|
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების სამართლებრივი ასპექტები (ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 77 წლისადმი მიძღვნილი კონფერენციიდან) გიორგი ხარატიშვილი
გიორგი ხარატიშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის იურდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი
შესავალი
საუკუნეების განმავლობაში დამპრყობელთა მიერ საქართველოს დაპრყობა-დამორჩილების ერთ-ერთ ჩინებულ ხერხად ფეოდალური პარტიკულარიზმი გამოიყენებოდა. დღევანდელი სოციალური წყობიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია, ამიტომაც ჩვენს შემთხვევაში სახელწიფოებრივი სიმტკიცის, მთლიანობისა და სუვერენიტეტის შესარყევად „შინაგან ნაღმებად“ წარმატებულად იყენებენ ვითომ ეთნიკურ კონფლიქტებს. ქართულ-ოსური ურთიერთობების დაძაბვა (კონტექსტიდან გამომდინარე) პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება და დღესაც მიმდინარეობს. ამ კონფლიქტს მრავალი მიმართულება აქვს: პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ა.შ. წინამდებარე სტატიაში ჩვენს ინტერესს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. „კანონთა ომი“, უფრო კონკრეტულად კი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების სამართლებრივი ასპექტები. იმისათვის, რომ შევძლოთ საკვლევი საკითხის მეტ-ნაკლებად სრული ანალიზი განვიხილავთ როგორც იმ ხანის საქართველოს კონსტიტუციას, ასევე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მიერ გამოცემულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.
1. მოკლე ისტორიული ექსკურსი
მიუხედავათ იმისა, რომ 1921 წლის კონსტიტუციამ საბჭოთა რუსეთის ანექსიის გამო სულ რაღაც 4 დღე იმოქმედა, მისი გავლენა კონსტიტუციური კანონმდებლობლობის განვითარებაზე მეტად მნიშვნელოვანია. საქართველო გამოცხადდა თავისუფალ, დამოუკიდებელ და განუყოფელ სახელმწიფოდ. მოწესრიგდა ტერიტორიული მოწყობის საკითხიც და აფხაზეთში (სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველოში (ბათომის მხარე) და ზაქათალაში (ზაქათალის ოლქი) ავტონომიური მმართველობა დამყარდა. კონსტიტუციაში არაფერი იყო ნათქვამი ავტონომიური მმართველობის მინიჭებაზე შიდა ქართლის იმ ნაწილისათვის, სადაც სახლობდნენ ოსები. თუმცა „საქართველოს ეროვნულ საბჭოში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობის შესახებ“ 1918 წლის 13 სექტემბრის კანონის მიხედვით მათთვის გარანტიებული იყო ეროვნულ საბჭოში 26 გამოყოფილი ადგილიდან 2 წარმომადგენლის ყოლა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ შეიქმნა რუსეთისა და საქართველოს ბოლშევიკური ხელმძღვანელობის წყალობით 1922 წლის 20 აპრილს, რომელიც გაფორმდა საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და სახკომსაბჭოს მიერ მიღებული დეკრეტით „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოწყობის შესახებ“. ამ დეკრეტით რეგიონს მიეცა ავტონომიისათვის დამახასიათებელი ყველა უფლება. სამხრეთ ოსეთის სტატუსის ფორმირებასთან დაკავშირებით 1925-27 წლებში განიხილებოდა სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების იდეა, თუმცა 80-იანი წლების მიწურულამდე, როდესაც გაჩნდა საბჭოთა კავშირის დაშლის ნიშნები, არ ჰქონია ადგილი რაიმე ექსცესს სამხრეთ ოსეთის ავტონომიის სტატუსთან დაკავშირებით. უკვე 1990 წლის 20 სექტემბერს საოლქო საბჭოს მე-14 სესიის მეოცე მოწვევის გადაწყვეტილებით სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გარდაიქმნა საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად. საქართველოს რესპუბლიკის ახალარჩეულმა უზენაესმა საბჭომ 22 ნოემბერს ჯერ გააუქმა 20 სექტემბრის გადაწყვეტილება, 11 დეკემბერს კი მიიღო კანონი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“.
2. საქართველოს რესპუბლიკის კანონის „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ მართებულობა
2.1 90-იანი წლების მოქმედი ნორმატიული აქტები
1990 წლის 28 ოქტომბრის არჩენებში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს- უზენაესი საბჭოს ახალი შემადგენლობა დაკონპლექტდა, რითაც პრაქტიკულად დასასრულს მიუახლოვდა 70 წლიანი საბჭოური ეპოქა. უპირველესი ამოცანა, რომელიც უზენაესი საბჭოს წინაშე დადგა, იყო ახალი კონსტიტუციის შემუშავების საჭიროება, რაც გაიწერა კიდეც 14 ნოემბრის საკონსტიტუციო-სამართლებრივი ხასიათის კანონში „საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ“. მიუხედავათ იმისა, რომ 1978 წლის საბჭოთა კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, იგი მაინც დარჩა მოქმედ უმაღლეს კანონად. ამდენად, ნებისმიერი ნორმატიული აქტი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო მის მიმართ.
რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამართლებრივ მოწესრიგებას; იგი რეგულირდებოდა 1980 წლის წლის კანონით „საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სამხრეთ ოსეთი ავტონომიური ოლქის შესახებ“.
2.2 „ავტონომიური ოლქის“ შინაარსი და ფარგლები
ტერიტორიული მოწყობა სახელმწიფოში ცენტრსა და მის ტერიტორიულ ერთეულებს შორის ძალაუფლების გამიჯვნის საკითხის განსაზღვრას გულისხმობს. ამისდა მიხედვით განარჩევენ მოწყობის სამ ძირითად ფორმას: უნიტარიზმი, რეგიონალიზმი და ფედერალიზმი. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ემზადებოდნენ რა მომავალი სეპარატისტული მოქმედებებისათვის, ცდილობნენ, დაესაბუთებინათ, რომ „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა თავიდანვე წარმოადგენდა რთულ პოლიტიკურ ორგანიზმს- პატარა ფედერაციას, რომელშიც თავისუფალი ეროვნული თვითგამორკვევის საფუძველზე ერთიანდებოდნენ აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“. საკითხის ამგვარად დაყენება სრულიად მოკლებულია სინამდვილეს. ფედერალიზმი შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც რთული საკავშირო სახელმწიფო, რომელიც შედგება ქვესახელმწიფოებრივი წარმონაქმნებისგან. უფრო ზუსტად რომ განვმარტოთ, ფედერაციის სუბიექტების სტატუსი მომდინარეობს კონსტიტუციიდან, აღჭურვილი არიან დამფუძვნებელი ძალაუფლებით, რაც გამოიხატება ფედერაციის სუბიექტის მიერ საკუთარი კონსტიტუციის მიღებაში, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ნებართვა ან დამტკიცება არ სჭირდება. არადა 1978 წლის კონსტიტუციის 82-ე მუხლში რეგლამენტირებული იყო შემდეგი: „საქართველოს სსრ კანონები სავალდებულოა და ერთნაირი ძალა აქვთ ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე. იმ შემთხვევაში თუ ავტონომიური რესპუბლიკის კანონი არ შეესაბამება საქართველოს სსრ კანონს, მოქმედებს საქართველოს სსრ კანონი.“ ამდენად, ნომატიულ აქტებს შორის არსებოს სუბორდინაციული დამოკიდებულება. ამასთან ერთად სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ კანონის მიღების კომპეტენცია გააჩნდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სსრ უზენაეს საბჭოს, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი ცვლილება ოლქის სტატუსის შესახებ სამართლებრივად მოქმედი იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღების შემთხვევაში. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნებისმიერი მსჯელობა ფედერაციასთან დაკავშირებით ჯანსაღ გონებას მოკლებულია. ისევე, როგორც ისტორიის განმავლობაში, მაშინაც საქართველო წარმოადგენდა უნიტარული მოწყობის სახელმწიფოს, რაც გულისმობს, რომ სახელწიფო არის „განუყოფელი“ და „დაუნაწევრებული“. სახელმწიფოში მოქმედებდა ერთიანი კანონმდებლობა და სისტემა. მიუხედავათ იმისა, რომ სამხრეთ ოსეთს ავტონომიის სტატუსი ჰქონდა,ეს, უპირველეს ყოვლისა, სოციალურ-კულტურული უფლებებით შემოიფარგლებოდა. საქართველოს რესპუბლიკას, როგორც სუვერენული ძალის მატარებელს, ჰქონდა ყველანაირი სამართლებრივი ბერკეტი კონსტიტუციის 72-ე მუხლიდან გამომდინარე განეხორციელებინა უნიტარიზმისთვის დამახასიათებელი ორი ძირითადი პრინციპი: სამხრეთ ოსეთის ოლქის სტატუსი დაედგინა ცენტრალურ ხელისუფლებას, რადგან კონსტიტუციის 73-ე მუხლის მიხედვით თვითონ წყვეტდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხებს, და ამის შემდეგ უკვე ზედამხედველობა გაეწია ავტონომიებზე.
2.3 ხალხთა თვითგამორკვევისა და გამოყოფის უფლება
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ გამოცემული დეკლარაცია სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ, შემდეგ უკვემე-12 საგანგებო სესიის გადაწყვეტილება სტატუსის ამაღლების შესახებ და ოლქის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ ეფუძვნებოდა და მოტივირებული იყო ხალხთა თვითგამორკვევის და გამოყოფის უფლებით. საერთაშორისო სამართლის მიხედვით ოსები, შესაძლებელია, კვალიფიცირებული იყვნენ, როგორც ხალხი, რადგან აქვთ ობიექტური საერთო მახასიათებლები: საერთო ენა, კულტურა და რელიგია, მათ ასევე გამოხატეს საკუთარი პოლიტიკური თემის შექმნის განზრახვა (სუბიექტური ელემენტი); თუმცა ოსების, როგორც ხალხის უფლება, უნდა შემოფარგლულიყო შემდეგით: მათ შეეძლოთ მოეთხოვნათ, რომ მათი ინტერესები გატარებული ყოფილიყო პოლიტიკაში და კულტურული იდენტობა შეენარჩუნებინათ. თვითგამორკვევის უფლება იყოფა ორ მიმართულებად: შიდა და გარე. სამხრეთ ოსეთის ისეთ პრივილიგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება, როგორიცაა გარე თვითგამორკვევა, ანუ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის შექმნა, დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე. უნდა დაკმაყოფილებულიყო 3 კრიტერიუმი: ა) კონკრეტულ ტერიტორიაზე უმრავლესობის სახით ყოფნა, ბ) ტერიტორია უნდა იყოს მათი ისტორიული საკუთრება და გ) შეუძლებელი უნდა ყოფილიყო ქართველებთან თანაცხოვრება ეროვნული საშიშროებიდან გამომდინარე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი კომპონენტი არ არის დაკმაყოფილებული. მიუხედავათ იმისა, რომ 1989 წლის აღწერაში 164 000 ოსია რეგისტრირებული, ამ მონაცემების ჭეშმარიტება ჩვენში ეჭვს იწვევს. ასევე ტერიტორია წარმოადგენს ქართველთა ისტორიულ საკუთრებას და რაც შეეხება მესამე კომპონენტს, მათთვის არსებობის უსაფრთხო პირობები და კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გარანტირებული იყო 1921 წლის კონსტიტუციიდან მოყოლებული, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულმა კანონმა „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“. მოვახდინოთ ციტირება: „საქართველოში მცხოვრები ოსი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, სადაც მას აქვს და მომავალშიც ექნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება“. ამდენად, ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიდგომა ყოვლად დაუსაბუთებელია. 2.4 ავტონომიური ოლქის გაუქმების უფლებამოსილება
თვით საბჭოთა შემადგენლობაში ყოფნის დროსაც საქართველო სამართლებრივად სუვერენული ძალის მქონე სუბიექტს წარმოადგენდა, რადგან საბჭოთან კავშირი საკავშირო მრავალეროვან სახელმწიფოდ მიიჩნეოდა. სუვერენიტეტის (უზენაესი ხელისუფლება) ძალით სახელმწიფო თვითონ განსაზღვრავს თავის იურისდიქციას, რომელიც ტერიტორიის საზღვრებითაა შემოფარგული. შესაბამისად, ხელშეუხებელია სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობაც და ყოველი აქტი, რომელიც ლახავს სახელმწიფო უშიშროებას, მიუხედავათ იმისა, რა მოტივით ხდება ტერიტორიული მყუდროების დარღვევა, მართლსაწინააღმდეგო აქტია და დაზარალებულ მხარეს ანიჭებს უფლებას გამოიყენოს საერთაშორისო სამართლით მისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება, რათა დაცული იყოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის პრინციპი. როგორც კანონში „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“აღნიშნულია, ვინაიდან, სეპარატისტული ძალების მხრიდან შეიქმნა საშიშროება მოეხდინათ ხელისუფლების უზურპაცია და ჩამოეშორებინათ განუყოფელი ნაწილი, უზენაესმა საბჭომ გამოიყენა კონსტიტუციის 73-ე მუხლით მისთვის მინიჭებული კომპეტენცია, ახლებურად მოაწესრიგა თავისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხი და გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. გადაწყვეტილება სრულად ჯდება სამართლებრივ ჩარჩოებში.
3. დასკვნა
საქართველოს რესპუბლიკის კანონი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ უზენაესი საბჭოს მხრიდან გადადგმული საკმაოდ ქმედითი, გაბედული და სამართლებრივად სრულად დასაბუთებული ნაბიჯი იყო. მორალური თვალსაზრისითაც იგი სრულად ასახავდა მოსახლეობაში იმდროინდელ დომინირებულ განწყობას. როგორც კანონშია მითითებული 1922 წელს ავტონომია შეიქმნა მკვიდრი ქართველი მოსახლეობის ნების და საქართველოს ინტერესთა საწინააღმდეგოდ. 1922 წელს ოსების მიმართ შეეძლოთ გამოეყენებინათ მაქსიმუმ პერსონალური ავტონომიური უფლებები, რითაც აღიჭურვებოდა უშუალოდ ეთნიკური ჯგუფის ყველა წევრი მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავათ. მაგრამ იმ შემთხვევაში პოლიტიკამ სძლია სამართალს. 11 დეკემბრის კანონი იყო ისტორიული სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი ცდა, რაც ზემოთ განხილულ 1921 წლის კონსტიტუციის პრინციპებს ემყარებოდა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს რესპუბლიკა სუვერენული სახელმწიფოა და თავის ტერიტორიულ ფარგლებში ახორციელებს ტერიტორიულ უზენაესობას, რომლის ძალითაც რესპუბლიკის ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება განუხრელად უნდა შეასრულოს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულმა ნებისმიერმა ორგანომ, დაწესებულებამ და ორგანიზაციამ. წინააღმდეგ შემთხვევებში საქართველო მიმართავს ყველა სახის ქმედით ღონისძიებას პრობლემის გადასაჭრელად!!! |
|