საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

კათალიკოს არსენ I-ის გამორჩევა, აღზრდა და აღსაყდრება

25 სექტემბერს (8 ოქტომბერს) ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს კათალიკოს არსენ I-ის ხსენების დღეს. გრიგოლ მერჩულემ თავის შესანიშნავ თხზულებაში, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, გვიამბო წმინდა კათალიკოს არსენ პირველის გამორჩევის, აღზრდისა და აღსაყდრების პერიპეტიების შესახებ. 

მომავალი კათალიკოსი ქართლისა გახლდათ სამცხის გავლენიანი დიდებულის, მირიანის მესამე, უმცროსი ვაჟი. დედას კრავაი ერქვა. ერთხელ მათ მამულში ღამის გასათევად გაჩერდნენ გრიგოლ ხანძთელის მოწაფენი, თევდორე და ქრისტეფორე, რომლებიც აფხაზეთში მიემგზავრებოდნენ. მირიანმა რომ გაიგო ამგვარის სტუმრების შესახებ, ისინი არ დატოვა შუა მინდორში ღამის გასათევად, თავად ეახლა მათ და შინ მიიპატიჟა. შემდეგ მან და მისმა მეუღლემ სთხოვეს ბერებს დაემოწაფებინათ მათი უმცროსი ვაჟი, 6 წლის არსენი. ამგვარად ის სიყრმეშივე იყო საღმრთოდ შეწირული.

გრიგოლ ხანძთელის თანხმობით არსენი გახდა საძმოს წევრი, მასთან ერთად მისი თანატოლი, თანაშეზრდილი და მეგობარი ეფრემი. ამ ორმა შემდგომში დიდი სამსახური გაუწიეს ქართულ ეკლესიას. არსენი კათალიკოსი გახდა, ეფრემი კი ეპისკოპოსი იყო. მათი ღვაწლით მირონის კურთხევა დადგინდა საქართველოში (თუმცა არის ვარაუდი, რომ მირონის კურთხევა უკვე მეხუთე საუკუნიდან იყო დაწესებული საქართველოში, მას შემდეგ, რაც ჩვენმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა).

არსენ კათალიკოსი (შესაძლოა იგივე არსენ საფარელი) ქართული ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული. მას უნდა ეკუთვნოდეს პოლემიკური თხზულება „განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა“, რომელიც ქართველთა და სომეხთა შორის სარწმუნოებრივი ურთიერთობისა და დაპირისპირების ისტორიას ეხება. ზოგი მკლვლევარის აზრით, შესაძლოა ეს თხზულება სხვა არსენის დაწერილი იყოს.

ასეა თუ ისე, არსენ პირველი დიდი მოღვაწე გახლდათ. დღეს გავიხსენოთ, რას გვიამბობს მის შესახებ გიორგი მერჩულე, თავისი შესანიშნავი ქართულით, ჩვენთვის ერთ-ერთ უძვირფასეს თხზულებაში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. მის კათალიკოსად დადგინებაში უდიდესი როლი ითამაშა ჩვენმა მნათობმა, „უდაბნოს ვარსკვლავმა“ გრიგოლ ხანძთელმა. ეს ძალიან საინტერესო ისტორიაა, მით უმეტეს, ეპისკოპოსის ეფრემისა და მისი მოძღვრის, მამა გრიგოლის ურთიერთობის მომენტი... როგორ დიდებული ადამიანები არსებობდნენ მაშინ...

გიორგი მერჩულე - „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“

(ნაწყვეტები არსენ კათალიკოსის გამორჩევის, აღზრდისა და აღსაყდრების შესახებ)


19

ხოლო პირველითგან მოყვასთა მათ კეთილთა ნეტარისა გრიგოლისთა, თევდორეს და ქრისტეფორეს, აქვნდა გულსა მათსა საღმრთოჲ შური მონასტრისა შენებისაჲ. და არა გამოუცხადეს მამასა გრიგოლს განზრახვაჲ მათი, არამედ ფარულად წარვიდეს აფხაზეთს და თანა ძმანიცა ვინმე წარჰყვეს.
და ვითარ მოიწინეს სამცხეს, ბრძანებითა ღმრთისაჲთა ძე დიდისა მირეან აზნაურისაჲ დაიმოწაფეს, სახელით არსენი, რომელსა ეწოდა ღირსად დიდი არსენი, ქართლისა კათალიკოზი და მცხეთისა საყდრისა გვირგვინი დაუჭნობელი. ხოლო ყრმაჲ იგი მცირეჲ იყო ჟამითა, ვითარ ექვსისა წლისაჲ, და სახლსა შინა მამისა თვისისასა იზარდებოდა. არამედ კაცთა მათ ღმრთისათა განზრახვითა მირეანისითა მოწესეთა სამოსლითა შემოსეს ყრმაჲ იგი და მარჯვენაჲ მისცეს ფიცისაჲ მირეანს და ჰრქვეს:
- მოძღვარი ჩვენი გრიგოლ არს, მამაჲ ხაძთელი, და უფალსა თუ უნდეს, ესეცა მოწაფე იყოს მისი ჩვენ თანა, სადაცა ჩვენ ვიყვნეთ, - და წარვიდეს აფხაზეთად.
ხოლო მეფემან აფხაზთამან დემეტრე, დიდითა პატივითა პატივ სცა და ადგილსა კეთილსა დაამკვიდრნა.

20
და რაჟამს ცნა ნეტარმან გრიგოლ წარსლვაჲ თევდორესი და ქრისტეფორესი, შეწუხნა ფრიად და თანაწარიყვანნა ოთხნი ძმანი და წარვიდა ძიებად კრავთა მათ რჩეულთა მწყემსი იგი კეთილი. და ვითარ მოიწია ქართლისა სანახებსა, ნებითა ღმრთისაჲთა ძიებასა მას ძმათასა პოვა ეფრემ ყრმაჲ, ჭაბუკი ღირსი, და ღირსებასა შინა იხილვა მამაკაცებასა სრულსა მიწევნული სიწმიდით, და სიწმიდესა შინა აწყურისა ეპისკოპოსი სასწაულთა მოქმედი, ხოლო ეპისკოპოსობასა შინა მიიწია მოხუცებულებასა კეთილსა, და აღესრულა საკვირველებით და ნაწილნი მისნი წმიდანი მიეცნეს ნათლად სამცხესა. ესე ეფრემ ღირსი ღმრთისაჲ დაიმოწაფა ნეტარმან გრიგოლ და უბრძანა ესრეთ:
- რაჟამს მოვიქცე აფხაზეთით, თანაწარგიყვანო შენ ხანძთად, - და თვით წარემართა აფხაზეთს...

22

... მშვიდობაჲ დაუტევეს ხელმწიფესა მას და წარმოვიდეს აფხაზეთით.

23
და მგზავრ სლვასა მათსა ჰრქვეს ნეტარსა გრიგოლს სანატრელთა მათ თევდორე და ქრისტეფორე:
- წმიდაო მამაო, ჟამსა მას წარმოსლვისა ჩვენისასა ხანძთით სამცხეს რაჲ მოვიწიენით მახლობელად ადგილსა მირეან აზნაურისასა, და გვიხილნეს ჩვენ კაცთა მისთა, რამეთუ სადგური ჩვენი ჟამსა მწუხრისასა ველსა ზედა ვყავთ, და აუწყეს უფალსა თვისსა. და მსწრაფლ ხოლო მოვიდა მირეან თვით და მოგვიკითხნა სიმდაბლით და წარგვიყვანნა ტაძრად თვისად და განგვისვენნა კეთილად. და ვითარცა განთენა, შემიყვანნა წინაშე მეუღლისა თვისისა, რომლისაჲ არს სახელი კრავი, რამეთუ არს იგი მხევალი ქრისტეჲსი. და ვითარცა ულოცეთ მას და ვსხედით, მაშინ მირეან, დიდებულმან უფალმან, დაადგინნა წინაშე ჩვენსა ძენი თვისნი ბრძანებით, სამნი იგი ყრმანი ყოვლად კეთილნი და შვენიერნი. და ვითარცა ულოცეთ მათ, ჰრქვა კრავის: - აწ ვყოთ ჩვენ სასწაულ კეთილ და ერთი ძეთა ჩვენთაგანი განვაწესოთ მონაზვნად და მოწაფედ ამათ ქრისტეჲს მოწაფეთა. და ამათითა ლოცვითა მოეცეს მადლი, რაჲთა იხილონ მოძულეთა ჩვენთა და ჰრცხუენოდის. აწ თქვი, რომელი იყოს მოწესედ შორის შვილთა ჩვენთა! - ხოლო მან ჰრქვა: - უფალო ჩემო, შვილნი შენნი არიან წინაშე შენსა, რომლისაჲცა ჰბრძანო, უფალმან გამოირჩიენ რჩეულად მოწესედ. - ხოლო მან თქვა: - მრწემი ესე იყოს მონაზონ და სულიერად შვილ უდაბნოჲსა მამათა ამათ. - და მოიყვანა ხელითა თვისითა და ჯვარი დაწერად გვცა ჩვენ და სამოსლითა მოწესეთაჲთა შემოსა. და ჩვენ სახელი არსენი უწოდეთ, და აღუთქუთ შენდა მოწაფედ შვილი მისი ყოფად მსგავსად ჩვენდა. და მან უფროჲს განიხარა. აწ ვითარცა სათნო უჩნს სიწმიდესა შენსა, ეგრეთცა ქმენ.
ხოლო წმიდამან ჰრქვა:
- ძმანო სანატრელნო, ნებაჲ არს ღმრთისაჲ, რაჲთა ხელითა ჩვენითა იქმნეს იგი რჩეულ შორის მოწესეთა და მიიწიოს საზომსა დიდსა.
და მანცა წარმოუთხრა ამისვე პასუხისა მსგავსად ღირსისა ყრმისა და ჭაბუკისა ეფრემისთვის ყოველი. და განიხარეს ძმათა მათ სიტყვასა ზედა მოძღვრისა თვისისასა.
და მოიწინეს ერთობით, სადაცა იყო ეფრემ, და წამოიყვანეს, და ეგრეთვე სანატრელი არსენი. ხოლო წმიდაჲ ეფრემ იყო დღითა უხუცეს, რომელთათვისცა თქვა ნეტარმან გრგოლ სიტყვაჲ იგი დავითისი, ვითარმედ:
- განცხადებაჲ ღმრთისა სიტყვათაჲ განმანათლებელ არს და გონიერ ჰყოფს ჩჩვილთა, რომელთა მიერ დაემტკიცოს ქებაჲ ქრისტეჲსი. ჭეშმარიტად უბიწონი და წრფელნი ესე შემომეყვნეს ჩვენ დათმენად ღვაწლსა მონაზონებისასა მოსრულნი ბრძანებისაებრ უფლისა, ვითარმედ: „ნუ აყენებთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ“. არამედ ესე უწყოდეთ, ძმანო, დრტვინვაჲ ყოფად არს ჩვენთვის სამართალი ძმათა შორის ჩვენთა, ხოლო უფალმან იზრუნოს თვით ამათთვის, რომელმანცა თქვა: „ეკრძალენით, ნუ ვინმე დააბრკოლოთ ერთი მცირეთაგანი, რამეთუ ანგელოზნი მათნი მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისა ზეცათაჲსა“. და აწ თქვენ, ძმანო თევდორე და ქრისტეფორე, ძლევაშემოსილნო, ექმნენით ამათ მზარდულ კეთილ ნებისაებრ ღმრთისა!
ხოლო მათ აღუთქვეს და თავს იდვეს მოღვაწებაჲ მათი. მაშინ ჰრქვა მათ ნეტარმან გრიგოლ:
- ძმანო, უფროჲს არს ესე ყოველთა სათნოებათა თქვენთა, რაჲთა თვალნი თქვენნი იყვნედ მარადის ამათ ზედა და გეხსენედ დიდებულებაჲ მშობელთა ამათთაჲ და სარწმუნოებაჲ მათი ქრისტეს მიმართ, და ჩვენ გლახაკთა მომართ, ვითარ-იგი მათ ქრისტეჲს სიყვარულისათვის შვილობისა სიყვარული დაივიწყეს და ხელითა ჩვენითა უფალსა მსხვერპლად მიუპყრნეს და ჩვენ, უცხოთა, ვითარცა ძმათა თვისთა, სასოებით მოგუანდვნეს. აწ ვითარცა წარმოვიყვანენით მშობელთაგან უბიწონი დასამარხველად წმიდად, ეგრეთვემცა ჰპოვებს ქრისტე, რაჟამს ითხოვდეს ხელთაგან ჩვენთა სამკვიდრებელად თვისად!
და რაჟამს მოიწინეს ხანძთას, ფრიად განიხარეს ძმათა, ქრისტეჲს მიერ კრებულთა, მათ საღმრთოთა, სულიერისა მამისა და ძმათა მათ მოსლვაჲ.
ხოლო დრტვინვაჲ იყო მათ შორის ყრმათა მათთვის მოყვანებისა. და მოვიდეს წინაშე მამისა გრიგოლისა და ჰრქვეს:
- წმიდაო მამაო, მოციქული იტყვის - სრულმან სიყვარულმან შიში განდევნოსო. უკეთუ ბრძანოს სიწმიდემან შენმან, უშიშად ვიტყოდით, რომლისათვისცა მოსრულ ვართ.
ხოლო მან ჰრქვა:
- ძმანო, ჭეშმარიტად ძირმტკიცე არს ჩვენ შორის სიყვარული და შიში არა არს მას შინა. ბრძანეთ, რაჲცა გნებავს.
ხოლო მათ ჰრქვეს:
- საქმენი შენნი განუკითხველ არიან ყოველნი, თვინიერ ამისა, რომელ ყრმანი ესე მოიყვანენ, და წესსა შენგან დამტკიცებულსა შენ ზევე გამოეხვების მომავალთა ჟამთა საკდემელად ჩვენდა. დაღაცათუ უშიშ არს გული ჩვენი ჟამისა ამისთვის, არამედ გარეშე წესისა არს საქმე ესე. და აწ ესე არს სიტყვაჲ ჩვენი, წმიდაო ღმრთისაო.
ვითარცა ესმა კეთილი იგი გულისსიტყვაჲ, ცხადად განიხარა ნეტარმან მამამან გრიგოლ და ჰრქვა მათ:
- ჰოჲ, ძმანო სანატრელნო, ნუ იყოფინ ჩემდა წესისა მის პირველთა წმიდათა მამათაგან შეკრებულისა ცვალებაჲ ხორციელისა რაჲსამე მიზეზისათვის, არამედ ჭეშმარიტსა ვიტყვი წინაშე ღმრთისა, რამეთუ არაოდეს გასმია ნაცილი სიტყვაჲ პირისაგან ჩემისა. ესრეთ არს ყრმათა ამათ მოწევნაჲ აქა, რამეთუ ქრისტემან ღმერთმან წმიდისა ანგელოზისა პირითა მაუწყა ამათი საქმე ყოველი, რამეთუ - ვითარცა ეფრემ ასური და არსენი ჰრომაელი, კაცთაგან განშორებულნი და ღმრთისა მიახლებულნი, ესრეთ იყვნენ ღირსნი ესე ყრმანი აღზრდილ უბიწოდ ხანძთას შინა ვიდრე ჟამადმდე პატივისა მათისაო. აწ უკვე შემძლებელ ვართ ცილობად უფლისა ბრძანებასა? „რამეთუ უნებელი ზედა მაც“, - სიტყვისაებრ მოციქულისა: „უკეთუ არა ვახარებდე, ვაჲ არს ჩემდა“. ხოლო თქვენ ნეტარ ხართ, რამეთუ უფალმან გამოგირჩინა ამათ მონათა თვისთა. არამედ თვინიერ ესევითარისა მიზეზისა, უკეთუ ვინმე ცვალოს წესი პირველი და ყრმაჲ მოიყვანოს ყოფად მონასტერსა ამას, პატიჟეულ იყოს იგი ფრიად დიდებულსა მეორედ მოსლვასა უფლისა და ღმრთისა ჩვენისასა!
ხოლო ძმანი იგი დაჯერებულ იქმნნეს და აღეშენნეს ამას ზედა და ჰმადლობდეს ქრისტესა, მოქმედსა საკვირველებათასა. მაშინ თევდორე და ქრისტეფორე, რამეთუ სენაკნი მათნი ერთგან იყვნეს და სხვათა ძმათაგან განშორებულ, წარიყვანნეს ღმერთშემოსილნი იგი ყრმანი, სულიერთა მათ მამათა, სენაკად თვისად, მცნებისაებრ ნეტარისა მამისა გრიგოლისსა. და აღზარდნეს კეთილად ნაცვალად სძისა - ღმრთისა მადლითა....

42

... არამედ პირველხსენებულნი და ყოვლად მოსახსენებელნი იგი ღირსნი არსენი და ეფრემ, მოწაფენი და აღზრდილნი გრიგოლისნი, მოვიხსენნეთ, რომელნიცა სათნო იყვნა ნებამან ღმრთისამან მწყემსთმთავრად სამწყსოთა მათ თვისთა პირმეტყველთა. რამეთუ დიდი ეფრემ, უწინარეს მრავლით წლით არსენისსა იქმნა ეპისკოპოს აწყურისა საყდარსა სამცხეს. ხოლო შემდგომად დიდი არსენი კათოლიკე ეკლესიასა, ქრისტეჲს კვართისა სამკვიდრებელსა მცხეთას, ქართლისა კათალიკოზ იქმნა. და იყო სიყვარული მათ შორის ერთად ზრდილობისათვის.
არამედ ქართლისა ეპისკოპოსნი მირეან არსენის მამისათვის ფრიად გულწყებულ იყვნეს ამის მიზეზისათვის, რამეთუ თვინიერ განზრახვისა მათისა მძლავრ სამცხისა ერითა ძე თვისი დაადგინა კათალიკოზად თანადგომითა და კურთხევითა მცირედთა ეპისკოპოსთაჲთა. არამედ მცირედ მხილებისათვის უფლისა მიშვებითა იყო აღძრვაჲ ეპისკოპოსთაჲ მათ, ვიდრემდის ნეტარი ეფრემ მი-ვე-ერჩდა მათ, რამეთუ სამართალ იყო სიტყვის-გებაჲ იგი. და რომელ ჟამსა მას ხელმწიფე იყო მამფალი გვარამ დიდი, მირეანისთვის გულძვირად იყო. და მსწრაფლ ხოლო ბრძანა შეკრებაჲ ეპისკოპოსთაჲ და უდაბნოჲსა მამათაჲ. და ყოველნი შემოკრბეს ჯავახეთს, არამედ მამაჲ გრიგოლ არა მუნ იყო, არცა ყოველნი კლარჯეთისა უდაბნოთა წინამძღვარნი მამანი.
რამეთუ იყო ნეტარი გრიგოლ არქიმანდრიტი და წადიერად მოელოდეს ყოველნი და მარტოდ ანჯმნობდეს წესისა წინამძღვარნი იგი არსენი კათალიკოზისათვის და ვერა დაამტკიცეს სიტყვაჲ მათი. მაშინ ერუშნელმან ეპისკოპოსმან მის ჟამისამან ჰრქვა ყოველთა:
- ოდეს მოვიდეს ვარსკულავი უდაბნოთაჲ, მაშინ განემართოს საქმე და განზრახვაჲ ყოველთაჲ.
და მათ ჰრქვეს:
- ვისთვის არს სიტყვაჲ ეგე დამტკიცებითი?
ხოლო მან თქვა:
- გრიგოლ არქიმანდრიტისათვის, ხანძთისა და შატბერდისა მაშენებელისა.
მაშინ ერთმან ვინმე ეპისკოპოსმან სილაღით თქვა შორის შეკრებულთა მათ:
- იგი ოდენ არსა ვარსკულავი მნათობი?
ხოლო სხვათა მათ ყოველთა თქვეს:
ჭეშმარიტსა იტყვის, რამეთუ იგი არს მოძღვრებისა ნათლითა განმანათლებელ და შემკულ სულითა წმიდითა.
და მეყსეულად იხილეს წმიდაჲ იგი მომავალი კარაულითა შორის კრებულსა მას მამათასა საკვირველად ხილვითა. რამეთუ სამოსელი იგი შეურაცხი, რომელ ემოსა მოხუცებულსა მას, ესრეთ ჩნდა, ვითარცა სამოსელი ნათლისა ბრწყინვალისა განუცდელისაჲ. ხოლო თავსა მისსა კუკული იხილვებოდა, ვითარცა გვირგვინი სამეუფოჲ პატიოსანთა თვალთა და მარგალიტთაგან ფასდაუდებელთა აღმკული.
და ვითარცა იხილეს ღმრთისამიერი დიდებულებაჲ მისი, ყოველნი სიხარულით მიეგებნეს და შეუდგეს სიტყვათა მისთა სიხარულით.
მას ჟამსა მოვიდა ეფრემ ეპისკოპოსი და პირველად მოიკითხა მოძღვარი თვისი მამაჲ გრიგოლ და მერმე ძმანი თვისნი ეპისკოპოსნი. ხოლო ნეტარმან გრიგოლ ფარულად მოუწოდა ნეტარსა ეფრემს და ჰრქვა მას:
- შვილო, პატივსა მაგას წმიდისა მღდელთმთავრობისასა გაფუცებ, ნუ უშლი სულიერად ძმასა შენსა არსენის!
ხოლო მან ჰრქვა:
- წმიდაო მამაო, ვერ ეგების ძმათა ჩემთა ეპისკოპოსთა ცილობაჲ სამართლისათვის. და მეცა შემინდვე, რამეთუ არა ვარ ამიერითგან არსენის ცხოვარი და არცა იგი - ჩემი მწყემსი.
მაშინ წმიდამან მან მკსინვარედ ჰრქვა:
- უკეთუ ამას იქმ, ეფრემ, მე უვარ მყავ, ვითა არა შენი მოძღვარ ვარ!
ხოლო ნეტარი ეფრემ სიტყვასა მას ზედა სულიერისა მამისა და მოძღვრისასა ატირდა და ჰრქვა:
- ფიცხელ არს ბრძანებაჲ ესე, განმკუეთელ უფროჲს მახვილისა. აწ ნებაჲ შენი იყავნ და ნუ ნებაჲ ჩემი, წმიდაო ღმრთისაო!
ხოლო მან ჰრქვა:
- ეფრემ სანატრელო, გისმინენ ქრისტემან, რაჲცა ითხოო მისგან შენ, უმანკოო გულითა და წრფელო გონებითა, მიმსგავსებულო მოძღვარსა შენსა ქრისტესა, სიტყვისაებრ დავითისა: „რამეთუ წრფელ არს უფალი ღმერთი ჩვენი და არა არს სიცრუე მის თანა“. და შენ უწყი სულითა შენითა ღმრთისმხილველითა, ვითარ ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობაჲ არსენისი სისრულისა მისისათვის, არამედ მირეან, მამამან მისმან, აუგიან-ყო უჟამოდ შესწრაფებითა, ვითარცა ადამ ჭამა ხილი იგი, რომელ არღა მწიფე იყო. აწ შენ კეთილად ჰყავ სმენაჲ ჩემი, რამეთუ გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაჲ არა ქმნის. ხოლო ბრალი ესე არსენისი ჩემ ზედა იყავნ.
ამისა შემდგომად, რაჟამს ესმა გვარამ ხელმწიფესა მოსლვაჲ ნეტართაჲ მათ, მოეგება წინა სიხარულით და მოიკითხნა სიმდაბლით. და ვითარცა დასხდეს, ბრძანა ხოლო გვარამ შემოკრებაჲ ყოველთა მოწესეთაჲ და მოვიდეს, მაშინ ჰრქვა:
- წმიდანო მამანო, ეპისკოპოსნო და მეუდაბნოენო, იცით ყოველთა კანონი შჯულისაჲ, რამეთუ არა ბრძანებს ეპისკოპოსისა და კათალიკოზისა მძლავრებით დაჯდომასა.
და ამას სიტყვასა შინა აუგისა სიტყვანი განამრავლნა და ელოდა პასუხსა მათგან. ხოლო თვალნი ყოველთანი ხედვიდეს მამასა გრიგოლს და ეპისკოპოსსა ეფრემს, და მათ დაიდუმეს ჟამ ერთ. მაშინ ეპისკოპოსთა ჰრქვეს ეფრემს:
- ბრძანე პასუხი, რაჲ ჯერ არს!
ხოლო მან თქვა:
- სადა მამაჲ გრიგოლ იყოს, მე მუნ არა ვიკადრებ სიტყვად.
მაშინ ხელმწიფემან ჰრქვა ნეტარსა გრიგოლს:
- მამაო, ყოველნი შენ გელიან სიტყვად ჭეშმარიტებისა, რამეთუ უხუცეს ხარ ყოველთა დღითა და სათნოებითა ნებისა ღმრთისაჲთა და შენგან ხამს დასაბამი სიტყვისაჲ.
ხოლო მან თქვა:
- ჯერ იყო პირველად მღდელთმოძღვართაგან ბრძანებაჲ, ხოლო აწ სიტყვითა შენითა ვიტყვი ესრეთ: ჭეშმარიტთა ქრისტეჲს სამწყსოთა ისმინეთ გლახაკისა ამის მოხუცებულისაჲ, რამეთუ არსენი კათალიკოზი ნებითა ღმრთისაჲთა კათალიკოზი არს. და ძვირისმეტყველთა მისთა, რომელთა არა შეინანონ, კდემულ იყვნენ და სრულიად ჰრცხუენეს ამას საწუთროსა და მას საუკუნესა.
ხოლო ხელმწიფე იგი დაღაცათუ იყო ბრძენ და ღმრთისმსახურ, არამედ მართლმხილებისაგან მართლისა მის კაცისა შეშფოთნა ფრიად. რამეთუ ნებაჲ სიბრძნესა სძლევდა და შური პატივსა არა ჰრიდებდა. გესლი რაჲ გულისაჲ ბაგეთაგან იცნობა განუგებელად სიტყვისა განტევებითა ესრეთ, ვითარმედ:
- მრავლით ჟამითგან არა მეხილვა მამაჲ გრიგოლ, არამედ მასმიოდა, ვითარმედ ბრძენთაგან შეუცავი სიბრძნე მისი შეცვალებულ არს სიბერითაო. და პირველ სმენილი ვიხილე თვალითა.
და შჯულისაცა მრავალთა სიტყვათა იტყოდა, რომელი არა შეჰგავს ერისკაცთა, რამეთუ იყო იგი ფრიად სიტყვახელოვან.
ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ ჰრქვა მას:
- ჰოჲ, ხელმწიფეო, რად განჰრისხნები ჭეშმარიტებისათვის? ესე უწყოდი, რამეთუ პირველთა წმიდათა მათ მამათა შეკრებასა ეპისკოპოსთა და წინამძღვართა წესისათა მონაზონთა თანა იყვნეს პირველნი მორწმუნენი მეფენი. არა თუ მათ თანა შჯულისმოძღვრებასა იკადრებდეს, არამედ შჯულისგამოძიებასა მათსა იკითხიან და ითხოიან სიტყვისა გამოცხადებაჲ, რამეთუ მათ მიერ ისწავებდეს მცნებათა ღმრთისათა და მოწამედ იყვნეს თქმულთა მათთა. და წმიდათა მოციქულთა და ღირსთა მათ მღდელთმოძღვართაგან განსაზღვრებულსა კანონსა შინა არავე ბრძანებულ არს ერისკაცისაჲ, ვითარმცა ეპისკოპოსთა და წესისა წინამძღვართა მამათა განსაგებელისა მოძღვრებისა იკადრებდა, გინა ახალსახიობასა მოიღებდა. დაღაცათუ სამართლად საგონებელ იყოს, არამედ შჯულისა და მღდელთმოძღვართა შეურაცხებაჲ არს. ხოლო მე აწ სიტყვისაებრ შენისა, გვარამ, ვარ ბუნებაშეცვალებულ, გარნა ოდეს სამართალმან დაგასამართლოს, მაშინ იხილო თავი შენი ცნობამიღებულ და სიტყვანი ჩემნი არღარა განჰგმნე.
ხოლო ხელმწიფე იგი შეძრწუნდა გონებითა და ჰრქვა ეპისკოპოსთა მათ:
- თქვენგან ჯერ არს განსაგებელი თქვენი განგებად, აწ თქვით!
და მათ ჰრქვეს:
- ღმრთისმსახურო გვარამ, ქრისტეჲსმიერმან სასწაულმან უტყუ ქმნა ენაჲ ჩვენი, რამეთუ ვიხილეთ დღეს გრიგოლის ზედა მიუწდომელი დიდებაჲ.
და აუწყეს ხილვაჲ იგი ყოველი, რომელი იხილეს შემოსლვასა მისსა. მაშინ ზარ ჰხდა ხელმწიფესა მას, რამეთუ იყო იგი მდაბალ და ღმრთისმოშიშ, იძლია სიმდაბლისაგან და შეუვრდა ნეტარსა გრიგოლს და ჰრქვა:
- წმიდაო ღმრთისაო, შემინდვე, რამეთუ დაგაბრკოლე!
ხოლო მან ჰრქვა:
- ქრისტემან ყოველნი ბრალნი შეგინდვენ.
მაშინ გვარამ, დიდმან ხელმწიფემან, კეთილად ისტუმრნა ყოველნი. და პურისჭამასა შინა, რაჟამს განმხიარულდა გვარამ ღვინითა, მაშინ ეპისკოპოსთა მათ ერთობით თქვეს:
- ჯერ-მე იყო მხილებაჲ ესე არსენისთვის, არამედ აწ ამიერითგან არსენი იყავნ კათალიკოს ქართლისა ყოვლისა და სულიერად მამაჲ ყოველთა, და ყოველთა შორის იჭვი პირველი და-მცა-ხსნილ არს სრულიად, რაჲთა ქრისტეანობისა პატივი ჩვენი მშვიდობით და მყუდროებით აღვასრულოთ და კეთილი სიტყვისგებაჲ ვპოოთ წინაშე საყდართა ქრისტეჲსთა.
და გვარამ ხელმწიფემან და ყოველმან ერმან თქუეს:
- ამენ იყავნ!..
...მას ჟამსა ახარეს არსენის, რამეთუ არა იყო კრებასა მას, ვითარმედ:
- შემდგომად ღმრთისა მოძღვარმან შენმან გრიგოლ მამამან დაამტკიცა კათალიკოზობაჲ შენი.
ხოლო იგი სიხარულით ჰმადლობდა ქრისტესა და წმიდასა მას.
ხოლო ეფრემ ეპისკოპოსმან, მცნებისაებრ მამისა გრიგოლისსა, სიყვარული არსენი კათალიკოზისაჲ პირველებრვე განაახლა. რამეთუ მოკლედ დააწყნარა შფოთი გრძელად მოსაცალებელი, რამეთუ იყო შორის კათალიკოზისა და ეპისკოპოსთა, უფროჲს ხოლო გვარამ ხელმწიფისა.
და სანატრელნი ესე არსენი კათალიკოზი და ეფრემ ეპისკოპოსი მოვიდიან ხილვად მოძღვრისა თვისისა მამისა გრიგოლისსა. არამედ ძველი ხანძთისა ეკლესიაჲ არსენი კათალიკოსმან აკურთხა და ქართლისა ეკლესიათა ყოველთა სიხარული მიჰფინა, რამეთუ საყდარი მამათმთავრობისაჲ შეამკო სრულიად და შეიმკო მადლითა. ხოლო რაჟამს მამაჲ გრიგოლ გარდაიცვალა, დამარხვასა მის თანავე იყო არსენი, რომელიცა ოცდაშვიდ წელ კათალიკოზობდა და მერმე გარდაიცვალა ამიერ სოფლით და მხიარულებით მიიწია წინაშე ქრისტეჲსა და აქვს მადლი შეწევნად ჩვენდა.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq