საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

ბედია - საქართველოს ერთიანობის სიმბოლო
ბეჟან ხორავა

X-XI საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში ორი უმნიშვნელოვანესი ტაძარი აიგო, ერთი ისტორიული ეგრისის პოლიტიკურ ცენტრში ბედიაში, მეორე - სამეფოს დედაქალაქში ქუთაისში. ორივე ტაძარი ერთიანი საქართველოს სამეფოს სიმბოლოდ იქცა. 

X საუკუნის 70-იანი წლებიდან ქართული მიწა-წყლის გაერთიანების გზაზე ახალი ეტაპი დაიწყო. "აფხაზთა" მეფის გიორგი II-ის (922-957) შვილიშვილი, ,,აფხაზთა" მეფის, უსინათლო და უშვილო თეოდოსის (975-978) დისწული და ტახტის მემკვიდრე ბაგრატ ბაგრატიონი 978 წელს ქუთაისში ,,აფხაზთა" მეფედ ეკურთხა. ბაგრატ ბაგრატიონი იმავდროულად ,,ქართველთა სამეფოს" ტახტის მემკვიდრე და იმიერ ტაოს მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი და მისი მემკვიდრეც იყო. ამდენად, საქართველოს გაერთიანების პროცესი შეუქცევადი გახდა.  
  999 წელს, ,,აფხაზთა" მეფემ, შემდეგში საქართველოს ერთიანი მონარქიის პირველმა  მეფემ, ბაგრატ III-მ (978-1014) ბედიაში ღვთისმშობლის ტაძარი ააგო. ძველი ქართული საისტორიო ტრადიციით ბედია ითვლებოდა ისტორიული ეგრისის პოლიტიკურ ცენტრად. მემატიანე წერს: ,,ხოლო ეგროსს მისცა ქუეყანა ზღვის ყურისა, და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მთა მცირე, რომელსა აწ ჰქვიან ლიხი; დასავლით ზღუა; ჩრდილოთ მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასისა. ხოლო ამან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქვიან ბედია". მიუხედავად იმისა, რომ ,,აფხაზთა"მეფეებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს ერთიანი დასავლურ-ქართული სახელმწიფოს შექმნაში, მაშინდელი საქართველოს პოლიტიკურ მესვეურთა ცნობიერებაში ეგროსი და ქუჯი დასავლურ-ქართული პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი სამყაროს ფუძემდებლად, ხოლო ,,აფხაზთა" მეფეები ამ სამყაროს მემკვიდრის როლში მოიაზრებოდნენ. 
  ბედია ,,აფხაზთა"სამეფოს ერთ-ერთი პოლიტიკური ცენტრი იყო, ოდიშის საერისთავოს ადმინისტრაციული ცენტრი. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ბაგრატ III-მ ის თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია. 1001 წელს ბაგრატ მეფემ კურაპალატის ტიტული მიიღო, რაც ქართულ პოლიტიკურ სამყაროში მის უდავო პირველობას ნიშნავდა. მამის, გურგენ მეფეთ-მეფის გარდაცვალების შემდეგ, 1008 წელს ,,აფხაზთა" მეფე და კურაპალატი ,,ქართველთა" მეფეც გახდა. საქართველოს გაერთიანება, პირველ რიგში, სწორედ ორი სამეფო ტახტის - ,,აფხაზთა" ანუ დასავლურ-ქართული და ,,ქართველთა"  - შერწყმას ნიშნავდა. გაერთიანების გზაზე მდგარ სახელმწიფოს მისი ძლიერებისა და სიდიადის გამომხატველი სიმბოლოები ესაჭიროებოდა. ასეთ სიმბოლოებად მოევლინა ქვეყანას ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ორი უბრწყინვალესი ძეგლი - ბედიის ტაძარი და 1003 წელს სახელმწიფოს დედაქალაქში ქუთაისში აგებული ღვთისმშობლის ტაძარი. ორივე ძეგლი თანამედროვეებს ახალი საქართველოსა და მისი ხელმწიფის სიძლიერისა და სიდიადის განსახიერებად წარმოედგინათ.
  ბედიის ტაძარი და მისი სამონასტრო კომპლექსი აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფ. აგუბედიაში მდებარეობს. მას უჭირავს მთისწინა მაღლობი, საიდანაც თვალწარმტაცი ხედი იშლება, ერთის მხრივ, კოდორის ქედსა და ოქუმისწყლის ხეობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, შავ ზღვასა და ზღვისპირა ვაკეზე.
სამონასტრო კომპლექსის ცენტრში ღვთისმშობლის სახელზე აგებული ჯვარგუმბათოვანი ტაძარია. იგი გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია სამი შესასვლელითა და ვიწრო გვერდის ნავებით. გუმბათი ორ ბურჯსა და საკურთხევლის კედლების კუთხეებს ეყრდნობა. ფასადები თლილი ქვიშაქვითაა მოპირკეთებული. სამწუხაროდ, ტაძარს პირვანდელი სახით არ მოუღწევია. ახლანდელი ნაგებობა XIII-XIV საუკუნეებს განეკუთვნება. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა ქრონოლოგიური ფენის - X-XI სს., XIII-XIV სს., XVI-XVII სს. - მოხატულობის ფრაგმენტები. ტაძრის სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გამოსახულია ქტიტორი ბაგრატ III ეკლესიის მოდელით ხელში.
  სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის ტაძრის გარდა შედის საკმაოდ დიდი, ორსართულიანი სასახლის - სამღვდელმთავრო ,,პალატის", სამრეკლო-კარიბჭის და დამხმარე ნაგებობათა ნაშთები.
  ,,მატიანე ქართლისას" ცნობით, ბაგრატ მეფემ ,,აღაშენა საყდარი ბედიისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ ... შეწირნა სოფელნი მრავალნი ყოველთა ხევთა და ადგილთა, განასრულა ყოვლითა განგებითა, შეამკო ყოვლითა სამკაულითა ეკლესია, აკურთხა და დასუა ეპისკოპოსი". 
  ,,მატიანე ქართლისას" ავტორი ბაგრატ III-ის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის დახასიათებისას აღნიშნავს: ,,უკეთუ ვისმე ენებოს განცდად და გულისხმისყოფად სიმაღლისათვის დიდებისა მისისა, პირველად განიცადოს სამკაული ბედიისა ეკლესიისა, და მისგან გულისხმა ყოს, რომელ არავინ ყოფილ არს სხუა მეფე მსგავსი მისი ქუეყანასა ქართლისასა და აფხაზეთისასა". იმავეს იმეორებს ვახუშტი ბატონიშვილი: ,,აღაშენა ... მეფემან ბაგრატ ეკლესია დიდშუენიერ გუმბათიანი და შეამკო სიმდიდრითა დიდითა ფრიად. ამისთვის წერილ არს: ვისაც გენებოს სიდიდე და სიმდიდრე ბაგრატ მეფისა, განიხილე ბედიის ეკლესია და მითი სცნობ".
  უნიკალური შემთხვევაა, როდესაც მემატიანე მეფის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობისა და მისი სიდიადის წარმოსაჩენად მკითხველს მოუწოდებს, იხილოს მის მიერ აგებული ტაძარი და მისი ,,სამკაული". ბაგრატ III-ის მიერ ბედიის ტაძრისათვის შეწირული უმთავრესი ,,სამკაული" იყო ოქროს ბარძიმი, ქართული ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ძეგლი, რომელიც ტაძრის კურთხევის დროისათვის (999 წ.) დამზადდა, როგორც უმნიშვნელოვანესი სარწმუნოებრივი რელიკვია.
  ბედიის ბარძიმი არის მასიური მრგვალი ფორმის ბაჯაღლო ოქროს თასი (სიმაღლე - 12,5 სმ, დიამეტრი - 14 სმ, წონა - 752 გ.). ამჟამად პირვანდელი სახით შემონახულია მხოლოდ მისი ზედა ნაწილი, ხოლო ფეხი დაკარგულია. ბარძიმის გარე ზედაპირი სვეტებზე დაყრდნობილი თაღედით 12 არედაა დაყოფილი. ერთ მხარეს გამოსახულია ტახტზე მჯდომი მაცხოვარი, მის საპირისპირო მხარეს - ღვთისმშობელი ყრმით, ხოლო თაღებქვეშ - წმინდანთა გამოსახულებებია. ბარძიმის ზედა ნაწილში ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომლის თანახმადაც იგი ბაგრატ მეფეს და მის დედას გურანდუხტ დედოფალს მათ მიერვე აშენებული ბედიის ტაძრისათვის შეუწირავთ: ,,წმიდაო ღმრთისმშობელო, მეოხ ეყავ წინაშე ძისა შენისა ბაგრატ აფხაზთა მეფესა და დედასა მათსა გურანდუხტ დედოფალსა, ამის ბარძიმისა შემწირველთა, ამის საკურთხევლისა შემამკობელთა და ამის წმიდისა საყდრისა აღმაშენებელთა, ამინ". 
ბედიის ტაძრის უმთავრეს სარწმუნოებრივ რელიკვიებს წარმოადგენდა ასევე ბიზანტიიდან ჩამოსვენებული ვლაქერნის ღვთისმშობის ხატი და ღვთისმშობლის სარტყელი.
  უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ბედიის ტაძარში დაკრძალულია საქართველოს ერთიანი მონარქიის პირველი მეფე ბაგრატ III (978-1014). მეფე ტაოში, ფანასკერტის ციხეში გარდაიცვალა 1014 წლის 7 მაისს და ბე

დიაში გადმოასვენეს. ამ ფაქტმა განსაზღვრა შემდგომში ბედიის ტაძრისა და ბედიელი მღვდელმთავრის როლი და მნიშვნელობა ქვეყანაში. ,,ხელმწიფის კარის გარიგების" მიხედვით, ბედიელი სამეფო საფლავის მფარველი იყო, რაც საპატიო მოვალეობას წარმოადგენდა.
ბედია მნიშვნელოვანი საეკლესიო და კულტურის ცენტრი იყო. ბედიის ეპარქიის მღვდელმთავარი ბედიელის სახელითაა ცნობილი. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ბედიელთა სამწყსოს შეადგენდა ტერიტორია მდ. მოქვისწყალსა და მდ. დადისწყალს (ოქუმისწყალი) შორის.
ბედიელები დიდ როლს ასრულებდნენ ქვეყნის სასულიერო და კულტურულ ცხოვრებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი ბედიელი მღვდელმთავარი მნიშვნელოვან სახელმწიფო საქმეებს ასრულებდა. 1124 წლის შემოდგომაზე, როდესაც დავით აღმაშენებელმა შირვანი აიღო, შირვანის საქმეთა გამგებლად სვიმეონ ბედიელ-ალავერდელი დატოვა.
ბედიელები ყურადღებასა და ზრუნვას არ აკლებდნენ სინის მთისა და იერუსალიმის ქართულ სავანეებს, რის გამოც მიქაელ გონგლიბაისძე ბედიელის (XIII ს. II ნახ), ნიკოლოზ გონგლიბაისძე ბედიელის (შემდეგში აფხაზეთის კათალიკოსი), ლაზარე ბედიელის (XIV ს.), მარკოზ ბედიელის (XIV-XV სს.), მელქისედეკ ბედიელის (XV ს. I ნახ.) მოსახსენებლები ამ სავანეების სულთა მატიანეებში შეიტანეს.
XIII-XIV სს. სოფრონ ბედიელსა (გონგლიბაისძე) და ნიკოლოზ აფხაზეთის კათალიკოსს (გონგლიბაისძე) ბედიის ტაძრის სამრეკლო აუშენებიათ. იმავდროულად, ტაძარი კაპიტალურად განაახლეს: ხელახლა მოპირკეთეს და შეამკეს ფასადები, განახლდა ტაძრის გუმბათი და დაზიანებული ფრესკული მხატვრობა.
  XVI საუკუნეში ბედიაში დიდი აღმშენებლობითი საქმიანობა მიმდინარეობს: ტაძრის განახლება, მისი ხელახალი მოხატვა და ძველი მხატვრობის გაცხოველება. ბედიელი ანტონ ჟვანიძის დაკვეთით აიგო მღვდელმთავართა სასახლე - ,,პალატი" (XVI ს. I ნახ.); ბედიელი გერმანე ჩხეტიძის (XVI ს. II ნახ.) დაკვეთით მოიჭედა ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი, განახლდა ბედიის ბარძიმის ფეხი, გადაიწერა ბედიის გულანი.
გულანი ორიგინალური ქართული საეკლესიო კრებულია, რომელიც არც ერთ სხვა ეკლესიას არა აქვს. მასში ჩვეულებრივ თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები: სახარება, საქმე მოციქულთა, მოციქულთა ეპისტოლენი, თორმეტივე თვის საგალობლები, მარხვანი, ზატიკნი, ფსალმუნნი, სვინაქსარი, ტიბიკონი, მოკლე ჰაგიოგრაფიული საკითხავები და სხვ. გულანი უზარმაზარი კრებულია, რომლის შეძენა და დამზადება მხოლოდ მდიდარ ეკლესია-მონასტრებს შეეძლოთ. ბედიელ გერმანეს გულანის გადასაწერად შავშეთიდან მოუწვევია კალიგრაფი გაბრიელ ლომსანიძე. გულანის გადაწერაში აგრეთვე მონაწილეობდნენ კალიგრაფები: ამბროსე კარგარეთელი და სვიმონ ევფრატელი, იგივე სვიმეონ გიორგის ძე.
ამდენად, ბედიაში არსებობდა სკრიპტორიუმი, სადაც ხელნაწერების გადაწერა, მორთვა-მოკაზმვა მიმდინარეობდა.
  1639-1640 წწ. ოდიშის სამთავროში იმყოფებოდნენ რუსეთის მეფის მიხეილ რომანოვის (1613-1645) დესპანები: მედავითნე ფ. ელჩინი და მღვდელი პ. ზახარიევი. 1640 წლის თებერვალში მათ ბედია მოინახულეს. რუსი დესპანების ცნობით, ბედიის ტაძარში ინახებოდა მაცხოვრის ეკლის გვირგვინი; სამსჭვალი, რომლითაც მაცხოვარი ჯვარს აცვეს; ბაწარი, რომლითაც მაცხოვარი ჯვარცმის წინ შეკრეს; აგრეთვე მაცხოვრის თმა და წვერი. მათი ცნობით, ეს სიწმიდეები მთავრის ბეჭდით დაბეჭდილი ინახებოდა და მისი ნებართვის გარეშე არავის უჩვენებდნენ. მოგვიანებით, იტალიელი მისიონერი ჟოზე მარია ძამპი, რომელიც XVII ს. 70-იან წლებში იმყოფებოდა ოდიშის სამთავროში, აღნიშნავს, რომ ბედიაში ინახებოდა ძელი ჭეშმარიტის ნაწილი, მაცხოვრის წვერი, ბაწარი, რომლითაც იგი შეკრეს ჯვარცმის წინ და ტილონი, რომელშიც ღვთისმშობელი ჩვილ იესოს ახვევდა. ამრიგად, ბედიის ტაძარი ქრისტიანული რელიკვიებით მდიდარი ყოფილა.
  ბედიის კათედრაზე მცირე ხანს მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ) ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილი. ტიმოთე გაბაშვილი, რომელმაც 1757-1758 წწ. მოინახულა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, წერდა: ,,ჯვრის მონასტერში ხატია ... ბედიელი და ჯვარის მამა ნიკიფორე".
ნიკიფორე ჩოლოყაშვილი კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის კარის მოძღვარი იყო, შემდეგ მცხეთისა და მეტეხის ეკლესიების წინამძღვარი, კახეთის მოძღვართ-მოძღვარი; 17 წლის განმავლობაში ასრულებდა თეიმურაზ I-ის ელჩის მოვალეობას. 1632 წლიდან იგი დასავლეთ საქართველოში მოღვაწეობდა. 1643-1649 წწ. იყო იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, ჯვარისმამა. 1643 წელს მისი ხელმძღვანელობითა და ოდიშის მთავრის ლევან II დადიანის (1611-1657) სახსრებით განახლდა და მოიხატა ჯვრის მონასტერი. სწორედ მაშინდელია ნიკიფორე ჩოლოყაშვილის ფრესკა ჯვრის მონასტერში.
  XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან ოდიშის სამთავროს მძიმე დრო დაუდგა. იქ სრული ანარქია სუფევდა. ამას ერთვოდა აფხაზთა გამუდმებული თავდასხმები. თუკი XVI საუკუნის მიწურულსა და XVII საუკუნის დასაწყისში აფხაზებმა მიიტაცეს ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი - ტერიტორია ,,ანაკოფიის მდინარესა" (მდ. ფსირცხა) და მდ. კელასურს შორის, ახლა ისინი იწყებენ ბრძოლას მდ. კელასურის აღმოსავლეთი მიწა-წყლის მისატაცებლად. ამ ამბების შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი წერდა: ,,ხოლო ჟამებთა ამათ შინა იყო კირთება ოდიშს აფხაზთაგან". იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი (1669-1707) გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ აფხაზებმა გაანადგურეს დადიანის სამფლობელო, ,,აიკლეს ეკლესიები და მონასტრები: მოქვი, ხოფი, ქიაჩი, ზუგდიდი და მთელი ქვეყანა დიოსკურიიდან ჰიპიუსამდე და ფაზისამდე" (სოხუმიდან ცხენისწყლამდე და რიონამდე, _-ავტ.), ამასთან, ,,დადიანი ისეთი უმწეო იყო, რომ ძალა არ შესწევდა გაერეკა აფხაზები". ცხადია, ამ დროს ბედიის ეპარქია მძიმე დღეში იყო.
ამ პერიოდში, ოდიშის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის ეკლესია-მონასტრებიდან უსაფრთხო ადგილას, ოდიშის შიდა რაიონებში გადაჰქონდათ საეკლესიო წიგნები, ხატები, ჯვრები, საეკლესიო ინვენტარი. ამ დროს გადმოუსვენებიათ ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი ბედიიდან მარტვილში, ბედიის გულანი და სხვა საეკლესიო სიწმიდეები.
1681 წელს აფხაზებმა მიიტაცეს ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი მდ. კელასურიდან მდ. ღალიძგამდე. ამ ტერიტორიაზე შეუძლებელი გახდა ქრისტიანული ეკლესიის ფუნქციონირება, რის გამოც დრანდისა და მოქვის საეპისკოპოსოები გაუქმდა. შფოთიანმა, მძიმე დრომ თავისი დაღი დაამჩნია ბედიის ეპარქიასაც, დაიწყო მისი დაკნინება. XVIII საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს აფხაზთა ექსპანსიის შედეგად ბედიის კათედრაც დაცარიელდა და მოიშალა.
  საქართველოს ერთიანობის სიმბოლო - ბედიის ტაძარი მდუმარედ ელოდება ქართველებსა და აფხაზებს, ,,აფხაზთა და ქართველთა მეფის" ბაგრატ III-ის საფლავზე ქვეყნის ერთიანობისათვის მლოცველებს...

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq