საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

„მე აქ დარჩენილ მამის ოცნებას და დედის ცრემლებს სხვას ვერ მივანდობ“ (გაგურული დღიურები (წერილი მეექვსე)
ლელა ჩხარტიშვილი
გაგურის სასაფლაოს შესასვლელი კარი



 

გაგურის სასაფლაო

 

 

„მამავ, მამავ, მომეცი ცოტა ფული და ხეტიალის უნარი

და ნუ დაივიწყებ დასავლეთ საქართველოს წვიმიან სასაფლაოებს.

ჩემს ცას, რომელსაც მთელი ცხოვრება მართმევენ ჩემიანები“ (კარლო კაჭარავა).

 

მაცხოვრის ეკლესიის პირდაპირ პატარა გორაკზე შეფენილია  სასაფლაო. რამდენჯერ მიფიქრია, რა ლამაზია სოფლის სასაფლაო. განსაკუთრებით ზამთარში; მარტოობა რომ აყრუებს სოფელს თეთრი შრიალით, ნაკვალევი რომ აჩნდება თოვლს... ადამიანები  მიდიან და „სითეთრეში იკარგებიან“; ასე წავიდნენ აქ განსვენებული  ხალხიც, შეუერთდნენ სოფლის მიწას;  თან გაჰყვათ, გზად და ხიდად   გაეფინათ მშობლიური მზის და ვარსკვლავების  სხივი, მადლი და ნათელი.  ეს საფლავები ბახმაროს მთებს გაჰყურებენ. დილაობით  ეფინებათ თეთრი ნისლი, თითქოს ჭაღარა მთებმა ყალიონი გააბოლესო. და მერე ეს ბოლი მთებში გაბნეულ ზეცის ფერს ერევა. შუადღისას მზიანი ნისლი სიზმარივით ირწევა ქედებზე. ლამაზია ეს საფლავები ღამით, ცის კაბადონზე გამოჩეკილი ქათქათა ლამაზსახიანი მთვარის ნათელით დაფრქვეული, „მთვარე თითქო ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით“ (გალაკტიონი). მოიპარება სიცივე ბინდის და  საფლავებს ეფინებათ ციცინათელების ციმციმი, „ვარსკვლავების კრთომა მხიარული,“ „ღამის წყვდიადში უჩინრად შრომობენ ხელები, რომ ვარსკვლავები აანთონ“ (იაპონური პოეზიიდან). აქაური საღამოები ჭრიჭინობელების ხმით უმღერიან ცას ცისფერ საგალობელს და გატრუნულნი ყურს უგდებენ  ამ მისტიურ სიმღერას  „დავიწყებულ არსთა ძვლები.“

საღამოობით სოფლად  ხომ ისედაც სიჩუმე ისადგურებს, სიმშვიდე და სიჩუმე... იქ ადამიანი მიწასთან  არის ახლოს, ბუნებასთანაც; იცის რისთვის ცხოვრობს, რა უნდა გააკეთოს... მეტად სჯერა საკუთარი თავის და უფრო ძლიერიცაა და გულწრფელიც. მით უმეტეს,  ქალაქის ხმაურს მოშორებულთ იავნანასავით ჩაგვესმის ხოლმე  სოფლის სიჩუმე. მერე თანდათანობით აღვიქვამთ იმ ცივი, ლუკუმო ღამეთა  სიჩუმეში მომყეფარ ძაღლებს, ტურების ჭირისუფალივით კივილს, ქარის სერენადებს და აცაურას რაკირუკს; ამას ემატება წვიმის  და ფეხქვეშ სრიალით გაგებული ნეშოს ხმები. ეს ყველაფერი საამოდ  მოსასმენი სიმფონიაა, დამაწყნარებელი დეპრესანტი,  ბუნებრივი და უვნებელი...

სასაფლაოზე კი რაღაც სხვანაირი, იდუმალი სიჩუმე  ისადგურებს... ბუნდოვნად, მკრთალად  აღწევს იქ შორეული მიწიერი ხმები. თუნდაც, ორღობეებში მიმავალი ნახირის ზანზალაკთა საამური  წკარუნი, მკვდრულ სიჩუმეში სიცოცხლის მყივანი ხმები, როგორც ნიკო სამადაშვილი იტყოდა: „საიქიოდან წუთისოფელი, როგორც მამალი, ისე ყიოდა.“

სევდის მტვრითაა სავსე გაგურის სასაფლაო, ნოსტალგიის ბურუსი ახვევია.  ბევრი ვაჟკაცი დაიხოცა. სოფელს დააკლდა ზვიადი ყმაწვილები.  გაგურში შემორჩენილი მოხუცებულებისთვის საუკეთესო მეგობრები წავიდნენ, რომლებიც აზრს ანიჭებდნენ სიცოცხლეს; საყვარელი ადამიანები,  ახლა მხოლოდ აჩრდილებად ქცეულან და ოდენ   მეხსიერებაში ირხევიან; რამდენს უნატრია, აქ დასაფლავებულთაგან, რასაც ერთ დროს ნიკო სამადაშვილი ნატრობდა:

„წარსულს ჩამორჩი წარსულის ფერფლი,

მტკვარი გინებით სადმე გამრიყავს.

როგორ მიყვარდა ჩემი სოფელი,

როგორ მინდოდა იქ მოვმკვდარიყავ.“

და ეს სურვილი აუხდათ მათ. ამ სოფელში  აღიზარდნენ სიყრმიდანვე და ახლა კი ამავე სოფლის მიწაში სძინავთ წყნარად.  სიწყნარეზე გამახსენდა...

გურიაში ჩასულ სტუმარს მეორე დღეს გაოცებული ხმით უკითხავს: გურიაში წყნარი და მშვიდი გურული თუ გყავთო? - კი, რავა არა. ეგერ, გეიხედე, სასაფლაოს ხო ხედავ? მაქანე ყველა დაწყნარებული გურული წევს ახლაო.  თუმცა იქაც  ვერ წყნარდებიან გურულები.

 სიკვდილი ნამდვილად ვერ შეაშინებთ  გურულებს,  იქედანაც ამოიძახებენ კრიმანჭულს.

„დედა-შვილობავ, ბევრს არ გთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო“ (აკაკი). ქართველი კაცისთვის მშობლიურ მიწაში ჩასვენება ოდითგან ყველაზე სანუკვარი სურვილი და ბედნიერება იყო. გამონაკლისი არც გურული კაცია. ამის დასადასტურებლად თუნდაც ქართული ფილმი -  „ფესვები“ - რად ღირს?! ეს ფილმი, ყველას გვახსოვს, გურულებზეა.  კიდევ ერთი ფილმი მინდა გავიხსენო...  ნოდარ მანაგაძის კინოშედევრი: „წუთისოფელი.“  ეს ფილმი ძალიან მიყვარს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ გურულებზეა. მახსოვს ერთი პერსონაჟი, თითქოს არამთავარ როლში, მაგრამ ბავშვობიდანვე გამორჩეულად ძვირფასი ჩემთვის. გმირის როლს  თენგიზ არჩვაძე (ჩემი საყვარელი მსახიობი) ასრულებს...საოცარია, მაშინდელ ცენზურას კრემლში როგორ გაეპარა ეს მომენტი... ამ ფილმში გაკვრით არის ნახსენები ისტორიული ქარტეხილები მე-20 საუკუნის დასაწყისისა... 1924 წლის აჯანყება გურიაში (რომლის შესახებ მაშინ არავინ ლაპარაკობდა).  გასაკვირი არაა, რომ ფილმში ფალსიფიცირებულია ისტორიული  ფაქტები. აქ ისეა ნაჩვენები და წარმოდგენილი, რომ თითქოს დიდგვაროვნებმა და მენშევიკებმა ჩაითრიეს გლეხები ამ აჯანყებაში. არადა... სინამდვილეში ნებით მონაწილეობდნენ და ემსახურებოდნენ სამშობლოს გამოხსნის უზენაეს მისიას... თენგიზ არჩვაძის გმირი (საოცარია, ამ აჯანყების მონაწილე ასეთი ჰეროიზმითა და რომანტიზმით შემკულ-შემოსილია ამ ფილმში. ბრავო მანაგაძეს! ეს მაშინ მართლა გმირობის ტოლფასი იყო!) არის ოფიცერი და ერთ-ერთი მოთავე ამ აჯანყებისა,  რომელიც, როგორც  ვიცით, სასტიკად იქნა ჩახშობილი სისხლში... იქ არის ერთი ეპიზოდი: დამარცხებული აჯანყების მხედარმთავარი გარბის თურქეთში და სთავაზობს არჩვაძის გმირს, რომ მასთან ერთად დატოვოს საქართველო, გაიქცნენ ერთად და ამ გზით გადაურჩნენ ბოლშევიკების გარდაუვალ შურისძიებას. მათ შორის ასეთი საოცარი დიალოგი იმართება, რომელსაც ცრემლის გარეშე ვერ ვუსმენ ხოლმე:

„- თურქეთში გასასვლელი გზა აქედან იწყება.

- მშვიდობით მგზავრობა...

- იმედი გაქვს, რომ გაპატიებენ?.

- ვიცი, არ მაპატიებენ, მაგრამ მაინც აქ მირჩევნია. რაც არ უნდა იყოს, ჩემი მიწაა.

- შენი მიწა ბოლშევიკებმა წაიღეს! აღარ დაგიბრუნებენ!

- მე რომ მეყოფა, იმდენს მაინც არ დამამადლიან.“

...სისხლიანი ტერორის მსხვერპლი გახდა უამრავი ადამიანი; იცის, რომ მასაც მოკლავენ, არ დაინდობენ პირსისხლიანი ბოლშევიკები, მაგრამ მაინც ამ მიწაზე (გურიის დალოცვილ მიწაზე) რჩება და აქ ურჩევნია სიკვდილი... ფილმში ნაჩვენებია, რომ ბოლშევიკებმა შეიწყალეს აჯანყების მონაწილეები (მოთავეებზე არ არის საუბარი)...  მაგრამ სინამდვილეში, ყველამ ვიცით (თუნდაც წინაპრების მონაყოლიდან), შეიბრალეს კი არა და უსასტიკესად გაუსწორდნენ; ეჭვმიტანილებიც კი არ დაინდეს, ოჯახებით ამოხოცეს. სტალინის როლი დიდი იყო ამ აჯანყების ჩახშობისა და შურისგების საქმეში. აი, ასეთი წინაპრები გვყავდა. იცოდნენ, რომ წამებით სიკვდილი ელოდათ, მაგრამ მაინც სამშობლოში დარჩენა არჩიეს (თუნდაც, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მაგალითი რად ღირს?!). სამწუხაროდ, 90-იან წლებში ბევრი წავიდა აქედან, გაექცა ცუდ პირობებს... მე ვინ ვარ, რომ ვინმე განვსაჯო?!..მაგრამ, ჩემი აზრით, ღმერთი არავის დატოვებს ულუკმაპუროდ. მით უმეტეს, პატიოსან კაცს. ფსალმუნის სიტყვებს მოვიხმობ: „ყრმაჲ ვიყავ და დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა. მარადღე სწყალობს და ავასხებს მართალი, და ნათესავი მისი კურთხეულ იყოს“ (ფსალმუნი 36). მე მაინც მგონია, რომ  სიღარიბე არ არის მიზეზი ქართველი ხალხის ცუდად ყოფნისა, არამედ ზნეობრივი ღირებულებების გადაფასებიდან და დევალვაციიდან იღებს სათავეს ჩვენი უბედურება! პატიოსნების დეფიციტია ქვეყანაში და არა იმდენად ლუკმა-პურისა!.. სულიერი ღირებულებების კვდომა განაპირობებს ნიჰილიზმს, თუნდაც ეროვნული, თუნდაც ეგზისტენციალური თვალსაზრისით...

ყველა ამჩნევს, რომ ის ხიბლი, რაც სოფელს ადრე ჰქონდა, ნელ-ნელა იკარგება. ხალხი მიდის, ტოვებს  მშობლიურ სახლ-კარს. ცხოვრება თითქოს, ისე აღარ დუღს; მოწყენილობა იბუდებს სოფლად.

ჩაშავებული, მხრებჩამოყრილი, მიტოვებული სახლები; სევდიანი ორღობეები, ჩახრამული გზები...  „თითქოს მღერის მიტოვებული სახლი. არ ემღერება, მაგრამ გულში მაინცა მღერის. ეს სიმღერა სიმარტოვის სიმღერაა, ანდა მოლოდინის. ჰო, ჰო, უფრო, მოლოდინის სიჩუმეზე უფრო ჩუმია და იმედზე უფრო იმედიანი, მოლოდინის სიმღერა. მოგისმენიათ? თუ არა, ნახეთ ნასახლარებად ქცეული საქართველო და თქვენ გაიგონებთ ამ სიმღერას („დევების ნასახლარი“ - გოდერძი ჩოხელი).

თუმცა, ღმერთის წყალობით,  გაგურის ველ-მინდვრები ჯერ კიდევ არ არიან დანატრულნი ადამიანთა ხმებს.  აქ ჯერ კიდევ არ არის  ისე საქმე, მთელ სოფელს რომ მოივლი და  გზად ხუთი კაცი თუ შემოგხვდება... თუმცა კი გაგური  ადრე უფრო ხალხმრავალი იყო. მედპუნქტიც იყო, ბიბლიოთეკაც, კლუბიც (ზაფხულობით ინდურ ფილმებს რომ უჩვენებდნენ),  ჩაის ფაბრიკაც. მერე ყველაფერი ჯერ დაიხურა და გამოიკეტა, მერე კი  ნელ-ნელა აგურ-აგურ დაიშალა და გაიზიდა.

აქაც  ძირითადად ასაკოვანი ხალხი ცხოვრობს, თუმცა არიან  ახალგაზრდებიც. სამსახური ჭირს. გაგური მართლა არ ჰგავს იმ სოფლებს, სადაც აღარავინ დარჩა, ყოველი თვის ბოლოს დაბარებულივით რომ  ცხადდებიან სამსჯავროზე სოფლის უხუცესები, მაშინ თუ ახსენდება ახალგაზრდობას, რომ აქაც სუნთქავენ ჰაერს ჯერჯერობით, მაგრამ მიაბარებენ მიწას სახლის ყარაულებს, მიასხავენ წყალწყალა ღვინოს არ გაციებულ, ორთქლიან მიწაზე და გამოკეტავენ საჩქაროდ კარებს, დაადებენ თოთო ბავშის მუშტის ხელა ბოქლომს და მიდიან; საშინელი სანახაობაა ეს ბოქლომდადებული გამოკეტილი სახლ-კარი, თითქოს ქოქოლას გაყრისო ასეთი სახლის ზღურბლი და შიშს  აღძრავს... შიშს, რომ ლამის  ყვავების ანაბარა შემორჩნენ  სოფლის მოხუცები. ეს შიში განსაკუთრებით იღვიძებს გვიანი შემოდგომის სუსხიან საღამოობით, როცა  ბინდი ჩამოწვება,  გაღმა ეკლესიის სერზე  კი ტურები აკივლდებიან, გახურებულ ცეცხლთან მჯდომს გულს დარდად  გაწვება, რომ    ერთხელაც ჩახვალ  შენსავე სოფელში და აქ აღარავინ დაგხვდება...

რამდენჯერ გამივლია სხვა სოფლებში და მინახავს სახლის კარის ზღურბლთან, ეზოს გარეთ ლურსმნებამოშვერილ სკამზე  უჩუმრად  ჩამომსხდარი მოხუცები, დარდით დასველებული თვალებით გზას  რომ გაჰყურებენ, თითქოს ელოდებიან ვისმე. დარდობენ და ვერც ამბობენ, რომ მათ კარებსაც მალე დაედებათ ბოქლომი. ხან გაიღიმებენ. უიმედოდ, მაგრამ მაინც მბჟუტავი სასოებით, ალბათ  ელოდებიან აი, ამ სიტყვების მთქმელსა და აღმსრულებელს:

„არა, მე ამ სახლს ვერ მივატოვებ,

ვერ გავცილდები მე ამ მიდამოს,

აქ დარჩენილი მამის ფიქრები

 და დედის ცრემლი სხვას ვის მივანდო!

 სხვა ვინ გაიგებს ამ სახლის სევდას,

 ამ სახლის წუხილს სხვა ვინ მიხვდება,

რა ვუყოთ, თუკი გარდასულ დღეთა

მოგონებებით გული მძიმდება,

 და წარსულის ხეს გაყვითლებული

ფოთლები არა და არ სცვივდება!

 არა, მე ამ სახლს ვერ მივატოვებ,

ვერ გავცილდები მე ამ მიდამოს,

 მე აქ დარჩენილ მამის ოცნებას

და დედის ცრემლებს სხვას ვერ მივანდობ.“   (ნოდარ კვიციანი)

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq