ქართული საინფორმაციო სივრცე აივსო ინფორმაციით დავით ბაგრატიონისა და ანა ბაგრატიონის განქორწინების შესახებ - რაღაზე არ იყო საუბარი: მათი ქორწინების პირობითობაზე, მერკანტილურ წანამძღვრებზე თუ ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტის მსხვერპლად მიტანაზე. ამასთანავე, უნდოდათ თუ არა, ყველგან კათალიკოსის სახელს ახსენებდნენ ხოლმე და ბრალდებას უყენებდნენ მას, რომელმაც, თითქოსდა ჩაუყარა საფუძველი ამ ქორწინებას. სწორედ რომ გასაკვირია ჩვენი თანამემამულე პოლიტიკოსების, კლერიკალებისა და შემოქმედებითი ინტელიგენციის კადნიერება - როცა აწყობთ, პაპივით უცდომელობის ხარისხს ანიჭებენ პატრიარქს და როცა არა - რა ეპითეტს აღარ იშურებენ! სულ ახლახან საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა საჯაროდ გააკეთა განცხადება თვითმმართველობის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით, სადაც ძირძველ ისტორიულ მიწებდაკარგულ, საეჭვო სანდოობის მეზობლების პატრონსა და პოლიეთნიკურ საქართველოსთვის გაუმართლებლად მიიჩნია მსგავსი ცვლილებების დაკანონება. და ერთბაშად მიიღო ნეგატიური რეაქცია საზოგადოების სულ სხვადასხვა ფენებისაგან! ანდა, გავიხსენოთ, როდესაც პატრიარქის ხელდებით წმინდანთა სიაში ჩაირიცხნენ ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი თუ მამა გაბრიელი, არა მარტო საეროთა, თვით საეკლესიო პირთა შორისაც არაერთი მოკამათე გამოუჩნდა, ვინც ღიად თუ დაფარულად აპროტესტებდა წმინდანთა რიგში სამშობლოსა და ქრისტესათვის დამაშვრალი მამულიშვილების შერაცხვას! ან როგორ აკრიტიკებდნენ მწყემსმთავარს ხმის ამოუღებლობისათვის წმინდა ნინოსა და წმინდა გიორგის ძეგლების დადგმისას თბილისში, რადგან მოცულობითი გამოსახულებები მიუღებელია მართლმადიდებლობისათვის - და ამ დროს ავიწყდებოდათ, რომ თავად მათგან არავის ამოუღია ხმა, როდესაც თბილისში იდგმებოდა სობჩაკის, ალიევისა და რეიგანის ძეგლები და ქართული გერბის ქვეშ ერთი ადამიანის ახირებით იწერებოდა ”ძალა ერთობაშია”, თითქოს იმის წინასწარ განსაჭვრეტად, ეს ”ერთობლივი ძალა” როგორ განდევნიდა მას წინამორბედის მსგავსად; ან, როგორ ივსებოდნენ ეჭვით, როდესაც ასობით ბავშვს უწმინდესი თავად უდგებოდა ნათლიად და დანათესავებული ბავშვების მომავალის საცდურით შეშინებულ მშობლებს არ აკმაყოფილებდათ საპატრიარქოსაგან ამ მოვლენის განსაკუთრებულობის ახსნით ნუგეშისცემა; და აი, სულ ბოლოს - მონარქიზმის იდეის ყველა მოწინააღმდეგე სწორედ ილია მეორეს უყენებდა ბრალდებად, რომ პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევით მან შთაბერა სული ბაგრატიონთა ოჯახების დანათესავების იდეას და მომავალ მეფეს გვირგვინის დადგმამდე ჯერ საქორწინო გვირგვინი დაადგა. ზემოხსენებულთან დაკავშირებით შეგვიძლია მოგახსენოთ, რომ წმინდანად შერაცხვათა მართებულობის გარკვევა მარ
 | ლერი სიხარულიძე და უგო ბაგრატიონი სამეფო კლუბში შეხვედრისას | თლმადიდებლური კანონიკის მცოდნეთა და წმინდა სინოდის საქმე გახლავთ; წმინდანების ძეგლების საკითხი - ტაძართა მაშენებელთა და ხუროთმოძღვართა კომპეტენციას შეადგენს; ნათლიისაგან ნათელღებულთა ურთიერთმიმართება ღვთისმეტყველთა გასარჩევია, მაგრამ, რაც შეეხება ბაგრატიონთა ქორწინების იდეას, ეს ბრალდება მონარქიზმის ადეპტთა სრული კომპეტენტურობით შეგვიძლია ავაცილოთ თავიდან პატრიარქს და ვაცნობოთ მკითხველს - იდეა პატრიარქისა არ გახლავთ, იგი მხოლოდ გამზიარებელი ბრძანდება ერში ჩასახული ქართული ოცნებისა! საქორწინო კავშირი ზემოთ, ზეცაში წყდება და ცხადია ვერც მთელი ერი და ვერც მისი რომელიმე გამორჩეული წარმომადგენელი ვერ იქნება ამ საკითხის გადამწყვეტი, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას - თუ კონკრეტულად შეიძლება ვინმეს ”დაბრალდეს” თავდაუზოგავი ბრძოლა ამ იდეის განხორციელებისათვის, უნდა გაუწყოთ: პირველობის დაფნა ეკუთვნის აწ გარდაცვლილ კინორეჟისორსა და მხატვარ ლერი სიხარულიძეს! ცხოვრობდა ჩვენს გვერდით ასეთი იდეით დაავადებული კაცი და ისიც პატრიარქის მსგავსად იყო შეპყრობილი მონარქიზმის სიყვარულით. ეს ადამიანი გახლდათ საერთოდ პირველი, ვინც ოთხმოციანი წლების დამლევს ოფიციალურად გამოაქვეყნა მომავალში აღსადგენი ქართული მონარქიის თეორიული საფუძვლები. და აი, ამ კაცს საქართველოს გადასარჩენად, ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს თავისუფლების გამოცხადებამდე, აკვიატებული ჰქონდა სამეფოს აღდგენისათვის ბაგრატიონთა ორი შტოს - ესპანურის (მუხრან-ბატონები) და თბილისურის (გრუზინსკები) დანათესავების იდეა. ამ იდეის ხორცშესასხმელად ის ფოტოებით იკმაყოფილებდა ესპანური დიდი ოჯახის გაცნობის სურვილით გამოწვეულ ცნობისმოყვარეობას, ხოლო რეჟისორ ნუგზარ ბაგრატიონის ჯერ მხოლოდ სკოლის მოსწავლე ქალიშვილთა შორის მას გაცხადებულად ეგულებოდა ერთ-ერთი მათგანი სამომავლოდ საქართველოს დედოფლად. რა თქმა უნდა, ჩვენ შორს ვართ აზრისაგან, რომ გინდ ლერი სიხარულიძის, გინდ - პატრიარქის მცდელობას ენიჭებოდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა დავით და ანა ბაგრატიონების ერთმანეთთთან დაკავშირებაში, მაგრამ, როდესაც იდეის ჩასახვაზე ვსაუბრობთ, უპირველესად ლერი სიხარულიძის ღვაწლზე უნდა ითქვას; შემდეგ - სრულიად საქართველოს მონარქისტულ მოძრაობაზე, სადაც სწორედ ამ იდეის ხორცშესხმას უკავშირებდნენ სამეფო ხელისუფლების რეალურად აღდგენის შესაძლებლობას საქართველოში. რაც შეეხება პატრიარქის ქმედებებს, მან მხოლოდ ერში უკვე ფეხმოკიდებული აზრი გაახმოვანა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ გვაწუხებს ის თავდასხმები, რომლებიც დღეს საქართევლოს ეკლესიის წინამძღოლზე ხორციელდება და ამდენად, ეს ერთი ბრალდება მაინც გვსურს ავაცილოთ მას თავიდან! |