|
ღირსმოწამე თეოდოსია კონსტანტინეპოლელი
29 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსმოწამე თეოდოსია კონსტანტინეპოლელის (730) ხსენების დღეს.
ღირსმოწამე თეოდოსია კონსტანტინეპოლელი (+730) VIII საუკუნეში ცხოვრობდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგი კონსტანტინეპოლის წმიდა მოწამე ანასტასიას სახელობის ქალთა მონასტერში იზრდებოდა, შემდეგ კი მონაზვნად აღიკვეცა. მემკვიდრეობით მიღებული ქონება წმიდანმა ღარიბებს დაურიგა, თანხის ნაწილით კი მაცხოვრის, ღვთისმშობლის და წმიდა ანასტასიას ხატები დააწერინა. ლეონ ისავრიელმა (717-741) ტახტზე ასვლისთანავე გამოსცა ბრძანება, რომელიც წმიდა ხატთა განადგურებას მოითხოვდა. მაშინ კონსტანტინეპოლში იყო ერთი კარიბჭე, რომლის თავზეც 400-ზე მეტი წლის განმავლობაში მაცხოვრის სპილენძის ხატი იყო აღმართული. 730 წელს ხატმბრძოლმა ცრუ პატრიარქმა ანასტასიმ ბრძანა ხატის მოხსნა. მართლმადიდებლები წმიდა თეოდოსიას წინამძღოლობით მხნედ დადგნენ მის დასაცავად. ხალხის შფოთით შეშინებულმა ცრუპატრიარქმა მომხდარის შესახებ იმპერატორს აცნობა. ლეონ ისავრიელის ბრძანებით მონაზვნები ამოხოცეს, ხოლო მათი მეთაური, წმიდა თეოდოსია საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდანს 7 დღის განმავლობაში აწამებდნენ, მერვე დღეს კი ქალაქში გაიყვანეს და წამებით ამოხადეს სული. ქუჩაში დაგდებული ღირსმოწამის ცხედარი ქრისტიანებმა დიდი პატივით დაფლეს კონსტანტინეპოლის დიოკრისტის მონასტერში. მის საფლავთან მრავალი კურნება აღსრულდა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ. |
|