| ქეიფი სეფაში |
სოფლის თავი კაცი თავი კაცის უკითხავად არაფერი კეთდება სოფელში. ვინ არის ეს „თავი კაცი“?! თავი კაცი, ჭირსა თუ ლხინში, სოფელს პურ-მარილს განუსაზღვრავს. გიორგი კეკელიძე თავის „გურულ დღიურებში“ წერს: „სოფლის შემთხვევათა გამგე იცით? ეს არის ქორწილისა და ქელეხის სუფრების მენეჯერი. ზოგან თავკაცს ეძახიან. საარაკო დეტალების მცოდნე კადრია. ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის, ერთი ბურვაკი რამდენ კაცს ეყოფა. ამ კაცთა კუჭის ზომაც იცის და იმ მაგიდის კვადრატებიც, სადაც ეს ხალხი განეფინება. იცის, თუ რამდენ თეფშ ლობიოს შემუსრავენ სიცხეში, სიგრილესა თუ სიცივეში. სადაც ჩრდილი ადგება, რამდენს სვამენ და სადაც სეფიდან ქარი უქრის - რამდენს. რამდენი ხაჭაპური მორჩება „მეორე დღიზა“. ფლავს რომ ოთხ კაცში ერთი შეჭამს და ღომი ყოველ მეორეს უნდა. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისე ითვლიან ციფრებს და ვარაუდობენ სტატისტიკას, ფინანსურ ბირჟათა გაწვრთნილ სპეციალისტებს შეშურდებათ.“ ვიდრე გაგურის თავკაცს გაგაცნობდეთ, სოფლის ტრადიციულ საქეიფო რიტუალებს გადავავლოთ თვალი. რადგან ამ სოფლის სულს ბოლომდე ვერ შეიცნობთ, თუ იგი ზეიმის ჟამს არ გინახავთ. არასდროს ისე არ იგრძნობა აქ მცხოვრებლების მთლიანობა და მონოლითურობა, როგორც სუფრის გაწყობისას. მას შემდეგ, რაც დარბაზები და რესტორნები გაიხსნა, ტრადიციულ სეფას (ტალავარს) აქ იშვიათად შლიან. არადა რაღაცნაირად კარგი იყო და თავისებური ხიბლიც ჰქონდა იმ ყველაფერს: ქვიშას, ნახერხს, სიცივეს, ნაცნობ მუსიკოსებს, ჩასაბერ თუ დასარტყმელ ინსტრუმენტებს, ქაღალდგადაკრულ სკამებს, მაყრიონის თვალიერებას - ლამაზი გოგოების და სიმპათიური ბიჭების გამორჩევას, ბევრ გემრიელობებს სუფრაზე - ცარიელ ადგილს რომ ვერ ნახავდი მაგიდაზე... ბევრ ღიმილს, სიცილს, ბედნიერ სახეებს. ცოტაც და მთლიანად გაქრება და ისტორიას მიეცემა ეს სახეები. ეს უბრალოება, რაც ასე განასხვავებს ჩვენს მხარეს... ასეთ სუფრას და ქეიფს ჰქონდა ნაღდი ''მუღამი''. გურულ სეფაში ნაგემი პურ-მარილის გემოს დავიწყება შეუძლებელია. თანაც გურულად შეკაზმულ კერძებს სულ სხვა გემო აქვს. წარსულის ჯანსაღი უძველესი ფესვების წყალობით სეფის ტრადიცია ჯერ კიდევ შემორჩა სოფელში. ამ ფესვების გადარჩენაზე ზრუნავენ აქაურები და ისევ ისე ასოფლებენ ამ სოფელს. მათი გაუტეხელობის წყალობით ისევ დგას სოფელი ფეხზე და მას ჯერ კიდევ ეთქმის გაგური. სოფლის მცხოვრებლებს შეგნებული აქვთ, რომ ყურადღებასა და გულისხმიერ მოპყრობას საჭიროებს ყოველი წეს-ჩვეულება და რიტუალი, ყოველი ეთნოგრაფიული დეტალი და ნიუანსი. „სიკეთეში, კარგი საქმის ქმნაში დასწრებას გაუმარჯოს ამ ქვეყანაზეო“, - ეს სადღეგრძელო ისევ ისეთივე შემართებით წარმოითქმება ამ კუთხეში. რადგან სხვისი კარგი მაგალითი წაახალისებს ადამიანს კარგისთვის, სიყვარულისთვის, სიკეთისთვის, სათნოებისთვის. აქაურებს კეთილი გული არ ასვენებთ. უნდათ, რაც შეიძლება, მეტი პატივი სცენ სტუმრებს. სოფელს ხალხმრავლობა ნამდვილად უხდება. მთელი სოფელი თავს იყრის სუფრაზე. განხმულია ჭიშკარი. სტუმართმოყვრულად გეგებება ბუნებაცა და სოფელიც. იწყება დიდებული, გულიანი პურის ჭამა. შუბლგახსნილი, გულ და კარგახსნილი, მხიარული, ხალისიანი; გულითადი მასპინძლები არიან გურულები. ყველაფერი ლაზათიანად იციან. მთელი ენერგიით ზრუნავენ სამზადისისთვის. გურულების უზომო სტუმართმოყვარეობის ამბავი ყველას მოეხსენება. სულ გარშემო ურბენენ სტუმარს, ეს მიირთვით, ის მიირთვითო, როგორ თუ არ გინდათ, კიდევ მიირთვითო, ყავა ხომ არ მოგიდუღოთ, ჩაი ხომ არ გნებავთო, მოხერხებულად თუ ზიხართო. ბუხართან ახლოს მობრძანდითო... თედო სახოკიაც ხომ წერს: „მადლობას გეტყვის მასპინძელი, რომ შენი ხელის ნაბანი წყალი მის ოჯახში დაიღვარაო.“ დღეობებში ხომ ცერებზე დგებიან მასპინძლობის სიხარულისგან. ქალები ბზრიალებენ ცქვიტად, ფეხზე ტრიალებენ, აბრიალებულ ცეცხლთან ბზრიალებენ; სწრაფად. სულმოუთქმელად წვავენ, ხრაკავენ, აზავებენ, აგემებენ. გადაჩაჩხული საწებლიანი წიწილები შიშხინებენ კეცზე, ტკაცუნებენ, წივიან. ზედ ქვები ადევთ. მზარეულთაგან ზოგი ნიორს ნაყავს. ზოგი ხელით წურავს ნიგვზის ბაჟეს. ზოგი კუპატს ბოლავს შუა ცეცხლზე. იბოლება კუხნა, იხრუკება. ცეცხლიც სხვანაირად გიზგიზებს. გიზგიზებს გამეტებით. შეუკეთებენ და გამოუნელებენ. წვავენ, ხარშავენ ბუხარზე დაკიდებულ ქვაბებში. შეაქვთ, გამოაქვთ; მიარბენინებენ, მოარბენინებენ; თავადაც ცეცხლივით იწვიან. ცხელ-ცხელი, კეცზე გამომცხვარი ხაჭაპურები და თხემლის ფოთლებში გახვეული ჭადები ისე გააქვთ სუფრაზე, გაგრილებასაც არ აცდიან, ოდნავადაც კი არ აცდიან; ერთი ქალი უბრძანებს დანარჩენებს. მერე თეფშების ცვლა მიდის. ცვივა ნაპერწკლიანი მწვადები სუფრაზე. ხტიან ცოცხალი თევზები. ასე რომ, რუდუნებით გამზადებულ სუფრას ამკობს: საცივი, ღომი, ბაჟე, ღვეძელი, ხალადეცი, მწვადი, კეჟერე ფხალი, მწვანილი, მჭადი, ყველი, მწნილი, ხაჭაპური, საკალანდო ღორის ხორცი, ცხელი ყაურმა, სალა, ქათამი. თუ ვინიცობაა და „პიცა“ მოხვდა სუფრაზე ვინმე უცხოელი სტუმრის ანდა ევროპაში გადახვეწილი აქაურის ხათრით, გურულები ხუმრობენ; აი პიცა ვისანაა, ხო ვერ მეტყვით. პიცა შემთხვევით შემოეხეტა, გზა აუცდა. საწყალს, მოპაიჟებულიაო. სუფრაზე შემოაქვთ ახალ-ახალი ღვინო. კაი დაწურული, ცივი, ცინცხალი; ჩუხჩუხებს ადესა; წეილუკმეთ პაწე, სადღინძელო თქვითო და დაასხამენ ღვინოს. ისმევა სადღეგრძელოები, ადღეგრძელებენ ყველას. ქვეყნიერებას ენაცვალებიან, აჭიკჭიკდებიან. შეზარხოშებულ გურულებს სამმაგად ეხსნებათ ლაპარაკის ჭანჭიკი და იწყება ძველი ამბები, წარსულს იხსენებენ აწმყოს გასაქარვებლად, თუმც არასდროს წუწუნებენ წარსულზე. ყველაფერს მაინც იუმორით იხსენებენ. იგონებენ ახალგაზრდობას, მეგობრებს, რომლებიც აღარ არიან. შესანდობარს ეტყვიან განვლილ წლებს. გაამხნევებენ ერთმანეთს. გაითბობენ გულებს. მოიგონებენ სატრფოებს, რომლებიც ახლა უკვე ჭაღარა და სახედანაოჭებულნი არიან. მერე ადესა მისას გაიტანს და უკვე სიმღერას მოწადინებულ გურულებს ვერაფერი დუუდგება წინ. იწყება გურული კრიმანჭული. კარგა შებნელებულზე სითბოთი და სიყვარულით დატვირთული სოფლელები უბრუნდებიან თავთავიანთ ოდებს! აქვე უნდა აღინიშნოს გურულების ეს თვისება, რომელსაც ჯერ კიდევ თედო სახოკიამ მიაქცია საგანგებო ყურადღება: „რამდენიც არ უნდა დალიოს გურულმა, წრეს არ გადავა. გურული სუფრის ხათრით ბახუსისთვის ბევრს შეუწირავს მსხვერპლი“-ო წერდა სახოკია. მართლაც, დღეობებში ყოველთვის მიუღებელი იყო დათრობა, იკრძალებოდა ლაზღანდარობა, შუღლი. გაგურელი ისე არ მიიყვანდა საქმეს, რომ მისი ჩხუბის მიზეზი ან შედეგი სასმელს დაბრალებოდა - ეს სირცხვილი იყო. ლამაზი და საამო სანახაობაა სეფაში პურის ჭამა. ცალკე ძაღლები მიდი-მოდიან, ცალკე წითელჯიბლიბოიანი გაფხორილი ინდაურები და ფერადი ქათმები წიწკნიან ბალახს. ყველას თავისი სიხარული აქვს. ჩუმი სიხარული. ადიდებული ღელეების რაკრაკის ხმა და აცაურას ხმატკბილი სიმღერა ბუნდოვნად მოისმის შორიდან. მას ერწყმის ძაღლების სასიამოვნო ყეფა. ფრინველების ძილისპირული გალობა. გოჭების ჭყვიტინი. მარჩენალი ძროხის ზმუილი. ყველაზე ხმაურიანი კი ქარია. ქარი ნამდვილი კრიმანჭულის მომღერალია. თუმცა უცებვე ამ ყველა ხმას ქეიფის მხიარული ხმები შთანთქავს. აკაციის ყვავილის სურნელიც იფრქვევა გაზაფხულზე, მზე რომ მიიწურება ჰორიზონტს იქეთ და უკანასკნელ სხივს რომ შემოაცურებს სეფაში საღამოს დანებებული დაისი, ვიდრე ვარსკვლავებით გადაიჭედება ცა (გურულები ამბობენ, გურიის ცა რომ სასტაულებს ხატავს, იმფერს სა ხატავდა ვან გოგიე და პიკასოი?). საღამოს ნიავი რომ შემოგეფინება სახეზე, აგიჩურჩულდება ყურთან და მოგიტანს ტყეების და ველების ამბებს, ყველაფერი სხვანაირად კარგი ხდება. რაცხა ნამეტანი გურულად წამოუვლით ხოლმე სიყვარული. ოჯახის შექმნა და ქორწილი განსაკუთრებით სასიხარულოა ამ მხარეში, რადგანაც მას, როგორც წესი, კვალში ძეობა მოსდევს. ხოლო ბავშვის, მით უმეტეს, ბიჭის დაბადება უკვე ამ კუთხეში გადარჩენის ჰიმნად ხმიანობს. ეს არის ზეიმი სოფლის გადარჩენისა. ახალი თაობის, ახალგაზრდების ხმამაღლობა აცოცხლებს სოფელს. და დაე, მარად ესვათ გაგურლებს ბარაქიანი, სამშვიდობო, საქორწილო, ძეობის და საქართველოს გამთლიანების სადღეგრძელო! „ღმერთო, გაავსე ყოველი მშრომელის სახლი მზითა და სითბოთი, ბეღელი - პურით, მარანი - ღვინით, ახორი - საქონლით, საკარია - ფრინველით და გული სათნოებით“, - ასე ილოცება თა
| რევაზ მგელაძე მეუღლესთან ერთად | მადა, რომელიც ცალკე ფენომენი და სუფრის ლაზათია. როგორც წესი, ის სიტყვახვავრიელი, სიტყვამადლიანი, სიტყვამხურვალი უნდა იყოს. თამადა რისი თამადაა, თუ არ გადააჭარბა ყველას სიტყვით, ლექსით, ანეგდოტებით. გურულებმა სხვანაირად იციან იუმორიც, სიმწარის ამოფრქვევაც და სიყვარულიც. მათ ისედაც ხომ მოფიქრება არ უნდათ იუმორის, ენაზე აკერიათ, რადგან სიცილიც ლაზათია. მომღერლებიც, სიმღერაც ლაზათია, სუფრის ლაზათი და სიცოცხლე. თედო სახოკია წერდა: „გურულ სადილს ამშვენებს მშვენიერი გურული სიმღერა, კრიმანჭულებით შემკობილი. მერე ტკბილი მუსაიფი, ოხუნჯობა, მოსწრებული სიტყვები“-ო. არ მოკლებოდეთ გურულებს კეთილი გული და სამხიარულო სუფრა, მაგრამ ძალიან ახლოსაა ლხინი ჭირთან, ქორწილი ქელეხთან, მობრძანდება სიკვდილი და თავის კერძს უბოძებს სოფელი; დაიტირებს, გააცილებს; კეთილი გულით და ღვინოში ჩაბუჟბუჟებული პურით მიცვალებულის შესანდობარს იტყვის, შესაფერის სიტყვაში მარჯვედ გახვევს, დროს გამოგლეჯს და მარადისობას გადაულოცავს საპატრონოდ და მოსაფრთხილებლად... სამხიარულო სუფრაზე თუ ჩხუბი მოუვათ თანასოფლელებს, ჭირში მაინც რიგდებიან და ცრემლებს ერთად ღვრიან. მიმტევებელნი არიან, არავის წირავენ... გაბუტული და ბოღმიანი გურული ბუნებაში არც არსებობს... დამეთანხმებით, რომ სოფელში ადამიანი რაღაც უფრო ბუნებრივს სწვდება, როგორც ხოსე ორტეგა ი გასეტი იტყოდა: ის არის “ადამიანური, მეტად ადამიანური”. აქ მეტია სიყვარული, მეზობლობა, უბრალოება, ურთიერთობები; თუმცა აქაც ბევრი რამ შეიცვალა. ყველა ისევ იმ ძველ დროებას მისტირის. გურულები ხუმრობენ: „ნეტა იმ დროს! - ახლაა აბა კარგი?- ინტერნეტი გამეთიშა და ოჯახის წევრები გავიცანი - რა კარგი ხალხი ყოფილანო! - ახლა ასეთი ცხოვრებაა!“ რაც შეეხება პირველ სადღეგრძელოს, ამაზე ეთერ ერაძე წერს: „ასე იწყებოდა ყოველთვის ქეიფი გურიაში. პირველი სადღეგრძელო ყოველთვის უფლის და მშვიდობის ილეოდა. შემდეგ იყო რეპრესიები, ეკლესიების რბევა, საბჭოთა კავშირი, ხალხის დაჩლუნგების ხანა. მაგრამ ხატები და რწმენა მუდამ გადამალული ჰქონდათ გურიაში. ხატები სხვენში, ნალიაში ან კიდევ ძველ სკივრში. რწმენას რაც შეეხება, რწმენა ყოველთვის იყო გულებში. ამ ბნელ პერიოდში სუფრის თავში სათქმელ სადღეგრძელოს ღმერთი ჩამოშორდა და მხოლოდ მშვიდობა დარჩა სადღეგრძელებელი. სწორედ მშვიდობის მადღეგრძელებელ გურულებს მშიშრებს გვიწოდებდნენ სხვები. "გურულები მშიშრები ხართ და პირველად მაგიტომ ამბობთ მშვიდობის სადღეგრძელოსო" ( სიმონა დოლიძისთვის, დათიკო შევარდნაძისთვის და სისონა დარჩიასთვის რომ ეთქვათ ეგ, მტრისას). მაგრამ ეს ყველაფერი წარსულია. დღეს კი გურულ სუფრაზე პირველი უფლის და მშვიდობის სადღეგრძელო ისმევა. ღმერთს მადლობა, ჩვენ მშვიდობა. უფლის მფარველობა არ მოგვკლებოდეს და მშვიდობიან გარემოში გვეცხოვროს!“-ო. ღმერთმა არ მოშალოს ლამაზი ტრადიციები და ერთმანეთის სიყვარული გურიაში. ეს ტრადიციები უნდა შევინახოთ და ახალ თაობას გადავცეთ. მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ „სადაც ტრადიციაა, იქ შხამიც ურევია და ვიღაცამ აუცილებლად უნდა გაუსინჯოს გემო“ (ხარანაული). ამას წინათ, სოციალურ ქსელში ერთი ენაკვიმატი გურული ახალგაზრდის, ლევან დოლიძის პოსტს წავაწყდი, სადაც თავის გულისტკივილს გამოთქვამს: „ქართველები ვართ სტუმართმოყვარე ერი! ჩვენ ვართ ის ხალხი, რომლებიც ვიღაც უცხოელ ტურისტს, სტუმრობისას, დავახარჯავთ მთელი ერთი წლის მარაგს: საჭმელს, სასმელს, გავწყვიტავთ შინაურ რქოსანს თუ ფრინველს და მერე ეს გამძღარი უცხოელი წავა მის ქვეყანაში და იტყვის, თუ როგორი სტუმართმოყვარეები ვართ და ამავდროულად განსაკუთრებით აღნიშნავს ჩვენს სიშტერეს, თუ როგორ დავახარჯეთ ვიღაცას ერთი წლის მარაგი. მაგრამ ყველაზე ცუდი ის კი არაა, რომ ჩვენ ერთი წლის მანძილზე ულუკმაპუროდ ვრჩებით. არც ისაა ცუდი, იმ ტურისტმა შტერები რომ გვიწოდა. ცუდი ისაა, რომ ამას ვაკეთებთ, რათა სხვის თვალში კაი ტიპები გამოვჩნდეთ. ამაყები რომ ვიყოთ. ჩვენზე რომ ილაპარაკონ. სიამაყე ჩვენი მთავარი თვისებაა, მაგრამ...... აი, ეხლა ვიტყვი მთავარს. მეგობრებო, ვიღაცეები კი არ ვაქეიფოთ გაძღომამდე, არც მათი ერთკვირიანი სიყვარულია აუცილებელი. ყველი და პური გამოვუტანოთ ჩვენს მეზობელს და ერთმანეთთან დავიწყოთ ურთიერთობა. გვიყვარდეს ერთმანეთი. ნუ ვიქნებით ქართველები ერთმანეთის მოძულე. ერთმანეთს ნუ შევხედავთ ზიზღით. დავივიწყოთ სიამაყე და ვიღაცეებისთვის თავის მოწონება. დამიჯერეთ, ის უცხოელი არ ჩამოვა შენს დასახმარებლად, წნევა რომ აგიწევს ან წაქცეულს წყალის დალევინება რომ დაგჭირდება. ამით არაფერს გასწავლით. უბრალოდ, მე ასე ვცხოვრობ. ჩემებთან მირჩევნია ვსვა, ვჭამო, ვიქეიფო, ხოლო ერთ კვირაში მჭადს და ყველს რო გამოვუტან, ვიცი რომ ზიზღით და იმედგაცრუებით არ შემომხედავენ. p.s. ქართული ციხე შიგნიდან ტყდებოდა ყოველთვის და ამ არაკაცობას რაც უნდა მოვუხერხოთ აწი ქე იცით. სარეველა უნდა ამოიძირკვოს!“ მართლაც, დამაფიქრებელი პოსტია. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, თბილისშიც კი, მეზობლებმა ვიცოდით ერთმანეთისთვის ჩვენი ნახელავის მირთმევა. არავის უჭირდა, მაგრამ ტრადიცია გვქონდა ასეთი. სითბო და სიყვარული სუფევდა. სხვათა შორის, დღესაც ასე არიან გაგურლები. მეზობლები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ ნახელავს, მჭადი იქნება ეს, ყველი თუ აჯაფსანდალი... მთავარია სურვილი, ურთიერთობა, სითბო და სიყვარული და ყველაფერი თავისთავად გამოდის. რაც შეეხება, უცხოელებისთვის თავის გამოდებას და მოწონებას, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, რაც ქართველებს არ გაგვაჩნია. კუდაბზიკობა ჰქვია ამას და მეტი არაფერი. ერთხელ ქორწილში მოვხვდი, ტრადიციულ ქართულ სუფრაზე; სიძე უცხოელი იყო. სიძის მაყრიონი ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და ქართველების მასპინძლობით გაოცებულები იყვნენ (ერთი წუთით არ მოუკლიათ ყურადღება მასპინძლებს სტუმრებისთვის, თან გადაჰყვნენ). სიძის მამამ ქორწილში ასეთი სადღეგრძელო წარმოსთქვა: „ყველაზე დიდი ძღვენი, რაც შეიძლება ადამიანმა ადამიანისთვის გაიღოს, ეს დროაო.“ ამ სადღეგრძელოთი ფაქტიურად სილა გაგვაწნა. მაგრამ მაინც ვერ მოვდივართ აზრზე ქართველები. გურული გლეხკაცებისგან გამიგონია: ძამა, არაა საჭიროა ამდენი: მობრძანდი, მიირთვი, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე. თუ ჩამოვიდა უცხოელი, თვითონ მიხედავს თავს, მთავარია ჩვენ შეურაცხყოფა არ მივაყენოთ. ზედმეტ მასპინძლობას სხვანაირად აღიქვამენ. ჩვენ რომ ჩავდივართ, ვინ გვიგებს ხალიჩებს? ასთე რომ, ზომიერებაა საჭირო.“ გლეხისგან რომ სიბრძნეს მოისმენ, ნებისმიერს შეშურდება. უნდა მოვუსმინოთ ამ ხალხს, რადგან ისინი სწორად აზროვნებენ. გლეხი რომ განსაზღვრავს და იტყვის, იმას სკოლაში და უნივერსიტეტებშიც კი ვერ ისწავლის კაცი... კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რითაც გამორჩეულია გურია, ეს არის იუმორი. ის აუცილებლად უნდა მოხვდეს ამ წერილში და თანაც მნიშვნელოვანი როლით. ცნობილი ამბავია. ჯანსუღ ჩარკვიანი აუხირდა, თურმე, ნოდარ დუმბაძეს: არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო… მიიპატიჟა გურიაში ნოდარმა სტუმრად ჯანსუღი. ჩაასხეს პოეტის „ჟიგულში» ბენზინი და წამოვიდნენ ხიდისთავისკენ. გამოსცდნენ დაფნარს და მათი თავგადასავალიც საჯავახოს გადასახვევიდან დაიწყო, სადაც გურული გლეხი დაემგზავრათ ჩოხატაურამდე. ვერ იცნო გლეხმა ვერც ერთი და ზის უკანა სავარძელზე თავისთვის, წყნარად. ჯანსუღი ენას არ აჩერებს, ხუმრობს და დროდადრო ნოდარს გადახედავს ირონიულად — ესეც შენი ენაკვიმატი გურულებიო! მერე გაეცნო გლეხს, პოეტი ვარო და თავისი ახალი ლექსების პატარა ბროშურა აჩუქა. გურულმა გადმოაბრუნა და ბოლო გვერდზე გადაშალა, იქ, სადაც წიგნებს ფასი აწერია, ხოლმე. პატარა ბროშურა იყო და ფასიც პატარა ჰქონდა — 15 კაპიკი. ცარიელი რვეული 20 კაპიკი ღირს, ბიძია, და რას წერ ამფერს, შენი წიგნი 5 კაპიკით ნაკლები რომაა?! ხმა აღარ ამოუღია ჯანსუღს. ის კი არა, ისე ინერვიულა, გზაზე არხეინად მიმავალ გოჭს დაეჯახა და სული გააფრთხობინა. გააჩერეს მანქანა, მიიხედ-მოიხედეს და კაციშვილის ჭაჭანება არაა გზაზე. ახადეს მანქანას საბარგული და ის იყო გოჭი უნდა ჩაედოთ შიგ, რომ მაღალი მთის კალთაზე დაკიდებულ ყანაში მომუშავე გლეხმა გადმოსძახა: ნოდარა, ბიჯო, არ მითხრა, ახლა საავადმყოფოში მიმყავს მაი გოჭიო! დადევი მაქანე და მასტუმრე მაგი ხალხი! ჯანსუღმა საბოლოოდ მოკაკვა თითი. სოფელი, ქუხნა, ბუხარი და გარეთ თოვლი იდეალურ ატმოსფეროს ქმნის სოფლის თავყრილობებისთვის და ყველა პრობლემის დასავიწყებლად! ბუხრის ამინდებს
| რევაზ მგელაძე შვილთან, დათოსთან ერთად | უწოდებენ ჩვენსკენ მოჟამულ ამინდს. მაგფერი ამინდია ზოგისთვის სწორედ „ამინდების მეფე“. მოკლედ, ზამთრის ცივი დღეა. მიწა ატალახებული, მოქნეული თქრეშო წვიმა. ამ დროს ინთება ბუხარი, რომელშიც ჯირკი გუზგუზებს. აიწვერება კვამლი საბუხრეებიდან. იშლება სოფლური ტაბლა. სახლის უკანა მხრიდან, საკარიაში, გაისმის მამლის ყივილი. მეზობელი ჩივა: „აი,მამალი ვოკალით ვერ გამეირჩევა ან გაციებულია და ხმა აქ ჩახლეჩილი. რათ გინდა ბიჯო მაი ხრინწიანი მამალი. გლანდების ოპერაცია გუუკეთეთ და ქე დეისვენებს მაი გაჭივრებული. თბილ-თბილი რძე მუუხდება მაგას!.. ან კიდო თბილი ღომი კაი ხარჩოთი“. მოკლედ, ბუხრის სიმხურვალით გამთბარ ქუხნაში იკრიბებიან მეზობლები. ამ გარემოში ყურადღებას იქცევს კეცი, სხვადასხვა ზომის ქოთნები, ჩახანა, ლაფერა. შუა ცეცხლის თავზე ჯაჭვ-საკიდლით ჩამოკიდებული რვალის ქვაბი. ასევე ჯამ-ჭურჭლის დასაკიდებელი ხარიხები, ქანდარები, სპილენძის ქვაბები. მაგიდაზე ცხელი ყაურმა დევს, აქეთ მჭადი და ყველია პრასთან ერთად. დესერტად შემწვარი ხაპერაა გამოტანილი, იგივე გოგრა, რომელსაც შედარებით თხელი, ცელოფანივით კანი აქვს, ამიტომ ქერქიანადაც იჭმევა. და რა თქმა უნდა, აქვეა ადესაც. შეშის ტკაცუნის და ბუხარში ცეცხლის შიშინის ხმას ჰარმონიულად ერწყმის მეზობელი ქალების ხორხისმიერი გადაძახილები ერთმანეთში: -გუგულიე უუუუუუუუუუუუ! -ხო ელიჩკა ხოოოო!? -ჩემი ინდოურები შენსას არიეენნნნნ ?! -ჩემსას არიენ ცა, ჩემსააასსსსს! -გამოდენა და შეგხდები აგერ ელანძე რაიააააა! -ამინუჩი ცა, ამინუჩიიიიიი... ამ უუუუუუ-ს მარტო გურული მიხვდება რაცაა, რაფერ იცლება ამ დროს ფილტვები და რაფერ ემზადება მორიგი უუუუუ-ს ამოსახეთქად. მიუხედავად იმისა, რომ მობილური ტელეფონები არსებობს, გურული ქალები მაინც, ტრადიციას არ ღალატობენ, ბანზე გადმოდგებიან და დაიძახებენ ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევით, ხორხისმიერად შეტყობინებას უგზავნიან ერთმანეთს. ეს ხმა აქეთ-იქეთ ეხლება, მთელ სოფელს ეფინება ელვასავით, დამიზნებულად. გაზაფხულის ხვნა-თესვის დაწყებამდე და სოფლის გამოცოცხლებამდე ჯერ კიდევ შორია. ამ დროს სევდიანი სიჩუმე ისადგურებს სოფელში. ადგილობრივი მამაკაცები ერთფეროვანი და მომაბეზრებელი ყოფისგან განსატვირთად ქუხნაში იკრიბებიან. ამოაბოლებენ ერთი ამოთქმით ჩიბუხს, თითქოს დარდი ამოაქვთო. მიაშტერდებიან ცეცხლს. მისტიურად ჩაფიქრდებიან ცეცხლთან „დიკენსის გმირივით“. პაწე შეშას მიამატებენ ბუხარს, შემოიტანენ გარედან ფიჩხებს, ბუხრის ძირში შესაშრობად და მიდის გახურებული საუბარი. საუბრის თემა: პოლიტიკა, ღორი, ძროხა და ეკონომიკაა... პირველ რიგში - პოლიტიკა! გურული გადატეხილი პრიმის "ბიჩოკით"- რაიო, რა თქუა იმ მათხუარმა რეიგანმა. „გურულების ბუხრისპირული“ ამბებიდან: „-რაიო, რას იძახიენ ახალს იასონა ბიძია თუ იცი? რამფერი ამბავია უკრაინაში? - რაიო ბიძია და პუტინი იძახის, თქვენ რომ გგონიენ არაა თლათ მასე მაიო, მაი ადგილი ჩვენი იყო უწინო და ტყულე ღლაბურცობთ, მე მაქანე ამერიკას არ დავაყენეფო, აი ხალხიც ჩვენია და აი მიწაცო, მიწა დაალაგდა მაგას გულზე. ახლა ამერიკა უძახის აქიდან, გადიარე ზეთ და წაი მაქიდან თვარა, მერე რაცხა მოგივა, მაი არ იქნება ჩემი ბრალიო. უკრაინელებს არაკაცი არ ეკითხება აფელს, ჟდანარიენ და უყურებენ. აი მიშაიე დეიარება ზეით-ქვეით, დარბის დურმიშხანეს ძუნკალი ძაღლივით, ატლიკინებს ენას ისე რომე, რომ დეიწყებს კაკუნს რეზოიეს წისკვილი რაია მაგასთან. ეჰ, რა ვიცი ბიძია, აგენი ისე იზამენ, კაცს არ დატიებენ დუნიაზე ვატყოფ მე...“ ხოდა, რაზე გავჩერდი ძამა და ასე გრძელდება აზრების გაცვლა-გამოცვლა და ფრქვევა. ასე ხუმრობენ გურულები, ამ ხუმრობა-ხუმრობაში ეწევიან თავიანთ ცხოვრებისულ ტვირთს და იმედი აქვთ, რომ ბოლომდე გაიტანენ. ყველა თავის საზიდარს ეწევა; შვილებს შეჰხარის, ვაზს შეჰხარის, ბაღს შეჰხარის. ცხოვრება კი დაუდგრომლად მიედინება თავისი ტკბილ-მწარე მიმოქცევებითა და ცრემლიან-სიციალიანი შენაკადებით. როგორც ჰერმან ჰესე ამბობს: ,,იუმორი ტრაგიკულ, მაგრამ მაღალნიჭიერ ადამიანთა გამოგონებაა. მხოლოდ მას ძალუძს ქმნა შეუძლებელის. იგი თავს უყრის და საკუთარი სხივებით აცისკროვნებს ადამიანური ბუნების ყველა კუთხე-კუნჭულს. იუმორის წყალობით შეიძლება ცხოვრობდე ქვეყნად, მაგრამ შენად არ იგულვებდე ქვეყანას, პატივს სცემდე კანონს და მაინც მასზე მაღლა იდგე, მფლობელი გერქვას, არადა ,,ცარიელ-ტარიელი" იყო." ასეთი თავყრილობები სოფელში არა მარტო სოციალურ-პოლიტიკური განწყობილების გაღვიძებასა და გამოხატვას ემსახურება, არამედ ამას სხვა სახელიც ჰქვია. ერთმანეთის მონატრება, კომუნიკაციის მძაფრი სურვილი და სისხლის ყივილი. გურიაში სულ იციან თქმა, ერთგავრი დაპატიჟება: „გამეიარე ელანძე“. შარაზე რო კაცი ჩეივლიდა და თავის ეზოში მოფუსფუსე გურული გლეხკაცი თვალს მოჰკრავდა, მაშინათვე შემოიპატიჟებდა სახლში. გამრჯე კაცს ღვინო სულ კაი ჰქონდა სახლში, გინდ ცოლიკაური და გინდ ადესაი. სამი ჭიქა ოტკა გასახურებლად თავიდანვე, ამასობაში სუფრაც ხაზირი იყო და სტუმარიც აჭიკჭიკებული. ტრადიციული ნაუცფათარი სუფრა ჯორკოზე, კაკლის ძირას და საწებლიანი ქათამი მშრალად. მაგრამ, სტუმარი თუ არ შემოვიდოდა სახლში, ოჯახის დიასახლისი ხაჭაპურს გზაში დააწევდა. ჩემს ბავშვობაში მახოვს, ადრე სტუმარი რომ გვეწვეოდა, ერთ-ორ ჭიქა არაყს, თხილს ან ჯანჯუხას მივართმევდით, რომ გუნებაზე მოსულიყო. ამასობაში ოჯახში ხაჭაპურის ცხობა და დასაკლავი ქათმის კრიახი მიდიოდა. ქეიფი მერე იწყებოდა. ბევრგან ახლაც ასეა. ერთი გურული, ენამოსწრებული ტუღუშის ქალი იხსენებს: „ნენააა ბებიაჩემი იყო მართლა მაკვარანცხი გურული, მშრომელი ქალი იყო ძალიან, 29 წლის იყო, რომ დაქვრივდა და მას შემდეგ სამი შვილი ისე გაზარდა, მუხლი არ ჩაუხრია ქალს, სტუმარი რომ მოვიდოდა, ბებიაჩემი ხაჭაპურს ლამის მზად ახვედრებდა და თუ არ გამეიარდა, მართლა ჭიშკართან აწევდა. ერთ დღესაც მობრძანდა მეტად საპატივცემულო სტუმარი და გეიშალა გურული სუფრა, დეიკლა თიკანი (თხაი ჩოხატაურიდან ოზურგეთში ფეხით ჩამეიყვანა, ნენა, მე რომ დევიბადე), სახლში ყაზახი ახლა არავინ არ იყო და არცა როის დაჭირვებია სმაში ბებიაჩემს, ხოოდა შენ ხარ ჩემი ბატონი, მოსაღამოვდა ამ პურ-მარილში, არც ბებია ამდგარა ზეთ და არც სტუმარი, ისე რომ გეეგოთ, გარეთ რაფერი ამინდი იყო. რომ შებინდდასავით, წამოდგა ცალგვერდად სტუმარი კაცი და ამეილუღლუღა: თამარია ქი დამათრე პაწაო, დიდი ვაგლახით გევიდა კარში, გაყვა კედელს და მერე ღობეს, მივიდა ცხენთან, შეფორთხიალდა ზეთ და ამასობაში ბებიაჩემიც მივიდა ახლოს, უყურებს და ენას ვერ იდგამს, კტება სიცილით. მეზობელმა გამეიარა და იმას გადუუძახა: შენი ჭირიმე ზაურია, თვალი მატყუებს, დავთვერი თუ აი ცხენი უკან მიდისო, ატყდა იქიდანაც ხორხოცი, ამასობაში გაჭენდა ცხენიც, წევიდა სტუმარი პირუკუღმა. ასე დაათრო ბებიამ კაცი და შეჯდა ის დალოცვილი უკუღმა და ამის მერე დღემდე ლეგენდად არის შემორჩენილი, თამარია ტუღუშის ქალმა კაცი დაათრო და ცხენზე უკუღმა შესვაო. ჰოდა ასთე ვსვამ მეც. არკაცი არ შემეჯიბროთ, არ გადამრიოთ აქანე. ათს რომ აგაცილებს მშვიდობიანად და სამოთხეში რომ მიგიყვანს, იგია გურული ქალი“. ახლა კი სოფლის თავკაცი, დათო მგელაძე უნდა გაგაცნოთ, რომელიც ამავდროულად უბადლო თამადაცაა. დათო გაგურში დედასთან, ქალბატონ გიული მიქელაძესთან ერთად ცხოვრობს. მშრომელი, განათლებული, ტრადიციების მიმდევარი და წესიერი ოჯახია. გამარჯობას ხალისით და რიხით გეტყვიან. თავს ძალას არასდროს ატანენ. სტუმრის მიღებაც კარგი იციან და მეზობლობის მადლიც. ქალბატონი გიული მიყვება: „250 წელია, რაც ეს გვარი აქ ცხოვრობს, ჩემი ოჯახი კი 52 წლისაა. მეუღლე 1991 წელს გარდამეცვალა. მე მაშინ 43 წლის ვიყავი. მყავს ოთხი შვილი, ექვსი შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი. აქ რომ მოვედი, საუკეთესო სოფელი იყო. საუკეთესო ხალხი ცხოვრობდა. ერთი ჭირი, ერთი ლხინი, ერთი სუფრა. არცერთი ოჯახის კარი არ იკეტებოდა (დღეს კი ზოგი კეტავს). ჩემი კარები კი სულ ღიაა. ნელ-ნელა მიდის ის ძველი ხალხი, ჩემი თაობა. სულ რამდენიმე დავრჩით. იმდენად დიდი სითბოა აქ, რომ ქალაქში აღარც მინდა გახედვა. რომ ჩავდივარ, გარეთ გასვლაც არ მინდება. მიუხედავად ბევრი ცვლილებისა, აქ მაინც შემორჩენილია ის სული და სითბო. სოფელი მაინც სხვანაირად თბილია. რაც არ უნდა ვაწყენინოთ ერთმანეთს, მაინც ვპატიებ
| დათო მგელაძე სკოლაში | თ და ერთმანეთის გვერდში ვდგავართ, როგორც შეგვიძლია. ამ ოჯახს მომდურავი არავინ ჰყავს. სამწუხაროდ, დღეს ახალგაზრდებმა აღარც ქალაქში ივარგეს და აღარც სოფლად. ყველა საზღვარგარეთ გარბის. შეგვჭამეს ფაროსანებმა. მოსავალი მოსავალს აღარ ჰგავს. გადაგვარდა ხილი. უმადურ შრომას გაურბის ხალხი. გაურბის სოფლის ტალახს, ბოსლის სუნს, მიწასთან ომს, ქარს, ავდარს, თქეშს; შიშს გაურბის. ვაითუ არ შემარჩინოს მთელი წლის ნაჯაფი ბუნების სიავემო. ხალხი გარბის თურქეთში სამუშაოდ. პატარები რას იზამენ, არ ვიცი. სამწუხაროდ, არსებობისთვის ბრძოლას ეწირება ადამიანების მთელი რესურსი. სხვა ქარმა დაუბერა და სოფელიც მას აჰყვა, მაგრამ საბოლოოდ მაინც, უკეთესის იმედი და მოლოდინი გვაძლებინებს. მიხარია, როდესაც ამ სოფელში იქმნება ოჯახები და სოფელს ემატებიან ბავშვები. ახალგაზრდობის ხელი სჭირდება სოფელს. ახალგაზრდობა უნდა გაუძღვეს ყველა საქმეს. იგი უნდა იყოს ინიციატორი, ორგანიზატორი და შემსრულებელი. რაც მთავარია, აქ მცხოვრებ ხალხს შერჩა გაძლების და ერთგულების ნიჭი. ბევრი წავიდა, მაგრამ ერთეულებმა გაბედეს უკან დაბრუნება, თავის გულის კარნახით და ეს გაბედვა გმირობის ტოლფასია. აქაური ჰაერი რომ დაჰკრავთ გაგურლებს, ასე ჰგონიათ მეტსაც იცოცხლებენ, თუ დაბრუნდებიან და აქ ჩაათავებენ თავიანთ ბოლო ხვედრს...“ მაგრამ ურბანიზაცია საყოველთაო პრობლემაა. ბევრს გამოსავლად მიაჩნია მეცნიერულ-ტექნიკური სიკეთეებით და რაც მთავარია, სამსახურით, ფულით უზრუნველყოფილ ევროპაში წასვლა და გადახვეწა. ეს ის შეუვალი სიმართლეა, პრაქტიცისტული ინტერესებიდან გამომდინარე, დამაფიქრებელი, მტკივნეული, დაუძლეველი სიმართლე, რომელსაც მშრალი აგიტაციით ვერ დაძლევ. მას ახალი შეუვალი სინამდვილე უნდა დაუყენო პირისპირ. ეს სინამდვილე კი ადვილი შესაქმნელი არ არის. საბედისწერო ჟამი უდგას სოფელს და მთელ ქვეყანას. არ არის ადვილი ადამიანების აქ ცხოვრება. პათეტიკური საუბარი კარგია, მაგრამ სამწუხაროდ, სოფელი მარტო ეგზოტიკა არ გახლავთ. სოფელი და საქმე თხოულობს ჭეშმარიტ გულშემატკივრობას, ხალხის საარსებო პირობების გაუმჯობესებას. თედო სახოკია წერს: „გურულის ანდერძი ის იყო, მირჩევნია ჩემს სოფელში მოვკვდე და ჩემს სოფელშივე დამიტირონო.“ ჭეშმარიტება ზოგადია და ლმობიერი. ხოლო ცხოვრება სინამდვილეა და ულმობელი. ყველას თავისი გზა აქვს, ჭეშმარიტებამდე მისასვლელი. აქაურებიც თავისი ნაბიჯებით სიარულს არჩევენ. სამკალი და საქმე სოფელში ბევრია, მომკელი კი ცოტა. დღევანდელი სოფლების შეგნებული მნახველი იმედგაცრუებული უნდა დარჩეს, გულნატკენი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გულგრილი ყოველივე იმით, რაც მომხდარა და ხდება აქ. დღემდე არ არის აქ აფთიაქი, ამბულატორია. აფთიაქი, მართლაც რომ, წამავალივით სჭირდება აქაურობას. როგორმე იქნებ იყოს ვინმეს კეთილი ნება და პატარა საწარმო მაინც აშენდეს გაგურში. სხვა სიკეთესთან ერთად, ეს საწარმო რამდენიმე კაცის დასაქმებასა და დამაგრებასაც უზრუნველყოფს ამ კუთხეში. აქაური ნიადაგი და ჰაერი ხელს უწყობს ყოველგვარ უმაღლეს კულტურას და ამიტომაც აქაურებს ყოველთვის სამყოფად ჰქონდათ ბუნების ნაბოძები ყველანაირი პროდუქტი, მაგრამ ახლა გაჭირდა ცხოვრება. ვიღაცისთვის ღარიბი ქართული სოფელი ეგზოტიკაა, ვიღაცისთვის კი - რეალობა. „თუ ამოწყდა გლეხი კაცი, საქართველო დაძაბუნდება“ - ეს სიტყვები არჩილ მეფეს ეკუთვნის და ბააკა ხერხეულიძემ გაიმეორა, ის გიორგი სააკაძის თანამებრძოლი და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო... ეს სიტყვები მან ბრძოლის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე თქვა, როცა მტრის განადგურების სტრატეგიას არჩევდნენ სარდლები. ახლა სხვა დროა. მართალია, არ ვიბრძვით, მაგრამ თუ გლეხი კაცი სოფლიდან გამოაძევა ფაროსანამ თუ სხვადასხვა ჭირმა და უბედურებამ და ყურადღება არ მიაქცია მთავრობამ, საქართველო მართლაც დაძაბუნდება....ამ სოფელმა უმდიდრესი სულის ადამიანები აღზარდა, რომელთაც აქ გაატარეს ბავშვობა და აქაური სითბო გაიყოლეს ცხოვრებისეულ საგზლად. ბევრი მათგანი უკვე იმ ქვეყნად გადასახლდა. მათი მადლით და ლოცვით იქნებ ინებოს ღმერთმა და კვლავ აღორძინდეს ეს სოფელი. ამ ქვეყნად, რაც რამ სიავესა და ბოროტებას დაუნგრევია, სიკეთეს და სიყვარულს მოუშუშებია, განუკურნია, თავისი ძალითა და შემართებით; ბოროტება უცხოა, თავსმოხვეულია. მას არსი არა აქვს, სიკეთის თვისება კი ისაა, რომ იგი მარად აღდგება. ადამიანები ცხოვრობენ სიკეთესა და ბოროტებას შორის. ზოგი სიკეთეს და მშვენიერებას უახლოვდება, ზოგი კი სიმახინჯეს. ბოროტება არ უნდა გაგრძელდეს. ტრაგედია სწორედ ბოროტების ხანგრძლივობაა. მეც ეს ყოვლისგადამლახავი სიკეთის რწმენა მასულდგმულებს.“ დათო მგელაძე იმ გამონაკლის ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც „გაასფალტებულ“ თბილისშიც კარგად ეცხოვრებოდათ, მაგრამ დღე და ღამე არ ასვენებდათ მშობლიური კუთხის ყივილი და ზოგიერთებისგან განსხვავებით ამ ყივილს არ წაუყრუეს, ვერ შეელივნენ აქაურობას და ისევ ძველ ადგილს მოაკითხეს... „შემეძლო სხვაგან წასვლა. დამკვიდრებულიც ვიყავი თბილისში, ბინაც მქონდა, ვმუშაობდი. ალბათ მიწის ყივილი ჰქვია ამას, ანდა ბავშვობის მონატრება, თუნდაც, მიჩვევა. ყოფილა ხშირად ასეთი რამ. თბილისიდან მატარებელი ღამის პირველ საათზე ჩამოდიოდა და შუხუთში ჩერდებოდა, სადაც მამიდაჩემი ცხოვრობდა. ღამის გასათევად ჩემთვის ოთახი ყოველთვის მზად იყო. შეთავაზებაც არ მინდოდა. დავწვე თუ წავიდე-მეთქი, - ვფიქრობდი, მაგრამ ვერ ვისვენებდი და ფეხით ამოვდიოდი გაგურში, წვიმაში, ავდარში. რაღაც ძალა მიზიდავდა და მეწეოდა. მონატრებასაც ვერ დავარქმევ ამას. სამი-ოთხი დღის წასული ვიყავი და რა მონატრება უნდა მქონოდა?! ეტყობა, ადამიანს სულ რაღაც გიზიდავს იმ ადგილისკენ, სადაც დაიბადე. როგორც არ უნდა იცხოვრო. სადაც არ უნდა წახვიდე, ის მაინც ყოველთვის გახსოვს. აქ მცხოვრებთაგან ყველაზე მძაფრად მახსენდება დათიკო თოხაძე. 100 წლის პროფესორი კაცი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. ოჯახიც იქ ჰყავს. ომის დროს წავიდა და 50 წლის მერე ჩამოვიდა. გაიშალა დიდებული პურ-მარილი და 50 წლის შემდეგ ჩამოსულმა კაცმა რა იკითხა, არ გაინტერესებთ? - ბედია მგელაძესთან ბილიკით რომ გავდიოდით, ის ბილიკი ისევ არისო? თურმე ყოველდღე ახსენდებოდა თავისი ბავშვობა და უფაქიზესი წვრილმანები, რომლებიც უკვე ჩვენს ხსოვნაშიც გამქრალი იყო. ყველა, ბავშვობაში ფეხდადგმული ადგილი საგულდაგულოდ მოინახულა. ეჰ, მართლაც რომ, „ნაფეხურებს უბეში ვერ შეაგროვებ“. მაშინდელმა ბავშვებმა აქაურ სკოლაში კარგი განათლება მივიღეთ. პედაგოგები მარტო საგანს კი არ გვასწავლიდნენ, არამედ, უპირველესად, ცხოვრებას, სიკეთეს, კაცობას. დღევანდელი მდგომარეობით ოთხი სკოლაა აკეთში. ბავშვები ცოტანი არიან, მაგრამ კოლექტივი კარგია. ერთ ბავშვზე ოთხი ხუთი მასწავლებელი მოდის. კომუნისტების დროს ბრიგადირი ვიყავი. 1991 წლიდან ვმუშაობდი ჯერ უბნის უფროსად, მერე კი კოოპერატივის თავმჯდომარედ. ამასობაში ყველაფერი ინგრეოდა. ჩაის ფაბრიკაში ვმუშაობდი ცვლის უფროსად. სოფლის თითოეული ოჯახიდან ერთი ან ორი წევრი მაინც იყო დასაქმებული ამ ფაბრიკაში. უზარმაზარი ფაბრიკა იყო. საკონსერვო ქარხანაშიც ვმუშაობდი. ჩაის კრეფა იქნებოდა, პროდუქციის ჩაბარება თუ დამუშავება, - ყველა ოჯახი ჩართული და დასაქმებული იყო. აქ საღდებოდა და ბარდებოდა ყველანაირი ხილი: ტყემალი, ვაშლი, ციტრუსი, მსხალი. ასე თუ ისე, ცხოვრება ჩქეფდა. მარტო კომუნისტების დროს კი არა, მერეც, 5-6 წელი მუშაობდა პროგრამა, რომელმაც თითქმის შიმშილს გადაარჩინა სოფელი (ორ-სამ სოფელში ხორციელდებოდა ეს პროგრამა). ცხონებული ანზორ კილაძე გახლდათ მაშინ მენეჯერი (ახლა რომ ბიზნესმენებს უძახიან). პირველი ცივი ჩაი სწორედ მან გამოუშვა. მერე კი ჩვენთან გადმოიყვანეს. მაშინდელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, სამი-ოთხი სოფელი მთლიანად აგროფირმის პროექტში ჩაება, რომელიც ანზორ კილაძემ თავისი რესურსებით მოიპოვა. ეს იყო ჩვენი და გერმანიის ერთობლივი პროექტი, რომელიც სოფლის მცხოვრებლებს აფინანსებდა არა ფულადად, არამედ ნატურით (პურით, შაქრით, ფქვილით, ზეთით) გასცემდა საზღაურს, გლეხების მიერ გაწეული შრომა დღეებისა და მოკრეფილი ჩაის რაოდენობის მიხედვით. ეს ანაზღაურება ნაშრომის მიხედვით ხდებოდა, მაგრამ ამის გარდა სხვა შემთხვევაშიც, როცა, მაგალითად, ვინმე ხეს ან ბზას დარგავდა სოფელში ან კვლებს გაიყვანდა, იმაზეც დამატებით გაიცემოდა საზღაური ნატურალური სახით. ამ პროგრამამ ძალიან დიდი როლი ითამაშა იმ დროს. სხვა სოფლებიდ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ანაც (აცანიდან, მამათიდან და ა. შ.) შემოჰქონდათ მოკრეფილი ჩაი, რომ მათაც მიეღოთ ეს პროდუქცია და ჩართულიყვნენ პროგრამაში. სხვათა შორის, ჩაის ფაბრიკა საკმაოდ დიდ ხანს შევინარჩუნეთ ხელუხლებლად. თითქმის 2012 წლამდე. ამის მერე კი, სამ თვეში, ფაბრიკა გაიყიდა და ხელაღებით გაანადგურა ხალხმა. 30-40 კაცი ყოველდღე ვმორიგეობდით, რომ როგორმე გადაგვერჩინა. მილიცია, პროკურატურა, მთელი ძალოვანი სტრუქტურები ჩართული იყო ამ პროცესში. რომ როგორმე ხალხი დაეშინებინათ. ყველაფერი გახვეტეს, ჯართად გაზიდეს. დარჩა შენობა კარღიად, ქარის ანაბარად. ადრე ნატაძრალები იყო ასე. ხალხიც, რა თქმა უნდა, უმუშევარი დარჩა. მერე ყანის დათესვაც პრობლემა გახდა. სამი-ოთხი წელი იყო შემუშავებული პროგრამა, რომ ყანა დაეხნათ. ყოველ შემთხვევაში, რაღაც შეღავათი მაინც იყო. ამ პროგრამის შეჩერების შემდეგ, ყანების 70 % დაუთესავი დარჩა. რაც დაითესა, მგონი, ისიც განადგურების პირამდეა მისული. რა გამოსავალი არსებობს ამ ვითარებიდან? სოფლის მეურნეობამ ძლიერი დარტყმა მიიღო. სოფლის დასუსტება აშკარად ვიღაცის ინტერესებში შედის. გამოსავალს ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავ, სახელმწიფომ გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხები რომ მისცეს ხალხს, რაიმე საქმის წამოსაწყებად, იქნებ კიდეც გაუმჯობესდეს მდგომარეობა. რადგან, მოგეხსენებათ, რაც უნდა პატარა იყოს საქმე, უზარმაზარი თანხა სჭირდება მის განხორციელებას. ერთადერთი შემოსავალი არის თხილი, რომლის იმედათაც ზოგს ბანკიდან ვალი აქვს გამოტანილი. მაგრამ, სამწუხაროდ, ასი ცალი თხილიდან წელს ხუთი ვერ გამოვიდა. რადგან ერთი ცალი ფაროსანა ორას კვერცხს დებს და სასტიკად მრავლდება. არ მინდა უმადურობა დამწამონ, მაგრამ ჩვენს სოფელში გზებს რომ აგებს ჩინური კომპანია, მე იმთავითვე წინააღმდეგი ვიყავი ამ ამბის. არ მინდა ჩინელებს შეურაცხყოფა მივაყენო, გზა კი გაკეთდა, მაგრამ მათ ჩვენი კულტურის და ადათ-წესების არაფერი გაეგებათ. მანქანის მტვერი ედება ყველაფერს: ფოთლებს, ბალახებს. ყველაფერს ფარავს მტვერი. იღებენ ერთ ადგილას ტალახს და გზის მეორე მხარეს, ყანებისკენ ყრიან. ზოგიერთებმა ქართულიც იციან, მაგრამ არ იფიქროთ, რომ დაგელაპარაკონ. დეპუტატი მივიყვანე, მაგრამ არანაირი ყურადღება არ მოუქცევიათ. განაგრძეს მუშაობა. საშინელი ხმა ისმის. „გრუზავიკების“ ხრიგინი ფარავს ყველა ხმას. ყოველ ხუთ წუთში უზარმაზარი მანქანები დადიან ერთმანეთის შემხვედრი მიმართულებით. ვინმე აკონტროლებს, თუ რა სიღრმეზე შეიძლება ჩავიდეს მდინარეში ტალახი და ქვების ხროვა?! იქეთ ხანძარი, აქეთ ნგრევა, ფაროსანები. ვფიქრობ, ყველანაირი გენოციდია ქართველელთა მიმართ; ეკოლოგიური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური. ჩვენი, ყველას გულისტკივილია ასევე ის, რომ აღდგომა დღეს ეკლესია დაკეტილია. ადამიანი რომ შევიდეს და სანთელი დაანთოს, ამის საშუალება არ არის. არადა არაფერი აღარ აკლია ეკლესიას დასამთავრებლად. თითქმის გარემონტებულია. ოთხი სოფლის ნატვრა იყო, რომ ეკლესია აღმდგარიყო. მივაღწიეთ იმას, რომ გარემონტდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერაც მოქმედი არ არის. კარგი ნათქვამია: „ფულის უქონლობა კი არა, ნიჭიერთა და მხნე კაცთა უყოლობა ქმნის ერსა უღონოდ“. მინდა გავიხსენო ძველი ხალხი და ძველი ტრადიციები. ბიძაჩემი, ამირან მგელაძე, ფოსტალიონი გახლდათ. ცოტა დალევა უყვარდა. ძველი ბუფეტი გვედგა სახლში, რომელშიც მის ნორმა საჭმელს ყოველთვის ვტოვებდით. გამოაღებდა, თავის წილს მიირთმევდა. ჩვენი სახლის კარი სულ ღია იყო. მილიონიც რომ დაგედო, ხელს არავინ ახლებდა. მეზობლები ეხმარებოდნენ ერთმანეთს. ახალგაზრდები შეშას უპობდნენ და უზიდავდნენ უძლურ მოხუცებს და ამას აკეთებდნენ უანგაროდ, თანაც არა ერთხელ და ორჯერ. ეს იყო ტრადიცია. კიდევ არსებობდა ალილოს ტრადიცია. იმ თაობის ხალხი შეიკრიბებოდა. დაიწყებოდა მთელი ღამე ქეიფი. სამ ჭიქაზე მეტს არ სვამდნენ. ზედმეტი ლაპარაკი ან უწმაწური სიტყვა არ იყო მოსული. ისე კვდებოდა აქაური ხალხი, არამც თუ გინება, ცუდი სიტყვაც არასდროს აღმოხდებოდათ ბაგიდან. მამაჩემი რევაზი რომ გარდაიცვალა 1991 წლის 30 ოქტომბერს, იმ ახალ წელს სოფელში თოფი არავის გაუსროლია. სხვათაშორის, არც უმღერიათ 40 დღის განმავლობაში. ხელით დაასაფლავეს, ბარი და ნიჩაბი არ გამოუყენებიათ; პეშვით მიაყარეს მიწა. 2002 წლის 28 აგვისტოს, სოფელში პირველი მარიამობა (მარიობა) გადავიხადეთ ლადო ჭეიშვილის სახლში, მისი შვილის, ლაშა ჭეიშვილის თაოსნობით. გვინდოდა, ჩვენი სოფლის დღესასწაულად საგანგებოდ ერთი დღე დაგვეწესებინა და ამ დღეს ყველას ერთად მოგვეყარა თავი. ხოდა ასეც მოხდა. პირველ წელს „დვიჟოკიც“ კი ჩავრთეთ. ზოგმა თხილი დადო, ზოგმა ფული. ზოგმა ღვინო მოიტანა, ზოგმა ქათამი. ერთი სიტყვით, რიგიანი პურ-მარილი გაიშალა. ას ოცმა კაცმა მოიყარა თავი. ამ სოფელში მცხოვრები მეზობლები, განურჩევლად ყველანი, გურულებიც და ქართველი მუსულმანებიც იყვნენ სუფრაზე, რომელსაც მე ვთამადობდი. ლაშა ჭეიშვილის ბიძა, ალფესი ინსულტგადატანილი იყო. წელიწადნახევარი უვლიდნენ ძმა და რძალი და, როგორც იქნა, საღ გონებაზე დააყენეს. რომ ვიქეიფეთ, დალია ღვინო. სადღაც 12 საათი რომ შესრულდა, ავად გახდა. ვეღარ გადაიტანა და ორი დღის მერე გარდაიცვალა. მეორე წელს ლაშამ მითხრა, შენთან გადავიხადოთ მარიამობაო და მე ვუთხარი (ხუმრობით, რა თქმა უნდა): მაგ დღეს ქე დაასაფლავე ბიძაშენი და მე რაღას მერჩი, სიცოცხლე მინდა-მეთქი. იმავე წელს დავაწესეთ გიორგობის აღნიშვნის ტრადიციაც და მთელი სოფელი ჩემთან შევიკრიბეთ. გული მტკივა იმაზე, რასაც ჩვენს თანამედროვეობაში ვხედავ. ზოგი ისეთია, რომ ოღონდ ტრადიცია დაარღვევინე, ოღონდ სხვანაირად რამე აფიქრებინე. ჩემი აზრით, ეს ლამის მოდად და ,,ბონ ტონად" ქცეული ტრადიციათმებრძოლეობა (ასევე რელიაგიათმებრძოლეობა) სულაც არ არის დიდად ტაშდასაკრავი... ოთარ ჩხეიძეც თავის დროზე ამ “წუხილს“ გამოთქვამდა და რეზო ინანიშვილზე წერდა, რომ მას აღელვებდა ქელეხის ტრადიციული სახეობის დარღვევა, სახეობისა: „წუხილის, გლოვის ულაზათიანესი და უმაღლესი გამოხატულება რომ იყო. მაგრამ მალე გაირკვა, რომ ეს კამპანია წამოწყებულიყო ხელისუფლების მიერ, – მაშინდელი იმპერიული ხელისუფლებისა, – და უკავშირდებოდა ერთიან ბრძოლას ეროვნული ხასიათის წინააღმდეგ, ეროვნული ენის წინააღმდეგ, ერის წინააღმდეგ. მალე გაირკვა და წუხდა რევაზი: რას გვიშვრებიან, რა ხერხებს მიმართავენ, რა მახეებს გვიგებენო. წუხდა, ხერხი უამრავი გახლდათ, ადამიანები ადვილად იბნეოდნენ. ეშმაკი ხარხარებდა. იქ, იმ კრებაზე სხვებიც ილაშქრებდნენ ქელეხების წინააღმდეგ, თვით ისეთნიცა, – არცერთ ქელეხს რომ არ გამოსტოვებდნენ და რომ ამტკიცებდნენ: შილაფლავი თითებით უნდა იჭამოსო, ეშხი ამაშია, ჩვენმა წინაპრებმა გემო იცოდნენო. რევაზს არ შეეძლო ასეთი თამაში. ის წრფელი იყო, ალალი, გულითადი, უშუალო, და შეუმღვრეველი შემოქმედებაშიც და ცხოვრებაშიც.“ უზომო და წრეგადასული, ღრეობამდე მისული ქეიფის მომხრენი, რა თქმა უნდა, არც ჩვენ ვართ. ზომიერების ალღომ არ უნდა გვიმტყუნოს. ხოლო ქელეხის ტრადიციის დარღვევა არ მიმაჩნია სწორად. ამ შემთხვევაში დოსტოევსკის დავესესხები. ,, Ну а теперь кончим речи и пойдемте на его поминки. Не смущайтесь, что блины будем есть. Это ведь старинное, вечное, и тут есть хорошее, - засмеялся Алеша. - Ну пойдемте же! Вот мы теперь и идем рука в руку." ეს არის ფრაზა, რომელიც ალიოშა კარამაზოვმა წარმოსთქვა პატარა ილუშენკას დაკრძალვის შემდეგ. ამ ფრაზით მთავრდება ,,ძმები კარამაზოვები"... სადაც საგანგებოდ არის განხილული იმ ეპოქაში მოძალებული სენი... ,,ბუნტი ღმერთის წინააღმდეგ" და სხვადასხვა მკრეხელური მოვლენები... ქელეხის ტრადიციის საჭიროებაზე, ალიოშას მიერ გამოთქმული ამ ფრაზით ამთავრებს მწერალი ამ გენიალურ ნაწარმოებს და, ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი! და ბოლოს, მიუხედავად დღესდღეობით არსებული, არც თუ სახარბიელო მდგომარეობისა, მაინც იმედით შევყურებ მომავალს. ჰაიდეგერი ამბობდა: „არსებობა არის მოლოდინი.“ თუმცა ამფერი სიტყვა გურულებს არ აქვთ ლექსიკონში, რადგან მოლოდინს მოთმინება სჭირდება, მომთმენი გურული კი ბუნებაში არ არსებობს. და მაინც, მოთმინება, გაძლება, მხნეობის მოკრება და „ჭირსა შიგან გამაგრება“ გვმართებს ქართველებს... |