ყრმა გაბრიელი, ვისი ხსენებაც არის 3 მაისს, დაიბადა 1684 წლის 22 მარტს სოფელ ზვერკიში, გროდნოს გუბერნიის ბელოსტოკის მაზრაში, კეთილმორწმუნე გლეხების - პეტრესა და ანასტასია გოვდელების ოჯახში. ბავშვს საგანგებოდ დაარქვეს მთავარანგელოზის - გაბრიელის სახელი. ეს იყო არაჩვეულებრივი ბავშვი - მან არ იცოდა გაბრაზება, გაღიზიანება - იყო მშვიდი, უბოროტო, თვინიერი; ყველაფერი ახარებდა და ყველაფრით კმაყოფილი იყო. ასაკთან შეუფერებლად მაღალი სულიერების მქონე ყმაწვილს დაბრძენებული კაცის გამჭრიახობა და შორსმჭვრეტელობა გამოარჩევდა. მოზრდილი ადამიანები ხშირად რჩევას ეკითხებოდნენ პატარას და მომავალზე სთხოვდნენ წინასწარმეტყველებას. გაბრიელი არამარტო დილა-საღამოობით ლოცულობდა, არამედ შეუადღისასაც ხშირად ჩაღრმავებულა ლოცვებში - მისთვის ბედნიერება იყო ეკლესიაში წასვლა და ყოველკვირა ეზიარებოდა. 1690 წლის 11 აპრილს 6 წლის გაბრიელის დედამ ქმარს სადილი წაუღო ყანაში. დგებოდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ამ დროს მოვიდა მათ ოჯახში მოიჯარე - ბავშვს მოეფერა და გაიტაცა იგი ქალაქ ბელოსტოკში, სადაც ბავშვი წამებით მოკლეს. მისი გვამი დააგდეს ტყის კორომთან, სოფელ ზვერკის ახლოს. მშიერი ძაღლები არათუ არ მიეკარნენ, არამედ იცავდნენ მტაცებელი ფრინველებისაგან. ძაღლების ყეფაზე მოცვივდნენ სოფლის მცხოვრებნი და დაადგინეს, რომ ბავშვი დაიღუპა რიტუალური მკვლელობით. ნორჩი მოწამის სხეული დიდი კრძალვით მიაბარეს მიწას ტაძრის სიახლოვეს. 1720 წელს ბელოსტოკში დაიწყო ხოლერის ეპიდემია. უამრავი ადამიანი დაიღუპა. ზვერკიში ტრადიციად იქცა ბავშვების დამარხვა გაბრიელის საფლავის სიახლოვეს, რადგან შვილების სიკვდილით გულდამძიმებული მშობლები ამ ადგილზე პოულობდნენ ხოლმე შვებას. ეპიდემიის დროს იმდენი იმარხებოდა, რომ ძველ კუბოებზე პირდაპირ ახლებს ამატებდნენ ზემოდან. ერთხელაც, როდესაც მორიგი კუბო უნდა ჩაესვენებინათ, შემთხვევით გადაიხსნა გაბრიელის განსასვენებელი და ყმაწვილის სხეული აღმოჩნდა უხრწნელი. მისი სიკვდილის შემდეგ კი გასული იყო უკვე 30 წელი. ეს წმინდა ნაწილები გადააბრძანეს ტაძარში და ეპიდემია თანდათან ჩაცხრა. ხოლო ლუსკუმასთან, სადაც ამიერიდან წმიდა ნაწილები იყო ჩასვენებული, სასწაულებრივი კურნებანი ხდებოდა. მეოთხედი საუკუნის შემდეგ კიდევ ერთი სასწაულის მხილველნი გახდნენ ბელოსტოკის მხარეში - 1746 წელს ტაძარი, სადაც დაკრძალული იყო გაბრიელი, დაიწვა, მაგრამ მისი წმიდა ნაწილები გადარჩა, ნაწილობრივ მოეწვა ხელი, მაგრამ, როდესაც წმიდა ნაწილები გადააბრძანეს მონასტერში, ხელს აღუდგა კანის საფარველი. მაშინ კი დაიძრნენ მომლოცველები გაბრიელის ლუსკუმისაკენ ყოველი კუთხიდან. ხოლო გაბრიელის დაბადების ადგილას - ზვერკიში აღდგომას იკურთხა ტაძარი 1894 წელს. 8 წელიწადში ეს ეკლესიაც დაიწვა და სასწაულებრივად ყრმა-მოწამის ხატი გადარჩა. 1820 წელს სლუცკში შედგა წმინდანის კანონიზაცია. წმიდა გაბრიელი ითვლება ბავშვების მფარველად. მას ლოცვით შეწევნას სთხოვენ ხოლმე პატარების ავადმყოფობისას. |