საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

კახეთის მეფეები

გიორგი I (1466-1476 წწ.) – იხ. ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII (1446-1466 წწ.)

 

ალექსანდრე I

კახეთის მეფე 1476-1511 წლებში, გიორგი I-სა და დედოფალ ნესტან-დარეჯანის ძე. დაიბადა 1454-1456 წლებს შუა.

1476 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა კახეთის მეფე. 1477 წ. თურქმანთა ბელადი უზუნ-ჰასანი საქართველოში შემოიჭრა. მან კახეთის ნაწილიც მოარბია (საგურამო, მარტყოფი). ალექსანდრე მეფემ მას ძღვენი მიართვა, მორჩილება აღუთქვა და დაეზავა. 1483 წელს, პირველმა ქართველ მეფე-მთავრებს შორის, გააგზავნა ელჩობა რუსეთში – დიდ მთავარ ივანე III-თან. კახეთის მეფე რუსეთს მფარველობას სთხოვდა, თუმცა ამ პირველ ელჩობას შედეგი არ მოჰყოლია.

1490 წელს, მას შემდეგ რაც ქართლის სამეფოს დარბაზმა ურჩია კონსტანტინე II-ეს დროებით ხელი აეღო საქართველოს გაერთიანებაზე, ალექსანდრე I-მა ზავი დადო ქართლის მეფესთან. ვახუშტის მიხედვით, ამავე დროს მოხდა სამეფოებს შორის საზღვრის დადგენაც.

1491 წელს კახეთის მეფე განმეორებით აგზავნის ელჩებს რუსეთში.

ალექსანდრე I ცდილობდა კახეთის მშვიდობიანი ცხოვრება უზრუნველეყო. ამ მიზნით ის დათმობებზე მიდიოდა, კარს მომდგარ მტერთან ხარკს კისრულობდა, მოჩვენებით ერთგულებას ეფიცებოდა, ოღონდ კი საკუთარი სამეფო დაეცვა. ამ პოლიტიკას შემდგომში ერთგულად მისდევდნენ მისი შთამომავლები.

1500 წელს სეფიანთა ბელადმა ისმაილმა შირვანი აიღო. კახეთის მეფემ თავისი ვაჟი გააგზავნა მასთან დიდი ძღვენით და მორჩილება აღუთქვა. ისმაილმა პატივით მიიღო ბატონიშვილი და შეპირდა, რომ კახეთს თურქმანთა ხარკისაგან გაანთავისუფლებდა. კახეთის ჯარიც (ქართლისა და სამცხის ლაშქართან ერთად) ეხმარებოდა ისმაილს თურქმანებთან ბრძოლაში.

კახეთის სამეფოს საგარეო საფრთხე თითქოს არ ემუქრებოდა. სამაგიეროდ მეფესა და მის უფროს ვაჟს გიორგის შორის იყო დაძაბული ურთიერთობა. 1511 წელს გიორგიმ მოკლა ალექსანდრე და თავი მეფედ გამოაცხადა.

 

ლიტ.: ი. ცინცაძე, ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან. 1956 წ.

ვ. გუჩუა, ბრძოლა ქვეყნის მთლიანობის აღდგენისათვის და აგრესორთა წინააღმდეგ XVI ს-ის I ნახევარში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წგნ. IV, თბ., 1948.

ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

 

გიორგი II

კახეთის მეფე 1511-1513 წლებში, ძე ალექსანდრე I  და ანა დედოფლის. დაიბადა 1469 წელს. ჯერ კიდევ გამეფებამდე უთანხმოება ჰქონდა მამასთან და უმცროს ძმასთან, დიმიტრისთან, რომელსაც თავის მეტოქედ თვლიდა. არ იზიარებდა მათ პოზიციას – ქართლის სამეფოსთან მშვიდობიანი ურთიერთობის შესახებ და თავის მომხრეებთან ერთად რამოდენიმეჯერ ილაშქრა ქართლში. 1511 წ. თავს დაესხა საფურცლიის ჭალაში მყოფ ალექსანდრე I-სა და დიმიტრის. მამა მოკლა, ხოლო ძმას თვალები დასთხარა და ოჯახითურთ კახეთიდან გააძევა. ამის გამო მას ავ-გიორგი უწოდეს და ასეთი ზედწოდებით შევიდა კიდეც საქართველოს ისტორიაში.

არც გამეფების მერე შეუცვლია ავ-გიორგის თავისი დამოკიდებულება ქართლისადმი და კვლავ აგრძელებდა მეზობელი სამეფოს რბევას. კახეთის მეფის წინააღმდეგ ბრძოლა თავს იდო ქართლის მეფის, დავით X-ის ძმამ ბაგრატ ბატონიშვილმა. ამისათვის მან, შიდა ქართლის სადროშოს სპასპეტობა და საუფლისწულოდ მუხრანის მიცემა ითხოვა. ბაგრატმა თავის რეზიდენციად მტვრის ციხე (ვახუშტის მიხედვით – მტკვრის) აირჩია, დღევანდელ ს. ციხისძირთან. 1512 წ. ავ-გიორგიმ ალყა შემოარტყა ციხეს. სამი თვის თავზე კახეთის მეფემ ალყაშემორტყმულ ბატონიშვილს ღვინო გაუგზავნა და თანაც შეუთვალა – ,,ხარ ძე მეფისა და არს ჟამი მრავალი, რომელსა არ გისვამს, აწ იხმიე'', პასუხად – ციხიდან ახლად დაჭერილი ორაგული მიიღო. ,,სამი თვეა მყოფობ ქსანსა ზედა და არ გიგემებია, იგემე, რამეთუ ცოცხალ არს'' – შემოუთვალა მუხრანის ბატონმა. გაწბილებული ავ-გიორგი ციხეს გაეცალა და კახეთში დაბრუნდა, თუმცა ქართლის რბევაზე არც ამის მერე აუღია ხელი.

1513 წელს კახეთის მეფე ქართლში მორიგი ,,გმირული'' ლაშქრობიდან ბრუნდებოდა. ჯარის ძირითადი ნაწილი წინ გაეშვა და თავად მცირე ამალით უკან მიჰყვებოდა, ნადირობით იქცევდა თავს. ძალისის ხევში (მცხეთის მახლობლად) მას ბაგრატი ჩაუსაფრდა. ამჯერად არ გაუმართლა ავ-გიორგის და ქართლის მეფის ძმას ტყვედ ჩაუვარდა. დატყვევებული გიორგი მტვერის ციხეში გამოკეტეს, სადაც მალევე სიცოცხლეს გამოასალმეს.

 

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია. წგნ. IV, თბ. 1948.

ვ. გუჩუა, ბრძოლა ქვეყნის მთლიანობის აღდგენისათვის და აგრესორთა წინააღმდეგ XVI ს-ის I ნახევარში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

დ. გვრიტიშვილი, ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955.

ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

 

ლევანი

კახეთის მეფე 1518-1574 წლებში, გიორგი II-ისა და დედოფალ ელენეს ძე. დაიბადა 1506 წელს.

1513 წელს, ავ-გიორგის დატყვევების მერე, კახეთი ქართლის მეფე დავით X-ემ დაიკავა. ლევანი, დედასთან ერთად, ჯერ სახლთუხუცეს გარსევან ჩოლოყაშვილთან იმალებოდა, შემდეგ კი ოჩანის ციხეში.

1518 წ. კახელმა თავადებმა ლევანი ბოდბეში მეფედ აკურთხეს. ქართლის მეფე ასე ადვილად არ თმობდა კახეთს და ორი წლის შემდეგ გაილაშქრა. ალყა შემოარტყა მაღრანის ციხეს, რომელშიც ლევანი იყო გამაგრებული, მაგრამ ქართლში ოსმალთა შემოჭრის გამო იძულებული გახდა, ალყა მოეხსნა და თავისი სამეფოს საქმეებისათვის მიეხედა. იმავე წელს მაღაროსთან ბრძოლაში ლევანმა დაამარცხა დავით X და კახეთი შეინარჩუნა. ქართლის მეფე იძულებული გახდა ზავი დაედო.

ლევანის მეფობის დროს კახეთში მშვიდობა სუფევდა. კახთ ბატონმა მოახერხა ურთიერთობის მოგვარება შამხალთან, დაიმორჩილა გამდგარი ფშავ-ხევსურები და თუშები. ყიზილბაშურ ირანთან ურთიერთობაში, ლევანი მოჩვენებითი ერთგულებისა და დათმობის პოლიტიკას ატარებდა.

1551 წელს კახეთის მეფე შაჰ-თამაზს დაეხმარა შაქის აღებაში. შაქის მფლობელები ლევანის მოწინააღმდეგეები იყვნენ, მაგრამ შაქში ყიზილბაშთა გაბატონება საქართველოს მომავალში დიდ საფრთხეს უქმნიდა. ამასიის ზავის შემდგომ (1555 წ.) შაჰმა კახეთს წუქეთი მოსწყვიტა. მალე ლევანი იძულებული გახდა თავისი ძე იესე დიდი ძღვენით შაჰის კარზე გაეგზავნა, ერთგულების დასამტკიცებლად. (იესემ ჯერ მიიღო მაჰმადიანობა და ისა-ხანად იწოდა, მაგრამ შემდეგ კვლავ უარყო და ირანიდან გამოქცევა განიზრახა. შაჰის ბრძანებით ის შეიპყრეს და ალამუთის ციხეში გამოკეტეს).

1563 წელს ლევანმა, რუსეთის მეფე ივანე IV-თან ელჩობა გაგზავნა იაკობის მეთაურობით, დახმარების სათხოვნელად. მალე კახეთში რუსთა მცირე რაზმი ჩამოვიდა, რომელიც მეფემ ციხე-სიმაგრეებში ჩააყენა. ივანე IV ჩრდილოეთ კავკასიაშიც ცდილობდა პოზიციების განმტკიცებას და მდ. თერგის ხეობაში ციხე-სიმაგრე ააშენებინა. რუსეთის ასეთმა გააქტიურებამ კავკასიაში მეტად შეაშფოთა ირანი და ოსმალეთი. სულთანის მოთხოვნით, რუსებმა თერგის ციხიდან ჯარი გაიყვანეს. (წინააღმდეგ შემთხვევაში ოსმალეთი ომით იმუქრებოდა). შაჰმა კი ლევან მეფეს უბრძანა რუსთა რაზმი უკანვე გაეგზავნა. კახეთის მეფე იძულებული გახდა დამორჩილებოდა ირანის მბრძანებელს.

1574 წელს ლევანი გარდაიცვალა და მის მემკვიდრეებს შორის ბრძოლა ატყდა ტახტის დაუფლებისათვის.

 

ლიტ.: ვ. გუჩუა, საქართველო XVI ს-ის 50-70-იან წლებში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ., 1973.

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია. წგნ. IV, თბ. 1948.

ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

 

ალექსანდრე II

კახეთის მეფე 1574-1605 წლებში. ლევან მეფისა და თინათინ დედოფლის ძე. დაიბადა 1527 წელს.

მამის გარდაცვალების შემდეგ, ალექსანდრეს ბრძოლა მოუხდა თავის ძმისშვილებთან. ბარძიმ ამილახორის, ელიზბარ ქსნის ერისთავისა და დაუთხანის დახმარებით მან მოახერხა პრეტენდენტების დამარცხება და ტახტზე ასვლა. გამეფების შემდეგ ალექსანდრე აგრძელებდა კახეთის მეფეების ტრადიციულ პოლიტიკას და მშვიდობას ინარჩუნებდა სამეფოში. მის დროს კახეთი მდიდარ, ეკონომიკურად და კულტურულად განვითარებულ ქვეყანას წარმოადგენდა.

1578 წლის 9 აგვისტოს ჩილდირის ბრძოლაში ოსმალებმა სასტიკად დაამარცხეს ყიზილბაშები. ამის შემდეგ ოსმალთა სარდალმა მუსტაფა ლალა ფაშამ გეზი საქართველოსკენ აიღო. გამოიარა ახალციხე, თბილისი და კახეთს მოადგა. სართიჭალაში მას ალექსანდრე შეეგება, მორჩილება აღუთქვა და ყოველწლიური ხარკი იკისრა. ოსმალებმა მიიღეს კახეთის მეფის პირობა და შაქის დაპყრობა დაავალეს. ალექსანდრემ მართლაც ილაშქრა შაქს და იქ მმართველად თავისი ძე ერეკლე დატოვა. (შემდგომში ერეკლე ოსმალეთში გაიქცა).

1585 წელს კახეთში რუსეთის მეფის ელჩი დანილოვი ჩამოვიდა და თევდორე მეფის სიგელი ჩამოიტანა. რუსეთის მეფე მფარველობასა და მეგობრობას სთავაზობდა კახეთის მეფეს.

1586 წელს ალექსანდრეს ელჩები იოაკიმე მღვდელი, კირილე ბერი და ხურშიტა ჩერქეზი უკვე თევდორე ივანეს ძესთან იყვნენ. დიპლომატიური მოლაპარაკების შედეგად 1587 წლის 28 სექტემბერს კახეთის მეფე ალექსანდრემ ხელი მოაწრა ,,ფიცის წიგნს''. ამ ხელშეკრულებით რუსეთი თავის მფარველობაში იღებდა კახეთის სამეფოს და გარეშე მტრისაგან დაცვას ჰპირდებოდა. ორი წლის შემდეგ კახეთის მეფემ, თევდორესაგან ,,წყალობის სიგელი'' მიიღო. ამ დოკუმენტით რუსეთის მეფე ადასტურებდა ,,ფიცის წიგნით'' განსაზღვრულ პირობებს.

ალექსანდრე მეფე ცდილობდა, კავკასიის დაუფლებისათვის მებრძოლ სამივე სახელმწიფოსთან – რუსეთთან, ირანთან, ოსმალეთთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდა. კახეთი ფაქტიურად სამივეს ვასალობას აღიარებდა, XVI ს-ის ბოლოსათვის ეს პოლიტიკა თითქოს ამართლებდა. სხვა ქართული სამეფოებისაგან განსხვავებით კახეთი აღმავლობას განიცდიდა. ალექსანდრეს 15 000 მოლაშქრე ჰყავდა, საჭიროების შემთხვევაში ორჯერ მეტის გამოყვანა შეეძლო. მაგრამ ვითარება შეიცვალა. ჯერ იყო და მამის ავადმყოფობით ისარგებლა დავითმა და ფაქტიურად მეფობა მიიტაცა. ალექსანდრეს ისღა დარჩენოდა, ბერად აღკვეცილიყო. მან მხოლოდ შვილის გარდაცვალების მერე, 1602 წელს დაიბრუნა ტახტი.

1603 წელს, დიდი მზადების მერე შაჰ-აბასმა ოსმალეთს ომი დაუწყო და ერევნის ციხეს ალყა შემოარტყა. მან თავისთან დაიბარა ალექსანდრე. კახეთის მეფე არ ჩქარობდა შაჰთან ხლებას და მხოლოდ 1604 წლის აპრილში გამოცხადდა მასთან. ერევნის აღების მერე შაჰმა ალექსანდრეს ჯამაგირი დაუნიშნა (ვითომდა მადლობის ნიშნად ომში დახმარებისათვის), და თან კაკ-ენისელი ,,სთხოვა''. ალექსანდრეს არყოფნისას კახეთს მისი ძე გიორგი განაგებდა და რუსეთის ელჩებთან მოლაპარაკებასაც ცხადია, ის აწარმოებდა. ცბიერმა შაჰმა ალექსანდრე თან წაიყვანა ირანში, რათა რუსეთის ელჩებთან შეხვედრის საშუალება მოესპო, ერთის მხრივ და მეორე მხრივ, თავისთან ჰყოლოდა ურჩი კახეთის მეფე. მხოლოდ 1605 წელს დააბრუნა აბასმა ალექსანდრე კახეთში და თან გამაჰმადიანებული კონსტანტინე გამოაყოლა. შაჰის დავალებით ალექსანდრეს შირვანში უნდა ელაშქრა, გამარჯვების შემთხვევაში ამ მხარის მმართველი კონსტანტინე უნდა გამხდარიყო, მაგრამ კახეთის მეფე არ ჩქარობდა. ამავე დროს, რუსებმა შამხალზე დაიწყეს შეტევა და ალექსანდრე მოვლენათა განვითარებას ელოდა. ამჯერად კახეთის მეფეს არ გაუმართლა. 1605 წლის 12 მარტს კონსტანტინემ შაჰის საიდუმლო ბრძანება აღასრულა, ყიზილბაშებს ღალატით მოაკვლევინა მამა და ძმა.

 

ლიტ.: ვ. გუჩუა, მ. სვანიძე, საქართველო XVI ს-ის უკანასკნელ მეოთხედში, სინ. ტ. IV, თბ. 1973.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები. წგნ. IV, თბ., 1967.

ნ. ასათიანი, ქართულ-რუსული დიპლომატიური კონტაქტები XVI ს-ის მეორე ნახევარში, ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, ტ. II, თბ., 1998.

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია. წგნ. IV, ნაწ. II, თბ. 1948.

ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

 

დავით I

კახეთის მეფე 1601-1602 წლებში. ძე ალექსანდრე II-ისა და თინათინ დედოფლის. დაიბადა 1569 წელს.

1601 წლის ზაფხულში ალექსანდრე მეფე ავად გახდა. დავითსა და მის უმცროს ძმას – გიორგის შორის ბრძოლა დაიწყო ტახტის დაუფლებისათვის. დავითს, როგორც ჩანს, მეტი მომხრეები ჰყავდა და გამარჯვებაც მას დარჩა. ამასობაში ალექსანდრე მომჯობინდა, მაგრამ ვაჟმა ტახტი აღარ დაუთმო და აიძულა მამა მისთვის სამეფო დროშა, გვირგვინი, სარტყელი და ხმალი მიეცა. ეს ფაქტიურად დავითის მეფედ კურთხევას ნიშნავდა და ალექსანდრეს ისღა დარჩენოდა, რომ მონაზვნად აღკვეცილიყო. სამაგიეროდ გიორგი ბატონიშვილი კვლავ აგრძელებდა ტახტისათვის ბრძოლას და ახალი შეთქმულება მოაწყო. ბარამ ჩოლოყაშვილმა ყოველივე დავითს მოახსენა. მეფე სასტიკად გაუსწორდა მოწინააღმდეგეებს. მისი ბრძანებით, ხუთს თავი მოკვეთეს, თორმეტი კი ჭოეთის ციხიდან გადმოაგდეს. გიორგიმ თავი კათოლიკოსთან შეაფარა მცხეთაში. კახეთის მეფემ გიორგი X-ის დახმარებით მოახერხა ძმის ხელში ჩაგდება და მისი თორღას ციხეში გამოკეტვა.

დავითი, როგორც ჩანს, არ აპირებდა მამის პოლიტიკის შეცვლას და კვლავ აგრძელებდა ურთიერთობას რუსეთთან. 1602 წლის ზაფხულში, კახეთში, ოთხი წლის წინ რუსეთს გაგზავნილი ელჩები დაბრუნდნენ და თან ბორის გოდუნოვის დესპანები ჩამოიყვანეს. მათთან აუდიენციას მონაზონი ალექსანდრეც ესწრებოდა. კახეთის სამეფო არჩევანის წინაშე იდგა – გაეგრძელებინა ურთიერთობა რუსეთთან თუ არა. საბოლოოდ ყველაფერი ისე გადაწყდა, რომ დავით მეფემ, მისმა ძემ თეიმურაზმა და ალექსანდრე II-ემ რუსეთის ერთგულებაზე დაიფიცეს. ელჩების უკან გამგზავრებას ის აყოვნებდა, რომ ნუგზარ არაგვის ერისთავი დავით მეფეს განდგომოდა. დავითმა მოახერხა თავნება ერისთავის დამორჩილება და მძევლად მისი შვილი წაიყვანა. მაგრამ ამის შემდეგ დავითს დიდხანს აღარ უცოცხლია. 21 ოქტომბერს ის გარდაიცვალა.

დავითმა სპარსულიდან თარგმნა ,,ქილილა და დამანა''-ს დასაწყისი ნაწილი.

 

ლიტ.: გ. ჯამბურია, ირან-ოსმალეთის ახალი ომი და ქართლ-კახეთის სამეფოები, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები. წგნ. IV, თბ., 1967.

პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტ. I, თბ., 1991.

ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

 

კონსტანტინე I

კახეთის მეფე 1605 წელს. ძე ალექსანდრე II-ის და თინათინ დედოფლის.

იგი 7 წლის იყო, როდესაც ირანში წაიყვანეს მძევლად და იქ გაამაჰმადიანეს. 1605 წლის დასაწყისში შაჰ აბასმა მასთან მყოფი ალექსანდრე კახეთის მეფე საქართველოში გამოუშვა და თან გასპარსებული შვილი – კონსტანტინე მირზა გამოაყოლა. შვილს საიდუმლო დავალება ჰქონდა – მოეკლა მამა თუკი ეს უკანასკნელი შაჰის საწინააღმდეგო ნაბიჯს გადადგამდა. ალექსანდრე და კონსტანტინე კახეთში მარტის დასაწყისში მოვიდნენ. შაჰის ბრძანებით კახეთის მეფეს შირვანზე უნდა ელაშქრა და გამარჯვების შემთხვევაში იქ კონსტანტინე უნდა დაესვათ. ამავე დროს, კახეთში რუსეთის ელჩები იმყოფებოდნენ და კახთ ბატონს შამხალზე სალაშქროდ აგულიანებდნენ. 12 მარტს კონსტანტინე თავისი მხლებლებით მამას ეწვია. გაიმართა თათბირი, რომლის დროსაც კონსტანტინემ ყიზილბაშებს მოაკვლევინა მამა და ძმა. ამის შემდეგ მან თავი მეფედ გამოაცხადა.

ცხადია, მამისა და ძმის მკვლელს კახელები ვერ იგუებდნენ, მაგრამ ჯერ ამისი დრო არ იყო და მათაც მოჩვენებითი ერთგულება დაანახვეს კონსტანტინე მირზას. სულ მალე კონსტანტინე კახელებისა და ყიზილბაშების გაერთიანებული ჯარით შარვანისკენ დაიძრა და შემახას შემოადგა. ქალაქის აღება ვერ მოხერხდა. ქართველებმა გადაწყვიტეს ამით ესარგებლათ და ღამით კონსტანტინეს კარავში შეიჭრნენ, მამის მკვლელმა გაქცევით უშველა თავს და შაჰ აბასს დახმარება სთხოვა. ირანის მბრძანებელი ამ დროს ოსმალებთან გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებოდა და კახეთის საქმეების მოსაგვარებლად არ ეცალა.

კონსტანტინემ გადაწყვიტა საკუთარი ძალებით დაემორჩილებინა კახეთი და დიდი ჯარი დაიქირავა. დავით მეფის ქვრივმა, ქეთევან დედოფალმა დახმარებისათვის ქართლის მეფე გიორგი X-ს მიმართა. ამ უკანასკნელმაც ზემო ქართლის ჯარი გამოუგზავნა კახელებს პაპუნა ამილახვრის სარდლობით.

გადამწყვეტი ბრძოლა 22 ოქტომბერს მოხდა ბელაქანის წყალზე. ქართველებმა დავით ჯანდიერისა და ბებურ ვაჩნაძის მეთაურობით დაამარცხეს მტერი. რენეგატი კონსტანტინე ბრძოლის ველზე მოკლეს.

 

ლიტ.: გ. ჯამბურია, ირან-ოსმალეთის ახალი ომი და ქართლ-კახეთის სამეფოები, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები. წგნ. IV, თბ., 1967.

ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

 

თეიმურაზ I

კახეთის მეფე 1606-1648 წლებში, ქართლ-კახეთის მეფე 1625-1632 წლებში. დავით I-სა და ქეთევან დედოფლის ძე (ქეთევან დედოფალი, ასული აშოთან მუხრან ბატონის, უდიდესი გავლენითა და ავტორიტეტით სარგებლობდა ხალხში. თეიმურაზის მეფობის პირველ წლებში ფაქტიურად იგი განაგებდა სამეფოს. 1624 წლის 12 სექტემბერს შაჰ აბასის ბრძანებით აწამეს, მაგრამ ქრისტიანობაზე უარი ვერ ათქმევინეს. ქართულმა ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმიდანად აღიარა). დაიბადა 1589 წელს. 1606 წლის გაზაფხულზე გახდა კახეთის მეფე. სამეფოს მართვა-გამგეობაში აქტიურად მონაწილეობდა მისი დედა. შემახის ციხესთან ალყად მდგომმა შაჰ აბასმა თავისთან იხმო თეიმურაზი. მაგრამ ახალგაზრდა კახთ ბატონი არ ეახლა მრისხანე მბრძანებელს. სამაგიეროდ მასთან გამოცხადდა ქეთევან დედოფალი 1000 კაციანი რაზმით. შაჰ აბასმა წყენა არ შეიმჩნია, დედოფალი დაასაჩუქრა და უკან გამოაბრუნა. 1612 წელს ირანის მბრძანებელმა თავისთან დაიბარა თეიმურაზი და ქართლის მეფე ლუარსაბი, ვითომდა სანადიროდ. მეფეები არ წავიდნენ შაჰთან. პირიქით, შეთანხმდნენ ერთობლივად ემოქმედათ მტრის წინააღმდეგ.

1613 წელს აბასი კახეთისაკენ დაიძრა. განჯაში მცირე ხნით შეყოვნებულმა თეიმურაზს მძევლები სთხოვა. კახეთის მეფე იძულებული გახდა ჯერ უმცროსი ძე ალექსანდრე და ქეთევან დედოფალი გაეგზავნა, შემდეგ კი უფროსი ვაჟი ლევანიც. შაჰმა თავად თეიმურაზიც დაიბარა, მაგრამ ეს უკანასკნელი არ ეახლა.

1614 წელს ყიზილბაშები კახეთში შეიჭრნენ. ბრძოლა გაიმართა ჟალეთის მახლობლად. ალყაში მოქცეული კახელები თავგანწირვით ეკვეთნენ მტერს და მეფე სამშვიდობოს გაიყვანეს. მუხრანთან თეიმურაზი ლუარსაბს შეხვდა და მეფეებმა იმერეთს შეაფარეს თავი.

1615 წლის 15 სექტემბერს დავით ჯანდიერის მეთაურობით კახეთში აჯანყება დაიწყო. თეიმურაზი დაბრუნდა კახეთში და ბრძოლას ჩაუდგა სათავეში. შაჰ აბასმა დამსჯელი რაზმი გამოგზავნა ალი ყული-ხანის სარდლობით. წიწამურთან გამართულ ბრძოლაში 5 000 ქართველმა თეიმურაზის მეთაურობით სასტიკი მარცხი აგემა სამჯერ უფრო რიცხვმრავალ მტერს. ალი ყული-ხანის არმია განადგურებულ იქნა. ეს იყო შაჰის პირველი სერიოზული მარცხი საქართველოში.

1616 წელს შაჰ აბასი თავად წამოუძღვა ყიზილბაშთა ურდოებს, ურჩი კახელების დასასჯელად. თეიმურაზი მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა და კვლავ დასავლეთ საქართველოში გადავიდა.

1618 წელს ოსმალეთმა შეტევა დაიწყო ირანის წინააღმდეგ. ხალილ-ფაშას ლაშქრის მეწინავე რაზმში იმყოფებოდა თეიმურაზი თავისი ამალით. კახეთის მეფეს იმედი ჰქონდა რომ გამარჯვებული სულთანი მას კახეთს დაუბრუნებდა. მაგრამ ოსმალთა ლაშქრობა წარუმატებელი აღმოჩნდა. თეიმურაზი მაინც არ ურიგდებოდა ბედს. მან რამდენიმეჯერ გააგზავნა ელჩობა რუსეთში (1618, 1624 წწ.) დახმარების სათხოვნელად. თუმცა შორეული ჩრდილოეთიდან რეალური დახმარების გაწევას არ ჩქარობდნენ.

1625 წლის 25 მარტის, მარტყოფის აჯანყების მერე გიორგი სააკაძემ ელჩები გაუგზავნა გონიოს ციხეში მყოფ თეიმურაზს და ის გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფედ მოიწვია. იმავე წლის 1 ივლისს, მარაბდის ბრძოლაში სწორედ თეიმურაზი სარდლობდა ქართველთა ლაშქარს. ყიზილბაშებმა ვერ გაუძლეს შეტევას და აირივნენ, მათი ნაწილი უკუიქცა. ცოტაც და ქართველები კიდევ ერთ გამარჯვებას მოიპოვებდნენ, მაგრამ ამ დროს ირანელებს დამხმარე ძალა მოუვიდათ აზერბაიჯანის ბეგლარ-ბეგის შაჰბენდე-ხანის მეთაურობით. მარაბდის ველზე 9 000 ქართველი დაეცა. არც გამარჯვებულ ყიზილბაშებს ადგათ კარგი დღე, მათ 14 000 კაცი დაკარგეს.

შაჰ აბასი მიხვდა, რომ ძალით ვერაფერს გააწყობდა და გადაწყვიტა ციხე შიგნიდან გაეტეხა. მალე უთანხმოება ჩამოვარდა მეფესა და გიორგი სააკაძეს შორის. არავინ აღმოჩნდა, ვინც მათ შეარიგებდა და 1626 წლის შემოდგომაზე, ბაზალეთის ტბასთან ქართველები ერთმანეთს შეებრძოლნენ. თეიმურაზმა გაიმარჯვა. ამაში მას დიდი დახმარება გაუწია ზურაბ არაგვის ერისთავმა.

1626-1629 წლებში ევროპაში იმყოფებოდა თეიმურაზის ელჩი ნიკიფორე ირბახი (ჩოლოყაშვილი). ის შეხვდა ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ს, რომის პაპ ურბან VIII-ს. მაგრამ რეალური დახმარება არც დასავლეთიდან ჩანდა. ნიკიფორეს ინიციატივით 1629 წელს იტალიაში დაისტამბა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი – ქართულ-იტალიური ლექსიკონი.

შაჰ აბასის გარდაცვალების მერე (1629 წ.) თეიმურაზმა დაიწყო საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება. მან ჯერ ზურაბ ერისთავს მოაკვლევინა სიმონ-ხანი, ხოლო შემდეგ არც თავად არაგვის ერისთავი დაინდო. 1632 წელს თეიმურაზ I-მა, დაუდ-ხან უნდილაძესთან ერთად განჯა-ყარაბაღი მოარბია. ეს ირანის წინააღმდეგ ფაქტიურად ომის დაწყებას ნიშნავდა და ასევე აღიქვა ეს შაჰ-სეფიმ. მისი ბრძანებით ქართლის ვალად როსტომ-ხანი დაინიშნა, კახეთი კი სელიმ ხანს მისცა.

1633 წელს როსტომი ქართლში მოვიდა. თეიმურაზმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხა და იმერეთში შეაფარა თავი, თავის სიძე ალექსანდრე III-თან.

1634 წელს, ზაალ არაგვის ერისთავის დახმარებით, თეიმურაზმა ქართლის დაბრუნება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. სამაგიეროდ მან მოახერხა სელიმ-ხანის განდევნა და კახეთში გამეფება.

1635 წელს თეიმურაზმა მორიგი ელჩობა გაგზავნა რუსეთში.

1639 წელს კახეთის მეფემ ,,ფიცის წიგნი'' განაახლა და რუსეთის ერთგულებაზე დაიფიცა. მიუხედავად ამისა რუსეთიდან დახმარება მაინც არ ჩანდა.

1642 წელს როსტომ-ხანის წინააღმდეგ დიდი შეთქმულება მოეწყო. მასში მონაწილეობდნენ: ზაალ არაგვის ერისთავი, ნოდარ ციციშვილი, იოთამ ამილახორი, კათოლიკოსი ევდემონ დიასამიძე და სხვები. შეთქმულება გაცემული იქნა და ჯარით მეტეხს მოსული კახთა ბატონი იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო.

1648 წელს ,,გურჯისტანის ვალმა'' ქართლისა და ყიზილბაშთა გაერთიანებული ჯარით კახეთს ილაშქრა. მაღაროსთან ბრძოლაში კახელები დამარცხდნენ, დაიღუპა თეიმურაზის ვაჟი დავითი. კახეთის მეფე ყველამ მიატოვა და როსტომს თითქოს არ უნდა გასჭირვებოდა მოწინააღმდეგის დაპატიმრება. მაგრამ მან ,,სულგრძელობა'' გამოიჩინა და საშუალება მისცა თეიმურაზს იმერეთში გადასულიყო. სანამ თეიმურაზი თავისუფალი იყო და სანამ შაჰი ყოველთვის მისი აჯანყების მოლოდინში უნდა ყოფილიყო, ირანის სამეფო კარი შედარებით თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევდა როსტომს. როგორც კი თეიმურაზი ყიზილბაშებს ჩაუვარდებოდა ხელში, შაჰი მაშინვე შეზღუდავდა როსტომის უფლებებს. სწორედ ამ მიზეზით არ შეიპყრო როსტომ-ხანმა თეიმურაზი.

იმერეთში გახიზნული კახეთის მეფე ბრძოლას არ წყვეტდა და მოკავშირეებს ეძებდა. 1653 წელს მან რუსეთში გაგზავნა თავისი ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი მემკვიდრე, შვილიშვილი, ერეკლე. 1658 წელს მეფე თავად გაემგზავრა ჩრდილოეთში. სამწუხაროდ, კვლავ უშედეგო იყო მისი ცდები, მიეღო დახმარება.

1661 წელს იმერეთში დაბრუნებული თეიმურაზი ბერად აღიკვეცა და სკანდეს ციხეში განმარტოვდა, როდესაც ვახტანგ V-მ იმერეთში ილაშქარა, მას ხელში ჩაუვარდა თეიმურაზი. მთელი ცხოვრება ყიზილბაშების წინააღმდეგ მებრძოლი მეფე, ბოლოს ირანში აღმოჩნდა. მაჰმადიანობის მიღებაზე უარის მერე, მცხოვანი მეფე ასტარაბადის ციხეში გამოკეტეს. 1663 წელს, 74 წლის მეფე გარდაიცვალა. ქართველებმა მისი ნეშტი ჩამოასვენეს და ალავერდის ტაძარში დაკრძალეს.

თეიმურაზ I-მა დიდი პოეტური მემკვიდრეობა დატოვა. მის კალამს ეკუთვის პოემები – ,,წამება ქეთევან დედოფლისა'', ,,გაბაასება გაზაფხულისა და შემოდგომისა'', ,,გაბაასება ბაგისა და ღვინისა'', ,,მაჯამა'', ,,თამარის სახე დავით გარეჯას'', ,,გრემის სასახლე'' და სხვა.

სპარსულიდან გადმოაქართულა: ,,ვარდბულბულიანი'', ,,ლეილმაჯნუნიანი'', ,,იოსებ ზილიხანიანი'' და სხვა.

 

ლიტ.: გ. ჯამბურია, საქართველოს პოლიტიკური ვითარება XVII ს. 30-90-იან წლებში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. IV, თბ., 1967.

ნ. ნაკაშიძე, წიწამურიდან ბახტრიონამდე, თბ., 1977.

ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

 

არჩილ II

კახეთის მეფე 1664-1675 წლებში; იმერეთის მეფე 1661-63, 1678-79, 1690-91, 1695-96 წ.წ. ვახტანგ V-ისა და დედოფალ როდამ ბარათაშვილის ძე. დაიბადა 1647 წელს.

ქართლის ბაგრატიონთა ერთადერთი წარმომადგენელი კახეთის ტახტზე, რომელიც დაიკავა 1664 წელს, მას შემდეგ რაც გამაჰმადიანდა და იწოდა შაჰ-ნაზარ-ხანად. (მანამდე 1661-63 წ.წ. იყო იმერეთის მეფე). არჩილი თითქმის ყველაფერში თავის მამას ემორჩილებოდა, თუმცა კახეთი ამ დროს კვლავ დამოუკიდებელი სამეფოა. მისი მეფობის დროს ქვეყანა ეკონომიურად მოღონიერდა. განახლდა ეკლესიები, აიგო მრავალი საერთო დანიშნულების შენობა-ნაგებობა. ნაწილობრივ მოხერხდა ლეკთა თარეშის შეჩერება.

კახელი თავადები არჩილს მაინც ,,უკანონო'' მეფედ მიიჩნევდნენ და თვალი თეიმურაზ I-ის შვილიშვილისაკენ, ერეკლე ბატონიშვილისკენ ეჭირათ. 1674 წელს ერეკლე რუსეთიდან კახეთში დაბრუნდა. არჩილმა პატივით მიიღო ცოლის ძმა. მალე ერეკლე ირანში გაემგზავრა. არჩილი დარწმუნებული იყო, რომ შაჰი კახეთის მეფობას ერეკლეს დაუმტკიცებდა. ამის გამო მან 1675 წელს, მამის უკითხავად, მიატოვა კახეთი და იმერეთში გადავიდა. არჩილმა ამის შემდეგაც, რამდენჯერმე სცადა იმერეთის ტახტის დაკავება (1678-79, 1690-91, 1695-96, 1698), მაგრამ ვერც ერთხელ ვერ შესძლო მისი მტკიცედ დაუფლება.

1682-88 წლებში არჩილი რუსეთში იმყოფებოდა და ცდილობდა რეალური დახმარების მიღებას, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა.

1699 წელს არჩილი საბოლოოდ წავიდა რუსეთში და დასახლდა მოსკოვის მახლობლად სოფელ ვსესვიატსკოეში. 1700 წელს პეტრე I-მა არჩილს მამულები უბოძა. ასე ჩაეყარა საფუძველი ქართველთა სათვისტომოს რუსეთში. 1705 წელს არჩილის მიერ დაარსებულ ქართულ სტამბაში დაიბეჭდა ,,დავითნი'', გარდაიცვალა არჩილი 1713 წლის 16 აპრილს მოსკოვში. დაკრძალულია დონის მონასტერში.

არჩილ II-მ დიდი პოეტური მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მისი უმთავრესი ნაწარმოებია ,,გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა''. მის კალამს ეკუთვნის სხვა ნაწარმოებებიც: ,,გაბაასება კაცისა და სოფლისა'', ,,საქართველოს ზნეობანი'', ,,ლექსნი ასეულნი'', ,,ლექსნი'', ,,ასდაათნი'', ,,კაცს უთხარ'', ,,იამბიკო ლექსები'', ,,სამიჯნურონი''. მანვე თარგმნა რამდენიმე ნაწარმოები რუსულიდან, გალექსა ,,ვისრამიანის'' ნაწილი.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ნ. ასათიანი, კახეთი არჩილ II მეფობის დროს, თბ., 1984.

გ. ჯამბურია, საქართველოს პოლიტიკური ვითარება XVII ს-ის 30-90-იან წლებში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

კ. კეკელიძე, ალ. ბარამიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, თბ., 1963.

 

დავით II (იმამ-ყული ხანი)

კახეთის მეფე 1709-1722 წლებში, ერეკლე I-სა და დედოფალ ანა ჩოლოყაშვილის ძე.

1703 წლიდან, როცა მისი მამა კახეთის მეფედ დანიშნეს მაგრამ ირანშივე დატოვეს ყულარაღასად, სამეფოს გამგებელია (ჯანიშინი).

1706 წელს ილაშქრა ჭარ-ბელაქანში, მაგრამ მარცხი იწვნია.

ლეკების შემოსევების გაძლიერების გამო იძულებული გახდა, რეზიდენცია ყარაღაჯიდან თელავში გადმოეტანა (ზაფხულობით მაღაროში იმყოფებოდა).

1709 წელს ერეკლე I გარდაიცვალა და დავითი ირანში დაიბარეს მეფობის მისაღებად. იმამ-ყული ხანი 1715 წლამდე დარჩა ირანში. მისი არყოფნის დროს კახეთს განაგებდა ერეკლე I-ის უმცროსი ვაჟი თეიმურაზ ბატონიშვილი. ირანიდან დაბრუნებულმა დავითმა, ქართლის მმართველ იესესთან ერთად, კიდევ ერთხელ ილაშქრა ლეკთა წინააღმდეგ და კვლავ დამარცხდა. იმამ-ყული ხანის მეფობის პერიოდში დაიწყო ლეკთა მასიური ჩამოსახლება კახეთში, რასაც ზედ დაერთო ადგილობრივი გლეხების გადასვლა მათ მხარეზე, ანუ ,,გალეკება''. (ამ გზით ცდილობდნენ გლეხები ბატონყმური უღლისაგან თავის დაღწევას).

1719 წელს დეკემბერში დავით II შეხვდა ვახტანგ VI-ს საფურცლეში. მეფეებმა მოილაპარაკეს, რომ ერთობლივად ელაშქრათ დაღესტნელთა წინააღმდეგ.

1720 წლის გაზაფხულზე ვახტანგ VI-მ კახეთში გააგზავნა ქართლის მოწინავე სადროშოს (საბარათიანოს) ლაშქარი. მიუხედავად მიღებული დახმარებისა კახეთის მეფემ მაინც ვერ გაბედა ლაშქრობის დაწყება და ქართლის ჯარი სამთვიანი ლოდინის მერე უკან გამობრუნდა.

1722 წელს იმამ-ყული ხანი გარდაიცვალა. დაკრძალულია ირანის ქალაქ ყუმში.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ლ. ტუხაშვილი, პოლიტიკური ვითარება XVIII ს-ის პირველ ოცეულში, სინ. ტ. IV, თბ. 1973.

 

კონსტანტინე II (მაჰმად-ყული ხანი)

კახეთის მეფე 1722-1732 წლებში. ერეკლე I-ის შვილი, ნაშობი მხევლისაგან. 1722 წელს იმამ-ყული ხანის გარდაცვალების მერე გახდა კახეთის მეფე.

1723 წელს ირანის შაჰმა თამაზმა, ვახტანგ VI-ის გადაყენების მერე, ქართლის ტახტიც უბოძა მაჰმად-ყული ხანს. 4 მაისს კონტანტინემ ლეკთა დაქირავებული ჯარით აიღო თბილისი, მაგრამ სულ რაღაც ერთი თვის მერე ქალაქი ოსმალებმა აიღეს. მათ ქართლის მმართველად ბაქარ ვახტანგის ძე დანიშნეს, კონსტანტინე კი შეიპყრეს. კახეთის მეფემ გაქცევა მოახერხა და სათავეში ჩაუდგა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლას.

1724 წლის სექტემბერში ატენთან გაიმართა სისხლისმღვრელი ბრძოლა ქართველებსა და ოსმალებს შორის. კონსტანტინეს მომხრეებმა მარცხი იწვნიეს. ერთი წლის მერე 1725 წელს კონსტანტინე კვლავ შეებრძოლა ოსმალებს და კვლავ დამარცხდა. კახეთის მეფემ თავი ფშავს შეაფარა. იმავე წელს კახელებმა ლეკები განდევნეს და გახიზნული მეფე თელავში დაბრუნდა. მართალია ოსმალებმა კახეთის დაპყრობა ვერ მოახერხეს, მაგრამ არც კონსტანტინეს მდგომარეობა იყო სახარბიელო. მალე კონსტანტინე ისლამის სუნიტური მრწამსის მიმდევარი გახდა (მანამდე შიიტი იყო) და ოსმალებს დაეზავა.

1730 წელს ოსმალებმა და კახელებმა ჭარელები დაამარცხეს. ორივე მხარე ხვდებოდა, რომ ზავი დროებითი იყო და ბრძოლისათვის ემზადებოდნენ. 1731 წელს კონსტანტიმემ ხევისა და ხევსურეთის დაჭერა სცადა, მაგრამ უშედეგოდ.

1732 წელს იუსუფ ფაშამ კახეთის მეფე მოსალაპარაკებლად მიიწვია და ღალატით მოკლა.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ. IV, თბ., 1973.

დ. მეგრელიძე, ბრძოლა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ, სინ. ტ. VI, თბ., 1973.

 

ერეკლე II

კახეთის მეფე 1744-1762 წლებში; ქართლ-კახეთის მეფე 1762-1798 წლებში. თეიმურაზ II-ისა და თამარ დედოფლის (ვახტანგ VI ასული) შვილი. დაიბადა 1720 წლის 7 ნოემბერს.

პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ლეკთა მარბიელი რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში უსარდლა ჯარს. 1737-1739 წლებში იმყოფებოდა ნადირ შაჰთან და მონაწილეობა მიიღო ინდოეთზე ლაშქრობაში.

1744 წლიდან კახეთის მეფეა ქრისტიანული სარწმუნოებით. 1747 წელს თეიმურაზ II ირანში წავიდა. წასვლის წინ მან ქართლი ერეკლესა და აბდულა-ბეგს (იესეს ძეს) ჩააბარა. აბდულა-ბეგმა ერეკლეს ბრძოლა დაუწყო. კახთ ბატონმა მოახერხა მოწინააღმდეგის დამარცხება. 1748 წელს ერეკლემ თბილისი აიღო და იქ ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა. 1749 წელს თეიმურაზი ქართლში დაბრუნდა. მართალია, ქართლი და კახეთი დამოუკიდებელი სამეფოები იყო, მაგრამ მამა-შვილი შეთანხმებულ პოლიტიკას ატარებდნენ და ფაქტიურად აღმოსავლეთ საქართველო ერთიანი იყო. იმავე წლის შემოდგომაზე, თეიმურაზსა და ერეკლეს თარაქამების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა ერევნის ხანმა. ქართველებმა გაიმარჯვეს ბრძოლაში და ერევნის სახანო ქართლ-კახეთის მფარველობაში შევიდა. მალე ანალოგიური ნაბიჯი გადადგა ნახიჩევანის სახანომაც.

1750 წელს თეიმურაზმა და ერეკლემ დაამარცხეს ყარაბაღის მმართველი ფანა-ხანი. 1751 წელს ქართლისა და კახეთის გაერთიანებული ჯარი ჭარის დასამორჩილებლად დაიძრა. 15 თებერვალს მდ. აგირჩაის ნაპირზე ქართველები დამარცხდნენ, გამარჯვება შაქის ხანს აჯი-ჩელებს დარჩა. იმავე წლის ივლისში, ყირბულახთან, ერეკლემ 3 000 კაციანი ლაშქრით დაამარცხა აზატ-ხანის 18 000 ჯარი. აზატ-ხანი, რომელიც ირანის შაჰობასაც კი უმიზნებდა, იძულებული გახდა ზავი დაედო ერეკლესთან.

1752 წელს, განჯასთან ბრძოლაში ქართველები კვლავ დამარცხდნენ. ამ მარცხმა თეიმურაზისა და ერეკლეს ავტორიტეტი შეარყია. ამიერკავკასიაში მათი პირველობა საეჭვო გახდა. საჭირო იყო სასწრაფო გადამწყვეტი ღონისძიებების გატარება. სამთვიანი მზადების შემდეგ 1752 წლის 1 სექტემბერს თულქითაფასთან ბრძოლაში ერეკლემ სასტიკი მარცხი აგემა აჯი-ჩალაბს, მისი ლაშქარი მთლიანად განადგურებული იქნა. ერეკლემ და თეიმურაზმა კვლავ აღადგინეს თავისი გავლენა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაზე.

მალე ქართლისა და კახეთის სამეფოებს ახალი საფრთხე დაემუქრათ. გააქტიურდნენ ლეკები, რომლებიც უფრო და უფრო აძლიერებდნენ თავის მარბიელ ლაშქრობებს. 1754 წელს ხუნძახის ბატონი, ნურსალ-ბეგი დიდი ჯარით შემოიჭრა ქართლში. მჭადიჯვართან ბრძოლაში ერეკლემ დაამარცხა მოწინააღმდეგე. 1755 წელს ნურსალ-ბეგმა კახეთიდან სცადა შემოჭრა და ყვარლის ციხეს შემოარტყა ალყა. ერეკლე ამჯერადაც გამარჯვებული გამოვიდა ბრძოლიდან.

1756-1757 წწ. ლეკებმა რამდენჯერმე ილაშქრეს ქართლ-კახეთში, მაგრამ ყოველთვის დამარცხებულები ბრუნდებოდნენ უკან.

1758 წელს, თეიმურაზ II-მ, ერეკლე II-მ და სოლომონ I-მა ხელშეკრულება დადეს ურთიერთდახმარების შესახებ.

1759 წელს ლეკთა 8 000-იანი ჯარი, კოხტა ბელადისა და ჩონჩოლ-მუსას მეთაურობით, გადმოვიდა საქართველოში ს. ატოცთან და დვანის ციხესთან ერეკლემ მარცხი აგემა მტერს. ამ ბრძოლაში ქართლისა და კახეთის მეფეებს, სოლომონ I ეხმარებოდა.

1762 წელს პეტერბურგში გარდაიცვალა თეიმურაზ II. ქართლის სამეფო მემკვიდრეობით ერეკლე II-ს ეკუთვნოდა და მანაც ორივე სამეფო გააერთიანა. ამ დროიდან მოყოლებული ერეკლე გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფეა. ქართლის თავადების ნაწილი ერეკლეს წინააღმდეგი იყო და მათ შეთქმულების მოწყობა განიზრახეს. ქართლის მეფედ, მათ ვახტანგ VI-ს უკანონო შვილი პაატა უნდოდათ. 1765 წელს ერეკლემ შეიტყო შეთქმულების შესახებ და მოწინააღმდეგეები სასტიკად დასაჯა. იმავე წელს ერეკლე II-მ გამოსცა ბრძანება, რომლითაც – ტყვეობიდან თავისით თავდახსნილი გლეხი თავისუფალი ხდებოდა და ბატონს მასზე ხელი აღარ მიუწვდებოდა.

1768 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის მორიგი ომი. ერეკლე II-მ (ისევე, როგორც სოლომონმა) გადაწყვიტა ჩაბმულიყო ომში, რუსეთის მხარეზე თუკი ეს უკანასკნელი დამხმარე ჯარს გამოაგზავნიდა საქართველოში. 1770 წლის აპრილში ერეკლე (7 000 კაცით) და ტოტლებენი (1 200 კაცით) ახალციხისკენ დაიძრნენ. მაგრამ 19 აპრილს, აწყურის ციხესთან, ტოტლებენმა მიატოვა ერეკლე და უკან დაბრუნდა ქართლში. ერეკლეს მარტოს მოუწია მტრის წინააღმდეგ ბრძოლა. 20 აპრილს ქართველებმა ასპინძასთან სასტიკად დაამარცხეს თურქეთის ჯარი. ტოტლებენის ღალატის გამო ერეკლე იძულებული იყო უკან დაბრუნებულიყო და შეეწყვიტა წარმატებით დაწყებული ლაშქრობა.

1771 წელს ერეკლემ ხერთვისის ციხე აიღო.

1772 წელს ერეკლე II-მ ელჩობა გაგზავნა რუსეთში, ანტონ I კათოლიკოსისა და თავისი ვაჟის – ლევანის მეთაურობით. (ელჩები 1772 წელს დაბრუნდნენ საქართველოში).

1773 წელს ერეკლე II-მ და სოლომონ I-მა აღადგინეს ურთიერთშორის დადებული ხელშეკრულება.

1774 წელს ერეკლემ გამოსცა ბრძანება, ,,მორიგე ჯარის'' დაწესების შესახებ. ამან საშუალება მისცა მეფეს, ყოველთვის მზად ჰყოლოდა 5 000 მოლაშქრე.

1778 წელს, ქართლ-კახეთის მეფემ განჯის მმართველი – ფათ ალი-ხანი დაამარცხა სასტიკად.

1779-1780 წლებში, ერეკლეს რამდენიმეჯერ მოუწია ლაშქრობა ერევნის სახანოს დასამორჩილებლად.

1782 წლის 21 დეკემბერს ერეკლე II-მ ოფიციალური თხოვნით მიმართა რუსეთის საიმპერატორო კარს, ქართლ-კახეთის სამეფოს მფარველობაში მიღების შესახებ.

1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკში ხელი მოეწერა ტრაქტატს, რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის. 2 ნოემბერს თბილისში რუსეთის ორი ბატალიონი შემოვიდა.

1784 წელს ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ჯარმა ჭარს შეუტია და ლეკები დაამარცხა.

1785 წლის სექტემბერში, ავარიის მმართველმა ომარ-ხანმა 20 000 ჯარით ქართლ-კახეთი დალაშქრა. ერეკლემ ვერ შესძლო სათანადო წინააღმდეგობა გაეწია მტრისათვის და იძულებული გახდა, ომარ-ხანისათვის ფული გადაეხადა, რათა ამ გზით დაეხსნა თავი მისი შემოსევებისაგან.

1786 წელს ერეკლემ სამშვიდობო ხელშეკრულება დადო ახალციხის ფაშა სულეიმანთან. იმავე წელს 18 დეკემბერს საგარეჯოში გაიმართა დიდებულთა თათბირი, რომელზეც განხილული იყო საგარეო ორიენტაციის გადასინჯვის საკითხი. 1789 წლის იანვარში ერეკლე შეხვდა ფათ ალი-ხანს, მათ გაინაწილეს გავლენის სფეროები და გადაწყვიტეს შეთანხმებულად ემოქმედათ ერთობლივი მტრის – აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ.

1789 წელსვე ერეკლეს ესტუმრნენ იმერეთის სამეფოს წარმომადგენლები: დოსითეოს ქუთათელი, ექვთიმე გაენათელი, ზურაბ წერეთელი, სეხნია წულუკიძე და სხვები. ისინი სთხოვდნენ მეფეს იმერეთის შეერთებას ქართლ-კახეთის სამეფოსთან. მეფემ დარბაზი მოიწვია ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადასაწყვეტად. რამდენიმე დღე მიმდინარეობდა კამათი მომხრეებსა (გიორგი ბატონიშვილი, დავით ორბელიანი, ჭაბუა ორბელიანი, ანტონ კათოლიკოსი) და მოწინააღმდეგეებს (იოანე მუხრანბატონი) შორის. საბოლოოდ მეფემ განაცხადა, რომ ის ვერ შემოიერთებდა იმერეთის სამეფოს და ვერ წაართმევდა ტახტს თავის შვილიშვილს დავით არჩილის ძეს (მომავალი სოლომონ II იყო ერეკლეს ასულის ელენეს შვილი). ამ საკითხის გადაწყვეტაში მთავარი მაინც ის იყო, რომ იმერეთი თურქეთის გავლენის სფეროს წარმოადგენდა და მისი შემოერთებით ერეკლე მკვეთრად გაიუარესებდა ურთიერთობას პორტასთან (ეს ამ დროს რუსეთის, რომლის მფარველობაშიც უკვე იყო ქართლ-კახეთი, ინტერესებშიც არ შედიოდა).

1790 წელს დაიდო ,,ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული, საზოგადოსათვის შეერთებისა ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა, და გურიისა''.

1791 წელს ერეკლე II-მ შეცვალა ტახტის მემკვიდრეობის წესი. მამიდან უფროს ძეზე გადასვლის ნაცვლად, მან ბრძანა ტახტის ძმიდან ძმაზე გადასვლა.

1792 წელს ერეკლე მეფემ, თავისი ბრძანებით, შვილებს დაუნაწილა სამეფო ქონება და გამოუყო საუფლისწულოები.

1795 წლის ივნისში ქართველთა ჯარმა (ალექსანდრე ბატონიშვილის სარდლობით) დაამარცხა ერევნისა და შუშის სახანოების დასამორჩილებლად გაგზავნილი აღა-მაჰმად-ხანის ლაშქარი. სექტემბრის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანი თბილისისაკენ დაიძრა. 10 სექტემბერს სოღანლუღთან ბრძოლაში ირანელები დამარცხდნენ. მაგრამ მეორე დღეს, 11 სექტემბერს, გადამწყვეტ ბრძოლაში 5 000 ქართველმა ვერ შესძლო 35 000-იანი მტრის არმიის დამარცხება. 75 წლის მეფე ბრძოლის ველიდან შვილიშვილმა, იოანე გიორგის ძემ, ძალით გაიყვანა. მარცხმა მძიმედ იმოქმედა, როგორც პირადად მეფეზე, ასევე მის სამეფოზეც.

1798 წლის 11 იანვარს ერეკლე II თელავში გარდაიცვალა. მცხოვანი მეფე სვეტიცხოველში დაკრძალეს.

 

ლიტ.: მ. დუმბაძე, ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური ვითარება XVIII ს-ის 70-80-იან წლების მიჯნაზე, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ., 1973.

პლატონ იოსელიანი, მეფობა გიორგი მეცამეტისა, თბ., 1976.

 

გიორგი XII

ქართლ-კახეთის მეფე 1798-1800 წლებში. ერეკლე II-სა და ანა დედოფლის ძე. დაიბადა 1746 წლის 10 ნოემბერს.

60-იანი წლებიდან მონაწილეობას იღებს სახელმწიფო საქმეებში. მხარი არ დაუჭირა პაატა ბატონიშვილის მომხრეთა სასტიკ დასჯას. მონაწილეობდა 1770 წელს ახალციხეზე მოწყობილ ლაშქრობაში, რომლის დროსაც ცხარე კამათი მოუვიდა ტოტლებენთან (როცა ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა ბრძოლის ველის მიტოვება). კრწანისის ბრძოლის დროს იმყოფებოდა კახეთში. ჯერ კიდევ გამეფებამდე ცუდი ურთიერთობა ჰქონდა დედინაცვალ დარეჯანთან და სხვა ბატონიშვილებთან.

1798 წელს, ტახტზე ასვლისას, გიორგი XII (პლ. იოსელიანი მას შეცდომით უწოდებს გიორგი მეცამეტეს) უკვე მძიმე ავადმყოფი იყო. გამეფების შემდეგ სცადა ბატონიშვილების დამორჩილება, მაგრამ უშედეგოდ. ცდილობდა მორიგე ჯარის აღდგენას, სომხებში მართლმადიდებლობის დანერგვას. დაიწყო სტამბის აღდგენა.

1799 წ. 26 ნოემბერს, თბილისში შემოვიდა რუსეთის ჯარის ერთი პოლკი გენერალ ლაზარევის მეთაურობით.

1800 წ. ნოემბერში ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ჯარმა სასტიკად დაამარცხა ავარიის მმართველი ომარ-ხანი.

გიორგი XII-ს მუდმივი შიში ჰქონდა, რომ მას თუ არა, მის შვილებს მოწინააღმდეგე ბატონიშვილები ტახტს წაართმევდნენ, ამის გამო დათანხმდა მეფის უფლებების უფრო მეტად შეზღუდვაზე, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო ტრაქტატით (რუსეთს მიეცა საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება), ოღონდ მეფობა დარჩენოდა მის შთამომავლობას. იმპერატორმა პავლე I-მა (1796-1801) მეფე გიორგი XII-ის თხოვნით მისი უფროსი ვაჟი დავითი ტახტის მემკვიდრედ დაამტკიცა. რუსეთს სურდა, რომ გიორგის თავად გაეუქმებინა სამეფო და ამ მიზნით დელეგაციაც კი გამოგზავნა. მაგრამ გიორგი XII მათ ჩამოსვლამდე, 1800 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია სვეტიცხოველში.

მისი ძე დავითი, რომელიც 1800 წლის თებერვალ-მაისში სამეფოს გამგებელი იყო, მეფედ დამტკიცებას ელოდა, მაგრამ რუსეთის მთავრობას თავისი მოხელეებისადმი საიდუმლო ბრძანება ჰქონდა გაცემული, არ დაეშვათ დავითის გამეფება. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ (1801 წლის 12 სექტემბერს) დავითი, ოჯახის წევრებთან ერთად რუსეთში გადაასახლეს. 1819 წელს ის პეტერბურგში გარდაიცვალა.

 

ლიტ.: პლატონ იოსელიანი, მეფობა გიორგი მეცამეტისა, თბ. 1976.

მამია დუმბაძე, ქართლ-კახეთის სახელმწიფოს გაუქმება და რუსეთთან შეერთება, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

 

 

 

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq