პოლიტიკურ ძალებთან და კავკასიურ ეთნოსთან მრავალმხრივი ურთიერთობების შედეგად მრავალეროვან პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბებული საქართველოს აღდგენილი სახელმწიფო არის ერთპიროვნული და ერთადერთი პასუხისმგებელი მის ტერიტორიაზე დღეს კომპაქტურად და არაკომპაქტურად მოსახლე ერთის მხრივ აბორიგენ და, მეორეს მხრივ _ არაქართული ეთნიკური მასის უსაფრთხო და თანასწორუფლებიან ცხოვრებაზე ქართველი ეთნოსის მხარდამხარ. ეს პასუხისმგებლობაც არის ქართული სახელმწიფოს უშიშროების და მონოლითურობის განმაპირობებელი შიგა სახელმწიფო პოლიტიკა და რომელი პოლიტიკაც, თავის მხრივ ავალდებულებს საქართველოს სახელმწიფოს აბორიგენ და არააბორიგენ ერებს და ხალხებს მთლიანად გაიზიარონ ქართული სახელმწიფოს ინტერესები. 8.მემკვიდრეობითობა და ტრადიციების ზემორე უნივერსალურ პრინციპზე აგებული ქვემორე მონარქისტულ-კონსტიტუციური პრინციპები არის ერთადერთი ლეგიტიმური და სამართლებრივი საფუძველი იმ სახელმწიფოებრივი სისტემისა, რომელსაც ერთადერთს ძალუძს შექმნას და განავითაროს ცნობიერებითაც და პოლიტიკურადაც ერთიანი მონოლითური სახელმწიფო ორგანიზმი, როგორც ერთადერთი გარანტი ქართველთა ეროვნული სახელმწიფოს ეთნო-პილიტიკური, სამეურნეო და კულტურული თვითმყოფადობის და სრული სუვერენიტეტის შენარჩუნებისა. ეს ერთადერთი სახელმწიფო სისტემა - არის კონსტიტუციური (შეზღუდული მონარქია). 9.ამდენად: ქართული სახელმწიფოებრიობის ტრადიციებისა და ეროვნული სულის თავისებურებებიდან გამომდინარე, ქართველთა კონსტიტუციურ-მონარქისტული სახელმწიფოს დროშა, ჰიმნი და გერბი წარმოადგენენ სახელმწიფოებრიობის იდეისა და სულის უმთავრეს ნივთიერ ატრიბუტებს, მათ სიმბოლურ ორნამენტებს, ხოლო მეფე და მეფის ოჯახი _ ცოცხალ, პოლიტიკურად მოქმედ სიმბოლოებს ამ იდეისა და სულის, და რა სიმბოლიკაც ემსახურება ერისა და სახელმწიფოს ერთარსებობას ქართული სახელმწიფოს წარსულისა მის აწმყოსთან და საფუძველს მომავლისას. ქართველთა სახელმწიფოს (სამეფოს) კონსტიტუცია (პროექტი)* (*ამ პროექტში გარკვეული მოსაზრებით საგანგებოდ იხმარება „ხელმწიფე“ - „მეფის“ სინონიმად და „სახელმწიფო“ - „სამეფოს“ სინონიმად). 1.საქართველოს სახელმწიფო (სამეფო) საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც გეოგრაფიულად მდებარეობს შავი ზღვის ნაპირას, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთით. მისი ორი უმთავრესი მდინარის „მტკვრისა და რიონის აუზებში, მდ. ფსოუსა და ალაზანს შორის, ხოლო პოლიტიკურად მის საზღვრებს განსაზღვრავს მომიჯნავე _ თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკები და რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკა; და რომელსაც თავისი სახელმწიფოებრიობის უპირველეს მატერიალურ ატრიბუტებად და სიმბოლოებად გააჩნია დროშა, გერბი და ჰიმნი, ხოლო პოლიტიკურად მოქმედ სიმბოლოდ ჰყავს მირონცხებული მეფე! 2.სახელმწიფო სისტემა საქართველოში სახელმწიფოში ქართული და აფხაზური ავტონომიური ეთნოსების და, აგრეთვე, მათთან ერთად მოსახლე სხვა ეთნოსთა ცხოვრებას და საქმიანობას ზედამხედველობას უწევს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ლოცვა-კურთხევით ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელი მეფე, ხოლო წარმართავს პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი და კონსტიტუციური სასამართლო. ამდენად - საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობა _ არის კონსტიტუციური მონარქია (ანუ უფრო ზუსტად პარლამენტით, მთავრობით და კონსტიტუციური სასამართლოთი შეზღუდული მონარქია). 3.ეკლესია და მეფე 1)სრულიად საქართველოს ეკლესიისა და სრულიად საქართველოს მონარქიული ხელისუფლების ურთიერთობის და თანამშრომლობის ერთად-ერთი კრიტერიუმი - არის მართლმადიდებლობა. 2) საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია თავის მხრივ სარგებლობს მეფის ზრუნვითა და თანადგომით და თავის ურთიერთობას საქართველოს სახელმწიფოსთან, ეპარქიებთან მის ტერიტორიებზე მოქმედ სხვა რელიგიებთან და მსოფლიოს სხვა რელიგიურ ცენტრებთან წარმართავს სუვერენულად, თავისი ერის, მეფისა და სახელმწიფოს ინტერესების საკეთილდღეოდ. 4.საქართველოს მეფე 1)საქართველოს სახელმწიფოს მეფე არის მემკვიდრე იმ მონარქიული ტრადიციებისა, რომელნიც სათავეს იღებენ კოლხას, მოსხა-დ უხის და სუანო-კოლხეთის ქართულ პოლიტიკურ ერთეულთა 3300 წლოვანი დოკუმენტურად დაფიქსირებული სახელმწიფოებრივი ტრადიციებიდან. 2)სრულიად საქართველოს მირონცხებული მეფე არის პირდაპირი, სისხლისმიერი მემკვიდრე ერთიანი (სრულიად) საქართველოს ბაგრატიონული დინასტიის მირონცხებული მეფეებისა უკუქრონოლოგიით ვახტანგ მე-5-დან (მე-17 ს.) - აშოტ დიდამდე (მე-10 ს.) და კანონიერი ტრადიციული მემკვიდრე ბაგრატიონთა წინარე ერთიანი (!) საქართველოს მეფეებისა და უკუქრონოლოგიით ვახტანგ გორგასლიდან (მე-6 ს.) - ფარნავაზ იბერიის მეფამდე (მე-3 ს.) (ვ.წ.) 5. მემკვიდრეობის წესი 1)ტახტის მემკვიდრეობის წესი ტრადიციულია - უფროსი ვაჟი! მამრი მემკვიდრის უყოლობის შემთხვევაში - ტახტზე ასვლის უფლება აქვს უფროს ქალიშვილს, ოღონდ მისი მეუღლე აუცილებლად უნდა იქნეს ბაგრატიონი - 7 თაობის განსხვავებით). 2)უძეო ან უშვილო მეფის მემკვიდრე არის უახლოესი უფროსი ნათესავი. 3)ტახტზე ნებაყოფლობით უარის თქმას - ამტკიცებს კონსტიტუციური სასამართლო! 6. ტიტულატურა სრულიად საქართველოს მეფის ტრადიციული ტიტულატურის არსი დღეს არის ეთნიკური (განსხვავებით ადრინდელი _ პოლიტიკურისა) და იგი ჟღერს ასე: - მეფე სრულიად ქართველთა და აფხაზთა მფარველი და შემწე - მის სამეფოში ბინადარ ნათესავთ - სომეხთა, რუსთა, აზრბაიჯანელთა, ოვსთა, ბერძენთა, ინგუშთა, თურქთა და სხვათა, განურჩევლად სარწმუნოებისა; მხედართმთავარი და მზრუნველი ლაშქრისა სრულიად საქართველოსი!“ 7. უფლება-მოსილებანი 1)სრულიად საქართველოს მეფე პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან უშუალო, რეგულარული კონტაქტით ეცნობა და ამტკიცებს, (ან არ ამტკიცებს) _ სახელმწიფო კანონებს, უმნიშვნელოვანეს ბრძანებულებებსა და სამეურნეო-პოლიტიკურ ღონისძიებებისა თუ ქმედებების შესახებ. 2)უთანხმოების შემთხვევაში, თუ დამატებითი მოლაპარაკებანი უნაყოფოა, ხოლო დავის თემა მნიშვნელოვანია, კონსტიტუცია არ გამორიცხავს სრულიად საქართველოს რეფერენდუმს. 8. სამეფო ქონება 1)სრულიად საქართველოს მეფე პირადი შეხედულებებით ერთპიროვნულად განაგებს თავის კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებას (ბანკებს, საწარმოებს, ფირმებს, სასახლეებს, აგრაკებსა და მამულებს) სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით განაგებს ტრადიციული რეწვის დარგებს, (მეთუნეობა, ოქრომჭედლობა), სპორტს, ეკოლოგიას (განათლებას). 2)იმ შემთხვევაში თუ სამეფო ბანკს ექნება ოქრო ან სხვა მყარი ვალუტის მარაგი - არამხოლოდ საკუთარი ოჯახის, არამედ, უპირველესად საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობის ინტერესებიდან გამომდინარე, - მხოლოდ სამეფო ბანკს აქვს უფლება, პარლამენტთან შეთანხმებით გამოუშვას ფასიან ქაღალდებთან ერთად - ფულის სამეფო ნიშნები (მონეტები), რომელნიც აღჭურვილნი იქნებიან დამოუკიდებელი საკრედიტო - ფინანსური ძალმოსილებით. როგორც საქართველოს სახელმწიფოს შიგა, ასევე სხვა საზღვარგარეთულ ქვეყნებთან საკრედიტო-ფინანსურ ურთიერთობებში. 9. სხვა პრივილეგიები სრულიად საქართველოს მეფის დინასტიური გვარი (ბაგრატიონი!) არის ერთადერთი პრივილეგიური გვარი, რომელიც გადადის მემკვიდრეობით - მხოლოდ მამრზე და რომელზეც სახელმწიფო ზრუნავს, როგორც პოლიტიკურ რელიქვიაზე და სახელმწიფოსა და ერის ცოცხალ სიმბოლოზე. 2)არცერთი სხვა გვარი მსგავსი სახელმწიფო პრივილეგიებით არ სარგებლობს. 10. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფა და სამეფო ძალაუფლების მიჯნები 1)საქართველოს სამეფო იყოფა* (*დაყოფა პირობითია) 13 ტრადიციულ რეგიონად (სადროშოდ) (ჩამოთვლა) და ეს დაყოფა მოტივირებულია იმ გეოგრაფიულ-კლიმატური და სამეურნეო-ეკონომიკური წინამძღვრებით, რომელთაც განსაზღვრავს ამ რეგიონების (სადროშოების) სამეურნეო, ფოლკლორული და ეთნიკური თავისებურებანი. 2)თითოეული სადროშოს სამეურნეო-ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ საქმეებს განაგებს საკრებულო და გამგებელი (ორივე არჩევითია), რომლის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით შედის ამ ტრადიციული რეგიონის (გარდა იმერეთის, ქართლის, კახეთის და აფხაზეთის რეგიონებისა) - ტრადიციულ მთავართა თუ ერისთავთა საგვარეულოს უხუცესი წარმომადგენელი მამრთაგან... (თუ გვარს აღარ ჰყავს მამრი, მაშინ - უხუცესი მანდილოსანთაგანი). წარმომადგენლობა ნებაყოფლობითია და უარის შემთხვევაში უხუცესობა განისაზღვრება მომდევნო უახლოესი ასაკით! 3)ასეთი გვარებია: - დაყოფა პირობითია: დადეშქელიანები, დადიანები, რაჭის ერისთავები, ჯაყელები, არაგვის ერისთავები; 4)ამ წესიდან ერთგვარი გამონაკლისია გურია-აჭარის სადროშო, რომლის საკრებულოშიც შედის ამ რეგიონის სამი ტრადიციული მმართველი გვარის (გურიელების, აბაშიძეების, ხიმშიაშვილების) უხუცესი წარმომადგენელი (გამომდინარე გურია-აჭარის ურთულესი - პოლიტიკური ტრადიციებიდან). 5)შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, იმერეთი. ამ რეგიონების მიმართ სრულიად საქართველოს მეფის მონარქიული მონაწილეობა და ზედამხედველობა, გამონდინარე საქართველოს პოლიტიკური ტრადიციებისაგან ხორციელდება მათ მმართველ საკრებულოებში - მხოლოდ ბაგრატოვანთა გვარის წარმომადგენლობიდან. იმერეთის რეგიონში - იმერელ ბაგრატიონთაგან, კახეთისაში - კახელ ბაგრატიონთაგან, ზემო ქართლში - მუხრანელ ბაგრატიონთაგან ქვემოში - მეფის ოჯახის სისხლით და გვარით უახლოესი ნათესავის უხუცესთაგან. 11. აფხაზეთი გამომდინარე ამ რეგიონის სრულიად განსაკუთრებული ეთნიკური და პოლიტიკური ტრადიციებიდან მისი სტატუსი, პოლიტიკურ-სამეურნეო ფუნქციები და კავშირი სრულიად საქართველოს სახელმწიფოებრივ-სამეფო სტრუქტურებთან ხორციელდება სრულიად საქართველოს ბაგრატიონ-მეფესთან სრულიად აფხაზეთის ტრადიციული სამთავრო საგვარეულოს - შარვაშიძეთა აღდგენილი სამთავრო ტრადიციებით და მისი სტრუქტურული კავშირი სრულიად _ აფხაზეთის სახელმწიფოებრივ და სამეურნეო სტრუქტურებთან ხორციელდება სრულიად _ საქართველოს მონარქიული ხელისუფლების სისტემის იდენტურად. ა. აფხაზეთი წარმოადგენს კონსტიტუციურ (საპარლამენტო) - სამთავრო ავტონომიას საქართველოს სახელმწიფოს (სამეფოს) შემადგენლობაში. ბ. გამომდინარე ამ სამთავროს ეთნიკური შემადგენლობიდან, მისი საკანონმდებლო უზენაესი ორგანო _ პარლამენტი არის ორპალატიანი, რომლებშიც აფხაზური და ქართული ეთნოსის გარდა ამ რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები თანასწორი უფლებებით შედიან სურვილისა და შეხედულებების მიხედვით. გ. პარლამენტის მსგავსად, ეთნიკური ნიშნით მონაწილეობა მმართველ აპარატსა (მინისტრთა კაბინეტსა) და უზენაეს საკონსტიტუციო სასამართლოში _ პარიტეტულად თანასწორუფლებიანია (ამაზე აფხაზეთის კონსტიტუციაში) და აფხაზეთის მთავარი თავის ზედამხედველობას და თანამშრომლობას შიდარეგიონული ადმინისტრაციულ ერთეულების მიმართ ახორციელებს თავისი სამთავროს ტრადიციული მმართველი გვარეულობების უხუცესთა წარმომადგენლობით (ასეთი ტრადიციული გვარებია: თარბა, ემუხვარი, აჩბა, მარღანია და ა.შ.). დ. სახელმწიფო ენა - აფხაზური და ქართული (ორივეს ცოდნა სავალდებულოა აქ მოსახლე ყველა ეთნოსისათვის). ე. აფხაზეთის მთავრის რეზიდენცია - ტრადიციულად მდებარეობს სოფ. ლიხნში. 12. მეფედ კურთხევა 1)წინასწარი (მოსამზადებელი) ეტაპი: ა. მეფედ კურთხევის მთავარ ცერემონიალს წინ უძღვის ტახტის მემკვიდრის ვიზიტები ა) აფხაზეთს, ბ) ქვემო ქართლში, გ) ჯავახეთს. ბ. ამ ვიზიტების ცერემონიათა არსი არის ტახტის მემკვიდრის და ზემოთდასახელებულ რეგიონების, არაქართველ და არამართლმადიდებელ ქვეშევრდომ მოქალაქეთა და სრულიად საქართველოს მეფეს შორის ურთიერთგაგების და ურთიერთერთგულების დადასტურება და ფიცი - მომავალი ურთიერთსასასრგებლო თანამშრომლობისათვის ყოველდღიური საქმიანობის ყველა სფეროში. გ. მეფედ კურთხევის მთავარი ცერემონიალის წინა დღეს სატახტო ქალაქ თბილისში ტახტის მემკვიდრე ხვდება იუდაიზმის აღმასრულებელ ქვეშევრდომებს - ზემოთდასახელებული წესითა და მიზნით. 2)მეფედ კურთხევა ა. კურთხევის საეკლესიო-რელიგიურ ცერემონიას საკათედრო ტაძარში ესწრება აფხაზეთის სამთავროს ყველა ადმინისტრაციული სადროშოს დელეგაცია. ზემოთდასახელებულ ეთნიკურ და სარწმუნოებრივ სათვისტომოთა დელეგაციების ჩათვლით. ბ. კურთხევას ესწრება პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიათა დელეგაციები. გ. აგრეთვე მონარქისტულ და არამონარქისტულ სახელმწიფოთა მოწვეული წარმომადგენლობები. დ. ურთიერთგულების და თანამშრომლობის ფიცის დადება მეფესა და ერს შორის უნდა შედგეს ქალაქის მთავარ მოედანზე და ცოცხალი ეთერით გადაიცემა სადროშოთა ცენტრებში - ანალოგიური ცერემონიის სიმბოლური სინქრონულობით. ე. კურთხევის მეორე დღეს ხდება ურთიერთ ერთგულებისა და თანამშრომლობის ფიცის დადება _ ერთის მხრივ პარლამენტის, მთავრობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებსა და, მეორეს მხრივ _ მეფეს შორის. ვ. რის შემდეგ სამხედრო აღლუმსა და მხედართა ფიცს უკვე მიიღებს სრულიად - საქართველოს ახალი მეფე. 13. მეფის ოჯახი ა) მეფის ოჯახის ცხოვრება და საქმიანობა არის სახელმწიფოს ყველა ქვეშევრდომი ოჯახის ცხოვრების წესთა კრიტერიუმი ზნეობაში; საქმიანობაში! ერისა და ქვეყნისადმი ერთგულებასა და მათზე ზრუნვაში!.. ბ) თუ მეფე ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი თავისი ცხოვრების წესით გახდება ერისა და ეკლესიის უკმაყოფილების ან დაგმობის საგანი, ეკლესიასთან შეთანხმებით რეგენტთა საბჭოს, კონსტიტუციურ სასამართლოსა და თვით პარლამენტს, უკიდეურეს შემთხვევაში აქვს უფლება ერის წინაშე საჯაროდ დასვას საკითხი უღირსი მეფის ტახტიდან გადადგომის შესახებ სრულიად სახალხო რეფერენდუმით ტახტის უახლოესი მემკვიდრის სასარგებლოდ. გ) იგივე წესით განიხილება და შეფასდება მეფის ოჯახის სხვა წევრთა ზნეობრივი თუ უარყოფითი საქციელი უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში. დ) ქართულ ეკლესიას აქვს უფლება ერთპიროვნულად შეაფასოს (გაჰკიცხოს, დაგმოს, დაწყევლოს თუ გაამართლოს) მეფე და მისი ოჯახის წევრები. ე) მეფის ოჯახის წევრებს აქვთ უფლება სასახლის გარეთ დაამყარონ მეგობრული თუ საქმიანი კავშირები, მაგრამ ეს კავშირები უნდა ემყარებოდეს მეფის ოჯახისა და მისი თითოეული წევრის რეპუტაციის კრიტერიუმებსა და ინტერესებს. ვ) მეფის ოჯახისა და მის წევრთა პირადული ურთიერთობა ოჯახის შიგნით (სასახლეში) არის რეგენტთა საბჭოს და კონსტიტუციური სასამართლოს და თვით პარლამენტის მუდმივი ზედამხედველობისა და ზრუნვის საგანი. 14. რეგენტთა საბჭო ტახტის მემკვიდრის მცირეწლოვნების ან სხვა საგანგებო შემთხვევში მეფის ხელისუფლებას განახორციელებს რეგენტთა საბჭო ტახტის მემკვიდრის, ოჯახის უფროსის ან უახლოესი ნათესავის მეთაურობით. საბჭოს შემადგენლობაში შედის პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების და კონსტიტუციური სასამართლოს წევრების მინიმალური წარმომადგენლობა - რეგიონთა ტრადიციული (ზემოთ მოხსენებული) საგვარეულოთა თითო წარმომადგენლის შემადგენლობა. |