საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

''არასდროს ბედი არ ყოფილა ასე ცბიერი''
ლალი ბარძიმაშვილი



 

სტატიის სათაური გალაკტიონის ლექსიდანაა  და  ამ ხატოვანი თქმით ეპოქა შეფასდა.  რა დღეში უნდა ყოფილიყო  სულიერი ლაშქარი ქართული მწერლობისა, ბალავარჩამყრელი  ზნეობის, თავისუფლების, როცა ერთეულთა საქომაგო  გახდა  ტრაგიკული სამშობლო.  ''კარგის, საჩინოს ავად მიჩნევა''  კვლავაც გრძელდებოდა. დამოკლეს მახვილივით თავსდამდგარ საშიშ დროს კალამი უსწორდებოდა -  სიტყვა ''უშიში.'' სიმართლემ არ  იცის სიფითრე,  სიმართლე არ ეძიებს საფარს. იგი მუდამ სამზეოზეა.  ნოდარ გრიგალაშვილის წიგნი  ქართველ მწერლებზე, მეგზურობას გვიწევს და თვალწინ გვიშლის დაღდასმულ დროს, რომელსაც უდრტვინველად დაუხვდნენ სულიერი დამპურებლები ერის, ვინაც ასაზრდოეს სრულიად ქართველობა.  ყველა წნეხი და ყველას ჯვარი თავს იტვირთეს. დავით კლდიაშვილი ქმნის მატიანეს იმ დროისას, როცა ყველაფერს საფრთხე დაემუქრა - მოსახლეობას, ტერიტორიებს, რწმენას, ადამიანობას... წარმოუდგენელი სურათი იშლება - ტერიტორიების დაცარიელება და სამხედრო პოლიგონების მოწყობა ეწადა რუს  ''მოკავშირეს''. ( იხ. მწერლის ""ჩემი ცხოვრების გზაზე).  არდასავიწყებლის დავიწყების დამუნათებას უნდებოდნენ მწერლები - სიფხიზლის ქურუმნი.  თვალსაჩინოა ერთი  ხალხური გადმოცემა: ქართველ მეფესა და შაჰზე. დამპყრობელთან ხმობილმა ეჭვი ვერაფრით გაუფანტა ცბიერ შაჰს და ურჩიეს მაშინ  მბრძანებელს - შეემოწმებინა  იგი ამგვარად, ტომრით მიწა  ჩამოეტანათ საქართველოდან და ქართულ მიწაზე  შემდგარი დაეკითხათ.  მიმოფანტესო მიწა, იხმეს მეფე,  მყისვე შეიცვალა და  ჯიქურ მოახსენა სათქმელი. ასეთია ურყეობა ნიადაგისა და ღვიძლი შვილობა... ავტორი ამიტომ იქვე,  უფესვო, უნიადაგო ადამიანთა ხვედრზე ერთ მაგალითსაც გვიამბობს, თავადი ლევან მელიქიშვილის დაკრძალვისა.  ''დიდ''  სამსახურში ჩამდგარი ეპისკოპოსმა ალექსანდრემ ასე გამოიტირა - მიაღწიეო წარჩინებას, ''ფუფუნებაში ცხოვრობდი, შენს ოჯახს არას აკლებდი, მხოლოდ რა მიგაქვს თან? რა სიკეთე დასთესე ამქვეყნად, რა შესძინე შენს სამშობლოს, საქართველოს?..''  (ნ. გრიგალაშვილი - ''სკოლაში შესასწავლი ქართველი მწერლები'').

   ქართული სიტყვის ამაგდარნი და  დიდოსტატნი  ასე შეფასდა  - ''დამონებული ერის შვილები'', ''შინაგანად კი ამ მონობას არასოდეს შეჰგუებიან. შინაგანად ცხოვრობდნენ ისე, როგორც თავისუფალი და ზნემაღალი ადამიანი უნდა ცხოვრობდეს თავისუფალსა და ზნემაღალ საზოგადოებაში''... ეროვნული სული დაუთრგუნავია და მთელი მწერლობა მისითაა გამსჭვალული, საპირისპიროდ ''მოკავშირის'' იდეოლოგიისა - 'პროლეტარს არა აქვს სამშობლო.''  უსამშობლობის განცდის გაძლიერება ხომ მომხდურთა ცნობიერების მკვეთრი ნიშანია. ამგვარი განუკითხავი  ჟამიც იდგა. ''ბედი ცბიერი'' მართალთ არ სწყალობდა, ერისშვილებს. სიყვარულის კალოზე მაინც ილეწებოდნენ დიდი გმირები ცხოვრებისა. ზოგიც  ''თვით რუსებზედ მეტად რუსობდა,''  (დავით კლდიაშვილი).  ბევრთა მზაკვრობას აღუდგა კალმოსანი, ლამის დუელიც გადახდა თავს მამულიშვილს. მისთვისაც  მიწა  ''მექვსე გრძნობაა.''  მასაც  ''შემოაღამდა ცხოვრების ნახევარგზაზე'', თუმც გაბედულად ვიდოდა.  იცოდა რა  მძიმე ტვირთი აწვა - სხვათა  წილი, სანაცვლოც  მათ უნდა ეზიდათ. ასეთი იყო ტვირთი  საყოველთაო.  ამაგდარი ადამიანებისთვის  ხომ ერთი არსებობს - ''ცხოვრების წაღმართი წესი.''

''ადამიანი, რომელიც მაღალი იდეალებისთვის მარტვილობს, ინარჩუნებს, იძენს და სრულყოფს ყოველგვარ სიწმინდეს''... (ნ. გრიგალაშვილი). ''საერთოძარღვგამწყდარ ქართველში''  ეროვნული ვინაობის აღდგენა იყო მთავარი. შემთხვევით როდი იხსენებს ავტორი ნიკო ლორთქიფანიძის ამ ეპიგრაფსაც, დაუსრულებელი მემუარებისთვის შერჩეულს,  ვაჟას პერიფრაზით - ''რა დრო დაგიდგათ, ყოვებო''...  განსასჯელის სკამზეც აღმოჩნდა  სასიქადულო მწერალი - ''თბილისის სასამართლო პალატის დადგენილებით, წარმოდგენაზე უწესობის ჩადენისათვის, სამსახურის აღსრულების დროს პოლიციის მოხელეთათვის შეურაცხყოფის მიყენებისა და ამავე დროს თეატრის წინ საზოგადოებრივი მყუდროების დარღვევისათვის'' პატიმრობაც შეუფარდეს- ორი თვით... ორი დუელის ამბავსაც იხსენებს ავტორი,  ერთ-ერთი,  როცა რუსის ოფიცერ აკიმოვს ქართველთა აუგად ხსენება არ აპატია. ასეთი უმოწყალო იყო ბედის დარტყმები; ''ბედი ცბიერი'' მხოლოდ  ორგულთ ანებივრებდა.  კლასიკოსს კი ამაყად ჩაუწერია - ''ტალახისა და ჭუჭყის ღელვა-ტორტმანში  ჩემი ტვირთი ისე გავატარე, რომ არც  ფეხი და არც ხელი  არ გამისვრია და ისე მოვიტანე, რაც კი შემეძლო, სამშობლოს სამსხვერპლოზე.'' ამიტომაცაა ხოლმე ბედიც განსხვავებული, ''არსის ხვედრი არსშია თვითონ'' - როგორც გრ. რობაქიძე იტყოდა.

''ადამიანი ხშირად საზოგადო იდეალების სამსახურისთვის საკუთარი ნებით ირჩევს მშფოთვარე და დრამატულ ცხოვრებას.'' (წიგნის ავტორისგან). ასე აღმოჩნდა ლეო ქიაჩელის შემთხვევაშიც. დროებამ სხვა სიო დაქროლა, ამ მონაბერს აჰყოლია მწერალიც კეთილგანზრახვით, თუმც მალე გაწბილდა და ციხეშიც მოხვდა - 1906 წ. ''3-4 კაციან საკანში შეყრილი იყო 15-მდე კაცი... ეკრძალებოდათ სარკმელთან მისვლაც კი... ერთი ახალგაზრდა სხვების დასაშინებლად სულ უბრალოდ მოკლეს კიდეც.'' ( ამავე წიგნიდან). ამას დაერთო ტიფიც, რომელსაც ვერც ის გადაურჩა. მას უკვე ქუთაისის ციხის საავადმყოფოში მომავალი მწერალი - დავით სულიაშვილი უვლის. წიგნში შეტანილია ამ უკანასკნელის მოგონება, (მან თავად მოიწადინა ასეთ მძიმე ავადმყოფს  დადგომოდა თავს), ''სოფლიდან ლეოს დედა ჩამოვიდა'', წუხდა, ხან შვილს და  ხან მას ეფერებოდა, იცრემლებოდა - ''ხაჭაპურები, მოხარშული ქათამი დააწყო'', თუმცა მის ვაჟს არაფერი ეჭმეოდა. სნეულებას კი  მოერია, მაგრამ ერთი წელი  უკვე მოწყვეტილი იყო სამყაროს, თავისუფლებას, თუმცა მალე გაქცევით უშველეს  თავს ტუსაღებმა, რის შემდეგაც არალეგალური ცხოვრება უწევდა კიდეცო... ''ბედი ცბიერი'' ამ შემთხვევაშიც თავის ჭანგებში აქცევს მწერალს - სიყვარულის თაოსანს. არ არის მათი წილხვედრი ჟამი. ურგები დროა, მიტომაც წერს იგი დედას - ''მე კი არ ვცხოვრობ, არამედ ''ვძაღლობ''... აწი მეც მეცოდება ჩემი თავი!.. ჩემდა წილად ფეხის დასაბიჯებელი ადგილი არ არსებობს: არც ნივთიერად, არც კაცთა გულში... თუ ტყვედ მივეცე გახელებულ მგელთა ბანაკს?... ასე მგონია შენ მეტს გამიგებ, შენ მეტს იგრძნობ შვილის ჭმუნვას...'' წიგნში საკმაოდ ვრცელი წერილებია დედისადმი.  ბედის სამდურავი კი  ნამდვილად ეთქმოდა ხან სად და ხანაც სად გადაკარგულს,  აწეწილი ცხოვრების კაცს. 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი მწერალი შემდგომ ისევ თავიდან კარგავს ქვეყნისა და საკუთარ თავისუფლებას. მეორე ტუსაღობიდან ბედნიერმა შემთხვევამ იხსნა.  მას  მართლაც სწყალობდა შენგელაიების საგვარეულო - ქიაჩის ხატი.  მწერლურმა ნიჭმა და მოწოდებამ მარადისობის ნაწილად აქცია. ღმერთკაცური ცხოვრება ტანჯვასაც ითავსებს და სიდიადესაც.

გალაკტიონისგან შერისხული ''ხანი უნდობარი'' რჩეულებს  გაიმარტოვებს. ''პირად ცხოვრებას ბოგანოსავით ატარებდა, დადიოდა სამოსელშელახული, უფულო, უპურო''... დედა საყვედურს საყვედურზე უგზავნისო  გალას - ''მარტო შენ ჭკუაზე ნუ მიდიხარ... ტყუილათ უსარგებლო ნუ გაარონინებ შენს დღე და მოსწრებას. არც შენ თავს არგიხარ სასიკეთოდ  და არც ოჯახს... ნუ იქნები თავის და ოჯახის უსარგებლო.'' (ამავე  წიგნიდან)... რაოდენ მწარედ ცდებოდა  მშობელი.  როგორ ზეიმობდა მუხანათი ბედი. ძნელი იყო გზის ძიება, ბედის მოთვინიერება ასეთ ჟამს. ''ცხოვრების ნადიმზე''  მამულიშვილთა ალაგი არ იყო.  ასეთი იყო შედეგი ''სხვა ხალხის ჟრიამულისა''  და ''ქაჯურ ვალსისა.'' დადიოდა ვითარცა უპოვარი, მიუსაფარი და აფიშებზე ამოკითხული თავის გვარ-სახელი უკვირდაო, შანტაჟად მიაჩნდა, რად

გან არსად იწვევდნენ სინამდვილეში და მხოლოდ ხალხის მოსაზიდი ფანდი თუ იყო ეს. პატიმრობასაც  შემთხვევით გადაურჩა, არადა ბრძანება გაცემულია. ეს ასე მომხდარა: ქუთაისის ერთ-ერთ რესტორანში მეგობართან ერთადაა. წესრიგს არღვევთო - უცნობ ''სამართალდამცველს''  მიუმართავს.  გალაკტიონის მეგობარი გამოდავებია  ''აპელატებიან'' პოლიციელს. ის გაცლიათ და წამოსულთ გზად დახვედრიათ - პოლიციის სამმართველოსთან.  ''მიუწვევია''  ინსტანციაში; (ეს იყოო ლავრენტი მახარაძე - რისხვა დას. საქართველოსი). ერთი ღამით იქ უმყოფებია,  სახელდახელო ოქმიც წარუდგენია გუბერნატორთან. მისამართებიც საგანგებოდ  ჩაუნიშნავს. ერთ პატიოსან კაცს  -დადიანს, საგუბერნიო განყოფილების მუშაკს,  ''ბრალდებებით'' დახუნძლული ოქმი გადაუმალავს.  არ ცხრება პოლიციელი და ერთ დღესაც დადიანი იხმეს გუბერნატორთან და ოქმი გამოსთხოვეს, რომელსაც დაუყოვნებლივ დაპატიმრების  რეზოლუცია დაედო.  დადიანმა გალაკტიონის გაფრთხილება მოასწრო. დროებით კონსპირაციულ ბინაზე გაიხიზნებიან გალაკტიონი და მისი მეგობარიც.  მიხეილ ჯავახიშვილისა არ იყოს, ''ბედი მდევარი'' თავად მდევნელს წამოწევია;  არეულმა დრომ მოუსწრო და უკვე რევოლუციის შედეგად,  თვითონ ლავრენტი მახარაძე დააპატიმრეს.  მომდევნო ქვეთავს წიგნში ''დახვრეტილი თავისუფლება'' ჰქვია, (ეს თავად პოეტის ლექსიდან), სადაც ავტორი შენიშნავს - ''არიან ადამიანები, რომელთაც სულ პატარა მიზნის მისაღწევადაც კი გრძელზე გრძელი გზის გავლა უწევთ, ზოგს ადვილად გამოსდის.'' ასეთ საძნელო გზას გადის გალაკტიონი. ამავდროულად, ისეთია ნუსხა პოეტის მოღვაწეობა- იუბილეებისა, ერთი შეხედვით, ბედნიერ კაცად ჩათვლისო ვინმე.  ამ ''ბედნიერი'' კაცის უბედურების მაუწყებელი წერილიც არ გამორჩენია ახალ წლის ღამეს დაწერილი - ''ათასჯერ გამძარცვეს... (პალტო, პიჯაკი, დოკუმენტები, ფეხსაცმელები, ქუდიც კია ჩამონათვალში)... დედაჩემმა სოფლიდან წყევლით გამომისტუმრა...  ჩემთან ბინაში სწორედ ხუთი წელიწადია,  არც ერთი მეგობარი არ მოსულა''... ვისთვის ბედნიერად რეკდა ახალ წლის ღამეს 12 საათი და ვინ კიდე  გადარჩენას შესთხოვდა მაცხოვარს - მასავით გვემული... ამგვარი რიტორიკული შეკითხვაც ხომ სამართლიანია -''მძიმეა ტვირთი" მაშ, სხვებმა ზიდონ.''  არა და არა, სხვები სათავისო სამძიმო ტვირთსა  დიდ ბუმბერაზთა ქედს უსწორებენ მარჯვედ და მათვე შეატოვებენ.

ტიციან ტაბიძისადმი მიძღვნილ ნაშრომში ერთ ფოტოზე გალაკტიონის მინაწერს იმოწმებს ავტორი - ამ დღეს სადილის ფულიც არ მქონდაო, მაგრამ თავს ლორდივით ვიჭერდი, საბრალო ტიციანიც ამ მდგომარეობაში იყოო. ასეთია სულიერი არისტოკრატიზმი. ორასკაციანი ქორწილიც პაოლომ გადაუხადა ტიციანს, მზარეულები და მიმტანები  ''ქიმერიონიდან'' მოიყვანა, ყვავილებზე ბათუმში გასწია, ''მთელი ქორწილის ხარჯი გაიღო, თავად კი დახეული შარვალი ეცვა.'' ასეთები არიან დიდი ადამიანები. .. ბუბებრივია - ''ძილშიდაც ბოლოღილშეკრულ ფილისტერ მოქალაქეებს სიმშვიდეს ურღვევდნენ'', ცხადია,  ან  რა გასაკვირია. ''უსიყვარულო საზოგადოებაში ჟანგბადი'' ისედაც ხომ  ცოტაა და ერთმანეთის სიყვარულით სუნთქავდნენ.

''ავადმდინარი ეპოქის''  ამბებს კონსტანტინე გამსახურდიათი აგრძელებს.  რა თვალსაჩინო და სამწუხარო ამბებს აღარ მოგვითხრობს, აქამდე ტაბუდადებულსაც; (ასევე, იხსენებს როგორ მოკრიბა საზღვარგარეთ  და წამოიყვანა,  პირველ მსოფლიო  ომში ტყვედ ჩავარდნილი 3500 ქართველი, 1919 წ)... რა ფათერაკი არ გადახდა მწერალს. ბედი არც მის მიმართ იჩენდა ლმობიერებას. ერთ-ერთი ქვესათაური კი ასეთია - კონსტანტინე გამსახურდიას მეოთხედ  და მეხუთედ დაპატიმრება. ზედმიწევნითაა მოთხრობილი კლასიკოსის სამწლიან პატიმრობაზეც, შავჩოხოსანი პავლე ინგოროყვას მონახულების ჩათვლით (მოსკოვის დილეგში ჩააკითხა მან გამსახურდიას)... პავლე ინგოროყვაც ხომ გარიცხეს მასავით მწერალთა კავშირიდან... ''ეპილოგის მაგიერ'' -  ამ  ქვეთავში ნოდარ გრიგალაშვილი წერს კონსტანტინეს შესახებ  (სხვ. უამრავ ჩამონათვალთან ერთად) - ''იგი იბრძოდა გარუსების წინააღმდეგ, ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის დასაცავად.'' დიდია ღირსებები მწერლისა, არც ერთი გამორჩენია, არც ტკივილები  თუ უმადურობა თანამედროვეთაგან (ზვიადის აღსასრულის ჩათვლით)...

ასე უშიშრად უხვდებოდნენ ბედის დარტყმებს გულადი რაინდები.

ერთი საბჭოური ანეკდოტის მოხმობითაც საცნაურს ხდის ავტორი  ეპოქის სისასტიკესა და სიშლეგეს. სტალინის შეხედვისას ერთი ქვეშევრდომი როს გაიფიქრებს - ღორი, მეორე  კი მიუხვდება ნაფიქრს და ჩააჟინდება - ვისი მისამართით გაივლო აღნიშნული სიტყვა?  ''მხილებული'' თავს დაიძვრენს - რა თქმა უნდა, ჰიტლერისო.  -აი, ამხანაგი ამბობს, რომ ღორი ჰიტლერია. თქვენ ვისი მისამართით გეგონათ, ამხანაგო პავლე? - მიუბრუნდა ანაზდად მას ბელადი... ეს მართლაც ის დრო იყო, არაფერს თავის სამიზნე, ადრესატი რომ არ უნდა ჰყოლოდა, თუმცა სულის დენდები, მწერლობის ქურუმნი  არ უფრთხოდნენ გარემოებას, არმცთუ   ვისიმე მისამართით წერასა და თქმას, ზარებსაც  არისხებდნენ სხვათა გამოსარკვევად. შეურიგებელნი იყვნენ სიმართლისა და სამშობლოს მსახურნი. ამდაგვარი ამბებიც ხშირი იყო, როცა მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ ასე  გვაუწყებს ვტორი- ''1937 წ. 17 აგვისტოს თბილისში, მაჩაბლის ქ. 13 ნომერში, საქართველოს მწერალთა კავშირის სასახლეში მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი''... აკი, ''გულადობამ ბევრჯერ კინაღამ დაღუპა,'' - ბავშვობიდანვე გულადობა მწერლის მთავარი პათოსი ყოფილა.  ''ბედი ცბიერის'' გამოისობით, ბედის ირონიით კლასიკოსი პრივილნოვს და შემდგომ, ჯელალ-ოღლის სკოლაში ეუფლება ''განათლებას.''  ''ქართველი კაცი თავის ისტორიულ მიწაზე ფაქტიურად არაქართულ გარემოში ცხოვრობდა.'' ( ნ. გრიგალაშვილი)...  იძულებითი ემიგრაციები, პატიმრობები არ დაჰკლებია  ღვაწლმოსილ მწერალს.  1910 წ. დააპატიმრეს და სამშობლოს სიყვარულისთვისო  მიუსაჯეს ერთი წლით ციხე  და 5 წლით გასახლება. პატიმრობის ვადა მოიხადა მეტეხის ციხეში, გასახლებულ იქნა როსტოვში. ერთ-ერთი ქვესათაურიც ასეთია - ''გზანი წამებისანი'' და დაწვრილებითაა გადმოცემული შემდგომი დევნა-დაპატიმრებების ფაქტები.   1923 წ. ხომ სიკვდილმისჯილთა საკანშიც მოათავსეს და მრავალთვიან წამებას გაუძლო. დახვრეტას გადაურჩა მაშინ... მეტეხის ტაძარიც მისი  გადარჩენილია დანგრევისგან, ბერიას შებედა პროტესტი. უბადლო მამულიშვილი თავს არ იშურებდა,  შედევრებს ქმნიდა, უსამართლობას მუსრავდა. რა სამსალა  არ აგემეს. ''აქტივისტებმა'' დაანგრიეს საგვარეულო აკლდამაც და შეურაცხყვეს საფლავები მწერლის დედ-მამისა და დის. იხსენებს მიხეილის თავს გადახდენილ ამბებს  ავტორი და კვლავ მერამდენედ ჩააფიქრებს მკითხველს - ''ვისი გორის ვართ''. 1937 წ. დააპატიმრეს მწერლის ძმა ფიდო, ეს წელი  მთელი სისასტიკით გაუსწორდა დიდ მწერალს და სხვა თანამოკალმეთ. 

''ცბიერი ბედი''  კი  რასაც არ უნდა ლამობდეს, წინ ვერ აღუდგება გარდუვალობას, რომ მასთან მბრძოლი ურჩებისაა მომავლის ჟამი და უკვდავება. ვინც წუთისოფლის თანამეინახე არაა, იგი  მარადიულობის  შვილია.

დასასრულს,  წმ. ილია მართალს დავიმოწმებ  - ''რომ მე მართლა-და ჭეშმარიტად ბედნიერი ვიყო, საჭიროა ყველა სხვა სულიერნიც ბედნიერნი იყვნენ... მადლის მოედანი და სარბიელი ეს არის. ყოველი კაცი ბედნიერებისთვის იღვწის, მაგრამ ყოველს კაცს არჩეული არა აქვს თავის საკუთარ ბედნიერებად სხვისი ბედნიერება... ამას დიდი ღონე უნდა სულისა, დიდი შეძლება გულისა... ეს  ისეთი ძნელი გასადები ხიდია, ეს ისეთი მძიმე და ეკლიანი გზაა, რომ თითოეული ბიჯი ღვაწლია და მსხვერპლი... მისთანა კაცი მზესა ჰგავს - ბრმაც კი გრძნობს, თუმცა არა ჰხედავს''...  თქმულა - ''მოიპოვე მცირეოდენი მადლი და შენ გარშემო ათასები ცხონდებიან. ''

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი მაკარი იღუმენი (+დაახლ. 830)
1 (14) აპრილი
მარიამ მეგვიპტელი
მარიამ ეგვიპტელი აღესრულა 522 წელს. დიდმარხვის მეხუთე კვირას მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს.
gaq