| ბერძენთა ხელმწიფის, მიხეილ პალეოლოგის მეფობის დროს, საბერძნეთის იმპერია შესაბრალის მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბულგარეთის მეფის წინაშე პირუმტკიცობით იმპერატორმა საკუთარი საბრძანებლის თავზე დიდი განსაცდელი მოიწია და ბულგარელთა ლაშქარმა იმპერიის მრავალი ქალაქი და სოფელი დალაშქრა. მათი თავდასხმით შევიწროებულმა იმპერატორმა რომის პაპთან გაგზავნა ელჩები და დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი მართლმადიდებლობის დატევება და რომის ეკლესიისადმი დამორჩილება აღუთქვა. მთელი დასავლეთის ხელმწიფენი დაირაზმნენ და კონსტანტინოპოლისაკენ დაიძრნენ, ,,მათი თანამოაზრის'', მიხეილ პალეოლოგის უფრო სულიერად წარსაწყმედად, ვიდრე დასახმარებლად. გზად მათ წმინდა ათონის მთაზე შეუხვიეს და იქაურ მკვიდრთა დევნა დაიწყეს. ლათინებმა დაარბიეს ივერონის და ვატოპედის მონასტრები, რომლებიც მათ მწვალებლურ აღმსარებლობას არ დამორჩილდნენ. ქართველი და ბერძენი ბერები ზოგი დახოცეს და ზოგი ტყვედ გაჰყიდეს. შემდეგ ლათინები მთის მეორე მხარეს გადავიდნენ და ზოგრაფად სახელდებულ წმინდა გიორგის ბულგარელთა მონასტერს მიადგნენ. მონასტრის იღუმენ თომას წინდაწინ ჰქონდა უწყება მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ შემდეგი სასწაულებრივი გამოცხადების მეოხებით: ზოგრაფის მონასტრის ვენახში, რომელიც მის შორიახლოს მდებარეობდა, ერთი სათნო ბერი ცხოვრობდა. ბერს სენაკში ესვენა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ყოველდღე უკმევდა და დაუჯდომელს უკითხავდა. როდესაც ღვთის მოძულე რომაელები წმინდა მთას მტრული განზრახვით თავს დაესხნენ და გემებიდან ნაპირზე გადმოვიდნენ, ბერს, რომელიც ღვთისმშობლის ხატის წინ ჩვეულებრივ ლოცვას აღავლენდა და წარმოთქვამდა: ,,გიხაროდენ'' – მოესმა წმინდა ხატიდან გამომავალი ხმა: ,,შენც გიხაროდენ, ბერო! სასწრაფოდ განეშორე აქაურობას, რათა უბედურება არ გეწიოს! აუწყე მონასტრის ძმებს, მონასტერში ჩაიკეტონ, რადგან ღვთის წინააღმდგომი რომაელები თავს დაესხნენ ჩემს რჩეულ ალაგს და უკვე ახლოს იმყოფებიან''. ბერი მიწაზე დაემხო ხატის წინ და შეჰღაღადა: ,,დედოფალო, განა შემიძლია აქ დაგტოვო?'' პასუხად ხატისაგან მოესმა: ,,ნუ ზრუნავ ჩემთვის, სასწრაფოდ წადი''. ბერი მონასტრისაკენ გაეშურა, რათა გაგონილი ძმებისათვის ეუწყებინა, ხოლო წმიდა ხატი ადგილიდან დაიძრა, ბერს დაასწრო, უწინ მიბრძანდა მონასტერთან და მის ბჭეთა ზედა დაესვენა. ბერი მონასტერს მიუახლოვდა და როდესაც კარიბჭეზე დასვენებული წმინდა ხატი იხილა, შეძრწუნდა; მან ყველას უამბო თავისი გამოცხადების შესახებ. რაჟამს ბერებმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი იხილეს და ამ დიდებული სასწაულის შესახებ ესმათ, ადიდეს ღმერთი და ყოვლადწმინდა მშობელი მისი. მოსალოდნელი განსაცდელის შეტყობისთანავე იღუმენმა თომამ მოუწოდა ბერებს, ვისაც თავისი სულიერი ძალმოსილების იმედი ჰქონდა, დარჩენილიყო მონასტერში და ქრისტეს სახელით მიეღო მოწამებრივი სიკვდილი მომხდური ღვთისმბრძოლებისაგან. მართლაც, როდესაც ლათინები დაეცნენ მონასტერს და ცეცხლს მისცეს წმინდა სავანე, ამ დროს ზოგრაფის მონასტრის მამები კოშკზე იდგნენ და ლოცვას აღავლენდნენ. ლოცვის დასრულების შემდეგ ზეცით მოისმა ხმა: ,,გიხაროდენ და მხიარულად იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა''. ამ ხმის გაგონებაზე მტარვალნი შეძრწუნდნენ, მაგრამ სულიერ თვალზე გადაფარებული ბნელის გამო მომხდარი ვერ გულისხმა-ჰყვეს, ვინაიდან მათ მიერ დაგმობილმა სულიწმიდამ ეს ბნელი არ გაფანტა. ნეტარმა მამებმა, რომელნიც რიცხვით ოცდაექვსნი იყვნენ, უფალს მიაბარეს თავიანთი წმიდა სულები ქრისტეს შობიდან 1276 წელს... წმიდა მოწამეთა სულების ხსენების დღეებია: ივერონში 13 (26) მაისი, ვატოპედში 4 (17) იანვარი, ზოგრაფში 10 (23) ოქტომბერი. |