|
ღირსი მამა ბასილი, ძე ბაგრატ III-ისა
27 (09.06) მაისს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი მამა ბასილის, გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ III-ის ძის ხსოვნას.
ღირსი ბასილი იყო საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის შვილი. ბავშვობიდან მონაზვნური ცხოვრებისაკენ მიდრეკილმა წმიდანმა ღრმად შეისწავლა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, ფლობდა მრავალ უცხო ენას და მისი დროის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი იყო.
წმიდა ბასილი მოღვაწეობდა ხახულის ლავრაში და იქაურ სასულიერო საგანმანათლებლო საქმიანობას ხელმძღვანელობდა. იოანე ბატონიშვილი (1768-1830) „კალმასობაში“ ასე ახასიათებს მას: „ბასილი ბაგრატიონი იყო საფილოსოფოსთა და ღვთისმეტყველებასა შინა ზედმიწევნილი, მთარგმნელი სხვათა ენათაგან კეთილი და რიტორ-მიმთხრობელი და მაღალ ფრასასა ზედა დამთხზველი, მონაზონებითა სრული და განმანათლებელი ეკლესიათა, რომელსა უწოდეს ქართველთა ეკლესიათა სამკაულად“.
ვახუშტი ბატონიშვილი „საქართველოს ძველ ისტორიაში“ მიმოიხილავს ბაგრატ IV-ის დროინდელ საქართველოს კულტურულ ვითარებას და სხვა საეკლესიო მოღვაწეთა გვერდით მოიხსენიებს ბასილი ბაგრატის ძეს: „მთარგმნელნი ამ ჟამთა იყვნენ: ბასილი ბაგრატის ძე“...
ბასილი ბაგრატის ძის შესახებ ცნობა შემოგვინახა გიორგი მცირემ გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაშიც: მიიყვანა თუ არა იაკობმა ათი წლის გიორგი ხახულში, ბიძებმა - ღირსმა მამებმა: გიორგი მწერალმა და საბამ (ხს. 19 დეკემბერს) ის ლოცვა-კურთხევის მისაღებად მიჰგვარეს ხახულის მაშინდელ წინამძღვარს, ღირს მაკარის (ხს. 21 დეკემბერს) და იქაურ მოღვაწეთ: ღმერთშემოსილ ანტონის და „დიდსა მას ბასილის, ბაგრატ მესამის ძესა, რომელი-იგი მას ჟამსა შინა იყო მოძღუარი და განმანათლებელი ქუეყანისა ჩუენისაჲ...“
შემდგომ ღირსი ბასილი ათონის სავანეში გადასულა და იქ დაუწერია „გალობანი წმიდისა მამისა ეფთჳმესნი“.
საქართველოს ეკლესიის სამკაული და განმანათლებელი ქვეყნისა ჩვენისა, წმიდა ბასილი ბაგრატიონი ათონის წმიდა მთაზე აღესრულა ივერთა მონასტერში.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ. |
|
|
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე. | 29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ. |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
|