რუსეთის სამეფო სახლის კანონიზაცია პრაქტიკულად განხორციელდა ორ ეტაპად: რუსეთის საზღვარგარეთულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოახდინა ნიკოლოზ მეორისა და მისი ოჯახის კანონიზაცია 1981 წელს. მოგვიანებით რუსეთის იფიციალურმა ეკლესიამ დააყენა კანონიზაციის საკითხი და 1992 წლიდან სინოდალურმა კომისიამ დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა. ოთხწლიანი კვლევა-ძიების შედეგად კომისიამ გამოიტანა შემდეგი დასკვნა: ”მრავალი ტანჯვის მიღმა, რომელიც განიცადა მეფის ოჯახმა სიცოცხლის უკანასკნელი 17 თვის მანძილზე, რაც დასრულდა ეკატერინბურგის იპატიევის სახლის სარდაფში დახვრეტით 1918 წლის 17 ივლისს, ჩვენ ვხედავთ ხალხს, რომელიც ცდილობდა საკუთარ ცხოვრებაში აღებეჭდა სახარების მცნებები. სამეფო ოჯახის მიერ გადატანილ გაჭირვებებში, პყრობილობაში გამოჩენილ მოთმინებაში, მორჩილებასა და მოწამებრივ აღსასრულში იყო გამოვლენილი ბოროტების დამთრგუნველი ქრისტიანული რწმენის ნათელი , ისევე, როგორც მან გაიბრწყინა მილიონობით ქრისტიანთა სიცოცხლესა და სიკვდილში, რომლებიც იდევნებოდნენ ქრისტესათვის XX საუკუნეში. სწორედ სამეფო სახლის ამ გმირობის გააზრებით კომისია წმიდა სინოდის მხარდაჭერით ერთსულოვნად მივიდა დასკვნამდე - ახალმოწამეთა რიგში იმპერატორ ნიკოლოზ მეორის, იმპერატრიცა ალექსანდრას, უფლისწულ ალექსის, დიდი მთავრინების - ოლღას, ტატიანას, მარიასა და ანასტასიას დაყენებისა. 2000 წლის სამღვდელმთავრო კრებაზე რუსეთის სამეფო ოჯახი წმინდანთა დასში ჩარიცხეს. 17 ივლისს რუსული მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს მოწამებრივად აღსრულებულ სამეფო ოჯახის წევრებს. |