საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > ქართველები უცხო ხალხის სამსახურში

ქართველები ეგვიპტის სათავეში

"კაიროს .. მკვდართა ქალაქში, უამრავ საფლავს შორის სამი ძალიან ცნობილი პიროვნების უკანასკნელი განსასვენებელია. სამივე ქართველი მამლუქი გახლდათ, სამივე ტყვეთა ბაზარზე ნაყიდი მონა. ალი-ბეი ალ-ქაბირი ეგვიპტის ყველაზე გამოჩენილი ქართველი გამგებელი იყო, ისმაილ-ბეი - ეგვიპტის მამლუქთა ოსმალურ ფრთას მეთაურობდა, იბრაჰიმ ქათხუდას კი ეგვიპტეში განუზომელი სიმდიდრე და გავლენა ჰქონდა

       განსაკუთრებით აღსანიშნავი ქართული ელემენტი ეგვიპტის სამხედრო-პოლიტიკურ ასპარეზზე XVIII საუკუნიდან გახდა, როდესაც ამ ქვეყნის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის დროშა წარმოშობით ქართველმა მხედართმთავრებმა აღმართეს. პირველი ქართველი, რომელმაც ეგვიპტის ოსმალეთის იმპერიისაგან გათავისუფლებისათვის ბრძოლაში განსაკუთრებული როლი ითამაშა, გამაჰმადიანებული მამლუქი, ალი-ბეი ალ-ქაბირი იყო


ალი-ბეი ალ-ქაბირი  (1728-1773) - ეგვიპტის მმართველი 


ალი ბეი ალ–ქაბირი ეგვიპტის მმართველი იყო 1757 წლიდან. დაბადებულა საქართველოში, ქართველი მღვდლის ოჯახში 1728 წელს. მისი თავდაპირველი სახელი იოსები ყოფილა. ტყვედ გატაცებული მცირეწლოვანი ბავშვი უყიდია ქურთ ვაჭარს და ეგვიპტეში ასევე წარმოშობით ქართველ მამლუქ ქაჰაია იბრაჰიმისთვის მიუყიდია, რომელიც მსგავს ბავშვებს სპეციალურად მომავალ მამლუქ-მეომრებად ზრდიდა და მის გარდა უშუალო განკარგულებაში დაახლოებით კავკასიური წარმოშობის ორიათასამდე მამლუქი-აღსაზრდელი ჰყოლია.

მალე ქაჰაია იბრაჰიმი ეგვიპტელი მამლუქების და ბეგების მეთაურად - ე.წ. "შეიხ ელ ბალადად" დაინიშნა, რამაც მალე დიდი ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული მისი შეგირდის, ალი-ბეის სწრაფი დაწინაურება გამოიწვია. მისი დახმარებით ის ჯერ "ქაშიფების" (მაზრების გამგებლები) სამხედრო რაზმში ჩაირიცხა. ახალგაზრდა ქაშიფმა დიდი გმირობა მექის მლოცველების დასაცავად გამოიჩინა, როდესაც მისი სარდლობით მამლუქთა რაზმმა ბედუინ არაბთა მოთარეშე ბანდა მოიგერია. ამ ვაჟკაცობისათვის ალი-ბეის მეტსახელად ჯენ-ალი ანუ ალი-სატანა შეარქვეს.

      თუმცა, ქაჰაია იბრაჰიმის მისდამი მფარველობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ალი-ბეი სულ 25 წლის იყო, როდესაც იბრაჰიმი ოსმალეთის იმპერიის მოსყიდული ჯაშუშების ხელით 1754 წელს მოულოდნელად დაიღუპა. გადატრიალების გზით ტახტზე პროოსმალურად განწყობილი აბდარახმანი ავიდა. ალი-ბეი ამ დროისთვის ქაიროს დივანის (მამლუქებისა და ბეგების მთავარი საბჭო) სრულუფლებიან წევრს წარმოადგენდა. მალე მან ისეთი პოპულარობა მოიხვეჭა, 1763 წელს აბდარახმანს მმართველობა საერთოდ ჩამოართვა და ეგვიპტიდან გააძევა. ხოლო "შეიხ ელ-ბალადის" თანამდებობა თვითონ მიითვისა. მიუხედავად ამისა, 4 წლის განმავლობაში მრავალი სასტიკი ბრძოლის გადახდა დასჭირდა, რათა ეგვიპტის საჭეს ნამდვილად დაჰპატრონებოდა.

       ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველგან შედარებითი სამართლიანობა დაამყარა. პროვინციები ავაზაკებისგან გაწმინდა, კორუმპირებული ბიუროკრატიისა და სასულიერო არისტოკრატიის თავნებობა აღკვეთა, მოსახლეობის დიდი ნაწილი აუტანელი გადასახადებისაგან გაათავისუფლა, მომთაბარე არაბი ბედუინები უდაბნოში გადარეკა, საშინაო და საგარეო აღებ-მიცემობის გასავითარებლად ეროვნული ფულის ერთეული მოჭრა. ქვეყნის 18 პროვინციიდან 11-ში ქართველი ბეგები დანიშნა. ეგვიპტეში განლაგებული ოსმალური ჯარების რაოდენობა ერთიორად შეამცირა. როდესაც ქაიროში სტამბოლის იურისდიქციას უშუალო საფრთხე დაემუქრა, სულთანმა მისი ფიზიკური ლიკვიდაციით მოცილება გადაწყვიტა, მაგრამ პირადი აგენტურის მეშვეობით ალი-ბეიმ მოსალოდნელი საფრთხე შეიტყო და საშიშროება თავიდან აიცილა.

1768 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო, რაც ოსმალთა უღლის გადასაგდებად ალი-ბეიმ კარგად გამოიყენა. თავდაპირველად ქაიროს თურქი ფაშა ქვეყნიდან გააძევა და ეგვიპტე ოფიციალურად დამოუკიდებელ სამეფოდ გამოაცხადა, რასაც სტამბოლის მხრიდან სათანადო რეაქცია მოჰყვა. მის წინააღმდეგ დამასკოს ფაშას სარდლობით ოსმალთა 25-ათასიანი არმია დაიძრა. მაგრამ ტიბერიატის ტბის ნაპირებთან (ისრაელში) თურქები სასტიკად დამარცხდნენ და ალი-ბეიმ პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა.

ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ აქტიურად გრძელდებოდა. ალი-ბეის ქართველმა სარდლებმა ისმაილ-ბეიმ და ჰასან-ბეიმ გამარჯვებათა სერიალი გააგრძელეს და 6 თვეში მოახერხეს მთელი არაბეთის ნახევარკუნძულის დაკავება. აიღეს მექა და მედინაც.

მექაში შერიფმა მოწიწების ნიშნად ალი-ბეის გაუგზავნა დიპლომი, სადაც პირველად მას ოსმალთა მბრძანებლის მსგავსად ეგვიპტის სულთანს და ორივე ზღვის ბატონ-პატრონს უწოდებდა.

გარდა ამისა, ალი-ბეიმ ისარგებლა რა რუსეთ-ოსმალეთის ომით, აქტიური კონტაქტი დაამყარა თურქთა მეტოქე რუსებთანაც. კერძოდ, უშუალო კავშირი გააბა ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის ფლოტის სარდალთან, ორლოვთან.

პარალელურად, ეგვიპტელებმა შეტევა გააგრძელეს და 1771 წლის დასაწყისში ალი-ბეის სარდალმა მუჰამედ აბუ-ზ-აჰაბმა დაიკავა ქალაქები ღაზა, ნაბლუსი, იერუსალიმი, იაფა და მთელი პალესტინა. პალესტინისა და არაბეთის ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ ალი-ბეიმ ჯერი სირიაზე მიიტანა. სირიაზე მოიერიშე მამლუქთა ჯარს ამჯერადაც მუჰამედ აბუ-ზ-აჰაბი სარდლობდა. ოსმალეთის მხრიდან სრულ საომარ სამზადისში იმყოფებოდნენ დამასკოს, საიდას, ტრიპოლისა და ალეპოს ფაშები. გენერალური ბრძოლა დამასკოს კედლებთან 1771 წლის ივნისში გაიმართა. ქართველი მამლუქისა და მისი მოკავშირის, პალესტინელი შეიხ ზაჰირის გაერთიანებულმა ჯარებმა თურქული მხედრობა ამჯერადაც დაამარცხა, ხოლო რამდენიმე დღეში დამასკოც დაიკავა.. ალი-ბეი ქართველმა აიღო მეორე მექად წოდებული დამასკო – სირიის დედაქალაქი და იქიდან პალესტინაში შევიდა საზეიმოდ აღჭურვილ ქართველ მამლუქთა ათასეულებით!..

მიუხედავად ამისა, მოპოვებული გამარჯვებების შენარჩუნება ალი-ბეიმ დიდხანს ვერ მოახერხა. მიზეზი ღალატი გამოდგა. სირიის ჯარების სარდალმა, მუჰამედ აბუ-ზ-აჰაბმა 1771 წლის შემოდგომაზე, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ჯარებს უკან დაახევინა და ქაიროში დაბრუნდა, მაგრამ ქართველი მამლუქი ამან ვერ გატეხა. 1772 წლისათვის იმავე სირია-პალესტინაში მეორე არმია მოამზადა და აბუ-ზ-აჰაბის წინააღმდეგ დაძრა. გადამწყვეტი ბრძოლა ქაიროს მახლობლად, ელზამატების ველზე 1772 წლის აპრილში მოხდა. ღალატი კვლავ გამეორდა. ამჯერად მოღალატე ალი-ბეის სარდალი, ქართველი ისმაილ-ბეი აღმოჩნდა, რომელმაც თავისი ნაწილებით კრიტიკულ მომენტში თანამემამულე მიატოვა და აბუ-ზ-აჰაბის ლაშქარს შეუერთდა, რის შედეგადაც მოწინააღმდეგემ თითქმის უბრძოლველად გაიმარჯვა. ალი-ბეიმ თავს გაქცევით უშველა და 800 მამლუქით სირიაში თავის არაბ მოკავშირეს, შეიხ ზაჰირს შეუერთდა.

პარალელურად სირიისაკენ ალი-ბეის საბოლოოდ დასამარცხებლად ოსმალთა 20-ათასიანი არმია ამოქმედდა. ეს მაშინ, როცა ქართველი მამლუქისა და მისი არაბი მოკავშირის შეერთებული მხედრობა მხოლოდ 7 ათასს აღწევდა. გადამწყვეტი ბრძოლა ქალაქ საიდას მახლობლად, ლიბანში მოხდა. ბრძოლაში მამლუქებს ალი-ბეის ფავორიტი სარდალი, ასევე წარმოშობით ქართველი, ალი-ბეი ტანტავი სარდლობდა. თურქები დამარცხდნენ. გამარჯვება მამლუქებს დარჩათ. მოწინააღმდეგის შვიდივე ფაშამ ბრძოლის ველი სრული კატასტროფით დატოვა.

ამ სახელოვანი გამარჯების შემდეგ ალი-ბეიმ თავისი არმია კვლავ ქაიროსაკენ დაძრა. წარმატების იმედს აბუ-ზ-აჰაბის მიმართ ეგვიპტის მოსახლეობის დაუმორჩილებლობაც აძლევდა, მაგრამ სალაჰიესთან გამართულ განმეორებით შეტაკებაში მისი არმია კვლავ დამარცხდა, რომელშიც გადამწყვეტი როლი კვლავაც ქართველი ბეგების ღალატმა ითამაშა. ეგვიპტის თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი მამლუქი სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა. უმოკლეს დროში მისი მემკვიდრეობა მოღალატე ქართველებს, იბრაჰიმ შინჯიკაშვილსა და მურად-ბეის დარჩათ.

ეგვიპტელებმა“ორი ზღვის ყაენი” უწოდეს ქართველ მამლუქს. ეს პატივი არავის რგებია არც მანამდე და არც მის შემდგომ… ძლიერ მმართველობაზე დაფუძნებული ტახტი ედგა ალი-ბეის კაიროში. ზემო და ქვემო ეგვიპტეს მის დროს ორ ათეულამდე ბეგი განაგებდა, რომლებიც სულთანს მორჩილებდნენ. ბეგთა უმრავლესობა ქართველი მამლუქები იყვნენ. ჰოდა, სწორედ ქართველი მამლუქი – მუჰამედ აბუ-ზაჰადი, ალი-ბეის თანამებრძოლი და ახლობელი ჩაუდგა სათავეში შეთქმულებას ორი ზღვის ყაენის წინააღმდეგ. აბა, რას იფიქრებდა ალი-ბეი, რომ მის მიერვე აღზევებული და შვილივით ნაპატრონები თვისტომი მოუსწრაფებდა სიცოცხლეს…

ალი-ბეის აღსრულების შემდეგ ეგვიპტის მმართველობა ისევ ქართველებს ერგოთ. ზემო ეგვიპტის მმართველი შეიქნა მურად-ბეი, ხოლო ქვემო მხარისა – მარტყოფელი იბრაჰიმ-ბეი შინჯიკაშვილი. ისევ მძლავრობდა მათ ხელში ნილოსის ქვეყანა. ისევ ქართველები განაგებდნენ ყველა საკვანძო პოსტებს ეგვიპტეში.

 


მურად–ბეი (1750 – 1801) – ეგვიპტის გამგებელი

 

მურად–ბეი ყმაწვილობაში თბილისიდან თურქების მიერ ტყვედ იყო წაყვანილი და ეგვიპტელ მამლუქებზე გაყიდული. დიდი ძალისხმევის ფასად არათუ მონობიდან გამოისყიდა თავი, არამედ ბეის ტიტულსაც მიაღწია - ეგვიპტის გამგებელიც კი გახდა:

მურად–ბეიმ ეგვიპტის მბრ

ძანებლობა ხელში ჩაიგდო წინანდელი გამგებლის – ალი–ბეის მიმართ დაპირისპირებით – სალაჰიესთან ბრძოლაში მან მხარი მისცა ძველი პატრონისგან გამდგარ სირიის ჯარების სარდალ აბუ–ზ–აჰაბს, რომელსაც წინდაწინვე შეეცვალა მრავალი თანამემამულესათვის  განწყობა ალი–ბეისადმი,  წილისწამებით: ალი–ბეი მაჰმადის რჯულს ღალატობს, რუსეთსა და სხვა ქრისტიანულ ქვეყნებს დაუკავშირდაო!

მანამდე უძლეველი ალი–ბეის ლაშქარი, ფეხი შედგა თუ არა უდაბნოში, რომელიც ღაზას ეგვიპტისგან გამოყოფდა, სალაჰიესთან გადაეყარა ათას რჩეულ მამლუქს, რომელთაც სარდლობდა ახალგაზრდა მურად–ბეი. ფარულად ჩასაფრებულმა რაზმმა ფიცხელი იერიშით მოწინააღმდეგის რიგები არივ–დარია. შენიშნა თუ არა ალი–ბეი, მურად–ბეიმ მას ხმლის ერთი მოქნევით თავში მიაყენა ჭრილობა და მიჰგვარა აბუ–ზ–აჰაბს.

როგორც ამბობდნენ, მურად ბეის სქციელი რამდენადმე ქალის ტრფიალითაც ყოფილა გამოწვეული – მურად-ბეი  ალი–ბეის ცოლს გამიჯნურებია და მუჰამედ აბუ–ზ–აჰაბისგან მიუღია დაპირება, თუ ალი–ბეის თავს მომართმევ, იმ ქალს შეგრთავო. ეს ქალი გახლდათ წარმოშობით ასევე ქართველი, მზეთუნახავი და უჭკვიანესი სიტეჰ–ნეფისეჰი, რომლის კდემამოსილებას  და სათნოებას ქებით იხსენიებდნენ ნაპოლეონის ექსპედიციის ევროპელი ისტორიკოსები. ერთი ევროპელი ავტორი წერდა: „ქალთა შორის ცოტა ვინმეს თუ უჩვენებია იმდენი ღირსება, რამდენიც მან აჩვენა.მისი კეთილშობილური ხასიათი და კდემამოსილება ფრანგების აღტაცებას იწვევდა. ახასიათებდა ისეთი განსწავლულობა, რასაც აღმოსავლეთის ქალებში ჩვეულებრივად ვერ ვხვდებით.“

ალი–ბეი მესამე დღეს მიიცვალა, ხოლო მურად–ბეი  იბრაჰიმ–ბეისთან ერთად ჩაუდგა სათავეში ეგვიპტეს. თითოეული მაგანი, რაღაცნაირად გრძნობდა, რომ თანამოძმის გარეშე გაუჭირდებოდა მმართველობა. მათ შექმნეს საკმაოდ არამყარი დუუმვირატი, რომელმაც მაინც გაძლო 20 წელიწადს. თან ერთად პყრობდნენ ეგვიპტეს, თანაც ექიშპებოდნენ ერთმანეთს, მეტისმეტი სიმკაცრით ქვეყნის მართვაში. დიდი იყო გლეხებისათვის შეწერილი გადასახადები.  შეიარაღებული  რაზმები მთელ დელტას მოარბევდნენ ღალის ასაკრეფად – გლეხებს ყანები დაუმუშავებელი რჩებოდათ, საირიგაციო არხები ზიანდებოდა, მოსავალი იკლებდა.

მურადის ხელქვეითნი დიდ ფულებს სძალავდნენ ევროპელ ვაჭრებს, გაკოტრებამდე მიიყვანეს რამდენიმე ფრანგული კომპანია. ფრანგების მუქარის პასუხად თურქეთის სულთანი იძულებული გახდა ჩარეულიყო და 1786 წელს  იქაური ქართველი ჰასან–ფაშა, თავისი ლაშქრით,  აქაურ ქართველებს – მურად–ბეისა და იბრაჰიმ–ბეის აძევებს ზემო ეგვიპტეში. 

ფრანგები დაჟინებით მოითხოვდნენ ეგვიპტელთაგან უცხოელ პარტნიორთა კომერციული ინტერესების დაცვას და,  როდესაც 1798 წლის 1 ივლისს ბონაპარტემ ალექსანდრიას მოაყენა 400 სამხედრო გემი, 33000 შესანიშნავად ეკიპირებული ჯარისკაცით, ეგვიპტელები ჯეროვნად არ აღმოჩნდნენ მზად ამგვარად განვითარებული მოვლენებისათვის.

თუმცა, მთელი 1798–99 წლების განმავლობაში მურად–ბეი სათავეში ედგა მამლუკთა ბრძოლას ეგვიპტეში შემოჭრილი  ფრანგული არმიის წინააღმდეგ, მაგრამ პირამიდებთან ბრძოლაში ნაპოლეონის არმიასთან მარცხის შემდეგ, მურადი ზედა ეგვიპტეში მიიქცა, სადაც პარტიზანული ბრძოლები გააჩაღა, რის აღკვეთასაც ერთი წლის მანძილზე ცდილობდა დეზე. ამ პერიოდში მურად–ბეიმ არაერთი ომი გადაიტანა. ფრანგული საბუთი გვამცნობს დეზესთან ბრძოლაში მურად–ბეის მიერ 1798 წლის შემოდგომაზე მოპოვებულ ერთ–ერთ ბრწყინვალე გამარჯვებას. მამლუქებს ტყვედ ჩაუგდიათ ორმოცდაექვსი კაცი, მათ შორის  – სამი პოლკოვნიკი, ორი კაპიტანი, ოთხი ლეიტენანტი, ორი ქირურგი, ცხრამეტრი დაბალი სამხედრო ჩინის მეთაური, ოთხი კომისარი და რვა ლაქია.

1800–1801 წლებში მურად–ბეი ცდილობდა საერთო ენის გამონახვას   ბონაპარტის გენერლებთან – კლებერთან და მენთან, მაგრამ 1801 წელს შავმა ჭირმა იმსხვერპლა. მისი ცოლი ნეფისეჰი შავით შეიმოსა და ქმარს აკლდამა აუგო კაროფეში – იმამ აშ–შაფიის მავზოლეუმის გუმბათის ახლოს. მურად–ბეის საფლავზე, თავიანთი ბელადის დაკრძალვის დღეს, მამლუქებმა დაამსხვრიეს აბჯარ–საჭურველი და მათი ნამსხვრევებისაგან საყვარელ წინამძღოლს სახელდახელოდ აუგეს პირამიდების ფორმის ძეგლი. „ამიერიდან არ ვართ ღირსნი ვატაროთ ეს ხმლებიო“ – ამბობდნენ ისინი.

მურადის პორტრეტს ასე აღწერენ თანამედროვენი: ის იყო საშუალო ტანის, ღია ფერის თმებით საშუალო ტანის ხშირი წვერითა და გამოკვეთილი ცხვირით. სახეზე ხმლის ნაიარევი აჩნდა.

მის შესახებ ნაპოლეონი ამბობდა: „განგებამ იგი დაჯილდოვა დიდებულებით, შესანიშნავი სიმამაცითა და შორსმჭვრეტელობით. თავისი გონებრივი ხედვით იგი  იპყრობდა   ბრძოლის ველს ისეთი ხელოვნებით, რომ  მისი შეშურდებოდა ყოველ დიდ მხედართმთავარს!“ „ბონაპარტე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მურად–ბეის განადგურებას, –აღნიშნავდა ბურიენი –  რადგან მას თვლიდა ყველაზე მამაც, ყველაზე აქტიურ და ყველაზე საშიშ მტრად მთელ ეგვიპტეში.“ აღსანიშნავია, რომ მურადის ხმალს, ეგვიპტიდან ნადავლის სახით წამოღებულს, ნაპოლეონი დიდხანს ინახავდა თავისთან. მხოლოდ 1814 წელს, ელბაზე გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, საჩუქრად გადასცა იგი მარშალ მაკდონალდს.

 

 

იბრაჰიმ-ბეი შინჯიკაშვილი (1735-1817) - ეგვიპტის გამგებელი

 

 ეგვიპტის მამლუქთა მეთაური, სამხედრო მმართველი და ეგვიპტის გამგებელი იბრაჰიმ ბეი დაიბადა სოფელ მარტყოფში. 15 წლის იყო, როცა გაიტაცეს და სტამბოლის გავლით ეგვიპტეში წაიყვანეს, სადაც მონად გაყიდეს.

ეგვიპტელმა მფლობელმა სახელი შეუცვალა და იბრაჰიმი დაარქვა. ბეის წოდება კი მოგვიანებით, 1767 წელს მიიღო.

იბრაჰიმის პატრონი ეგვიპტის იმდროინდელი მმართველი იყო. მან ერთგულად მსახურობისათვის იბრაჰიმი გაათავისუფლა. როცა მისი ყოფილი პატრონი გარდაიცვალა, სხვა ქართველ მამლუქთან, მურად ბეისთან ერთად ქვეყნის სადავეები იგდო ხელთ.

 ...“ პიერ ლარუსის ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: „იბრაჰიმ –ბეიმ მოიგერია ჰასან ფაშას მრავალრიცხოვანი ექსპედიციების ტალღა და 1800 წელს სწრაფი დარტყმით კაირო დაიკავა“.

 აი, როგორ აგვიწერს მის პიროვნებას არაბი ისტორიკოსი აბდარახმან–ალ–ჯაბარტი:„დიდი ემირი, ცნობილი იბრაჰიმ–ბეი ალ–მუჰამედი, ყველაზე წარჩინებული ათასობით ეგვიპტელ ემირთა შორის... დაბალი მდგომარეობის ემირებს მეტი მზრუნველობით ეპყრობოდა, ვიდრე მაღალ მდგომარეობაში მყოფთ. ფხიზლად იცავდა ერთიანობასა და გულითად თანხმობას ემირთა შორის...მისთვის დამახასიათებელი იყო მამაცობა და გმირობა. ბევრი ომი ჩაუტარებია. იყო მშვიდი, მომთმენი, კეთილი, მეგობრული, ჰქონდა მიდრეკილება თვითშეზღუდვისკენ. უყვარდა სამართლიანობა. გართობა მისთვის იშვიათი შემთხვევა იყო და, როცა თავშექცევას მიეცემოდა, თავაზიანობის ფარგლებს არ გადადიოდა. ამაოდ სისხლისღვრას ერიდებოდა, ცდილობდა არ შეენიშნა თანამებრძოლთა ცუდი საქციელი და თანამდებობის ბოროტად გამოყენება. ამიტომ ისინი – მურად–ბეი და მისი ხელქვეითნი – მრავალ საქმეში ხელს უშლიდნენ. იგი ამაზე თვალს ხუჭავდა, ყურადღებას არ აქცევდა, არ ამჟღავნებდა, თუ ყოველივე რა შთაბეჭდილებას ახდენდა მასზე.ზრუნავდა მხოლოდ იმაზე, რომ ემირთა შორის დიდსულოვნება ყოფილიყო“

ემირები კი ნებადართულის საზღვრებს გადადიოდნენ, ხელი შეაჩვიეს ევროპელი ვაჭრების საქონელს, მუქთად იტაცებდნენ უცხოთა ავლადიდებას, პატივს არ სცემდნენ სულთანს, ხაზინაში არ შეჰქონდათ ფული...ამას მოჰყვა ჰასან ფაშას ლაშქრობა და ბოლოს ფრანგული ექსპედიცია, რასაც შეეწირა იბრაჰიმ–ბეის კარიერა: თუმცა, მარტყოფელმა მამლუქმა იბრაჰიმ შინჯიკაშვილმა, ასევე წარმოშობით ქართველ,  თურქთა დიდვაზირ იუსუფ–ზიასთან ერთად სასტიკად დაამარცხა აკას ციხესთან, სირიაში ნაპოლეონის საექსპედიციო კორპუსი, საბოლოო გამარჯვების ღირსი ვერ შეიქნა: პირამიდებთან და ჰელიოპოლისის ბრძოლისას იბრაჰიმი ნაპოლეონს ეომებოდა, მაგრამ ორივე ბრძოლაში დამარცხდა. ამ დამარცხების შედეგად მან ქვეყანაში ძალაუფლება დაკარგა. ნიშანდობლივია, რომ კაიროში შესულმა ნაპოლეონმა ასეთი მანიფესტი გამოაქვეყნა: „ეგვიპტელო ხალხო! თქვენი გამგებელი  და მჩაგვრელი ბეგები დიდი ხანია შეურაცხყოფენ ფრანგ ერს, მის სოვდაგრებს. მათი დასჯის ჟამმა დარეკა. მრავალი  საუკუნეა, კავკასიასა და საქართველოში ნაყიდი მონების ეს ბრბო ქვეყნიერების უმშვენიერეს ნაწილს აწამებს; მაგრამ ღმერთმა, რომლის ნებაზეა ყველაფერი, ბრძანა, რომ დადგეს მათი ძალმომრეობის აღსასრული“.

იბრაჰიმს კავშირი არ შეუწყვეტია საკუთარ ქვეყანასთან. მოახერხა და მშობლიურ სოფელში, მარტყოფში, წერილი გაგზავნა. სწორედ მისი გამოგზავნილი ფულით არის აგებული მარტყოფის ცენტრში მდგარი ეკლესია, რომელიც იბრაჰიმმა მოხუცებული დედისთვის ააგებინა, რომელსაც სოფლიდან მოშორებით  მდგარ წმ. ნიკოლოზის ტაძარში სიარული უჭირდა. ფრანგი ისტორიკოსები ლეონიდე პინო და პაულ მასონი აღნიშნავდნენ: „იბრაჰიმ–ბეი... ქართველი მღვდლის შვილია და კარგადაც ახსოვს, თუ მამასთან ერთად როგორ მონაწილეობდა სიონის ტაძარში შესრულებულ ქრისტიანულ წირვა–ლოცვაში...“ იოანე ბატონიშვილის „კალმასობაში“ საუბარია იბრაჰიმ–ბეის ურთიერთობაზე საქართველოს სამეფო სახლთან: „იბრეიმ–ბეგ – დიდი ერთგული და მოსიყვარულე იყო თვით საქართველოს მეფეთა ირაკლისა და გიორგისა, რომელიცა ძღვნიდა მუნებურთა არმაღანთა და ეგრეთვე ამდიდრებდა მუნ მიმსვლელთა ქართველთა...ბეგებნი ეწეოდნენ ყოველთა მუნ მისრულთა ქართველთა“.

1801 წელს იბრაგიმ ბეგისა და უსმან ბეგის ხელმძღვანელობით მამლუქები განაგრძობდნენ ბრძოლას ეგვიპტის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ოტომანთა იმპერიის და ბრიტანეთის წინააღმდეგ. ბრძოლა თითქმის 5 წელი გაგრძელდა. პარალელურად, ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუსეთის კონსულთან ისტამბულში, რომ დამარცხების შემთხვევაში, საშუალება მისცემოდათ სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ, რუსებმა მათ უარი უთხრეს. ამ პერიოდში საქართველოში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღა აგორდა და ისეთი სახელოვანი მეომრების გამოჩენა საქართველოში, როგორებიც მამლუქები იყვნენ, რუსებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა.

 

 

 


 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq