|
კონსტანტინე ბატონიშვილი (დავით II-ის ძე)
| კონსტანტინე ბატონიშვილი როტმისტრობის დროს, 1813 წელი. მხატვარი მიხეილ ზაცეპინი | კონსტანტინე ბატონიშვილი (დ. ივლისი. 1789 — გ. 3 მაისი. 1844, მოსკოვი), იმერეთის მეფის დავით II-ის ძე, გენერალ-მაიორი. 3 წლის კონსტანტინე ბატონიშვილი მამამ ერთგულების საწინდრად სოლომონ II-ს მისცა. დავით II-ის მიერ ტახტის დაბრუნების ცდის გამო 1792 სოლომონმა უფლისწული მუხურის ციხეში ჩაკეტა. 1803 რუსეთის მთავრობის მოთხოვნით სოლომონ II-მ გაათავისუფლა კონსტანტინე ბატონიშვილი და იმერეთის ტახტის მემკვიდრედ ცნო, რადგამ მეფეს შვილი არ ჰყავდა. შემდეგში სოლომონმა შეძლო ახალგაზრდა უფლისწულის შემორიგება.
იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ კონსტანტინე ბატონიშვილი პეტერბურგს გაემგზავრა და კაზაკთა ლაიბგვარდიის პოლკში ჩაირიცხა როტმისტრად. მონაწილეობდა 1812 რუსეთ-საფრანგეთის ომში. დააჯილდოვეს ვლადიმერის ორდენით. მისი შვილები (დავითი, გიორგი, კონსტანტინე, ნიკოლოზი, ალექსანდრე) რუსეთში "იმერეტინსკებად" ან "ბაგრატიონ-იმერეტინსკებად" იწოდებოდნენ.
|
|