საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

„ზოგისთვის თოვლი მხოლოდ თოვლია, ზოგისთვის თოვლი მოდის და მღერის...“ (გაგურული დღიურები (წერილი მეათე)
ლელა ჩხარტიშვილი
ლადო ჭეიშვილი

გაგურელი პოეტები

 

რაზე ვფიქრობ? „ჩემი სამშობლო  ჩემი სოფელია“ - წერს ერთგან რეზო ინანიშვილი. „მე სოფლის განაპირას, ვენახებში და ჭალებში გავატარე ჩემი ბავშვობა და იმ წყალ-ჭალის ხმები მომდევს ცოდვადა და მადლად“.

სოფლის მარტივი ცხოვრების ძველებური ელფერი ოდითგანვე ბევრი პოეტის შთაგონების წყარო იყო.

სოფელი პოეტებისთვის ყველაზე მიმზიდველი, მშობლიური გარემოა, მიტოვებული სამოთხის სევდით და შინ დაბრუნების მარადიული ვნებით სავსე მიწა, ჰაერი, რომლებიც  მთელი ცხოვრება კვებავენ  და ასაზრდოებენ  მათ  პოეტურ ხილვებს.

სოფელს ხომ  თავისი სიმღერა აქვს. წელიწადის ყველა დროს ნაირფერ ხმაზე მღერის. სევდას და ფიქრს მოჰგვრის ეს გულის ამაჩუყებელი სიმღერა ადამიანს. სადღაც   გეწევა და გიზიდავს.  არიან ადამიანები, რომელთაც უფრო მკაფიოდ მოესმით  ეს სიმღერა, რადგან ამ სიმღერას სხვანაირი მსმენელი სჭირდება. სხვა გულის, სხვა გრძნობის და  სხვა ჭვრეტის.

ეს ადამიანები ცხოველმყოფელად შეიგრძნობენ ბუნების სიცოცხლის ყოველგვარ სიკეთეს და მით არიან  ბედნიერნი და გულსავსენი. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეძებენ დიდი ცხოვრების ჭეშმარიტ სილამაზეს და მას თავიანთი გულის სიმღერად აქცევენ. ფიქრობენ ჩიტებზე, ყვავილებზე, სიყვარულზე, მარტოობაზე და  მომაბეზრებელ, ერთფეროვან ყოფას,  ნაცრისფერ, ტყვიისფერ, უმზეო დღეებს და სინამდვილეს თავს აღწევენ ფიქრით, პოეზიით; რადგან იციან, რომ „ფიქრია წუთისოფელი. როცა ფიქრობ, მაშინღა ცოცხლობ.“ პოეზიით იციან სინამდვილე, სხვანაირად არ იციან. ყოველდღიურობაც ხომ პოეზიით არის ასატანი. ცხოვრებასთან ჭიდილის ძალასაც პოეზია გაძლევს. „პოეზია, ზოგადად,  ხელოვნებას განწირული მიმართავს, მაგრამ არც ხელოვნება ტოვებს განწირულს. ის უფრო მეტად განაგებს სინამდვილეს, ვიდრე ჩვენ გვგონია“. ამიტომ პოეზია  „ადამიანთა მარტოსული მოდგმისთვის“  სამყაროს შემეცნების ტკბილი, საიდუმლო გზაა. როგორც თომას მანი ამბობს: „ცხოვრებასთან ანგარიშსწორების  ერთ-ერთი ხერხი, პოეზია ნატიფი შურისძიებაა სამყაროს უხეშობის  მიმართ.“

„შემოქმედება არის სევდა ცხოვრებაზე და ცხოვრება არის ოცნება შემოქმედებაზე.“ და „ოცნება, რომელსაც ვერ  პოულობ  ცხოვრებაში, ცდილობ იპოვო შენ მიერ ნაშობ შემოქმედებაში“ (ბესიკ ხარანაული).

მართალია, ცხოვრება მხოლოდ ლიტერატურა არ არის, მაგრამ ლიტერატურაც ხომ სწორედ იმიტომ არსებობს, რომ უკეთ გავიგოთ ცხოვრება.

გურულებს რომ წიგნის კითხვაზე საყვარელი საქმე არ აქვთ, ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ შეიხედავთ მათ სახლებში. ჯერ კიდევ როდის წერდა თედო სახოკია:  „თითქმის ყველა გურულის ოჯახში შეხვდება კაცი წიგნებსო“. განსაკუთრებით უყვართ ხის ჩრდილში წიგნების კითხვა. ქარიც რომ ისე ათრთოლებს ხის ფოთლებს, თითქოს წიგნს ფურცლავდეს. ეტყობა მაინც სხვა მადლი აქვს აქაურ  ჰაერს, სხვა ძალა აქვთ იმ ხეებს:  მუხებს, თელებს, რცხილებს, კაკლებს, რომლებიც მალამოიანი ჩრდილებით ეგებებიან სიწმინდემონატრებულ კაცს.

გაგურში ჩემი ყურადღება მიიქცია ძველმა  „შკატულკებმა“, რომლებიც თითქმის ყველა ოჯახში არსებობს. ამ „შკატულკებში“ ბევრი ადამიანის  ფიქრი და ოცნება, გულის ნაჟურია გამომწყვდეული. და, სამწუხაროა, რომ  მათ ზღაპრული ჯინივით „ბოთლიდან განთავისუფლების ბედნიერება“ და დღის სინათლე ჯერ კიდევ  არ ღირსებიათ.  გაგურში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც ლექსების წერას ბედავდნენ. ოღონდ საზოგადოების სამსჯავროზე არ გამოჰქონდათ (მაშინ ხომ სოციალური ქსელებიც არ არსებობდა) და ამ „შკატულკებში“ ინახავდნენ; წერდნენ  და წერდნენ, თავაუღებლივ; დანარჩენ დროს კი თავი წაეხარათ და შრომობდნენ; თავისი საქმეც კარგად იცოდნენ. მათი ცხოვრება სოფელს, მიწის სურნელს არ გაშორებია, ცხოვრების ბევრი სიტკბო და სიმწარე უგემნიათ. შრომასთან ერთად მათ ყოველდღიურ სიხარულს წიგნების კითხვა და ლექსების წერა წარმოადგენდა. თავიანთ შემოქმედებაში ისინი უმღეროდნენ სიყვარულს, მშვენიერებას მარადიულს, უჭკნობს. მათ  ლექსებში სიცოცხლე ფეთქავს, ყოველ სტრიქონში ადამიანის სიხარულია ჩაბუდებული. ეს ლექსები ახლოს არის ბუნებასთან, გლეხის გულთან, მის ყოველდღიურ ჭირ-ვარამთან. „ყოველი ნაწერი ხომ ჯერ გრძნობაა, მხოლოდ მერე ხდება სტრიქონი. ამ ორივეს ერთმანეთთან შესაბამისობა ესაჭიროება, როგორც დანის პირს“ (ბესიკ ხარანაული).  „სიყვარულის ნაშობია მუსიკა და პოეზია“ - წერდა აკაკი და სწორედაც  სიყვარულის წყალობით ემატება  სიცოცხლეს ხალისი,  ინტერესი,  სიხარულის ბავშვური განცდა; უფრო მნიშვნელოვანი,  საამო და ნეტარი ხდება სიცოცხლე. სიყვარულის წყალობით განიცდება ყოფა მისტერიად და ადამიანიც  ერთვება სიცოცხლის უხილავ, მოზეიმე მდინარებაში...

გაგურში დაბადებულმა და გაზრდილმა  ადამიანებმა კარგად იციან, რომ ციდან არ ჩამოფრენილან და  ქარს არ მოჰყოლიან... მათ თავისი წარსული აქვთ. ბავშვობის მოგონებები სინანულით ავსებთ, ზოგჯერ საყვედურითაც. ბავშვობის სითბო აბრუნებთ იმ ადგილებში, სადაც მათი წარსული ცხოვრობდა, სადაც  დაიბადნენ მათი წინაპრები, რომლებიც იღწვოდნენ, იცავდნენ, სწუხდნენ, უხაროდათ, შრომობდნენ, ზრდიდნენ, სტოვებდნენ, იხოცებოდნენ. ამიტომაც ახსოვთ, რა უნდა დაიცვან და გადაარჩინონ. რას გაუფრთხილდნენ, რა არ უნდა გაწირონ; რომ  ყველაფერი ხსოვნაა. ხსოვნა სიცოცხლისა, გვარისა, სოფლისა. ხსოვნაა მადლი, სიცოცხლის მადლი და ეს ხსოვნაა გადასარჩენი.

ამიტომ ახსოვთ, რომ „ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არ იზომება, არამედ  ფესვებიდან.“  არ ივიწყებენ თავიანთ  ფესვებს, საიდანაც მოდიან. წინაპრებს, რომლებზედაც ჩვენ ვშენდებით. მათ ღვაწლს, დანატოვარს. ხალხური გადმოცემით, ყველა ადგილს ჰყავს თავისი დედა, პატრონი, რომელსაც „ადგილის დედა“ ჰქვია. ხოდა ჰაერის ტალღებს, იმ „ადგილის დედის სულს“ ალბათ სადღაც ჰყავს შენახული ის ხმები და სახეები, რომლებიც ოდესღაც ამ ადგილზე ცოცხლობდნენ და რომლებთანაც დაკავშირებულია  უცხოველესი და უბრწყინვალესი მოგონებები. ყველაფერი იცვლება,  მარტო ბუნება არ იცვლის ფეხს თავისი ადგილიდან. აქაურების მეხსიერებიდან ვერაფერი წაშლის ცხოვრებასავით სწრაფი აცაურას ხმას, ფიქრს რომ ვერ მიადევნებ. ისე მიჰქრის, მიბზინავს, მიბრჭყვიალებს, მილიკლიკებს. დამაფიქრებელ, მიმზიდველ სიმღერას მღერის.  ხან რომ გეჩვენება, თითქოს  უდარდელად მიჰქრის, ხან კი თითქოს მთელი მსოფლიოს სევდა მიაქვს.

ისევე როგორც მარსელ პრუსტის „დაკარგული დროის ძიებაში“, აცაურას ხმაურის მიყურადებას მოჰყვება ხოლმე მოგზაურობა წარსულში.  ღრმად შეისუნთქავენ საკუთარ ბავშვობას, შეისუნთქავენ ხალისს. გარემო ეფერება იმავე სითბოთი და გამოსძახის: „გიცანი, გიცანიო“... ახსენდებათ  აქაურ ლურჯ საღამოს შეფარებული, ახალგაზრდული სისხლით ათრთოლებული,  პირველი, გაუმხელელი სიყვარული... ერთნაირად სუფთა, საამო, ახალი, ხელუხლებელი, ტურფა.

ქეთევან ჭეიშვილი: „ჩემი ბავშვობიდან ბევრი ადამიანი  მახსოვს... დღე არ გავიდოდა მამაჩემს - ვარდენ ჭეიშვილს სევდით, სიყვარულით და ზოგჯერ ცრემლნარევი ხმით თუ ფიქრით 
არ მოეგონებინა გაგური. ეს დიდი სიყვარული ჩემში ცოცხლობს. გული მტკივა, რომ ხშირად ვერ მოვდივარ გაგურში და ვერ ვესიყვარულები. მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ პატიოსანი, სინდისიერი და ჩემთვის ძვირფასი ადამიანების გამზრდელო პატარა სოფელო“...

ლალი ხუხუნაიშვილი: „რა დროც არ უნდა გავიდეს, მაინც მიყვარს ჩემი აკეთი, გაგური, ჩემი დამწვარი სკოლა. ჩემი გამბულა ხიდი, ხიდთან ფურნე და მასში გამომცხვარი შავი პური, მაცხოვრის სასაფლაოდან ჩანთებით დაშვება ღრანჯიანაის ღელემდე. ასაკში თანდათან მიმძაფრდება ეს სიყვარული, მინდა მივიდე მაცხოვრის ეკლესიასთან და ვიყვირო, რაც შეიძლება, ხმამაღლა: „მოდი ბავშვობავ, ერთ წუთს მაინც დამაბრუნე ჩემს სამყაროში!!!“

აქ დაბადებულთა  ხსოვნაში ყოველთვის ცოცხალია სოფლური ცხოვრების ტკბილ-მწარე ამბები,  ლამაზი და ფერადოვანი სურათები, მეგობართა წრეში სითბოთი და სიყვარულით გატარებული საღამოები, ღუმელში შემწვარი კომშისა და ხაპერას  ყვითელი, მოტკბო სურნელით გაჟღენთილი და თავბრუდამხვევი. ამიტომაც საოცარი ენერგიითა და ყოვლის გადამლახავი სიკეთის რწმენით ავსებთ  გაგურის კვიპაროსების მწვანე გუმბათები, ნაძვები მოღუშული მოსასხამებით, ღრუბლებში გაჩხირული  სამრეკლოები და თავშერგული მწვერვალები, ასწლოვან ცაცხვზე ჩიორების ჟრიამული და ბეღურების მასლაათი;  დილის სიგრილეს დაუფლებული ტოროლები, მობიბინე ყანებზე კლაკნილ ზოლად გადავლილი ქარის ღელვა; კუნაპეტ, განაბულ  ღამეში ჭოტების კვნესა;  ხმაგაკმენდილი ზამთარი...  საბუხრეებიდან აწვერილი კვამლები; იდუმალი, საამო სიჩუმე და  ჩამომყუდროვება  თოვლის მჭახე სითეთრით გაშუქებულ წყვდიადში; ხვავიანი თოვლი და ზამთრის ცის ქვეს ბრჭყვიალა ფიფქები; ღამის მთვარით გაჩახჩახებული, სიმშვიდეს მინებებული და ჩაძირული  ჩაძირული  თოვლიანი  ხეობები; ბურუსის ფარდით დაფარული ჰორიზონტი და  მთვარით განათებული  გზა შინისკენ;  ვერცხლისფერი ბილიკი...  კიდევ უამრავი რამ სახსოვარი; წინაპართა ფოტოები და ადამიანები, სრულიად განუმეორებელი ხალხი - მუდამ შემართულნი, თავისუფალნი, მხიარული და საოცრად გამჭრიახი...

რაც უფრო შორდება ადამიანი მშობლიურ წიაღს – დედას, დედამიწას, ბუნებას, სამყაროს, მით უფრო მტკივნეულ მონატრებად წარმოჩნდება ის ,,მოშორებული''. ამიტომაც არის, რომ ბაბუაწვერასავით გაფანტული ოცნებების, იმედების ნამსხვრევებში მარტოდ დარჩენილებისთვის, კენტად, უამხანაგოდ, უგზო-უკვლოდ მავალთათვის დედის მუცლის წიაღის ადგილს და მარადიული მონატრების საგანს მშობლიური სოფელი იკავებს. ერთი მხრივ, მილიონიანი ქალაქის, თანამედროვე ქალაქური ცხოვრების, მანქანების, ქუჩის მტვრისა და, მეორე მხრივ, სოფლური  პეიზაჟების, ძროხების, მწყემსების, სოფლის ბებო-ბაბუების  დიქოტომია ცხოვრების გადაულახავ წინააღმდეგობას წარმოადგენს. ეს ის სამყაროული სევდაა, რომელიც აქაური პოეტებისთვის აქაურ ღობეებში ემწყვდევა  და „აქაურ სამოსს ირგებს."

ის ადამიანები მინდა გაგაცნოთ, რომელთაც  ამ სევდის ტვირთი ზიდეს; ბავშვის გულით, დიდი და ამაყი გულით იცხოვრეს. გულით, რომელიც შეეთვისა აყვავებულ ატმის ყვავილებს, მათ სურნელს. მერე წავიდნენ და თან გაიდევნეს  გაყრის ნაღველი, უსაზღვრო სიყვარული და  რწმენა იმისა, რომ „საიქიო მხოლოდ მდელოა, სხვა არაფერი, თვინიერ მდელოსი, ვეება მდელოსი, უსაზღვროსი, ნამდვილ უსაზღვროსი, ამა ქვეყნად რომ არც დაესიზმრებათ, ისე უსაზღვროსი, მდელოა და ლურჯი კამკამი, მხოლოდ კამკამი, ნიავიც არის, მკრთალი ნიავი, მკრთალი, ოდნავი, მხოლოდ ბაბუაწვერებს რომ შეათრთოლებს“ (ოთარ ჩხეიძე)...

 

ლადო ჭეიშვილი (დაიბადა 1938 წლის 19 ნოემბერს - გარდაიცვალა  2011 წლის 30 ნოემბერს). 

ილია წერდა: "ყველაზე ძნელი ადამიანისათვის თავისი-თავის ცნობა, თავისი-თავის ცოდნა არის. ესე-იგი, იცოდეს რის ძალ-ღონის პატრონია და იმის კვალობაზედ ამ წუთის-სოფლის სუფრაზედ თვისი ჭეშმარიტი ადგილი დაიჭიროს და ცხოვრებას ადამიანისას აქედან მისცეს თავისი შემძლებელი მხარი. ჩვენ ამაზედ შორსაც წავალთ და ვიტყვით, რომ ყველაზედ ძნელი ადამიანისთვის თვისი ცხოვრების საგნის პოვნა და გაჩენაა".

არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავის ძიებაში არიან, ცხოვრების მძიმე ტვირთს ღირსეულად ეზიდებიან თავიანთი მხრებით, ენერგიას არ ზოგავენ, ჩუმად, უხმაუროდ, დაუღალავად იღწვიან, თითოეული გადადგმული ნაბიჯისგან რაღაცას იღებენ და თავიანთი მაგალითით სტიმულს აძლევენ სხვა ადამიანებს, სხვაგვარად დაინახონ სინამდვილე.

სწორედ ასეთი ადამიანი იყო ლადო ჭეიშვილი, რომლის მოღვაწეობის სფერო მრავალმხრივი გახლდათ. თავმდაბალი, მორიდებული, გულკეთილი, წრფელი, შინაგანად გაწონასწორებული, მშვიდი - ასე ახასიათებენ მას კოლეგები, თანასოფლელები, მეგობრები და ნაცნობები.

ის იყო ბუნებით პოეტი, სათუთი, დახვეწილი ესთეტი, რომელიც პოეტური სიტყვით ქმნიდა იმ რეალობას, რაც უყვარდა და სხვასაც აყვარებდა. მისი ფიქრები დასტრიალებდა მამა-პაპისეულ სახლს, ეზოს, მშობლიურ სოფელს, გაგურს (ლანჩხუთის რაიონის სოფელი აკეთი), რომლის "ცხელ გულზეც დაირწა" მისი "ჭრიალა აკვანი"; რომლის უბეშიც ისწავლა და შეისისხლხორცა "ტკბილი ქართული ანბანი". სწორედ იქ ეზიარა სოფლის, მიწის, სიცოცხლის, თავისი გამრჯე ხალხის სიყვარულს. პოეტის ხსოვნა-ცნობიერებაში სამუდამოდ ამოიტვიფრა სოფლის პეიზაჟები, კალოები, ფაფარაყრილი, აზვირთებულ-ამღერებული მდინარეები და ამ მდინარეებით გაყოფილი ჭალები, სილაწაყრილი ყანები, კლდეზე გადმოსროლილი შლეგი ჩანჩქერები და მათში დაჭერილი ფრთამალი კალმახები; მწვანეთვალება ბაღები და ბაღჩები, ხიდქვეშა წისქვილები, ნედლი მიწები, ერდო-ბანები, წაბლიანები და მუხნარები; სოფლის იდილია; სიზმარივით წყნარი საღამოები და ბნელ ღამეებში ციცინათელების ორკესტრის იდუმალი მუსიკა. ოდესღაც, პირველი თვალების გახელისთანავე იხილა და იწამა გურიის მთების სიმკაცრე და სიწყნარე, შეუმკრთალი ზეცის სილურჯე.

"ფიქრებს ახვევდნენ" მთები და ხეები, რომელთაც ადამიანებივით ელაპარაკებოდა. ბავშვობაშივე "ძვლებამდე ჩასწვდა დილის ცვარ-ნამი" და ამ ცვარ-ნამით დანამულ მინდვრებში შიშველი ფეხებით რბენა. სულში მზესავით ჩაეღვარა ქართული ტრადიციები, მეზობლების ტკბილი საუბარი, ქართული სითბო, ქართული გაღიმება, სტუმარ-მასპინძლობა და პურ-მარილი. დაუვიწყარი გემო და სურნელი კეცზე გამომცხვარი მჭადისა და საშობაო ღვეზელებისა. ამიტომაც მუდამ თან სდევდა "გურიის მთებში გადამალული" ტკბილი და ლამაზი ბავშვობის სუნთქვა. მოსძახოდა, მოჰკიოდა, სიმღერებით გულს უვსებდა, ლექსებში ათავსებდა მერე ამ სუნთქვას ქუხილით. ინთებოდა გული, ინთებოდა სტრიქონებიც. მისი ფილტვებიც სასიმღეროდ "სოფლის ჰაერმა დაბერა", დაათრო. მუდამ თან სდევდა "სიცივის თექაწამოსხმული მთების" და "ხელაპყრობილი ტყვეებივით ჩამწკრივებულ ხეთა ჯარის" ხსოვნა და გაუნელებელი მონატრება.

ამ მონატრებით და შთაგონებით იყო ალალი, ამაყი. გულში მუდამ ენთო ჩაუმქრალი სიყვარულის ხანძარი. რომელსაც ჰკვებავდა და აჩაღებდა, რაც შეეძლო. ეს ხანძარი არ ასვენებდა და ამიტომაც იყო ყოველთვის თავის სოფელზე ამაგით "გულგაგლეჯილი".

1984 წლიდან ლანჩხუთის რაიონულ დაუსწრებელ საშუალო სკოლაში მუშაობდა მეთოდისტად, ხოლო 1985 წლიდან უკვე ამ სკოლის დირექტორი გახდა. ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტმა პედაგოგიურ მოღვაწეობას ორგანიზატორული საქმიანობა არჩია.

სიცოცხლის ბოლო წლები მშობლიურ სოფელში გაატარა და 2011 წლის 30 ნოემბერს მშობლიური გაგურის მიწამ ჩაიკრა გულში ერთგული და მოყვარული შვილი.

მეუღლე, თამარ ჯოხაძე იგონებს:

- 1967 წლიდან 1972 წლამდე ლადო ლანჩხუთის რაიონის კულტურის განყოფილებაში მუშაობდა,  გაგურის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის მცველად. ამ ეკლესიაზე თედო სახოკია (გამოქვეყნდა 1950 წელს) წერს: „აკეთში ძველ ნეშთთა მოყვარის ყურადღებას იპყრობს პატარა ქვითკირის ეკლესია. როგორცა სჩანს, შიგ დარჩენილ ძველ საეკლესიო ნივთების წარწერებისგან, ეს პატარა ეკლესია ქობულეთიდან გადმოსულ თავდგირიძეთა საფარველ ქვეშ ყოფილა, რომელნიც დიდი გულმოდგინებით ზრუნავდნენ მისი შემკობისა და გამდიდრებისთვის. განძი ბევრი უნდა ყოფილიყო შიგ, მაგრამ მტერთა არაერთგზის შეუხიათ თავიანთი უწმინდური ხელი წინაპართაგან სასოებით დატოვებულ სიმდიდრისათვის.

ვერცხლისმოყვარეობით დაბრმავებულთაგან ეს ეკლესია გაძარცვულ იქნა 1853 წელს; მეორეჯერ - 1859 წელს, მესამეჯერ 1872 წელს გაუტანიათ ეკლესიიდან, რაც 1853 და 1859 წლებში გადარჩა წაუღებელი. დღეს ამ ეკლესიაში ინახება ვერცხლის ჯვარი, რომლის წარწერა იხსენიებს ვისმე იესე მანველიშვილს და მის მეუღლეს, ქალბატონ მარეხს, მაჭუტაძის ქალს. იქვე დაცულია პატარა ვერცხლის ჯვარი, ხატი წმინდა გიორგისა, ღვარისთავის წმინდა გიორგის ხატი, კიდევ წმინდა გიორგის ხატი, რომლის წარწერაში მოხსენიებულია ბოქაულთუხუცესი მირზაბეგ თავდგირიძე. მაგრამ ამ ეკლესიაში ყველაზე შესანიშნავია პატარა ხატი - ღვთისმშობლისა, თვალმარგალიტით შემკობილი. ეს ხატი ადრე, როგორც აქაურები ამბობენ, სვენებულა ჩურუქსუში ცნობილ "თეთროსნის" ეკლესიაში, რომელიც ამ ორმოცი წლის წინ ადგილობრივ მაჰმადიანებს დაუნგრევიათ. როცა მამუკა თავდგირიძემ მაჰმადიანობა არ ინდომა და ქობულეთიდან სოფელ აკეთში ივლტო, ეს ხატიც თან წამოუღია. ამ ხატს ჩურუქსუელი თავდგირიძენი, თუმცა მაჰმადიანნი არიან, მაგრამ ახლაც სცემენ პატივსო. ხშირად თავიანთი წინაპრების სალოცავის კარწინ მოდიან და ცხვარი მოჰყავთ შესაწირავად და ეკლესიის კარწინ ხოცავენ, როგორც მართლმადიდებელნიო. აკეთის ეკლესიაში დასაფლავებულნი არიან, სხვათა შორის, თავადი გიორგი თავდგირიძე და მეუღლე მისი. მაცხოვარის ეკლესიის ცოტა მოშორებით ერთი ხის საჯვარე დგას. დაძველებული, სახურავი ნახევრად ჩაცვენილი აქვს. იატაკი მიწური აქვს. კანკელის მაგივრად უბრალო ფიცრის კედელია. აღსავლის კარები არა აქვს. საკურთხეველი არის.

ეს ეკლესია იმხანად (60-იანი წლების ბოლოს, როცა ლადო მუშაობდა მცველად) ჩამონგრეული იყო. კომუნისტური რეჟიმის დროს დაზიანდა, ჩამოინგრა გუმბათი, დაიკარგა სამრეკლოს ჯვარი. ეკლესიის შესასვლელში, ხელმარჯვნივ, დასავლეთის მხარეს, სამრეკლოს კიბეების კუთხეში ამოვიდა ლეღვის ხე, რომელიც აზიანებდა სამრეკლოს კედლებს და საფრთხეს უქმნიდა ნაგებობას. ტაძარი ძეგლთა დაცვის სამმართველოს დაქვემდებარებაში კი შედიოდა, მაგრამ მხოლოდ 60-იანი წლებიდან დაიწყეს მისთვის ასე თუ ისე ყურადღების მიქცევა. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმდროინდელი ათეისტური რეჟიმისა, ეკლესიაში მაინ

ლადო ჭეიშვილი და მისი მეუღლე თამარ ჯოხაძე
ც იყო ხატები, ინთებოდა სანთლები. ჩემი მეუღლე ძალისხმევას არ იშურებდა ეკლესიის მოსავლელად. როგორც შეეძლო, პატრონობდა, ასუფთავებდა ეზოს, ცელავდა ბალახს. შიგადაშიგ ღობესაც არემონტებდა. ძალიან აღელვებდა ის, რომ ლეღვის ხე აზიანებდა ნაგებობას. ამიტომ საგულდაგულოდ ცდილობდა მის გადარჩენას. და რადგან ხის ამოძირკვა შეუძლებელი იყო, ხშირად ნავთს ასხამდა, რომ გამხმარიყო. და ამ გზით მაინც გადარჩენილიყო კედლები დანგრევას. შემდეგ მე მომიწია ამ ეკლესიაში მცველად მუშაობა. 90-იანი წლებიდან ხალხი უკვე მოდიოდა ტაძარში, რამდენჯერმე ღვთისმსახურებაც აღევლინა. მოეწყო გრანდიოზული ნათლობა, რომლის დროსაც გაქრისტიანდა აჭარიდან გადმოსული ეკომიგრანტი მოსახლეობა. რადგანაც ჩამონგრეულ სამრეკლოში ზარი აღარ იყო, იგი გადმოჰქონდათ სოფლის სკოლიდან, რომლის დირექტორი ჩემი მეუღლე გახლდათ. ეს ზარი საგანგებოდ შეიძინეს სკოლისთვის და ხანდახან ეკლესიაში იყენებდნენ ღვთისმსახურების დროს.

რაც შეეხება აკეთის სკოლას, ღამის სკოლა სწორედ  ლადომ დააარსა. მისი გახსნის საჭიროება განაპირობა იმან, რომ სოფლის მოსახლეობას არასრული განათლება ჰქონდა და ამ სკოლით მიეცათ საშუალება სრული განათლების მიღებისა. ლადო ჭეიშვილმა იზრუნა სკოლის გასარემონტებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი გულისხმიერად ეპყრობოდა თითოეულ მოსწავლეს. ზრუნავდა არა მარტო მათ განათლებასა და აკადემიურ მოსწრებაზე, არამედ ჯანმრთელობაზეც. არაერთი მისი ნამოწაფარისგან გამიგია უსაზღვრო მადლიერებით ნათქვამი სიტყვები. როცა მოსწავლეები ავად ხდებოდნენ, ჩემი მეუღლე დადიოდა მათ მოსანახულებლად და წამლების მისატანად. და ამას აკეთებდა მხოლოდ სიკეთისთვის, უანგაროდ. 
სხვათა შორის, ლადო ჭეიშვილი იყო ალბათ ერთადერთი სკოლის დირექტორი (ზოგადად, ხელმძღვანელი პირი), რომელიც არ გახლდათ კომუნისტური პარტიის წევრი. "ტიციან ტაბიძის და მიხეილ ჯავახიშვილის დამხვრეტი პარტიის წევრი არასდროს გავხდებიო", - ასეთი იყო მისი მრწამსი, რომლისთვისაც სიცოცხლის ბოლომდე არ უღალატია.

სიცოცხლის ბოლო წლები სოფელში გაატარა. მიუხედავად ავადმყოფობისა (სიცოცხლის ბოლო წლებში მართლაც "ჩამოდნა, როგორც შუქი ღამეზე"), მხნეობას არასდროს უღალატია მისთვის. მდინარე აცაურაში ზამთრობითაც  კი ჩადიოდა ხოლმე, იმდენად უყვარდა იქ ბანაობა. ბოლოს ექიმმა გარკვეული აკრძალვები დაუწესა და ლადომ ვერ მოითმინა. მისი შეკითხვა თხოვნას უფრო ჰგავდა - ჩემი სოფლის მდინარე აცაურაში ბანაობა თუ შეიძლებაო?  ვაჟკაცურად შეეგება სიკვდილს. სიცოცხლის ბოლომდე კალამი არ დაუდვია. თავის ლექსებში ჩადო სიყვარული სოფლის, ადამიანების, ბუნების, საზოგადოდ, სიცოცხლის მიმართ... მისთვის უცხო არ იყო არც იუმორი, არც მღელვარე პათოსი. მისი ლექსებიდან გამოვყოფდი ჩემთვის ყველაზე საყვარელს:

სიზმარი

მაღალ მთებში სახლი მქონდა,

სახლი - მამაპაპური,

ვინც მიყვარდა, ცოლად მყავდა,

მწვავდა ტრფობის ალმური.

სახლთან წყარო ჩუხჩუხებდა,

წყარო ცივი, ანკარა,

მის ლიკლიკში იძინებდა

ჩემი შვილი პატარა.

სანადიროდ დავდიოდი,

თავზე ბაშლაყწაკრული,

ო, რამდენჯერ ვჭექე მთებში,

"ლილეო" და "მაყრული".

არწივები მაცილებდნენ,

ვაჟკაცური ფრთებითა,

მე მუზებთან ვსაუბრობდი,

ბრძენ მინდიას ენითა.

ხალხი მყავდა კმაყოფილი,

ხალხი ჩემი, ფხიანი,

საქართველოს ვუმღეროდი,

ავთანდილის ხმიანი.

ლაფშა მყავდა ლურჯი ფერის,

ლაფშა გაუხედნავი.

ოი, მართლა ახდებოდეს

ეს სიზმარი ნეტავი."

 

1973 წლიდან ლადო ჭეიშვილი მუშაობდა ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმის უფროს მეცნიერ-მუშაკად, სადაც კურირებდა აჭარა-გურიის რეგიონს და მისი წარმატებული ექსპედიციის შედეგია აჭარის საცხოვრებელი სახლის და ჯამეს ჩამოტანა, აგება და კეთილმოწყობა აჭარის რეგიონის საექსპოზიციო ნაწილში, ასევე საცხოვრებელი კარ-მიდამოს მოწყობა და სამთუნეო ქურის დადგმა გურიის საექსპოზიციო ნაწილში.

მცირე ცნობები ამ მუზეუმის შესახებ:

გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ დაარსდა 1966 წელს. იგი პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმია კავკასიაში. მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი და განმახორციელებელი იყო ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია. მუზეუმის გენერალური გეგმის ავტორი გახლდათ ლონგინოზ სუმბაძე.
მუზეუმი ღია ცის ქვეშ სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა — საბუნებისმეტყველო, მატერიალური და სულიერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცავი. მუზეუმი წარმოადგენს საქართველოს მინიატურულ მოდელს და ასახავს მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას. მუზეუმის ტერიტორია მოიცავს 50 ჰა-ს და დაყოფილია 11 ზონად. ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფისათვის დამახასიათებელი ობიექტები წარმოდგენილია ათ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ზონაში, რომელთაგანაც ხუთი — აღმოსავლეთ და ხუთი — დასავლეთ საქართველოს წარმოაჩენს.

მუზეუმში ექსპონირებულია 70-მდე საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობა საქართველოს შემდეგი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებიდან:  სამცხე-ჯავახეთი, გურია, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, აფხაზეთი, აჭარა, სვანეთი, ქართლი, კახეთი.

მუზეუმში 8 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული.

გვესაუბრება ლადო ჭეიშვილის მეგობარი და თანამშრომელი, სიმონ ჯანაშიას სახელობის ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი, ანზორ გოგიაშვილი.

- ლადო ცოტა მოგვიანებით შემოგვიერთდა ეთნოგრაფიულ მუზეუმში. პირველი დავალება, რაც მას მიანდეს, იყო აჭარაში ექსპედიცია. აჭარის ნაგებობები თითქმის მომთავრებული იყო (შიგნით ინტერიერი, მოწყობილობა, საოჯახო ავეჯი, სამეურნეო იარაღები, ინვენტარი, რაც კი იყო გლეხი კაცისათვის დამახასიათებელი, როგორც შიდა ინტერიერისთვის, ასევე კარ-მიდამოსა და სამეურნეო ნაგებობებისთვის). ეს ყველაფერი უნდა მოეძიებინა და ჩამოეტანა ლადო ჭეიშვილს. პირველად იგი აჭარაში, ხულოს რაიონში მიავლინეს. ყველა გაოცებული დარჩა, ისეთი შედეგი აჩვენა და წარმოადგინა. ამის გაკეთება არც ისე იოლი გახლდათ. ყველა ნივთი უნდა ყოფილიყო ადგილზევე დაფიქსირებული, ზუსტად აღწერილი. ლადომ კარგად იცოდა, რისთვის უნდა მიექცია ყურადღება, რა იყო იქ წამყვანი და მნიშვნელოვანი. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბრწყინვალედ გაართვა თავი საქმეს. მერე ჩააბარეს აჭარის რეგიონი, ლადომ ძალიან მოკლე ხანში დაიმსახურა კარგი მეცნიერ-მუშაკის სახელი. ძალიან მალე დაეტყო კიდევაც ეთნოგრაფიული მუზეუმის აჭარის რეგიონს მცოდნე და გონიერი კაცის ხელი. რაც შეეხება ჯამეს (აჭარული სალოცავი, მუსლიმანური საკულტო ნაგებობა. წარმოადგენს ხელოვნების ძეგლს, ხეზე კვეთილობის არაჩვეულებრივ ნიმუშს. იგი ქართული ჩუქურთმითაა შემკული.

ნატიფი ხელით არის გამოტვიფრული თითოეული ჩუქურთმა, რომელიც მნახველზე გასაოცარ შთაბეჭდილებას ახდენს, ჩამოტანილს, სოფელ ჩიქვილეთიდან, ლადო რომ მოვიდა მუზეუმში, უკვე დაწყებული იყო ჯამეს ჩამოტანის საკითხზე მუშაობა. ლადო მონაწილეობდა მის დაშლა-ჩამოტანაშიც. ამ საქმის მოგვარებას ძალიან დიდი ორგანიზატორული ნიჭი და ძალისხმევა სჭირდებოდა. ლადოს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა არქიტექტორ ილია ადამიასთან, რომელსაც აჭარაზე წიგნი ჰქონდა გამოცემული. ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშები არქიტექტურულად ჰქონდა შესწავლილი. სწორედ ილია ადამიასთან ერთად უხდებოდა ლადოს მუშაობა და ამანაც დიდი როლი ითამაშა, რომ ლადო ძალიან სწრაფად გაერკვა ეთნოგრაფიული მუზეუმის სპეციფიკაში. ლადო ძალიან სწრაფად ამყარებდა კონტაქტს აჭარელ ნებისმიერ მცხოვრებთან. გულწრფელი იყო, ალალი. ყველას ეუბნებოდა იმას, რაც საჭირო იყო და რაც საქმეს გამოადგებოდა. მან ძალიან სასარგებლო და შედეგიანი მუშაობა გასწია ამ მუზეუმში. სულ რამდენიმე წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ღრმა კვალი დაემჩნია იქაურობისთვის. მუზეუმში ასეთ სერიოზულ მასალას ვერ მოუყრიდა თავს მკვლევარი, თუ კარგად არ ეცოდინებოდა რეგიონი, რომელსაც ის მართავდა, რა უნდა ეძებნა იმ რეგიონში და რისთვის მიექცია ყურადღება.

ადამიანებთან ურთიერთობებშიც იყო ძალიან გულისხმიერი, თავისი საქმის ერთგული. როგორი რთული დავალებაც უნდა ყოფილიყო, უკან არასდროს დაიხევდა და თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ბოლომდე მიიყვანდა გასაკეთებელ საქმეს, თავს არ დაზოგავდა. ეს თვისება ყველას თვალში გვხვდებოდა და ამიტომაც უსაზღვრო პატივისცემით ვიყავით მისადმი განწყობილი და ისიც ასევე ჩვენდამი.

გიორგი ჩიტაიას სახელობის "ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ", გიდი-პედაგოგი ნაილი ქავთარია:

- თანამდებობრივად მე და ლადო სხვადასხვა საქმეს ვაკეთებდით. როდესაც ექსპედიციის წევრებს აგროვებდა, სულ მთხოვდა, წამოდი ცოტა ხანი და ბევრ რამეს ნახავო. ახლა ძალიან ვნანობ, რომ ეს საშუალება ვერ გამოვიყენე, ძალიან საინტერესო ექსპედიციებს აწყობდნენ საქართველოს ყველა კუთხეში. ლადო ჭეიშვილი მთელი წლის განმავლობაში მიდიოდა ექსპედიციებში. სულ ეძებდა საექსპოზიციო ნივთებს.

ლადო იყო მართლაც სიკეთის განსახიერება. მუზეუმის მოამაგე და ერთგული თანამშრომელი. მან რაც შეძლო მუზეუმში, ბევრი ვერ შეძლებდა და დღესაც შეუძლებელი იქნებოდა, ნივთების ჩამოტანას ვგულისხმობ. მახსოვს, ხელოსნებიც ჰყავდა ჩამოყვანილი დიდაჭარიდან, რომელთაც თან ჰყვებოდა. დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს. ჩემი აზრით, მთიანი აჭარიდან გადმოტანილი ჯამე არის უნიკალური ექსპონატი ჩვენი მუზეუმისთვის. ულამაზესი, ლაზების ნახელავი ნაგებობა.

ლადო ჭეიშვილი და მისი მეუღლე ერთად მუშაობდნენ მუზეუმში და უფროსი ქალიშვილი ეკა თითქმის აქ გაზარდეს - ის ისტორიკოსი გახდა. ლადო იყო საოცარი მეოჯახე, თავდადებული მამა და მეუღლე. მოხარული ვარ, რომ მომეცა ლადო ჭეიშვილის მოგონების შესაძლებლობა.

წარმოგიდგენთ ლადო ჭეიშვილის ლექსებს:

***

ვიღაცას სულში რაღაცა სტკივა,

ვიღაც სახლიდან მშიერი გადის.

მე მას განვიცდი,

ძალიან მაგრად.

ვიღაცის სისხლში სიმღერა ჰკივა,

მე მას აღვიქვამ

ძალიან კარგად.

კაცი რომ დადის შუბლშეჭმუხნილი,

ჩემშიც გადმოდის მისი წუხილი. -

ვიღაცას სულში რაღაცა სტკივა...

ცხრა მთას იქითო იტყვიან სხვები.

ცხრა მთას კი არა,

ყველა მთას იქით,

ვაი თუ ვინმეს აებნა გზები

მე მას განვიცდი

ძალიან მაგრად.

საკუთარი ძმის, ტკივილის გზნებით.

ვიღაცას სულში რაღაცა სტკივა,

მე მას განვიცდი,

ძალიან მაგრად.

 

„შემებრალება ვაჟკაცი,

ადრე წასული შორ გზასა“

(ძველი ხალხური სიმღერიდან)

თავჩაქინდრული ქუჩას მისდევდი,

თითქოს აგკიდეს ათასი ცოდვა,

ვაჟკაცურ ლექსით ცეცხლს გვიკიდებდი,

იცოდი ძილში ლექსების ბოდვა.

გიყვარდა მთები, ქარი და წვიმა,

გადმოვარდნილი კლდეზე ჩანჩქერი,

ბევრს სიმღერები სულ გაუწბილა

რომ წაუკითხე შენი ნაწერი.

დამემშვიდობე იმ დღეს ბიჭო და

აღარ გამანდე რაც გაწვალებდა,

მე გავყოლოდი იმ გზას გვიჯობდა,

შენ თუ სიკვდილი გითვალთვალებდა.

 

ცისანა ანთაძეს

იქ, მაღლ მთებში არის სიწყნარე,

იქ, მაღალ მთებში არის სიმწვანე,

წაიღე შენი ლამაზი სული,

თამარის კოშკში დააბინავე.

ვიცი, ქალაქს არ გაემიჯნები,

დროდადრო მოხვალ, ქუჩებს დაივლი,

შემოგხედავენ ვნებით ბიჭები...

შენა ხარ ძალზე ნაზი ყვავილი,

სულში გიწყვია ლექსი ქონება

შენა ხარ ძალზე ნაზი ყვავილი,

რაიც ადვილად არ იპოვნება.

 

გიორგი ლეონიძეს

 

შენ ხარ ვენახი

ძირგაუხმობი,

ბრიალა მზე ხარ

სხივჩაუქრობი.

- ვინ ხარ?!

თამადა,

ჯერდაუთრობი.

საქართველოის

სინდის-ნამუსის

მამა,

მოკეთე,

მოყმე,

ქართველი,

კაცურ-კაცობით

ცხოვრობ მამულში.

მტერს გულს

გაუნგრევს,

ჩვენ გაგვახარებს,

ეგ ლოთიანი

შენი ბუხუნი,

ჩვენი ვაჟა ხარ,

ჩვენი მინდია,

ჩვენი გოგლა ხარ,

ბერი ლუხუმი!

 

***

შენ შემოდიხარ,

ჩემში და უკრავ,

მუსიკას: ლამაზს,

ჯერ დაუწერელს,

რაღაცა ახალს,

ძალიან მაღალს,

ძალზე ვაჟკაცურს!

სხვისთვის უნახავს

ჩემთვის დანახულს -

საქართველოის

ცაო ნათელო!

 

***

თვალებბრიალა როგორც არწივი

შავი თმებით და სახით მდუმარი,

ქუჩებს სთელავდა ერთი ყმაწვილი,

იყო თბილისის მორცხვი სტუმარი.

უყვარდა ჩვენი მზეი და მიწა,

ლურჯი მთები და კრიალა ზეცა...

დაიღლა და ერთხელ არ მიწვა,

ტანსაცმელივით ოცნება ეცვა.

გულჩათხრობილი ის დადიოდა,

თითქოს არ ჰყავდა ძმა-მეგობარი,

გულიდან ლექსი სისხლად სდიოდა,

სული ლექსებით ჰქონდა დამთბარი.

ღამეებს თეთრად გაათენებდა,

დილით კი მზესთან იყო ამდგარი,

სათქმელ ლექსს თავს არ დაანებებდა,

კაცი ლექსისგან იყო დამდნარი.

ცხოვრება დარჩა როგორც ქიმერა,

ეცოცხლა ქვეყნად, ვინ აყვედრიდა,

ვერ დაასრულა დიდი სიმღერა,

ისე წავიდა ჩვენი ქვეყნიდან.

 

***

სადღაც, მთებში,

დაეღუპა ქმარი,

(ორი შვილის

მეოცნებე მამა).

მისგან დარჩა

სამახსოვროდ: ქნარი

მამაპაპის

ხალიბური ხმალი.

ატკივდება,

მოუნდება

კოცნა, ნაკოცნ ხალის...

მაგრამ არა,

ვით შეხედოს

მზეს და ნამუსს ხვალის.

იცის, რომ არ

დაბრუნდება,

მაინც ელის ქალი.

დაელოდოს -

ლამაზ ტრფობას,

არ გაუდის ყავლი.

 

***

შავი თვალებით ღამეს ზარს სცემდი,

ტანის ნარნარით -

ჩუმი ღიმილით,

ყველა ყმაწვილებს თავბრუს გვახვევდი.

ჯანდაბას იქით, რაც იყო, იყო,

მე იმას ვსტირი

იმ ვირგლა ბიჭმა,

ვარდფურცლობა რომ ადრე გაგიყო,

წამოგიყვანა ნაძალადევად -

კი არ მოჰყავდი,

ხელით მოჰქონდი,

სიკვდილს ირჩევდი,

თუ აგცდებოდა,

იმ იდიოტთან ღამის გათევა,

იმ წყევლილ ღამეს იხვევდი საბანს

არ გსურდა იგი

რომ შეხებოდა

მაგ შენს ლერწმის ტანს, ვარდის წყლით

ნაბანს...

და ასკეტური გსურდა ცხოვრება,

ცრემლს ღვრიდი, მაგრამ

ცრემლის ღვრა იყო,

ბედშავისათვის ამაოება,

შემდეგ ცხოვრებამ მოგიკლა გული

დედინაცვლურად დაგისისინა.

თუ არ გინდოდა, რამ გაგათხოვა

ვერ მოისვენე,

დედასთან შინა?

ოი, ის ღამე დაგვიჯდა ძვირად,

შვილი გყავს ახლა,

ქმარი გყავს ვაგლახ,

მაგრამ სულით კი

დადიხარ ქვრივად.

 

***

რა კარგი იყო, ცუდისიზმრის დროს

ცრემლით დაბანილ თვალის გახელა,

რა კარგი იყო შიშველ ფეხებით

ცვრით დაფარული მინდვრის გარბენა.

რა კარგი იყო, შლეგ ჩანჩქერებში

ფრთამალ კალმახის ხელთ დაჭერა,

ჟრუანტელს მგვრიდა ტოლ-მეგობრებში,

ცეცხლმოდებული ცეკვა-სიმღერა.

საამო იყო ბნელ ღამეებში,

ციცინათელა და  მისი დევნა...

სად ხარ, ხმა გამეც, რად მემალები,

შემომაშუქე ლურჯი თვალები.

სადა ხარ, გიხმობ სანთლით დაგეძებ,

მთის ჩანჩქერივით ჩამორბენილო!

გურიის მთებში გადამალულო,

ჩემო ბავშვობავ!

ლამაზო, ტკბილო.

 

ბიჭო, რომელ გზას დაადექ!

გამოვდივარ მე ყოველდღე შენი ჭიშკრის წინა,

სტვენით გიხმობ, ლექსით გიხმობ, შენ არა ხარ შინა.

გზაზე მხვდება დაღვრემილი, შენი ბედის სატრფო,

ჩამისახლდა გულში ფიქრი, დსანამ ვიყო მარტოდ.

დედაშენი? ცრემლად დადნა, ხელებს აკანკალებს,

ცხელი ცრემლი არ უშრებათ ჩვენი სოფლის ქალებს.

არ დუმდება, არ ისვენებს შენი ლექსის ბწკარიც,

გამიცინა, გამიღიმა, გამომიღო კარი;

მომეხვია,გადავკოცნე, შენ იყავი თითქოს,

ვნატრობ: ერთხელ სიზმრად გნახო, ძმაო, ჩემო ფიქრო.

ფეხათრევით გადავსერავ შენს სახლის წინ ქუჩას,

ბიჭო, რომელ გზას დაადექ! ბოლო რომ არ უჩანს?!

 

მე უსიმღეროდ რამ გამაჩეროს

 

თქვენთან ბავშვივით მუდამ თავს დავხრი,

თუგინდათ გავხდე ასი წლის კაცი,

თქვენა ხართ ჩემი ლექსის თქმა მძაფრი,

გზის გამწალდავი, მომთხოვნი, მკაცრი...

არც კი ვიყავი თქვენგან წასული,

ვტიროდი - ვისთვის კარგად იცოდით,

ნაღველი მქონდა გულზე წასმული,

ჩემი ტკივილით თქვენაციწვოდით...

წავლენ დღეები, სიმღერ-სიმღერით,

თმაში ჭაღარა გამომერევა,

იცით ცხოვრება მქისედ მიბღვერის

მაგრამ ერთხელაც ვერ მომერევა...

ლექსების თქმაშ

ნუგზარ ჩიქოვანი
ი თავზე დამათოვს,

მე სტრიქონებში ვარწიე ბედი,

არავის უთხრათ, გულით ამას გთხოვთ,

ცრემლთა მერეხში ლექსს ვისთვის ვწერდი...

თქვენს სიყვარულში გადავბუგავ გულს...

თაკარაში ვარ, არ ვძებნი ჩეროს,

თქვენ რომ გიყურებთ სახე გაბადრულს,

მე - უსიმღეროდ რამ გამაჩეროს.

 

***

უნდოდა,

ემღერა,

ეცქირა,

ეტირა,

ხელში მარადჟამს

ნაწერი ეჭირა.

იცოდა

ეძებდა,

უყვარდა,

წვალობდა,

ვაი, იმისი

ლექსების რვეული

რა ადრე

დაობლდა.

 

ტიციანს, ჩემი ლექსის ჯახანი

პოეტს გვირგვინად მზეი გეხურა,

გულისჯიბეში ვარდიჩასმული,

ცხოვრების გზაზე შხამი გეპკურა,

„ლექსის წელკავით“ იყავ ჯვარცმული.

შემომხვდი გზაზე, ლექსებად დადნი,

გიყურებ როგორც ძველთაძველ ნაცნობს,

„კვალდაკვალ ჩემი დემონის“ ლანდი,

კაეშნიანბედს უღიმის, ანცობს.

თუ გაგონდება ბავშვობის ხანა,

ფეხი ჩაფლული ორპირის ფშანში,

გულში რომ ჩაგწყდა რიონის ნანა.,

და აგამღერა პოეტიბავშვი...

დარჩი ცხოვრების უკმაყოფილი,

ოცნებით მისდევ ქალდეას ქუჩებს,

ნაღველი გიდუღს, მამავ, ძმობილო,

დიდ გულისტკივილს ვინ გაგვიყუჩებს.

ხელში უჭირავს დედაბუნებას,

გაზაფხულის და სიცოცხლის ფუნჯი,

ვინ მოგისაჯა - ენა დაებას -

და ცხოვრებასთან დარჩესო მუნჯი.

მოდიხარ „უცქერ გურიის გორებს,

მუდამ დამყვება შენი ხატება,

მოდიხარ, მუდამ ლექსებს მისწორებ,

და მერე ძალა მომემატება.

ისე ხელში აქვს ქართულ ბუნებას,

გაზაფხულის და სიცოცხლის ფესვი,

ვინა სთქვა შენზე არდაბრუნება,

დაბრუნდი, მოგყვა მეწყერი ლექსი.

 

მეგობარ პოეტს

ჩვენსაქართველოს ზეცა გვავალებს,

ვიყოთ ლექსებით მუდამ დამწვარი,

და წინ გავუსწროთ წინ მიმავალებს,

გულზე გვეყაროს ლექსის ღადარი.

გახედე ზეცას, ლაჟვარდსაფინოს,

ხედავ? ღრუბლები გადამალულა.

არწივის ფრთებით ლექსი ვაფრინოთ

და სუფთა გვქონდეს ფიქრის მარულა.

გავიხსნათ გული, დავიჭრათ დანით,

სისხლით დავწეროთ ძმობის ლექსები,

ჩვენ დაჭრილი ვართ, ლექსის ბერდანით

და მაინც ლექსებს ვეალერსებით.

„გვქონდეს კერია მამა-პაპური“,

ხელში გვეჭიროს ვაჟას სანთური.

 

მე თქვენ გეძახით საქართველოდან

(ჰოლანდიაში, კუნძულ ტექსელზე, დასაფლავებულია ქართველი მეომრები) (საქართელოს ისტორიიდან)

 

მტერს ქართველურად წამოუფრინდით,

აგემეთ დარტყმა ქართულ მარჯვენის,

ყიჟინ-ყიჟინით უკან მისდევდით,

მაგრამ ვერ ნახეთ დღე გამარჯვების -

ბევრმა თქვენგანმა ვერც კი მოასწრო,

სატრფოს ყური ქვეშ კოცნა ფარული,

გულს ჩაეწვეთა შარბათივით და

ვეღრ გაანდო ტოლს სიყვარული.

დიდხანს გელოდათ ხელებკანკალა,

გულანათრთოლი, საბრალო დედა,

ვისი ჭაღარაც გზას გინათებდათ,

ვისი ხატებაც დაგდევდათ მწედა.

გამოეთხოვეთ, დასტოვეთ სახლში

დედა, მამა და შვილები, ცოლი;

კერიის ცეცხლში გაჩაღებული

და სახურავში ამძვრალი ბოლი...

მტრის გასაჟლეტად მუდამ მზად იყავთ

თქვენ, სააკაძის ხმლით აღმართული

- სამშობლოსათვის - გულში ღრმად რეკდა

კრემლში ნათქვამი სიტყვა ქართული...

თქვენ არ ნახული ტანჯვით დაგტანჯეს,

(არ დაეკიდა ცრემლი წამწამებს),

მე თქვენი ხვედრი ძიაკაცებო

უთქმელ ლექსივით ძილშიც მაწვალებს.

 

***

ხელში „მნათობი“ ეჭირა მუდამ,

გადაგრაგნილი ეტრატის მსგავსად,

ხალხში არაფერს წაიკითხავდა,

თუგინდ გეთხოვნა სიცოცხლის ფასად.

წარბებგახსნილი ვერსად ნახავდით,

იყურებოდა მარადის კუშტი,

თითქოს ცხოვრებამ მოურიდებლად

ხალხში ამოჰკრა ცხვირ-პირში მუშტი.

გულჩათხრობილი ის დადიოდა,

ამაყი იყო - მიუკარები,

უნდოდა, ძლიერ მზეს წაეკითხა,

მისი ნაწერი ლექსის ბწკარები...

ის მხოლოდ ჩემთან გაიღიმებდა,

ის ჩემთან იყო კაციც და ბავშვიც.

ნათელი ფიქრი, ნათელი აზრი,

დაატარებდა ოცნებით ხალხში.

ფიქრები - მასზე, თვითონ - ფიქრებზე

იყო ყოველთვის გადაჯაჭვული.

ამ ქვეყანაზე ყველაზე უფრო

უყვარდა ჩვენი ტკბილი მამული

უყვარდა... ჩემთან არრას მალავდა,

იყო ჩემს გულზე გულდანდობილი.

ის იყო ჩემი, მე ვიყავ მისი,

ამხანაგი და გულის ძმობილი.

ერთი ძმა ჰყავდა... თურმე მე მგავდა...

ამისთვის უფრო მე შემიყვარა,

დღეს ვხედავ მისი ნათელი გზები,

სიკვდილმა მთებში რომ შეიფარა.

 

 

საუბარი სოფელთან

მე შენს ცხელ გულზე დამერწა,

ჩემი ჭრიალა აკვანი,

მე შენს უბეში ვისწავლე,

ტკბილი ქართული ანბანი.

ვაჟაის ლექსებს პირველად

მე შენთან ვეცი თაყვანი.

თუ გახსოვს, ჩემი ბავშვობა

თავბრუ დამხვევი ანცობა...

ფაფარაყრილი მდინარე,

სილაწაყრილი ყანები,

წყალგაღმა აკივლებული

კარის მეზობლის ქალები.

ხიდის ქვეშ გატარებული

საფქვავ, დაფქვილი წისქვილი,

შიგ მეწისქვილე დამთვრალი,

და უდარდელი სიცილი...

მერე ლექსის თქმა პირველი,

ლექსის თქმა გაუბედავი,

„ჰეი, ბავშვობის დღეებო,

დაბრუნდებოდეთ ნეტავი!“

 

დამაქვს ოცნება

დამაქვს ოცნება, ნამივით სუფთა

და სიმღერებით გული მაქვს სავსე,

ყველგან თან დამდევს მე მისი სუნთქვა

ლექსში ქუხილით რაც მოვათავსე.

ფიქრთან ნაბრძოლი წამოვიჭრები,

მინდორში გავალ, დავარტყამ ბოლთას,

- არ ჩამაწვეთო სულში იჭვები,

ლექსი მომძახის და ლექსი მოთქვამს.

ვწერ და მე ამ დროს ისევე ვღელავ,

როგორც სამუმში ზღვა და ჯეჯილი,

ჩემი ლექსების მკაცრი მამა ვარ,

მასზე ამაგით გულგაგლეჯილი.

ქუდად მახურავს ოცნება სუფთა,

და სიმღერებით გული მაქვს სავსე,

ყველგან თან დამდევს მე მისი სუნთქვა

ლექსი ქუხილით რაც მოვათავსე.

 

***

„მე ვარ ირემი, მთასა მყვირალი“,

გადმოვარდნილი კლდეზე მარტოკა,

დავეხეტები როგორც ფირალი

და შენმა ტრფობამ უღვთოდ გამთოკა.

ეს მე ვარ შენი სულის სიგრილე,

გახურებული ვნებების ჩერო,

ათასი მთები გადმოვირბინე

სულმოუთქმელად მინდა გიმღერო.

 

***

წყლიან თვალებში გიცქერი

უფრო, რომ არ მოწყლიანდეს

ვაი, თუ ვერ ვთქვა სათქმელი

ვაი, თუ დამიგვიანდეს.

 

****

მზე განათებდეს, გწვავდეს,

იყავ მზესავით მწველი.

შენზე სიმღერებს თხზავდეს

ასი პოეტის ხელი.

და კითხულობდეს ყველა

ამ ქვეყნად მზე ვინ არის.

მე, ვიყო შენით მთვრალი,

მე ვიყო შენი ქმარი.

 

***

მე წავალ და

შენ აქ უნდა

დარჩე?!

ჩემი გზაა

ფიქრიანი,

ძნელი.

რა ვქნა, კარგო

ბედი ასე

არჩევს,

მივდივარ და

გული მიმაქვს

ცხელი...

სიმღერებით

გადავივლი

ლიხის მთას და

გომბორს,

ღმერთმა ნუ ჰქმნას

გამიჭირდეს

ლექსის თქმა და

ვეღარ გითხრა -

შემიყვარდი

როგორ

ამ ფარების

მწყემსი

ნაბდიანი

გოგო!..

 

 

***

ყველა ბრუნდება სახლში,

შენ არა ჩანხარ, რატომ

იქნებ შეშინდი გზაში

და ვერ მოდიხარ მარტოდ.

ხმა მომაწვდინე, მოვალ,

ციმციმ აგიყვან ხელში,

ცოლად გამომყვე, დროა,

ვიდრე გაქვს გოგოს ეშხი.

 

სიყვარული

მოვიდა როგორც აპრილის თქეში,

ძარღვებში შლეგი სისხლი გაგანდა,

შემომანათა ლამაზის ეშხით,

პატარა გოგო უცებ დაქალდა.

ჩემთვის არ უთქვამს არც ერთი სიტყვა,

ისე დამადო გულზე მალამო.

გაგიგონიათ? რომ სადმე ითქვა,

სიყვარულს ვინმემ დაემალაო?!

 

***

 

მთებს წამოესხა სიცივის თექა,

ხელაწვდილ ტყვეებს ჰგავდნენ ხეები.

მინდოდა შენთვის რაღაცა მეთქვა,

უცებ გაფრინდნენ ტკბილი დღეები.

მერე მოვიდა დიდი ზამთარი,

გადავიარე ასი ხეობა.

მომაგონდები სუსტი, გამხდარი,

სულში მეღვრება ლექსი-მზეობა.

 

***

მთებს გამოვექეც, როგორც მდინარე,

სანაპიროზე შემხვდი მღიმარე,

ამღერებული, აზვირთებული,

მკერდში ვიგრძენი ძალა მთებური.

ტკბილო სიცოცხლევ, ლურჯო ოცნებავ,

ოცი წლის მერე რომ მოგაგენი.

ვარ უკვდავება, ვარ საოცრება,

სხვამ ვინ დაკოცნოს შენი ბაგენი.

წუხელის ლექსმა ჩამომიარა,

დღეს ოცნებები ზღვაში დამძირავს,

შენს სინატიფეს ლექსებს კი არა,

თავსაც შევსწირავ, ლამაზო ცირა!

***

ანთებულ გულს და ანთებულ სტრიქონს,

ჭაბუკურ ვნებებს შენ გინახავდი.

მე კი მეგონა გიყვარდი თითქოს,

და არ ვიცოდი თუ დამძრახავდი.

დამშორდი, მაინც ჩემთან ხარ ახლოს,

ჩვენში რაც იყო, თურმე იციან,

გთხოვ, შენმა ბავშვმა არ დამიძახოს

ხალხში როცა ხარ - ლადო ბიძია!

 

***

ამ მაღალ მთებს და

ამ მაღალ ხეებს,

ფიქრს რომ მახვევენ,

მინდა კაცივით

ველაპარაკო.

მინდა წამოვწვე

ვეება ქვებზე,

ასე ვიფიქრო

და ვიოცნებო.

ბუნების ენა

უნდა ვისწავლო.

მთების სიმკაცრე,

ზეცის სილურჯე

უნდა ვიწამო,

უნდა ვიწვალო.

ძვლებამდე ჩამწვდეს

დილის ცვარ-ნამი,

სულში მეფინოს

ბალახი მწვანე...

ვიყო ალალი,

ვიყო ამაყი,

ქართველებს ბევრი

გვაქვს საამაყო.

გლეხკაცი ვიყო

ბრძენ ვაჟასავით...

მერე ხმამაღლა

სიმღერა ვჭექო

შემაჟრჟიალოს

ჩემი ხმის ექომ.

მთებში ვიფიქრო

ტყეში ვიფიქრო

ო, ამის მერე,

ო, ამის მერე

ექნება ნაწერს

მართლა სინედლე.

 

ამ გაზაფხულზე

ამ გაზაფხულზე

უნდა ვიქუხო,

ამ გაზაფხულზე

ყოველ რთულ თემას

მე ვაჟკაცურად

გავეპასუხო.

ამ გაზაფხულზე

ცეცხლმოდებული,

ულამაზესი

 ეს სიჭაბუკე

უნდა დავტოვო.

და თმებში თეთრმა

ფერმა დამთოვოს.

ამ გაზაფხულზე

უნდა დავკაცდე

უნდა დავბრძენდე,

უნდა დავწყვილდე...

ამ გაზაფხულზე

ისე ვიჭექო

გულის ფიცარი

მტერს გაუნგრიოს -

ჩემი ხმის ექომ.

ამ გაზაფხულზე

ბევრი ვიცინო,

ბევრი ვიმღერო.

ამ გაზაფხულზე

მე უსათუოდ

კარგი ლექსები

უნდა დავწერო.

ამ გაზაფხულზე

დედაო მიწავ!

მე უსიმღეროდ

რამ გამაჩეროს.

 

ჩემო ხალხო! ნედლო მიწავ!

ჩემო ხალხო!

ჩემო მიწავ!

თქვენი დიდი

სიყვარული

ჩემში თქვენით

გადაირწა,

გადაირწა,

დაიქუხა,

არ მასვენებს

ეს სიმღერა.

ჰაერს ვსუნთქავ

მაღალ ზეცის

და ფილტვები,

სასიმღეროდ

იბერება.

„დავიღლები

საქართველოს

სიყვარულში“

დავიღვრები

საქართველოს

სიმღერებად.

ქართველების

სამოსახლო

ბაღი-ბაღჩა

ერდო-ბანი

მეზობლები

ახლო-ახლო,

მათი ტკბილი

საუბარი.

ეს ქართული

გაღიმება

და ქართული

პურ-მარილი,

ზღაპარივით

ცხოვრება და

უკეთესზე

ოცნებები...

გამრჯე ხალხო!

ნედლო მიწავ!

შენი შვილი

ვილოცები:

უფრო მეტი

გვქონდეს ჩვენი

წაბლიანი

და მუხნარი,

მტრებს კი შიშის

ჟრჟოლას გვრიდეს

ქართველების

ნამუხლარიც.

ჩემი ხალხი,

ჩემი მიწა

და აკვნები

მწვანე ფერა,

რამაც ასე

ლოთიანად

დამათრო და

ამამღერა!

 

***

ბილიკ-ბილიკ,

ტყეში ტყე-ტყე,

შარა-შარა

მთებში მთებ-მთებ

ნედლი სახრით,

წაბლა მოზვერს

ფეხშიშველი

ვსდევ.

სიზმარეთში

ყურით ვიჭერ

ცხრათავიან დევს...

ბილიკ-ბილიკ,

ღელე-ღელე,

ღობე-ღობე,

ხეებ-ხეებ,

კლდეებ-კლდეებ,

შუკა-შუკა

დავსდევ უკან.

შარა-შარა,

ყანა-ყანა,

ჩემს ბავშვობას

ვეძებ მარა

ვაი, იგი

თვალ-ხელ შუა,

როგორ უღვთოდ

გამეპარა.

 

ქეთევან დედოფალს

ვისი ხმა არის, ვისი ძახილი,

რომ არ მასვენებს შუაღამეშიც,

ეს ვინ დამასო გულზე მახვილი,

სულში დემონის არის თარეში.

მელანდებიან შენი თვალები,

თითქოს ვიღაცამ შანთით მოთხარა,

დაგიწვა სახე, ფერნამკრთალები,

მე ნაკვერჩხლები გადმომაყარა.

 

სურათები ფიროსმანის ცხოვრებიდან

(სურათი პირველი)

მდიდარო კაცო!

მიეცი ამ კაცს

ცოტა ფული და

ცოტა ღვინო, თუ გსურს დუქანი

მოგიხატოს

საოცნებო და

სულ საღიღინო.

მდიდარო კაცო!

მიეცი ამ კაცს,

ცოტა ფული და

ცოტა ღვინო

თუ გსურს ლაჟვარდში

დუქნიანად

გადაგაფრინოს...

მდიდარო კაცო!

მიხედე ამ კაცს!

ეხვეწებოდა

ყელგამოწევით -

მსუქანს მიკიტანს

ნიკოს ამქარი,

(ყანწებს ყანწებზე

სცლიდნენ ლოთები).

ჰა მიკიტანმა

ზე ასწია

ეჭვით წარბები

და შეისწორა

მსუქან ღიპზე

ფართო ქამარი...

ფულიან მუშტრებს

გაუგრძელა

ისევ ქაქანი.

მას თავზე მოხვდა

ბოთლი და ჭიქა.

ქუჩაში გარბის -

ნიკალა და

მისი ამქარი.

 

სურათები ფიროსმანის ცხოვრებიდან

(სურათი მეორე)

ჰე, ქართველო დარდიმანდო!

რას უყურებს, რას?!

ფიალაში ღვინო გიდგას,

რატომ არ სვამ მას.

- დალიეო - აძალებენ

თან გაჰკრავენ მხარს

შთაგონებით მთვრალია და

შთაგონება სწვავს.

რაზე ფიქრობს, რაზე დარდობს

ლოთნი არა, ვერ გაუგებს

საკუთარი ძმაც.

თავდახრილი მიწას უცქერს

ბალახებზეც ცვარს...

დასათრობად არ სცალია

ხატვის ჟინი ჰკლავს,

მიწიერი ყველაფერი

დახატა და... იგი ხატავს

ახლა ქართულ ცას.

 

***

ნეტავი იმ დროს რომ გიმღეროდი,

ტანში სიამით მაჟრჟიალებდა,

ლექსი ვიყავი, ცას შევცქეროდი

ჩემი ლექსები მაბრიალებდა.

დღეს თბილისში ვარ, ოცნება მთოკავს

ფიროსმანივით მსურს მარტო გავლა,

შენზე ფიქრი და

შენზე ოცნება...

ჰეი! თუ მომკლავს,

ან სულში ვარდებს ამიხმობს მართლა...

მინდა გიმღერო გედის ხმით ერთხელ

- ბალადა მუხის გადარჩენისა -

მერე აზავდეს მუზების ღმერთი

თუნდ დასწვას თქმული ჩემი ენისა.

 

არსაკიძის ძახილი

არ შემიძლია მე აქ დარჩენა,

არ შემიძლია მეტის ატანა

წუხელის ჩუმად მომჭრეს მარჯვენა

და ჩამისახლეს სულში სატანა.

არ შემიძლია მეტის ატანა

ამეღამ უნდა მოვიკლა თავი...

და უკვდავებად

გავიდა ხალხში.

 

ფიქრო ჩემო

ფიქრო ჩემო! გრძნობავ ჩემო,

ჩემო სულის კლიტე

ნუგზარ ჩიქოვანი და მისი მეუღლე ლიანა ხინიკაძე
ვ!

მეოცნებეს თვალები მაქვს

ზღვა ოცნებებს ვიტევ.

ყელყარყარა, თვალციმციმა

შენ, ქართველო ქალო!

ჩემო ტრფობით დამბუგველო

ჩაუქრობო ალო.

ცეროდენავ, ერთობეწო,

ჯერ უთქმელო ლექსო!

ჩემთვის სასიკვდილო დანა

ხომ არ გინდა ლესო!

გაზაფხულის ვარდებივით

ატკეცია ლოყა

ცხრა მთას იქით გადავედი,

მოველ ტრფობა მომყვა,

ყველას ვუთხარ რომ მიყვარხარ

ვინც კი გამაჩერა

მხლოდ შენ ხარ ჯიუტი და

მხოლოდ შენ არ გჯერა.

მომკალ ბარემ სიყვარულის

თუ ვარ ბედისწერა.

 

პოეტი კვდება

(ლადო ასათიანს)

დინჯად მიჰყვება ქარაფის პირებს,

შორს იყურება არწივის თვალით...

სახეზე აძევს ფერი ფერმკრთალი,

მიდის და ლექსით სუნთქვას აპირებს.

ფილტვებში ჩხვერავსრაღაც და იწევს,

მიდის, მიჰყვება ვიწრო ბილიკებს...

მიდის, მიდის და... შარას მიიკვლევს...

ჭლექის სახელი ქვეყნად დაიწვეს!

ჩერდება, კაცი ენამზიანი,

და „სალაღობოს“ მოუნდა კითხვა,

სიტყვებთან ერთად სისხლმა იფეთქა...

პოეტი კვდება - ნეტავი ვინ თქვა!

ლექსები ჰქონდა მუდამ ცვრიანი,

ჰქუხდა, ჰქუხს ლექსი ლამაზფრთიანი

კვლავ ცოცხალია ასათიანი.

 

საუბარი მდინარესთან

შენ, ლურჯ ჩქერებს მოაელვებ,

მე ლექსების სტრიქონებს,

მოვალ, ხშირად ჩამოგირბენ

და ბავშვობას ვიგონებ.

ბევრჯერ წვეთი მაყლაპვინე,

ბევრჯერ ამათამაშე,

ბევრჯერ მკერდში ჩაგიფრენდი

კენჭებს - თეთრ-თეთრ ალმასებს.

გახსოვს როგორ მოვძვრებოდით

შენს უბეში ბალღები,

როგორ მღერით, როგორ ლაღად

გვდევდი ცელქი ტალღებით.

თავშიშველი, ფეხშიშველი,

დაგცქეროდი ზევიდან...

შენზე ერთი საყვედურიც

ვერავინ მათქმევინა.

ახლაც მოვალ, ახლაც გნახავ,

ახლაც ისევ გიგონებ

ხან აგიღებ, პეშვით შეგსვამ,

და გიძღვნი წრფელ სტრიქონებს.

 

***

ჩემი

სათქმელი

გითხარი ლექსად,

ჩემი

სათქმელი

გითხარი პროზად.

ჩემი

ლექსებით

დღეს მე მაუგებ,

თუმც მართალი ხარ,

პოეტურ გრძნობას,

შენ ვერ გაუგებ!

 

ბიჭო, ზაურია!

(კაცი გაგიჟდა; ცოლი დაჭრა დანით, მეგვარე კაციც დაჭრა და ჩემი სკოლის მეგობარი (ზაურ პეტრეს ძე ჯიბუტი მოკლა)

ახლა შენს სოფელში

აპრილის და მიწის

უჩვეულო ხმაურია.

პირში სული

გიბერეთ და მაინც

ვეღარ მოგაბრუნეთ

ბიჭო, ზაურია!

სიცილი და სიმღერა

ვაი როგორ გიყვარდა,

ღვინისმსმელი ჭაბუკის

სახელი გაგივარდა.

შენ იყავი მრავალ

ლხინის კარის გამღები,

მღეროდი და გუგუნებდნენ

ეკლესიის თაღები.

სოფლის ბოლოს ქარს მოჰქონდა

ვაჟკაცური სიმღერა,

ნეტავი სულ გეცინა

ნეტავი სულ გემღერა.

ამის მეტი სიცოცხლე

ბიჭო, თუ არ გეწერა!

შენს სოფელში ისევ

აპრილის და მიწის

უჩვეულო ხმაურია,

პირში სული

გიბერეთ და მაინც

ვეღარ მოგაბრუნეთ

ბიჭო, ზაურია!

 

***

უშენოდ -

ჩემთვის რამ დააღამა,

უშენოდ -

ჩემთვის რამ გაათენა,

ჩემო მანანა,

სულის ნათელა!

მე შენზე,

ფიქრით შემომათენდა,

მე შენზე

ფიქრით შემომაღამდა...

კარგად

გამიგე,

კარგო

მანანა!

 

***

მერე რას იზამ!

მერე რას იზამ!

თუ ამ ცხოვრებამ

ფეხქვეშ გაგთელა

და ვერ აენთო

სულის ნათება.

ცოლმა და შვილმა

თუ მიგატოვა,

ფიქრმა და დარდმა

დაგიმარტოვა.

მერე რას იზამ!

მერე რას იზამ!

თუ შენმა გემმა

შორს ვერ გასცურა

და ყელში ხმამ ვერ

გისალამურა,

არ შეგისრულდა

დანაპირები

თუ მეგობრისგან

გაიწირები.

ათასი რამე

თუ დაგაბრალეს

და კარგი ყველა

სულ დაგიმალეს,

მერე რას იზამ!

მერე რას იზამ!

შენ გეკითხები?!

სულით მაღალ...

ლამაზ სიმღერად გადავიქცევი.

 

***

არის წამება, წვა და თიმთიმი,

ნერვების წყვეტა, ჯახი ჯახანი,

ერთი ლამაზი კარგი სიტყვისთვის

ათასი ფიქრი დასახარჯავი.

არდაკარგულის ძებნა, ძიება,

შუაღამისას ჩუმი ხარხარი...

ეს მხოლოდ მაშინ გეპატიება

სიმღერასავით... თუ ხარ მართალი.

 

შვილო, ეკა!

სიყვარულმა, სიხარულმა,

მზის სხივებზე გამოგჩეკა,

მე ლექსების ნიაღვარმა

წამიღო და გადამლეკა.

შვილო ეკა

საქართველოს ლამაზ ცაზე

იქნებ გავჰკრა ერთი ელვა

ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ გათავდეს

ჩემში ლექსით წვა და ღელვა.

შვილო ეკა,

ჩემი ქვეყნის სიყვარულმა

წამიღო და გადამლეკა...

იქნებ რამე შენ მიშველო,

ციცქნა გოგო, შვილო ეკა!

 

***

შენს ჭიშკართან

ისევ ჭა და

ჭადარია,

ერთმა ხვევნამ,

ერთმა კოცნამ,

დამათრო და

გადამრია...

განვლილ წლების

მოგონება

ფერფლწაყრილი -

სიყვარულის

ჩაუმქრალი

ღადარია,

შენს ჭიშკართან,

ისევ ჭა და

ჭადარია.

 

თამუნია ჯოხაძეს!

დავდგები ასე ხელებგაწვდილი,

ისევე როგორც იესო ქრისტე,

მე შენ წაგართვი სულის მანდილი

მერე ჩემს სულში უცებ დავკიდე...

კიდევ და კიდევ

ვიმღერებ შენზე.

ისევ და ისევ

თბილ სიზმრებს მისევ.

მე დავიჩოქებ მაღალ ფეხებთან

დამათრობს შენი ვნებათა ღელვა

სურნელოვანი თმების შეხება...

ვიცი, ამ სახლში მამაპაპურში,

აპრილის თვეში იტირებს ბავშვი,

დამემსგავსება ნამდვილად ხმაში.

მამა ვიქნები - მამა, კაცური!..

კიდევ და კიდევ,

ვიმღერებ შენზე.

ისევ და ისევ,

თბილ სიზმრებს მისევ.

ბოლოს და ბოლოს,

ყველაფრის ბოლოს

მე გამისკდება სიმღერით გული.

 

 

***

შენ შემოდიხარ,

ჩემში და უკრავ,

მუსიკას: ლამაზს,

ჯერ დაუწერელს,

რაღაცა ახალს,

ძალიან მაღალს,

ძალზე ვაჟკაცურს!

სხვისთვის უნახავს

ჩემთვის დანახულს -

საქართველოის

ცაო ნათელო!

 

***

ადრე

მომწონდი,

ვამბობ მიყვარდი,

შენზე

ვიყავი

ლექსით ქადაგი,

ყორნის ფერ წარბებს,

ყორნის

ფერ თვალებს,

იდეალურად

ქვეყნად ვხატავდი.

(ხდება

ხანდახან,

ეს ცხოვრებაში,

შენ კი

ბოლომდე

დარჩები ბავშვი).

თურმე

შენ დაგცდა:

კარგი

ბიჭია,

კარგი

პოეტი,

დიდი

აქვს განცდა

და ინტელექტი.

მაგრამ,

ჩემზე რომ

არის დაბალი?!

ვაი,

ვერ ხვდები:

ლამაზი ფიქრით,

მაღალ ოცნებით,

პოეტურ სუნთქვით,

შენს არჩეულზე

მე ვარ მაღალი!

 

 

დედა

შენს ჭაღარას, შავ ღამეშიც,

მე დღესავით ვხედავ,

სიცოცხლეზე უტკბესო და

საყვარელო დედა.

მახსოვს როცა ცეროდენას,

მიყვებოდი ზღაპარს,

შებ უვლიდი, შენ ანთებდი,

ჩემი სულის ლამპარს.

დედა, მაშინ რაც მიმღერე -

ლექსად ამოფრინდა,

ის ზღაპარი, ის ნანინა,

ოი, როგორ მინდა...

მომიტევე, რომ ხმამაღლა,

შენთან სიტყვებს ვბედავ,

რა ვქნა აბა, სიმღერა ხარ,

სიცოცხლე ხარ, დედა!

 

***

შენ, მოგელიან

გურიის მთები,

როგორც დედოფალს. -

შენ მოგელიან

ჩემი მშობლები,

როგორც პატარძალს, -

შემომხედე და -

შენმა თვალებმა

უხმოდ დამთოფა.

წამართვა ძალი,

შენ უნდა გახდე

ჩემი ოჯახის

პატარა რძალი.

 

ნუგზარ ჩიქოვანი (დაიბადა 1953 წლის 6 აპრილს, გარდაიცვალა 2006 წლის 15 თებერვალს).

2007 წლის 15 მარტს გამოცემულ გაზეთში: „ლანჩხუთის მოამბე“ გამოქვეყნდა ნუგზარ ჩიქოვანის რამდენიმე ლექსი და მოკლე წერილი მის შესახებ. „ძნელია, როცა არსებობს, დადის შენს გვერდით უნიჭიერესი ადამიანი, პოეტი... დადის თავისთვის და არავის აწუხებს. ჩვენ კი ვერც ვამჩნევთ, არც კი ვიცით მისი არსებობის შესახებ და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ იგი თურმე ჩვენს გვერდით იყო, სულ ახლოს და ჩვენგან მხოლოდ ერთ რამეს ელოდა - მეგობრობას, თავისი სულიერი, პოეტური სამყაროს თანამგზავრს ეძებდა.

ნუგზარ ჩიქოვანი სოფელ გაგურში დაიბადა, ბავშვობის გარკვეული ნაწილი აკეთის საშუალო სკოლაში გაატარა, მერე ქუთაისში გადავიდა სასწავლებლად და თუ თავისი ლექსების კრებული ვერ გამოსცა - ეს მაშინდელი წყობის ბრალიც იყო, არ დაიწყო მათ დაკრულზე თამაში, არ აჰყვა მათ გულისხმას, არ უმღერა თავის ბრწყინვალე ლექსებში  ცრუ ღმერთებსა და მახინჯ იდეოლოგიას. შედეგიც სავალალო დადგა - დააპატიმრეს, რომ აღარაფერი ვთქვათ მისი ლექსების წიგნებად გამოცემაზე.

ეს ყველაფერი ძალიან მოკლედ, თუმცა მის შესახებ ბევრის დაწერა შეიძლება და დაიწერება კიდეც.

ნუგზარი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა სრულიად შემთხვევით, მაშინ როდესაც პირველი კრებულის გამოცემაზე მუშაობდა... აღარ დასცალდა. კიდევ ერთი უნიჭიერესი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან, ისე რომ უამრავი სათქმელი უთქმელი დარჩა.“

ნუგზარ ჩიქოვანი იმ პოეტების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებზეც ითქმის ნიკო სამადაშვილის სიტყვები: „მიყვარდა მუდამ სითბო დარდების“. ამიტომაც სვამდა ღვინოს და ივიწყებდა დარდსა და ვარამს. თუმცა არ უყვარდა ბედის მდურვა და წუწუნი. არასდროს უძებნია სიმდიდრე და მიწიერი პატივი... კარგად ესმოდა, რომ  „სჯობს სიგლახაკე სიმართლით, ცრუს ცუდსა განდიდებასა.“ (ილია). გათენებისას მერცხალივით წამოფრინდებოდა და თოხით ყანას მიაშურებდა,   დაჰღიღინებდა მიწას და სიო ყურში   ეჩურჩულებოდა ნანას. შრომობდა  და  იცოდა, რომ შრომის ნაყოფი მისი იყო;  რგავდა და უხაროდა, ნარგავი რომ გაუსწრებდა სიმაღლეში. „შაშვის გათენებულ დილას რა ჯობია, აივანზე გასულს დილის ნისლი რომ შემოგეფინება, რა ჯობია, დილის ნიავი ყურთან რომ აგიჩურჩულდება და ჭორაობას დაგიწყებს, იმას რა ჯობია, ბახმაროს მთიდან მზე რომ გადმოგხედავს და სხივებს ნისლში რომ გამოაცურებს, დილის ნამს რომ ბრილიანტებად ვარდებს ჩამოურიგებს, ამას რა ჯობია....და კიდევ .....და კიდევ....რამდენი სილამაზის დანახვა შეგიძლია....იხაროს ჩემმა თბილმა, ტკბილმა  და სიყვარულით დატვირთულმა სოფელმაო!“ - ამბობდა და თავის ეზოში, მაღალი მუხის ქვეშ ტლანქად გამოჩორკნილ მერხზე წერდა და წერდა ლექსებს... მუხის რტოებში საიდანღაც შემოიპარებოდა ჩუმი სიო და აშრიალებდა ფოთლებს. საღამოობით, ყველა ხმა რომ გამტკნარდებოდა, დაცხრებოდა ველის სიოს სისინიც, მუხის შემზარავი ბუბუნიც. ამ დროს სანთლის ჩურჩულის ხმა ისმოდა მხოლოდ, ალის დუდუნი, იდუმალი და ძრწოლის მომგვრელი. უსმენდა სიჩუმეს და სიბნელეს, რომლებიც „თავისი ამბის მოსაყოლად იყვნენ მოსულნი“. უყვარდა ღამით მარტო ხეტიალი. თემშარაზე, რომლის დასასრულს უსასრულობა იყო, ვარსკვლავების მკრთალი ნათელი ადგა თავზე. ესმოდა თემშარის ნაუბარი, რომელიც „მანამ ხმიანობს, სანამ არიან ადამიანები, მის სურნელში დაბადებულნი და მისი გაგების შემძლენი.“ „თემშარის ნაუბრით ჩვენთვის შინაური ხდება ჩვენივ შორეული წარმომავლობა“ (მარტინ ჰაიდეგერი). მიჰყვებოდა გზას, მილაპარაკობდა თავისთვის, რადგან „სხვა ძალა აქვს გზაში მიხვედრილს“. „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ - ში წერია: "საღამოობით ხომ ყოველი ადამიანი, აი თავისთვის რომ მისეირნობს, იასავით ლამაზია"(ბოჰუმილ ჰრაბალი)... ცხოვრება რომ გადაიცლის ადამიანს, გამოწურავს და გამოაცარიელებს, მშობლიური სოფლის თემშარა ევლინება ნუგეშად და ნავსაყუდელად, რადგან სწორედ „თემშარის სურნელში, წელიწადის დროთა შესაფერისად რომ იცვლება, ხარობს მცოდნე სიხალისე, რომელსაც ხშირად ნაღვლიანი გამომეტყველება აქვს. მას ვერავინ შეიძენს, თუკი უკვე არა აქვს, ხოლო ვისაც აქვს - თემშარით აქვს.“ (ჰაიდეგერი). იცოდა, რომ უხალისო ცხოვრება გმობაა, ამიტომაც მშობლიური სოფლის თემშარაზე სეირნობისას, იისფერ მწუხრში  ჰპოვებდა ხალისს.  იუმორის გრძნობაც  არ ღალატობდა. ერთხელ გზად თანასოფლელი შემოხვდომია და უკითხავს: „რაია, ბიჯო ნუგზარა,   რომ მიხვალ და მილაპარაკობ შენდა, გააბდლდი თუ მარტუა რეიზა ლაპარიკობო?

- ვის დეველაპარიკები ძამია უკეთესსო?“- იყო პასუხი.

ნუგზარ ჩიქოვანის მშვენიერი ლექსები მისმა  მეუღლემ, ქალბატონმა ლიანა ხინიკაძემ მოგვაწოდა, რომელიც  წარმოშობით ასევე  გაგურელია. ახლა სოფელ ნაგომარში ცხოვრობს და ნაგომარის საშუალო სკოლაში, დაწყებითი კლასების მასწავლებლად მუშაობს.

ნუგზარ ჩიქოვანი და ლიანა ხინიკაძე 1997 წელს დაქორწინდნენ. 13 წელი  გაატარეს  ერთად. ქალბატონი ლია იხსენებს: „ნუგზარი ძალზე კეთილი ბუნების, უაღრესად ჰუმანური ადამიანი  იყო. არავისთვის  არაფერი ეშურებოდა. თუკი რამე ჰქონდა, უკანაკნელ გროშამდე გაიღებდა. უარს არავის ეტყოდა დასახმარებლად.  ძალიან ადრე გარდაიცვალა, გულმა უმტყუნა. ნაგომარში დავკრძალეთ. ძალიან დამაკლდა. ყველა საქმეში მეხმარებოდა, არასდროს მტვირთავდა, თავის წილ სითბოს და ღიმილს გვფენდა ნუგეშად. სული მტკივა ლიაო, -  ასე მეტყოდა ხოლმე. რატომ  - მეთქი? - ბუნებრივად, ღმერთის განგებითო. თავის ლექსებში გამოხატავდა სულის ტკივილს. რამდენიმე ხანს უკრაინაში მოუწია მუშაობა (ასფალტს აგებდა) და იქ გატარებულ დროს ტკბილად იგონებდა.  ძალიან უყვარდა ახალგაზრდები, შესციცინებდა მომავალ თაობას. პატარა ბიჭებთანაც კი ძმაკაცობდა. მრავალი ლექსი მიუძღვნა ბავშვობისდროინდელ ადამიანებსა და საგნებს. ბავშვობასთან დამშვიდობების განცდაც გამძაფრებულ-გაორმაგებულად იგრძნობა  მის პოეზიაში, რაც სრულყოფილებისკენ სწრაფვით უნდა იყოს გამოწვეული - ბავშვობის "ნათელი ხატი" ხომ სინდისის მტანჯველ განცდასავით მუდამ თან სდევს ადამიანს... თავისკენ გვიხმობს ბავშვობის ნატვრისფერი შორეთი, ძველი ტკივილი და აღტაცება. რას ვიზამთ, ქუჩა, სახლი, სკოლა, სივრცე, სადაც  ნუგზარის   ბავშვობა მიედინებოდა და სადაც ყველაფერი საოცრად ბრწყინავდა... "თვალშეუდგამი და ხელუხლები", - ახლა უკვე სხვა ბავშვების ხმებითა და ჟრიამულით ფეთქავს. დასანანია, რომ იმ ხმებს ვერ იპოვი და ვერ შეაგროვებ სივრცეში, ვეღარ მოიხელთებ ბავშვურ განცდებს. („მოგენატრება ბავშვური ცრემლი, ეცდები, მაგრამ ვერ ატირდები“ - გალაკტიონი).   დასანანია, რომ ხსოვნის კედლები ხელებს არ ემორჩილება. თუ ხსოვნა დაიკარგა, მას ვეღარ აღადგენ და ვეღარ ააშენებ. ამიტომ ნუგზარსაც არაფერი გააჩნდა ბავშვობის ხსოვნაზე ძვირფასი. ენატრებოდა ბავშვობისდროინდელი, გულს ჩიტივით უფრთხიალებდა.  მისი კიდევ ერთი მთავარი საფიქრალი სამშობლო იყო. საქართველოს დიდებული წარსული სისხლივით მოჰყვებოდა მის ძარღვებს. სამშობლოს სიყვარული აამაყებდა, მისი უბედობა აწამებდა. არ ასვენებდა მქენჯნავი სევდა. თუმცა ერთგან წერდა: „ვერ ვასახელე სამშობლო, თუმცა არც შემირცხვენია“. თავისი სინდისის ხმისთვის და ზნეობრივი პრინციპებისთვის არასდროს უღალატია და გულს უკლავდა, როდესაც ხედავდა, რომ „ამორალურ მორალისტებს უკრავდნენ ტაშს“. დასანანია, რომ ნუგზარი ადრე წავიდა და თავისი სათქმელიც ბოლომდე ვერ თქვა.“

წარმოგიდგენთ ნუგზარ ჩიქოვანის ლექსებს:

 

***

 

ორკაპებით აწვება დაბლა,

 შეუპყრიათ გველი სოფლის ბიჭებს,

მე რომ გველი შემებრალა ახლა,

ნეტავ შენ შეგბრალებოდი ასე.

აღმართია და ვიგრძენი დაღლა,

გავლაღდები ბედისწერის ჯიბრზე,

კვლავ ოცნებით ავიჭრები მაღლა,

ბავშვობაში რომ მიყვარდა ისე.

თუმც კი ვიცი, რაც მომელის ახლა,

რომ სულს ციურ სიხალისით ვივსებ,

ეს იმიტომ დავნავარდობ მაღლა,

რომ მიწაზე დავენარცხო ისევ.

 

***

ეშმაკს ეთვისტომება,

სული მე არ მიცოდებს,

რაა ჩემი ცხოვრება,

ნეტავ, ნეტავ ვიცოდე.

ეკალია თუ ია,

მადლია თუ ცოდვაა,

სხივია თუ ყულფია,

თუ შეშლილის

ბოდვაა.

ღვინით სავსე თასია,

თუ საყვარლის ტუჩები,

ანდა იქნებ ხავსია

და მე ვებღაუჭები.

 

ბავშვობის ზღაპარი

აპრილის დილა ყოფილა მშვიდი,

როს ქვეყანაზე გავჩნდი ქართველად,

დღესასწაული არგუნა დიდი,

დედაჩემს - პირმშოს თვალთა გახელამ.

 

მე ვიზრდებოდი, მზეო, შენ მზრდიდი,

იებს მიძღვნიდა ლურჯი მთის კალთა,

დღემუდამ ჩემთვის გალობდა ჩიტი,

მე ჩიტის ტოლა გოგო მიყვარდა.

 

მებადა ჩემი ფუძე და ჭერი,

 სასიყვარულო თავშესაფარი.

მე რა ვიცოდი, რომ ყველაფერი,

რომ ყველაფერი იყო ზღაპარი.

 

გაქრა ზღაპარი, გაქრა ზღაპარი,

ჩემი პრინცესა და ის წიქარა,

ქატო აქ არის, ჭირი იქ არის,

არა, იქ არა, არა, იქ არა...

 

***

ვარ ცოდვილი და ვუმზერ შენს ხატებას,

არც ძალმიძს ვიქცე უკვდავ პწკარებად,

ჩემო სამშობლოვ, შენ რას შეგმატებს,

ეს სინანული და აღსარება.

 

აბა რას გარგე ჩემი ცხოვრებით,

შთამომავლობა რად გამიხსენებს,

ვერ აგიშენე სვეტიცხოველი,

არ იფიქრონ, რომ არ აგიშენე.

 

***

ღამე იყო და თოვდა,

ჩანდა მთვლემარე თემი,

ხმა რატომ აგითრთოლდა,

რად გეშინოდა ჩემი.

 

ვეღარ გითხარი მაშინ

დამუნჯებული ენით,

რომ აღარა ხარ ბავშვი

და მეშინია შენი.

 

***

გრძნობა ისევ გაქეზებს,

უთევ ღამეს, კვლავ ლექსებს,

მომაკვდავი ღიმილი,

შეგრჩენია ბაგეზე.

 

თუკი იშვი პოეტად,

ვერ მოიხვეჭ მონეტას.

ხარ დაცინვის საგანი,

კუჭით მოაზროვნეთა.

 

***

სუსხი ისევ ემატება ზამთარს

განრისხებულ ციდან,

ბავშვობაში დაბრუნების გარდა,

არაფერი მინდა.

 

მეტმასნება ბარდი, როგორც კახპა,

გადაკარგვა მინდა.

მოვიგონებ სიყვარულის ზღაპარს,

საოცარს და წმინდას.

 

კვლავ მეზმანება - ობლის კვერს თუ ქადას,

არაკაცი ღრღნიდა,

ბავშვობაში დაბრუნების გარდა,

არაფერი მინდა.

 

***

საწყალს, წრუწუნას, დგას, რომელიც სიკვდილის კართან,

ეთამაშება კმაყოფილი სადისტი კატა.

სიკვდილამდე რომ მოკლას მსხვერპლი, ასე სურს კატას,

მიტომ უგრძელებს ის თაგუნას სიკვდილ-სიცოცხლის ვადას.

 

***

გახსოვს? ქუსლიდან იღებდი ეკალს,

უმწარეს ტკივილს უმალვე აქრობდი,

გაიღიმებდი, გრძნობდი რა შვებას,

და კვლავ სიმღერით ველზე დაჰქროდი.

 

სიზმრად ჩაგესმის დღეს იგი მღერა,

გაზაფხულიდან - გარდასულიდან,

ვერ ამოიღებ ვერასდროს, ვერა,

ვერ ამოიღებ ეკალს სულიდან.

 

ურუსეთოდ“...

გვერდზე მეწვა რუსის ქალი
თან მუსიკას ვუსმენდიო,
ახლა არავინ ჩამოდის,
გავაჯავრეთ რუსეთიო.
ასე ამბობ და აუგებ
ტანჯულ ქართველების ბრძოლას,
ვაი, ეძნელება მამულს
შვილთა შენნაირთა ყოლა.
ელავს ცხრა აპრილის ღამე,
იწვის საქართველო, ბოლავს,
შენ კი, შენ კი გენატრება
კახპა დიაცებთან წოლა.

 

 

მირზა გელოვანი

 

სიკვდილი თვალწინ დაუდგა,

გაქრა და თან გაიყოლა,

მაგრამ არავის არ უთქვამს:

იყო და არა იყო რა.

 

***

ეკრანი წუთისფლისა სამადლო საქმეს აკეთებს,

დროგამოშვებით გვთავაზობს ბედნიერების ფრაგმენტებს.

მივშტერებივარ ამ ეკრანს, როგორც სალოცავ ხატებას,

აციმციმდება საყვარლად, მერე უეცრად შავდება.

 

***

მაძრწუნებენ სისინით,

ვერ ვიშორებ ამ ქარებს,

სად არიან ისინი,

მე რომ არ გამახარეს.

 

ეს გული თუ მკვდარია,

განა უნდა ამტკივდეს,

არსებობა მწარეა,

როდის უნდა გატკბილდეს.

 

გულო ჩემო შემინდე,

უშენოდ რომ ვიცინი,

სიხარულს რომ შეგპირდნენ,

სად არიან ისინი.

 

იმედი სასოწარკვეთილისა

 

დილის მზე ჩაქრა რატომღაც,

უკან დაბრუნდა ღამე,

სიცოცხლე უდრის კატორღას

და კატორღელი ვარ მე.

შემიმსუბუქდეს ნეტავ ეს

ტვირთი ესოდენ მძიმე,

მუდამ მოველი ნეტარ დღეს,

არასდროს ვკარგავ იმედს.

ამ ბორკილებით ვიღლები,

მხუთავს, მახრჩობს ეს ჰავა,

სულ ასე ხომ არ ვიქნები,

ამ კატორღიდან წავალ.

 

კვლავ გალობა მოსწყურდებათ ჩიტებს,

ლხენის ჟამი დადგება,

არ მოგაკლებს სიყმაწვილის სიზმრებს

საოცარი განგება.

 

***

იმ სიყმაწვილის დღეთა, ღამეთა,

სითბო და სიტკბო რარიგ დამაკლდა,

ის სიყვარული გულს მიხარებდა,

ის სიყვარული გულში ჩამაკვდა.

 

***

ნუ იტყვი, რომ ხარ ჯვარცმული,

ჯვარცმა - ხვედრი ქრისტესია,

უსულგულო კაცთა მოდგმა

შენი ტანჯვის მიზეზია.

არ იფიქრო, რომ მოიმკი,

რაც სიკეთე გითესია.

 

***

მიწა არის გამზრდელი, დედასავით მზრუნველი,

იქ გვწვევია ბავშვობის უტკბილესი სიზმარი,

ლექსს მიწიერს თუმც ასდის ყვავილების სურნელი,

პოეზია ცის არის, პოეზია ცის არის.

 

დაე, ყველა სულდგმულმა ლექსით სული განაბოს,

აღზევდები უმალ და გაგეხსნება ცისკარი,

ვერც ყორნები დაგფლეთენ და ვერც მიწა დაგალპობს,

პოეზია ცის არის და პოეტი ცის არის.

 

***

რა საოცრად ამაღლდი, რარიგ ტკბილად ეწამე,

იმ ღვთიური ცრემლებით, თვალთა პირველ სისველით,

არ არსებობს, ო, არა, მეორე და მესამე,

არსებობს ერთადერთი სიყვარული პირველი.

სიყვარულით პირველით ელავს ბავშვის ცხოვრება

და მერე მისი მადლი სულ მუდამ თან დაგყვება,

სიყვარულით პირველით ხდება აცისკროვნება,

პირველი სიყვარულის მოგონება არ კვდება.

მიდის, მიქრის ცხოვრება, სიცილით და გოდებით,

ხშირად ბედნიერების ჩირაღდანი გვიქრება.

ჩვენ არ გადავგვარდებით, ჩვენ არ გავბოროტდებით,

პირველი სიყვარული მხსნელად მოგვევლინება.

 

***

მე შეგპირდი მზისფერი

ლექსით შენთან ვიქნები,

ღიმილით და სიმღერით

და საამო ფიქრებით.

მაგრამ მოსვლა ძნელია,

დღე მწარეა და ცივი,

გულიც მოსავლელია

დასეტყვილი ვაზივით.

ანდა როგორ მოვიდე

სხივჩამქრალი თვალებით,

ვაი, თუ გული მოგიკვდეს

ჩემი ფერისცვალებით.

იქ ცა ზამთრის მოტივად

მწარე ლექსის პწკარები,

მაინც შენსკენ მოვდივარ

დაზაფრულ ნეტარებით.

მოვალ შენთან ლტოლვილი,

თოვლიანი ბილიკით.

უღიმილო თოვლივით

დათოვლილი ლირიკით.

 

ნიკოლოზ ბარათაშვილს

რარიგ დაგიმწუხრა სული ყრმობის  სანეტარო წლებმა,

შენ, ჭაბუკმა, გამოსცადე ლექსთან და სიკვდილთან შებმა,

რარიგ დაგიბრიყვა ბედმა, ჰოი, ბარბაროსმა ბედმა,

შენ ხარ სიამაყე ჩემი, ჩემი საოცარი სევდა.

 

ილია

საქართველო ჭკნებოდა, წოდებული წალკოტად,

საქართველოს ღუპავდა ძილი და მყრუდროება,

იგი ერს აღვიძებდა, იგი ერს დარაჯობდა,           

ერთ დღეს უწმინდურებმა, ჰოი, უღმერთოებმა,

მოკლეს კაცი, რომელიც ღმერთთან ლაპარაკობდა.

 

***

კმარა დღეს შევიცვლი იერს,

მსურს, სხვებს სიხალისეს ვგვრიდე,

ლხინი მომენატრა ძლიერ,

გულით საფლავისა მზიდველს.

ვიყო კვლავ მეხოტბე დილის,

ვეღარც მწუხარება დამცემს,

წავალ, ქუჩა-ქუჩა ვივლი,

შევკრებ ყარაჩოღელ კაცებს.

ძრწოდეს ბედისწერა კრული,

ჰანგი მოვაფინოთ მინდვრებს,

ძმებო, გამიხსენით გული,

გულით საფლავის მზიდველს.

 

***

ყველას პირთამდე უვსებენ ჯამებს,

მით ალაღებენ ქვემძრომ „პოეტებს“,

ნაძრახ სიცოცხლით სირცხვილის მჭამელთ,

მარიონეტებს, მარიონეტებს.

 

***

ნეტავ კვლავ ბავშვად მაქცია,

ნეტავ, შენც იყო პაწია.

დაიწვა ჩემი აკვანი,

სიცოცხლემ რომ დაარწია.

ვწევარ გაყინულ სენაკში,

შავი ლანდები დაძრწიან,

ო, ნეტავ ბავშვად მაქცია,

ნეტავ შენც იყო პაწია.

 

***

ახლა თოვს და უეცრად

მომაგონდა მე სკოლა,

ერთხელ ერთმა გოგონამ

თოვლის გუნდა მესროლა.

მესროლა და გაიქცა,

და შორიდან მიმზირა,

უეცრად და საოცრად

მომენატრა ის დილა.

მომენატრა ის თოვლი,

მომენატრა მე სკოლა,

იმ გოგონამ იმ დილით

სიყვარული მესროლა.

 

***

როგორც აქამდე ხდებოდა,

დარს ისევ შეცვლის ავდარი,

სიცოცხლე რარიგ ტკბილია,

მაგრამ სიცოცხლე სად არის?

დღეს უკვე აღარ გაშფოთებს

ხილვა პირღია სამარის,

სიკვდილი სანატრელია,

მაგრამ სიკვდილი სად არის?

წელიწადს ერთი დრო მართავს,

სახელად ჰქვია ზამთარი.

გაზაფხულია სიზმარი,

სიყვარულია ზღაპარი.

 

***

ისევ და ისევ ბედთან ვკამათობ,

არ ვარ მთხოვნელი განძის,

დე, ერთმა რწმენამ ნატვრად ამანთოს,

ვიყო მართალი კაცი.

ვიცი, ძნელია ასე გაძლება,

ბევრი გამდგარა განზე,

ყოფნა რად მინდა, თუ ჩემს არსებას

მიაფურთხებენ გზაზე.

თუ ქვეყნად მართალ კაცად ვიარე,

სიამით, ელდით, გვემით,

ბევრი ინატრებს ამ ჩემს იარებს,

ბევრს შეშურდება ჩემი.

სხვათა გულები სხვაგვარად ძგერენ,

ჩემს გულს რა შეცვლის აწი,

მსურს სიცოცხლეში სიკვდილის მერეც

მერქვას მართალი კაცი.

 

***

მზემ მასაზრდოვა სხივებით, მერე გამცილდა დამცხრალი,

ველოდი, კიდეც გამოჩნდა ცაზე ვარსკვლავთა ჯარი.

მთვარემ ცით გამოარღვია ღვთიურ გრძნობათა კაშხალი,

ვარ ავსებული სურვილით, მზის, ვარსკლავების, მთვარის.

 

***

შენ მიწაზე ყოფნა

მწუხარებად გექცა,

მოგანიჭებს  ლხენას

სანეტარო ზეცა.

 

***

მოგონებები გულდამწველია,

შენ, დაცემულმა, დიდხანს იცოცე,

შენ კარგად იცი, რარიგ ძნელია

ქვეყნად კაცური კაცის სიცოცხლე.

ეს შენ ამბობდი, ვიტყვი სიმართლეს,

დაე, გამიხდეს, თუნდაც, ყველა მტრად,

და არ ვინატრებ მე სხვა სიმართლეს,

ოღონდ სინდისი მენთოს კელაპტრად.

 

***

თვალებკამკამა გოგონა ფერად სამყაროს ხედავს,

ხარობს გოგონა, თან უკვირს დღესასწაული ფერთა,

აუხდებოდეს ოცნება, ო, ნეტავ, ნეტავ, ნეტავ.

გოგონა იყო ოდესღაც ჩემი საწყალი დედა.

 

პოეტი

გადაკრავ, როგორც ღვინოს, შენსკენ გამოწვდილ შხამებს,

 არც არვის მიმართ არ გაქვს ზრახვა ბოროტი, მტრული.

დიდი სიყვარულის ნიჭზე ჯვარდაწერილი ღამე,

შობს პოეზიას და მზით აცისკროვნდება სული.

 

***

არ ემონოს კაცი ცდუნებას და სურვილს,

ასე ჩამენერგა სულში, ბავშვობისას,

პირს არ მივაკარე მე სამადლო პური,

ტანჯვით მოვიპოვე პური არსობისა.

სად ხარ სანეტარო ცეცხლოვანო ღამევ,

(ღამე კოშმარით და ყინვით იმუქრება),

და თუ სადმე ვიტყვი, რომ პოეტი ვარ მე,

ჯვარცმით მოვიპოვე ამის თქმის უფლება.

 

***

ნეტავ სულ არ წამეკითხა წიგნი,

არ მესწავლა, ნეტავ, დედა ენა,

არ მქონოდა ნეტავ თვალის ჩინი,

არ გამაჩნდეს ნეტავ ყურთა სმენა.

მხოლოდ ელდა, მხოლოდ ჭმუნვა, გმინვა,

წაბილწული სიწმინდე და რჯული,

წიწამური კრწანისივით მტკივა,

და ტკივილმა ამომხადა სული.

 

***

ღმერთო, კვლავ ლოცვა აღმომხდა,

ახარე ახალშობილი,

რა ნაღვლიანი დღე არის,

„შვლის ნუკრის ნაამბობივით“.

 

***

მე ლექსს ვწერ და ტანში ჟრუანტელი მივლის,

და არ ვიცი ლექსი, თუ რა გზებით ივლის.

ვის ეწვევა სტუმრად  ღამით, ანდა დილით,

ვინ წაუგდებს ზიზღს და ვინ აჩუქებს ღიმილს.

თუ გაიგებს ვინმე ჩემი გულის ტკივილს...

როცა ლექსებს ვწერ, ტანში ჟრუანტელი მივლის.

 

 

***

მე ისე არ დავკნინდები,

მტრის წინაშე ცრემლი ვღვარო,

მე ისე არ გავქვავდები,

მოყვარე არ შევიყვარო.

მე ისე არ გავლაჩრდები,

ქვეყნის დარდი ავიცილო,

მე ისე არ დავგლახდები,

სხვის ტირილზე გავიცინო.

მე ისე არ გავდიდდები,

საკუთარ თავს ვცნობდე მარტო.

მე ისე არ გავგიჟდები,

საქართველოს ვუღალატო.

 

მახსოვს

მახსოვს, ტაროებს ნიავი

ურხევდა ოქროს კულულებს

და შემოდგომა სიამით

გულებს უვსებდა გურულებს.

გლეხი მადლობა სწირავდა

მიწას, აღსავსეს სიმდიდრით,

ვით თოვლი მზეზე, ბრწყინავდა,

ურემი, სავსე სიმინდით.

რა ძალით, რა აღტაცებით

შრომობდნენ, ლხენა ელოდათ,

ტკბილად მღეროდნენ კაცები,

ცოლიკაური მღეროდა.

მე კი პატარას ყველაზე

ცა ზევით მედიდებოდა,

ო, შემოდგომის მზე, ნაზი

რარიგად იღიმებოდა!

მიხმობს ოცნება მფრინავი,

გული, ვით ძრავა, გუგუნებს...

მახსოვს, ტაროებს ნიავი

ურხევდა ოქროს კულულებს.

 

***

მე ვამსხვერპლე სიხალისე, ის სიმდიდრე, რაც მებადა,

ჩემს ცხოვრებას, მწარე ტკივილს, აუხდენელ ფანტაზიას.

 

***

ვიცოდე წინ-წინ ის დღე სიკვდილის,

მე ავდგებოდი ადრე იმ დილით,

გზას გავყვებოდი, გულს გავიღეღდი

და ყველა შემხვედრს გავუღიმებდი.

 

პატარა ქართველს

 

შენ ჯერ ისეთ წიგნებს უნდა დაეწაფო,

სადაც ყვავილები, მზე და მინდორია.

ნეტარი ბავშვობა რომ არ დაგეზაფროს,

გვიან წაიკითხე ქართლის ისტორია.

 

***

ვიგონებდით მე და შენ, დამარცხებულ ზამთარს,

და პატარა ტყემლის ხე ბალერინას ჰგავდა.

უნაზესი ნიავი გითრთოლებდა ბაფთას,

გაზაფხული მიყვარდა, შენ თვალებს რომ ჰგავდა.

იდგა ნატვრის დრო-ჟამი, სიყმაწვილის კართან,

და რა უნდა გვენატრა სიყვარულის გარდა?

 

***

თვალუწვდენელი მთების მიღმა დარჩენილ ბავშვობას და ბავშვობის სიყვარულს მისტირის.

ბებერ ჭადართან, მღელვარე გულით,  მთრთოლვარედ წარმოთქმული: მიყვარხარ.

ზოგისთვის თოვლი მხოლოდ თოვლია, ზოგისთვის თოვლი მოდის და მღერის.

გაზაფხულის თეთრი ქარი

განა მართლა სისინებს,

სიყვარულზე მღერის წყნარი,

დადექი და ისმინე.

 

***

ჩემო სამშობლოვ, თუმც ხარ ბედკრული,

შენ ბილწი მტერი ვერას დაგაკლებს,

ოღონდ ქართველი გყავდეს ერთგული,

და ერთგულობდეს სოფლებს, ქალაქებს.

ო, საქართველოვ, შენი წარსული

ხან ტკივილს მგვრის და ხან სიამაყეს,

კვლავ ეტრფის შენი ძე და ასული

შენს სპეტაკ მთებს და შენს იალაღებს.

 

 

 



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq