|
გიორგი (გია) კუჭავა სამეფო კლუბი
ისტორიკოსი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, პოლიტოლოგი და პოლიტიკოსი გიორგი (გია) კუჭავა დაიბადა 1968 წლის 30 ივნის თბილისში, საქართველო. 1993 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორია). ამავე წელს დაამთავრა თსუ-ს ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის პრესის თეორიის და პრაქტიკის განყოფილება (მეორადი ფაკულტეტი), ხოლო 2004 წელს საქართველოს დიპლომატიური აკადემია სპეციალობით საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია. 1989 წლიდან ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას. სხვადასხვა წლებში მუშაობდა შემდეგ მედია-საშუალებებში: 1989-1992 წლებში იყო შტატგარეშე კორესპონდენტი გაზეთ “Вечерний Тбилиси”, 1992-1993 წლებში გაზეთ „თბილისი“-ს შტატგარეშე კორესპონდენტი, 1993-1994 წლებში საქართველოს რადიოკომიტეტის პროგრამა „პიკის საათი“-ს პოლიტიკური მიმომხილველი (შტატგარეშე), 2004-2009 წლებში გაზეთ „ახალი 7 დღე“ პოლიტიკურ მიმომხილველად, 2010-2020 წლებში ელექტრონული გაზეთი „Caucasian and Asian citizens“ (citizens.ge), 2022 წელს „ქართულ ტვ“-ზე მიჰყავდა საავტორო გადაცემა „საქართველო და პოლიტიკური პარტიები“. გიორგი კუჭავა არის 12 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ისტორიაში, პოლიტოლოგიაში და ჟურნალისტიკაში, მათ შორის სალექციო კურსი პოლიტიკურ მეცნიერებაში უმაღლესი სასწავლებლებისთვის და თანაავტორი და კონსულტანტი სასკოლო სახელმძღვანელოსი. კითხულობდა ლექციებს საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ უნივერსიტეტში (1998-2004 წლებში) და საქართველოს დიპლომატიურ აკადემიაში (2009-2011 წლებში) შემდეგ დისციპლინებში - პოლიტიკური ჟურნალისტიკა, შესავალი პოლიტიკურ მეცნიერებაში, გეოპოლიტიკა, ქართული დიპლომატიის ისტორია, საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორია, სსრკ-ს საგარეო პოლიტიკის ისტორია. მუშაობდა საჯარო სამსახურში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიაში (1993-1995 წლები) და 1998 წლის იანვარი-ივნისი პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტში უფროს სპეციალისტად. კომიტეტიდან წამოვიდა პირადი განცხადების საფუძველზე, რადგან წინააღმდეგობაში შევიდა კომიტეტის იმჟამინდელი თავმჯდომარესთან კონსტანტინე კოკოევთან, უარი განაცხადა კომიტეტის სახელით დაეწერა პოლიტიკური დასაბუთება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონისთვის ეკონომიკური ბლოკადის მოხსნაზე და სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედებაზე. 1998-2004 წლებში იგი გახლდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის (პრეზიდენტის ადმინისტრაცია) პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების რეფერენტი. 1989 წლიდან დღემდე ეწევა აქტიურ საზოგადოებრივი და პოლიტიკურ მოღვაწეობას. 1989-1995 წლებში გახლდათ საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2020 წლიდან არის საქართველო სამეფო კლუბის წევრი. 2024 წლიდან არის ქართველთა ერთობის (ქართველ ნაციონალისტთა ერთობის) პოლიტიკური მდივანი. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში სტუმრის, საორგანიზაციო კომიტეტისა და მომხსენებლის სტატუსით
|