| აკეთის სკოლა 60-იან წლებში | „შუაღამისას სამასწავლებლოში გასაღებმა გაიჩხაკუნა. მხოლოდ სახელურმა და რვეულების დასტამ იციან, როგორ შრომობს საწყალი მასწავლებელი.“ (იაპონური პოეზიიდან). დიახ, მასწავლებლის შრომა ფასდაუდებელია, მით უმეტეს, სოფლის მასწავლებლის. თედო სახოკია თავის „მოგზაურობანში“ ასეთ რამეს წერს: „ვისი მეოხებით გაითქვა გურიამ მთელ საქართველოში, კერძოდ და, საზოგადოდ, კავკასიაში სახელი დაწინაურებული პროვინციისა? - სოფლის მასწავლებლის. ვისი წყალობით დაიქსელა გურია სკოლებითა და წიგნსაცავ სამკითხველოებითა? - ამავე სოფლის მასწავლებლის. ვის უნდა უმადლოდეს გურული, რომ თითქმის ყოველი სოფელი საუკეთესო შარაგზით არის შეერთებული მეორე სოფელთან? - სოფლის მასწავლებლის. განუზომელია ის ღვაწლი და ამაგი, რა ღვაწლი და ამაგიც სოფლის მასწავლებელმა გურიასა და მის მკვიდრთ დასდო. დიახ, განუზომელია ღვაწლი იმ ადამიანისა, რომელიც, შეცდომით ყოველგან პატარა კაცად არის ცნობილი, რომელიც ითმენს სიღარიბეს, წყურვილს, შიმშილს და ყოველგვარ ვიწროებას, გარნა სულით ყველაზე მდიდარია. რადგან იცის, რა წმინდა, დიადი და პასუხსაგები მოვალეობა აქვს ნაკისრი, მოვალეობა ყრმათა აღზრდისა, სულიერად ამაღლებისა, განსპეტაკებისა. მისთვის აწმყო არ არის, იგი ყველაზე ნაკლებად იგემებს ხოლმე სიტკბოებას. მისი სიტკბოება და ნუგეში - მისგან ჯეროვნად აღზრდილი ახალ თაობის მომავალი ბედნიერებაა. მომავლითა ხარობს, მისით სულდგმულობს, მისით ნეტარებს. ჩვენი ქვეყნის არცერთ კუთხეს არ ღირსებია ასე რჩეული სოფლის მასწავლებლები, რომელთაც სავსებით ჰქონოდეთ შეგნებული თავისი მოვალეობა. როგორც ჩანს, აქაური მკვიდრნი დიდ შნოსა და ლაზათს იჩენდნენ სწავლა-განათლების გაუმჯობესებაში.“ სხვათა შორის, ეს სიტყვები თედო სახოკიამ, განსაკუთრებით, სოფელ აკეთს მიუძღვნა, რადგან სწორედ აკეთში (სოფელ გაგურის ტერიტორიაზე), 1892 წელს დაარსდა „გურიის სახალხო სამკითხველო“. „თუ არა ვსცდებით, ეს წიგნსაცავი პირველი იყო არამცთუ გურიისა, არამედ მთელ საქართველოს სოფლებისათვის. აკეთში წიგნსაცავის გახსნის შემდეგ ხუთ წელიწადსაც არ გაუვლია, 12 წიგნსაცავი დაარსდა გურიაში, სახელდობრ: ოზურგეთის, შემოქმედის, ლანჩხუთის, ასკანის, ბახვის, სურების, ჩიბათის, ნაგომრის, ნიგოითის, ჩოხატაურის, აცანის და მიქელ-გაბრიელის.“ ამის შემდეგ თედო სახოკია აგრძელებს საუბარს წიგნსაცავების დიდ ეროვნულ მნიშვნელობაზე: „სარგებლობა აკეთის წიგნსაცავისა, და საერთოდ სხვებისაც, გურიაში ამჟამად მით უფრო დიდია, რომ სკოლებში (გარდა სამრევლოებისა) ქართული ენა თითქმის მიტოვებულია. „ბუნებრივად“ წოდებულმა არაბუნებრივმა მეთოდმა სწავლებისამ ჩვენი ენა დაჩაგრა და ჰგვემა გურიის სკოლებში. აქ ქართული ენა დაჩაგრულია, როგორც საგანი და კვირაში ერთი გაკვეთილი აქვს დათმობილი. აი, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, წიგნსაცავიღა თუ მიეშველება მოზარდ თაობას და რასაც სკოლაში არ სწავლობენ, სკოლის გარეთღა თუ შეიძენენ სამკითხველოდან გამოტანილი წიგნების წყალობითა.“ ახლაც ნახავთ გურიის სოფლებში, ზოგიერთ ოჯახში სიძველის სურნელით აღბეჭდილ წიგნებს, რომელთაც ბიბლიოთეკის ბეჭდები არტყია. ამ წიგნებში აქა-იქ გამხმარი ყვავილების ან მისალოცი ბარათების სანიშნებლებია ჩარჩენილი. წიგნების გვერდით აუცილებლად დევს სქელი ფოტოალბომი. ალბომში ფოტოსურათების მეტი ნაწილი ფაქიზადაა ჩაწებებული. ეს ფოტოები კონკრეტული ოჯახის ისტორიას განასახიერებს. ძირითადად შავ-თეთრ, ალაგ-ალაგ დამსკდარი და გაფხაჭნილი, ანდა მელნით ნადღაბნი ფოტოსურათებიდან იცქირებიან ადამიანები. ზოგი - პირქუშად, ზოგი - ღიმილით, ზოგი - დაძაბული, ზოგიც - ქარაფშუტულად და უყურადღებოდ. ეპოქის შესაბამისია მათი ტანსაცმელი და ვარცხნილობა. ფონი სხვადასხვანაირია: ზღვისნაპირი, ბულვარები, ცხელი სანაპიროები, საბჭოთა ავტომობილები, სასაცილო საბავშვო სათამაშოები, უნივერსიტეტის აუდიტორიები, სკოლის დერეფნები, ვაგონის კუპეები. ეს ფოტოები სავსეა „მხიარული სახეებით, რომლებიც იყურებიან ფოტოკამერების ობიექტივისკენ და სინამდვილეში უცქერიან დროის შორეულ, იქეთა მხარეს...“ ვუცქერ ხოლმე ამ ფოტოებს და ვცდილობ, გონებით გადავინაცვლო იმ „ძველი და კეთილი“ დროების შუაგულში. აქ არიან ნაცნობები, მეგობრები, თანაკლასელები, მეზობლები, ნათესავები, რომლებიც იცვლებიან ფოტოდან ფოტომდე, იზრდებიან მოულოდნელად. აქ არის „სახეების და ფიგურების განუწყვეტელი რიგი, წარსულის აჩრდილები, მთელი ცხოვრება, მთელი მეხსიერება.“ ეს სურათებია ჩვენი წარსული, რაღაც ისეთი, რაც წაგვართვეს და რის დავიწყებასაც გვაიძულებენ თითქოს. ჩვენ კი არ ვივიწყებთ, იმიტომ რომ, ეს სინამდვილეში ჩვენი ნაწილია. შესაძლოა, თვით საუკეთესო ნაწილიც კი. რამდენი რამ გვაკავშირებს თუნდაც იმ შენობასთან, რომელსაც სკოლა ჰქვია.. გაგურის ცენტრში, აკეთის სკოლისკენ მიმავალ გზაზე მაღალი, ტოტებგაბარჯღული ჭადარი გვესალმება. ამ ჭადრის ტოლი ამ მიდამოში ბევრი არაფერია. დგას ამაყად. დრო კი მიდის და მოდის. მის ქვეშ ტლანქად გამოჩორკნილი მერხია. ამ მერხზე, ავტობუსის გაჩერებებზე თუ სკოლის კედლებზე, თაობების მიერ ამოტვიფრულ სიტყვებს ფარავს მტვერი, ჟამთა სვლისაგან ედება ხავსი. ვინ მოსთვლის, რამდენი ბავშვი ჩამომჯდარა ამ ხის ქვეშ. აყვავებული გაზაფხულის სურნელში, ცის ტატნობზე მოკაშკაშე მზის ქვეშ. ფრინველებს მხრებით მიჰქონდათ თეთრი ღრუბლები. ტოროლები წკრიალით გალობდნენ და სიმღერით ათბობდნენ გულს. ჟამთა სიღრმეში, ოდესღაც ეს მერხები, ბაღები და მდელოები სულ სხვას ამბობდნენ. უკან რომ დაბრუნდები, წლების შემდეგ. დაგხვდება ისევ ის გზა, მწუხარებით და სიმარტოვით სავსე. განცდა კი ასეთია: „ისევ დავაბიჯებ მშობლიური სოფლის მიწაზე. რაღაცნაირად შემიმსუბუქდა ნაბიჯი, მაგრამ გული დამიმძიმდა“ (იაპონურიპოეზიიდან). შარაზე რომ ჩაუვლი უამრავ სახლს და ვეღარ ნახავ მათ პატრონს, დააკვირდები კედლებს, იმ ამოტვიფრულ სიტყვებს დაეძებ ჩუმად. გაუყვები სკოლისკენ მიმავალ გზას, რომელზედაც ოდესღაც გაზაფხული ფშვინავდა. წლებმა ვაგონებივით გაიქროლეს; ტკბილ სიჭაბუკის დღეებს ვეღარსად გადაეყრები, თორემ ყველაფერი დანარჩენი კი ისევ ისეა; ჭადარიც, სკოლაც ისევ დგას თავის ადგილზე, და გაზაფხულიც კვლავაც ისევ ისე მოდის. ვარდისფრად ააყვავილებს მშვიდ ატმის ხეებს, ოდესღაც ხალისსა და შვებას რომ გგვრიდნენ („მე ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს. იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს“ -გალაკტიონი). გაზაფხულის მზე რახანია მიიწურა. ვარდობა მიილია და ყვავილებიც დაჭკნენ. დაიკარგა ხალისის ჟამი, სიყვარულის ჟამი, ჩრდილად და სიზმრად იქცა. ისე გაილია გაზაფხული, თითქოს, ატმის ყვავილებთან დამშვიდობებაც ვერ მოვასწარით, ვერ გავაცილეთ... როგორ გვიმძიმდა მათთან გაყრა. და მაინც ყველას გვახსოვს შორეთში მიტოვებული ჩვენი გაზაფხული... მისი მდუმარე სევდა, სიმწვანე. „საღამოს ბინდი ჩამოწვა სოფელში თავისი სურნელით. ყვავილებმა განმსჭვალეს გული. ჰოი, ტკივილო მოგონებათა“ (იაპონური პოეზიიდან). „ყველასია გაზაფხული, ყველას სამყოფია...“ „და დავინახე ...გაზაფხულების მთელი რიგი, წლების ძაფებით ნემსივით რომ გაძვრნენ ჩემს სხეულში“ (ხარანაული). რამდენი გაზაფხული გამიცილებია, მაგრამ სულ მახსოვს ის, ოცდაათი გაზაფხულის წინანდელი „ჩემი გაზაფხული“, პირველი ამღელვარება; ახლად ამოსული ბალახის წვენის მძაფრი სურნელი; ხეების ფოთლებში გახირული მოცინარი მზე. მახსოვს მისი ფერი... ხაკისფერი.... შუშისთვალება რუ სი „სალდათების“ ფარაჯის, ტანკების ფერი. ჩვენი გაზაფხული და ყვავილობა, ახალფურცლობა ეროვნული გამოფხიზლების, მინავლებული ეროვნული ენერგიის ვულკანივით ამოფრქვევისა და აზვირთების პერიოდს დაემთხვა. სკოლის მოსწავლე ვიყავი. 1989 წლის გაზაფხულზე დედას ვუმალავდი, მიტინგებზე რომ დავდიოდი და სულ ვატყუებდი, ხან ერთ მეგობართან ვარ-მეთქი და ხან მეორესთან... 8-ში შუადღისას, სახლიდან გასვლისას მოვიგონე, მეგობართან დავრჩები-მეთქი და დედამ მითხრა, მეგონა რაღაც გასწავლე, მეგონა გაგზარდე, ვერ გამიზრდიხარ, თუ ახლა შენ დაქალებში საჭორაოდ მიდიხარო. ძალიან გამეხარდა. სიმართლე ვუთხარი, დედამ ღრმად ამოისუნთქა და თვალცრემლიანმა გამაცილა... ძირითადად მხატვრის სახლთან ვიკრიბებოდით მეგობრები. მახსოვს, 9 აპრილის ღამის შემდეგ რუსთაველის პროსპექტი, გორებად დახვავებული ფეხსაცმელები, პლედები.... შლანგებით რეცხდნენ ქუჩას. რეცხავდნენ ჩვენი მეგობრების სისხლს. რუსი ჯარისკაცები დაქროდნენ „ვილისებით“. მიწისქვეშა გადასასვლელთან საშინელი სისხლის სუნი იდგა... ბევრი სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ მოიწამლა...მერე ვხედავდი, სიმწრისგან და უმწეობისგან როგორ ტიროდნენ და სლუკუნებდნენ ტუჩებმოკვნეტილი ქართველი კაცები. მაშინ მე და არა მარტო მე, მრცხვენოდა, რომ ცოცხალი ვიყავი... მე ბედნიერი ვარ, რადგან ჩემს ცხოვრებაში 1989 წლის გაზაფხული იყო. იყო იდეალები, რომანტიზმი, სანატრელი ერთიანობა; ყვავილების ზღვა რუსთაველის გამზირზე. ის გაზაფხულიც დაცხრა და წავიდა უმალ. გაიძარცვა გულები, ჩაქრა ცეცხლი, გაცივდა და დანაცრდა საკურთხეველი... „ხედავ, ზამთრის ძონძები ხეებს ჩამოეკონა, მე კი ეს გაზაფხული ისევ ჩემი მეგონა“ (გალაკტიონი). მართლა, სად მიდიან გაზაფხულები? რატომ აღარ ბრუნდებიან შინ?... რატომ არ ძალუძთ აფეთქებულ ატმის ხეებს, თავიანთი შტოებით წინ აღუდგნენ მიმავალ გაზაფხულს, დააკავონ და აღარ გაუშვან. ძნელია, გჯეროდეს, რომ ისევ ისე გაგახარებს გაზაფხულის ღიმილი, ძნელია გჯეროდეს, რომ დაგიბრუნდება („მაგრამ გულში დარდს ნუ ისევ, ოცნება თუ გშორდება. ყოველივე იგი ისევ, ისევ განმეორდება“ - გალაკტიონი). „ჩვენი ცხოვრება ბავშვური წარმოდგენების გაქარწყლება, გაწბილებაა..“ - ამბობს თამაზ ჭილაძე. მართლაც, ბაბუაწვერასავით გაიფანტნენ ჩვენი ბავშვური ოცნებები და მაინც, ვლოცავთ სხვათა გაზაფხულებს, სხვათა ახალფურცლობას, პირველ სიყვარულს, პირველ აღტყინებას. როცა ყველაფერი მხოლოდ წინ არის, წინ გელოდება მომავალი, უთვალავი ფერებით სავსე...შეუცნობელი, მაგრამ მაინც, მხოლოდ კარგის დამპირებელი ცხოვრება. რომ გჯერა მისი სიკეთის და ვერავინ რომ ვერ გადაგარწმუნებს... აი, ამ გადასახედიდან კი, როცა ყველაზე კარგად ჩანს წარსული და ყველაზე ბუნდოვნად მომავალი, იმიტომ რომ, უფრო ბევრი რამ დარჩა უკან (თუ ყველაფერი არა), როცა ფერები გახუნდნენ (საერთოდაც თუ არ გაქრნენ), როცა იცი, რაც არის ცხოვრება, საჩუქარი რომ არ არის, რომ უფრო ტვირთია. ეზიდები, მძიმეა. ეგუები უფერულ ყოველდღიურობას... მართლაც რომ, სიზიფესავით მიუყვები ერთსა და იმავე აღმართს...ცხოვრობ, ცხოვრობ....და ასეთი ცხოვრებაც რომ გიყვარს... ხანდახან ადამიანს ვინმე მოგაგონდება, გაიფიქრებ, ნეტავ, როგორ არისო, და უცებ გაგახსენდება, რომ იგი უკვე ქუჩაში აღარ დადის. მისი ხმაც აღარ უერთდება საყოველთაო ხმაურს, ცხოვრების არენიდანაც სამუდამოდ გამქრალა და სადღაც, ქალაქის ან სოფლის ჭიშკრის გადაღმა, მიწაში განისვენებს. თუნდაც ჩვენი მასწავლებლები, ბავშვობის ადამიანები. ძნელია და მტკივნეული, შეურიგდე იმ აზრს, რომ გავლილი დროის სულ პატარა მონაკვეთსაც კი ვეღარ დაიბრუნებ. მწარეა იმის გააზრება, რომ ვეღარ გააკეთებ იმას, რისი გაკეთებაც გინდოდა, ვეღარ ნახავ ადამიანს, ვისთანაც შეხვედრა უთვალავჯერ გადადე, რადგან გეგონა, რომ შესახვედრად უკეთეს დროს გამონახავდი. უკეთესი დრო კი უკვე აღარ მოვა. რადგან დაგვიანდა, რადგან ის, ვისთვისაც უნდა გეთქვა ის, რაც უნდა გეთქვა, აღარ არის ამ ქვეყნად. ან პირიქით, გითქვამს სიტყვები, რომლის თქმასაც მწარედ, მწარედ ნანობ, მაგრამ უკან ვეღარ წაიღებ. არსებობს კავშირი შენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადამიანის დაკარგვასა და იმ ძნელად ასახსნელ სამყაროს დაკარგვას შორის, რომელსაც სამშობლო ჰქვია. ეს არ არის ურა-პატრიოტული სიტყვა, არამედ ეს სიტყვა ყველაფერია, რაც ჩვენს ცხოვრებაში გვინახავს, მოგვისმენია, განგვიცდია, გვიკეთებია, ყველაფერი თავისი სიხარულით და დარდით, თავისი ფერებით და ხმებით, სახეებით და სახელებით. და რაოდენ მტკივნეულია და აუტანელი იმის შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი მიაქვს რაღაც შავ ნიაღვარს და სრულიად უძლური ხარ, სულ მცირე ჩქამიც კი გადაარჩინო. ეგებ, მომავალმა თაობამ მაინც შეძლოს, გააკეთოს ის, რაც ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია. „ნებისმიერი დღე, ჩვენს ცხოვრებაში განვლილი, და ყველა ადამიანი, დღემდე ნანახი, - ალბათ ჩვენი მასწავლებლები არიან“ ... „თავმდაბლები იყავით,აქაურობა არ დაივიწყოთ. სახელსა და პატივს გაუფრთხილდით. კარგები იყავით, შვილებო და ჩვენც მშვიდად დავიხოცებით. ისწავლეთ. სწავლას დიდი ძალა აქვსო.“ - ამ სიტყვებით ისტუმრებდნენ და კვლავაც ისტუმრებენ სკოლადამთავრებულ ბავშვებს აკეთის საჯარო სკოლიდან, რომელსაც კვლავ ათბობს ბავშვების ჟრიამული, თუმცა ბავშვების რიცხვი უფრო და უფრო მცირდება. აკეთის საშუალო სკოლა გაიხსნა 1964 წელს. თუმცა მანამდე, მე-20 საუკუნის დასაწყისში სოფელ გაგურში, მაცხოვრის ეკლესიის ქვემოთა ტერიტორიაზე (რომელსაც ახლაც „ნაკლასვარს“ ეძახიან სოფელში) არსებობდა ორკლასიანი სკოლა. აგრეთვე იყო დაწყებითი სკოლა სოფელ გაგურში (ზაზა მგელაძის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე). აკეთის საშუალო სკოლას შეადგენენ ოთხი სოფლის (ჭანჭათის, ქვემო აკეთის, ზემო აკეთის და გაგურის) მოსწავლეები. მისი პირველი დირექტორი იყო ვაჟა ჭეიშვილი (1964-70). ეს სკოლა თავის დროზე სახელმწიფოსგან ამ კუთხისთვის ბოძებული ყველაზე დიდი ჯილდო იყო. ახალ დროებას ამ სკოლამ ჩაუყარა საფუძველი. იგი ამ კუთხის განათლების ცენტრად, სიკეთის საწყისად იქცა. თავისი არსებობის პერიოდში ამ სკოლამ ბევრი საშვილიშვილო საქმის გაკეთება შეძლო. მოახერხა ამ სოფელში დაფარული ტალანტის გამომზეურება. ბევრის დაფრთიანება და დაკვალიანება. აქ აღზრდილები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, ამ სკოლის ნამემკვიდრევი კაიკაცობით, სიკეთით. სკოლას წლების განმავლობაში სათავეში ედგნენ ბრწყინვალე დირექტორები: შაქრო წულაძე (1970-1972), შალვა ჭარმაკაძე (1972-1975), ალექსანდრე ღლონტი (1975-1984), ლადო ჭეიშვილი (1984-1985), რომან გოგუაძე (1985-1994), ერემი ტოროტაძე (1994-2007), მაია სიჭინავა (2007-2019). პედკოლექტივიც რჩეული იყო. ვერ ნახავდით რომელიმე მასწავლებელს უსაქმოდ, ჭორაობისთვის გაჩერებულს, უწიგნოდ ჩამომჯდარს. წლების განმავლობაში სკოლას პირნათლად ემსახურებოდნენ და სკოლის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს მასწავლებლებმა: მარგარიტა ბაჟუნაიშვილმა, მაშიკო ბაჟუნაიშვილმა, ვერა მგელაძემ, შაკო ჭარმაკაძემ. ბევრი მათგანი, პირველად რომ მასწავლებლობას შეუდგა, თავისი მოწაფეების ტოლი იყო. მრავალმა თაობამ გაიარა მათ ხელში - ბაბუებმაც და მამებმაც, შვილებმაც და შვილიშვილებმაც. რომც არ გეკითხათ ჭკუა, მაინც გარიგებდნენ, ისე იყვნენ მიჩვეულნი დამრიგებლობას, ჭკუის სწავლებას. მომავალ თაობას, სულით და ჯანით გაუტეხელ ახალგაზრდებს ურჩევდნენ მუყაითობას, პატიოსნებას, პირუთვნელობას, დათმობას, სადაც ჯობდა. ყველა საქმეს ჰყავს თავისი ფანატიკოსი. ეს იყო არსებობა მა
| თი, სუნთქვა მათი, გული ეს იყო, ყველაფერი ეს იყო. რაღაც სხვა, დიდი და განუზომელი, რისთვისაც გადაედოთ თავი. მეურვეობდნენ აქაურ მოსწავლეებს, ნიჭიერ ახალგაზრდობას. სკოლის ავ-კარგში კარგად ჩახედულნი, მკაცრებიც იყვნენ და კეთილშობილნიც, პრინციპული და ენერგიული, განათლებული, ინტელექტუალური, გონებამახვილი და გამჭრიახი მამულიშვილები. თავგანწირული ჯაფით და საქმის უსაზღვრო სიყვარულით, ენთუზიაზმით ემსახურებოდნენ სკოლას, მისი ჭეშმარიტი პატრონები იყვნენ. ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდნენ ბავშვების ხალასი ნიჭის გამოსავლენად. ესენი იყვნენ მასწავლებლობისთვის გაჩენილი ხალხი, რომელთაც საკუთარი პიროვნული ღირსებებით და საქმის გაძღოლის უნარით განამტკიცეს სკოლის ავტორიტეტი. მათი თავდაუზოგავი ღვაწლის შედეგად სწავლა და ცხოვრება ამ მხარეში დღესასწაული იყო. დღესაც ასეა. სკოლა მართავს და ასახავს ამ კუთხის სულის მოძრაობას, ზრდის და აყალიბებს მას. და თუ იგი პირნათლად შეასრულებს ამ ფუნქციას, მაშინ, შესაძლოა, ისიც ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა გახდეს აქაურთა დამაგრებისთვის და უკუმიგრაციის პროცესისთვის. დღეს ამ სკოლაში გაგურში მცხოვრები მასწავლებლებიდან მოღვაწეობენ: ლეილა გოგელია, ზოია ცარციძე, მერი ჩიკვილაძე, მზია აბაშიძე (ბერიძე), ტარიელ ხინიკაძე, ლია ზათიაშვილი, ირინა ბაჟუნაიშვლი, რუსუდან ხუხუნაიშვილი, ნინო კეკელიძე, სოფო ვადაჭკორია, ოთარ ვადაჭკორია. სოფელ გაგურში მდებარე საბავშვო ბაღში ნორჩი თაობის აღზრდისთვის იღწვიან: თამუნა გოგუაძე, ნინო ბერიძე, მანანა ღლონტი, ეკა თედორაძე. სკოლის უკანასკნელი დირექტორი - მაია სიჭინავა, რომელიც ამ წერილის დაწერის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა, აკეთის საჯარო სკოლას 2007 წლიდან ხელმძღვანელობდა. იგი ბევრი სასიკეთო წამოწყების ინიციატორი გახლდათ. ყოველ ახალ სასწავლო წელს ცდილობდა გაელამაზებინა და სასიამოვნო სასწავლო გარემო შეექმნა მოსწავლე ახალგაზრდობისთვის. სწორედ, მისი აქტიური საქმიანობის შედეგი გახლავთ ის, რომ გარემონტდა ბიბლიოთეკა, აღიჭურვა სათანადო ავეჯით, წიგნადი ფონდი შეივსო ქართველი მწერლების ტომებით. გარემონტდა სააქტო დარბაზი, მოწესრიგდა სკოლის ეზო; განახლდა და შეივსო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. სამწუხაროდ, ქალბატონ მაიას არ დასცალდა დასახული მიზნების ბოლომდე განხორციელება. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს ქალბატონი მაიას და ყველა ამ სკოლაში მოღვაწე ადამიანთა სულს, რომელთაც ნათელი კვალი დატოვეს სკოლის ისტორიაში და თავიანთი მაგალითით, სიტყვით და საქმით დაგვანახეს და დაგვაჯერეს, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს სიცოცხლის სრული დატვირთვით, რასაც ტანჯვა და სიხარული მოაქვს, აი ეს არის ნამდვილი სიცოცხლე. გაგურის სკოლის, ზოგადად, სოფლის პერსპექტივის, თანამედროვე ბავშვის აღზრდისა და სწავლების პრობლემებზე გვესაუბრებიან აქაური პედაგოგები: ლეილა გოგელია (პინაიშვილისა): აკეთის საჯარო სკოლაში 1982 წლიდან ვმუშაობ, ისტორიის პედაგოგად. უცვლელი მასწავლებელი ვარ და ძალიან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს ამ სკოლასთან. ჩვენს გვერდით ბევრ კარგ მასწავლებელს უღვაწია. მე უკვე ძველი კატეგორიის მასწავლებლებში გადავედი. ძველი კადრი ვარ და ჩემნაირებს „ძველებს“ გვეძახიან სკოლაში. რაც მე სკოლაში ვმუშაობ, ამ დროის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა. ბევრი დირექტორი გამოვიცვალეთ. არაერთი თაობა აღვზარდეთ,დავაკვალიანეთ. ზოგი წარმატებულია ცხოვრებაში და გვიხარია. მე რომ მოვედი აქ, მაშინ საბჭოთა სკოლა იყო. კომუნისტური იდეოლოგია სუფევდა ყველგან. ახლა სულ სხვა სკოლაა. უწინ სოფელი ძლიერი იყო და ბევრი მოსწავლე გვყავდა. პარალელური კლასები იყო. ახლა საგრძნობლად შემცირებულია ბავშვების რიცხვი. მიზეზი ის არის, რომ სოფელში დაუსაქმებელია ხალხი. სამუშაო ადგილები არ არის და გარბიან ქალაქში. სოფელი ცარიელდება. ქალაქში რაღაცას მაინც პოულობენ სამსახურს. და აქ რა ქნან? ფაბრიკა იყო, კოლმეურნეობა, სხვადასხვა დაწესებულებები. მოსავლის იმედი ჰქონდა ხალხს. შრომობდნენ და ყოველდღიური სარჩო-საბადებელი გააჩნდათ. დღეს მოსავლის იმედიც აღარ არის და ყველა ქალაქში გაიხიზნა. ერთ დროს, წლების წინ, სოფელში ცხოვრება ჩქეფდა. მე რომ მოვედი ამ სოფელში, გაგურის ცენტრში საბჭოს შენობა იყო, კოლმეურნეობის კანტორა, ფოსტა, საავადმყოფო, დარბაზი, დიდი სასადილო, მაღაზიები... ძალიან კარგი ცხოვრება იყო, მაგრამ ახლა სიცარიელეა. ამჟამად, ძირითადად, აჭარიდან ჩამოსახლებული ხალხი შეადგენს ჩვენი სოფლის მკვიდრ მოსახლეობას. ახალგაზრდები მეტწილად გაიხიზნენ. ამ ეტაპზე ასამდე მოსწავლეა სკოლაში. უნდა ითქვას, რომ თაობა შეიცვალა. სულ სხვა, ლაღი, თავისუფალი თაობა მოდის. ამდენი წლის მასწავლებელი ვარ და ვხედავ ამ დიდ განსხვავებას, რომ იტყვიან, ფერისცვალებას. უწინდელთან შედარებით, ასე მგონია, სულ სხვა სკოლაში ვმუშაობ. მივყვებით ბავშვების ნება-სურვილს, რაც სურთ, რაც უხარიათ. ბავშვებისთვის მეტი თავისუფლების მიცემას მოითხოვს თანამედროვე სკოლა და საგანმანათლებლო სისტემა, მაგრამ ნამეტანი თავისუფლებაც არ ვარგა, რადგან, შესაბამისად, მოვალეობები ავიწყდებათ ბავშვებს და ეგაა უბედურება. მასწავლებლის ავტორიტეტი დღეს, ჩემი აზრით, დაკნინდა. ამას ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი.თანამედროვე ბავშვი ბევრი რამით განსხვავდება, თუნდაც, ჩემი თაობის ბავშვისგან: სხვა ინტერესები და ღირებულებები აქვს, სხვა ინფორმაციას ფლობს. გარკვეული ნაწილი ამ ინფორმაციისა სასარგებლოა და დიდ ტექნიკურ სიახლეებთანაა დაკავშირებული, ნაწილი - საკმაოდ დაბინძურებული. ბავშვი სუფთა ფურცელია, რომელიც ამ ყველაფერს აღბეჭდავს. მშობელმა და პედაგოგმა მისი ცნობიერება სისუფთავისკენ უნდა წაიყვანონ. ბავშვის გულსა და გონებაში ფასეულობათა იერარქიის განსაზღვრა სკოლისა და ოჯახის ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს. სამწუხაროდ, დღეს ოჯახს ბავშვისთვის აღარ სცალია. ეს გამოიწვია ჩვენი საზოგადოების სოციალურმა დაუცველობამ, რომელიც, ძირითადად, საშუალო ფენას დაატყდა თავს. მშობლებს არ სცალიათ საკუთარი შვილების აღსაზრდელად. სათანადოდ ვეღარ აკონტროლებენ, რას აკეთებს მათი შვილი. ეს ყველაფერი დიდ ტვირთად აწვება სკოლას და, შესაძლოა, მომავალში დიდ კატასტროფადაც დაატყდეს თავს ჩვენს ქვეყანას. ბავშვი მთელი დღე მარტოა და თვითონ ირჩევს მეგობარსაც, სატელევიზიო გადაცემასაც, წასაკითხ ლიტერატურასაც (თუ საერთოდ კითხულობს რამეს). წიგნების კითხვის შესახებ, ზოგადად, უნდა ითქვას, რომ წიგნების კითხვის ეპოქა, სამწუხაროდ, დასრულდა, თუმცა უცნაურ გამონაკლისს რა დალევს ამქვეყნად. ჰოდა, ამ გამონაკლისს უნდა ჩავებღაუჯოთ. და ყოველთვისაც, გამონაკლისები იყვნენ დედამიწის მარილი, ამ პლანეტის ისტორიაც გამონაკლისების და მათი იდეების განხორციელების, მათი უთანასწორო ბრძოლის ეპოპეაა დანარჩენ ნაცრისფერი უმრავლესობის ფონზე. ერთი სასულიერო პირი წერს: „წიგნების გარეშე, მათთან უაღრესად ინდივიდუალური და ინტიმური ურთიერთობის გარეშე ადამიანი განწირულია სულიერი და ინტელექტუალური თვითმკვლელობისთვის. ის თითქოს ფიზიკურად ცოცხალია, მაგრამ მეტაფიზიკურად მკვდარი. ჩვენი დრო, ამ მხრივ, ყველაზე ტრაგიკულია. ქუჩები, დაწესებულებები, ტრანსპორტი, უნივერსიტეტები, სკოლები... სავსეა სხვადასხვა ასაკისა და სოციალური ფენის მოძრავი, ხშირად აგრესიული მეტაფიზიკური გვამებით. ადამიანი, რომლის ადამიანობაც, ჯიში და ჯილაგი თავისუფლებაა, წიგნების სამყაროსთან ურთიერთობის გარეშე, ამქვეყნად უუფლებო მონობის მძევალი და, შემდგომ, მონურივე სიკვდილის მსხვერპლია. მხოლოდ ნამდვილ წიგნს შეუძლია მის
| ცეს ადამიანს თავისუფალი არჩევანის უნარი, გააფართოვოს მისი ინტელექტუალური თვალსაწიერი, დაანახოს, გააცნოს და დაამეგობროს სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის ნამდვილ, თავისუფალ, სულიერად ლამაზ, სუფთა ადამიანებთან. მხოლოდ წიგნი იძლევა უნიკალურ საშუალებას იცხოვრო სხვადასხვა დროში, სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრებ უამრავ ადამიანთან, მოისმინო მათი საუბრები, მათი პოეზია, ანუ მათი შინაგანი მუსიკა; თანამონაწილე გახდე მათი მწუხარებისა, სევდისა, სიხარულისა თუ ბედნიერებისა. პირადად გაიცნო უაღრესად საინტერესო ისტორიული თუ მწერლის მიერ კონცეპტუალურად გამოძერწილი ეპოქალური ადამიანები და ა.შ. აი, ამ ყველაფრის გარეშე დარჩენილ ადამიანზე ტრაგიკული, უბადრუკი და საცოდავი შეიძლება იყოს რამე ამ ცისქვეშეთში?! სულიერად და მშვინვიერად უკიდურესად ღარიბი უწიგნური ადამიანის დამორჩილება, დამონება და დაჩაგვრაც ხომ ძალიან ადვილია. ამა სოფლის ძლიერთათვისაც, მათი ხორცსაკეპი და სულსაკეპი სისტემებისთვისაც ხომ ზუსტად ასეთი უუფლებო და უფანტაზიო მასაა საჭირო.“ ასე, რომ საგანმანათლებლო სისტემის, სკოლის, მასწავლებლის, მშობლის, მთელი სამყაროს მიზანთმიზანი უნდა იყოს ის, რომ მოვძებნოთ ასეთი უცნაური გამონაკლისები, რომლებსაც აღმოვუჩენთ წიგნებს, ვიმეგობროთ, ვისუნთქოთ ასეთებთან ერთად, რადგან მხოლოდ წიგნებშია დაუნჯებული მეტაფიზიკური ჟანგბადი, მხოლოდ მათში მოჩქეფს თავისუფლებისა და ნამდვილი ადამიანობის წყარო. ჩვენ მომხრენი ვართ, რომ ბავშვები აღვზარდოთ თავისუფალ ადამიანებად, რათა მათ შეძლონ თავისუფალი აზრის გამოთქმა, მე, როგორც ისტორიის მასწავლებელი, ძალიან დაინტერესებული ვარ, ბავშვები ჩავრთო პროექტულ საქმიანობაში. პროექტი უფრო ხალისიანს ხდის სასკოლო პროცესს. ბავშვებსაც აინტერესებთ, ეძიებენ, კრებენ სხვადასხვა მასალებს წიგნებიდან, ინტერნეტიდან. ამდენად, ეს პროექტები კარგ შედეგს იძლევა. ბავშვები ინტერესდებიან, რადგან ერთფეროვნება მოსაწყენია. ამ შემთხვევაში კარგად ჩანს ბავშვის თავისუფალი აზროვნების, კვლევა-ძიების უნარ-ჩვევა, რაც ყველაზე კარგი მიღწევაა თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში. არაერთი სასიკეთო პროექტი გავაკეთეთ. მინდოდა, ბავშვებს უკეთესად შეესწავლათ თავიანთი კუთხის ისტორია. გავაკეთეთ სხვადასხვა პროექტები მაცხოვრის, ოქონის ეკლესიებზე; ქართულ კერამიკაზე, ჩვენი სკოლის ისტორიაზე. ამ პროექტების შედეგია ის, რომ ბავშვები უკეთ აზროვნებენ, მსჯელობენ, თავისუფლად გამოთქვამენ თავიანთ აზრს. მიხარია, რომ ბავშვი ლაღად, თავისუფლად აზროვნებს და თავის აზრს თამამად გამოთქვამს. არა მარტო პროექტების შემთხვევაში, არამედ ყველა გაკვეთილზე ვცდილობ ამის მიღწევას. მინდა იმსჯელონ, კრიტიკულად შეაფასონ ესა თუ ის საკითხი, კითხვები გაუჩნდეთ, რაც თავისთავად იმპულსია დამოუკიდებელი აზროვნებისთვის. საინტერესოა ურთიერთშეფასების პროცესის წარმართვაც. მაგალითად, ასეთი დისკურსი: - მე რა გავაკეთე კარგად, იმან რა გააკეთა? რა გამომივიდა მე კარგად და რა არა. ეს უკვე აზროვნებაა და ამას ითხოვს დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემა. ჩვენც ამ მიმართულებით ვართ მოწადინებულნი, რომ რაც შეიძლება თავისუფლად იაზროვნოს ბავშვმა. 1982 წლიდან ვმუშაობ ამ სკოლაში და რომ შევხედე, თაობებმა როგორ არ იციან ამ სკოლის ისტორია, თუ როგორ ჩაეყარა მას საფუძველი, ვინ იყვნენ დირექტორები. რა ისტორია გაიარა მან დაარსებიდან დღემდე, გადავწყვიტე, გამეკეთებინა პროექტი: „ჩემი სკოლის ისტორია“. მოვიწვიეთ ძველი, უხუცესი ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომლებიც იმხანად ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. მაგალითად, ამ სკოლის პირველი დირექტორი - ვაჟა ჭეიშვილი. პირველი მასწავლებელი - ლილი იმნაძე. ასევე გივი ვადაჭკორია. მათგან შევკრიბე ინფორმაცია სკოლის წარსულის შესახებ. რაიონული ღია გაკვეთილი გვქონდა. ამ ადამიანებმა გულითადად ისაუბრეს და მოიგონეს გარდასული ამბები. მერე გავაკეთეთ ალბომი, კედლის გაზეთი. სტენდი, რომელზეც ამ სკოლაში მოღვაწე დირექტორებისა და პედაგოგების ფოტოებია ასახული. ჩანახატებიც შექმნეს ბავშვებმა თემაზე: „ჩემი სკოლა“, სლაიდებიც გაკეთდა. ერთი სიტყვით, საინტერესო იყო ეს ყველაფერი. ეს იყო მცდელობა დაკარგული ისტორიის აღდგენა და გადარჩენა. უნდა გითხრათ, რომ საკმაოდ გამიჭირდა ამ სურათების მოძიება. სად არ ვიყავი, ვის არ შევხვდი, რომ მომეპოვებინა ფოტოები პირველი კურსდამთავრებულების, სკოლის პირველი ხედებისა. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი აღდგა და გაცოცხლდა. ეს არის ჩვენი სოფლის მატიანე, რომელიც არ უნდა წაიშალოს, არ უნდა გაქარწყლდეს. ესაა ხსოვნა სიცოცხლისა, ხსოვნა ფესვებისა, ხსოვნა სოფლისა. ყველაფერი ხსოვნაა. განძი ხსოვნაა. ხსოვნაა მადლი, სიცოცხლის მადლი. და სწორედ, ეს ხსოვნაა გადასარჩენი. ოთარ ჩხეიძე წერს: „ხსოვნა თუ მოიშალა, რაღას უშველი? ხსოვნის კედლები ხელს როდი ემორჩილება? მას ვეღარ აღადგენ და ვეღარ ააშენებ. ხსოვნა თუ მოიშალა, მაშინ ჩვენც აღარ ვყოფილვართ. რაღა გაგვაჩნია ხსოვნაზე ძვირფასი. იმ ქვებს ვეღარც იპოვნი და ვეღარც შეაგროვებ.“ რისთვის ვართ აბა ჩვენ, ძველი ადამიანები. იმისთვის, რომ მივცეთ საშუალება მომავალ თაობას, რაღაც იცოდნენ წარსულის შესახებ. ასე იქმნება ისტორია. დიდი სითბო და სიყვარული ტრიალებს ამ სკოლაში, რომელიც ყველა აქედან წასულსა და დაფრთიანებულს, ცხოვრების დიდ გზაზე გასულს მუდამ თან სდევს და ამავე წიაღში აბრუნებს. ბევრი კარგი თაობა გაზარდა ამ სკოლამ, რომელთაც ასახელეს სოფელი, სკოლა, ოჯახი და ჩვენც ვამაყობთ ამით. ტარიელ ხინიკაძე: მე ისტორიის პედაგოგი გახლავართ (40 წლის პედაგოგიური სტაჟი მაქვს) და საუბარს ჩემი გვარის ისტორიით დავიწყებ. ხინიკაძეების გვარი წარმოშობილია მე-17-მე-18 საუკუნეში მამუკა თავდგირიძის მოყოლის შედეგად. მამუკა თავდგირიძის შესახებ თედო სახოკია წერს: „ამ გვაროვნობას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. ახლანდელი თავდგირიძეები წინათ თაქთირიძეებად იწოდებოდნენ და მოხსენებულნი არიან, როგორც სამცხე-საათაბაგოს სახელოვანი თავადნი. სამცხე-საათაბაგოში ჰქონიათ სოფელი „ჩორჩანელი“ სასაფლაოთი, მონასტრით და კარის ეკლესიით. სოფელ აკეთში თავდგირიძეები დასახლებულან მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში. მათი წინაპრის, მამუკა თავდგირიძის, გამოსვლის ამბავი მჭიდროდ არის დაკავშირებული ქობულეთის მხარეში ქრისტიანთა და მაჰმადიანთა პირველ შეტაკებასთან. ამ მამუკა თავდგირიძის პირდაპირი შთამომავლები არიან როგორც ქობულეთში (მაჰმადიანები), ისე სოფ. აკეთში (ქრისტიანები) მცხოვრები თავდგირიძეები. მამუკა მაშინ გადმოსულა გურიაში, როცა მთელი ჩაქვი და ქობულეთი ჯერ ისევ ქრისტიანი იყო. მისი საბატონო იყო როგორც ჩაქვის, ისე ქობულეთის მხარე. საოცარია, ხანდახან რა უბრალო შემთხვევას, თითქმის უმნიშვნელო მიზეზს შეუძლია მთელი მხარის სვე-ბედი წაღმა დაატრიალოს, თითქმის ძირითადად შეცვალოს მისი მდგომარეობა. მამუკას სახლთუხუცესად ჰყავდა აზნაური, ვინმე ოთარ იობიშვილი. ოთარს, თავის მხრივ, ოცდახუთი მოსახლე გლეხი ჰყოლია. სახლთუხუცესის თანამეცხედრე მეტად წუწურაქი და პურძვირი ვინმე ყოფილა და თან უდიერად ექცეოდა თურმე გლეხებს. როგორც ზეპირი გადმოცემა მოგვითხრობს, როცა ყანაში გლეხები ჰყავდა და ამუშავებდა, რამდენიც უნდა ყოფილიყვნენ, ოთარის ცოლი ერთი ხელის სიფართე მჭადს და მის შესაფერ შეჭამადს გაუგზავნიდა, ხოლო იმის დარდი ნაკლებად აწუხებდა - ეყოფოდათ ასეთი მცირედი საჭმელი თუ არა. ძალიან კარგ გუნებაზე უნდა ყოფილიყო მამუკას სახლთუხუცესის თანამეცხედრე, რომ მუშებისათვის ზედნ
| გაგურის ოთკლასიანი სკოლის კლასი დამრიგებელთან ერთად | ადებად ღვინოც გაეგზავნა, თუნდაც თითო ყლუპის მეტი არ რგებოდათ თითოეულს. გაბეზრდნენ გლეხები ასეთი ძაღლ-უმადური ცხოვრებით. თქვეს, რაღაა ჩვენი სიცოცხლე, თუ ჩვენს მებატონეს თავი არ დავაღწიეთო. შეთქმულებმა გადაწყვიტეს, მესადილემ ჩვენი მებატონის ცოლისგან გამოგზავნილი ჯერი რომ მოგვიტანოს, ერთი ლაზათიანად მივამჟავოთ და ამით მაინც ვიოხოთ გულიო. მართლაც, მესადილემ ჯერი მიუტანათ თუ არა, მისცვივდნენ და იქამდე სცემეს, სანამ მე და თქვენ მივეშველებოდით. რა თქმა უნდა, მებატონე ჩვენს თავხედობას რომ გაიგებს, შუბლში არ გვაკოცებს და სანამ დრო გვაქვს, თავს ვუშველოთო, სამშობლოში გაჩერება ყოვლად შეუძლებელიაო, გადაწყვიტეს დამნაშავე გლეხებმა. მაშინ ვინც რამეს დაუშავებდა მებატონეს, ან და კაცი შემოაკვდებოდა და შინ გაჩერება არ შეეძლო, ოსმალეთში ეძებდა ხსნას. ჯერ ერთი იქვე, მეზობლად იყო, და მეორეც - თუ კი როგორმე ამ ქვეყნის მიწა-წყალს დაადგამდა ფეხს, მისი სიცოცხლე დაზღვეული იყო. აი, ამ ოსმალეთს მიაშურეს იმ რვა მუშამაც, რომელთაც ხელი აღმართეს თავისი ბატონისგან გამოგზავნილი კაცის წინააღმდეგ. გაიგეს სახლთუხუცესმა და მისმა ცოლმა ლტოლვილი ყმების ამბავი. ცოლმა სიკაპასით ცეცხლი მოიკიდა და თავის ქმარს ურჩია, უეჭველად ახლავე უნდა მოეღოს ბოლო ამ უწესობას და დამნაშავეები სამაგალითოდ დავსაჯოთ, თორემ იმ შეჩვენებულებს თუ ეს თავხედობა შევარჩინეთ, იმათ მაგალითს სხვებიც მიბაძავენ, გაგვიორგულდებიან და დავიღუპებითო. სხვა გზა არ არის, როგორმე უნდა შევიპყროთო. სახლთუხუცესს ორი ძმისწული ჰყავდა. უფროსი ადგა და, ვითომ საძებრად და დასაჭერად, გაქცეულებს გამოუდგა. მაგრამ გულში კი სხვა რამ ჰქონდა: იმასაც თავისი ჯავრი სჭირდა თავისი ბიძის მიმართ და თურქეთში რომ გადავიდა, ქრისტიანობაზე ხელი აიღო და თვითონაც მეამბოხეებს მიემხრო. იმ დროს ბათუმსა და ჩაქვს შუა მდებარე ადგილი ძარცვა-გლეჯის ასპარეზად იყო გადაქცეული. აქ იყო გზა, სადაც უნდა გამოეტარებინათ გურიაში მოტაცებული ლამაზი ქალები ოსმალთა ჰარამ-ხანებისთვის. მამუკა თავდგირიძის სახლთუხუცესის ყმები გაქცევის შემდეგ ორ კვირასაც არ გაუვლია, სახლთუხუცესის ცოლს მოსამსახურე ლამაზი გოგო დაეკარგა. სახლთუხუცესის ცოლმა ბრალი თავის მაზლისწულს დასდო, თუ არა ის, გოგოს მოტაცებას სხვა ვერავინ გამიბედავდაო. ოთარის ძმისწულმა გაიგო, ბიცოლაჩემი ასეთ ცილს მწამებსო. საშინლად ეწყინა, მით უფრო, რომ ამ საქმეში ცამდე მართალი იყო. ადგა და თვითონ დაუწყო ძებნა დაკარგულ გოგოს. ცოტა ხნის შემდეგ იპოვნა კიდეც: გოგო ტრაპიზონში გასასტუმრებელ სანდალში იჯდა და წასვლას ელოდა. სახლთუხუცესის ძმისწულმა ტყვედ წასაყვანი გოგო გამოიხსნა და ბიძას გამოუგზავნა. თან წერილიც მოსწერა: „ჰკითხეთ გოგოს, - მე მოვიტაცე, თუ სხვამო?“ გოგომაც მოახსენა თავის ქალბატონს: თქვენმა მაზლისწულმა კი არა, სხვამ მომიტაცაო. დაფიქრდა სახლთუხუცესი ოთარი. რაკი ასეთი ცილი დავწამე ალალმართალ ძმისწულს, ცოცხალს აღარ გამიშვებსო. მოდი, ისევ მე დავასწროო. ჩაუსაფრა გზაში კაცი თავის ძმისწულს და მოაკვლევინა. მოკლულს დედიდან ბიძა ჰყავდა, ვინმე გუგუნავა. ამან როგორც კი გაიგო თავისი დისწულის სიკვდილი, თქვა - მისი სისხლი უნდა ავიღოო. ამ აზრით გადაიხვეწა ოსმალეთში, იქ შემოიერთა ოთარისგან ადრევე გაქცეული ნაყმევები. შემდეგ გამობრუნდა უკან, დაეცა თავს ოთარს და ძირიან-ბუდიანად ამოჟუჟა. ამ შინაური უთანხმოებით ისარგებლეს ოსმალებმაც. ამდენი ხანია, ვებრძვით გურჯებს და ვერაფერი დავაკელითო. ახლა ამათ შევუერთდეთ და, იქნება, ვძლიოთ ეს კერპი და გაუტეხელი ხალხიო. მართლაც, თავს დასხნენ ქობულეთს და მოსრეს იქაურობა. გამარჯვების შემდეგ აქვე დაბინავდნენ ოსმალთა ფაშები და მათი მხედრობა. მუსლიმანთა ურდომ აღმართა ხმალი და ქრისტეს სჯულის აღმსარებელთ ბრძოლა დაუწყო. საქართველოს ახლად დაპყრობილი ნაწილი განსაცდელში ჩავარდა. ჩვენი განკითხვის დღე დადგაო, ამბობდნენ აქაური მკვიდრნი. მტერი, ეს არის, მოგვერია, ძალით ვერაფერს გავხდებით ამათთანო. მაცხოვრის სჯული ამდენ ხანს მტკიცედ და შეუმწიკვლელად დაგვიცავს და დაგვიფარავს, დღეს კი ორში ერთი დაგვრჩენია ამოსარჩევად: ან ხელი უნდა ავიღოთ მამა-პაპათა სალოცავებზე ანდა სიკვდილს შევეგებოთო. ვინც ნებით არ მუსულმანობდნენ, ბარბაროსები მუსრს ავლებდნენ; არ ინდობდნენ არც მოხუცს, არც ახალგაზრდას, არც ქალს და აღარც კაცს. ბევრმა ქართველმა თავი შეაკლა ოსმალთა მახვილს, ბევრმა, უფრო სუსტმა, ქედი მოიხარა ბატონის წინაშე; უმრავლესობა კი მეზობელ გურიაში გადაიხვეწა, სადაც შეეძლოთ უშიშრად შეერთებოდნენ ქრისტიანებს. საინტერესოა, მებატონე მამუკა თავდგირიძე რას ფიქრობდა ამ დროს, რას აპირებდა? ჯერ გამაგრდა, ეგონა, დროებითია ეს აწიოკებაო, ეგებ, გრიგალმა გადაიაროს და ისევ მოსვენებული ცხოვრება გვეღირსოსო. იმედს არა ჰკარგავდა. მაგრამ მტარვალი არ ცხრებოდა. მის თავგასულობას საზღვარი არ ჰქონდა, მსხვერპლთა რიცხვი ყოველდღე იზრდებოდა. ქრისტიანები ადვილად ვერ თმობდნენ თავის რჯულს, ზვარაკად დებდნენ თავიანთ თავს. მეტი გზა არ არის, თავი უნდა ავარიდო აქაურობასაო, გადაწყვიტა მებატონემ. მაგრამ სააშკარაოდ აქედან გასვლა არ შეეძლო. მარტო რომ ყოფილიყო, როგორმე თავს უშველიდა. მართალია, დიდძალი მამული რჩება, მაგრამ ყველაფერს დავთმობ, ყველაფერზე ხელს ავიღებ, მხოლოდ მაჰმადის სარწმუნოება ძალით თავზე არ მომახვიონ, ჩემ მამა-პაპათაგან ნაანდერძევ რჯულისათვის არ მაღალატებინონო. დიახ, თავის თავის მეტი რომ ვინმე არ ჰყოლოდა, კიდევ გაატანდა როგორმე სამშვიდობოს, მაგრამ რა უნდა ექნა ცოლისთვის (ცოლად იმერეთის მეფის ასული ჰყავდა), ან შვილისთვის? მათი წამოყვანა ძნელი იყო, რადგან თვალ-ყურს ადევნებდნენ. ოსმალები გულმოდგინედ დარაჯობდნენ ამ ოჯახს, - თუ ამას ავაღებინეთ ხელი თავის რჯულზე, მაშინ დანარჩენები, მისი ხელქვეითები, მას მიჰბაძავენ, როგორც უფროსს, და მათი მორჯულება ადვილი იქნებაო. მამუკა თავდგირიძემ გადაწყვიტა, რაკი ძალით ვერას გავხდი, ხერხით მაინც გავალ ფონსო. თავის მამულში ჩამომდგარ ფაშას სთხოვა, ნება მომეცით გურიაში წავიდე ჩემი ცოლ-შვილითურთ; თქვენი აქ შემოსვლის შემდეგ მანდეთკენ ყმები გამექცნენ და მინდა დავიბრუნოო. ფაშა ჯერ უარზე დადგა და მერე უთხრა: - მძევალი დაგვიტოვე და მაშინ შეგიძლია წახვიდე. - მძევალი რაღად გინდათ, - უპასუხა მამუკამ, - როცა მთელი ჩემი ავლადიდება თქვენს ხელთაა? განა ეს კი არ გეყოფათ მძევლად? - შენი ავლადიდება საკმაო არ არის. შენი ცოლ-შვილი დატოვე და თუ გინდა, მიბრძანდი. უმძიმდა მამუკას ამ პირობის შესრულება. მაგრამ რა ექნა? დაუტოვა მძევლად თავისი მეუღლე და შვილი მაქსიმე, თვითონ კი გურიაში გადმოვიდა. ორივე დედა-შვილი, მამუკას წასვლის შედეგ, ოსმალებმა გაამაჰმადიანეს. ამ მაქსიმე თავდგირიძისაგან მომდინარეობენ ქობულეთის ახლანდელი ბეგები - თავდგირიძეები. გურიაში მამუკამ შველა სთხოვა ჯერ ქაიხოსრო გურიელს (1658 წ.): ჯარი მომეცი, ქობულეთში ოსმალები მამულებს მართმევენ და უნდა დავიბრუნოო. ქაიხოსრო გურიელმა თანაუგრძნო მის თხოვნას. ამასობაში მამუკამ ცოლის ძმასაც შეატყობინა თავისი ამბავი და იმერეთიდან იმანაც მოაშველა ჯარი. მამუკა თავდგირიძე ამ შეერთებული ჯარით მიუხტა ქობულეთში ფეხმოკიდებულ ოსმალებს, მაგრამ რიცხვმრავალმა მტერმა სძლია, და ისიც უკუიქცა დამარცხებული. გურიაში ქაიხოსრო გურიელმა ახლად შემოხიზნულ მამუკა თავდგირიძეს, როგორც დიდებული გვარის თავადს, დიდძალი მამული და ყმები უბოძა და სოფელ აკეთში დაასახლა. აქ მამუკამ მეორე ცოლად შეირთო თავად მაქსიმეიშვილის ასული, რომლისაგან შეეძინა ხუთი ვაჟი: გიორგი, მირზაბეგი, სოლომონი, ალექსანდრე და ფრიდონი. მამუკა თავდგირიძის, როგორც გმირისა და ღონიერის კაცის, სახელი
| შალვა ჭარმაკაძე თავის სადამრიგებლო კლასთან ერთად | დღესაც არის დარჩენილი გურიაში. მუდან თანა ხლდა 60 შეიარაღებული კაცი, რომელთაც თავისი ხარჯით ინახავდა. სხვათა შორის, ერთი ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან დღესაც ახსოვთ აკეთელებს. ერთხელ მამუკა თავდგირიძეს თავადი გიორგი გუგუნავა, სოფ. ძიმითელი მემამულე სწვევია. სადილად რომ ისხდნენ, შემოვიდა მსახური და მოახსენა მამუკას: „ბატონო, ხუთი აჭარელი აღა (აზნაური) გეახლათო“. მამუკამაც უბრძანა, სახლში შემოიყვანეთ და სადილი აჭამეთო. ნასადილევს აღები წარსდგნენ მამუკას წინაშე და მოახსენეს - „აბდულ-ბეგ ხიმშიაშვილმა, აჭარის ფაშამ, თქვენთან მოციქულად გამოგვგზავნა და შემოგითვალათ: „ნებით ჩაგვბარდები თუ ძალით დაგიმორჩილოთო?“ ამაზე მამუკამ შეუთვალა: „ცოცხალი თავით ნებით არ დაგმორჩილდებით; თუ ძალით მობრძანდებით - დაგიხვდებითო“. ხოლო აღებს საჩუქრები მისცა და უკანვე გაისტუმრა. მამუკამ ყოველივე ეს სტუმრად მოსულ გ. გუგუნავას გააგებინა და თან შემწეობაც სთხოვა. გუგუნავამ აღუთქვა: სოფ. ძიმითის ქვედა მხარეს გავამაგრებინებ ჩემს ყმებს და მტერს არ შემოვუშვებო. იმავე დღეს მამუკამ ბრძანება გასცა - აკეთელებო, ვისაც კი თოფის აღება შეგიძლიათ, უნდა გამოხვიდეთ: მტერი მოდის და დავუხვდეთო. ძიმითის საზღვრიდან მაცხოვრის ეკლესიამდე (აკეთში) ტერიტორია მამუკამ თავისი ჯარებით გაამაგრა, ხოლო თვითონ ძიმითის მხრით გ. გუგუნავა უნდა გამკლავებოდა მტერს. ამავე ადგილზე იდგა მებუკე, რომელსაც დავალებული ჰქონდა - სამას ნაბიჯზე რომ მოახლოვდებოდა მტერი, ბუკი დაეკრა და მერე თოფიც უნდა გავარდნილიყო. თვითონ მამუკა და მისი სამოცი კაცი, ტყეში ჩასაფრებულნი, სუფსის პირას უცდიდნენ მტერს. მეხუთე დღეს აბდულ-ბეგ ხიმშიაშვილიც შემოვიდა გურიაში. თან მოჰყავდა აჭარელი მეომრები (მაჰმადიანი ქართველები). მამუკა მოუთმენლად მოელოდა ბუკის ხმას. მტერი მდ. სუფსაში გადმოვიდა. ამ დროს მებუკემ ბუკი დაჰკრა და ბუკის ხმას თოფებმა მისცეს ბანი. მამუკა თავდგირიძე უკან დაედევნა მტრის ლაშქარს. აბდულ-ბეგი რომ დაინახა, შეუძახა: სად მოხვალ, შე მყრალოო? ორსავე მხარეს თოფები დაიცალა. მაგრამ მამუკა და აბდული უვნებლები დარჩნენ - ტყვიები მარჯვედ აიცდინეს. დაუახლოვდნენ ერთმანეთს და ხმალ-ამოწვდილები ეკვეთნენ. მამუკამ ფარი მოიშველია და აბდულ-ბეგის მოქნეული ხმალი აიცდინა. ახლა თვითონ მოუქნია და მტრის თავი ტანს მოაშორა. აბდულ-ბეგის უსულო გვამი ცხენიდან ძირს ჩამოვარდა. გაცხარდა ომი. ორივე მხარე თავგანწირვით იბრძოდა. მაგრამ მამუკამ გაიმარჯვა და მტერი თავგზადაკარგული უკუიქცა. აბდულ-ბეგი, როგორც მამუკა თავდგირიძე, ცნობილი იყო, როგორც ღონიერი კაცი. მისი ნახმარი თოფი დღესაც არის შემონახული განსვენებული ნესტორ თავდგირიძის სახლში: როგორც ამბობენ, ამ თოფს აბდულ-ბეგი თუთხმეტ დრამ თოფის წამლით სტენიდაო. რაიმე დღესასწაულში, სხვათა შორის, ამ თოფსაც ისვრიან აკეთში. მხოლოდ თოკით ჯერ ხეზე მიაკრავენ, რადგან მისი ხელში დაჭერა და სროლა, ყოვლად შეუძლებელია. მამუკა თავდგირიძის მამულები, ჩოლოქისა და ცხრაფონას მდინარეთა შორის მდებარე, ქობულეთში მაჰმადის სჯულის გავრცელების შემდეგაც გურიის ნაწილად ითვლებოდა და მამუკას მემკვიდრე და მისი აზნაურები სარგებლობდნენ. აღმოსავლეთით ამ ადგილს საზღვრავდა სოფ. ქაქუთი და დასავლეთით - შავი ზღვა. სივრცე ჰქონდა: სიგანე 20 კილომეტრი და სიგრძე - 30. როცა რუსეთმა და ოსმალეთმა თავიანთი სახელმწიფოები განსაზღვრეს, ჩოლოქს იქით მიწები ოსმალეთს დარჩა. ასე რომ, მამუკა თავდგირიძის მემკვიდრეთა ადგილის ერთი ნაწილი და, მაშასადამე, გურიისაც, რუსეთის ქვეშევრდომთ ჩამოერთვათ და ოსმალეთს დარჩა. ამიტომ მამუკას მემკვიდრეებმა არა ერთგზის აღძრეს საქმე და მთავრობას სთხოვეს: საზღვარი მდ. ცხრაფონაზე გადაიტანეთ, რადგან ცხრაფონამდე რაც ადგილებია, ჩვენია, ხოლო ჩვენ კი რუსეთის ქვეშევრდოები ვართო. რუსეთის მთავრობამ ოსმალეთთან გამართა მიწერ-მოწერა ამ საქმის შესახებ, მაგრამ დღესაც გადაუწყვეტელია ეს საკითხი. თუმცა მემკვიდრეები კი იმედს არ კარგავენ: ერთხელაც იქნება ჩვენსას დავიბრუნებთო.“ მოკლედ, როგორც ირკვევა, ჩვენი სოფლის სასაფლაოსა და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიები გურიელს უბოძებია მამუკა თავდგირიძისთვის, რომელიც თავისი მხლებლებითა და ჯარით დასახლდა აქ. არც მათ მიუღიათ მუსულმანობა. მათ შორის იყვნენ: ნაკაიძეები, ხინიკაძეები, ბაჟუნაიშვილები, თოხაძეები, მჟავანაძეები, ნაწილობრივ. ჯაყელებიც. ამ გვარის წარმომადგენლები მსახურობდნენ მამუკა თავდგირიძის არმიაში. ხინიკაძეს მამუკა თავდგირიძის ჯარში ეკავა ოფიცრის წოდება. ბაჟუნაიშვილები იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც რუსეთის არმიაში მსახურობდნენ და თავიანთი მაღალი ჩინით გადმოვიდნენ თავდგირიძის ჯარში. ამის შემდეგ გაფართოვდა ეს არმია, ტერიტორია უფრო გაიზარდა. აქ დასახლების შემდეგ დადგა ეკლესიის მშენებლობის საკითხი. გადმოცემის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე იდგა პატარა სალოცავი ეკლესია. ხალხური ზეპირგადმოცემის მიხედვით, მე-12 საუკუნეში, თამარ მეფეს საბერძნეთიდან დაუბარებია ოსტატები, რომლებსაც მიუღიათ ბრძანება ორი ეკლესიის აშენების შესახებ. ერთი უნდა აეშენებინათ სოფელ აცანაში (ოქონის მონასტერი) და მეორე სოფელ აკეთში (გაგურში). ამის შემდეგ ოსტატი შესდგომია აცანის ეკლესიის აშენებას, ხოლო აკეთის ეკლესიის აშენება კი მიუნდვია თავისი შეგირდისთვის. მეფის დანიშნულ ხალხს შეგირდის ნამუშევარი მოწონებიათ, და შეგირდსავე მიუღია მეფის საჩუქარი. ეს სწყენია ოსტატს და საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ შეგირდისთვის მარჯვენა ხელი მოუჭრია. მაცხოვრის ეკლესიის სალოცავ ტერიტორიაზე შემოდიოდა: გაგური, აკეთი, ჭანჭათი, ზემო აკეთი, აცანა, ვანი, ზომლეთი. ცნობილია, რომ მშენებლობაზე მუშაობდნენ ჭანჭათლები: იონა და ათანასე ვადაჭკორიები. გადმოცემის მიხედვით, ეს ეკლესია მოხატული არ ყოფილა, მაგრამ ძვირფასი ხატები და ნივთები მრავლად შემონახულა ეკლესიაში. ამ პერიოდისთვის, მე-19 საუკუნის შუა პერიოდში სამჯერ გაიძარცვა ეკლესია. წაიღეს ხატები. გადაადნეს სვეტები. ეს იყო ექვს უზარმაზარ სვეტზე დაფუძნებული ტაძარი. შიგნით, სიმაგრისთვის, ჩასხმული იყო ტყვია. კომუნისტების დროს დაიწყეს ეკლესიის განადგურება. ტაძარში შეგნებულად ინახავდნენ მინერალურ მასალას. სასუქს, აზოტს, რომ, ამ ნივთიერებებს, რაც შეიძლება, მალე დაეშალა სამშენებლო მასალა და განადგურებილიყო სალოცავი ტაძარი. ეკლესიაში დაკრძალულია ტაძრის აღმდგენელი გიორგი თავდგირიძე მეუღლითურთ. სხვათა შორის, როდესაც ამ ტაძარში საფლავები გაითხარა. სამი ჯვარი იპოვეს. ერთ ჯვარს აწერია: „დავით ხინიკაძე, შემიწყალე უფალო, მე ცოდვილი.“ ეს ჯვარი ეკლესიაში ჩააშენეს. ამბობენ, რომ იგი შეიძლება იყოს ასმეთაურის, დავით ხინიკაძის ჯვარი. ხინიკაძეების თითქმის ყველა ოჯახში არის თითო დავითი და ეს ტრადიცია გრძელდება. რაც შეეხება სოფელ გაგურს, აქ ხალხი არ შეცვლილა. ისევ ისეთივე თბილი და მეგობრული სოფელია, რაც ახალმოსულ მოსახლეებსაც გადაედოთ. ყურადღებიანი, ერთმანეთისადმი გამტანი და მიმტევებელი ხალხი ცხოვრობს. მით უმეტეს, დღევანდელ პერიოდში ძნელია იპოვო სოფელი, რომელიც ამ თვისებებით დახასიათდება. ჭირი და ლხინი აქ ყველასთვის საერთოა. ყველაფრით არის შემკული ეს მხარე: ნაყოფიერი ნიადაგით, უხვი მცენარეებით, ზომიერი ჰავით. გაგურის 40 პროცენტს თითქმის ეკომიგრანტები შეადგენენ, მაგრამ ისინი შეერწყნენ ჩვენ ხალხს და არავითარი პრობლემა ამ მხრივ არ ყოფილა არასდროს. სხვა სოფლებში აჭარის მოსახლეობამ ცალკე სასაფლაო მოითხოვა. ჩვენთან კი ეს არ ყოფილა. ყველანი ერთი ოჯახის წევრებივით არიან და ერთ სასაფლაოზე არიან დასაფლავებულები: მუსულმანი აჭარლებიც და მართლმადიდებელი გურულებიც. შერეული ოჯახებიც ბევრია. გურულებს აჭარელი რ
| ლეილა გოგელია და ზოია ცარციძე | ძლები მოჰყავთ და აჭარლებს გურულები. ერთმანეთთან უკვე მოყვრობა აქვთ. ბევრი ჩვენს სჯულზე მოინათლა. და თუკი ვინმეს უჭირს და ულხინს, ერთმანეთის გვერდით დგანან. აქ კომფორტულად გრძნობენ თავს, რადგან არავინ ავიწროებთ. აკეთი ერთ დროს ძლიერი სოფელი იყო. ერთ-ერთი უძლიერესი კოლმეურნეობა გვქონდა მთელი საქართველოს მასშტაბით.. იყო მეცხოველეობის, მეღორეობის ფერმები, ჩაის ფაბრიკა, წვენების გადამამუშავებელი, დაფნის, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები, რომელთაგან სამწუხაროდ დღეს მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ერთადერთი კულტურა, რომელიც თითქმის მთელ გურიაში და, მათ შორის, გაგურში იყო განვითარებული, გახლდათ თხილი. აღსანიშნავია, რომ პროცენტულად ყველაზე მეტი თხილი გაგურში მოდიოდა. მაგრამ დღესდღეობით თხილის მოსავლის იმედიც დაკარგა ხალხმა. გაგურის მოსახლეობა, ყველანი ვცხოვრობთ იმ შეგნებით, რომ ჩვენი წილი აგური დავდოთ ამ სოფლის მშენებლობაში და დადებითი წვლილი შევიტანოთ. სოფელი არ იცლება. ახალგაზრდობა არის, მაგრამ შობადობა მცირდება. ერთ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით. ამ სოფელში ოთხი სკოლა იყო. დღეს თითქმის ორი სკოლა ბავშვების განახევრებული რაოდენობით ძლივს სულდგმულობს. ეს გახლავთ გაგურის საშუალო სკოლა და ზედა აკეთის სკოლა. ადრე ზედა აკეთის სკოლის დირექტორი ვიყავი და ასზე მეტი ბავშვი იყო სკოლაში. მე შევქმენი და ჩამოვაყალიბე ეს სკოლა ჩამოსული ბავშვების ხარჯზე. შობადობა მაღალი იყო. ცხოვრება დუღდა. ჩაის, თხილის მოსავალი უხვად იყო. ტუნგოს ამზადებდნენ. ბევრი რამ იყო ისეთი, რაზედაც გლეხს ხელი მიუწვდებოდა და თავისი კეთილსინდისიერი შრომით ოჯახში დოვლათი შეჰქონდა. დღეს ეს ყველაფერი გაჩანაგდა და ნულზე დავიდა. ჩემი ოჯახი მცირერიცხოვანია. ვცხოვრობთ მე და ჩემი მეუღლე: ლია ზათიაშვილი, რომელიც 1983 წლიდან მუშაობს ზემო აკეთის სკოლაში. ვიდრე შევუღლდებოდით, აჭარაში დავიწყეთ პედაგოგიური მოღვაწეობა. 10 წელი ხულოს რაიონში, საკმაოდ რთულ სოფლებში ვიმუშავეთ. დღეს იმ სკოლებში ისევ ჩვენი აღზრდილი მოსწავლეები არიან ჩასულები. სულ ვიძახი: - იმდენი შვილი და შვილიშვილი მყავს, ვეღარ ვთვლი-მეთქი. რეალურად კი ორი შვილი მყავს, ქალ-ვაჟი: სერგო და მარი. სერგომ თბილისში, კადეტთა კორპუსში ჩააბარა, რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგ უგამოცდოდ ჩაირიცხა მოსკოვის სამხედრო საინჟინრო აკადემიაში. შემდეგ ისევ დაბრუნდა თბილისში. მონაწილეობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში. სამშვიდობო მისიით წარგზავნილი იყო ავღანეთში, კოსოვოში. ერთი წელი ისწავლა ამერიკაში და ამჟამად მაიორია. მისი მეუღლე, ნათია გურაბანიძეც სამხედრო მოსამსახურე, მედდა გახლავთ. ჩემი ქალიშვილი, მარი იტალიაში ცხოვრობს, თავის მეუღლესთან და შვილთან ერთად. ოთხი შვილიშვილი მყავს. საიმედო მომავალი მოდის. საუკეთესო საბავშვო ბაღი გვაქვს, თავისი საქმის მოყვარული სპეციალისტებით დაკომპლექტებული. ჩვენი სკოლის აწგანსვენებული დირექტორი, ქალბატონი მაია სიჭინავა იყო ერთ-ერთი წარმატებული დირექტორი მთელს რაიონში. ბევრს იღწვოდა იმისათვის, რომ კოლექტივი ყოფილიყო მჭიდრო, ახალგაზრდული, მებრძოლი. დისციპლინირებული. და რომ სკოლა ყოფილიყო ერთ-ერთი თანამედროვე. ყოველწლიურად ჩამოჰქონდა ახალ-ახალი პროექტები. მთელი სოფელი მისი მადლიერია ამ გაწეული შრომისათვის. გასულ წელს ზემო აკეთში სულ სამი ბავშვი გვყავდა სკოლაში და ამ სამი ბავშვისთვის გაარემონტა საკლასო ოთახი. არაფერი გვაკლია. ამ დაუღალავი და სასიკეთო მუშაობის შედეგი გახლავთ ის, რომ ჩვენი სკოლის ბევრი მოსწავლე უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებს სწავლას და წარმატებებს აღწევს. მომავალი თაობის ნიჭიერების და მხნეობის იმედი მაქვს. და მჯერა, რომ „ფულის უქონლობა კია არა, ნიჭიერთა და მხნე კაცთა უყოლობა ქმნის ერსა უღონოდ.“ (ილია). მზიური აბაშიძე (ბერიძისა): 43 წლის ვარ, 15 წელია, რაც აკეთის საჯარო სკოლაში ვმუშაობ და ბიოლოგიას ვასწავლი. მე ვთვლი, რომ ჯერ კიდევ ვერ დავაგროვე სათანადო გამოცდილება. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი მასალა მოვიძიო, ცოდნა გავიღრმავო, რომ ჩემს მოსწავლეებს უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია გადავცე ამ სფეროში. ვფიქრობ, პედაგოგი არ უნდა იღლებოდეს თავისი ცოდნის ბავშვებისთვის გადაცემით, თავისი საქმე მხოლოდ სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს, თორემ თუ თვითონ პედაგოგს არ უყვარს თავისი საგანი და ღრმად არ სწვდება მის არსს, ბავშვამდე როგორღა მიიტანს? რაც შეეხება ჩემს პროფესიას, ვთვლი, რომ პედაგოგობა ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა. ძნელია, ჩასწვდე თითოეული ბავშვის ხასიათს, ნიჭსა და უნარს, შეაღწიო მის სულიერ სამყაროში... დღეს, მით უმეტეს, ძნელია ამ საქმეს ემსახურებოდე. პედაგოგად, ალბათ, უნდა დაიბადო. ბავშვის სუფთა გული ყველაზე უკეთ გრძნობს სიყვარულს, ამიტომაც სწავლების საფუძველი სიყვარული უნდა იყოს. არა აქვს მნიშვნელობა, კარგად სწავლობს თუ ცუდად, ცელქია თუ დამჯერი - პედაგოგს ყველა ბავშვი უნდა უყვარდეს ისე, როგორც საკუთარი შვილი. არ გაიმეტოს, თავიდან არ მოიშოროს, უპატრონოს. ჩვენს წინაშეა თანამედროვე განათლების პროგრამა. მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ერთი რამ: ბავშვებმა კარგად ვერ გაიგეს თავიანთი უფლება-მოვალეობანი და გადააჭარბეს კიდეც თავიანთ უფლებებს. ცუდია, როდესაც ადამიანს (მით უმეტეს არასრულწლოვანს) ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს. რა თქმა უნდა, ბავშვს აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი ჭერი, მზრუნველობა, სითბო, სიყვარული უფროსების მხრიდან, მაგრამ ამავე დროს მას სჭირდება მეთვალყურეობა, კონტროლი, გაკიცხვაც, ოღონდ სიყვარულით და დაყვავებაც, ოღონდ არა გადაჭარბებულად. პედაგოგსა და მოსწავლეს შორის უნდა არსებობდეს გარკვეული ზღვარი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რისი თქმის უფლება აქვს და რისი არა. უფროსის მითითება უნდა გაიგოს, უფროსის პატივისცემა უნდა ჰქონდეს. იცოდეს, რას ნიშნავს გაკვეთილი, ღვთისგან მოცემული ნიჭი და გონება შეძლებისდაგვარად გამოიყენოს, რადგან ნიჭის უქმად მოცდენა, ჩემი აზრით, დანაშაულია. არიან გაზულუქებული ბავშვები, რომელთაც ყველაფერი ლანგრით მიეწოდებათ და არიან ბავშვები, რომელთაც ბევრი რამ აკლიათ და ამის გამო, ცოტა არ იყოს, გულჩახვეულნი, გულნაკლულნი ხდებიან. და ყველანი იკრიბებიან ერთ სკოლაში, სადაც თითოეულს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. თუ თითოეულ ბავშვში პიროვნებას არ ხედავ, ვფიქრობ, პედაგოგობაზე არ უნდა გქონდეს პრეტენზია. პედაგოგებისათვის საკმაოდ რთულია ცელქ, მოუთვინიერებელ, არაადექვატურ ბავშვებთან ურთიერთობა. მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, ბავშვს იმთავითვე მივაწებოთ ცუდის იარლიყი და დავასკვნათ, არ ივარგებსო. ცხოვრება კიდევ აღზრდის მას, ჩამოაყალიბებს და დახვეწს. საწყისი, რა თქმა უნდა, ოჯახია. დიდი ღვაწლი მიუძღვის სკოლასაც. პედაგოგმა, სკოლის ზღურბლს როცა გადმოაბიჯებს, თავისი ოჯახური და ყოფითი პრობლემები უნდა დაივიწყოს. დღეს, ჩვენი სოციალური შეჭირვების ფონზე, ეს ძნელია, მაგრამ მასწავლებელმა უნდა მოახერხოს, დადგეს საკუთარ თავზე მაღლა, რადგან სხვაგვარად იგი ვერ შეძლებს სრულფასოვნად ჩასწვდეს თითოეული ბავშვის შინაგან სამყაროს. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, მყავს მეუღლე და სამი შვილი (ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი). ჩემი მეუღლე მეურნეობას მისდევს. თავისი პროფესიით უკვე ვეღარ მუშაობს და ოჯახის რჩენის მიზნით საზღვარგარეთაც (კერძოდ, თურქეთში) უწევს გასვლა დროებით სამუშაოებზე (ხის ხელოსანი გახლავთ). უფროსმა ვაჟმა თავის სპ
| ტარიელ ხინიკაძე | ეციალობად ნავთობი აირჩია. ქიმია-ლაბორატორიულზე სწავლობს და სურს, ნავთობის განხრით, ბაქოში წასვლა. ვნახოთ, რამდენად გაამართლებს. მიზანდასახულობა არ აკლია. უმცროსები სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში. სოფელი უყვართ. სწავლაც უყვართ და შრომაც. ჩვენ აჭარლები ვართ. ბავშვებმა გამოთქვეს მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მონათვლის სურვილი და ჩვენ, მშობლებს, რა თქმა უნდა, ხელი არ შეგვიშლია. რადგან კარგად ვიცით ჩვენი ისტორია და ბავშვებს მივეცით საშუალება, აერჩიათ მართალი გზა და ამ გზაზე პირნათლად დამდგარიყვნენ. ყოველ დილა-საღამოს ლოცულობენ, წირვას არ აცდენენ, ეზიარებიან. ჩვენ, მშობლები არ ვართ მონათლულები, მაგრამ რადგანაც ბავშვები მოინათლნენ, ჩვენც ვცდილობთ, ეს ნაბიჯი გადავდგათ და მამა-პაპისულ ფესვებს დავუბრუნდეთ. ირინა ბაჟუნაიშილი: განათლებით ფიზიკოსი ვარ. 27 წელი გავიდა უკვე, რაც აკეთის საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად ვმუშაობ. სკოლას დიდი ეროვნული მნიშვნელობა აქვს. სწორედ მან შეინარჩუნა სახელმწიფო. რამდენიმე წელი უხელფასოდაც კი მოგვიწია მუშაობა, ენთუზიაზმის დონეზე. სკოლის გარეშე სოფელი, მე პირადად, ვერ წარმომიდგენია. აბსოლუტურად აღარ იქნება სიცოცხლე აქ, ყველაფერი ჩაკვდება. ჩვენს სკოლაში ბავშვების რაოდენობა, სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო მცირდება ეკონომიური სიდუხჭირის გამო. წელს, მაგალითად, 20 ბავშვის გადინება მოხდა. ოჯახები იძულებულები გახდნენ, ქალაქებში გადასულიყვნენ საცხოვრებლად, რადგანაც იქ უფრო ნახეს ცხოვრების საზრდო. სამეზობლოში არაერთი სახლი დაიკეტა. შანთაძეების, ერემაძეების, ქანთარიების... შესაბამისად, შვილებიც გაიყოლეს. ეს სკოლაზეც იყო დიდი დარტყმა. ბავშვები ცოტანი დარჩნენ. ასეა თითქმის ყველა სოფლის სკოლაში. მძიმე გარემო და პირობებია. ბოლოს და ბოლოს, ჭირში თუ ლხინში ხომ გვინდა გვერდში მდგომი ადამიანი. ცხოველები ხომ არ ვართ?! ეს დიდი პრობლემაა, რომელიც სახელმწიფოს დონეზე უნდა წყდებოდეს. თორემ ისე რაც შეეხება კოლექტივს, შესანიშნავი პედკოლექტივი გვყავს. მასწავლებლებისა და კარგი სპეციალისტების დეფიციტს არ ვუჩივით. არაჩვეულებრივი დირექტორი გვყავდა (ქალბატონი მაია სიჭინავა), რომლის ძალისხმევით სკოლა ზოგადად წინ მიდიოდა, ყოველ წელიწადს რაღაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ემატებოდა. ვითარდებოდა ინფრასტრუქტურა, კეთდებოდა რემონტი. კარგად მოეწყო დარბაზი, ბიბლიოთეკა. წელს გაკეთდა დერეფანი, პირველი კლასის ოთახი, ბილიკები. თუმცა რესურსების ნაკლებობა, ზოგადად, სკოლებში და განსაკუთრებით სოფლის სკოლებში, აშკარად იგრძნობა. ვთქვათ, ქიმიასა და ფიზიკაში ელემენტარული ლაბორატორიული ცდების ჩატარების გარეშე გაკვეთილი წარმოუდგენელია. შეძლებისდაგვარად, დაფინანსების მიხედვით წარიმართება სკოლის მოწყობის პროცესი. ყოველ შემთხვევაში, ბავშვების ამჟამად არსებულ რაოდენობას რომ ეყოფა, ისეთი სკოლა გვაქვს. მაგრამ თუ რაღაცა გზები არ გამოიძებნა და სოფელში ხალხი არ დაკავდა, ვშიშობ, რომ სკოლა ცარიელ შენობად გადაიქცევა. - თქვენ რატომ არ წახვედით სოფლიდან? - ჩემი სახლის და სოფლის სიყვარულის გამო. მშობლებსაც ვჭირდებოდი და მერე ისეთი სიტუაცია შეიქმნა ქვეყანაში, ვერ წავედი. არც მომინდომებია წასვლა. ცხოვრების სახსარს, ასე თუ ისე, ყოველთვის ვნახულობდი. ყოველ შემთხვევაში, სხვას არ დავწოლილვარ კისერზე, პირიქით, ვცდილობდი, სხვას აქეთ დავხმარებოდი. ახალგაზრდა ვიყავი და იმედი მქონდა, რომ არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა და ამ იმედებში გავიდა დრო. სამწუხაროდ, ყველაფერი არათუ სასიკეთოდ შეიცვალა, არამედ გაუარესდა. არადა ყველანი ვფიქრობდით, რომ რაღაც შეიცვლებოდა. აქ დარჩენილებს ძალიან გვიყვარს ჩვენი სოფელი. ბევრი ტკბილი და ლამაზი დღეები გვაკავშირებს მასთან. ჩვენ ბუნების კალთაში გაზრდილი ადამიანები ვართ და ყოველთვის მძაფრად შევიგრძნობდით მის ფერისცვალებას. სიამოვნებას გვგვრიდა, ადრეულ შემოდგომაზე, სკოლაში წასვლის დრო რომ დადგებოდა, მოთიბული ბალახის შემშრალი წვენის მძაფრი სურნელი იფრქვეოდა ჰაერში. მდინარე ფოთლების ჭრელ კაბას რომ ჩაიცვამდა. მისი ხმა გვატკბობდა. ფანჯრებს იქეთ ჰაერი სავსე იყო სიმწიფისა და ნაყოფიერების სულის შთამბერველი შემოდგომის ხმებით, შეთვალული ყურძნის, ქარვისფერი კომშების, ჩახჩახა ბროწეულების, გვიანი პომიდვრისა და ცვრიანი ოხრახუშის სურნელით; დაბინდულ ვაშლის ტოტებს შორის ირწეოდა ობობას ქსელი; ქარი ისე ათრთოლებდა ნარინჯისფერ ფოთლებს, თითქოს წიგნს ფურცლავდა; ტოტებს შორის გაყურსული, უცხო ხმებისგან განრიდებული ათასგვარი ფრინველების ჟივჟივი მიგვაცილებდა ხოლმე სკოლისკენ მიმავალ ფოთლებდაცვენილ გზაზე. ბურუსის რძიანი ფარდის სისქეში მზე ძლივს ატანდა. ჩვენი სიცილი ათბობდა ამ უეცრად ჩამოწოლილ კვამლივით ნისლს. სოფლის ორღობეებს ჩვენი ხმები სითბოსავით გადაუვლიდა ხოლმე. მივდიოდით საქონლის ჩლიქებით აღბეჭდილ გზაზე. ტალახში ჩაფლული, წვიმისგან დამძიმებული ფოთლების რბილი ლეიბი გვეგებოდა ფეხქვეშ. დილის ჯანსაღი და განმწმენდი ჰაერი ძალას შთაგვბერავდა, კეთილი ფიქრებით გვავსებდა. და ამ ფიქრებითა და ოცნებებით გარემოცულნი მივიკვლევდით გზას: „ვიცინოდით მალხაზები, დარდი გვქონდა რისია? თურმე დასასრული იყო, მეთქი დასაწყისია“ (მორის ფოცხიშვილი)... ასეთი მახსოვს ჩემი ბავშვობა, რომელსაც სულ დავეძებ, ცხოვრების წარმავალ და მისტიკურ რიტმში ჩაბმული. ყველაფერი აქაური მელამაზებოდა ბავშვობაში, ყველაფრის გულში ჩახუტება მინდოდა. მახსოვს, სკოლისკენ მიმავალ გზაზე, დათოვლილი ნაძვებიდან თოვლი რომ ცვიოდა, როგორ ვუსმენდი ფეხქვეშ თოვლიანი მიწის ხრაშუნის ხმას, რომელიც იავნანასავით ჩამესმოდა. ამ ხმაზე ტკბილად არაფერი მაგონდება. სამწუხაროდ, დღეს ურბანიზაციის მწვავე პრობლემა დგას. ადამიანები მასიურად ტოვებენ სოფლებს, მასში მეგობრებს, ნათესავებს, საყვარელ ადამიანებს. თავკომბალებად იქცნენ დიდი ქალაქები, სადაც პოეტ ბესიკ ხარანაულის სიტყვებით, რომ ვთქვათ: „კაცის ფეხი არაფერს უხარია, არაფერი ეგებება, არ ფუვდება მიწა, ბალახი არ ამოდის. თოვლიც ასევე, გაცხარებით იშორებენ თავიდან, მიაქვთ ნაგავივით. აქ უცხოდ გრძნობ თავს, გეგონება უდაბნოში ხარო. ამდენი ხალხია, ამდენი მოძრაობა, ყველა გარბის. არავინ მიდის ისე, უბრალოდ. შეჰყურებ ხვეწნით თვალებში, მაგრამ ტყუილად გგონებია თვალები საერთაშორისო ენა. იმათ გულში შიშია უცხოსი და ნაბიჯის შენელებისა. კითხვას პირში შეგატოვებენ და ისე გაგკვეთენ, როგორც ისარი... ამ ქალაქში მზე არ არის ცაზე, რადგან ცა არა ჩანს.“ ზოგადად,რაც უფრო შორდება ადამიანი მშობლიურ წიაღს – დედას, დედამიწას, ბუნებას, სამყაროს, მით უფრო მტკივნეულ მონატრებად წარმოჩნდება ის „მოშორებული''. ეს, რა თქმა უნდა, ზოგადეპოქალური ტკივილია. ყველა დიდი მწერალი დარდობდა ამაზე, რომ კაცობრიობა მოსწყდა ბუნებას (ბუნებრიობას). გოდერძი ჩოხელი წერდა: „ქალაქში, მით უმეტეს, ისე ჩაივლის გაზაფხული, ერთს ვერ იგრძნობენ, ბალახზე დაკიდებულ ნამს ვერ ნახავენ, შიგ ვერ ჩაიხედავენ და ვერ იხილავენ იმ სამყაროს, რომელიც ნამში მართლა ჩანს''. ქალაქებში ვარსკვლავიან ცასაც იშვიათად ახედავენ ხოლმე, გუდამაყარში კი ,,მაღალი მთებიდან უამრავი ვარსკვლავის წვრილი ზარებივით რეკვა მესმისო''. ალბათ ამ მიზეზით უნდა აიხსნას სხვაგან გამოთქმული მისი დარდი: ,,ასეთ სამყ
| მზიური ბერიძე, მეუღლესთან და უფროს ვაჟიშვილთან ერთად. | აროში სიყვარულს არსებობა არ უწერია. აქ მხოლოდ ცოდვის ყვავილი ხარობს''. შეიძლება ვინმეს გულუბრყვილოდ მოეჩვენოს, მაგრამ რეალურია ასეთი ფიქრი: „ძალიან გადააჯდნენ ქალაქები დედამიწას, ხოლო ამხელა ტერიტორიებზე ადამიანების ერთად ყოფნამ არ გაამართლა. პატარ-პატარა, მეჩხერებად დასახლებულ სოფლებად უნდა დაიშალონ, რომ ადამიანებს ერთმანეთის ნახვა მოუნდეთ“ (ბესიკ ხარანაული). მე, პირადად, რომ გითხრათ, არასდროს მიზიდავდა ქალაქური სიტუაცია. ახლა, მით უმეტეს. მივეჩვიე ჩემს საქმეს, ბავშვებთან ურთიერთობას. ვცდილობ პროფესიონალურადაც განვვითარდე. ჩაბმული ვარ თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე ცვლილების პროცესებში. შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი განათლების სისტემა რადიკალურად განსხვავდება ადრე არსებული სისტემისგან, ხოლო ქართული სკოლა - თუნდაც 4-5 წლის წინანდელი სკოლისგან. საბჭოთა სკოლის ნაკლოვანებებსა და ღირსებებზე უამრავი თქმულა და დაწერილა. უფრო საინტერესოდ კი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მომხდარი ცვლილებები მიმაჩნია: შეიცვალა ეროვნული სასწავლო მიზნები, სასწავლო გეგმა, შეფასების სისტემა, სასწავლო მეთოდები, სახელმძღვანელოები. რა თქმა უნდა, ყოველგვარ ცვლილებაზე მნიშვნელოვანი ამ ცვლილებების შედეგებია. წარმატებებით რომ დავიწყოთ. განსხვავებით იმ გარდამავალი პერიოდისგან,რომელიც საბჭოთა სკოლის სისტემიდან თანამედროვე სასკოლო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, დღეს მოზარდთა დიდი ნაწილის ინტერესი სწავლის პროცესისადმი გაიზარდა. ეროვნული გამოცდების სისტემამ დააფიქრა ჩვენი მოსწავლეები და მათი მშობლები განათლების მიღების აუცილებლობაზე, ხოლო მასწავლებლები - საკუთარ პასუხისმგებლობაზე; გარდა ამისა, ახალი სასწავლო მეთოდების გამოყენებამ მოიტანა შესანიშნავი შედეგი, მათი წყალობით მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა საგაკვეთილო პროცესი, მოსწავლე - აქტიურ მონაწილედ, ხოლო მასწავლებელი, ასე ვთქვათ, "დირიჟორად" იქცა. ასე რომ, ბოლო მერხზე ჩაძინების ან "რომ არ ირეკება, ნეტავ, ზარი მოიშალა თუ დარაჯიო" - ასეთი განწყობის ადგილი თანამედროვე სკოლაში, წესით, აღარ რჩება. თუმცა იმ იდეალისტთა რიცხვს არ მივეკუთვნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ განათლების სისტემაში ყველაფერი არაჩვეულებრივადაა. ძალიან ბევრი რამაა დასახვეწი, ბევრიც - შესაცვლელი. რა თქმა უნდა, ახალგაზრდები უფრო ენერგიულად უწყობენ ფეხს ამ პროცესებს. მათაც მოსწონთ ცვლილებები. წინსვლა. დამყაყებულ ჭაობში ჯდომას და ერთფეროვნებას ყველაფერი სჯობს. მინდა გამოვკვეთო მშობლის როლი ბავშვის განათლების საქმეში. ბევრ მშობელს ჰგონია, რომ მისი შვილის უსწავლელობა მასწავლებლის ბრალია. ასეთ მშობლებს გააზრებულიც არა აქვთ, რომ თვითონ არიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტები თავიანთი შვილების წარმატების ამბავში. მშობელი აქტიურად უნდა მონაწილეობდეს შვილის სწავლის პროცესში. თუ იგი არ არის დაინტერესებული შვილის სწავლით, არაფერს ეკითხება, მოტივაციას არ აძლევს, შესაბამისად, შვილი ვერ განვითარდება და ვერ ისწავლის. ჩემი პირადი მაგალითიდანაც ვიცი, რომ თუკი რაიმეს მივაღწიე ცხოვრებაში, ეს იყო ჩემი მშობლების დიდი დამსახურება და ღვაწლი. მათი მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. მშობელმა შვილი მუდმივად უნდა აკონტროლოს. არაფრით არ შეიძლება ბავშვისაათობით იჯდეს კომპიუტერთან და დროს უსაქმოდ ფლანგავდეს. გამრავლების ტაბულა რომ არ იციან მეათე და მეთერთმეტე კლასელებმა, ეს ტელეფონების ბრალია. გაკვეთილზე ტელეფონებით ანგარიშობენ. და აღარ სჭირდებათ დაზეპირება. ზოგიერთებმა ასის ფარგლებშიც არ იციან შეკრება-გამოკლება. ეს ძირითადად მაინც ოჯახის პრობლემაა. ბევრ ოჯახში გამეფებულია სულისკვეთება, რომ ფულია მთავარი ღირებულება. გადაგვარებულ საზოგადოებაში, სამწუხაროდ, დავიწყებას ეძლევა უდიდესი და უმარტივესი ჭეშმარიტებანი: სიმართლე, პატიოსნება, სიყვარული, ლმობიერება, ადამიანური ღირსება, უბრალოება, კაცურკაცობა. ჩვენც მასწავლებლებმა, ზოგადად, ყველა ადამიანმა, უნდა ვეცადოთ, რომ იმ პატარა სარბიელზე, სადაც ვართ და როგორც ვართ, ის ვთესოთ, რაც ჩვენშია. გამოიღებს ნაყოფს თუ არა, ეს უკვე მომავლის საქმეა. ჩვენივე მაგალითით უნდა დავანახოთ ბავშვს, რა არის კარგი და რა ცუდი. და რომ მაღალ ადამიანურ იდეალებს სიკვდილი არ უწერიათ. ვფიქრობ, სახელმწიფოს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს განათლების საკითხის მიმართ. ამის გარეშე ვერ განვითარდება ქვეყანა. რაც შეეხება სოფელს, მისი მომავალი ნათელ ფერებში ნამდვილად არ მოჩანს. პირიქით, ჩვენ რომ დავსხდებით მეზობლები, ვფიქრობთ ხოლმე, რა იქნება ცოტა ხანში. მოხუცებულები წავლენ. რამდენიმე სახლში სავარაუდოდ შუქი ჩაქრება. დაყრუვდება სახლები, რადგან იმ ოჯახებს მომავალი აღარ ჰყავთ. ერთი სიტყვით, მძიმე სიტუაციაა. მტკივნეულია მიტოვებული სახლების გამოცარიელებული ჩონჩხების ყურება. ბებიაჩემი ამბობდა: მერცხლებს სიცოცხლე უყვართ და რომელ სახლშიც მეტი სიცოცხლეა, იმ სახლში იკეთებენ ბუდესო, მართალიც იყო. მე არ მინახავს მიტოვებულ სახლებში მერცხლის ბუდეები (მახსოვს, ბაღნობაში ბებიაჩემი ბუდეს რიმ უნგრევდა სახლში „მერცხლებს“, ვკიოდი: - ბებია როგორ უნგრევ ბუდეს?! - არა, ბებია გენაცვალოს, აგენი მეკირიები არიან და მერცხლებს არ უშობენ სახლში და ბუდეს ართმევენ, - მიპასუხა ბებიამ. აი, მერცხალს კი იმის უფლებასაც კი აძლევდა „პარმახი წაებილწა“ ანუ ოდის ღია აივანი. სულ ამბობდა: -აქედან არსად არ წავალ, აქანე უნდა დავხვდე მერცხლებს, თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებულებსო. აი, ეს არის „სამშობლოს განცდა, გასაკვირველი“). ჯერ კიდევ თედო სახოკია კითხულობდა: - „ემსახურებიან თუ არა გურიას თვით გურიაშივე სწავლით აღჭურილნი შვილნი გურიისანი?“ და პასუხსაც თავად სცემდა: - „ ყველანი დიდ ქალაქებს ეტანებიან, თბილ ადგილს. სოფელი ათასში ერთხელ თუ მოაგონდებათ.“ ახლაც ასეა. მე არ ვნანობ, რომ ჩემი ცხოვრების გზა ასე გავიარე. რომ დავფიქრდები. მე და ჩემმა მეგობრებმა ყველა ის უიღბლობა გამოვცადეთ, რაც 90-იანი წლების ე. წ. „დაღუპულ“ თაობას გადახდა თავს საქართველოში. ხანდახან რომ შევიკრიბებით ჩემი თანაკურსელები, თითქოს არ გასულიყოს ის 30 წელი, რაც გვაშორებს ერთმანეთს. ძირითადი ნაწილი მაინც საზღვარგარეთაა გადახვეწილი სამუშაოდ. ისინი ხშირად მეუბნებიან: - რა გინდა მანდ? მისჩერებიხარ ორ ძროხას და სოფლის სკოლას, შენც ჩამოდი და რამე ქენიო. რომ დავფიქრდები ხოლმე, მართლაც რა მინდა იქ? თუ აქამდე არ წავედი, აწი რაღა მინდა? ზადიანი ცხოვრებით არცერთს არ უცხოვრია. ამ მხრივ ვერავის ვუსაყვედურებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მასწავლებლობის ასპარეზი არავის გამოუყენებია. აიღეს დიპლომები და ამით დამთავრდა. 90-იანი წლების ნგრევის შემდეგ ზოგი სად მუშაობდა და ზოგი სად. იყო დრო, სკოლებშიც მუშაობდნენ, მაგრამ მიატოვეს და წავიდნენ. მე კი ვერ მივატოვე. აწი რაღა შეიცვლება? აწი პენსიაში გავალ და ეგ იქნება. თუმცა ხანდახან მეც ასევფიქრობ ხოლმე: „საერთოდ სულერთია სად იცხოვრებს ადამიანი. მთავარი ის კი არ არის, უფრო მდიდრულად იქნები მოწყობილი თუ ნაკლებად, მთავარია ის, რაზე ვფანტავთ ჩვენს ცხოვრებას“ (რემარკი). ალბათ მემკვიდრეობითობაც ასრულებს გარკვეულ როლს პროფესიის არჩევაში. ამ ეზოში სამი სახლი იდგა, რომელთა მკვიდრნი წლების მანძილზე სკოლაში მუშაობდნენ და კარგი მასწავლებლები იყვნენ. ჩემი ორივე მამიდა, პაპიდაჩემები (მარგარიტა და მაშიკო) მასწავლებლებად მუშაობდნენ. საგვარეულო სასაფლაო გვაქვს, რომელშიც ეს ქალბატონებიც განისვენებენ. ნახევარი საუკუნე გაა
| რუსუდან ხუხუნაიშვილი, რძალთან, ეკა თედორაძესთან და შვილიშვილებთან ერთად. | ტარეს სკოლაში. მაგრამ ის იყო კომუნისტური სკოლა და მაშინ, ასე თუ ისე, მასწავლებელი დაფასებული იყო. ერთი ლენინის ორდენოსანიც კი გახლდათ. ასე რომ, პედაგოგობა ჩემთვის უცხო ხილი არ იყო. ამ სახლის წინ იდგა მამიდების სახლი. ბავშვი რომ ვიყავი, საღამოებს იქ ვატარებდი. გაკვეთილების გეგმებს რომ წერდნენ ანდა გაზეთებს კითხულობდნენ, ჩემს თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი. იმ დროიდან ვოცნებობდი, რომ მასწავლებელი გავმხდარიყავი და წითელი კალმით მეც გამესწორებინა რვეულები. ასეთი რამეები კი უკვალოდ არ ქრება. განათლებული ქალები იყვნენ ჩემი მამიდები და მათგან ბევრი რამ ვისწავლე. მათ შემაყვარეს წიგნი, კითხვა, რომელიც მართლაც რომ, ხელოვნებაა. ძალიან მიყვარს აიდოსი ფაჰრის ეს ლექსი: „ჩემს ბედნიერებას ერთ ფურცელს ვაწერ და მხოლოდ შემდეგ ვეძლევი თვლემას. ფურცელი წიგნში, წიგნი კი წიგნებს შორის გადავინახე. კი, ნუგეშია ესეც ამგვარი, რომ არ დავკარგავ ბედნიერებას და დილისთვის ისევ ვიბედნიერებ. თუმცა დილამდე მიმავიწყდა, რომელ წიგნში შევინახე ბედნიერება და მას აქეთ ბედნიერებას წიგნებში ვეძებ.“ უნივერსიტეტი რომ დავამთავრე და სოფელში დავბრუნდი, სიმართლე გითხრათ, სკოლაში მუშაობა იმდენად აღარ მინდოდა. მამიდაჩემმა მითხრა: - აბა, სხვაგან სად უნდა იმუშავო. ხომ ხედავ, ქვეყანა ინგრევა. ერთადერთი, სადაც შეძლებ მუშაობას, ეს სკოლააო. მართლაც, სხვაგან არსად იყო ადგილი. ფაბრიკები, ქარხნები, საწარმოო დაწესებულებები ზედიზედ იხურებოდა. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი მაშინ, შესაბამისად, ოპტიმისტურად განწყობილი და ჭკუაში დამიჯდა ეს რჩევა. მერე კოლექტივი დამხვდა კარგი, ბავშვებთან ურთიერთობაც მიმზიდველი იყო და ასე შევრჩი. სასიამოვნო და გამახალისებელია ბავშვებთან მუდმივი კონტაქტი. ისინი მაცოცხლებენ. მათგან სხვანაირი ენერგია მოდის. მაინც ვიტყვი, რომ კარგი თაობა მოდის. სწავლა რომ ეზარებათ,მეტწილად გარემოს ბრალია. უმრავლესობის მშობელი ემიგრაციაშია გადახვეწილი ოჯახის სარჩენად. ატმოსფეროა ისეთი, რომ სწავლა და სწავლული ხალხი არათუ დაფასებული, არამედ აბუჩადაც კი არიან აგდებულნი. განდიდებულია მხოლოდ ფული. ამას რომ ბავშვი უყურებს, ცხადია, მოტივაცია ეკარგება. ამიტომ მეცოდება ეს თაობა. თითქმის ყველას გაქცევა უნდა არამარტო სოფლიდან, არამედ საქართველოდან. ბავშვი უნდა აღიზარდოს სიახლისადმი სწრაფვით და აუცილებლად - სამშობლოს სიყვარულით. თუ არ გავუფრთხილდებით ჩვენს ეროვნულ მეობას, რაღა გადავცეთ შთამომავლობას?! სულერთი იქნება ჩვენთვის ჩვენი წარმომავლობა, მემკვიდრეობა, "რანი ვიყავით და რანი ვართ"; თუკი მნიშვნელობა აღარ ექნება იმას, სად ვცხოვრობთ, თუ სულერთი იქნება, ვისთან ერთად ვიცხოვრებთ, ოღონდ კი კარგი პირობები შეგვიქმნან, ეგოისტებად ვიქცევით. წაიშლება ჩვენი კულტურაც და მეცნიერებაც. ამიტომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ შევინარჩუნოთ სულიერი და ეროვნული ფასეულობები, ბავშვები არ მოვწყვიტოთ მშობლიურ კულტურას. მკითხეთ: - რა მაჩერებს ამ სოფელში? - მე გიპასუხებთ: - ყოველთვის არის რაღაც, რაც ჩვენ გვაკავებს, და ეს არის ხვალინდელი დღის იმედი. რუსუდან ხუხუნაიშვილი (ვადაჭკორიასი): ამ სკოლაში 1997 წლიდან ვმუშაობ. დაწყებითი კლასის მასწავლებელი ვარ. ეს იყო ჩემი სკოლა, რომელშიც პირველი კლასიდან ვსწავლობდი და წარმატებითაც დავამთავრე. თავიდან სპორტის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, პარალელურად მუსიკასაც ვასწავლიდი და დაახლოებით 2005 წელს გადავედი დაწყებითი კლასის მასწავლებლად. არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი გვყავდა, ქალბატონი მაია სიჭინავა. ღმერთმა გაანათლოს მისი ლამაზი სული. მისი დამსახურებით ყოველთვის წესრიგი და უზადო დისციპლინა სუფევდა სკოლაში. ერთი წუთით გაკვეთილზე ვერ დააგვიანებდი. 45 წუთს ერთი წუთიც არ მოაკლდებოდა. სკოლის გაცდენა ყოვლად გამორიცხული იყო, უკიდურესი გამონაკლისის გარდა. ძალიან მიყვარს, პირველ რიგში, ბავშვი, მერე საგანი და მერე ჩემი პროფესია - პედაგოგობა. ამ მხრივ, ძალიან წამადგა ის გარემოება, რომ 9 წელი საბავშვო ბაღში ვიმუშავე. საბავშვო ბაღში მასწავლებელი მეტ გამოცდილებას იძენს ბავშვებთან ურთიერთობაში, მეტად იხვეწება და სწავლობს, თუ როგორ მიუდგეს თითოეულ ბავშვს და დაინახოს მათში პიროვნება. წმინდა ილია მართალი წერდა: „ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივე ადამიანია და მით უფრო ძნელი საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია და არა სხვილ და სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი". ბავშვის შინაგან საიდუმლოებათა ამოცნობა მართლაც რთულია. ღრმა ცოდნას, ბავშვის გულწრფელ სიყვარულს, მასთან დამეგობრებას და "გულის კარების" მიგნება-გახსნის ოსტატობას მოითხოვს. ისევ წმინდა ილია მართალს დავესესხები: "მზრდელი ყრმისა მეორე შემოქმედია. რასაც ერთი მოჰმადლებს ბავშვს, მეორემ უნდა წვრთნას და ჰზარდოს... თუ წვრთნა გინდა ბავშვისა, იგი შენ უნდა ჩაისო გულში და იმან - შენ. ბევრში ეგ, ჩემის ფიქრით, შეუძლებელია, უმაგისოდ კი შესაძლოა სწავლა, ცოდნა მისცე და ადამიანობა არასდროს. მე კი ასე მგონია, რომ ადამიანობას პირველი ადგილი უნდა დაეთმოს ბავშვის წვრთნა-სწავლებაში". ამ სიტყვების დაწერის შემდეგ დიდი დრო გავიდა. დღეს ჩვენს წინაშეა თანამედროვე ბავშვი, ახალი მოტივაციით, ახალი ინტერესებითა და სწრაფვით. დღეს, ალბათ როგორც არასდროს, უმწვავესად ისმის კითხვა: როგორ აღვზარდოთ თანამედროვე ბავშვი? დღევანდელ პირობებში ბავშვებს მეტი უფლებები მისცეს და მასწავლებლებს უფრო ცოტა. მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ადრე ზღვარი არსებობდა. თუნდაც ჩაცმულობის, თუნდაც ურთიერთობების მანერის მხრივ. მე, მაგალითად, ჩემს მასწავლებელს რომ დავინახავდი, თავს დავხრიდი და ისე გავივლიდი. ახლა ასე არაა. თავისუფლების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ზღვარი ყველგან საჭიროა. მე ასე ვფიქრობ. ჩვენ უფრო ლაღი ბავშვობა გვქონდა. თანამედროვე ბავშვები რა თქმა უნდა, ტექნიკით მეტად არიან აღჭურვილნი, მაგრამ მე მაინც ჩემი მოსწავლეობის პერიოდი მირჩევნია. თავისუფალი და ლაღი თაობა კი არ მოდის, უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევთ. მთავარია, როგორ ესმით ეს თავისუფლება და როგორ იყენებენ მას. იმდენად მიყვარს ბავშვი, მათ გამო ხშირად უფროსებთან გამირჩევია საქმე და ბავშვის მხარეზე დავმდგარვარ. რა თქმა უნდა, მისდა სასიკეთოდ და არა ხელის გადაფარებით და დათვური სამსახურის გაწევით. ერთ შემთხვევას გავიხსენებ. სპორტს ვასწავლიდი პირველიდან მეთორმეტე კლასების ჩათვლით. წლების უკან, ერთ-ერთი ბავშვი სკოლაში სიგარეტს ეწეოდა. მე და დირექტორი მოვდიოდით დერეფანში, გაკვეთილზე უნდა შევსულიყავი. საოცარი დისციპლინა იყო სკოლაში მაშინაც და ახლაც. სკოლის შენობაში არაფრით არ შეიძლებოდა სიგარეტის მოწევა. ამის გამო ბავშვს სკოლიდან ათავისუფლებდნენ. ხოდა, ერთხელაც დირექტორთან ერთად რომ მოვდიოდი, უეცრად სიგარეტის სუნი მეცა. როგორც კი დავინახე ეს ბავშვი, უმალ მისკენ გავიქეცი და სიგარეტი ხელიდან გამოვგლიჯე, ამასობაში თითები ჩამეწვა, მაგრამ ის ბავშვი გადავარჩინე. ცხადია, დირექტორი მე არ გამიხსნიდა ხელს. მერე ის ბავშვი ჩემთან მოვიდა, მადლობა გადამიხადა და მითხრა: - მასწავლებელო, დღეის ამას იქეთ სიგარეტს აღარ მოვწევო და ნამდვილად შეასრულა თავისი პირობა. ბევრჯერ დავხმარებივარ ბავშვებს ბევრ რამეში. რამაც შემდეგ გამოსწორებისკენ უბიძგა მათ. იმ ბიჭს იმდენად მოეხათრა ჩემი და იმდენად მადლობელი დარჩა, რომ ამ ცუდ ზნეს გადაეჩვია. ყოველ შ
| ლელა ჩხარტიშვილი და ირინა ბაჟუნაიშვილი | ემთხვევაში, სკოლის პერიოდში სიგარეტი აღარასდროს მოუწევია. ჩემს ოჯახს რაც შეეხება, სამი შვილი მყავს. სამივე დაოჯახებულია. ქალიშვილს, სოფო ვადაჭკორიას ორი შვილი ჰყავს (ერთი მე-10 კლასშია, მეორე - მე-8-ში). სოფო ჩვენს სკოლაში მუსიკის პედაგოგად მუშაობს. ბავშვებიც აქ სწავლობენ. კარგი მოსწავლეები არიან. ჯონი გამოირჩევა ნაკითხობით. სხვადასხვა ინტელექტუალურ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას და წარმატებებიც აქვს. ქეთევანს დედის გენები გამოჰყვა მუსიკის დარგში და ერქომაიშვილის გუნდის წევრი გახლავთ. ბევრი გასვლითი კონცერტიც ჰქონდათ. ცოტა ხნის წინ, კონსერვატორიაში იყო მიწვეული გუნდი და ვერცხლის და ოქროს მედლები აიღეს. (საგალობლებისა და ხალხური სიმღერების შესრულებაში). მეორე შვილი, ოთარ ვადაჭკორია ხელოვნების პედაგოგი გახლავთ. თბილისის მოსე თოიძის სამხატვრო ლიცეუმის შემდეგ ბათუმის შოთა რუსთაველის ინსტიტუტი დაამთავრა საინჟინრო განხრით. არაერთი გამოფენა გააკეთა ჩვენს სკოლაში. მესამე ვაჟი, მიხეილი ახლახანს დაოჯახდა. მანაც ბათუმის შოთა რუსთაველის ინსტიტუტი დაამთავრა, ელექტრობის სპეციალობით. ბათუმში, სასტუმრო შერატონში მუშაობს თავისი სპეციალობით. ჩემი მეუღლე, დავით ვადაჭკორია, ერთი წლის წინ გარდამეცვალა. ელექტრიკოსი იყო სპეციალობით, მაგრამ მძღოლად მუშაობდა. რძალი, ეკა თედორაძე, საბავშვო ბაღში მუშაობს აღმზრდელად. ოთხი შვილიშვილი მყავს ჯერჯერობით. ხან მგონია, რომ ზედმეტად ბევრს ვთხოვთ ბავშვებს. განსაკუთრებით, ჩემებს. გვინდა, რომ ვუნდერკინდები იყვნენ, სასწაულ წარმატებებს მიაღწიონ. ჩემი უფროსი შვილიშვილი, ჯონი გურულად ენაკვიმატია და ამ ანეგდოტს იშველიებს ხოლმე: „კლასში ისტორიის გაკვეთილზე მასწავლებელი ბავშვებს საყვედურობს: - თქვენხნობას ალექსანდრე მაკედონელმა მსოფლიო დაიპყრო, თქვენ კი გაკვეთილის სწავლა არ გინდებიენ. თქვენ თავებში არაფერი შედის. წამოდგა მოსწავლე და ეუბნება: - მასწავლებელო, მასწავლებელო, მაკედონელის მასწავლებელი არისტოტელე ხომ იყო?!“ ასე რომ, ბავშვებს და განსაკუთრებით გურულ ბავშვებს, ყველაფერზე აქვთ პასუხი. სოფელზე რას ვიტყვი და გული მტკივა ყველაფერზე. შიდა გზებს არ ექცევა ყურადღება. თითქოს რაღაცას აკეთებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არის იმის საშუალება, რომ მოსახლეობამ, ჩვენი სახსრებით გავაკეთოთ ეს გზები. მძიმე პირობებია. ჩაის იმედი, თხილის იმედი ყველაფერი მოისპო. ავიღოთ თუნდაც საყოლი. არაფერი ამართლებს. ხბოს გაზრდი. უცებ გაუჩნდება ჭირი და გამოგეცლება ხელიდან ეს იმედიც. სოფელს ძალიან დიდი ყურადღება უნდა. თუნდაც გაზი. ქვემო აკეთში გაიყვანეს. თუ საკრებულო ერთი გვაქვს, მაშინ ყველგან ყველაფერი ერთდროულად უნდა გაკეთდეს. მეტი აქტიურობაა ხალხის მხრიდან საჭირო. ჩვენ ცოტა სხვანაირი, ზედმეტად მორჩილი ხალხი ვართ სხვა სოფლებთან შედარებით. მეტი ბრძოლაა საჭირო. მე ბევრჯერ ვიბრძოლე. გვერდში დგომა, მოთხოვნა და ერთად დგომაა საჭირო საერთო საქმისთვის. თუკი რაიმეა გადასაწყვეტი, ორ-სამ კაცს კი არ უნდა დაეკითხონ სოფელში, არამედ მთელმა სოფელმა ერთობლივად უნდა იმსჯელოს და გადაჭრას ესა თუ ის საჭირბოროტო საკითხი. ერთმანეთის გვერდით დგომა უნდა ვაჩვენოთ საერთო საქმეში. სოფელი უნდა გამოცოცხლდეს. ახალგაზრდული ენერგიაა საჭირო. ახალგაზრდული ხმამაღლობა აცოცხლებს სოფელს. 100 ბავშვი იყო ჩვენს სკოლაში და 70-ზე ჩამოვიდა. მიდიან და დაბრუნებაზე ცოტა თუ ფიქრობს. არავითარი საარსებო წყარო აღარ დარჩა სოფელში. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ბევრი კვლავ მოინდომებს სოფელში დაბრუნებას და გული დასწყდებათ, აქ რომ გაყიდეს სახლები. სოფელი საჭიროა და აუცილებელიც. იმედი მასულდგმულებს. 8 პირველკლასელი შემოვიდა წელს. დირექტორმა ოთახი გაუმზადა. კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარა. ზედა და ქვედა კორიდორები გარემონტდა. წელს მყავს მე-3, მე-4 კლასები. არის შანსი, რომ მესამე კლასი ცალკე გავიდეს. პირველიდან რომ მოვყვები პატარებს, მეოთხე კლასში მიტოვება უკვე ძნელია. ბავშვებზეც ძალიან მოქმედებს ეს. ისინი ხომ საოცრად მიამიტები არიან და ყველაფერს მძაფრად განიცდიან. ამათ რომ ვუყურებ, გული სიხარულით და, ამავე დროს, სევდით მევსება, რადგან ჩემს ბავშვობას ღრმად შევისუნთქავ ხოლმე და როგორც ყველას, მეც, ბავშვობაში დაბრუნება მინდა. „ბავშვობაში დაბრუნება მინდა, ჭრელა-ჭრულა კაბებით და ბაფთით.. ის ყოფილა ყველაფერზე წმინდა - დამაბრუნეთ ჩემი სკოლის ჩანთით!.. გამაღვიძეთ, ბავშვი ხარ-თქო ისევ... ისევ ვწერო დავალება ვრცელი... გული ისევ ბავშვობისკენ იწევს... გავიზარდე, მომემატა წელი!.. ბალახებშისამყურებისძებნა, სხვალურჯიცამომენატრაღმერთო!.. სხვა ბავშვობას ვერ შევხვდები ქვეყნად - დღესაც ახსოვს ჩემს კოპწია ეზოს... დაღლა რაა, არ იცოდა გულმა, სულში ძალა უძლეველი ქარის!.. შეიცვალა, დაჭკვიანდა სულ სხვა - დღეს შვილებით ბედნიერი ქალი!.. ბავშვობაში დაბრუნება მინდა, აკაციის მოსალმება გზაზე... ვერაფერი, ვერაფერი გვღლიდა - მასაუბრეთ კვლავ იმ ბავშვურ ხმაზე... დიდი დროა გახიდული შორის... ცრემლიანს თუ გააყოლებ მზერას... მართალია, აღარა ვარ ბავშვი, მაგრამ, ახლაც ვგრძნობ იმ გულის ძგერას!!!“ (ია ნანეიშვილი) პ. ს. სკოლისკენ მიმავალ გზაზე წაბლის ხე იდგა, ტოტებში გახირული მზით აელვარებული. მეც გამეფიქრა: „წაბლზე ჰკიდია საყურეები, სასაცილო და გრძელი, ვით ჩვენი ცხოვრება.“ წაბლის ხის ქვეშ სოფლის მოხუცები ისხდნენ, ჯოხზე დაყრდნობილნი, ჩამჭკნარი ტუჩებით რაღაცას ჩიფჩიფებდნენ. სწავლა-განათლებაზე მათ თავიანთი აზრი აქვთ, გამოცდილ, ათას ცეცხლში გამოტარებულ მარტივ, სოკრატესეულ ჭეშმარიტებას გურულ სამოსს არგებენ: „იი მაინც ვიცი, ძამა, არასფერი რომ არ ვიცი . მარა ვაი იგენს (იმ აბდლებს), ვინცხას გონია, რომ რაცხა იცის “. მათ ხომ ყველაზე დიდი სკოლა გამოიარეს - ცხოვრების მკაცრი სკოლა. „წიგნები ცარიელია, საკუთარი სისხლი უნდა იკითხოს კაცმა.“ (რილკე) და სწორედ ამ გულის სისხლის ფასად იციან, რომ „ბევრი რამ უნდა გადაიტანო, ადამიანი რომ გახდე“. და რომ მთავარი ადამიანური ღირსების სკოლა არის. გაჰყურებდნენ მოხუცები სკოლისკენ მიმავალ ბავშვებს და, ვინ იცის, აგონდებოდათ თავიანთი ბავშვობა, სუფთა და დაუვიწყარი, თბილი და გემრიელი. ალბათ ფიქრობდნენ, რად აღარ იყვნენ პატარა ცელქი ბიჭები, ჩანთით ხელში. ჩიტების სტვენისას რომ იღვიძებდნენ და დარბოდნენ ოდესღაც, ფიქრებითა და ოცნებებით გარემოცულნი. სიყმაწვილის ტკბილ სიყვარულს მისტიროდნენ, მამის გაჯავრებას, დედის ღიმილს. „ო, როგორ მინდა, ისე, როგორც ჩემს ბავშვობაში, სკოლიდან ტყეში გაპარულს და სირბილით დაღლილს, დედამ ისევ მისაყვედუროს...“ (იაკი კაბე). შურით და ეჭვით, სინანულით, უფრო კი რწმენით და იმედით შესცქეროდნენ ეზოებიდან გზაზე გამოფენილ ბავშვებს, ჟრიამულით რომ მინავარდობდნენ სკოლისკენ მიმავალ ფოთლებდაცვენილ გზაზე, ღიღინითა და სიმღერით; ჯოხის რაშებით მიჰქროდნენ აღმართში. შესცქეროდნენ მოხუცები ბავშვების მხიარული ხმებით მოფენილ გაგურის არე-მარეს და ვინ იცის, გულში კიდევაც ფიქრობდნენ: „ჰეი, ბავშვებო, იქნებ თქვენშია, ამ სოფლის სახელს ვინც ქვეყნად მოფენს?!“ |