დეკანოზი აკაკი მელიქიძე დაიბადა 1953 წლის 27 მარტს. დაამთავრა თბილისის 117-ე საშუალო სკოლა. 1976-1980 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, როგორც თვითონ ამბობს, მღვდელობის გზა უ ფ ლ ის ნებით მოვიდა: უმაღლესი სასწავლებლის შემდეგ, იგი დაინტერესდა ღვთისმსახურებით. რა თქმა უნდა, ეს მამამაც განაპირობა, დიმიტრი მელიქიძემ - შემდგომში მეუფე კონსტანტინემ, სწორედ მისი სულისკვეთებით იქნა აღზრდილი დეკანოზი აკაკი მელიქიძე. თავდაპირველად იგი მედავითნეობას შეუდგა, რამაც ძალზე გაიტაცა.1982 წლის ბზობას, 11 აპრილს, იგი იკურთხა დიაკვნად, ხოლო იმავე წლის აგვისტოში -მღვდლად. მღვდლად იგი აკურთხა მამამ, მიტროპოლიტმა კონსტანტინემ, იტრის ყოვლადწმინდა ღვთისმსობლის მიძინების ტაძარში, თვით მიძინების დღესასწაულზე. კურთხევის დღიდან სულ მალე, 1982 წლის ნოემბერ-დეკემბერში, მამა აკაკი განწესებულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში და წლების განმავლობაში მოღვაწეობდა სოხუმის ხარების სახელობის ტაძარში. აფხაზეთში მოღვაწეობის ბოლო ხუთი წლის მანძილზე იგ ი გახლდათ სოფელ თავისუფლების ფერისცვალების ეკლესიაში, საიდანაც თბილისში დაბრუნდა აფხაზეთის ცნობილი მოვლენების გამო. 1992-1993 წლებში სოხუმს უკვე თანდათანობით ტოვებდა მოსახლეობა, რაც აფხაზეთის ომით იყო განპირობებული. თბილისში უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის კურთხევით, აკაკი მელიქიძე განწესებული იქნა მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დეკანოზის ხარისხში, ხოლო შემდეგ კი დადგინებულ იქნა ტაძრის წინამძღვარად. ამ მოვალეობას იგი დღემდე აღასრულებს.
მას ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი. მამა აკაკის ოჯახი გამორჩეულია განსაკუთრებული მადლით, სულიერი ღვაწლით და გულისხმიერებით.
პერიოდულად მამა აკაკის ქადაგებები იბეჭდებოდა ჟურნალ „ქაროზის“ ფურცლებზე, ბოლო წლებში კი, მამა აკაკის ქადაგებები გამოიცა რამდენიმე კრებულის სახით. კერძოდ, ეს კრებულია „ღმერთი სიყვარული არს“ (2007), „ჯერ არს სიმდაბლე წინაშე ღვთისა“ (2008), „საკვირველ არიან, უფალო, გზანი შენი“(2009), „დიდებაი წარუვალი მოიგოთ“(2010). ეს ქადაგებები, მორწმუნე ადამიანებისთვის წარმოადგენს მეგზურსა და დამმოძღვრელს უ ფ ლ ი ს ა კ ე ნ სავალ გზაზე.
გარდა ამისა, მამა აკაკის რუსული ენიდან თარგმნილი აქვს ანტონი სურო ჟელის წიგნი „საუბრები ლოცვებზე“(თბ. 2000), რომელიც მლოცველი ადამიანისათვის მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია.
განსაკუთრებულია მამა აკაკის მიერ აღსრულებული კვეთებულისა და ლახვრის ლოცვები, რომელთა მეშვეობითაც, ღვთის ნებითა და წყალობით, ღებულობს შვებასა და კურნებას არაერთი ადამიანი.
აღნიშნული მოღვაწეობისათვის, ღვთისა და ადამიანთა წინაშე დამსახურებისათვის 2010 წლის 5 დეკემბერს დეკანოზი აკაკი მელიქიზე დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯ ვ რ ი ს ტარების უფლებით. ამგვარად, აღინიშნა მამა აკაკის ღვაწლი უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის – ილია მეორის მიერ. ეს ჯილდო , რომელიც სასიხარულოა თითოეული მორწმუნისათვის, ამავე დროს ახალი გამარჯვებებისა და წინსვლის საწინდარია.
მამა აკაკის ღვაწლი მნიშვნელოვანია. დღესაც მრავალი ადამიანი იკურნება მისი ლოცვების მადლით.
|