დღეს, დიდი რუსი პოეტისა და პუბლიცისტის ნიკოლოზ ნეკრასოვის (Николай Некрасов) დაბადების დღეა. იგი დაიბადა 1821 წლის 28 ნოემბერს (ახალის სტილით 10 დეკემბერს) უკრაინაში, პოდოლსკის გუბერნიაში, დაბა ნემიროვში, სადაც მამა მსახურობდა. შემდეგ ოჯახი დაბრუნდა საკუთარ მამულში, იაროსლავის გუბერნიაში, სოფელ გრეშნევოში. მამა, ალექსი სერგეის ძე ნეკრასოვი პორუჩიკი იყო, გაღარიბებული აზნაური. უყვარდა ბანქოს თამაში, ისევე როგორც, მამამისს, სერგეის, რომელმაც ბანქოში თითქმის მთელი ქონება წააგო. პოეტის დედა, ელენა ზაკროვსკა, მოსიყვარულე და განათლებული ადამიანი გახლდათ. მამა სასტიკი და დაუნდობელი ადამიანი ყოფილა, რომელიც დესპოტურად ექცეოდა არა მარტო თავის ყმებს, არამედ ოჯახის წევრებსაც. ბავშვობაში მიღებული ტრამვები აისახა მის შემოქმედებაში. დედას პოეტი ჯალათის მსხვერპლად თვლიდა. ეს ჩანს მის შემოქმედებაში. მათ შორის ლექსში - „სამშობლო“, რომელსაც დღეს ვთავაზობთ მკითხველს. ლექსი თარგმნა ვალერიან გაფრინდაშვილმა. შემდეგ მამამისი „ისპრავნიკად“ მუშაობდა პოლიციაში. პატარა ნიკოლოზი ხშირად დაჰყვებოდა მამას, მისი სამსახურის საქმეებზე. ხომ წარმოგიდგენიათ რა საშინელებებს ხედავდა მომავალი პოეტი რუსეთის იმპერიაში, სადაც განსაკუთრებული დაუნდობლობით ჩაგრავდნენ უბრალო ადამიანებს, ყმებს, რომელთა ტკივილებისა და ოცნებების გამომხატველადაც იქცა მომავალში დიდი პოეტი. როგორც ვთქვით, მკითხველს ვთავაზობთ ნიკოლოზ ნეკრასოვის ლექსს „სამშობლო“. ვფიქრობ, ეს ლექსი სიმბოლურია დღეისათვის, ვინაიდან დესპოტიზმი და სისასტიკე რუსეთში არ დასრულებულა. ნეკრასოვის სანშობლოში „ახალი არისტოკრატები“, ახალი ბიუროკრატები ისევ ჩაგრავენ ხალხს, უბრალო ადამიანებს. მართალია, რუსეთში ბატონ-ყმობა აღარ არსებობს, მაგრამ ადამიანების ჩაგვრამ ახლა სხვა სახე მიიღო, უფრო დახვეწილი და შენიღბული. შეგნებული ადამიანები არ ურიგდებიან ამას, და სიმბოლურია, ნიკოლოზ ნეკრასოვის დაბადების დღეს, რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის ქალაქებში დიდი საპროტესტო მოძრაობა იწყება - სიყალბისა და დაუნდობელი რეჟიმის წინააღმდეგ. ვნახოთ, ნეკრასოვის საყვარელი, უბრალო, დაჩაგრული რუსები მოახერხებენ თუ არა უსამართლობისა და სისასტიკის წინააღმდეგ ამბოხს, თუ „აპატიებენ სიკვდილის წინ ჯალათს ჩურჩულით“... საოცარია, როგორ ჰგავს ნეკრასოვის „სამშობლოს“ ჯალათი ახალ ჯალათს რუსეთისას... თემამ მოიტანა და უნდა გავიხსენო, ერთ ჩემს წერილში საქართველო შევადარე ახალ ისრაელს, ღვთის რჩეულ ერს, რომელიც იტანჯება ახალი ეგვიპტის, რუსეთის იმპერიის მარწუხებში. დიახ, ჩვენი დამოუკიდებლობა არც სრულია და არც ნამდვილი, სანამ აფხაზეთი და ჩრდილო ქართლი (ცხივნალის რეგიონი) ოკუპირებული აქვს დესპოტების ქვეყანას, რუსეთს, ახალ ეგვიპტეს. 2011 წელს, აღმოსავლეთის ქვეყნებში დაიწყო დემოკრატიული რევოლუციები. ერთ-ერთი პირველი ასეთი ქვეყანა გახლდათ ეგვიპტე. აგვიპტეში დაემხო დესპოტური, ავტორიტატული რეჟიმი. რუსეთიც აღმოსავლეთის ქვეყანაა, რუსეთშიც, სიმბოლურად ახალ ეგვიპტეში, მოხდება ის, რაც ძველ და ახალ, ნამდვილ ეგვიპტეში მოხდა, დესპოტიის, ფარაონის დამხობა, ზღვის თუ დემონსტრაციების ტალღებში. რუსეთის დესპოტია უნდა დაინგრეს. რუსეთის აღარ უნდა იყოს ნეკრასოვის „სამშობლოს“ მსგავსი. სამშობლო (თარგმნა ვალერიან გაფრინდაშვილმა) ძველი, ნაცნობი ადგილები ისევ მხვდებიან, შორი ბავშვობის სურათები წინ მეშლებიან. აქ ეწეოდნენ წინაპრები გარყვნილ ცხოვრებას, ძალმომრეობას, აღვირახსნილ ლოთობას, ვნებას. ყმები, რომელნიც ძლივს იტანდნენ თავის მონობას, შურით უცქერდნენ ბატონების ძაღლების ყოფას. აქ დავინახე მე პირველად ქვეყანა ტკბილი, აქვე ვისწავლე სიყვარული და სიძულვილი. აქ სინიდისი დამიმალავს მე სამარცხვინოდ, და მემამულე უდარდელი ვყოფილვარ წინად. ჩემი ოცნება წაიბილწა აქ ნაადრევად. ქვემძრომ ვნებების თავიდანვე გახდა სათრევად. არა ბავშვური სურვილების მე ცეცხლი მწვავდა. ტრფობის განთიადს ეს ხანძარი ნაკლებად ჰგავდა. ო, მოგონება სიჭაბუკის არის ცნობილი, როგორც შვენება სპეტაკი და კეთილშობილი. ჩემი ხსოვნა კი აღსავსეა ჭმუნვით, გოდებით, ვწყევლი საზიზღარ ჭაბუკობას გაბოროტებით ჩემს წინ ბაღია, ხეივანში გამოჩნდა სახე, იგი მკრთალია, სევდიანი და მოცახცახე, მე კარგად ვიცი, რად ქვითინებ შენ, ჩემო დედა! შენი ჯალათის - დამღუპველის დაგმობას ვბედავ. უგულო ჯალათს ჩააბარე შენი იღბალი და მორჩილების ვერ გაწყვიტე ჩვეული რკალი. შენ ამბოხება უძნელესი ტვირთი გეგონა, ბედს უსასტიკესს შეურიგდი შენ, როგორც მონა. მაგრამ არ იყო შენი სული უვნებო ლეში ის იყო მტკიცე, მშვენიერი სიამაყეში. თუ აპატიე სიკვდილის წინ ჯალათს ჩურჩულით? მაგრამ არ იყო პატიების ღირსი ურჯულო. და შენ, რომელსაც ბედშავ დედის გაიზიარე ცრემლები, ტანჯვა და ყოველი მისი იარა, შენ აღარა ხარ - ჩემი სულის ძვირფასო დაო, შენ მიატოვე გარყვნილების სახლი, ბედშავო, რადგან სირცხვილით მამის სახლში მუდამ იწვოდი, გაჰყევი ცოლად კაცს, რომელსაც არც კი იცნობდი. საკუთარ დედის გაიარე გზა ეკლიანი. იყავ კუბოში დაღვრემილი და ნისლიანი. ისეთი იყო მკვდარ სახეზე შენი ღიმილი, რომ თვით ჯალათმა იგრძნო სევდა და სიმძიმილი. დაკეტილია ნაცრისფერი და ძველი სახლი, არ სჩანს ჯამბაზი, მსახურები, ქალები, ძაღლი. წინად რა იყო? ყველას შიში ველური სდევდა, დიდს და პატარას აწუხებდა რაღაცა სევდა. ვიმალებოდი გადიასთან, ჩემო გადია, ჩემს გულის ხსოვნას შენისთანა ვინ აბადია? მე ხშირად მისი მაგონდება ტკბილი სახელი, როგორც ბავშვობის უცაბედი გამოძახილი. მე ხშირად მისი მაგონდება ნაზი ალერსი, მაგრამ ბევრი რამ მაგონდება მე უარესი. გული მევსება ბოღმით, სისხლით, ცეცხლის ალებით, ჩემი ბავშვობა იყო სავსე მხოლოდ წვალებით. მე არ მქონია მოგონება ნათელი, კარგი. მაგრამ ბავშვობის საშინელი, წყეული ბარგი სულს ამძიმებდა და აქამდე მომყვა ხუნდები წარსულო ჩემო, ნურასოდეს ნუ დაბრუნდები! ირგვლივ მე ზიზღით ვიცქირები და მიხარია, რომ ძირში მოჭრეს ტყე მაღალი დიდი ხანია, ფოთლების ჩრდილში ვერ ისვენებს ახლა ქვეყანა, ჯოგი ამაოდ ხეტიალობს, მკვდარია ყანა. წყარო ამოშრა, სილაჟვარდე მხოლოდ ცაზეა სახლი პირქუში, ცარიელი წაქცევაზეა. აქ გაისმოდა ტანჯულების კვნესა - ვაება, მსხვერპლთა კივილი ორგიების ხმას გადაება, და მხოლოდ ერთი, მხოლოდ ერთი სიამეს გრძნობდა, ჩაგრავდა ყველას, ბატონობდა და ზეიმობდა. http://www.presa.ge/new/?m=&AID=11650 20:44 10.12.2011 |