|
კობა ჭუმბურიძე - თამარ მეფის პორტრეტის შექმნის ისტორია
კობა ჭუმბურიძემ შექმნა თამარ მეფის პორტრეტი. მკითხველს წარმოვუდგენთ ამ პორტრეტს და მისი შექმნის ისტორიას, რომელსაც თავად ავტორი გვიამბობს. georoyal.ge “ძმანო, ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი სიმრავლისა მათისათვის და სიმცირითა თქვენისა, რამეთუ ღმერთი ჩვენს თანა არს”. თამარ მეფე
ერთ მშვენიერ დღეს გამიჩნდა კითხვა, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ფრესკებზე შემონახულ თამარის გამოსახულებათა მიხედვით მისი სინამდვილესთან მიახლოებული ხატის აღდგენა. ჩემში ყველაზე დიდ ეჭვს ბადებდა მისი გადაბმული წარბები, რაც შემდგომი თაობის მხატვართა შემოქმედებაში ლამის კანონიკურ ელემენტად იქცა. ამიტომ, ჩემს ამოცანას დავარქვი – “თამარის გათავისუფლება სპარსული წარბების უღლისგან!” ამის შემდეგ ბიზანტიური სტილის გამორიცხვა იყო საჭირო. ასევე გავითვალისწინე მისი დედის (ეროვნებით ოსის) ერის ქალთა დამახასიათებელი იერიც. ძიების პროცესში ვიპოვნე ბეთანიის ფრესკის ქვედა ფენის რენტგენული გამოსახულება, რომელმაც მთავარ კითხვას მოჰფინა ნათელი – ნახატს აქვს სწორი წარბები, ბევრად დიდი თვალები და ბაგე. გამომეტყველებაც უფრო ცოცხალია და პორტრეტულად სანდო. რაც მთავარია, მივხვდი, რომ სწორ გზას ვადექი. ასეთივე გზით შევეცადე მისი სამოსის აღდგენას – ვიპოვნე საღებავთა სხვადასხვაგვარი გამოხუნების ნიშნები, აგრეთვე სიმეტრიისა და ფერთა შეთამაშების ლოგიკა. ამის მერე, სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ქალბატონ ქეთი გოგნაძეს, რომელსაც მრავალი საერთო აღმოაჩნდა ჩემს წარმოსახვაში არსებულ თამარის ხატთან. ჩავთვალე, რომ ეს იყო ნიშანი და დავიწყე ხატვა. კომპიუტერის დახმარებით შეიქმნა დაახლოებით ორი ათეული ესკიზი. პორტრეტი ძირითადად ბეთანიის ფრესკას ეყრდნობა. ფონი სრულად გადმოვიტანე, ხოლო გამოსახულება სანახევროდ ფრესკული დავტოვე. ჩანაფიქრიდან დასრულებამდე თითქმის ხუთი წელი გავიდა (2000 – 2005 წ.წ.), მაგრამ ეს წვალება უცბად აანაზღაურა პორტრეტიდან თამარის შემოხედვამ. კობა ჭუმბურიძე |
|
|
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით. | წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა. |
| | | |
|