საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა იოანე კრონშტადტელის სასწაულთქმედებანი

შეგონება ურწმუნოსათვის    

 

მამაჩემი არარელიგიური ადამიანი იყო და დიდი უნდობლობით ეკიდებოდა, სახელდობრ, მამა იოანე კრონშტადტელს. მის სასწაულებსა და არაჩვეულებრივ პოპულარობას  ხსნიდა ჰიპნოზური მოქმედებით, გარემომცველ ადამიანთა სიბნელითა და გაუნათლებლობით და ა.შ.

ჩვენ მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდით, მამაჩემი ადვოკატურაში მსახურობდა. იმხანად მე ოთხი წელი შემისრულდა, ერთადერთი ვაჟი ვყავდი ჩემს მშობლებს და მამის საპატივცემულოდ, მასავით სერგი მერქვა. უსაზღვროდ ვუყვარდი დედ–მამას.

კლიენტების საქმეებთან დაკავშირებით მამას ხშირად უხდებოდა პეტერბურგში ჩასვლა. ასე მოხდა ამჯერადაც – ორი დღით გაემგზავრა და, ჩვეულებისამებრ, ბინად თავის ძმასთან შეჩერდა. ძმა და რძალი ძლიერ აღელვებულები დახვდა  – ავად გახდომოდათ უმცროსი გოგონა ლენოჩკა. მძიმე სენი შეჰყროდა, და მიუხედავად მცირედი გამომჯობინებისა, მოწვეული ჰყავდათ მამა იოანე პარაკლისის ჩასატარებლად. წუთი წუთზე ელოდნენ მის მობრძანებას.

მამაჩემს გუნებაში ჩაეცინა მომლოდინეთა გულუბრყვილობაზე და სასამართლოსკენ გაეშურა, სადაც მისი კლიენტის საქმე ირჩეოდა. როდესაც ოთხი საათისათვის უკან მობრუნდა, ძმის სახლთან მარხილი და  ზღვა ხალხი შენიშნა. მიხვდა, რომ ეს ალბათ მამა იოანე იქნებოდა მოსული; ძლივს გაარღვია ხალხის ტალღა და მისაღებ ოთახში შევიდა, სადაც მამა იოანე უკვე კითხულობდა პარაკლისს. მამაჩემი მოშორებით დადგა და ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თვალყურს სახელგანთქმული სამღვდელო  პირის მოქმედებას. იგი ძალიან გააკვირვა იმ გარემოებამ, რომ მამა იოანემ სწრაფად ჩაამთავრა ლოცვების კითხვა ავადყოფ ელენეს სახელზე, მუხლებზე დაიჩოქა და გულმხურვალედ დაიწყო ლოცვა მძიმე ავადმყოფ პატარა სერგის ჯანმრთელობისათვის. დიდხანს ლოცულობდა ამ ბავშვისათვის, მერე ყველა დალოცა და წავიდა.

–ეს კაცი არანორმალურია – აღშფოთებას ვერ მალავდა მამაჩემი მისი წასვლის შემდეგ – აქ ელენეს სამკურნალოდ მოიყვანეს და მის მაგივრად ვიღაც სერგის განკურნებას სთხოვდა უფალს!

-მაგრამ ლენოჩკა ხომ ახლა თითქმის უკვე ჯანმრთელადაა – მორიდებით შენიშნა რძალმა – არ ეთმობოდა გასაკილავად მთელი ოჯახისათვის პატივცემული მოძღვარი.

მამა ღამით გამოემგზავრა მოსკოვში. შემოვიდა თუ არა სახლში, ერთბაშად გააკვირვა  ოთახებში არსებულმა უწესრიგობამ და როდესაც დედაჩემის ნატანჯი სახე დაინახა,  შეშფოთდა:

–რა მოხდა აქ ჩემს არყოფნაში?

–ჩემო ძვირფასო – უთხრა დედამ – შენი მატარებელი ალბათ ჯერ მოსკოვსაც არ იქნებოდა გაცილებული, რომ სერიოჟა გაგვიხდა ავად. სიცხემ აუწია, დაეწყო კონვულსია და ღებინება. ექიმს დავუძახეთ, მაგრამ ვერ გაერკვა დიაგნოზში და კონსილიუმის შეკრება მოითხოვა. შენთვის მინდოდა მედეპეშებინა, მაგრამ შენი ძმის მისამართი ვერ ვიპოვე. სამი ექიმი არ მოშორებია მთელი ღამე სერიოჟას ლოგინს და ბოლოს მისი მდგომარეობა უიმედოდ სცნეს. ნეტავი გაცოდინა, რა გადავიტანე!  არავის არ გვძინებია, რადგან თანდათან უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა, მე სულ გამაშეშა მისმა მდგომარეობამ.

და უეცრად, გუშინ ოთხი საათის შემდეგ, სუნთქვა დაუწყნარდა, სიცხემ დაუწია, და ჩაეძინა. მერე მთლად გამოკეთდა; ექიმებმა ვერაფერი გაიგეს, მე – მით უმეტეს. ახლა ჩვენი სერიოჟა მხოლოდ სისუსტეს გრძნობს, მაგრამ უკვე საკვებსაც ითხოვს და სათამაშოებითაც ერთობა ლოგინში.

მამაჩემი უსმენდა დედას და თანდათან უფრო და უფრო დაბლა ხრიდა თავს: აი, თურმე რომელ  მძიმე ავადმყოფ პატარა სერგისთვის ლოცულობდა გუშინ მხურვალედ მამა იოანე კრონშტადტელი!

      

                                                       მკვდრეთით აღდგინება

 

ო–ვის ცოლი, სრულიად ჯანმრთელი ქალბატონი, რომელსაც უკვე ჰყავდა სამი თუ ოთხი შვილი, ფეხმძიმედ იყო და მორიგი  ბავშვის გაჩენას ელოდებოდა. ერთბაშად რაღაც უცნაური რამ  დაემართა: ცუდად იგრძნო თავი, სიცხემ ორმოც გრადუსამდე აუწია, ძალა წაერთვა და საშინელი ტკივილები დაეწყო.

მოსკოვის საუკეთესო მეანებს უხმეს და  იოანე კრონშტადტელსაც უდეპეშეს.

მამა იოანე კარგად იცნობდა ამ ოჯახს, მოსკოვში ყოფნისას მათ სტუმრობდა ხოლმე. იგი მეორე დღესვე გაჩნდა მოსკოვში და პირდაპირ ქალის საძინებელ ოთახს მიაშურა, რომელიც გარშემორტყმული იყო მისი ნათესავებით და ახლობლებით.

ყველას უბრძანა, არავინ შეჰყოლოდა ოთახში და მარტო შევიდა მომაკვდავთან. წუთები ლამის საათებად გადაიქცა... გარეთ, მისაღებში,  ისეთი სიჩუმე იყო, როგორც აკლდამაში.

ბოლოს, როგორც იქნა, კარები გაიღო და გამოჩნდა ჭაღარა მღვდელი, ანაფორაზე გადაცმული გაცრეცილი სამღვდელო ოლარით, ლოცვითი დაძაბვისაგან  ოფლით შუბლდაცვარული და სახეაწითლებული.

უცებ გრგვინვასავით გაისმა სიტყვები, რომლებიც თითქოს სხვა სამყაროდან მოდიოდა:

„უფალმა ღმერთმა ინება სასწაულის ქმნა, სასწაულის ქმნა მკვდარი ნაყოფის აღდგინებით! ლიზა ბიჭს გააჩენს!“

 „ვერაფერსაც ვერ ვიტყვი – დამნაშავესავით თქვა ოპერაციის გასაკეთებლად მოსულმა ერთმა პროფესორთაგანმა, იოანე კრონშტადტელის გამგზავრების შემდეგ – ნაყოფი ცოცხალია, ბავშვი ინძრევა, ტემპერატურამ 36,8 ხაზამდე დაიწია. არაფერი მესმის...მე ვამტკიცებდი და კვლავაც დავიჩემებ, რომ ნაყოფი მკვდარი იყო და  დიდი ხნის დაწყებულია სისხლის მოწამვლა.“

ვერაფერი გაეგოთ მეცნიერების სხვა კორიფეებსაც, რომელთა ეტლებიც ერთმანეთის მიყოლებით ჩერდებოდნენ სადარბაზოს კარებთან. იმ ღამით ქალბატონმა ო–ვამ უმტკივნეულოდ და იოლად იმშობიარა და დაბადა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი.

 

                                              დამალული პროფესორის „აღმოჩენა“   

 

ყაზანის უნივერსიტეტის ცნობილმა პროფესორმა, ალექსანდრე ივანეს ძე ალექსანდროვმა, თავისი ახლობელი ოჯახისაგან მიიღო ბარათი, რომლითაც მას იწვედნენ პარაკლისზე, რომელიც უნდა ჩაეტარებინა მოულოდნელად ყაზანში ჩამოსულ მამა იოანე კრონშტადტელს. ეს დაპატიჟება პროფესორს დიდად არ გახარებია – რაღაც შეურაცხყოფილადაც კი იგრძნო თავი – როგორია, მისვლა და ვიღაც სასულიერო პირის პარაკლისზე დასწრება.  უეცრად, დადგენილი საათისათვის, მისმა აზრებმა სხვაგვარი მდინარება მიიღეს და გულმა გაუწია დათქმული ადგილისაკენ. მიუახლოვდა ნაცნობების სახლს, მაგრამ სადარბაზოს შესასვლელი დაკეტილი დახვდა და უკანა მხრიდან  მოუხდა  შესვლა. იქ კი ღია იყო კარებები  და ოთახებშიც არავინ ჩანდა. ალექსანდროვი მიხვდა, რომ მსახურება უკვე დაწყებულიყო და დაიძრა წინა ოთახისაკენ, სადაც მთელი ოჯახი და მათი ახლობლები შეკრებილიყვნენ, მაგრამ არ შევიდა; ყველასაგან შეუმჩნევლად ნახევრად მოღიავებულ ოთახის კარებს ამოეფარა და მიაყურადა.

მამა იოანე პარაკლისს ასრულებდა და ყველანი ჩაღრმავებულნი იყვნენ ლოცვებში. პარაკლისის შემდეგ მამა იოანე ჯვრით ხელში იდგა და მლოცველები მოდიოდნენ მასთან და რიგრიგობით ემთხვეოდნენ ჯვარს. როდესაც ყველანი  ემთხვივნენ, მამა იოანემ იქით გაიხედა, სადაც პროფესორი იდგა მოფარებულში და ხმამაღლა  მიმართა:  

–პროფესორი, პროფესორი რატომ არ მოდის?

მასპინძლებმა მიაშურეს იმ მხარეს, საითკენაც მამა იოანე იყურებოდა და იქ სახეაჭარხლებული პროფესორი დაინახეს.  

მამა იოანემ უთხრა მას:

–პროფესორო, ჯვრისა გეშინიათ? თქვენ ხომ მალე თავად მოგიწევთ სხვისთვის ჯვრის გაწვდენა საამბორებლად?

დარცხვენილი პროფესორი მისკენ მიპყრობილ უამრავ მაცქერალთა თვალწინ ემთხვია ჯვარს. მამა იოანე სულიწმინდის მადლით ხედავდა კარსუკან დამალულ პროფესორს, რომელიც უარყოფითად იყო მისდამი განწყობილი. ამას გარდა, მან მომავლის წინასწარმცნობელობაც გამოამჟღავნა – გარკვეული დროის შემდეგ პროფესორი გაშორდა მეუღლეს, მიწიერ ცხოვრებაზე ხელჩაქნეული აღიკვეცა ბერად. მოგვიანებით იგი იყო ყაზანის სასულიერო აკადემიის რექტორი და ეპისკოპოსი. მას შემდეგ იგი მამა იოანეს მიმართ უსაზღვრო ნდობით იყო განმსჭვალული. როდესაც, უკვე ეპისკოპოსობის დროს, იგი მძიმედ დაავადდა, მამა იოანეს მისწერა წერილი, სადაც თხოვდა მის ლოცვით დახმარებას გამოჯანმრთელებისათვის. რამდენიმე დღის შემდეგ მიიღო პასუხი, რომ მისი თხოვნა შესრულებულია. სწორედ ამ დღიდან დაიწყო მისი გამოჯანმრთელება. იგი გადაურჩა  სიცოცხლისათვის სახიფათო თავის დაავადებას და მთლიანად აღიდგინა შერყეული ჯანმრთელობა.

 

                                   ოფიცრისადმი მიგებული საეკლესიო პატივი

 

მსგავსი ისტორია აქვს მოთხრობილი დიდ ოპტინელ მოძღვარ ბერს – ბარსანოფის. ახალგაზრდა ოფიცერი, რომელსაც მოსკოვში მამა იოანე უნდა ენახა, კადეტთა კორპუსის ეკლესიას ესტუმრა, სადაც მამა იოანე ატარებდა მსახურებას და შევიდა საკურთხეველში. ამ დროს მამა იოანეს წმიდა ძღვენი გადაჰქონდა ტრაპეზიდან სამკვეთლოზე. უეცრად მან დადგა ბარძიმ – ფეშხუმი, მივიდა ოფიცერთან და ხელზე აკოცა. ვერავინ გაიგო, რას ნიშნავდა მისი საქციელი, ყველანი დაიბნენ, თვით ოფიცერიც უხერხულად შეიშმუშნა. მერე, დამსწრეებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ეს ალბათ რაღაც მნიშვნელოვანს  გულისხმობდა მის მომავალ ცხოვრებაში, მაგალითად იმას, რომ შეიძლებოდა გამხდარიყო სასულიერო პირი. ოფიცერს გაეცინა – მას თავში არასოდეს მოსვლია სასულიერო პირად გახდომის შესაძლებლობა. ისე კი გამოვიდა, რომ იგი არათუ სასულიერო პირი, დიდი მოძღვარი ბერი ბარსანოფი ოპტინელი აღმოჩნდა!

 

                                                 ფულადი დახმარება ვაჭრისათვის

 

ერთი ვაჭარი ცენტრალური რუსეთიდან ჩავიდა მამა იოანესთან კრონშტადტში და წირვის  შემდეგ მივიდა ჯვარზე სამთხვევად. მამა იოანეს გვერდით ხელთ ეპყრათ ლანგარი, სადაც გროვდებოდა შემოწირულება უპოვართათვის. მოულოდნელად, მამა იოანემ მოხვეტა ფული ლანგრიდან და მიაწოდა ვაჭარს. ვაჭარი უარობდა, რადგან მისი თქმით, თავისი შემოსავლების კვალობაზე, პირიქით, მოეთხოვებოდა, რომ იქით დაედო ლანგარზე შესაწირი ფული. მაგრამ მამა იოანემ დაუჟინა: „აიღე ფული, გამოგადგება!“. ვაჭარმაც, ბოლოს და ბოლოს, ვეღარ გაუბედა შეწინააღმდეგება და გამოართვა. როდესაც დაბრუნდა შინ, გაიგო, რომ მისი საწყობები დამწვარიყო და, რომ არა ფული, რომელიც მას მისცა მამა იოანემ,  სულმთლად ცარიელ–ტარიელზე რჩებოდა.

 

                                                   დამარცხებული ხოლერა

 

80–იან წლებში ხოლერა მძვინვარებდა სამხრეთ რუსეთში, განსაკუთრებით ქალაქ ნოვომოსკოვსკში. ქალაქის მცხოვრებნი ტელეგრაფით დაუკავშირდნენ მამა იოანეს, თხოვნით, ელოცა მათთვის. მიიღეს პასუხი: „ვლოცულობ თქვენთვის“. იმ დღიდან ხოლერის ეპიდემია შეწყდა.

 

                                                 ცოლის გარეშე წასული კაცი

 

ერთ ოჯახში ბავშვი დაავადდა დიფტერიტით და ექიმებმა მისი მდგომარეობა უიმედოდ სცნეს.

ამ დროს ბავშვის მშობლებმა გაიგეს, რომ  იოანე კრონშტადტელი მათი ქალაქისაკენ მოემგზავრებოდა და დადგენილ დროზე მისი მატარებელი გარკვეულ სადგურზე უნდა ჩამომდგარიყო.

ბავშვის დედამ უთხრა ქმარს, რომ წავიდოდა და  მამა იოანეს თხოვდა, ელოცა ბავშვის ჯანმრთელობისათვის. ქმარი გაუწყრა:

–სად წახვალ, ხალხის ჯგლეთაში გაგსრესავენ, მირჩევნია მე წავიდე!

–მეც წამოგყვები – თხოვდა ცოლი, მაგრამ ქმარი ვერაფრით ვერ დაითანხმა

–მეც იმიტომ მივდივარ, რომ ცდა ბედის მონახევრეა, თორემ, ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ,  აბა, რისი იმედი უნდა გვქონდეს! – უფრო თავის თავს ეპასუხებოდა ქმარი.

გაჩერდა თუ არა მატარებელი,  მამა იოანე გადმოვიდა ვაგონიდან  და პირდაპირ სულთმობძავი ბავშვის მასისაკენ გასწია:

–ცოლი რატომ არ წამოიყვანე, რამდენს გეხვეწებოდა!

ბავშვის მამა იმდენად დაიბნა, რომ დაბნეულმა რაღაც ამოილუღლუღა მხოლოდ.  მამა იოანემ ცოტა კიდევ გაკიცხა და მერე დაამშვიდა:

–წადი სახლში, შენი პატარა გამოჯანმრთელდა!

მართლაც, მოვიდა სახლში და ბავშვი საღ–სალამათი დახვდა.

             

                                                           შემარიგებელი გასაჭირი

 

პეტერბურგის მკვიდრთ: ლეიბ–გვარდიის ფელდფებელ გრიგორი ჩერნუხინსა და მის მეუღლე ანას  ჰყავდათ ერთადერთი ქალიშვილი, სამწლინახევრის ანა, რომელიც თვეზე მეტი იყო უკვე მაღალი სიცხით ავადმყოფობდა. სამი ექიმი მოდიოდა ყოველდღიურად, მაგრამ  ვერ გაერკვიათ სნეულების რაობა და ბოლოს ისღა უთხრეს დამწუხრებულ მშობლებს, რომ უკვე აზრს კარგავდა წამლების მოიმედეობა: ისღა დარჩენოდათ, დალოდებოდნენ უფლის განგებულებას. ამ სიტყვებმა მეხის დაცემასავით იმოქმედა ცოლ–ქმარზე: „თავად როგორ ვერ მოვიფიქრეთ, ლოცვით მიგვემართა უფლისათვის?!“

მოულოდნელად ჩერნუხინებმა შეიტყვეს, რომ წმიდა ბარბარეს მეტოქში ხვალ არა და ზეგ იოანე კრონშტადტელი ატარებს მსახურებას. ისინი შეიპყრო დაუძლეველმა სურვილმა, მამა იოანესათვის ეთხოვათ, ელოცა მათი გოგონასათვის. მაგრამ, როგორ უნდა მოეყვანათ სისრულეში თავიანთი განაზრახი?  ამდენი ხნის თავმდგმურობით გასავათებული დედა ლოგინად იყო ჩავარდნილი, ხოლო ღამისთევებით ძალაგამოცლილი მამაც ვეღარ იდგა ფეხზე. სხვა ვინმე იყო გასაგზავნი მამა იოანესთან, სათხოვნელად. ახლომახლო არც ნათესავი ჰყავდათ და არც მეგობრები, რომ მათი თხოვნა მიეტანა მამა იოანეს ყურამდე. არცთუ მოშორებით ცხოვრობდა ჩერნუხინის თანამშრომელი, მორწმუნე ადამიანი სიმეონ სუდოროგინი, რომელსაც შეეძლო ასეთი სამსახურის გაწევა, მაგრამ მეზობლები მტრულ დამოკიდებულებაში იყვნენ და არც კი ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ღვთიურმა მადლმა შთააგონა ჩერნუხინს იმ ნაბიჯის გადადგმა,  რომელმაც  სუდოროგინთან მიიყვანა, მივიდა და თვალებზე ცრემლმომდგარმა უთხრა: „თქვენ რელიგიური ადამიანი ბრძანდებით, შედით ჩემს მდგომარეობაში, დამეხმარეთ. მხოლოდ თქვენ შემიძლია, გენდოთ, რომ  ნამდვილად შეასრულებთ ჩემს თხოვნას, მიხვალთ ეკლესიაში და ძალას არ დაიშურებთ, ჩვენი გოგონას დასახმარებლად“.   

სუდოროგინს იმდენად აუჩუყდა გული, რომ ბავშვის მამასავით მასაც აუცრემლიანდა თვალები და დაპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა მათ დასახმარებლად. ასე ექცა მტერი მოკეთედ  და სუდოროგინი მადლობდა ღმერთს ამ სასწაულებრივი შერიგებისთვის.

ეს ამბავი ხდებოდა 1901 წლის 4 დეკემბერს. სუდოროგინი დილის 5 საათზე მივიდა ეკლესიაში და სთხოვა მღვდელს, პირადად შეეხვედრებინა იგი მამა იოანესათვის, რათა მისთვის უიმედოდ სნეული გოგონასათვის ლოცვების აღვლენის თხოვნა გადაეცა. ტაძრის წინამძღვარმა ყველაფერი ჩაიწერა და დაპირდა, რომ მამა იოანეცა და ყველა სასულიერო პირი  ერთობლივად ილოცებდა ავადმყოფი გოგონა ბარბარეს გამოჯანმრთელებისათვის. და მართლაც, სუდოროგინი სმენაგაფაციცებული ისმენდა, თუ როგორ ლოცულობდა  მამა იოანე  სნეული ბავშვისათვის.

როდესაც სუდოროგინი ეკლესიიდან დაბრუნდა, ჩერნუხინებს სიხარული დაატყო სახეზე, რომლებმაც ამცნეს, რომ დილის 9 საათისათვის გოგონა გამომჯობინდა, სუნთქვა დაუმშვიდდა, სიცხემ დაუწია. ერთი საათის შემდეგ  გოგონა ჯერ სავსებით გამოცოცხლდა, შემდეგ ღრმა ძილით დაიძინა. კარგა ხანს ეძინა და გამოძინებულზე საჭმელი მოითხოვა, ერთი დღის შემდეგ ლოგინიდან ადგა, ხოლო 3–4 დღის შემდეგ უკვე ოთახებში დარბოდა. იმხანად მთელი პეტერბურგი ამ სასწაულზე ლაპარაკობდა.

 

 

                                                          შეკვეთილი წვიმა

 

თავისი მშობლიური მხარის მონახულებისას მამა იოანეს თხოვეს ელოცა წვიმის მოსაყვანად, რადგან დიდი გვალვები იდგა. მამა იოანემ პარაკლისი გადაიხადა. ჯერ არ დაემთავრებინა ლოცვა, რომ ისეთი თქეში წამოვიდა, ძლივს შეასწრეს მლოცველებმა თავთავიანთ ქოხებში.

 

                                                          მშვიდი აღსასრული

 

1894 წელს ციმბირში, ქალაქ კრასნოიარსკში, 28 წლის ახალგაზრდა ქალი, პავლა ივანოვსკაია ღვიძლის დაავადებით იწვა ლოგინში. მას თავის საწოლთან ეკიდა მამა იოანეს პორტრეტი.

ერთ დილას, 10 საათზე მან უთხრა თავის დას: „მე ვთხოვე მამა იოანეს, ლოცვით დამხმარებოდა გამოჯანმრთელებაში, მან კი მითხრა: „ჩემო  ძვირფასო, მოემზადე; შენი სულის ჩასაბარებლად ანგელოზი მოფრინავს შენსკენ!“ დას თხოვა, განებანათ და დაევარცხნათ იგი. ამ თხოვნის შესრულების შემდეგ იგი 11 საათზე მშვიდად აღესრულა.

 

                                                             ბავშვური სიხარული

 

პეტროპავლოვსკელი და კამჩატსკელი არქიეპისკოპოსი ნესტორი იგონებდა მამა იოანეზე:

ჯერ კიდევ ბავშვობაში ხშირად გაეგონა მამა იოანეს სასწაულების შესახებ და ღმერთს ევედრებოდა, რომ ოდესმე ამ დიდი წმინდანისათვის შეეხვედრებინა იგი. განგებამ ასეთი შესაძლებლობა მოუვლინა: პატარა კოლიას (ასე ერქვა მას ერში) დედა გაუხდა მძიმედ ავად და ექიმებმა მისი გადარჩენის ყველა იმედი ამოწურეს. მოულოდნელად, მამა იოანე აღმოჩნდა კოლიას ქალაქ ვიატკაში.  ბიჭუნამ პოლიცმეისტერისაგან მიიღო საშვი, რომლითაც მას შეეძლო ის სახლის სტუმრობა, სადაც მამა იოანემ დაიდო ბინა; შეაღწია მამა იოანემდე, მოუთხრო დედის უნუგეშო მდგომარეობის შესახებ და სთხოვა ლოცვითი დახმარება. მამა იოანე დათანხმდა.  კოლია სულ თან დაჰყვებოდა კუდში მამა იოანეს, რაკიღა პოლიცმეისტერისგან ნაბოძები საშვიც აძლევდა ამის უფლებას.

მეორე დღეს კოლიამ ეკიპაჟების მთელი წყება დაინახა თავის ქუჩაზე, რომლებიც მისი სახლის სიახლოვეს გაჩერდნენ. მამა იოანემ იკითხა:

 –სად ცხოვრობს აქ ბიჭუნა კოლია, დედა რომ ჰყავს ავად?

მამა იოანე შევიდა სახლში, გადაიხადა ჯანმრთელობის პარაკლისი,  შემდეგ მივიდა დედის საწოლთან, თავზე დაადო ქალს ხელი და უთხრა: „გამოჯანმრთელდები“!

მართლაც,  კოლიას დედა სავსებით გამოჯანმრთელდა.

მამა იოანეს თანხლებისას, კოლია სხვაგან  შემსწრე იყო სურათისა, ჯანმრთელობის პარაკლისის შემდეგ როგორ მივიდა მამა იოანე პატარა ავადმყოფ ბიჭუნასთან, რომელსაც მანამდე სიარული არ შეეძლო, მოჰკიდა ხელი და უთხრა: „აბა, წავიდეთ“.  როგორ  მივიდა ბავშვი მამა იოანესთან, როგორ ეამბორა ჯვარსა და სახარებას და როგორ დაიწყო სიარული. და მერე ამ სასწაულმა როგორ გააოგნა ყველა იქ დამსწრე და როგორ ტიროდა ბავშვის მამა სიხარულისაგან!    

 

          

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი თომა მალეელი
7 (20) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი თომა მალეელის (X) ხსენების დღეს.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq